000 6414 2

ქრისტესთან ერთად სიცოცხლის შესახებ – წმინდა სერაფიმე სობოლიოვი (დიდი შაბათი)

“უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ”

ჩემო საყვარელო ქრისტესმიერო ძმებო და დებო, დღეს საღმრთო ლიტურგიაზე პავლე მოციქულის ეს სიტყვები მოვისმინეთ. მოდით, ჯერ კარგად ჩავუღრმავდეთ, თუ რას ნიშნავს ქრისტესთან ერთად სიკვდილი.

რა თქმა უნდა, აქ ხორციელი სიკვდილი კი არ იგულისხმება, არამედ სიკვდილი ამასოფლის სულისა და ვნებებისათვის. სწორედ ამის შესახებ საუბრობს პავლე მოციქული გალატელთა მიმართ ეპისტოლეში: “ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით” (გალ. 5:24). აქედან გამომდინარე კი ნათელია, რომ ქრისტესთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაში მოვკვდებით, თუკი ჩვენში დავამარცხებთ ნაყროვანებას, სიძვას, ვერცხლისმოყვარეობას, მრისხანებას, მოწყინებას, დიდებისმოყვარეობას და სიამაყეს. ვნებების მოკვდინება კი ღვაწლია, რომელსაც შეიძლება, რომ საკუთარი ნებით მოწამეობა ვუწოდოთ. ასე ასწავლიდა წმინდა თეოდორიტე სტუდიელი და ამბობდა, რომ მონაზვნები საკუთარი დაცემული ნების მოკვეთითა და მორჩილებით ყოველდღიურად კვდებიან ქრისტესთვის და ამიტომაც, ისინი ქრისტესგან მოწამეობრივ გვირგვინს მიიღებენო.

მართალია წმინდა მამის ეს სიტყვები მონაზვნებს მიემართებოდა, მაგრამ ვნებებთან მოწამეობრივი ბრძოლა ყველას საქმეა, ვისაც კი სურს, რომ ქრისტესთან იყოს. სხვანაირად ხომ ვერც იქნებოდა, რადგან თავად ქრისტემ გვამცნო, რომ მას ვიწრო და ეკლიანი გზით გავყოლოდით: ,”რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, იგი არა არს ჩემდა ღირს”.(მთ. 10:38). ამრიგად, იმისათვის, რომ ქრისტესთან ერთად ვიცოცხლოთ, ჯერ უნდა გავყვეთ მას, მასთან ერთად მოვკვდეთ, ანუ ჩვენში დავამარცხოთ ცოდვა და ვნებები.

ქრისტესთან ერთად სიცოცხლე რაღას ნიშნავს? – ქრისტესთან სიცოცხლე მასთან ერთობას ნიშნავს. ქრისტესთან ერთობა კი ნიშნავს მის სიყვარულს, ჩვენი გულის მუდამ მისკენ სწრაფვას, ლოცვით მუდამ მასთან საუბრის სურვილს და მუდამ მისი ნების მიხედვით ცხოვრებას. ქრისტესადმი სიყვარული კი, როგორც თავის მოწაფეებს ასწავლა, მისი საღმრთო მცნებების აღსრულებაში ვლინდება: “უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით”.(ინ. 14:15). ამიტომაც, ვიშრომოთ მისი მცნებების აღსრულებაში.

ჩვენ ქრისტესთან ერთად ვიცოცხლებთ, თუკი ჩვენს ცხოვრებაში მისი მცნებების აღსრულების ნაყოფს გამოვიღებთ, ანუ თუკი ქრისტეს საღმრთო სიხარულს მოვიხვეჭეთ, რომელზეც ამბობს: “მას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს”.

საიდან გვეძლევა ქრისტესმიერი სიხარული? ქრისტეს ეს სიხარული განსაკუთრებით უხვად გვეძლევა წმინდა ზიარების მიერ, რომელიც ქრისტესთან ორგანულად და მადლისმიერად გვაერთებს და ჯერ კიდევ ამქვეყნად ზეციურ ნეტარებას შეგვაგრძნობინებს. თუ ვერ ვგრძნობთ ზიარებისას ქრისტესმიერ ნეტარებას და სიხარულს, ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ მისი მცნებების მიხედვით არ ვცხოვრობთ, არ ვშრომობთ მისი მცნებების აღსრულებაში გულმოდგინედ და არ გვსურს საკუთარ ვნებებთან დაშორება.

ამიტომაც, ქრისტესმიერ საყვარელო შვილებო, მტკიცედ გადაწყვიტეთ, რომ საკუთარ თავში ვნებებს უკანდაუხევლად ებრძოლოთ. თუკი მისი მცნებების მიხედვით ვიცხოვრებთ, მაშინ ნაყოფად ევქარისტიის წმინდა საიდუმლოდან, როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მადლის წყაროდან, ქრისტეს საღმრთო სიხარულს ვეზიარებით.

ამ სიხარულს მთელი სისავსით მარადიულ სიცოცხლეში შევიგრძნობთ, როდესაც მარადიულად შევუერთდებით ჩვენთვის მომკვდარ და მკვდრეთით აღმდგარ უფალ იესუ ქრისტეს და მის ზეციურ სამეფოში დაუსრულებელ ნეტარებაში ვიცოცხლებთ. დაე, ღირსი გაგვხადოს უფალმა ჩვენ ცოდვილები ამ გამოუთქმელი წყალობისა. ამინ.

წყარო: https://svyatye.com

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©