EV8C5365 2014 05 19 11 09 46

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

მორჩილების მიმართ სულგრძელება

ვინც ბერთან მიდიოდა და მონაზვნობას სთხოვდა, არავის აგდებდა, როგორი უძლურიც არ უნდა ყოფილიყო. ის თავის საქციელს ასე გვიხსნიდა: „რადგან ღმერთი მე მითმენს და ცხონების უეჭველ სასოებას მაძლევს, მწამს, რომ დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, ვისი ცხონებაც შეუძლებელია. ცარიელი სიტყვები არ გეგონოთ, რასაც ვგრძნობ, იმას ვამბობ. არავის გავაგდებ. გარდა ამისა, სულიერი კანონიც ხომ მოქმედებს. ვისაც შენ გააგდებ, იმას რა თქმა უნდა, ღმერთი მიხედავს. მაგრამ შენ თვითონ რა პასუხს გასცემ ღმერთს? თუ იმანაც ხელი აიღო და ისეთი რამ ჩაიდინა, რასაც, შენ რომ არ გაგეგდო, არ გააკეთებდა, ღმერთი არ მოგკითხავს? ღმრთისმშობელს ყველა ჩვენგანის ცხონება სურს. თუ ვინმე ისეთ პრობლემებს უქმნის საძმოს, რომ სხვები სულიერად ზარალდებიან, მაშინ იგი თავად მოძებნის გზას, თუ როგორ ჩამოაშოროს ის კრებულს. უფალი ამბობს: „ლელწამი განტეხილი არა შემუსროს და პატრუკი მკუმოლვარე არა დაშრიტოს“. ანუ გადატეხილ ტოტს არ მოვჭრი და ლამპას, რომელიც ეს-ესაა უნდა ჩაქრეს, მე არ ჩავაქრობ. აცალე, თვითონ ჩაქრეს. ღმერთისგანგებულებას მიანდე“[1]. თვითონ კი ბევრს ლოცულობდა და თითოეული მორჩილისთვის მრავალ ცრემლს ღვრიდა.

ბერმა ასკეზით, ღმერთთან ურთიერთობით, ვნებებთან და ეშმაკთან ხანგრძლივი ბრძოლით გარჩევის უნარი შეიძინა. ნებისმიერი ადამიანისთვის შეეძლო შესაბამისი პასუხი გაეცა, მონაზვნისა და ერისკაცისთვის, საზოგადოების ყველა ფენის წარმომადგენლისთვის, ღარიბისა და მდიდრისთვის, მეცნიერისა და უწიგნურისთვის. მის გვერდით ადამიანი თავისუფლად და სასიამოვნოდ გრძნობდა თავს, გულს ადვილად გადაუშლიდა, თავის პრობლემას ეტყოდა, ისიც ყველას შესაბამის პასუხს სცემდა და ღმერთის ნებას უცხადებდა.

ბერი არავის არაფერს აძალებდა, თანამოსაუბრეს არასდროს აწყენინებდა. სულიერ ცხოვრებაში ფორმალური კანონებით არ ხელმძღვანელობდა, არამედ თითოეულს იმისდა მიხედვით აძლევდა რჩევას, თუ რა ცხოვრების წესი, რა განწყობა, რა მიდრეკილებები, რა ფიზიკური ძალა ჰქონდა. აკვირდებოდა, თავგანწირვის რა უნარი ჰქონდა ადამიანს. ეს ის თვისებაა, რომელიც აუცილებელია ღმერთისადმი ადამიანის სიყვარულის დასამტკიცებლად. დაცემულებს სასოს არ წარუკვეთდა, მაგრამ არც უდებებასა და შეუნანებლობას პატიობდა. ვნებიან და ცოდვილ შინაგან მდგომარეობასთან შეგუებას კიცხავდა. მისი რჩევები წმინდა მამების სულით იყო გამსჭვალული. ამის მიზეზი, ალბათ, ის იყო, რომ თვითონ ჰქონდა მსგავსი სულიერი განცდები. მისი პასუხები იმ ნათელი, გონიერი და სრულყოფილი სიტყვით იყო სავსე, რომელიც მლოცველი და მოსიყვარულე, ღრმა გულიდან გამოდიოდა და კონკრეტულ ადამიანსა და ამ უკანასკნელის კონკრეტულ პრობლემას ეხებოდა.

არავის წარუკვეთავდა იმედს, მისი მხილება მამობრივი სიყვარულითა და მზრუნველობით იყო სავსე, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ ადამიანის გამოსაფხიზლებლად მკაცრი მოპყრობაც უწევდა. როდესაც ვგრძნობდით მისი ლოცვის ძალას, მის უზომო მამობრივ სიყვარულს; სიყვარულს, რომელიც იმ წყენასა და ვნებების სიმწარეს სწვავდა, რომელიც გულში იყო დაბუდებული. მოძღვრისგან დამწუხრებულები არასდროს გამოვბრუნებულვართ, არამედ ვივსებოდით იმედით, რომ განახლებული ძალებით შევუდგებოდით სულიერ ცხოვრებას. მხილებაც კი სიყვარულის გამოვლინება იყო და ამიტომ, მისივე ლოცვის წყალობით, უფრო მჭიდროსა და მტკიცეს ხდიდა მასთან ერთობას.

ბერს ასევე ცხოვრების ქრისტესმიერი აღქმა ჰქონდა, რომელიც ამქვეყნიურ ემოციებსა და შეგრძნებებზე მაღლა დგას. შეეძლო ადამიანი სულიერად განესაჯა, თავად მისი განსჯა კი სხვას არ შეეძლო, თუ მსგავსი გამოცდილება არ ექნებოდა“. ამიტომაც იყო, რომ არასდროს უცდია ხალხის თვალში თავის წარმოჩენა. როდესაც ცილს სწამებდნენ და ჩვენ ვთხოვდით, პასუხი გაგვეცა, გვეუბნებოდა: „ვაი ჩვენ, როდესაც ადამიანები მხოლოდ კარგს ლაპარაკობენ ჩვენზე”. ცილისწამება სასარგებლოა, სწორედ მისი წყალობით მოვაგროვებთ ორიოდე გროშს. ქება-დიდება კი ვნებს“.

სათნოებებით ცხოვრება ადამიანთა უმეტესობისთვის, მათ შორის – მოღვაწეთათვის, განუწყვეტელ ძალისხმევასა და შრომას მოითხოვს. ბერ იოსებისთვის კი სათნოება თითქოს ბუნებრივი მდგომარეობა იყო. როდესაც ჩვენ ის გავიცანით, უკვე მოწიფულ სულიერ ასაკში იყო, ლიქნისა და პირფერობის ნატამალიც კი არ ჰქონდა. მისი ქცევა იყო უბრალო, მოჩვენებითობის გარეშე და ამიტომ, მისი გულისმიერი სიმდაბლე და სიყვარული იგრძნობოდა. ბერის ამგვარი თავმდაბლობის წყალობით, მის გვერდით ყოფნისას გრძნობდი, რომ მან მიგიღო, ზურგი არ შეგაქცია, თუმცა მისი დიდი სათნოებების ფონზე საკუთარ არარაობასაც შეიგრძნობდი. ბერი იოსები დამწყებ მონაზვნებს არც ათონს გარეთ უშვებდა და არც სხვა მონასტრებისა და კელიების დღესასწაულებზე. ერთხელ ამ თემასთან დაკავშირებით ასეთი რამ გვითხრა: „პატერიკში წერია: როდესაც წმინდა დიონისე აღმსარებელმა გაიგო, რომ წმინდა პახომი თავის მონასტერში უცხო მონაზვნებს არ უშვებდა და მხოლოდ ტაძარში შესვლის უფლებას აძლევდა, გადაწყვიტა შეხვედრის დროს ღირსი მამა ემხილებინა არაქრისტიანული ქცევისთვის. წმინდა პახომიმ კი ასე აუხსნა თავისი საქციელი: „ღმერთმა დაგაჯეროს, რომ ამას ბოროტი განზრახვით არ ვაკეთებ. მონასტერში ახალგაზრდებიც მყავს, რომლებიც უცხო მონაზვნებთან ურთიერთობით ზარალდებიან, ეკითხებიან სტუმრებს, როგორ მოღვაწეობენ; აკვირდებიან რა აცვიათ და ა.შ. ხოლო რადგან ჯერ გარჩევის უნარი არ აქვთ, სულიერი საფრთხე ემუქრებათ“.

ცუდია, შვილებო, როდესაც მონაზონი მოძღვარზე ცუდ გულისსიტყვას შეიწყნარებს. შემდეგ მის მიმართ რწმენას კარგავს და ამგვარად სრულიად ღატაკდება. ჭრილობის მიღება ერთ წუთში შეიძლება, ხოლო განკურნებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. თქვენ თვითონაც იცით, თუ რამდენი შრომა გვჭირდება, რომ ადამიანზე შექმნილი ცუდი წარმოდგენა, არასწორი განწყობა, ან ცუდი აზრი შევიცვალოთ. ამიტომაც ნუ გიკვირთ, რომ ახალგაზრდებს სხვა კალივებში და ტაძრის დღესასწაულებზე არ ვუშვებთ. როცა ადამიანს რაიმე მცნებას ვაძლევ, მე ვითვალისწინებ მის სულიერ მდგომარეობას, ცოდნას, ხასიათს… ის კი, მონასტრის გარეთ რაიმე განსხვავებულ სიტყვას მოისმენს, გაიკვირვებს და იმწუთასვე გულისსიტყვებით აივსება, შეწუხდება და სულიერ ჭრილობებს მიიღებს. არადა, ბერმა უნდა მოგცეს სულიერი დიპლომი, მეზობელმა კი არა. მისდამი რწმენა თუ დაკარგე, ვინ წამოგაყენებს? პროფესორ მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის ურთიერთობაში იმავეს არ ვხედავთ?

უკეთ რომ გაიგოთ, ასე გეტყვით: ადამიანს გარჩევის უნარი უნდა ჰქონდეს. ეს კი ახალგაზრდებს ჩვეულებრივ არ აქვთ. რასაც სხვაგან ხედავენ ან ისმენენ, სწორი და კარგია იმ ადგილის, დროის, იმ გარემოს გათვალისწინებითა და იმ ადამიანებთან მიმართებით, ხოლო სხვაგან, თუნდაც მსგავს შემთხვევაში, იგივე არ გამოდგება. დავუშვათ, რომ ორი კაცი დგას და ბჭობს. ამ დროს შორიდან მესამე გამოჩნდა. ამ ორიდან ერთი ეუბნება მეორეს: „შეხედე ვინ მოდის დიდი უკუღმართი ვინმეა”. შენ ეს სიტყვები მოისმინე და წახვედი, როდესაც ის მესამე ამ ორს მიუახლოვდა, ამ ორმა ერთმანეთს უთხრა: „უი, ეს ის არ ყოფილა, ვინც გვეგონა“. თურმე სხვა კაცში შეშლიათ. მაგრამ შენ რა მოგივა? შენ ხომ გაგრძელება არ მოგისმენია და როცა იმ საწყალ კაცს დაინახავ, აღარ გაეკარები. ხედავთ, რაშია საქმე?”[2].


[1] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1983 წლის 22 ნოემბერი/6 დეკემბერი.

[2] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წლის 13/26 იანვარი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com

X