სკიტი

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

ურთიერთობა წმინდა პაისისა და ღირს ეფრემ კატუნაკელთან

ჩვენი მოძღვარი აგრძელებდა მიმოწერას როგორც მამა პაისისთან, ასევე მამა ეფრემ კატუნაკელთან. წერილები დიაკვან ათანასეს დაჰქონდა. 1979 წლის 30 ოქტომბერს ბერი წერდა: ,,ბერი პაისის ამბავმა ძალიან გამახარა. დიდი სიყვარული და პატივისცემა გადაეცი და სთხოვე, ჩვენთვის ლოცვას ნუ შეწყვეტს. გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ მისი ლოცვების იმედად ვართ. ისიც უთხარი საიდუმლოდ (და შენც არსად წამოგცდეს), რომ როცა დრო მოვა, იქნებ ერთი მონაზონი გამოუშვას ჩვენს დასახმარებლად, ერთ-ორი წლით და მერე უკან წაიყვანოს. აქ საფუარი მჭირდება… ჯერ არ ვიცი, ღმერთი როგორ განაგებს საქმეს, მაგარამ მოქმედების გეგმა ასე დავსახეთ. აქ ძალიან სუფთა და კარგი გოგონები არიან, რომელთაც მონაზვნობა სურთ და მიჭირს უარი ვუთხრა. ძალიან სთხოვე, რომ ილოცოს, რათა ღმერთმა თავისი ნება გამოგვიცხადოს და არ შევცდეთ“[1].

როგორც ჩანს, მაშინ სუროტის მონასტერს არ შეეძლო ჩვენს მოძღვარს დახმარებოდა და ამიტომ დიაკვანი ათანასე მეტეორაში გაგზავნა. იქ ერთი ღმრთისმოშიში მონაზონი მოღვაწეობდა, რომელიც მას პატივს სცემდა და მიმოწერაც ჰქონდა მასთან. ჩვენმა ბერმა მ. ათანასეს დაავალა, იღუმენიასთვის ეთხოვა, ის მონაზონი კვიპროსზე გაეშვა, რათა ახალდაარსებული მონასტრის წინამძღვრობა ეტვირთა.

მეუფე ათანასე გვიამბობს: ,,მეტეორაში ვინმე დედა თეოტერპისთან გამგზავნა. წავედი მეტეორაში და ღამე იქ დავრჩი. წერილი თან მქონდა. ბერმა მითხრა, წადი და წმინდა სტეფანეს მონასტრის იღუმენიას უთხარი, რომ ბერ იოსების მორჩილი ხარ და იმ დისთვის ჩემგან წერილის გაქვსო. მონაზონი თეოტერპი ფილოლოგი და თეოლოგი გახლდათ. იგი ჯერ კიდევ ერში ცხოვრობდა, როდესაც თესალონიკში ჩვენი ბერი გაიცნო. ამიტომ იყო, რომ მოძღვარი იღუმენიას თეოტერპის კვიპროსზე გამოშვებას სთხოვდა. ამას ხაზს ვუსვამ, რადგან ზოგიერთი მოგვიანებით ამბობდა, რატომ წაიყვანა ქრისტეფორაო-ხომ იცოდა ვინც იყოო. არადა, ბერს თეოტერპი უნდოდა. ერთი სიტყვით, მეტეორაში რომ ჩავედი, ღამე წმინდა ვარლაამის მონასტერში დავრჩი, მეორე დილით კი წმინდა სტეფანეს სავანეში გადავედი და წინამძღვარს შევხვდი. იღუმენიამ მიპასუხა: ,,მამაო, მოდი დედა თეოტერპის დავუძახოთ და თუ თვითონ სურს წამოსვლა, მე საწინააღმდეგო არაფერი მაქვს“.

აღსანიშნავია, რომ ბერმა წერილი მას კი არ გაუგზავნა, არამედ იღუმენიას. მიუხედავად იმისა, რომ დ. თეოტერპის ბერთან პირდაპირი მიმოწერა ჰქონდა და მას თავის მოძღვრად თვლიდა, პირდაპირ კი არ მისწერა წამოდიო, არამედ იღუმენიასთან გამაგზავნა, რომ მისთვის მეკითხა. როდესაც თეოტერპი მოვიდა, წინამძღვარს უთხრა: ,,დედაო, არ შემიძლია კვიპროსზე გადასვლა. ომი ახალი დამთავრებულია. ჩემს მშობლებსაც გაუჭირდებათ (დედისერთა იყო). ბერის დიდად მადლობელი ვარ, მაგრამ არ შემიძლია წინამძღვრობის ჯვარი ვიტვირთო”.

არ ვიცი ეს წერილი შემორჩათ თუ არა მეტეორაში. ის იღუმენია გარდაიცვალა. ამ მოვლენიდან დაახლოებით 2 წლის შემდეგ მონაზონი თეოტერპიც გარდაიცვალა ავტოავარიით.

რადგან მონაზონმა თეოტერპიმ ბერის წინადადებაზე უარი თქვა, ერთადერთი გამოსავალი ქრისტეფორა დარჩა, რომელიც ამასობაში კუტლუმუშის მეტოქიდან გამოეგდოთ და მის ნაცვლად იქ ერთი ბერი გაეგზავნათ. ამგვარად, ქრისტეფორა ,,ქუჩაში აღმოჩნდა“. ხოლო მოძღვრის სულიერი შვილებიდან რამდენიმე გოგონას მონაზვნობის სურვილი ჰქონდა, ამიტომაც გადაწყვიტა, ქრისტეფორა კვიპროსზე ჩაეყვანა. თუმცა მეუბნებოდა, ამ ქალთან განსაცდელები გვექნებაო. წმინდა თეკლას მონასტერში მიმოსვლის დროს ბერმა პაფოსის რაიონში წმინდა უვეცხლოთა მონასტერი აღმოაჩინა, რომელიც მიტროპოლიტმა დედათა მონასტრისთვის დაუთმო. ქრისტეფორა და კიდევ ორი ახალგაზრდა ქალი იქ დააბინავა”[2].

წმინდა სილუანე და წმინდა იუსტინე პოპოვიჩი

მოძღვარი ღრმად აცნობიერებდა იმდროინდელი სულიერი მოღვაწეების,მათ შორის,სილუანე ათონელის სიწმინდეს.არა იმიტომ,რომ სხვების მოყოლილს დასჯერდა,არამედ,რადგან ღირსი სოფრონის მიერ აღწერილი მისი ცხოვრება ყურადღებით წაიკითხა და სანამ წმინდანად შერაცხავდნენ,საძმოს ერთ-ერთ წევრს მისი სახელი დაარქვა.ხოლო როდესაც ბერ იუსტინე პოპოვიჩის გარდაცვალება შეიტყო,მ.ათანასეს მისწერა: ,,მამა იუსტინეს ამბავმა გული ძალიან დამწყვიტა,რადგან ეკლესიას კიდევ ერთი საყრდენი ბურჯი და უსაფრთხოების გარანტი დააკლდა! კიდევ ერთი მხედართმათავარი დავკარგეთ!ღმერთმა აცხონოს მისი სული,უფრო სწორად კი,ჩვენ შეგვიწყალოს მისი ლოცვებით.ეჭვი არ შეგეპაროს იმაში,რომ წმინდანია და ამიტომ ლოცვებში მოუხმე ხოლმე“[3].

ბერ იუსტინეს წმინდანად მრავალი მიზეზის გამო თვლიდნენ.უპირველეს ყოვლისა,გამოცდილებისეული ღმრთისმეტყველების გამო, რაც მისი ქრისტესადმი დიდი სიყვარულისა და ერთგულების შედეგი იყო. საკუთარი სულიერი გამოცდილებისა და სულიერი ჭვრეტის წყალობით, საიდუმლოდ სწვდებოდა ამ ადამიანის სიწმინდის საზომს.ღირს იუსტინეს ღვთისმეტყველება და აზრები არა ადამიანური გონების შეთხზული,არამედ სულიწმინდისეული გამოცდილების ნაყოფია.

მოგვიანებით, 1979 წლის 3 მაისს წერდა: ,,დიდად მეწყინა მ.იუსტინეს წასვლა. ობლები დავრჩით. ეკლესიის დიდი მთავარსარდალი წავიდა!“[4].                         

ღმერთის მიერ ბოძებული ნიჭები

მიტროპოლიტი ათანასე გვიამბობს: ,,ცხოვრების ცხოვრების ბოლო წლებში,ბერს თითქმის ყოველ კვირა ტელეფონით ვესაუბრებიდი.ანგელოზის დღის მისალოცადაც ვურეკავდი.ვეუბნებოდი: ,,მამაო მრავალჟამიერ“. მპასუხობდა: ,,არა,შვილო,რა მრავალი ჟამი,რას ამბობ! თანაც მეუფე ხარ და შენს სიტყვას ღმერთი ამტკიცებს.რაში მჭირდება მრავალი წელი? ჩვენს მამას იმას ვთხოვ,რომ წამიყვანოს.შენც ილოცე,რომ მასთან წავიდე“.ლაპარაკობდა და ტიროდა.ეს ყველაფერი მისი სულიერი მდგომარეობის მაჩვენებელია.ამ მდგომარეობის შედეგი კი მისი ღმრთისმეტყველება იყო.ცეცხლოვანი ლოცვები ჰქონდა,ცრემლები განუწყვეტლივ სდიოდა,არა მარტო ნეა სკიტში,არამედ ყოველთვის.ბერის ნიჭი იყო არა სასწაულმოქმედება ან წინასწარმეტყველება (რასაც აგრეთვე ამჟღავნებდა), არამედ ღმრთისმეტყველება.ეს იყო ნიჭი რომელიც მას გამორჩეულად ჰქონდა. ეს ღმრთისმეტყველება მისი დიდი სიყვარულისგან მოედინებოდა. იგი სიყვარულის ადამიანი იყო, დიდი სიყვარულის“[5].

ჩვენი საძმოს ერთ-ერთ წევრს შემდეგი კითხვა აწუხებდა: ,,ასეთ სათნოებამოსილ ადამინს,როგორიც ბერი იოსებია,რატომ არ ჰქონდა წინასწარ ხედვის ნიჭი? ამდენი განსაცდელი და დევნა გაიარა ცხოვრებაში – ასეთი ნიჭი რომ ჰქონოდა, ამ ყველაფერს ხომ თავიდან აიცილებდა ? ერთხელ ძილში წმინდა პორფილი იხილა,რომელმაც კითხვაზე პასუხი გასცა: ,,შენს მოძღვარს ღმრთისმეტყველების ნიჭი ჰქონდა , მე კი- წინასწარმეტყველებისა და წინასწარხედვისა. ღმრთისმეტყველების ნიჭი,რომელიც შენს ბერს ჰქონდა, მე არა მქონია“.   

ბერ იოსებს ,როგორც ვთქვით, ყოველთვის ჰქონდა ურთიერთობა ღირს პაისთან და წმინდა ეფრემ კატუნაკელთან. ეს კავშირი მისთვის ნუგეშიც იყო. 1979 წლის მენელსაცხებლე დედათა კვირას ის წერდა: ,,მამა ეფრემს წერილი მივწერე, იქნებ კიდევ მივწერო… ძალიან სასიამოვნოა,რომ სულიერი მამები ჩვენზე ლოცულობენ და კეთილად არიან ჩვენდამი განწყობილნი. ეს ჩვენთვის ერთგვარი გარანტიაც არის. მამა თეოკლიტესთვის სხვა წიგნებიც ხომ არ გითხოვია? ჭკვიანი კაცია და ვფუქრობ,ბეჭედს ყველას დაადებდა.ათონისთვის ისტორიულ ფასეულობას არ წარმოადგენს,ხოლო ჩვენთვის ძვირფასია…[6] ბატონმა სტელიომ თავისი ჟურნალი გამომიგზავნა.სააბონენტო გადასახადი მიეცი, რომ ვალი არ გვქონდეს. ამის გარდა,ანდრეა თეოდორუს წიგნის ,,ბერძენი მამების სწავლება განღმრთობის შესაძებ იოანე დამასკელამდე” , 1956 წლის გამოცემას თუ იშოვი,ძალიან სასარგებლო წიგნია.აგრეთვე კარგია, თუ იშოვი მ. ათანასე ჰევტიჩის[7] ,,პავლე მოციქულის ეკლესიოლოგიას წმ.იოანე ოქროპიტის მიხედვით”, რომელიც მქონდა და დაკარგადა”[8]

ბერს არასდროს  მოუცია  საკუთარი თქვისთვის უფლება ეფიქრა, რომ რამე კარგი შეიძლებოდა გაეკეთებინა. ამბობდა:  ,,ადამიანმა ისეთ  სიმდაბლეს  უნდა  მიაღწიოს, რომ  სასწაულსაც რომ იქმოდეს, ვერავინ შეძლოს მისი დარწმუნება, შენ აკეთებ ამ სასწაულებსო, მადლი ზემოდან ღვარად რომ გადმოსდიოდეს. სწორედ ამიტომ რაიმე ზებუნებრივი მოვლენისა თუ სულიერი  განცდების  შესახებ არ ლაპარაკობდა, მხოლოდ ძალიან იშვიათად შეიძლება ეთქვა რამე,  რათა  ძმებისთვის  სულიერი სარგებელი მოეტანა, და ეს მაშინ, როცა სასწაულებრივი მოვლენები მას ყოველთვის თან სდევდა. ის ყველაფერს ღვთისმშობელს მიაწერდა  და ყველას მოუწოდებდა რომ  მისთვის მიემართათ.  სწორედ  ასე მოხდა მინთში ერთი ბრმა ქალის განკურნება პანტანასას ხატის მიერ (მაშინ ქალებს სავანეთში შესვლას არ უკრძალავდნენ).  ბერის რჩევით, ბრმამ მთელი ღამე ეკლესიაში გაატარა, ხოლო დილით თვალები აეხილა. ზოგჯერ მოძღვარს სასწაულებრივი რამ შეემთხვეოდა ხოლმე,რასაც სხვები ხედავდნენ. ქალბატონი კალიოპი ტამპურკა  გვიამბობს:  ,,ერთხელ ბერს პაფოსის ეპარქიაში აუდიტორიის წინაშე უნდა ელაპარაკა,მაგრამ მის მოსაყვანად მძღოლის გაგზავნა დაავიწყდათ. იმ დროს ჩვენ სხვა ქალაქიდან მანქანით პაფოსში მოვდიოდით.  ბერს  არ  ვიცნობდით. გზაში დავინახეთ, რომ წვიმაში ანაფორიანი კაცი მიდიოდა. იმწუთას გავჩერდით. რადგანაც მანქანა ორკარიანი, გადმოვედი, უკან გადავჯექი და ბერი წინ, მძღოლის გვერდით დავსვით.

მგზავრი ლაპარაკში გაგვეცნო. მე ვუსმენდი და ამ დროს გაუცნობიერებლად ხელი დავადე. მშრალი იყო! მიუხედავად იმისა რომ ამდენი ევლო წვიმაში. პაფოსში წავიყვანეთ და მის საუბარსაც დავესწარით. მოვიხიბლეთ მისი პიროვნებით. რა გითხრათ?! მას შემდეგ აღარ მოვცილებივართ. მერე მონასტერში წამოვიყვანეთ და იმ დღიდან მასთან ურთიერთობა აღარ შეგვიწყვეტია. ის ჩვენთვის წმინდანი იყო. ყოფილა შემთხვევა,ჩემს სამუშაო ოთახში მოულოდნელად შემოსულა და ყველა ჩემი პრობლემა თავისთავად მოგვარებულა. მახსოვს,ერთხელ მახერაში ეზიარა და სტასიდაში რომ დადგა,სახე გაუნათდა. ბევრი რამ გამოვიარეთ ერთად. მართლაც წმინდანი იყო. ბევრი რამ წინასწარ აქვს ნათქვამი და აღწერილი,თანაც დეტალურად,მათ შორის – ომებზეც და სხვა მრავალზეც“[9].


[1] წერილი დიაკვან ათანასეს.

[2] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის 24 აგვისტო ⁄ 6სექტემბერი

[3] წერილი     დიაკვან   ათანასეს,  მინთი, 1979   წლის   18   აპრილი  (დიდი ოთხშაბაში).

[4] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთუ, 1979 წლის 3 მაისი.

[5] ლიმასოლელ   მიტროპოლიტ    ათანასეს    ნაამბობიდან,    2013    წლის    11/24   ივლისი.

[6] ბერს მხედველობაში აქვს საკუთარი ბიბლიოთეკის გადატანა ათონიდან კვიპროსზე.  როდესაც  რამე სიძველე ( ამ შემთხვევაში – ძველი  გამოცემები) ათონის საზღვრებს გარეთ გადის, აუცილებლად  უნდა  ჰქონდეს კომპენტენტური ორგანოს ბეჭედი. იმხანად მ. თეოკლიტე დიონისიელი წმინდა მთის პროტოეპისტატი იყო. ამიტომაც მისი ბეჭედი საჭირო იყო იმისთვის,რომ ბერ იოსებს თავისი წიგნები კვიპროსზე წაეღო.

[7] სერბი  მღვდელმთავარი, ჰერცოგოვინის ყოფილი  მიტროპოლიტი. დაიბადა  1938 წ.  წმინდა იუსტინე  პოპოვიჩის  მოწაფე.

[8] წერილი  დიაკვან  ათანასეს, მინთი ,  1979   წლის 5 მაისი.

[9] კალიოპი  ტამბურლას  ნაამბობიდან,  2016  წლის  20  აპრილი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com

X