grobnicza svyatogo iosifa isihasta v novom skitu

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეოთხე: ნეა სკიტში

წმინდა იოსებ ისიქასტის ნეტარი მიცვალება

დიდი ბერი ძლიერი ნებისყოფისა და უდიდესი თავგანწირვის კაცი იყო. ღმერთისთვის სათნოყოფისა და სულიწმინდის მადლის მოხვეჭისთვის, სათნოებები რომ შეეძინა, გადაჭარბებულად იღვაწა. იმდენი ასკეტური შრომა გასწია, რომ მისმა სხეულმა მისი ძლიერი სულის შემართებასა და გულმოდგინებას ვეღარ გაუძლო. მალე დაბერდა, ხოლო სნეულებებმა, რომლებსაც არასდროს ყურადღებას არ აქცევდა, მისი სხეული მოტეხა. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ თავთან ყოველთვის მკაცრი იყო, სხვების მიმართ თანაგრძნობასა და გულმოწყალებას იჩენდა, ხოლო ადამიანებთან ურთიერთობაში ძალიან თავაზიანი იყო. სწორედ ესაა ქრისტესმიერი ცხოვრების ნიშანი და მტკიცებულება. ჩვენი მოძღვარი, რომელიც დიდი ბერის ცხოვრებას ყურადღებით ადევნებდა თვალს, მასწავლებლის სიტყვებს ასე გადმოგვცემს: “საკუთარი თავის სიყვარულის წინააღმდეგ ბრძოლა სასტიკია, თუმცა, ღმერთის მადლს ყველაფერი შეუძლია. თუკი ადამიანი, განსაკუთრებით, მოღვაწეობის დასაწყისში, თავის თავთან მკაცრი არ იქნება, სიმხდალე და საკუთარი თავის შეცოდების სურვილი ხელ-ფეხს შეუკრავს. თუ კაცი განსაცდელების ზღვაში მარტოოდენ ღმერთისადმი რწმენით და ამასთანავე უკანმოუხედავად არ შევიდა, ღმერთის მხრიდან აშკარა შეწევნას ვერ მიიღებს. როგორც წმინდა მამები წერენ, ნაბიჯსაც ვერ გადადგამ წინ (ამ შემთხვევაში ღირს ისააკ ასურს გულისხმობდა, რომლის წიგნიც მუდამ თან დაჰქონდა), თუკი გონება ღმერთის შეწევნას აშკარად არ იხილავს, რასაც “საღმრთო დახმარების გამოცდილება” ჰქვია, თავგანწირვას ვერ მოიპოვებს და თავის შეცოდების მიზეზები არასდროს გამოელევა. ამგვარად, სულ მუდამ ორჭოფობაში იქნება და საბოლოოდ კომპრომისებზეც დათანხმდება. ამიტომ მშიშრები ნუ იქნებით, განსაკუთრებით, დასაწყისში. საღმრთო მადლი იმათ ეხმარება, ვისაც მტკიცე რწმენა აქვს და ღმერთის მცნებების დაცვისა და სიყვარულისთვის თავგანწირვის ზღვაში უშიშრად შედის.

როდესაც გონება დარწმუნდება, რომ ღმერთი ნამდვილ მორწმუნეებს ეხმარება, მაშინ სხვა სახის რწმენაზე გადადის. ეს აღარაა შესავალი, ჩვეულებრივი, ანუ “სმენით მიღებული რწმენა”, არამედ როგორც მამები ამბობენ, ეს არის “ჭვრეტისმიერი რწმენა”. ეს ის პირველი ეტაპია, როდესაც ადამიანი მრავალთაგან გამორჩევას იწყებს. თუ იგი სულიერად უცოდინართა და ზარმაცთა დაცინვების გამო უკან არ დაიხევს, მაშინ უცნობ და უჩინო აღმსარებელთა “ვიწრო და საჭირველ გზაზე მავალი”[1] წინ წაიწევს. და მართლაც ნეტარი იქნება, თუკი სულიერი წინამძღოლიც ეყოლება, რომელიც მას გზას ასწავლის, გაამხნევებს და დააჯერებს, რომ, ღმერთის მადლით, წინსვლის გზაზე დგას. მეო, ამბობდა, არავინ მყავდა, რომ ჩემი გაეგო. ამიტომაც მცირედმორწმუნეობა, რასაც უმეცრება იწვევს, ძალიან მტანჯავდა. ამის გარდა, იმათ დაცინვასაც ვიტანდი, ვინც ყველა მოღვაწეს დასცინის”[2].

1958 წლის დამდეგს, ახალი წელს, დიდ ბერს ჯანმრთელობისთვის საშიში სნეულება – კარბუნკულები აღმოაჩნდა. სამედიცინო დახმარებაზე არ თანხმდებოდა და ამიტომ სიკვდილის პირას დადგა. მაგრამ სულიერი შვილების თავგანწირული მცდელობების შედეგად სასწაულებრივად გადარჩა. როდესაც სნეულების გამო უკვე საგრძნობლებიც დაუჩლუნგდა, მასზე მზრუნველობა სკიტის გამოცდილმა მონაზონმა ექიმმა იკისრა. ამ დაავადებამ ხუთ თვეზე მეტ ხანს გააწვალა ბერი, ხოლო მდგომარეობიდან გამოსვლისთვის ერთი წელი დასჭირდა.

ჯერ კიდევ სანამ კარბუნკულებისგან ბოლომდე განიკურნებოდა, 1959 წლის ახალ წელს, გულის უკმარისობამ იჩინა თავი. დიდმა ბერმა არ იცოდა რა სჭირდა. თუმცა, რადგანაც ძალიან უნდოდა გასულიყო ამ ქვეყნიდან და შეხვედროდა მას, ვინც მთელი არსებით შეეყვარებინა, კიდეც უხაროდა. სუნთქვა უჭირდა, გულის ძლიერი შეტევები ჰქონდა, მაგრამ რაც უფრო ცუდად იყო, მით უფრო უხაროდა, რადგან სინდისი არაფერში ამხელდა. ცრემლები “პურად ჰქონდა დღე და ღამე”[3]. ექიმის გაგონება არ უნდოდა, რადგან მთელი თავისი ცხოვრება მან ღმერთს მიანდო.

ჩვენი მოძღვარი წერს: “ავადმყოფობის განმავლობაში იმდენი ცრემლი ჰქონდა, რომ თვალები არასდროს უშრებოდა. ნებისმიერი შემთხვევა ან საუბარი მისთვის სულიერი გლოვისა და ცრემლების საბაბი ხდებოდა. სიკვდილს დიდი სიხარულით ელოდა. ერთი სული ჰქონდა, წუთისოფლიდან როდის წავიდოდა. სანამ დისპნოე[4] ჰქონდა, წამოწოლა საერთოდ არ შეეძლო, ამიტომ ან იდგა, ან იჯდა”[5].

ბერის ყველა მოწაფის ყურადღება მისდამი იყო მიპყრობილი. სულიერად განსაჯეს და გადაწყვიტეს, რომ სჯობდა სიყვარულის მცნების აღსრულებისთვის მორჩილების კანონი დაერღვიათ. ჩვენი მოძღვარი თავის წერილში წერდა: “მის დაუკითხავად (რადგან უფლებას არ მაძლევდა), მე და მამა ეფრემმა გარედან[6] ექიმი მოვუყვანეთ და ღმერთის მადლით,  მგონია, ომი მოვიგეთ. საბედნიეროდ, ექიმი მცოდნე აღმოჩნდა და დიაგნოზი სწორად დაუსვა. ახალა მისი რეცეპტით ვმკურნალობთ და კარგი შედეგები გვაქვს. გული მეტად დაავადებულია, თუმცა, თუ უწინ იმედი გადაწურული გვქონდა, ახლა კარგ შედეგს ველით”[7].

სხვა წერილებში ჩვენი მოძღვარი უფრო დეტალურად აღწერს მოვლენებს: “2 თებერვლიდან მოყოლებული ერთი თვეა უკვე უკიდურეს მდგომარეობაშია. სენი უეცრად შეეყარა და ახლა დაუნდობლად სტანჯავს. მხოლოდ ეს ორი დღეა, იმ წამლების მეშვეობით, რომლებიც გარედან გამოგვიგზავნეს, შევძელით ცოტათი გონს მოგვეყვანა. იმედი გვაქვს, რომ სიკვდილი თავიდან ავიცილეთ. დიაგნოზის თანახმად, ძლიერი გაციებისა და გარდამეტებული მარხვის გამო ქრისტეშობის მარხვის პერიოდში დაავადდა. ერთ მხრივ, მარხვამ ორგანიზმი ზოგადად მოაუძლურა, განსაკუთრებით – გული, ხოლო გაციებამ ბრონქო-პნევმონური ასთმა გამოიწვია. წელს ქვემოთ მთელი სხეული ისე დაუსივდა, რომ მხოლოდ ჯდომა ან დგომა შეეძლო, დაწოლა საერთოდ აღარ შეეძლო. ასთმა კი ისეთი ძლიერი იყო, რომ ვერც იძინებდა, ვერც ჭამდა, ვერც ზურგს მიაყრდნობდა რამეს. შეტევის დროს ჰაერის ისეთი უკმარისობა ჰქონდა, რომ მისი დანახვაც კი შეგაშინებდა. დასაკლავი პირუტყვი რომ ფართხალებს და სასოწარკვეთილი შველას ეძებს, სანამ სულს გააფრთხობს, ასე ემართებოდა შეტევის დროს. თანაც შეტევა სამიდან შვიდ საათამდე გრძელდებოდა.

ჩვენ ყველანი მის გარშემო ვისხედით და წმინდა უვეცხლოებსა და ჩვენს ქალბატონს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელს ვთხოვდით, დახმარებოდნენ. ზეთიც ვუკურთხეთ[8] და ეზიარა კიდეც ბევრჯერ, უკანასკნელადაც კი გამოგვემშვიდობა, მაგრამ არ წავიდა… მე და ჩემი ძმები უნუგეშოდ ვართ. ეკვდერიდან წმინდა უვეცხლოთა ხატი მოვუბრძანეთ. წმინდა პანტელეიმონმაც არაერთხელ ანუგეშა. ეს რაც შეეხება სულიერ მხარეს. არც სამედიცინო თვალსაზრისით ვყოფილვართ უმოქმედოდ. თავიდან სამედიცინო ჩარევაზე არ თანხმდებოდა, რამაც ავადმყოფობის გართულებას დიდად შეუწყო ხელი. საბოლოო შედეგი კი ის იყო რომ ავადმყოფობა მთელ სხეულს მოედო და სიცოცლეს საფრთხე შეუქმნა. ბოლოს და ბოლოს მკურნალობაზე დავითანხმეთ. უკვე გვიანი იყო, თუმცა მაინც არ შევშინდით.

მას მერე დღე და ღამე თავდაუზოგავად ვცდილობთ,  განსაკუთრებით – მამა ეფრემი და მე. ლეიბი დავიგე მის გვერდით და მუდამ მის გვერდით ვარ. სამწუხაროდ, როგორც იცი, აქაური სამედიცინო დახმარება ძალიან მწირია. ყოველ შემთხვევაში, დღემდე 120 ნემსი გავუკეთეთ ვენაში, კუნთში, კანქვეშ; უამრავი წამალი მივეცით. გადაჭარბების გარეშე გეტყვი, რომ ნამდვილი ომი გამოვაცხადეთ, მაგრამ მიზანს ვერ მივაღწიეთ. დიაგნოზებიც არასწორი იყო. მაგრამ, ამის გარდა, ერთ სნეულებას რომ შევებრძლოებოდით, სხვა წარმოიშობოდა, მეორეს მოვარჩენდით და სხვა რამ გამოაჩენდა თავს. ორგანიზი უჭმელობით სრულიად დაუუძლურდა და ყველა სენის ნადავლი გახდა. წამლებიც აღარ მოქმედებდა, რადგან სწორი დიეტის დაცვაც აუცილებელი იყო, მას კი მადა საერთოდ არ ჰქონდა. საბოლოოდ, გაციება და მის მიერ გამოწვეული რამდენიმე სენი გავანადგურეთ, მაგრამ დისპნოე უკან არ იხევდა; ხოლო დასივებამ, განსაკუთრებით – ფეხების, და უძილობამ საბოლოოდ მოტეხა. მისი მდგომარეობის ვრცელი აღწერილობა ერთ ექიმს გავუგზავნე, რომელიც მას იცნობს. წამლები იმ  დიაგნოზის თანახმად გამოგვიგზავნა, რაც თვითონ დაუსვა და აჰა, ეს ორი დღეა ცოტა მოკეთდა. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს და იმედი გვაქვს, რომ ღმერთის მადლით საწადელს მივაღწევთ, და ამგვარად ჩვენც ნუგეშს ვპოვებთ”[9].

ზრუნავდნენ ექიმებსა და წამლებზე. რაც შეეხება ავადმყოფობას, უკვე იცოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე. 1959 წლის ზაფხულში აშკარა გახდა, რომ ბერი ამ ქვეყნიდან წავიდოდა. ჩვენი მოძღვარი მოვლენათა განვითარებას სულიერად უდგებოდა: “მოკლედ ის შემიძლია გითხრა, რომ მამის მდგომარეობა უკვე არანაირ ადამიანურ დახმარებაზე აღარაა დამოკიდებული. ყველაფერი იმას მიგვანიშნებს, რომ გადაწყვეტილება მიღებულია: უნდა წავიდეს და თავისი შვილებისთვის უკვე პირდაპირ, ქრისტეს წინაშე მდგომმა, იშუამდგომლოს. ჯობს, რაც შეიძლება მალე წავიდეს, რადგან ახლანდელ მდგომარეობაში რაც მეტ ხანს დარჩება, მით უფრო დაიღლება და დაიტანჯება”[10].

ყველაზე მძიმე შეტევის დროს, როდესაც ყველას ეგონა, რომ სულს დალევდა, ბერმა შინაგანი უწყებით იცოდა, რომ მისი დრო ჯერ არ მოსულიყო. ასეც იყო. ამ დროს ბერის გვერდით ჩვენი მოძღვრის უმცროსი სულიერი ძმა, მამა ეფრემიც, იმყოფებოდა. ეს უკანასკნელნი, როდესაც ბერს გულის უკმარისობის გამო სუნთქვა ეკვროდა და სიკვდილის საფრთხე ჩნდებოდა, ეკითხებოდა: “მამო, მიდიხარ?” არაო, პასუხობდა ბერი და ითხოვდა, მისთვის ზეთის კურთხევის საიდუმლო შეესრულებინათ, რაც მდგომარეობას უმსუბუქებდა. 1959 წლის ივლისში ღმერთისაგან ეუწყა, რომ მისი სურვილის თანხმად, ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე გარდაიცვალებოდა. შესაბამისი განკარგულებებიც გასცა, რათა ყველაფერი მზად ყოფილიყო.

წმინდა იოსები წერდა: “არ ვარ კარგად. დიდ ხარჯებს ვწევთ, მაგრამ ჩემი მდგომარეობა არ უმჯობესდება. ნელ – ნელა იქაური სამშობლოსკენ მივაბიჯებ[11]. “რამეთუ არა მაქუს ჩვენ აქა საყოფელად ქალაქი”. ძმები ყოველნაირად ცდილობენ უკან დამაბრუნონ, მაგრამ სამწუხაროდ საფლავისკენ სწრაფი ნაბიჯით მივაბიჯებ. წავალ და იქ დაგელოდებით”[12]. ჩვენი მოძღვარიც შინაგანად გრძნობდა, რომ გარდაცვალების დრო ახლოვდებოდა, მაგრამ წმინდა ბერისაგან ნასწავლი ჰქონდა, რომ ყველაფერი სულიერად უნდა მიეღო (რასაც პირველ რიგში თვითონვე აკეთებდა).

თავისი ნეტარი აღსასრულის წინ დიდ იოსებს მთავარანგელოზი მიქაელი გამოეცხადა და მოახლოებული გარდაცვალების შესახებ აუწყა, და გამოემშვიდობა სიტყვით: “დროებით!” ამის შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული, რომ ბერი ღვთისმშობლის მიძინების დღეს აღესრულა: 1959 წლის 15/28 აგვისტოს, 62 წლის ასაკში.

ორი დღის შემდეგ მამა იოსებმა მ. პანტელეიმონს მისწერა: “უსაყვარლესო ძამიკო, წმინდა წერილის სიტყვები უნდა აღსრულებულიყო: “მიწაჲ ხარ და მიწად – ცა მიიქცე”[13]. და რა? არც არაფერი, ძილია სიკვდილი, რამეთუ “პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმინდათა მისთა”[14]. ბიზანტიური დროით დღის სამის ნახევარზე (8:30 საერო დროით), 15 აგვისტოს[15], ჩვენი დედოფლის მიძინების დღესასწაულის შემდეგ, ჩვენმა კურთხეულმა სულიერმა მამამაც მიიძინა. მძიმე სნეულებით დატანჯული და მოწამეობრივი მოთმინებით აღჭურვილი ამ დღეს შეურყეველი სასოებით ელოდა. სწამდა, რომ ყოვლადწმინდა დედოფალი ამ დიდი წყალობის ღირსს გახდიდა. იმედი არა თუ არ გაუცრუვდა, არამედ ზედმიწევნით  აუსრულდა – ღმრთისმშობლის გარდაცვალების დღეს მიიძინა… მეორე დღეს, 16 აგვისტოს, იმავე საათზე სკიტის მამებთან ერთად წესი ავუგეთ და მისი ანდერძისამებრ საკუთარი კალივის მახლობლად დავასაფლავეთ. მეუფემ დასაფლავებას ვერ მოუსწრო; მხოლოდ ის შევიტყვეთ, რომ თესალონიკში ჩამოსულა და ბერის ამბავს კითხულობდა…[16]მოვიკითხავ ჩვენს საყვარელ დედასა და დას მაგდალინეს, და ვთხოვ განუგეშოს. იოსები”[17].

მოძღვრის გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ ჩვენი მამა იოსები საღმრთო მადლის თანამყოფობას განსაკუთრებულად გრძნობდა. ეს იყო უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მისმა წმინდა მოძღვარმა ქრისტეს წინაშე კადნიერება შეიძინა. ის წერდა: “ჩვენ ყველანი განცვიფრებულები ვართ იმ დიდი შემწეობით, რასაც ჩვენი სულიერი მამის  ქრისტესადმი კადნიერების წყალობით აშკარად ვგრძნობთ. მამა არსენი ბერის მოწვევას ელოდება, რომ მასთან წავიდეს. იგი ამჟამად იმ კალივაში ცხოვრობს, სადაც მანამდე მამა ეფრემი ცხოვრებდა. მოძღვარმა ყველაფერი მოაგვარა, მოაწესრიგა და წავლის წინ თავისი ლოცვა -კურთხევა დაგვიტოვა. თითოეულს პატარა საძმო დაუტოვა. მამა ეფრემი ხარების კალივაში დატოვა ერთ-ერთ თავის თანამემამულესთან ერთად, რომელსაც ტიმოთე ჰქვია. მამა ხარლამპი ნათლისმცემლის კალივაშია ერთ სერბ მონაზონთან ერთად, რომელიც ძალიან ღმრთისმოშიში და მკაცრი მოღვაწეა. მას ახლა ბრანკოს ნაცვლად გიორგი ჰქვია. მგონია იცნობ. მე წმინდა უვეცხლოთა კალივაში დამტოვა თეოფილაქტესა და კიდევ ერთ ათენელ ახალგაზრდასთან ერთად, მისი სახელი გიორგია. ის მოკრძალებული და სულიერი ადამიანია, მაგრამ სხეულით ძალიან სუსტი და სნეულია. ფაქტობრივად არაფერი შეუძლია. ის, რომ  ჩვენს მამას დიდი კადნიერება აქვს ქრისტეს წინაშე, იმდენად საგრძნობი და დამაჯერებელია, რომ სიტყვით არც კი შემიძლია გამოვხატო. ალბათ შენც გრძნობ ამას”[18].


[1] იხ. მათ. 7,14

[2] წიგნიდან „ბერი იოსებ ისიქასტი“ (ბერძნული გამოცემა).

[3] იხ. ფს. 41,4.

[4] დისპნოე (ბერძ.) – სუნთქვის შენელება, რასაც თან სდევს ჰაერის უკმარისობის შეგრძნება.

[5] წიგნიდან „საღმრთო მადლის გამოცდილება“ (ბერძნული გამოცემა).

[6] „გარედან“ – იგულისხმება ათონის გარედან.

[7] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1959 წლის 10/23 ივნისი.

[8] იგულისხმება ზეთის კურთხევის საიდუმლო, ე.წ. „შვიდგზის ზეთის ცხება“.

[9] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1959 წლის 1/14 მარტი.

[10] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1959 წლის 20 ივლისი/2 აგვისტო.

[11] ებრ. 13,14

[12] ბერი იოსებ ისიქასტი „მონაზნური გამოცდილების გადმოცემა“, წერილი 61.

[13] დაბ. 3,19

[14] ფს. 115,6

[15] იულიანური კალენდარით, „ძველი სტილით“.

[16] ლაპარაკია იმავე ეპისკოპოს ათინაგორაზე

[17] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1959 წლის 17/30 აგვისტო.

[18] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1959 წლის 16/29 სექტემბერი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://afon-ellada.ru

X