7200268

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა  

პირველი ვიზიტი კვიპროსზე

როდესაც ბერი კვიპროსზე ჩავიდა, პირველ ხანებში თავისი მორჩილის, მამა სილუანეს და-ძმასთან გაჩერდა. ადგილსამყოფელის გამოცვლა არ სჩვეოდა და ამიტომ მნახველებსაც იქვე იღებდა. ძირითადად ის ნაცნობები მიდიოდნენ, რომლებსაც სურდათ სულიერი რჩევები მიეღოთ. კვიპროსის მონასტრებიც მოილოცა, რადგან ალამანის წმინდა გიორგის მონასტერში დედამისი მონაზვნად აღიკვეცა და იქაური მონაზვნები მას იცნობდნენ. ზოგიერთი მათგანი სტავროვუნიში მისვლამდეც კი იცნობდა. ბერი მონაზვნებს ესაუბრებოდა და არიგებდა. მოილოცა თავისი მშობლიური სტავროვუნის მონასტერი, აგრეთვე კიკუს, მახერას, ღირსი ნეოფიტეს და სხვა მონასტრები.

იმხანად კვიპროსის მთავარეპისკოპოსი მაკარი გარდაიცვალა და ახალ წინამძღოლად პაფოსის მიტროპოლიტი ქრიზოსტომე პირველი აირჩიეს, რომელთანაც დიაკვან ათანასეს განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდა. სწორედ ეს მიტროპოლიტი ზრუნავდა მასზე: დიაკვნად დაასხა ხელი და სასწავლებლად თესალონიკში გაგზავნა. ამ კეთილი ურთიერთობის გამო მამა ათანასემ მეუფეს აუწყა, რომ ბერი იოსები კვიპროსზე იყო ჩასული და რომ მისი რომელიმე მონასტერში დარჩენა სამშობლოს ძალიან გამოადგებოდა. მთავარეპისკოპოსს ბერი ახსოვდა: რადგან, სანამ იგი ათონზე გაემგზავრებოდა, სამი დღე კიკუს მონასტერს სტუმრობდა თავის თანამგზავრ სტავროვუნელ მონაზონთან ერთად. მთავარეპისკოპოსი იმხანად დიაკვანი იყო. ბერთან მაშინდელ ნაცნობობას ის ასე იხსენებდა: ,,ამ ორმა სტავროვუნელმა მონაზონმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი იყვნენ მოკრძალებულები, ღმრთისმოშიშები, ეკლესიაში პირველები მოდიოდნენ, გარეგნობა ასკეტური ჰქონდათ. თავს დაგამახსოვრებდნენ“.

როდესაც ქრიზოსტომე პირველი მთავარეპისკოპოსი გახდა, პაფოსის მიტროპოლიტად ამჟამინდელი მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომე მეორე აირჩიეს. მთავარეპისკოპოსმა ბერს შესთავაზა კვიპროსზე დარჩენილიყო. მამა ათანასესაც ეს უნდოდა. იმხანად კვიპროსის მონაზვნობა მძიმე მდგომარეობაში იყო. ყველა ნაცნობი ეპისკოპოსი და სასულიერო პირი ბერს სთხოვდა სამშობლოში დარჩენილიყო და იქაური მონაზვნობა ათონური მონაზვნობის მაგალითზე გაემართა. მაშინ ტრადიციულად ძლიერი მონასტერი სტავროვუნიც კი მონაზონთა სიმცირეს განიცდიდა, ახალგაზრდები ჯერ არ მოსულიყვნენ. იგივე მდგომარეობა იყო დედათა მონასტრებშიც. გამოცდილი ბერები არ არსებობდნენ, ხოლო ბერ იოსებს შეეძლო ადამიანთა გულები გაეღვიძებინა და შეეძრა. ის ბევრს საუბრობდა სრულიად დაუგეგმავად, სპონტანურად: სახლებში, ეკლესიებში, სხვადასხვა ადგილებში, სადაც ღმერთის განგებას მიჰყავდა. მთავარეპისკოპოსმა შესთავაზა მახერას დიდი სტავროპიგიალური მონასტერი ჩაებარებინა, მაგრამ ბერმა უარი თქვა, რადგან ისტორიული მონასტერი კი იყო, მაგრამ მჭიდრო კავშირები ჰქონდა ერთან. არც ნათლისმცემლის მესოპოტამოს მონასტერი მოეწონა. იქ კიდევ უფრო რთული მდგომარეობა იყო: მონასტრის ეზოში მწვადებს წვავდნენ და ბაზრობა ჰქონდათ გაჩაღებული, რაც ათონზე აღზრდილ ბერს გულს უკლავდა.

დიაკვან ათანასეს ესმოდა ბერის მდგომარეობა. პაფოსში გატარებული სამი წლის გადმოსახედიდან ჩათვალა, რომ ბერს ყველაზე ძალიან სოფელ მინთში მდებარე ჯვრის მონასტერი მოეწონებოდა, რომელიც თავისი მყუდრო ადგილმდებარეობით გამოირჩეოდა. ეს სავანე მაშინდელ პაფოსის მიტროპოლიტ ქრიზოსტომესთან ერთად მოინახულეს. მამა ათანასეს მასთანაც კეთილი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდა. დიაკვანმა მიტროპოლიტს უთხრა: ,,ბერი არსად გაუშვათ, დიდი საქმის გაკეთება შეუძლია“. მეუფეც კარგად იყო მისდამი განწყობილი და ამგვარად, მინთში მისივე მანქანით გაემგზავრნენ.

მომდევნო მოვლენებზე მეუფე ათანასე ასე გვიამბობს: ,,როდესაც მონასტერში მივედით, ეზოში იმდენი ბუჩქი და სარეველა დაგვხვდა, რომ ჭიშკრიდან ეკლესიის კარამდე მისასვლელად ალბათ ერთი საათი დაგვჭირდა. გზას მეუფის კვერთხით ვიკვლევდით. ჩვენი ბერი, ძველი მიწათმოქმედი, რაღაც მცირე იარაღებით წმენდდა გზას. როგორც იქნა, ეკლესიას მივაღწიეთ. ბერს ტაძარი ძალიან მოეწონა. პატარა, კოხტა, მყუდრო, განმარტოებული ეკლესია იყო. ბერი მოიხიბლა. აქ დავრჩებოდიო, თქვა, ლამაზი ადგილია, კლიმატიც მშვენიერიაო. იმწუთასვე იგრძნო, როგორი კლიმატიც იყო: სასიამოვნო, მშრალი, გრილი, ძალიან კარგი. ასე დასრულდა მოგზაურობა. ბერი არავის არაფერს შეჰპირებია. პიფოსის მიტროპოლიტმა ბევრი რამ შესთავაზა და უთხრა: ,,მამაო, ჩამობრძანდით, გვჭირდებით. გვერდში ამოგიდგებით, დაგეხმარებით“. მეც ჩუმად, ბერისგან ფარულად, მათ წისქვილზე ვასხამდი წყალს“.

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •