ისიხასტი

ღირსი იოსებ ისიქასტისა და გონიერი ლოცვის შესახებ

საუბარი დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან

23 ივლისს თბილისში, XX საუკუნის უდიდესი მლოცველისა და მოღვაწის – ღირსი იოსებ ისიქასტის სახელობის მცირე ზომის, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანი ტაძარი იკურთხა.

ამჟამად მსოფლიოში წმინდა იოსების სახელობის არაერთი ტაძარია, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ ყველა მათგანი მხოლოდ მონასტრებში გვხვდება. თბილისში აშენებული ეს ტაძარი კი წმ. იოსების სახელობის მსოფლიოში პირველი სამრევლო ტაძარია, რომელიც ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში მდებარეობს, სადაც საქართველოში ცნობილი მღვდელი და მქადაგებელი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე მსახურობს. ეს არის აღნიშნული კომპლექსის მესამე ტაძარი. ამ სამრევლოში მიედინება ცოცხალი ლიტურგიკული ცხოვრება. მრევლის უდიდეს უმრავლესობას კი ახალგაზრდები შეადგენენ. ეს ყველაფერი შეიძლება იმ განსაკუთრებული სულიერი ატმოსფეროთი აიხსნას, რომელიც ამ სამრევლოში სუფევს და რომელიც პირველ რიგში იესუს ლოცვითა და ევქარისტიული ცხოვრებით ცოცხალ ღმერთთან ცოცხალი, პიროვნული ურთიერთობისკენაა მიმართული.

img 12
ღირსი მამის იოსებ ისიქასტის ტაძარი

შეიძლება ითქვას, რომ თავისთავად სიმბოლურია ის, რომ ერის ადამიანებისთვის განკუთვნილი ეს ტაძარი წმ. იოსებ ისიქასტის სახელობისაა, რომელიც იესუს ლოცვის უდიდესი პრაქტიკოსი იყო. შემთხვევითი არაა ისიც, რომ თანამედროვე მეგაპოლისში მდებარე ამ ათონური ისიქაზმის პატარა კუნძულზე შესასვლელ კარზე ვკითხულობთ წარწერას: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. სწორედ ამ სიტყვებით მოუკლებელ ლოცვას გვამცნებენ წმინდა მამები, მათ შორის განსაკუთრებულად კი წმინდა იოსებ ისიქასტი და კიდევ მრავალი თანამედროვე სულიერი მოძღვარი, რომელთა შორისაცაა ამ ტაძრის წინამძღვარი – მამა თეოდორე.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფერის შესახებ თავად მამა თეოდორე უკეთ ისაუბრებს.

– მამა თეოდორე, რითი გამოირჩევა წმინდა იოსებ ისიქასტი და რა მნიშვნელობისაა ის მართლმადიდებელი ქრისტიანების სულიერი ცხოვრებისთვის?

– წმინდა იოსებ ისიქასტი იმ პერიოდში მოღვაწეობდა, როდესაც გარკვეული სულიერი კრიზისი შეინიშნებოდა. ვგულისხმობთ ევქარისტიული ცხოვრებისა და ისიქასტური პრაქტიკის დაკნინებას არამხოლოდ მონაზვნურ, არამედ საერო სივრცეშიც. თუკი მეოცე საუკუნის ათონელ და ბერძენ წმინდანებს გადავავლებთ თვალს, სულიერი ცხოვრების აღმავლობას შევნიშნავთ. ჩვენ ვხედავთ წმინდანების მთელ პლეადას, რომელთა კანონიზაციაც ბერძნულ სამყაროში დღემდე გრძელდება. რამდენიმე მათგანი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს. კერძოდ კი, ჩემი ერთერთი უსაყვარლესი წმინდანი – სილუან ათონელი. შემდეგ მისი სულიერი შვილის – არქიმანდრიტ სოფრონ სახაროვის კანონიზაცია მოხდა. აღსანიშნავია წმინდა პაისი ათონელი და კიდევ მრავალი სხვა…

ამ საოცარ მოღვაწეებს შორის, წმინდა იოსებ ისიქასტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, განსაკუთრებული პროდუქტიულობით გამოირჩევა. მე ხშირად ვამბობ ხოლმე, რომ ნაყოფების თვალსაზრისით ის მეოცე საუკუნის ყველაზე პროდუქტიული წმინდანია. პროდიქტიულობაში რაოდენობრივ მაჩვენებელსაც ვგულისხმობ. დღეს მსოფლიოში საკმაოდ ბევრი სულიერი კერაა, რომელიც მისი სკოლის გაგრძელებაა და რომლის წარმომადგენლებსაც არამხოლოდ საბერძნეთში, არამედ ათონზე, კვიპროსში და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც კი ვხვდებით. ამ დროისთვის წმინდა იოსების საძმოსა და მის სულიერ სკოლაში აღზრდილთა მიერ დაარსებული და აღორძინებულია შემდეგი მონასტრები: 6 ათონზე; საბერძნეთში 18 მონასტერი; კვიპროსზე – 6; აშშ – 16; კანადაში – 2; იტალიაში -1. ამ მონასტრებში ჯამში ათასამდე მონაზონი ცხოვრობს და მათი რიცხვი თანდათანობით იზრდება. გარდა ამისა, არსებობს სამრევლო ტაძრები, რომლებიც საერო სივრცეში წმ. იოსების მემკვიდრეებად ითვლებიან. ვფიქრობ, რომ ეს რაოდენობრივი მაჩვენებლები მომავალში კიდევ გაიზრდება.

კიდევ ერთი რისი თქმაც შეიძლება არის ის, რაც ჩვენ თავად მოვისმინეთ საბერძნეთში და კვიპროსზე, რომ წმინდა იოსებ ისიქასტს თანამედროვე გრიგოლ პალამას უწოდებენ, რომელმაც ფაქტობრივად ააღორძინა ისიქაზმი, მათ შორის ერის ადამიანებშიც და ასევე, თანამედროვე ნიკოდიმოს მთაწმინდელს, რომელმაც ათონის წმინდა მთაზე ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრების აღორძინება დაიწყო და ქრისტიანებს ხშირი ზიარებისკენ მოუწოდებდა.

წმინდა იოსებს კიდევ ერთი საინტერესო თვისება გამოარჩევდა, რომელიც რა თქმა უნდა ყველა წმინდანისთვისაა დამახასიათებელი, მაგრამ მისი ცხოვრების გაცნობისას ეს განსაკუთრებით თვალსაჩნოა – ესაა სულის მდუღარება. ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასეც ხაზმასმით აღნიშნავს იმას, რომ ღირსმა იოსებმა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა სულის ის მდუღარება, რომელიც მას ათონის წმინდა მთაზე პირველად მისვლისას ჰქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ის მამაცი მეომარი იყო, რომელიც უკან არასდროს იხევდა.

რა სჭირდებათ დღეს თანამედროვე ქრისტიანებს ყველაზე მეტად? – სულის მდუღარება! გვჭირდება ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრება და მიუხედავად ჩვენი საეკლესიო თუ საზოგადო სტატუსისა, ან სოციალური მდგომარეობისა – ისიქასტური პრაქტიკის გაცოცხლება ჩვენს გულში. სულის მდუღარების გარეშე არ არსებობს ქრისტიანობა. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს პავლე მოციქულიც(რომ.12:11). სწორედ ამ უკანდაუხეველი სულის მდუღარების მაგალითს გვიჩვენებს ჩვენ წმინდა იოსებ ისიქასტი.

– მისი ცხოვრების რომელი მომენტებია თანამედროვე ქრისტიანისთვის განსაკუთრებულად მისაბაძი?

– ძალიან საინტერესოა მისი დამოკიდებულება დღის განაწესისადმი. ცნობილია, რომ ამ მცირე საძმოს ცხოვრების ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ღამე იყო. ვგულისხმობ ღამე ლოცვას, როდესაც ისინი გონიერი იესუს ლოცვით იყვნენ დაკავებულნი. მთელ დღეს ისე აწყობდნენ და შრომობდნენ, რომ შემდეგ მთელი ღამე ღმერთის ძიებაში გაეტარებინათ. ამისთვის ყველაფერს აკეთებენენ და დღის განაწესს არასდროს არღვევდნენ.

მის ცხოვრებაში ერთი ცნობილი შემთხვევა იყო: საძმოს საკმაოდ დიდი მატერიალური სირთულეები ჰქონდა, რადგანაც ისინი რომელიღაც დიდი მონასტრის კედლებში კი არა, არამედ ფაქტობრივად უდაბნოში ცხოვრობდნენ. ერთხელაც მათ დიდი რაოდენობით თევზი შეწირეს, რომლის დამუშავებაც საკმაო დროს მოითხოვდა და საბოლოო ჯამში, ღამე ვეღარ ილოცებდნენ, ან ლოცვის დროის შემცირება მოუწევდათ. განაწესის მიხედვით ღამე წამოდგომისთვის რომ მომზადებულიყვნენ თევზი გაფუჭდებოდა. შემდეგ ვკითხულობთ, რომ საბოლოოდ ეს თევზი გაფუჭდა, ღამის მსახურება კი ჩვეულებისამებრ აღსრულდა. წმინდა იოსებს ღამე პირადი ლოცვისთვის წამოდგომის მიმართ პრინციპული მიდგომა ჰქონდა.

ღამე ლოცვა ყველა წმინდანის, განსაკუთრებით კი ათონელი მამების ტრადიციაა. წმინდა იოსებმა ამის მნიშვნელობა განსაკუთრებულად ხაზგასმით წარმოაჩინა. ეს ჩვენი სამრევლოს მცირე პრაქტიკაშიცაა დანერგილი. რამდენადაც მის წევრებს, ერის ადამიანებს, მათ შორის დაოჯახებულებსაც უყვართ ეს წმინდანი, მათ ღამე ლოცვისთის წამოდგომაც შეიყვარეს. თუ არ აქვთ რაიმე ისეთი სამსახური სადაც ეს სრულიად შეუძლებელია, ბევრი ახერხებს კიდეც ღამე გონიერ ლოცვაში ვარჯიშს. ამ ადამიანებს უგროვდებათ საკმაოდ საინტერესო პირადი გამოცდილება.

– ბევრი ადამიანი იცნობს საქართველოში ამ წმინდანს? რატომ გადაწყვიტეთ, რომ მისი სახელობის ტაძარი აგეშენებინათ თბილისში? დაკავშირებულია თუ არა ეს იესუს ლოცვის პრაქტიკასთან, რომლისკენაც წმინდა იოსები მოგვიწოდებს?

– ვერ ვიტყოდი, რომ ბევრი იცნობს წმინდა იოსებს. თუმცა, ბოლო დროს, მეტნაკლებად დაიწყეს ამ წმინდანის გაცნობა. ითარგმნა მამა ეფრემის (არიზონელი) წიგნი. დიდი ხანია უკვე, რაც მისი წერილები ”მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა” ითარგმნა, თუმცა ის განსაკუთრებული პოპულარობით არ სარგებლობდა. ახლა უკვე ეს წმინდანი ბევრისთვის ცნობილი ხდება.

ღირსი მამის იოსებ ისიქასტის ტაძრის მოზაიკა

ვთვლით, რომ ჩვენი სამრევლოსთვის ამ ტაძრის აშენება ღვთის განსაკუთრებული წყალობაა; განსაკუთრებულ წყალობად ვთვლით იმასაც, რომ ამ წმინდანთან და მის სულიერ სკოლასთან გვაქვს კავშირი. მიუხედავად იმისა, რომ ტაძრის მშენებლობა არ იყო მარტივი და გარკვეული სირთულეებიც ახლდა, ჩვენთვის ეს ტაძარი პირდაპირი ნიშანია ღვთისაგან.

საკმაოდ დახვეწილი და მშვენიერი გამოვიდა. მეექვსე საუკუნის ძველ ქართულ ტაძრებს ჰგავს და სრულიად ქვისგანაა ნაშენები. შიგნით კი ძალზედ ლამაზი ხატებითა და მოზაიკითაა გამშვენებული. ტაძარი პატარაა, მაგრამ საკამოდ დახვეწილი, როგორიც წმინდა იოსებსა და მის მცირე საძმოს შეეფერება. ის პატარა გამოქვაბულს გვაგონებს და ისიქასტური ლოცვისთვის განვგვაწყობს.

და რა თქმა უნდა, ამ ტაძრის აშენების მიზანი წმ. იოსების, ისიქასტური გონიერი ლოცვისა და ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრების პოპულარიზაციაა. ვფიქრობთ, რომ სულიერი ცხოვრების ამ პრატიკის გარეშე შეუძლებელია ქრისტიანობა, რადგანაც ქრისტიანობა – თავად ქრისტეა. ქრისტე კი, როგორც თავად მან ბრძანა, ჩვენს გულში, ევქარისტიული ცხოვრებით მკვიდრდება(ინ.6:56). გონიერი ლოცვა კი ჩვენი მხრიდან მისი ძიებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ხომ ყოველთვის უნდა ვეძებდეთ მას და მასთან ერთობას.

ამ ტაძრის აშენება სწორედ ამგვარი ცხოვრების წესის აქცენტირებას ისახავს მიზნად. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ღირსმა იოსებმა ერის ადამიანებსაც მოუწოდა ამგვარი ლოცვისკენ. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს ტაძარი მრავალს განაწყობს იმისკენ, რომ გონიერი ლოცვა ისწავლონ.

– იცნობდით თუ არა წმინდა იოსების მოწაფეს – მამა ეფრემ არიზონელს ან მისი მოწაფეების მოწაფეებს? თუ იცნობთ, გთხოვთ მოგვიყევით მათ შესახებ.

– გვქონდა ბედნიერება მისი სულიერი შვილის – ეფრემ ფილოთეველის (არიზონელის) გაცნობისა. მასზე პოპულარული დოკუმენტური ფილმიცაა გადაღებული, მასზე ბევრს წერენ, საუბრობენ, მისი წიგნები თარგმნილია როგორც რუსულ, ისე ქართულ ენებზე. როგორც უფალი გვასწავლის: ”ხე ნაყოფით იცნობა”(მთ.12:33; ლკ. 6:44) – და აი ნახეთ, როგორი ნაყოფი გამოიღო მამა იოსებმა!

2
მამა თეოდორე ბერ ეფრემ არიზონელთან

ძალიან რთულია ამერიკაში ისეთი მონასტრების მოწყობა, როგორიც მამა ეფრემმა დააარსა. მისი მისიონერობა საკმაოდ არასტანდარტული იყო: მან არ იცოდა ინგლისური; როგორც წესი ის სიტყვიერად ძალიან ცოტას საუბრობდა. მისი მისიონერობის მთავარი ინსტრუმენტი შინაგანი ლოცვა გახლდათ.

ფაქტიც სახეზეა. უბრალოდ გასაოცარია მისი დაარსებული მონასტრები. განსაკუთრებით კი – არიზონის. იქ მცხოვრები მონაზვნები მოუკლებლად ლოცულობენ იესუს ლოცვას, ინტენსიურად, ყოველდღე ეზიარებიან და ნამდვილი სულიერი სიხარულით არიან აღვსილნი. მამა ეფრემის მსგავსად, ამ მონასტრის მისიონერული სულიც სწორი სულიერი ცხოვრებიდან მომდინარეობს.

ჭეშმარიტად ანთებული სანთელი და მთაზე დაშენებული ქალაქი იყო მამა ეფრემი და მისი საძმო ამერიკაში და მაგალითნი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს ნამდვილი მისიონერობა. ამაში ახალი არაფერია: უფალიც ხომ იმას გვასწავლის, რომ ვიყოთ ნათელნი ამა სოფლისა და რომ ჩვენი ნათელი ისე უნდა ბრწყინავდეს, რომ მის მხილველ ადამიანებსაც ღმერთის ძიების სურვილი უჩნდებოდეთ(მთ. 5:14-16). როგორც პეტრე მოციქული ამბობს, ის სანთელი, რომელიც ქრისტიანული სარწმუნოების მეშვებოით ანთია, ამომავალ მზედ უნდა გადაიქცეს(2. პეტ. 1:19).

მამა ეფრემი სწორედ ასეთი ადამიანი იყო. მან თავის გულში დანთებული სანთელი, რომელიც ყველა ქრისტიანის გულში ანთია, მზედ გადააქცია სწორედ იმ პრაქტიკის მეშვეობით, რომელიც მამა იოსების სკოლაში იყო დანერგილი. მის ცხოვრებაში ვკითხულობთ ამ ყველაფრის შესახებ. მაგალითად ის ამბობდა: ” ჩვენი ცხოვრების მიზანი და საზრისი იესუს ლოცვა იყო, ჩვენ მისით ვსუნთქავდით”. ისინი ქრისტეს სახელით ცხოვრობდნენ, აი რაშია საქმე! გარდა ამისა, მათ ინტენსიური ევქარისტიული ცხოვრება ჰქონდათ და აი, შედეგიც სახეზეა.

კიდევ რისი თქმა შეიძლება? ვისაც წაკითხული აქვს მამა ეფრემის წიგნი: ”ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”, შეამჩნევდა თუ როგორი იუმორის გრძნობა ჰქონდა მას, რაც მან თავისი სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და როდესაც მას შევხვდით, ეს ცხადად იგრძნობოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ღრმა უძლურებაში იმყოფებოდა, მას ჰქონდა ეს მარტივი, უბრალო, იმ ბედნიერებისგან გამოწვეული იუმორი, რომელსაც მუდამ თავის გულში ატარებდა.

გარდა ამისა, მასში რაღაც ძალაც იგრძნობოდა: როდესაც სადმე ჩაივლიდა, კედელზე აკვრის სურვილი გიჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ტანით ბეღურასავით პატარა იყო, ძალიან დიდ შინაგან ძალას ატარებდა. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს სუფთა ფსიქოლოგიური მომენტია, რომელიც მის ავტორიტეტს ეყრდნობა, მაგრამ ყველა აღნიშნავდა, რომ ის გასაოცარი შინაგანი ძალით იყო შემოსილი.

ეს სულაც რომ მხოლოდ ფსიქოლოგიური მომენტი ყოფილიყო, ფაქტებს ვერსად წაუხვალ. ამერიკაში ჩამოდის ადამიანი და რაღაც მცირე დროში 18 მონასტერს აარსებს! როგორია თუნდაც ერთი ასეთი მონასტრის დაარსება, განსაკუთრებით იმ ქვეყანაში, სადაც მართლმადიდებლობა საერთოდ არაა მთავარი რელიგია? საქართველოს მაგალითზეც კი შემიძლია ვთქვა, რომ ეს საკმაოდ რთულია. ამიტომაც, მამა ეფრემის ეს ძალა არ შეიძლება, რომ მხოლოდ სუბიექტურ მომენტად ჩავთვალოთ. ეს იყო ობიექტური რეალობის ანარეკლი.

რაც შეეხება მისი მოწაფეების მოწაფეებს, მადლობა ღმერთს, გვაქვს ურთიერთობა არიზონის მონასტრის იღუმენ პაისისთან. აგრეთვე ვატოპედის მონასტრის წინამძღვარ მამა ეფრემთან, რომლისგანაც ძალიან ბევრი რამ ვისწავლეთ. აგრეთვე, ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესთან, რომლისგანაც ასევე ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ.

რისი თქმა შეიძლება მათზე? მინდა გითხრათ ლიტურგიაზე, რომელსაც ეს ადამიანები და მათი აღზრდილი სასულიერო პირები აღასრულებენ. ყველამ ვიცით და წაგვიკითხავს, თუ როგორ მსახურობდა წმინდა იოანე კრონშტადტელი. მისი თანამედროვეები იხსენებენ, რომ მისნაირად არავინ არ მსახურობდა. სამწუხაროდ, დღეს ვერ ვნახავთ იმას, თუ როგორ მსახურობდა ჩემთვის ეს ერთერთი უსაყვარლესი წმინდანი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვაკეთებთ დასკვნას, რომ მსახურება შეიძლება მეტად დიდებულად აღსრულდეს ანდაც ნაკლებად.

ამ სკოლის ერთერთი გამორჩეული მახასიათებელია ღვთისმსახურებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება. რაში ვლინდება ეს? რა თქმა უნდა, არა ფორმაში, არამედ რაღაც შინაგანში, ისეთ ნიუანსებში, რომლის სიტყვით გადმოცემა საკმაოდ რთულია. ეს არის უკიდურესი კრძალვა საკურთხევლის მიმართ და ამ კრძალვასთან შეერთებული უკიდურესი თავისუფლება, რა თქმა უნდა არა ფორმაში გამოვლენილი, არამედ შინაგანი თავისუფლება.

ხმის გასაოცარი ინტონაცია, რომელიც არ არის რაღაც ხელოვნური, არამედ სრულიად ბუნებრივია და გულიდან მომდინარეობს. ეს ღვთისმსახურთა ისიქასტურ შინაგან მდგომარეობაზე და მათში ამ პრაქტიკის არსებობაზე მიუთითებს. ლიტურგია ხომ ისიქასტური ცხოვრების გვირგვინია.

თუკი ადამიანს არ აქვს საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და იქ ღმერთის ძიების გამოცდილება, მისი აღსრულებული ლიტურგია გარეგნულ ხასიათს შეიძენს და ნაკლებად დაეხმარება ადამიანებს, რომლებიც ევქარისტიულ მსახურებაში თანამონაწილეობისთვის არიან მოწოდებულნი. ვინც ჩამოვთვალე მათ მსახურებაში სწორედ ეს შეინიშნება: შინაგანი ისიქასტური განწყობით მსახურების აღსრულება.

მათგან ძალიან ბევრი ვისწავლეთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სწავლაში არ ვგულისხმობ ვერბალურ გადმოცემას, არამედ მადლისმიერ შეხებას და აღქმას. როგორც მამა ეფრემზე ვთქვი, მას გასაოცარი შინაგანი ძალა ჰქონდა და ეს ცხადად იგრძნობოდა. ასეთ ადამიანებთან ურთიერთიბა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ სულიერ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია სულიერი მემკვიდრეობის – სულიერი მამიდან სულიერ შვილზე გადაცემის პრინციპი, რადგანაც ბევრი ისეთი რამაა, რასაც წიგნებიდან ვერ ისწავლი, როგორ კარგად აღსაქმელადაც არ უნდა იყოს იქ ყველაფერი გადმოცემული. ბევრი რამ უშუალო შეხებით აღიქმება: უნდა მიხვიდე, ნახო, შეეხო და განიცადო. ამიტომაც, მე ყოველთვის ვურჩევ მათ, ვინც მონაზვნობას აპირებს და ასევე, სასულიერი სასწავლებლის სტუდენტებს, რომლებიც მღვდლობას აპირებენ, რომ ჰქონდეთ გარკვეული კავშირები ამ სკოლის წარმომადგენლებთან. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

– წმინდა იოსების სულიერი მემკვიდრეობიდან ან სწავლებიდან, რას აქვს ყველაზე დიდი მნიშვნელობა თანამედროვე ქრისტიანისთვის?

– როგორც უკვე ვთქვი, მამა იოსების მემკვიდრეობიდან განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბრძოლისუნარიანობა. მას არ უყვარდა უკან დახევა, ის იყო ერთგული საკუთარი პრინციპებისა, ეს ის პრინციპებია, რომლის გარეშეც არ არსებობს ქრისტიანობა. ეს არის ევქარისტიული ცხოვრება. მან წმინდა დანიელ ისიქასტისგან გადმოიღო დიდმარხვის განმავლობაში პირველშეწირული ლიტურგიების ყოველდღე მსახურების წესი. მადლობა ღმერთს, ჩვენც გადმოვიღეთ ეს პრაქტიკა: ჩვენს ტაძარში ეს ლიტურგია არამხოლოდ დიდმარხვის ოთხშაბათსა და პარასკევ დღეებში, არამედ ყოველ სადაგ დღეს აღესრულება. ეს ჩვენი სამრევლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა: პრაქტიკამ აჩვენა, რომ რაც უფრო ხშირად ეზიარება ადამიანი, მით უფრო იზრდება სულიერად.

სულიერ ცხოვრებაში არ შეიძლება უკან დახევა! თუ გადაწყვეტ, რომ დაიწყო იესუს ლოცვა, მაშინ 24 საათიდან უნდა გამოყო გარკვეული დრო. უმაღლესი პილოტაჟი – ღამე წამოდგომაა. თუ ეს არ გამოდის, მაშინ გამთენიისას, ან საღამოს ან დღის განმავლობაში, მაგრამ იმ ნიუანსების დაცვით, რომლებიც წმინდა იოსებმა გვაწავლა – იესუს ლოცვის სრულ სიბნელეში აღსრულება და ა.შ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამას რასაკვირველია მოძღვარი სჭირდება. მადლობა ღმერთს, არსებობენ ასეთი მოძღვრები. ამ საქმეში უკან არ უნდა დავიხიოთ და არ უნდა მივატოვოთ. ჯობია ყოველდღე ცოტ-ცოტა ვილოცოთ, ვიდრე კვირაში ერთხელ ბევრი. ამიტომაც, სისტემატიურობას დიდი მნიშვნელობა აქვს.

და რა თქმა უნდა, უდიდესი მნიშვნელობისაა მამა იოსების გასაოცარი სიმდაბლე და საკუთარი უღირსების განცდა. ის საკუთარ თავზე ამბობდა, რომ არაფრისთვის მიუღწევია და რომ არანაირი ნაყოფი არ გამოუღია. ხედავდა რა ამას, ის ცდილობდა, რომ ყოველდღე თავიდან დაეწყო სულიერი ცხოვრება, რადგანაც წინა დღე კატეგორიულად არ მოსწონდა, თვლიდა, რომ არაფერი გაუკეთებია და რომ სინანულის საფუძველიც კი არ ჩაუყრია. ეს გასაოცარი სიმდაბლეა, რომლის გარეშეც პრინციპში არ არსებობს სიწმინდე! ასე რომ, შეგვეწიოს წმინდა იოსები, ჭეშმარიტად უდიდესი მოღვაწე, ყველაზე პროდუქტიული თანამედროვე წმინდანი, როგორც მას ვუწოდებ. მადლობა ღმერთს, რომ მისი სულიერი სკოლა ცოცხალია.

რა თქმა უნდა, ის სრულ უნისონში იმყოფებოდა იმ წმინდანებთან, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე: ღირსი სილუან ათონელი, წმინდა სოფრონ სახაროვი და ის წმინდანებიც, რომლებიც უკვე კანონიზირებულნი არიან, ან რომელთა კანონიზაციაც მომავალში მოხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ ეს ადამიანები შორეულ ისტორიაში კი არ იყვნენ ჩაკარგულნი, არამედ აი ახლა, მათი მოწაფეები ჩვენი თანამედროვეები არიან. ასე რომ, სულიერი ცხოვრება დღეს ისევეა შესაძლებელი, როგორც ეს ქრისტიანობის პირველსა და შუა საუკუნეებში იყო. შეგვეწიოს წმინდა იოსები, რომ შევძლოთ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით ცხოვრება.

მინდა კიდევ ერთი რაღაც ვთქვა: როდესაც ესმით სიტყვა ”ისიქაზმი”, ფიქრობენ, რომ ეს განსაკუთრებული ცხოვრების წესი მხოლოდ მონაზვნებისთვისაა, ხოლო ზოგი მონაზონი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ განდეგილებისთვისაა. კიდევ ერთი შეცდომა: ისიქაზმი, ესმით, როგორც რაღაც უმაღლესი სულიერი მდგომარეობა. რა თქმა უნდა, ის შეიძლება ასეც განისაზღვროს, მაგრამ სინამდვილეში ის უმთავრესად ცხოვრების წესს გულისხმობს, რომელიც საკუთრივ მართლმადიდებლურია. რატომ არ არსებობს ასეთი პრაქტიკა სხვა დენომინაციებში? იმიტომ, რომ ის სათავეს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმეტყველებისგან იღებს. ძალიან მნიშვნელოვანია ამის გაცნობიერება. არსეობს სწავლება უქმნელი ენერგიების შესახებ, რომელიც წმინდა გრიგოლ პალამას დროს საეკლესიო კრებებმა დოგმატურად დაამტკიცეს და მიიღეს. ამასთან ერთად განიხილებოდა იესუს ლოცვის ისიქასტური პრაქტიკის საკითხიც, რაც ეკლესიამ ასევე ერთხმად დაადასტურა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის უნიკალური მოვლენა ქრისტიანულ სამყაროში და მართლადიდებლობის უნიკალურობის ერთერთი გამოვლინება.

ამიტომაც, ამის უარყოფით შეიძლება მაინც ვრჩებოდეთ ნომინალურად მართლმადიდებლობის წიაღში, მაგრამ არ გვაქვს კავშირი მის ძირითად, უძვირფასეს ძარღვთან. ჩვენთვის, ერში მცხოვრები ადამიანებისთვის ისიქაზმი არის საკუთარ თავში ღმერთის ძიების გზა, ქრისტესთან შესახვედრად საკუთარ გულში განმარტოება.

ქრისტიანული ცხოვრების არსი, ყველაფერი რაც ქრისტიანობაში ხდება, მიმართულია მხოლოდ ერთი მიზნისკენ, რომ შევხდეთ იესუ ქრისტეს და გავიცნოთ ის პიროვნულად, რომ საშინელ სამსჯავროზე აღარ მითხრას: ”თეოდორე, მე შენ არ გიცნობ”. (მთ. 7:21-23; 25:1-12). პიროვნული ურთიერთობები სინერგიის პრინციპზეა დაფუძნებული, ანუ მე უნდა ვეძებო ის და ვეცადო, რომ როგორმე გავიცნო. აი ეს არის ისიქაზმი. მიზანი: ვიცი, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და მინდა, რომ გავიცნო. სად ვეძებო? ვიცი სადაც: მე მწამს, რომ ის ღმერთია და მან გვითხრა, რომ ყოველი ადამიანის გულთან დგას და ფაქიზად რეკს, ეგების ვინმემ ისმინოს.(გამოცხ. 3:20). როგორ შეიძლება, რომ ქრისტიანი ვიყო და არ ვეძებო ის! როგორც კი გადავწყვეტ, რომ ვეძებო, ჩნდება კითხვა: სად? რა თქმა უნდა, შიგნით, გულში, როგორც უფალი გვასწავლის; შემდეგ თანდათანობით ვეცნობი მისი ძიების 2000 წლოვან პრაქტიკას. – სწორედ ესაა ისიქაზმი.

შეგვეწიოს უფალი ჩვენი იესუ ქრისტე ჩვენს მთავარ საქმეში! ამინ.

ესაუბრა დავით თავართქილაძე

წყარო: pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

გაზიარება
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •