novyj skit gde svyatoj iosif isihast prozhil poslednyuyu chast svoej zhizni. kelya svyatogo samaya verhnyaya levaya

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეოთხე: ნეა სკიტში

მამა პანტელეიმონი

(1935-2016)

ცხონებული მამა პანტელეიმონ მიტროპულოსი, რომელიც ორიოდე წლის წინ, 2016 წლის 27 დეკემბერს გარდაიცვალა, ამერიკელი ბერძენი იყო. 1956 წელს ათონის წმინდა პანტელეიმონის მონასტერში მონაზონი გახდა. ბერ იოსებ ისიქასტის შესახებ მას ჯერ კიდევ ამერიკაში ყოფნის დროს  გაეგო, მისი ერთ-ერთი სულიერი შვილის მამა ეფრემ კარაიანისგან, რომელიც დიდი ბერის პირველი საძმოს წევრი ყოფილა წმინდა ბასილის სკიტში. ეს მამა ეფრემი შეეცადა დიდი ბერის საძმოში დარჩენილიყო, მაგრამ ვერ გაძლო და საბოლოოდ ამერიკაში აღმოჩნდა. სწორედ მან ურჩია მომავალ მ. პანტელეიმონს, წადი, ჩემი მოძღვარი გაიცანიო.

თავად მ. პანტელეიმონმა თავისი თავგადასავალი ასე გვიამბო: „დეტროიტში1 ოთხი კვიპროესელი ძმა ცხოვრობდა, თქვენი მამა იოსების ძმები. მათი შვილები ჩემი თანატოლები იყვნენ. როდესაც შეიტყვეს, რომ ათონზე მივდიოდი, მითხრეს: „ჩვენ იქ ძმა გვყავს. წადი, მოძებნე და უთხარი, რომ გვიცნობ, რომ მის ძმიშვილებს იცნობ, რომ გვიყვარს და მოკითხვას გადავცემთ. მამა იოსები ჩუმად სტავროვუნიში მისულა და მონაზონი გამხდარა. ომის შემდეგ კი სხვებთან ერთად ქვეყანა დაუტოვებია და უფრო მაღალი სულიერების ძებნაში იერუსალიმში წასულა. საბოოლოოდ ათონზე ბერ იოსებთან დარჩა. ერთი სიტყვით, იმისთვის წავედი, რომ კვიპროსელი მ. იოსებისთვის ძმების, ხოლო ბერ იოსებისთვის – მ. ეფრემ კარაიანისის მოკითხვა გადამეცა. როდესაც მონასტერში მივედი და მორჩილი გავხდი, გარეთ არ მიშვებდნენ. ასეთი წესი ჰქონდათ, მკაცრები იყვნენ. ხოლო როდესაც პეტრეპავლობის მარხვაში ანაფორის ლოცვა წამიკითხეს, კავსოკალივამდე გამიშვეს… უკანა გზაზე ნეა სკიტში ჩავედი. გვიანი იყო, ბნელდებოდა. ვფიქრობდი, ამ ღამეს სად წავიდე, არავის ვიცნობ-მეთქი. ვხედავ, რამდენიმე მონაზონი ქვაფენილზე მუშაობს. ხუთი-ექვსი კაცი იყო, ფარნები აენთოთ, რადგან უკვე ბნელოდა. სკიტში ვინმე მამა იოსებს თუ იცნობთ-მეთქი, ვკითხე. რაში გაინტერესებსო, მომიგო ერთ-ერთმა. შორიდან მოკითხვა მომაქვს-მეთქი, ვუპასუხე და დავამატე: ” მისი მოძღვარი იოსებიც აქ ხომ არ არის?”. კი, აქ არისო, და დაამატა: ” ცოტა ხანს მოიცადე, მოვრჩებით და წაგიყვან მათთან”. ათ წუთში საქმე დაასრულეს. თურმე თვითონ იყო. წამიყვანა წმინდა უვეცხლოთა კალივაში და მითხრა: ” მე ვარ კვიპროსელი მამა იოსები”. ვუთხარი: ” შენს ძმებსა და ძმიშვილებს ვიცნობ”. გაუხარდა. დაჯექი, რამე შეჭამეო, მითხრა და პომიდვრის სალათი გამიკეთა. დღემდე მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან მშიერი ვიყავი. ახლა ცოტა წამოწექიო, მეუბნება. ვიუარე: ” ხვალ მზის ჩასვლამდე მონასტერში უნდა ვიყო და ამიტომ დრო არ მაქვს. მოდი, ახლა ბერის ლოცვა-კურთხევას ავიღებ და გარიჟრაჟზე გემს გავყვები დაფნიმდე, იქიდან კი წმინდა პანტელეიმონის მონასტერამდე”. “არა”, მიპასუხა,” ახლა დაისვენებ, ამის დრო არაა”. მე მათი ტიბიკონი არ ვიცოდი. ერთი სიტყვით, წავუძინე, დავისვენე. უზომოდ დაღლილ – დაქანცული ვიყავი… ისინი კი თურმე შუაღამეს წირავდნენ. ღამის ორ საათზე, როდესაც ლიტურგია დაამთავრეს, მამა იოსები ნათლისმცემლის კალივიდან მობრუნდა, სადაც მ. ხარლამპი ცხოვრობდა და სადაც ეკლესია ჰქონდათ. მაღვიძებს და მეუბნება: “წამოდი, ბერი გაგაცნო”. ამ შუაღამეს-მეთქი? – ვკითხე. “სწორად ახლაა დრო”, მიპასუხა. ავანთე ფარანი და გავყევი. სკიტის ტერიტორიას გავცდით. ვეუბნები: “მამაო, მეგონა, სკიტში ცხოვრებდით”. ცოტა მოშორებითო, მომიგო. ასე გავიცანი დიდი ბერი. ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მდუმარებისა და ლოცვის კაცი იყო. აივანზე იჯდა. ზურგი იმ კედელზე მიეყრდნო, სადაც გასასვლელი კარი იყო. თურმე, მამა არსენიც იქ იდგა, მაგრამ სიბნელეში ვერ დავინახე. უბრალოდ მივხვდი, რომ ვიღაც სკვნილით ხელში იდგა. ბერი ავადმყოფობდა. იატაკზე იჯდა ფეხებგადაჯვარედინებული. მამა იოსები მეუბნება: “ეს არის ჩვენი მოძღვარი”. მეტანია გავუკეთე, თუმცა კარგად ვერ ვხედავდი, როგორც ვთქვი. ხელზე ვაკოცე. კვიპროსელი მამა იოსები ჩემთვის პატარა სკამის მოსაძებნად წავიდა.  სანამ წავიდა და მობრუნდა, მე უკვე ბერის პირისპირ დავჯექი. ადექიო, მითხრა. ვეუბნები, არა უშავს, უკვე ვზივარ-მეთქი. ბერმაც უთხრა: დაანებე თავი, დაჯდა უკვე ბიჭიო, შემდეგ მე მომიბრუნდა და მკითხა: ” რამ ჩამოგიყვანა აქ?” როგორც ვთქვი, მე არ ვიცოდი, რომ დაყუდებული იყო, არც მათი განრიგი ვიცოდი; არ ვიცოდი, რომ ხალხს არ იღებდნენ (შუადღის შემდეგ არ ლაპარაკობდნენ)… ერთი სიტყვით, ვუთხარი ამერიკიდან ვარ-მეთქი. ” ო! ამ სიშორიდან ჩამოხვედი? ჩვენი დაუვიწყარი მამა ეფრემისგან?” შეაქო მამა ეფრემი და დასძინა: “მე მას მივწერე, რომ ახლა ისე აღარ ვართ, როგორც ნათლისმცემლის გამოქვაბულში ვიყავით. მაშინ არც წყალი გვქონდა, არც მიწა, არც ბაღი. ახლა წყალიც გვაქვს და პატარა ბაღიც. ჩამოვიდეს, სიბერის ჟამს მოვუვლით”. შემდეგ მეუბნება: “ჩვენ აქ, საბერძნეთში, ღარიბები ვართ, თქვენ ამერიკაში – მდიდრები, თანაც უმაღესში სწავლობთ. ახალგაზრდა, უნივერსიტეტდამთავრებული კაცი აქ რამ ჩამოგიყვანათ? მონაზვნობა გინდა?”. მივუგე: “მონაზვნობა ბავშვობიდანვე მომწონდა. ბებიაჩემი ჰაჯი2 იყო და წმინდანების ცხოვრებებს მიკითხავდა”. “გემის, მამა არსენ? ჰაჯი ბებია ჰყავდა”. მეკითხება: “ბებიაშენს ცრემლები ჰქონდა?” ვეუბნები: ” ცრემლებიო?! თვალები ორ წყაროდ ექცეოდა ხოლმე, როცა იესოს სახელს ახსენებდა.” ისევ გასძახა: “გესმის, მამა არსენ?! ტკბილი იესო იცოდა. ცრემლებიც ქონდაო. უკვე გასაგებია ყველაფერი – რატომ ჩამოხვედი და რატომ გინდა მონაზონი გახდე. როდესაც ადამიანის სულში ქრისტე ცხოვრობს, სუნთქვას სხვებსაც გადასცემს”. ასე გავიცანი ბერები. წასასვლელად გავემზადე, რადგან ეს – ესაა გათენდებოდა. მე კი ჯერ სანაპიროზე უნდა ჩავსულიყავი. დიდმა ბერმა უკან მომაბრუნა. შემპირდები რაღაცასო? – მკითხა. თუ შევძლებ დიახ-მეთქი. შეძლებო: “კიდევ მოდი, რაღაც უნდა გითხრა, ოღონდ ახლა ვერ გეტყვი. ხელახლა რომ მოხვალ, მერე გეტყვი”. სიამოვმებით, – მივუგე, – მაგრამ ლოცვა-კურთხევა უნდა ავიღო-მეთქი. მითხრა: ” რუსები ღმრთისმოშიშები არიან: თუ ეტყვი ბერი გავიცანი და მთხოვა, კიდევ მოდიო, კურთხევას მოგცემენ”. ასეც მოხვდა”.3

ამ შეხვედრამ მამა პანტელეიმონი განაცვიფრა: მიუხედავად იმისა, რომ იქ სანთლის შუქიც კი არ იყო, დიდ ბერს ნათლის ფონზე ხედავდა, თანაც ისეთი ძლიერი ნათლის, რომ სახის ნაკვთების გარჩევაც კი გაუჭირდა. იმავდროულად, სულში ზებუნებრივ მშვიდობას გრძნობდა. ისე დაწყნარდა, რომ რაც კი გულისსიტყვები აწუხებდა, ყველა გაუქრა. ამბობდა: “შევედი თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ სიბნელეში ბერი არ ჩანდა, მე მას ვხედავდი როგორც ნათელს. მაგრამ არა ჩვეულებრივ ნათელს, რომელსაც ცენტრი აქვს, როგორ აგიხსნათ?..იყო რბილი ნათელი, ლამაზი, მშვიდი. თითქოს გამჭვირვალე დოქი გქონდეს და უკნიდან რამით გაანათო: დოქიდან ხომ ნათელი გამოვა. ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ არც ის შემეძლო მეთქვა, ეს რა არის-მეთქი. დიდი მყუდროება ვიგრძენი, ისეთი, ფსალმუნში რომ წერია: “მოიცალეთ და გულისჴმა-ყავთ, რამეთუ მე ვარ ღმერთი”. 4  5

მამა პანტელეიმონი წმინდა იოსებ ისიქასტთან მეორედ წმინდა მარიამ მაგდალინელის ღამისთევის შემდეგ სიმონპეტრას მონასტრიდან6 მოვიდა. ამ შეხვედრას თვითონ ასე აღწერს: “ამჯერად მოძღვარი დღის შუქზე ვიხილე. ბევრი საკვირველი რამ მითხრა. საოცარი სულიერი მოძღვრება ჰქონდა. ჩემი გონება დაატყვევა. მაგრამ მე უკვე წმინდა პანტელეიმონის მონასტრის მონაზონი ვიყავი. არ ვიცოდი, რომ უცხოელებს ათონზე მოსახვედრად ნებართვა სჭირდებოდათ. ამის გამო ბევრი პრობლემა გამოჩნდა”.7 ის რამდენიმე დღე მათთან ერთად იყო. მოეწონა მათი ასკეტური ცხოვრება, მაგრამ საბოლოოდ მოქალაქეობის ნებართვის უქონლობის გამო მთაწმინდაზე ვერ დარჩა. დიდი ბერის გარდაცვალების შემდეგ მამა არსენმა იგი დიდ სქემაში აღკვეცა. მამა პანტელეიმონი ამერიკაში დაბრუნდა, მაგრამ ბერის საძმოსთან და განსაკუთრებით, მ. იოსებთან, მიმოწერა დიდი ხნის მანძილზე შენარჩუნდა. ჩვენი მოძღვრის ბევრი წერილი მისდამია დაწერილი. მათში მრავალი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. სამწუხაროდ, მოგვიანებით მამა პანტელეიმონი დიდი ბერის გზას აღარ მიჰყვა და ამერიკაში ძველმესტილეთა მოძრაობას ჩაუდგა სათავეში.

1. აშშ-ს ამ ქალაქში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბერძნული დიასპორაა.

2. ბერძნ. ადამიანი, რომელსაც იერუსალიმი მოულოცავს.

3. მონაზონ პანტელეიმონის ნაამბობიდან, 2016 წლის 5/18 თებერვალი.

4. ფს. 45,11.

5. მონაზონ პანტელეიმონის ნაამბობიდან, 2016 წლის 5/18 თებერვალი.

6. წმინდა მენელსაცხებლე დედის, მარიამ მაგდალინელის ხსენება (22 ივლისს / 4აგვისტოს) ღამისთევით მხოლოდ სიმონპეტრას მონასტერში აღნიშნება, რადგან იქ მისი უხრწნელი ხელი ინახება.

7. მონაზონ პანტელეიმონის ნაამბობიდან, 2016 წლის 5/18 თებერვალი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru

X