1628424663198437076

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

ეკლესიის სანერგე 

ბერს სურდა დაეფუძნებინა მონასტერი, სადაც მონაზვნები ასკეტური პროგრამით იცხოვრებდნენ და ახალგაზრდები, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ ეკლესიას ემსახურონ, მონაზვნების სახით სახარებისეული ერთობის სულით ცხოვრების განხორციელებულ მაგალითს იხილავდნენ. მოძღვარს მოციქულებრივი და სრულიად უანგარო განწყობა ჰქონდა. იმისთვის აკეთებდა ყველაფერს, რომ ვინმესთვის სარგებელი მოეტანა და ეკლესიის საქმისთვის მხარი დაეჭირა. ის წერდა: ,,ნიქოზიაში ყოფნისას მთავარეპისკოპოსს შევხვდი, გულითადად ვისაუბრეთ. მე ვუთხარი: ,,ცუდადაა ჩვენი საქმე, მალე ეკლესიას აღარც ძალა ექნება და აღარც ხალხი ეყოლება, რათა თავისი საქმე გააკეთოს. საჭიროა ,,სულიერი სანერგე ანუ მონასტერი შეიქმნას, რომელიც არა რომელიმე ეპარქიის, არამედ მთელი კვიპროსის   ეკლესიის კუთვნილება იქნება და აღმოსავლური მართმადიდებლური მონაზვნობის გზას გაუყვება. საჭიროა, რომ იქ საკმარისი სასტუმრო შენობები არსებობდეს, რათა სტუმრად მიიღონ ის სტუდენტები, რომლებიც მომავალში ეკლესიის მსახურები გახდებიან. სწორედ იქ უნდა ისწავლონ მათ პრაქტიკული ღმრთისმეტყველება, პატროლოგია და მისტირიოლოგია[1], რათა თითოეულს არ სწამდეს ისე და ქადაგებდეს იმას, რაც სურს. სხვა მრავალ მსგავს თემასაც შევეხეთ და ჩვენი აზრები ერთმანეთს ეთანხმებოდა. ჩემი მიზანი იყო სამომავლო თანამშრომლობისთვის გზა გამეხსნა და მეუფის დამოკიდებულება გამეგო,  პასუხად ასეთი რამ მითხრა: ,,ეს მეც მესმის, შვილო. წადი და შენი მაგალითით სხვებიც მიიზიდე, ხოლო ჩვენ მოგვიანებით მხარში ამოგიდგებით“.

მინდოდა სწორად გაეგო ჩემი, რადგან სასწავლებელში ვრცლად ვისაუბრე მართლმადიდებლური ტრადიციის ზედმიწევნითი დაცვისა და წმინდა მამების მსოფლმხედველობისადმი ერთგულების შესახებ. და რადგანაც შესაძლებელი იყო მისთვის ჩემი სიტყვები სხვანაირად მიეტანათ, მოვასწარი და ჩემი პოზიცია მე თვითონ ჩამოვუყალიბე“[2].

ამასთანავე, ბერი არც აკადემიურ ცოდნას უარყოფდა, რაც ეკლესიის მსახურებს, სასულიერო პირებს სჭირდებათ. ის ნათელი გონებითა და ღრმა სულიერებით გამოირჩეოდა, რისი მეშვეობითაც სწორი აკადემიური ღმრთისმეტყველების მნიშვნელობაც კარგად ესმოდა. ამიტომ გულისტკივილით სწერდა მამა ათანასეს: ,,ჩვენი მიტროპოლიტის მეშვეობით ვცდილობ წმინდა სინოდი დავარწმუნო, რომ საღმრთისმეტყველო აკადემია დაარსონ, თორემ ამის გარეშე ჩვენს კუნძულზე არაფერი გამოვა… იმ ახალგაზრდებს მაინც დავეხმაროთ, რომლებსაც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სურთ განათლება მიიღონ. თუ ისინი თავიანთ სულიერ განათლებას აქედანვე არ ჩაუყრიან სწორ საფუძველს, მაშინ შეიძლება ცოდნა ცუდად გამოიყენონ, ან მატერიალისტებისა და ათეისტების სამასხარაო გახდნენ[3].

სხვა წერილში იმავე თემას ასე შეეხო: ,,სამწუხაროდ, კარგი ბიჭები იკარგებიან. რას ვიზამთ? ადგილობრივ ეკლესიას ცოტაოდენი ძალა რომ ჰქონდეს და შენნაირ ახალგაზრდებს განათლების მიღებაში ეხმარებოდეს, მაშინ ჩვენს ეკლესიას ხვალინდელი დღე გარანტირებული ექნებოდა“[4].

ბერი იოსები ცდილობდა მონასტერში ბიბლიოთეკა შეექმნა. წერდა: ,,წიგნები, შვილო, ორ-ორი ეგზემპლარი არ გვჭირდება. რადგან დიოტის გამოცემა[5] შევიძინეთ, სხვები აღარ გვჭირდება. მხოლოდ ექვსი თუ რვა ტომიღა გვაკლია. ,,ბ.მ.ს.მ.ბ.“[6] საკმაოდ გვაქვს და ვაგრძელებთ შეგროვებას. თუ ეკონომიკურად გავწვდებით, დანარჩენ ტომებსაც შევიძენთ. 450 ლირად კარგი ბიბლიოთეკა მოგვიწყვეს. დარბაზის მთელ ქვედა კედელს მოიცავს… ,,ბ.მ.ს.მ.ბ.“-ში 57-ე ტომზე ვართ, მაგრამ გვაკლია 53,54,55,56,71,72,74 და 75. ამათ გარდა, გვაკლია წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის მეხუთე ტომი“[7].

მამათა მონასტრის წინსვლის პირველი ნიშნები გამოჩნდა. იგივე ხდებოდა დედათა მონასტერშიც, მაგრამ აქ არსებობდა ერთი გადაუჭრელი პრობლემა: არ ჩანდა პიროვნება, რომელიც იღუმენიას მოვალეობის შესრულებას შეძლებდა. ბერის მრავალი მცდელობა, რომ ასეთი მონაზონი სუროტის[8], ორმილიის[9] ან მეტეორას მონასტრებში მოეძებნა, წარმატებით არ დაგვირგვინდა. ამასობაში მონაზონმა ქრისტეფორამ სერეს ნათლისმცემლის მონასტერი დატოვა და როგორც ვთქვი, ბერმა გადაწყვიტა, იგი კვიპროსზე ჩაეყვანა და წინამძღვრად დაენიშნა. კარგად იცოდა მისი უძლურება, მაგრამ იმედი ჰქონდა, რომ მონაზონი თეოტერპი ერთი-ორი წლით მაინც ჩამოვიდოდა და მონასტერს დაეხმარებოდა. ამასობაში კი ბერი ქრისტეფორას თავგანწირვასაც გამოცდიდა და იმასაც, თუ რამდენად რეალური იყო დედათა მონასტრის ჩამოყალიბება ბერ იოსებ ისიქასტის ტიპიკონის მიხედვით. ბერი იმასაც ფიქრობდა, რომ, თუ ქრისტეფორა საქმეს თავს ვერ გაართმევდა, მაშინ სხვაგან გადაიყვანდა. ზოგადად კი, ღმერთის განგებულების იმედი ჰქონდა და უფლისგან ნიშანს ელოდებოდა.

ბერს თავისი სულიერი შვილების მიმართ ყოველთვის კეთილი გულისსიტყვები ჰქონდა, უბოროტო ადამიანი გახლდათ, ცუდის გაფიქრება, ცუდის დაშვება არ შეეძლო, ყველა ადამიანისადმი უზაკველი სიყვარული ჰქონდა. იყო ისეთი სიყვარული, რომელზეც პავლე მოციქული წერს: ,,[სიყვარულმან] არა შეჰრაცხის ბოროტი“[10]. მამა იოსები მამა ათანასეს სწერდა: ,,ჩემო კეთილო შვილო, ქრისტეფორამ ბევრჯერ გამამწარა, მაგრამ მე წყენას გულში არასდროს ვიტოვებ, არც მასზე მზრუნველობის ინტერესი იკლებს ჩემში, თვითონ იქცევა ცუდად და როგორც ჩანს, მისმა პირველმა სულიერმა მოძღვარმა სწორად ამგვარი არამდგრადი ხასიათისა და თავხედური მოქცევის გამო ჩაიქნია მასზე ხელი. ის რასაც აფუჭებს, დაუდევრობის გამო აფუჭებს და არა ბოროტი განზრახვით, გულის სიღრმეში ძალიან კეთილშობილი ადამიანია.

ორმილიას ვთხოვე დახმარება, რადგან გამოუვალ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. მშობლები თავის შვილებს აქეთ არ უშვებენ, ჯერ მზა მონასტერი უნდათ რომ დაინახონ (2-3 მონაზონი მაინც), მაგრამ მე ამაზე უკვე აღარ ვზრუნავ. ღნერთს მივანდე ეს საკითხი და როგორც მას სურს, ისე წარმართოს, ოღონდ არ ვიცი, მოვესწრები ამას თუ არა.

ჩემი ერთი მოწაფის შესახებ,რომელიც ახლა მეტეორაშია (მონ. თეოტერპი), უკვე მოგწერე. ცოტა ხნის წინ მან თვითონ მომწერა თუმცა უკვე ორნახევარი წელიწადია არ გამომხმაურებია“[11].

ცოტა ხნით ადრე კი ბერი წერდა: ,,თვალს ვადევნებ ქრისტეფორას და არ ვიცი, როგორია ღმერთის ნება. დაე, როგორც ღმერთს სურს, ისე მოხდეს. ყველა მისი სიკეთის მიუხედავად, ქრისტეფორა საკმაოდ დაუდევარია და საბოლოოდ რას გვიზამს, არ ვიცი.

აქ სამი ახალგაზრდა გოგონა მზად არის მონაზვნობისთვის. მათი მომავალი მაფიქრებს. ეპისკოპოსს ეძნელება ეს საქმე, რადგან ხარჯების ეშინია, თანაც ახლა ვალებშია ჩაძირული, ახალი ტაძრის მშენებლობა ნახევარი მილიონი ლირა დაუჯდება. მთავარია, ღმერთმა არ მიგვატოვოს, რამეთუ სულიერმა გვალვამ და ურწმუნოებამ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა, ტაძრები დაცარიელდა და სულიერი ცხოვრების გამოცოცხლებაზე არავინ ზრუნავს. ეპარქიის დარბაზში პატარა შეხვედრების მოწყობა დავიწყეთ, მაგრამ, სამწუხაროდ, დაგვიშალეს“[12].      

ასეთი უანგარო მიზნები ჰქონდა ბერს კვიპროსულ მონაზვნობასთან მიმართებით. ოღონდ ღმერთისგან ჯერ არ ჰქონდა უწყება, არ იცოდა ზუსტად, რა სურდა უფალს და ამიტომ მხოლოდ მოვლენათა განვითარებას ადევნებდა თვალყურს. ამასობაში ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობა ძალიან ღლიდა, ხოლო გულის პრობლემა დროდადრო თავს იჩენდა, თუმცა არ იცოდა რა სჭირდა. 1980 წლის ზაფხულში მ. ათანასეს სწერდა: ,,დავიღალე, ჩემო კარგო, და გამოსავალს ვეძებ, წმინდა თეკლას მონასტრის მონაზვნებმაც დამღალეს. ეშმაკმა ადამიანები და მოვლენები გაასასტიკა, ხოლო განტევების ვაცი მე გამოვდივარ. ამის გარდა, ღმრთისმოშიში მომლოცველები მოდიან, ღამე ჩვენთან რჩებიან-როგორ მოვასწრო ყველაფერი? წარმოიდგინე, ჩემიანები ჩამოვიდნენ საზღვარგარეთიდან და ერთი თვეა მთხოვენ გვერდით სოფელში გადავიდე, ცოტა დაველაპარაკო, და ჯერ კიდევ ვერ მოვახერხე. ძალები აღარ მყოფნის, სხეული უძლურდება, გამოსავალს ვეძებ. რომ ჩამოხვალ, უკეთ დავილაპარაკებთ“[13].

როგორც იქნა, წმინდა უვეცხლოთა მონასტერი ისე შეკეთდა, რომ მონაზონი დედების მიღება შეძლო. 1980 წლის 10 ოქტომბერს ბერი წერდა: ,,დღეს დები წმინდა უვეცხლოთა მონასტერში შედიან. ილოცე, რომ ქრისტემ აკურთხოს ეს საქმე და ისეთი ნაყოფი მოგვცეს, რომ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბოს“[14].

ბერი ძალიან იღლებოდა, რადგან ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული და მას ყველასთვის მაგალითი უნდა მიეცა, თან ყველაფერი უნდა მოესწრო: ყოველდღიური ღმრთისმსახურება, დამღლელი სამუშაოები, უამრავი სტუმარი და გამოსვლები, მოძღვრობა სულიერი შვილებისა-მონაზვნებისა და ერისკაცებისა, რომელთა რიცხვიც ყოველდღიურად იზრდებოდა. ამ ყველაფერს დედათა მონასტრის საზრუნავი და აღგენითი სამუშაოებიც დაემატა. ხოლო ყველაზე მტკივნეული იღუმენიას გაუგონრობა იყო, რადგან მას არ სურდა დამორჩილებოდა იმ მამობრივ რჩევებს, რომლებითაც თვითონაც და დებიც სარგებელს მიიღებდნენ.

ერთი პერიოდი ჩვენი მოძღვარი დღიურს წერდა. 1981 წლის რამდენიმე ჩანაწერიდან ჩანს, თუ რამდენი შრომა, მწუხარება და განსაცდელი დაითმინა, და ისიც, თუ როგორ აშკარად ეხმარებოდა მას საღმრთო მადლი.

,,ოთხშაბათი, 18 თებერვალი. საღამოს ექვს საათზე ლარნაკას წმინდა პავლეს ტაძარში მრავალრიცხოვანი აუდიტორიის წინაშე ვიქადაგე. გადაუღებლად წვიმდა. შემდეგ ბატონ ტ.-ს სახლში მრავალ მორწმუნესთან ერთად კერძო საუბარი გაგრძელდა.

ხუთშაბათი, 19 თებერვალი.მონასტრის მანქანის დასაბრუნებლად გავემგზავრეთ. საჭესთან მ. სერაფიმე იჯდა, თან ახლდა მ. მიქაელი, რომელიც შაბათამდე წმინდა უვეცხლოთა სავანეში დარჩა.

პარასკევი, 27 თებერვალი. წმინდა უვეცხლოებში მ. ბარნაბას გარეშე გადავედით. შენობის წინ ქვის მოაჯირის შენება დავიწყეთ, ხეები გავსხალით. საღამოს მონასტერში ვასილი მოვიყვანეთ.

ორშაბათი, 2 მარტი. მთელი საძმო წმინდა უვეცხლოებში გადავედით. განვაგრძეთ ქვის მოაჯირის შენება და ისევ რამდენიმე ხე გავსხალით. ერთი წერილი მივიღე კვიპროსიდან.

ხუთშაბათი, 5 მარტი. წმინდა უვეცხლოებში ერთ ძმასთან ერთად გადავედი, თან ოსტატიც გვახლდა, რომელიც დაგვეხმარა, რომ მთავარი შენობის წინ ქვის კიბე გაგვეკეთებინა, რომელიც მარმარილოს მოზაიკური ფილებით მოვაპირკეთეთ. დღეს შევიტყვეთ, რომ საბერძნეთში კიდევ ერთი მიწისძვრა მომხდარა.

პარასკევი, 6 მარტი. ისევ ყველანი ერთად გადავედით წმინდა უვეცხლოებში. კიბე მოზაიკური ფილებით მოვაპირკეთეთ. შემდეგ სხვადასხვა ნივთებისა და მასალის შესაძენად წავედით. წმინდა უვეცხლოებში ქვიშითა და რიყის ქვით დატვირთული ორი სატვირთო მანქანა მოვიყვანეთ. მთელი ეს საშენი მასალა 60 ლირა დაგვიჯდა.           

კვირა, 8 მარტი. წირვაზე წმინდა უვეცხლოებში გადავედი. იქ ორმოცი სებასტიელი მოწამის ტაძრის დღესასწაული აქვთ. ვასილი საქადაგებლად იყო წასული. ის მონასტერში სტუმრად მოსულმა ავქსენტიმ წაიყვანა მანქანით. კვირას, მწუხრის შემდგომ ტრაპეზზე 14 კაცი ვიყავით, ჩვენ შორის მეგობრული და სულიერი განწყობა სუფევდა.

ორშაბათი, 9 მარტი. დიდმარხვის პირველი დღე. ღმრთისმსახურება შესრულდა ტიპიკონის მიხედვით, ზუსტად ისე, როგორც ტრიოდიონი განსაზღვრავს.

სამშაბათი, 10 მარტი. დიდმარხვის მეორე დღე. მსახურება აღესრულა ჩვენი წმინდა მამების გადმოცემით დადგენილი ტიპიკონის მიხედვით. მწუხრის შემდეგ, ბიზანტიური საეკლესიო დროით რვა საათზე (14:00-15:00), ძმებს პურის ნაჭერი და ცხელი წყალი დაურიგდათ ცოტაოდენ ნადუღ ყურძნის წვენთან ერთად. ამგვარად, ცოტა მოძლიერდნენ, რათა ღამისთევებს, გრძელ ღმრთისმსახურებებსა და მონასტრის ყოველდღიურ საველე სამუშაოებს თავი გაართვან. ბიზანტიური დროით ათ საათზე მონასტერი ჩვენმა მიტროპოლიტმა ქრისზოსტომემ მოინახულა. მას თან ახლდნენ ტრანსპორტის მინისტრი, სამინისტროს სხვადასხვა მაღალჩინოსანი მოხელე, ჩვენი რაიონის თავი და საზოგადო სამუშაოებზე პასუხისმგებელი პირები. მათთან ერთად განვიხილეთ მონასტრის გზასთან დაკავშირებული საკითხები.

ოთხშაბათი, 11 მარტი. პირველად შესრულდა პირველშეწირულის წირვა. წმინდა უვეცხლოთა მონასტერი მოვინახულე. დიაკვანი ათანასე ყოველ ოთხშაბათს ზოგადსაგანმანათლებლო სულიერ გაკვეთილებს ატარებს.

შაბათი, 14 მარტი. დღე სხვადასხვა საქმეებსა და ბაღის სამუშაოებში გავიდა. მამები ოსტატ ნიკოს მიეხმარნენ შინაური ფრინველებისა და კურდღლების გალიების შემოღობვაში. ფორთოხლის ხეებისთვის ორმოები ამოვთხარეთ.

ორშაბათი, 16 მარტი.  პაფოსში ვიყავი ფორთოხლის ნერგების შესაძენად. ელექტროგაყვანილობის სამმართველო დაგვეხმარა წყლის გენერატორის მიკროელექტროგენერატორად გადაკეთებაში. როდესაც მოვბრუნდი, ყველამ ერთად ნორჩი ხეები დავრგეთ, მოგვიწია ჩვეული განრიგის დარღვევა, რათა ნერგები არ გაფუჭებულიყო, რადგან დარგვის პერიოდი უკვე გასულია“[15].

გარეშე თვალს-მას, ვისაც მართმადიდებლური, წმინდა მამებისეული გამოცდილება არ აქვს, მონასტრული ცხოვრება რუტინად ეჩვენება. სულიერი ცხოვრება და მადლის თანმყოფობა მონასტრებში აშკარაა. მინთის მონასტერშიც საგრძნობი იყო მადლის შეწევნა. ბერი არაერთხელ უხილავთ ზებუნებრივი ნათლით მოსილი. ერთხელ ტრაპეზზე წმინდა იოსებ ისიქასტის წერილებს ვკითხულობდი[16]. ცოტა ხანში იმდენად აშკარა გახდა დიდი ბერისა და საღმრთო მადლის ჩვენთან ყოფნის შეგრძნება, რომ ჯერ მოძღვარს და შემდეგ ძმებსაც ცრემლები ნიაღვარივით წამოუვიდათ. მეც გავჩერდი, რადგან კითხვა აღარ შემეძლო. ასე ვტიროდით ყველანი, საღმრთო მადლით დატყვებებულები. ბერმა დაბალი ხმით წარმოთქვა: ,,მოძღვარი აქაა, მოძღვრის სული აქაა“.

ბერი ცდილობდა ახალგაზრდებისთვის ის ზეადამიანური თავგანწირვა ესწავლებინა, რაც თვითონ თავისი მასწავლებლისგან ისწავლა. ერთხელ, დიდ შაბათს, მოწაფეებს უთხრა: ,,ხვალ ჩვენი ბაღის ლობიო მოვხარშოთ“. ერთ-ერთმა ძმამ ჰკითხა: ,,მამაო, აღდგომას ლობიოს შევჭამთ?“ მართლაც, იმ დღეს ლობიო დაკრიფეს და მთელი კვირა (სანამ არ გათავდა) ლობიოს იხმევდნენ.

საკმაო ხანი იყო გასული მას შემდეგ, რაც მოძღვარმა კვიპროსის ეკლესიაში უანგარო მსახურება იტვირთა. თავისთავად ისე მოხდა, რომ სახელიც გაითქვა, თუმცა ამისკენ საერთოდ არ ისწრაფოდა-ეს ზოგიერთ საეკლესიო პირს მაინცდამაინც არ მოსწონდა. ხალხი მას უსმენდა და უჯერებდა, მონასტერს საჩინო ადამიანები სტუმრობდნენ, ბერის სახელი ანტიოქიის ეკლესიასაც კი მისწვდა: სავანეს ლაოდიკიის ეპისკოპოსი იოანე ეწვია დიაკვან იოანესა (ამჟამინდელი ანტიოქიელი პატრიარქი) და მღვდელმონაზონ მიქაელთან ( ამჟამად ტრიპოლელი მიტროპოლიტი ეფრემი) ერთად. სამივენი მონასტერში 20-25 დღე დარჩნენ, მათ სურდათ ბერთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ. მოძღვარი თავის დღიურში წერდა:

,,ხუთშაბათი, 6 აგვისტო. ფერისცვალება. ღამისთევა ღამის 2:30 საათამდე გაგრძელდა ( სამოქალაქო დროით). პირველი ჟამის შემდეგ მსახურება შევაჩერეთ, ხოლო დილის 7:00 საათზე ჩვენს სირიელ სტუმრებთან ერთად მესამე-მეექვსე ჟამნები და წირვა დავიწყეთ. ეპისკოპოსმა უბრალო მღვდელივით იმსახურა. ღმრთისმსახურებამ უდიდესი ლმობიერება აღძრა ჩვენს გულებში, შემდეგ სატრაპეზოში გადავედით, მერე კი სენაკებში განვმარტოვდით. ეპისკოპოსთან ხანგრძლივი საუბარი გვქონდა მონაზვნური ცხოვრებისა და ტიპიკონის შესახებ. სერობა ეზოში ჩატარდა. საუბარი სერობის შემდეგაც განვაგრძეთ. იეროდიაკვანი იოანე გვითარგმნიდა.

პარასკევი,  7 აგვისტო. მსახურებას ეპისკოპოსი და მისი თანმხლები პირები ესწრებოდნენ. საკურთხეველში ეზიარნენ. საუზმის შემდეგ თავ-თავიანთ ოთახებში განმარტოვდნენ. დიაკვანი იოანე დიაკვან ათანასესთან ერთად პაფოსში წავიდა ბილეთების საყიდლად. პარაკლისზე ტაძარში ყველანი ერთად შევიკრიბეთ, ხოლო პარაკლისის შემდეგ სატრაპეზოში გავედით. შემდეგ სტუმრებმა ითხოვეს, წმინდა ნეოფიტეს მონასტერი მოელოცათ. ისინი 16:00 საათისთვის წავიყვანე. ძალიან გულითადად გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. მიტროპოლიტმა გვთხოვა, ჩვენს მონასტერს მათ ეკლესიასთან თანამშრომლობა გაეგრძელებინა და ამიტომ მ. მიქაელი რამდენიმე ხნით ჩვენთან დატოვეს“[17].

სავანეში ბერს განათლების მინისტრი, ნიკოს კონომისი სტუმრობდა ხოლმე. იმხანად ის დიდ პიროვნებას წარმოაგენდა. სხვა მაღალჩინოსანი სამოქალაქო პირებიც მოდიოდნენ მონასტერში, რაც ზოგიერთ ადამიანში შურს აღძრავდა. ამასთან, მოძღვარმა დააკანონა, რომ ახალგაზრდა მონაზვნები დილის საათებში მონასტრიდან არ გასულიყვნენ. ამიტომაც დიაკვან ათანასეს არ შეეძლო ადგილობრივი ეკლესიისთვის სხვა სამსახური გაეწია. ბერი ამბობდა: ,,ჩვენ აქ სწორი მონაზვნური ცხოვრება გვსურს. არ მინდა, რომ მონასტერი ისეთ სასტუმროდ იქცეს, სადაც მონაზვნები მხოლოდ ღამეს ათევენ-დილით მიდიან და საღამოს ბრუნდებიან“. მხოლოდ იმაზე დათანხმდა, რომ კვირაში ერთხელ მამა ათანასე ქალაქში ჩასულიყო და სულიერ-საგანმანათლებლო ლექცია წაეკითხა.

ბერის საქმიანობისადმი უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ ეკლესიის წიაღში შექმნილ პროტესტანტული ტიპის რელიგიურ ორგანიზაციებს. ამ მიმდინარეობის წარმომადგენელი გავლენიანი მღვდლები, და მათ შორის, ერთ-ერთი სავანის წინამძღვარიც, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, ფარულადაც და აშკარადაც, თვით მიტროპოლიტთანაც კი. ასე დაიწყო ბერის სახელის შელახვა.

სოფელ მინთს რაიმე ისტორიული მნიშვნელობა არ ჰქონდა, სულ რამდენიმე სახლი იდგა მინდორში, ბერის პიროვნება კი ადამიანებს იზიდავდა. ხალხს იზიდავდა არა მონასტერი, არამედ თავად ბერი. შორიახლოს სხვა დიდი მონასტრებიც ფუნქციონირებდა, მაგრამ იქით გული მაინცდამაინც არ მიუწევდათ. მოგვიანებით ბერ იოსების საძმო გაიზარდა, რაც ყველას არ მოსწონდა და მალე მოვლენები ისე განვითარდა, რომ მონასტრის მომლოცველთა ერთი ნაწილის გულმხურვალე ენთუზიაზმი გულგრილობაში გადაიზარდა.

ბერის სათნოებებსა და ცხოვრებას ზოგიერთი ადამიანი არასწორად აფასებდა და როგორც ასეთ შემთხვევებში ჩვეულებრივ ხდება, გაუგებრობები და განსაცდელები დაიწყო. მოძღვარი კი თავის თავზე ამას წერდა:  ,,ამქვეყნიურისთვის გულისთქმა არასოდეს მქონია, ჩემო საყვარელო შვილო-არც პატივისთვის, არც თანამდებობისთვის. ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ხელით შემენახა თავი, როგორც პავლე იტყვის: ,,საჴმარსა მას ჩემსა და რომელნი იყვნეს ჩემ თანა, ჴელნი ესე ჩემნი ჰმსახურებდეს“[18]. არასდროს მდომებია, რომ ხალხის მხრიდან სხვაზე მეტი პატივისცემა ამ მომსახურება მქონოდა. ერთადერთი, რაც მსურს, არის ცხონება. ამისკენ ვისწრაფვი და აქეთ მივმართავ მთელ ჩემს კნინ ძალისხმევას“[19].

მოგვიანებით, როდესაც ბერს ვატოპედის მონასტერი ჩააბარეს, 1987 წლის აგვისტოში ბერმა ეფრემ კატუნაკელმა მოგვწერა: ,,… თქვენი მოძღვრის მაგალითი აიღეთ: მთელი მისი ცხოვრება განსაცდელი იყო. სულ ჭირი და სულ წუხილი, ისევ ცრემლები და ისევ ყველაფერი თავიდან. მაგრამ ისიც გაიხსენეთ, თუ რამხელა დიდება და რაოდენი მოწამეობრივი გვირგვინი ელის! გიფიქრიათ ამაზე? ხომ ამბობს მოციქული, ,,უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანავე ვიდიდნეთო[20][21].

როდესაც ბერი იოსები პრაქტიკულადაც დარწმუნდა იმაში, რასაც მანამდე მხოლოდ სულიერად ხვდებოდა, პრობლემა უკვე შორს იყო წასული. იღუმენია ქრისტეფორას არ ჰქონდა შესაფერისი თავგანწირვა და მორჩილების უნარი, რომ მოძღვრისთვის დაეჯერებინა და მონასტრისთვის წმინდა მამების ტრადიციის მიხედვით ეხელმძღვანელა.


[1] წმინდა მამათა სწავლებებისა და ეკლესიის საიდუმლოებების შემსწავლელი დარგები.

[2] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის დიდი ოთხშაბათი (18 აპრილი).

[3] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1979 წლის 30 ოქტომბერი.

[4] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1980 წლის 27 იანვარი

[5] გულისხმობს J.P. Migne-ს ბერძნული პატროლოგიის 161 ტომისგან შემდგარ სერიას. იმის გამო, რომ 1857-1866 წლების პირველი გამოცემა ძნელი მოსაპოვებელი გახდა, მეოცე საუკუნის, 80-იან წლებში მღვდელმა იოანე დიოტისმა სერია ხელახლა გამოსცა.

[6] ,,ბერძენი მამებისა და საეკლესიო ,მწერლების ბიბლიოთეკა“ საბერძნეთის ეკლესიის სამისიონერო განყოფილების გამოცემა. პირველი ტომი 1955 წელს გამოვიდა.

[7] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი, 1980 წლის 24 ივნისი

[8] ღირსი პაისი ათონელის მიერ დაფუძნებული წმ. იოანე ღმრთისმეტყველის დედათა მონასტერი, რომელიც თესალონიკთან ახლოს, სოფელ სუროტში მდებარეობს.

[9] სიმონპეტრას მონასტის მეტოქი, დედათა მონასტერი, რომელიც ათონთან ახლოს, სოფელ ორმილიაში მდებარეობს.

[10] 1 კორ. 13,5.

[11] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი 1980 წლის 22 თებერვალი.

[12] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი 1980 წლის 8 თებერვალი.

[13] წერილი დიაკვან ათანასეს,მინთი,1980 წლის 23 ივლისი.

[14] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი.

[15] ჩანაწერები 1981 წლის 16 თებერვლიდან 11 ოქტომბრამდე.

[16] მონასტრის ტრაპეზსს ყოველთვის ახლავს სულიერი საკითხავი.

[17] 1981 წლის 6 და 7 აგვისტოს ჩანაწერები

[18] საქმ. 20,34.

[19] წერილი დიაკვან ათანასეს, მინთი 1980 წლის 23 სექტემბერი.

[20] რომ.8,17.

[21] ბერ ეფრემ კატუნაკელის წერილი მღვდელმონაზონ ათანასეს (ამჟამად ლიმასოლელ მიტროპოლიტს), კატუნაკები 1987 წლის 26 აგვისტო/8 სექტემბერი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ