igumenia makrina vasopulo 5

გერონდისა მაკრინა ვასოპულო (1921-1995)

“ის იყო მოუკლებელი ლოცვის მუშაკი”

გერონდისამ მწუხარებებით აღსავსე ურთულესი ცხოვრება განვლო. დაიბადა 1921 წელს მცირე აზიის ქალაქ სმირნასთან ახლოს მდებარე სოფელში. ამ ქალაქმა 1921-22 წლებში საშინელი ტრაგედია გადაიტანა, რაც ბერძნულ-თურქული ომის გადამწყვეტი ეპიზოდი გახდა. 1922 წელს, თურქული ჯარები სმირნაში შევიდნენ და ქრისტიანული დასახლების საშინელი გენოციდი მოაწყვეს. ამ გენოციდისა და ქალაქში გაჩენილი დიდი ხანძრის შედეგად 200 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა. გადარჩენილმა ქრისტიანებმა დატოვეს სმირნა და ქალაქი საბოლოოდ თურქების მფლობელობაში გადავიდა.

გერონდისას ოჯახი სასწაულებრივად გადაურჩა ამ მცირეაზიურ კატასტროფას და საბერძნეთში გადასახლდა. გადასახლებულთა ბედი ომისგან გაკოტრებულ საბერძნეთში ურთულესი იყო. უამრავი ადამიანი გარდაიცვალა ავადმყოფობისგან და შიმშილისგან.

გერონდისა მაკრინა ათი წლის ასაკში დაობლდა. იძულებული გახდა, რომ ნებისმიერ ადგილას ემუშავა, რათა თავისი უმცროსი ძმა და საკუთარი თავი გამოეკვება. ქრისტე კი არასდროს ტოვებს ობლებს. მარია (დედა მაკრინა) ფეხზე დადგა და დამოუკიდებლად აღზარდა თავისი უმცროსი ძმა. ეს ყველაფერი მას რად დაუჯდა მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა იცის, რომელსაც მუდამ ევედრებოდა.

ჯერ კიდევ ბავშვობაში უფალმა წმ. იოსებ ისიქასტის ერთ-ერთ სულიერ შვილს – მღვდელმონაზონ ეფრემ კარაიანისს შეახვედრა, რომელმაც მას იესუს ლოცვა ასწავლა. მარია დიდი მოშურნეობით ჩაეფლო იესუს ლოცვაში და განსაკუთრებით უყვარდა ღამე, სიბნელეში ლოცვა.

ცხოვრება ნელ-ნელა ლაგდებოდა. მაგრამ 1940 წლის 28 ოქტომბერს იტალია ალბანეთის გავლით საბერძნეთში შეიჭრა და საბერნეთიც იძულებული გახდა მეორე მსოფლიო ომში ჩართულიყო.

ვოლოსში (სადაც მარია და თავისი ძმა ცხოვრობდბენ) სამუშაო აღარ იყო და პროდუქტებიც გამოილია. მარია და მისი ძმა უკიდურესი შიმშილობისგან სიკვდილის პირას იყვნენ და იძულებულნი გახდნენ, რომ დაშორებულიყვნენ ერთმანეთს იმის იმედად, რომ ერთ-ერთი მაინც გადარჩებოდა. ძმა სალონიკში წავიდა, ფიქრობდა რომ ამ დიდ ქალაქში მოახერხებდა როგორმე თავის გამოკვებას, ხოლო მარია ვოლოსში დარჩა. ძმისგან განშორების უდიდესი მწუხარებისგან მთელი არსებით და გულმოდგინებით ლოცვაში ჩაეფლო. ასე იქცა ლოცვა მისი რთული ცხოვრების ერთადერთ საყრდენად და ნუგეშად.

ომის შემდეგ მარია ლუკმა პურისთვის ძალიან ბევრს შრომობდა. იმ უმცირეს შემოსავალსაც კი ღარიბებს უნაწილებდა. მას უდიდესი სიკეთე, მიმტევებლობა, გულმოწყალება და მოთმინება გამოარჩევდა.

makrina vasopulo efrem arizoneli

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი ვოლოსში დაიბადა და იქ გაატარა თავისი ბავშვობა. მარიას ბავშვობიდან იცნობდა და ასე იხსენებდა მასზე:

”ერთხელაც დიდ შაბათს, დიდი და მძიმე სამუშაოს შემდეგ მცირე რაოდენობის თანხას მოუყარა თავი, რომლითაც სააღდგომო მსახურებისთვის სანთლის ყიდვა უნდოდა. ტაძრისკენ მიმავალ გზაზე პატარა ღარიბი და მშიერი გოგონა შემოხვდა, შეეცოდა და დაუფიქრებლად აჩუქა მას მთელი მისი შრომით და ტკივილით მონაპოვარი. ასე მივიდა ტაძარში. როდესაც წმინდა ცეცხლის მისაღებად მთელი მრევლი თავიანთი სანთლებით მღვდლისკენ დაიძრა, მარია ბოლოში დადგა, სანთელი არ ჰქონდა და ტიროდა: ”ჩემო ქრისტე! როგორი ცოდვილი ვარ, რომ ერთ სანთელსაც კი ვერ ვეღირსე შენს დღესასწაულზე!” ამ დროს, როდესაც ის ტიროდა და საკუთარ თავს განიკითხავდა, მოულოდნელად ხელთუქმნელი საღმრთო ნათელი იხილა. ამ ხილვისგან მარიამ გონება დაკარგა. ხალხმა კი იფიქრა, რომ შიმშილისგან გული წაუვიდა და ხელში აყვანილი მიიყვანეს სახლში”.

დედა მაკრინა თავის სულიერ შვილებს ასე უყვებოდა თავისი სულიერი გამოცდილების შესახებ: ”მაშინ ჩვენს ტაძარში, სააღდგომო ლიტანიობიოს შემდეგ ჩვენი მოძღვრის მიერ დანერგილი ტრადიციისამებრ აღდგომის ხატს ვემთხვეოდით. როგორც კი ხატს მივეახლე, იმ წამსვე აღდგომის სიხარული შემოიჭრა ჩემს გულში. აღდგომის მახარობელი ხმა ჩემში იმდენად მძლავრი იყო, რომ მეგონა მთელი მსოფლიოს ხმის გამაძლიერებლები იყო ჩართული.. მოძღვარს მსახურებაზე სააღდგომო სახარება ჯერ არ ჰქონდა წაკითხული და მე ის უკვე მესმოდა ჩემში. ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს. როდესაც გონს მოვეგე სახარების სიტყვები ჯერ კიდევ ყურებში ჩამესმოდა და ძლიერად აღიბეჭდნენ ჩემს გულში. სრულიად გამიქრა უკიდურესი შიმშილის განცდა. მთელი მსახურების განმავლობაში ჩამესმოდა ეს მშვენიერი ხმა და თითქოს მანაყრებდა და გავიფიქრე: ”ალბათ ასე ნაყრდებიან უდაბნოში მოღვაწე ის მამები, რომლებიც არაფერს ჭამენ”. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ვნების შვიდეული შიმშილისგან ძალაგამოცილილი ვიყავი, ახლა სააღდგომო მსახურების შემდეგ, სრულიად აღმიდგა ძალები. როდესაც მოძღვარი გამოვიდა სიტყვებით: ”ქრისტე აღდა!” სულში კიდევ უფრო მეტი სულიერი სიმდიდრე ვიგრძენი. წმინდა ზიარება კი ამ ყველაფერის მწვერვალი და უდიდესი სიხარულის მომტანი იყო. მსახურების შემდეგ სახლში დავბრუნდი, არც ჭამა მინდოდა, არც დალევა. ერთი კოვზიც კი ვერ შევჭამე. ამიტომაც, სრული ჭეშმარტიებაა სახარებისეული სიტყვები, რომ ადამიანის სიცოცხლე მხოლოდ საკვებზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ საღმრთო მადლზე. ქრისტეს სადიდებლად გეუბნებით, რომ ქრისტეს მადლი ამდენი შიმშილის, ტკივილისა და დანაკლისის გამო ვიგრძენი. ქრისტემ მიჩვენა, თუ რამხელა სიკეთე მოაქვს ადამიანისთვის თავშეკავებასა და ლოცვას!”.

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი ყვება:
”იმ დროს ახალგაზრდა მარიამ დედაჩემი გაიცნო. ეს წმინდა სულის ადამიანები ჩემი სახლის სამზარეულოში ერთად ლოცულობდნენ ხოლმე. მთელი საღამო მუხლებზე იდგნენ, უამრავ ცრემლს ღვრიდნენ და მეტანიებს აღასრულებდნენ. მათი წმინდა მაგალითით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მარიას სათნოებების გამო, მის გარშემო ქრისტეს სძლობის მსურველი რამდენიმე ღვთისმოშიში გოგონა შემოიკრიბა”.

არქიმანდრიტი ეფრემი ასევე ყვება: ”იმ დროს უკვე გერონდა იოსების გვერდით ვცხოვრობდი, როდესაც ამ გოგონებმა მას წერილი მისწერეს. გერონდამ უპასუხა: ”თუ მორჩილებას აღასრულებთ მიგიღებთ, თუ არა და ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგება” მათ საპასუხოდ მიწერეს: ”გერონდა, ყველაფერს გავაკეთებთ რასაც გვეტყვით და აუცილებლად დაგემორჩილებით”. მაშინ გერონდამ უთხრა, რომ მარიას დამორჩილებოდნენ (მას მარია არასდროს უნახავს) და აუხსნა ამ ყველაფრის მიზეზი: ”დაემორჩილეთ მარიას, რადგან წუხელ ლოცვისას ვიხილე, რომ მის გარშემო მრავალი კრავი იყო და ის შუაში იდგა. ასე მივხვდი, რომ სწორედ ის უნდა იყოს გერონდისა. ასე რომ, დაემორჩილეთ მარიას და არავინ შეეპასუხოს”. მათ უპასუხეს: ”როგორც გვაკურთხებთ”. მათმა მზაობამ და მოშურნეობამ გერონდა იოსები ძალიან გაახარა.

1959 წელს გერონდა იოსებმა, გარდაცვალების წინ დედების სულიერი წინამძღვრობა მამა ეფრემს დააკისრა (არქიმანდრიტ ეფრემ არიზონელს). დედებმა მალევე მოიპოვეს ვოლოსთან ახლოს მიწის ნაკვეთი და დაიწყეს მონასტრის მშენებელობა.

მამა ეფრემის ერთ-ერთი სულიერი შვილი ალექსანდრა ლაგუ ასე ყვება: ”გერონდა იოსებმა თავის სიცოცხლეშივე იცოდა, რომ მის მორჩილ ეფრემს ოდესღაც მოუწევდა ამ კურთხეული მონასტრის სულიერი წინამძღვრობა და დედების გამოგზავნილი წერილი წააკითხა. იქედან მამა ეფრემსა და დედებს შორის გარკვეული კავშირი გაჩნდა. გერონდა იოსების გარდაცვალებიდან ცოტა ხანში მამა ეფრემმა პირველად დატოვა ათონის წმინდა მთა და დედებს ესტუმრა, რომელთა შორის მისი დედაც იყო.
დიდი დრო იყო გასული მას შემდეგ, რაც 19 წლის უწვერულმა ჭაბუკმა დატოვა სახლი და ათონზე გაემგზავრა. მრავალწლიანმა ღვაწლმა და გაჭირვებამ საკმაოდ შეცვალა მამა ეფრემის გარეგნობა და მისი დედა ვერც კი ხვდებოდა, რომ მის წინ მჯდარი მღვდელმონაზონი მისი შვილი იყო. მითუმეტეს, როცა მაშინ საბერძნეთში ზნეობრივ წესად ჰქონდათ დანერგილი, რომ ქალები მონაზვნებს სახეში არ უყურებდნენ.

როგორც კი მიხვდა, თუ ვინ საუბრობდა მის წინაშე, ეგრევე სახე შეეცვალა და მკაცრად უთხრა თავის შვილს: ”რა არის ეს?! რატომ დატოვე ათონი?!”. არანაირი ”როგორ ხარ შვილო? მოდი ერთი შემოგხედო”. მხოლოდ მაშინ დამშვიდდა, როდესაც გაიგო რომ გერონდა იოსების მორჩილებას აღასრულებდა. აი ასეთი აღმზრდელი დედა ჰყავდა მამა ეფრემს.

თავიდან მამა ეფრემი ხშირად რჩებოდა დედებთან. ასწავლიდა იესუს ლოცვას,რამაც უდიდესი ნაყოფი გამოიღო მათში. მათ დიდი სულიერი გამოცდილება მიიღეს. მონასტრის დედებმა უნიკალური სულიერი განათლება და დახმარება მიიღეს მამა ეფრემისა და გერონდისა მაკრინასგან.
დედა მაკრინა და მისი დები საკმაოდ წარემატნენ სულიერად. წმ. სოფრონ სახაროვი გერონდისა მაკრინაზე ამბობდა: ”ის სულიერი ტიტანია!”. წმ. ეფრემ კატუნაკელმა ღამე ლოცვისას მრავალჯერ იხილა სულიერი თვალით ორი ცეცხლოვანი სვეტი, რომელიც ვოლოსიდან ზეცას სწვდებოდა. ესენი იყვნენ გერონდისა მაკრინა და ერთ-ერთი მისი ნეტარი და. გახარებული მამა ეფრემი ამბობდა: ”უყურე ამათ! ჩვენ აქ კატუნაკში როგორ ვწვალობთ, რომ მცირედი მივიღოთ და ამათ რამხელა მადლი მიიღეს ერში!”. წმ. ეფრემი იმასაც ამბობდა, რომ გერონდისა მაკრინამ წმ. იოსებ ისიქასტის სულიერ საზომს მიაღწია.

ათანასე კრალისი ყვებოდა: ”ერთხელაც მონასტერში ერთი ავტობუსით მომლოცველები ჩამოვიდნენ. მონასტერს კი არ ჰქონდა საკმარისი რესურსი მათი გამასპინძლებისთვის, მხოლოდ ერთი ტომარა ბრინჯიღა დარჩენილიყო. გერონდისამ ერთ-ერთ დას დაავალა, რომ სტუმრებისთვის ეს ბრინჯი მოემზადებინათ, რამაც რამდენიმეს აღშფოთებაც გამოიწვია და თქვეს:”გერონდისა, ეს ხომ ბოლო ტომარაა, ჩვენთვის აღარაფერი დაგვრჩება”. მაგრამ დედა მაკრინამ მტკიცედ თქვა: ”მოამზადეთ ბრინჯი სტუმრებისთვის და ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი იზრუნებს ჩვენზე”. დედები დაემორჩილნენ და დააპურეს მომლოცველები და როგორც კი წავიდნენ, მონასტერში მოვიდა ერთი ადამიანი, რომელმაც მთელი ტომარა ბრინჯი მოიტანა. აი, სწორედ ასეთი ნდობა ჰქონდა ღმრთისადმი და სიყვარული ადამიანებისადმი!”.

ათენის უნივერსიტეტის ბიზანტიური ფილოლოგიის პროფესორი სტავროს კურუსისი გერონდისა მაკრინაზე ამბობდა: როდესაც ადამიანები მასთან ურთიერთობდნენ, ხედავდნენ და გრძნობდნენ, რომ მასში უამრავი სათნოება იყო: ქალწულება, სიწმინდე, სიმდაბლე, მორჩილება, უპოვარება და ღვთისა და მოყვასის უსაზღვრო სიყვარული. მას არა მხოლოდ თავისი დები უყვარდა, არამედ ყველა, ვინც მასთან მიდიოდა სულიერი თუ მატერიალური საჭიროებისთვის. ის იყო მოუკლებელი იესუს ლოცვის მუშაკი, რომლის მეშვეობითაც ქრისტესგან მუდამ იღებდა დახმარებას თავის მრავალ განსაცდელში და განამტკიცებდა მას”.

წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტრის (სერესი, საბერძნეთი) გერონდისა თებრონია დედა მაკრინაზე იხსენებდა: ”მიწიერ საგნებს შორის მას ყველაზე მეტად ბუნება და ყვავილები უყვარდა. მაგრამ, რა თქმა უნდა, მისი სული ყველაზე მეტად ზეციურით იყო დაკავებული. მისი ინტერესი და მზერა მუდამ ზეცისკენ იყო მიმართული და ბუნების სილამაზიდან მისი სული ქრისტეს ჭვრეტისკენ აღიტაცებოდა”.

გერონდისა მარკელა ყვებოდა: ”ერთხელაც, როდესაც ეძინა, მის კელიაში შევედი. ზუსტად არ ვიცოდი ეძინა თუ ეღვიძა და სწორედ ამიტომ ჩუმად შევედი, რომ არ გამეღვიძებინა. ჩუმად გადავატრიალე კარის სახელური და როდესაც კარი გაიღო დავინახე მძინარე გერონდისა, რომლის ხელშიც შეუჩერებლად მოძრაობდა სკვნილი. ღრმა ძილის მდგომარეობაშიც კი ლოცულობდა! ასეთი რამ არასდროს მინახავს”.

წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასრტრის მონაზვნები (გოლდენდეილი, ვაშინგტონი, აშშ) მოწმობდნენ: ”მას უბრალოდ არ გამოსდიოდა ჩვენთან მკაცრი ყოფილიყო. ის იყო ძალიან მგრძნობიარე, დელიკატური ადამიანი და გრძნობდა, რომ ასეთივე უნდა ყოფილიყო ჩვენთან ურთიერთობაში. თუკი ვინმეს შენიშვნას აძლევდა ძალიან თბილად და მოფერებით მიმართავდა. იყო ძალიან ფაქიზი. მას უნდოდა, რომ ჩვენთვითონ გაგვეცნობიერებინა ჩვენი შეცდომები. თავის საუბრებში ხშირად ამბობდა, რომ სხვა ადამიანის სულს ძალიან მსუბუქად და ფაქიზად უნდა შეეხო. სწორედ ასე იყო ჩვენთანაც”.

წმ. სტეფანეს მონასტრის (მეტეორა, საბერძნეთი) მონაზონი თეოტეკნია ყვებოდა: ”ჩემი მონაზვნური ცხოვრების 45 წლიანი გამოცდილების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ ის იყო საბერძნეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაზონი. ძალიან დიდი მოღვაწე. მისი რჩევებით არა მხოლოდ მონაზვნები, არამედ ერის ადამიანებიც იკვებებოდნენ. ათონიდანაც კი უკავშირდებოდნენ მას. ეს იყო დიდებული ქალბატონი, მისი გარეგნობაც კი შთამაგონებელი იყო. მისი სახე ნათელს ასხივებდა. როგორც კი დაინახავდი მიხვდებოდი, რომ მას მხოლოდ სერიოზულ თემებზე უნდა ესაუბრო. ის იყო განათლებული და სულიერ ცხოვრებაში ძალზედ გამოცდილი, კარგად იცნობდა წმიდათა ცხოვრებას. მიუხედავად იმისა, რომ არ ჰქონდა საერო განათლება, მას ჰქონდა სულიერი განსჯის უნარი. საათობით ილაპარაკებდით მასთან. ვინც კი ისწრაფვოდა, რომ ქრისტე შეეყვარებინა ყველას ეხმარებოდა სულიერად”.

გერონდისა მაკრინა გარდაიცვალა 1995 წლის 22 მაისს/4 ივნისს. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში თავის კელიაში მუდამ ხედავდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს. მისი მონასტრიდან გამოსულმა მონაზვნებმა რამდენიმე ბერძნული მონასტერი ააღორძინეს. ხოლო ამ მონასტრების დედები კი ამერიკაში გაგზავნეს. არქიმანდრიტი ეფრემი მუდამ ცდილობდა, რომ აშშ-ში თავისი მონასტრები გერონდისა მაკრინას სულიერი შვილებით დაესახლებინა, რადგანაც მათ უნიკალური სულიერი სკოლა ჰქონდათ გავლილი და დიდ გამოცდილებას ფლობდნენ. დღეს ჩრდილოეთ ამერიკაში წმ. იოსებ ისიქასტის სკოლის უკვე 11 დედათა მონასტერია.

გერონდისა მაკრინას სწავლებები

“აუცილებლად უნდა გავექცეთ ყოველგვარ ამაოდმეტყველებას. რადგანაც, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ამაოდმეტყველება ხანძარია. როგორც ხანძრისგან გადამწვარი ტყე აშიშვლებს მთებს, ასევე, ამაოდმეტყველებას ყველაფერი კარგი გააქვს ადამიანის გულიდან და ის, სრულიად უსარგებლო ხდება”.

“ჩვენი აზრები წესრიგში უნდა მოვიყვანოთ, უნდა დავარწმუნოთ საკუთარი თავი, იმისთვის, რომ გადავრჩეთ აუცილებელია საკუთარ თავს უკანასკნელად ვთვლიდეთ. ის, ვინც წინ დგომას მოისურვებს ქრისტე უკან გადაიყვანს, ხოლო ვინც უკან დადგება, მას წინ დააყენებს”.

“აუცილებლად ყურადღებით უნდა ვიყოთ ჩვენი ცხოვრების წესის, ჩვენი მანერების მიმართ. თუ როგორ ვექცევით მოყვასს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს! ხედავ შენს მოყვასს? ესე იგი ქრისტეს ხედავ! სწორედ ამიტომ ჰქონდათ წმინდა მამებს ამხელა სიყვარული და თანაგრძნობა”.

“ის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც სიწმიდეს შეინარჩუნებენ, მომავალ ცხოვრებაში ძველ აღმსარებლებს გაუთანაბრდებიან”.
”მოთმინება ყველაზე ძლიერი იარაღია, რადგანაც ის ყველა სხვა სათნოების საფუძველია”.

“ყველაზე დიდი მოწყალება მიცვალებულთათვის ლოცვაა”

“თუკი ადამიანმა ლოცვა იცის და სწორად ლოცულობს, სულიწმიდა მოქმედებს მის სულში. იმ ადამიანებზე, ვინც გონიერ ლოცვაში ვარჯიშობენ, ხშირად ამბობენ: როგორი ადამიანია! როგორ უბრწყინავს სახე! რომ იცოდეთ რა სასწაულია ლოცვა!”

IMG 20200926 145446

“ლოცვა ღვთის უდიდესი საჩუქარია, სწორედ ლოცვის მეშვეობით იძენს ადამიანი საღმრთო სიყვარულს და თუკი ვიშრომებთ და მოვიპოვებთ გონიერ ლოცვას, ჩვენ გულში ნათელი შემოვა, რომელიც დაგვიცავს ყოველგვარი ბოროტისგან და ქრისტე ყოველთვის დაგვიფარავს და არ მიგვატოვებს”.

“როდესაც ადამიანი ლოცვაში წარემატება, ისეთ მდგომარეობებს განიცდის, ისეთ რაღაცებს გრძნობს, რის შესახებაც იქამდე არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა. ადამიანი თითქოს, უფრო და უფრო, ღრმად იძირება უსასრულო ნათელში და ამ ნათლის შუქზე საკუთარ შინაგან სამყაროს ხედავს. ეს ყველაფერი მორჩილებისა და სიმდაბლის ნაყოფია”.

“როდესაც სული მდაბლდება, მასში კრძალვა, სიყვარული და პატივისცემა ყვავდება. ამ დროს ადამიანი არ იღებს ზრახვებს და არავის განიკითხავს. განიცდის ქრისტეს უდიდეს სიყვარულს და სხვის შეცდომებს აღარ აქცევს ყურადღებას. ის ფიქრობს ქრისტეზე: “ასე ძალიან ვუყვარვარ და ზრუნავს ჩემზე, ხელში აყვანილი დავყავარ და როგორ არ ვიყო მადლიერი?”, მოდის ცრემლები და განიწმინდება გონება და ადამიანი აღარ იქცევა შეუფერებლად. განა როდესაც ჩვენი ტანსაცმელი ისვრება არ ვცდილობთ მის გაწმენდას? ასე ამგავრად უნდა მოვიქცეთ საკუთარი სულის შემთხვევაშიც და ძალიან დიდ სიმსუბუქესა და სიხარულს ვიგრძნობთ”.

“როდესაც ამ ყველაფერს იგემებ, უფრო მეტად ცდილობ, რომ ყურადღებით იყო საკუთარი თავის მიმართ. ამ ყურადღებას მოაქვს და გასწავლის ლოცვას. თუ შეცდები იმწამსვე შეინანე შენი დაცემა და დაემხე გონებით ქრისტეს წინაშე და უთხარი: “უფალო იესუ ქრისტე შემიწყალე მე” “.

“განა რთულია ქრისტეს შეყვარება? რა თქმა უნდა, არა! ძალიან ადვილია! უამრავი ადამიანი ხვდება მას დიდი რწმენის წყალობით. ისინი უყვებიან ქრისტეს თავიანთი ტკივილებისა და სიმძიმეების შესახებ. თითქოს ვიღაცას ესაუბრებოდნენ პირისპირ და მტკიცედ სჯერათ, რომ ქრისტე იზუნებს მათზე. არ დავეჭვდეთ იმაში, რომ მივიღებთ იმას, რასაც ვითხოვთ. ქრისტე ვერ იტანს ნელთბილობას. ის ჩვენგან რწმენას ელოდება!”.

წყარო: http://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული გრაფიკული მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©;

ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.