წიგნი

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

წმინდა მამების წიგნების კითხვა

ბერი იოსები ძალიან ბევრს კითხულობდა, ძირითადად იმ ასკეტი მამების ნაშრომებს, რომლებიც მონაზვნური ცხოვრების წესსა და კანონებს ეხება: პატერიკი, სვინაქსარი, „ევერგეტინოსი“, „ფილოკალია“, იოანე სინელის „კიბე“, ეფრემ ასური, ისააკ ასური, მარკოზ მმარხველი, მაქსიმე აღმსარებელი, ამბა ესაია, ამბა დოროთე, ამბა მაკარი და სხვ. ბერს განსაკუთრებით უყვარდა ღირს იუსტინე სერბის (პოპოვიჩი) ნაშრომების კითხვა. ჩვენი მოძღვარი თვლიდა, რომ წმინდა იუსტინე ადამიანის, როგორც ღმერთის ქმნილების, მთელ დიდებულებას ჩასწვდა; მიხვდა, თუ რა სიმაღლეზე აიყვანა იგი ღმერთის სიყვარულმა თავისი განკაცების საქმის წყალობით. ბერ იოსებისთვის ღირსი იუსტინე ეკლესიის მამა იყო. მისი აზრით, მან მთელი მსოფლიოს წინაშე წარმოაჩინა, რომ ღმერთის მიერ გამოცხადებული ზედროული მაცხოვნებელი ჭეშმარიტება არის თანამედროვე ადამიანის ეგზისტენციალური პრობლემებისა და ძიებების ერთადერთი გამოსავალი. ბერი ძალიან დიდ პატივს სცემდა წმ. იუსტინეს და წმინდანად მანამდე მიიჩნევდა, ვიდრე იგი ეკლესიამ ოფიციალურად შერაცხა. ჩვენი მოძღვარი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, გვირჩევდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიგვენიჭებინა წმინდა მამების ნაწერების კითხვისთვის. ამბობდა: „ის, ვინც ღამის სიბნელეში დადის, ფეხს წამოჰკრავს. სინათლე კი – წმინდა მამების ნაშრომებია. როგორც ხედავთ, ჩვენ ყოველმხრივ უძლურები ვართ და არ შეგვიძლია, პირდაპირ ყოვლადწმინდა სულისგან მივიღოთ საღმრთო განათლება; არ შეგვიძლია, პავლესთან ერთად ვთქვათ: „არ გონებასა მისსა (ეშმაკისასა) უმეცარ ვართ“ და ამიტომ სატანამაც შეიძლება ადვილად შეგვაცდინოს.

მხოლოდ წმინდა წერილის კითხვას ისინი შეიძლება დასჯერდნენ, ვისაც სულიერი საგრძნობლები (რეცეპტორები) ისე აქვს გამოწვრთნილი, რომ შეუძლიათ მყარი საზრდელი მიიღონ, და არა რძე. ხშირად ისეც ხდება, რომ წმინდა წერილი, როდესაც სიტყვასიტყვით, სულიწმიდის ხელმძღვანელობის გარეშე განიმარტება, მოაკვდინებს, სულს ღუპავს; სულია ის, ვინც აცოცხლებს“. მაშასადამე, წმინდა მამები ის ადამიანები არიან, რომლებიც წმინდა წერილის აზრების სიღრმეს გვიცხადებენ, ეს კი ნამდვილი გამოცხადება და ცოდნაა. ხოლო სანამ ამ გამოცხადებასა და ცოდნას ჩავწვდებით, ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქმედება, რითაც ადამიანი გამოხატავს თავის შინაგან განწყობას, და რის გამოც მას ან გასამრჯელო მიეცემა, ან დაისჯება. მას არა თეორიული ცოდნით, არამედ საქმეებით, მოქმედებით, საქციელით მიეგება საზღაური, ცუდი თუ კარგი. ამიტომ მამებმა ისე კი არ განგვიმარტეს წმინდა წერილი, რომ მხოლოდ აბსტრაქტული ცოდნა გვქონოდა (რადგან ასეთი ცოდნა ადამიანს „განალაღებს“, ამპარტავნებაში აგდებს), არამედ ღრმა სიმდაბლით აგვიხსნეს ის, თუ როგორ უნდა განახორციელოს თითოეულმა ადამიანმა წმინდა წერილის მცნებები, თავისი ფიზიკური მონაცემების, ხასიათის, ადგილის, გარემოს, ვითარებებისა და უამრავი სხვა ფაქტორის გათვალისწინებით.

სატანა და მისგან გამომავალი ბოროტება მრავალსახოვანი და მრავალფეროვანია. თუ ერთი სატყუარათი ვერ დაგიჭირა, მეორეს მოსინჯავს. ეს არ არის აშკარა, ადამიანური, პირისპირ მიმდინარე ბრძოლა, არამედ ბოროტება ყოველთვის მზაკვრულად გვეომება.

წმინდა მამების წიგნების კითხვა კიდევ იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ამ წმინდანებისადმი ლოცვისკენ აღგვძვრავს. როდესაც კითხულობთ, გონებით წიგნის ავტორ წმინდანებს მოუხმეთ ხოლმე. მათაც ეს უნდათ, რამეთუ, უპირველეს ყოვლისა, ღმრთის მადლით, თანაგრძნობა მათი უმთავრესი თვისება გახდა. მეორე მიზეზი კი ის არის, რომ მათაც ჩვენს მსგავსად უცხოვრიათ, იგივე განუცდიათ და სურთ დაგვეხმარონ და გვაცხოვნონ. იციან, თუ როგორი იმედით შეჰყურებს, როგორი რწმენით მოუხმობს მათ მოღვაწე მონაზონი. იციან, რადგან თვითონაც გაიარეს ეს ხიდი, გამოცადეს განსაცდელის ტკივილი, იგრძნეს ადამიანური უბადრუკება და მიტოვებულობა. მაშასადამე, როდესაც მოვუხმობთ, მათ სხვა არაფერი დარჩენიათ, გარდა იმისა, რომ მოგვეხმარონ და გვიშველონ.

ერთი სიტყვით, კითხვით არა მარტო წმინდა მამების გამოცდილებას შევიძენთ, არამედ თვით მათაც დავიახლოვებთ და აღვძრავთ, რომ დაუყონებლივ დაგვეხმარონ. გაიხსენეთ, რას ამბობს ღმერთი: „მხადე მე დღესა ჭირისა შენისასა და მე გიჯსნა შენ და შენ მადიდო მე“. ღმერთის ამ განწყობას სულიწმიდის მიერ ირეკლავენ მამები და იმავე სიტყვებს გვიმეორებენ: „მოგვიხმეთ დღესა ჭირისასა და ჩვენ გიხსნით თქვენ”. დროს უაზროდ ნუ ხარჯავთ იმ ტექსტების კითხვით, რომლებიც დიდად სასარგებლო არ არის. წმინდა წერილიც ყურადღებითა და სიმდაბლით უნდა ვიკითხოთ. ვის შეუძლია მისი პირდაპირ გაგება?! საიდან წარმოიშვა მსოფლიოს ყველაზე დიდი ცთომილებები? რამ დაყო ქრისტიანები ათას ნაწილად? წმინდა წერილის კითხვამ, – მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ წმინდა წერილის ბრალია რამე, არა! ეს მოხდა ადამიანების ეგოიზმისა და სისულელის გამო. როდესაც ადამიანი ბიბლიას ეგოისტურად უდგება, სულიწმიდა მისგან ყველაფერს მალავს, არაფერს არ გამოუცხადებს. ნახეთ, რას წერს პავლე: „ვითარცა არა გამოიცადეს ღმერთი, რაითამცა აქუნდა მეცნიერებით, მისცნა იგინი ღმერთმან გამოუცდელსა მას გონებასა საქმედ უჯეროსა“. სხვაგან კი ამბობს: „ღმერთმან ამის სოფლისამან დაუბრმნა გონებანი ურწმუნოთანი, რათა არა გამოუბრწყინდეს მათ ნათელი იგი სახარებისა დიდებისა ქრისტესი“. ამის მიზეზი კი ის არის, რომ ყველაფერი ეგოისტურად, „მე“-თი დაიწყეს: „მე განვმარტავ ამ რთულ ადგილს, მე ასეთ დასკვნას გამოვიტან, მე ასე ავხსნი, მე ასე ვფიქრობ…“ სადაც ის წყეული „ეგო“-ა („მე“), ღმერთი იქ არასგზით არ მიდის. ღმერთი მიდის იქ, სადაც სიმდაბლე და სიმშვიდეა და სადაც მისვლას სთხოვენ. სადაც ეს თვისებებია, იქ არის მშვიდი და მდაბალი იესოც. ის მიდის მათთან, ვინც მას ამგვარად ჰბაძავს. მათ გამოუცხადებს თავს, თანახმად წინასწარმეტყველებისა, ვინც თავს მისი ხილვის ღირსად არ თვლის. ასე რომ, ფხიზლები და ყურადღებიანები იყავით“[1]. ბერი იოსები გვირჩევდა, სისტემატურად გვეკითხა წმინდა მაქსიმე აღმსარებლის ნაშრომები, განსაკუთრებით კი, 400 თავი სიყვარულის შესახებ; ასევე წმინდა მარკოზ მმარხველი, და უფრო მეტად, მისი 200 თავი „სულიერი კანონის შესახებ“. მოძღვარი თვლიდა, რომ მათი მეშვეობით ადამიანს გონება უნათლდება და წმინდა მამების ღმრთისმეტყველების სიღრმეს აცნობიერებს, და აგრეთვე იმასაც, თუ როგორ მართავს ღმერთი თავის მიერ შექმნილ სამყაროს.

თანამოღვაწეების მიმართ პატივისცემა

როდესაც მეზობელი კალივებიდან რომელიმე ბერი გვესტუმრებოდა, მოძღვარი მის შესახვედრად მიისწრაფოდა და თაყვანს პირველი სცემდა, მიუხედავად იმისა, რომ სტუმარი ხშირად მასზე ახალგაზრდა იყო. განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მათ, ვისაც მღვდლობის მადლი ჰქონდა. მათ წინაშე თავმდაბლურად იჯდა და მოწაფესავით უსმენდა. სკიტის უხუცესთა კრებაზე, როგორც წესი, მამა ათანასეს აგზავნიდა ხოლმე და არიგებდა: „ჯობს, ხმა არ ამოიღო, რასაც ბერები გადაწყვეტენ, ისე მოხდეს“. თვითონ იქ მისვლას თავს არიდებდა, რადგან, როგორც უხუცეს მონაზონს, პირველობა მას ეკუთვნოდა.

სკიტში ხანდახან მამები ერთობლივად მუშაობენ: ხან წყაროებია გასაწმენდი, ხან რომელიმე ტაძრის დღესასწაულია, ხან ნავსადგურიდან არის რაიმე ამოსატანი და ა.შ. ჩვენს საძმოში ბევრი ახალგაზრდა იყო და ამიტომ მოძღვარი ყოველთვის გვაგზავნიდა იმ მოხუცების დასახმარებლად, რომელთაც, თუმცა საქმეების ორგანიზება შეეძლოთ, მაგრამ ასაკის გამო, ფიზიკური შრომის გაწევას ვეღარახერხებდნენ.

ბერი სკიტის მოხუცებულ ბერებზე განსაკუთრებით ზრუნავდა. თავისი მრავალრიცხოვანი და ახალგაზრდა საძმოთი არასდროს უამაყია. მეტიც, თავის სიმდიდრეს სხვებსაც უზიარებდა: თავის მოწაფეებს უძლურ ბაბუებთან აგზავნიდა, რათა სიბერის ჟამს დამხმარე და მომვლელი ჰყოლოდათ, თავიანთ კალივებში მშვიდობით გარდაცვლილიყვნენ და მათი სახელები ვინმეს მოეხსენიებინა.

ბერის ამგვარ მოქმედებას კიდევ ერთი დადებითი მხარე ჰქონდა: საძმოს რიცხვობრივი ზრდის გამო, საჭირო ხდებოდა კალივის გაფართოება და შენობების დამატება, ძმების ასეთი გადანაწილებით კი ბერმა თავისი სიმდაბლე, ყველასადმი სიყვარული და საზრუნავებისგან თავისუფალი ცხოვრების სურვილი აჩვენა.

საძმოს ამგვარი მზრუნველობით გარემოცული გარდაიცვალა ბერი კალისტე ხარების კალივიდან, რომელმაც საძმოსგან არა მარტო სიყვარული, არამედ სამედიცინო დახმარებაც მიიღო (ერთ-ერთი ჩვენი ძმა ექიმი იყო), მის კალივაში შემდგომში ორი ჩვენიანი დარჩა. სამი სხვა ძმა კი სხვა სამ კალივას მოემსახურა.

ბუნებრივია, რომ ბერი იოსების ასეთმა საქციელმა სკიტის მამების სიხარული გამოიწვია, ხოლო როდესაც ეს ცხონებულმა მ. პანტელეიმონ კარცონასმა გაიგო, ლმობიერების ცრემლებიც კი დაღვარა.

ამასობაში საძმოს ახალი წევრებიც უერთდებოდნენ. 1987 წლისათვის, მორჩილებთან ერთად, ოციოდე კაცი მოვგროვდით.


[1] სიტყვა საძმოს კრებაზე, ნეა სკიტი, 1985 წლის 6/19 აპრილი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com

Share