W3A0111

ქრისტეს ამაღლების შესახებ

,, მოვიდა იესუ და დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა!’’

წმ. გრიგოლ პალამა

მე მგონია, რომ სიტყვებით ,,შორის მათსა’’ მახარებელი იმას გვაუწყებს, რომ თავისი გამოცხადებით, ქრისტემ მოწაფეების რწმენა განამტკიცა. რადგან ის არამხოლოდ ფიზიკურად დადგა მათ შორის, არამედ თითოეული მათგანის გულში შევიდა, რწმენაში განამტკიცა ისე, რომ თითოეული მათგანის გულზე აღსრულდა ფსალმუნის სიტყვები: ,, ღმერთი მის შორის და იგი არა შეიძრას’’(ფს. 45:5). სწორედ იმ წამებიდან გახდნენ ქრისტეს მოწაფეები მტკიცენი და შეურყეველნი. დადგა მათ შორის და თქვა: ,, მშჳდობაჲ თქუენ თანა!’’ – ეს არის მისი ჩვეული და ტკბილი მისალმება. ,,მშვიდობას’’ ორი მნიშვნელობა აქვს: არის მშვიდობა, რომელიც ცოცხალ ღმერთთან მიმართებაში გვაქვს და რომელიც პირველ რიგში, სწორი სულიერი ცხოვრების ნაყოფია. ასევე, არის მშვიდობა, რომელიც ერთმანეთს შორის გვაქვს და რომელიც სახარებისეული მცნებების აღსრულების ნაყოფია. ქრისტემ ორივე სახის მშვიდობა მოგვანიჭა თავის ამ ერთი მოსალმებით!

,,იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ.’’(ლკ.24:39)

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

ჴელი შემახეთ მე და იხილეთ; დაიწყეთ ჩემი მცნებებით ცხოვრება, შემეხეთ ჩემი ნების აღსრულებით და მიხილეთ მე უხილავი. ფიზიკური თვალისთვის, მაგრამ თქვენი სულის შეგრძნების მიერ ხილული. ყველა, ვინც ამგვარად მიხილავს, დარწმუნდება ჩემში და ჩემს საყვარელ მოციქულთან ერთად სიხარულით აღმოთქვამს: ,,უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი’’(ინ. 20:28).

,, და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი?’’

წმ. იოანე ოქროპირი

უფალმა ეს იმისთვის იკითხა, რათა ვინმეს არ ეფიქრა, რომ მათ წინაშე რაიმე მოჩვენება ან სული წარსდგა, არამედ ჭეშმარიტად მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე. მოისმინე, როგორ ადასტურებს პეტრე ამით ქრისტეს აღდგომას: ,, ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ, არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა’’(საქმ. 10:40-41).

,, იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა’’

წმ. სილუან ათონელი

როგორც სახარებაში წერია, უფლის ამაღლების შემდეგ, მოციქულები დიდი სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. მათი პირველი სიხარული ის იყო, რომ მათ ჭეშმარიტი ღმერთი – უფალი იესუ ქრისტე შეიცნეს. მეორე სიხარული ის იყო, რომ მათ ის შეიყვარეს. მესამე ის, რომ მათ მარადიული ზეციური სიცოცხლე შეიცნეს. ხოლო მეოთხე სიხარული იყო ის, რომ მათ მთელი მსოფლიოს გადარჩენა სურდათ ისევე, როგორც საკუთარი თავის. ხარობდნენ იმიტომ, რომ შეიცნეს სულიწმიდა და იხილეს, თუ როგორ მოქმედებს ის მათში. მოციქულებს ქრისტე უყვარდათ და ამიტომაც, არანაირი ტანჯვის და მწუხარების არ ეშინოდათ. მათ უყვარდათ ქრისტე, უყვარდათ ადამიანები და ეს სიყვარული მათი გულებიდან ყოველგვარ შიშს განდევნიდა. მათ არ ეშინოდათ არც ტანჯვის, არც სიკვდილის და ამიტომაც მიავლინა უფალმა ისინი ადამიანთა განსანათლებლად.

წმ. თეოფანე დაყუდებული

ძმებო, რას ნიშნავს ქრისტეს ამაღლება ჩვენთვის?

ქრისტეს ამაღლება ჩვენთვის ყველაფერია. მასშია ჩვენი დიდება და სიდიადე, მასშია ჩვენი გადარჩენის იმედი, მისგან გვეძლევა სულიერი ცხოვრებისთვის საღმრთო ძალა, ის არის ჩვენი უმტკიცესი იმედი. იესუ ქრისტე ჩვენი უფალია და ამიტომაც მთელი მისი ძალა და მისი ამაღლების ნაყოფები ჩვენ გვეკუთვნის. ,, აღჴდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა’’(ეფ.4:8).

ქრისტეს ამაღლების დიდება ჩვენი დიდებაა. აღამაღლა რა თავისი ადამიანური ბუნება, ქრისტემ საღმრთო პატივი და დიდება მიიღო, რადგან მისი ღმრთეება დაუსაბამოდ ბრწინავდა საღმრთო დიდებით. მაგრამ განა ვისთვის მიიღო მან ადამიანური ბუნება, თუ არა ჩვენთვის? – ჩვენთვის იშვა, ჩვენთვის იტანჯა, ჩვენთვის აღდგა და ჩვენთვის ამაღლდა. ჩვენ მასში დავიბადეთ ახალი სიცოცხლისთვის, მასში ვიტანჯეთ, მასში აღვდექით, ავმაღლდით და ზეციური მამის მარჯვენით დავსხედით. პავლე მოციქული გვასწავლის: ,, და თანა-აღმადგინნა და თანა-დამსხნა ზეცათა შინა ქრისტე იესუჲს მიერ’’(ეფ. 2:6). ადამიანი იმ საზომით დაეცა, რა საზომით ამაღლებაც მოისურვა ღმერთის გარეშე. ქრისტემ კი თავისი გამოუთქმელი მოწყალებით, იმ საზომით აღგვამაღლა, რა საზომითაც დავეცით.

ქრისტეს ამაღლების დიდება ჩვენი გადარჩენის უეჭველი იმედია. ღმერთის მტრად ქცეული ადამიანი წყვდიადში დაეხეტებოდა და არც შეეძლო და ვერც ბედავდა ზეციურ მამასთან მიახლებას. უფალმა იპოვა გზააბნეული ადამიანი და კვლავ საკუთარ თავს შეუერთა. ამიერიდან ჩვენ ვხედავთ ზეცაში ზეციური მამის გვერდით მჯდარ, მასთან შერიგებულ და მის შვილად ქცეულ ადამიანს. წმ. ეპიფანე კვიპრელი ამბობს, რომ მხოლოდშობილმა ძე ღმრთისამ, როგორც მწყემსმა კეთილმა, ზეცაში 99 ცხვარი – ზეციური ანგელოზები დატოვა, რათა ერთი დაკარგული(ადამიანი) ეპოვა. როდესაც იპოვა, საკუთარ მხრებზე შეისვა, ზეციურ მამას მიჰგვარა და თქვა: ,, მამაო! მე ვიპოვე დაკარგული ცხვარი, რომელიც მზაკვარმა გველმა აცდუნა, ცოდვის გზაზე შეაყენა და კერპთმსახურებით დაააბნელა ღმრთის შემეცნების სიწმინდე. ამ უპატივობაში ჩაფლული ვიხილე, საკუთარი ყოვლისშემძლეობით ხელში აღვიპყარი, იორდანეში განვბანე და სულიწმიდის კეთილსურნელებით აღვავსე, ახლა კი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ შენთან მოვედი და ეს სულიერი ცხვარი – შენი ღმრთეების შესაფერი ძღვენი მოგართვი’’. დიდება ამაღლებულ უფალს და თავისი ამაღლებით ჩვენს ღმერთთან შემაერთებელს!

ქრისტემ თავისი ამაღლებით ადამიანი განადიდა, ღმერთს შეარიგა და მის შვილად აქცია. ის, ვინც მოშურნეობით აღვსილი ქრისტეს ძიებას დაიწყებს და საკუთარ გონებას მიწიერის ნაცვლად, მხოლოდ ზეციური აზრებით დააკავებს, ის ამ დიდებულ საქმეში ორ მთავარ განსაცდელს შეხვდება, რომლებსაც ადამიანის სულის ძლიერად შეძვრა, შერყევა და ქრისტესკენ სვლის გადაწყვეტილების შესუსტება შეუძლია. ეს არის შინაგანი და გარეგნული მწუხარებები და გარდაუვალი ცოდვით დაცემები. ორივე შემთხვევაში, ამაღლებული ქრისტეს დიდების გულისმიერი ჭვრეტაა. ის, ვინც საკუთარ გულში ამაღლებული ქრისტეს დიდებას ხედავს, მას ნებისმიერი სახის უბედურებაც რომ დაატყდეს, მთელი მსოფლიო და მთელი ჯოჯოხეთიც რომ შეიარაღდეს მის წინაშე, გულის სიღრმიდან მთელი თავისი ბოროტებით რომ აღდგეს შინაგანი ბრძოლა, მაინც არ შეირყევა, მასში სიმამაცე კიდევ უფრო გაიზრდება და ნების ძალა კიდევ უფრო განმტკიცდება. ასეთი ადამიანი დარწმუნებულია, რომ მისი საცხოვრებელი ზეცაშია. მისი საცხოვრებელი იქაა, სადაც ქრისტეა. ის დარწმუნებულია, რომ: ,, ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ’’(რომ.8:18).  ქრისტეშემოსილი ადამიანი ხედავს რა ქრისტეს დიდებას, დარწმუნებულია, რომ თუკი გაიმარჯვებს, ქრისტესთან ერთად იმეფებს და ზეციური პატივს მიიღებს. ამიტომაც, ის ივიწყებს ყველაფერს და ზეცისკენ ისწრაფვის. მწუხარებებზე გაცილებით საშიში ცოდვით დაცემაა, რომელიც ადამიანს ან სისუსტის ან უყურადღებობის გამო ემართება. ცოდვა ჩვენში არსებულ კეთილ აზრებსა და შეგრძნებებს ავიწროებს, კეთილ განზრახვებს აბრკოლებს, ქრისტეს წინაშე კადნიერებას ასუსტებს, წმინდა მოშურნეობას ამცირებს, გვაგდებს გულგრილობაში, უზრუნველობასა და სასოწარკეთილებაში. ეს საშინელი საფრთხეა. მაგრამ ის, ვინც შინაგანი გულის თვალით ამაღლებულ ქრისტეს ხედავს, სასოწარკვეთილების შემზარავი საფრთხისგან შორსაა და არც კი იცნობს მას.

წყარო: http://bible.optina.ru

მთავარი ფოტო: მაცხოვრის ფრესკა მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

Share