news img file 2384 b

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში

პირველი სირთულეები

როდესაც ბერი იოსები პირველად ეწვია ძმებს, რომლებიც უკვე ვატოპედში იყვნენ გადასული, უთხრა: „გუშინ ძილში ჯვრებით სავსე გზა ვიხილე. გრძელი გზა გვაქვს წინ, მძიმე ჯვარი. ეს იმას ნიშნავს, რომ საკმაოდ გავიტანჯებით“. მართლაც, მალე შევიტყვეთ, რომ მავანთ არ სურდათ, რომ ბერ იოსების საძმო ვატოპედში გაჩერებულიყო და საქმის გასაფუჭებლად საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მსოფლიო საპატრიარქოსაც კი მიაწვდინეს ხმა.

წმინდა ეფრემ კატუნაკელი ჩვენი საძმოს მდგომარეობას დიდი ინტერესითა და სიყვარულით ადევნებდა თვალს. ღელავდა იმაზე, თუ როგორ გავართმევდით თავს ამ განსაცდელებს. ვატოპედში გადასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ მან მამა ათანასეს წერილი მისწერა:

კატუნაკები 1987 წლის 26 აგვისტო

ქრისტესმიერო ჩვენო საყვარელო შვილო, ჩემო შვილო, მამა ათანასე.

დიდი მამობრივი სიყვარულით გეხვევი და გისურვებ, რომ ღმრთისმშობელმა თავისი საფარველი გადაგაფაროს შენც და მთელ თქვენს საძმოს. მივიღე შენი წერილი და, მართალი გითხრა, ცოტა შევწუხდი, გულის სიღრმეში კი გამიხარდა. შევწუხდი იმიტომ, რომ ამ დღეებში ძალიან რთულ გამოცდას აბარებთ, მძიმე ყოფაში ხართ, ხოლო გამიხარდა იმიტომ, რომ წმინდანების კვალს მისდევთ. მკითხავ, რას გვარგებს ეს განსაცდელიო? თქვენ თვითონ ნახავთ და გამოცდით ისევე, როგორც მრავალმა სხვამ გამოცადა. მძიმე ზამთრის შემდეგ ბევრი ზეთისხილი მოდის. როცა ბევრ თოვლს ხედავ, იცოდე, რომ ზეთიც ბევრი იქნება. დიდი ქარიშხალის შემდეგ ცა უფრო იწმინდება, მზე უფრო მკაფიოდ ანათებს. გინდა სულიერი თვალით შევხედოთ? ნუგეში დიდი იქნება. წმინდანები ხომ წმინდანებად არ დაბადებულან, არამედ ისეთებად, როგორიც მთელი მსოფლიოა, როგორც მე და შენ. მაგრამ ჭირის, მწუხარების, გამოცდების, განსაცდელების, ბრძოლების შედეგად გახდნენ წმინდანები. ეს სოფელიცა და საკუთარი თავიც დაამარცხეს და გამარჯვებულები გამოვიდნენ. თუ გვსურს ტკბილი იესოს მოწაფეები ვიყოთ, მასთან ერთად უნდა ავიდეთ ჯვარზე… „აჰა ესერა ჯვარისა მიერ მოიწია სიხარული ყოვლისა სოფლისა“.

მრავალგზის და მრავალჯერ უთქვამს ჩვენს მოძღვარს: „მთელი ჩემი ცხოვრება ერთი დიდი წამებაა“. სამაგიეროდ, რა ლოცვა შეიძინა და რა მადლი მოიხვეჭა! განა თქვენი მოძღვარიც ასე არაა? მთელი ცხოვრება სულ განსაცდელებში, ჭირში, მწუხარებაში გაატარა და აი, ისევ ცრემლები და ისევ ყველაფერი თავიდან… სამაგიეროდ რა დიდება და რა მოწამეობრივი გვირგვინები ელის?! ამაზე ოდესმე გიფიქრიათ? „უკუეთუ მის თანა ვივნოთ, მის თანაცა ვიდიდნეთ“. თვითონ ათონის მთამ რამდენი სირთულე გაიარა? ერთ-ერთ წელს, არ მახსოვს ზუსტად როდის, მთელი წლის განმავლობაში, მთელ ათონის მთაზე, მხოლოდ ერთი მონაზონი აღიკვეცა. ახლა? წმინდა ფილოთეს მონასტერი კინაღამ საერთოდ არ ჩაქრა? ქსიროპოტამი, სიმონპეტრა, ქსენოფონტი, დოქიარი და სხვა მრავალი. ვატოპედმა რამდენი რამ გადაიტანა?!

და აი, ღმრთისმშობელმა თქვენ გამოგგზავნათ, რომ შეავსოთ და გადაარჩინოთ მონასტერი. ამ საქმეში მარტონი არ ხართ. წინ თვით ყოველთა დედოფალი მიგიძღვით, უხილავადაც და ხილულადაც, მასთან ერთად კი უამრავი წმინდანი, რომლებიც ვატოპედში გამობრწყინდნენ და ბოლოს, ჩვენი მოძღვარიც. თუმცა, რა თქმა უნდა, ვატოპედის ფეხზე წამოყენება არაა ადვილი საქმე და დიდი მოთმინება და შეუპოვრობა სჭირდება… დღევანდელი ვატოპედელი ბაბუებიც წმინდანები არიან, მაგრამ იდიორითმულ წყობას შეაბერდნენ და ახლა მხოლოდ თქვენგან ელიან, რომ საერთო ცხოვრების წესისკენ მოაბრუნებთ, რათა ისევ თანხმობა, სიყვარული, თანაგრძნობა და ძმობა სუფევდეს მონასტერში. დარწმუნებული იყავით, რომ წარმატებას მიაღწევთ, ეს პატივცემული მოხუცები კი კრავები გახდებიან (არიან კიდეც). მოვა დღე, როდესაც თქვენი მადლიერები იქნებიან და ღმრთისმშობლის სახელს განადიდებენ იმის გამო, რომ სიკვდილის წინ მონასტერს ისევ აყვავებულსა და კინობიურს იხილავენ. ამინ.

მამობრივი ლოცვა-კურთხევით, მამა ეფრემ კატუნაკელი.

1987 წლის ივნისში პატრიარქ დიმიტრის ტელეგრამა მოვიდა, სადაც გვაუწყებდა, რომ ჩვენი საძმოს მიერ ვატოპედის შევსება დამტკიცებულია, მხოლოდ იმ პირობით, რომ ჩვენი რიცხვი რვას არ აღემატება. ბერმა იოსებმა წაკითხვისთანავე თქვა: „ეს შეზღუდვა ძალიან გაგვაწვალებს“.

იმხანად მოძღვარს ბევრი ჭირის დათმენა უწევდა. ერთხელაც, დაღლილმა გაიფიქრა, იქნებ ღმერთს არ სურს, რომ მონასტერი ჩვენ აღვადგინოთო, მაშინ, ერთ-ერთმა ძმამ, ვატოპედის სავანის წინამძღვრის ადგილას მდგარი წმინდა იოსები იხილა, რომელმაც მკაცრად უთხრა: „ღმერთს უნდა, რომ აქ იყოთ. აქ უნდა დარჩეთ“. მოგვიანებით ჩვენი ბერი ღრმა სიმდაბლით ამბობდა: „ბევრჯერ მითქვამს, რომ ამ მონასტერში, სადაც ღმერთის განგებამ მოგვიყვანა, ჩვენი ვაჟკაცობის იმედად არ მოვსულვართ… მარტო ჩვენი თავის ამარა რომ ვყოფილიყავით, მოსალოცადაც კი ვერ მოვიდოდით ღმერთის სიტყვით მოვედით – „ამას იტყვის უფალი”, ღმერთის განგებამ მოგვიყვანა, დედა ღმრთისმშობელმა ცოტას თუ ჰყვარებია ღმრთისმშობელი ისე, როგორც ჩვენს მოძღვარს, ვინც ჩვენ სულიერად გვშვა და მანაც ჯილდოდ საკუთარი მონასტერი მისცა და ჩვენ, როგორც ბერის სულიერი მემკვიდრეები, აქ მოგვიყვანა“.

პირველ პერიოდში საძმო ორად იყო გაყოფილი: ერთი ნაწილი ნეა სკიტში დარჩა, მეორე კი ვატოპედში გადავიდა. ბერი მათ შორის მიმოდიოდა, რათა ძმები გაემხნევებინა. ძველი ვატოპედელი ბერები ახალგაზრდა მონაზვნების მიმართ ცუდად არ იყვნენ განწყობილნი, მაგრამ ეშინოდათ, რომ ერთ მშვენიერ დღეს მონასტერს კინობიად გადააკეთებდნენ, ხოლო რადგან მათ საერთო წესდებით ცხოვრება უკვე აღარ შეეძლოთ, იძულებულნი გახდებოდნენ მონასტრიდან წასულიყვნენ. რა თქმა უნდა, ჩვენი მოძღვრის სიყვარული ყველაზე იღვრებოდა და არასოდეს უფიქრია ვინმე გაეგდო. პირიქით, სურდა მოხუცებულობის დროს მათთვის ეპატრონა, რაც შემდგომში აღასრულა კიდეც.

მაგრამ თავად ბერს ასე არ ექცეოდნენ. იმის გამო, რომ ბერი ჩვენი საძმოს ცენტრალური პიროვნება იყო, შიშისა და ეჭვის ობიექტი ხდებოდა. ამის გამო დასარჩენ ადგილსაც კი არ აძლევდნენ. იმ წლის ზამთარში წერდა: „ჯერ ვერ დაიჯერეს, რომ ერთი ოთახი მეც მჭირდება ზამთარია და მეც მცივა. ხედავ, როგორ გამოცდის ღმერთი თავისიანებს? მე კი გულითადად ვუღიმი, მუდამ მზადყოფნით ვემსახურები, თავაზიანად ვეპყრობი…“. თავის მოწაფეებსაც იმავეს ასწავლიდა.

მონასტრის მაშინდელ იურისტებს, რომელთაც სავანის ქონების მართვა ებარათ, მაგრამ კეთილსინდისიერებით არ გა მოირჩეოდნენ, შეეშინდათ, რომ, თუკი მმართველობა ახალ საძმოს გადაეცემოდა, დიდ შემოსავალს დაკარგავდნენ, ამიტომ ძველი საძმოს ბერებთან ერთად კრება მოაწყვეს და ჩვენი ბერისა და საძმოს საწინააღმდეგოდ რაღაც მოითათბირეს. ახალგაზრდები ამ ახალმა მუქარამ შეგვაშინა და არ ვიცოდით, როგორ გამოვიდოდით ამ რთული მდგომარეობიდან.

როდესაც ეს შევიტყვეთ, ერთად ვასუფთავებდით თევზს, მოძღვარიც ჩვენთან ერთად იყო. ბაბუების მიმართ ჩვენი უარყოფითი განწყობა რომ დაინახა, კი არ წაგვაქეზა, არამედ გვაკურთხა, ამოგვერჩია საუკეთესო თევზები და მოხუცებისთვის მიგვერთმია. ასე გვიჩვენა ძვირუხსენებლობის, სიყვარულისა და ღმერთზე მინდობის პრაქტიკული მაგალითი.

თვითონ კი უწყოდა, რა სირთულეები გველოდა. წერდა: „არსაიდან ნათელი. მხოლოდ ღმრთისმშობლის მზრუნველობის იმედი გვაქვს. მართლაც, მრავალი ჭირით უნდა შევიდეთ ცათა სასუფეველში“.

ღირსი ეფრემ კატუნაკელი კი წერდა: „ვლოცულობ რა თქვენზე, ვხედავ, რომ ბევრ სირთულეს წააწყდით. გზაზე ბევრი ლოდი დაგხვდათ.

სასოწარკვეთილებამდე მიხვედით, უკვე იღლებით. ეს ყველაფერი მართლაც ასეა, მაგრამ, როდესაც გაიხსენებთ, რომ მანდ ღმრთისმშობელმა მიგიყვანათ, ყველანაირი განსაცდელი გაუფერულდება. ღმრთისმშობელივე გამცნებთ, რომ მძიმე შრომა გელით წინ. დიდი მოშურნეობითა და დაუღალავად მოგიწევთ გარჯა. ყოველთვის მხნეობა უნდა გქონდეთ, ყოველთვის მხიარულები უნდა იყოთ, რამეთუ ღმერთის დედის მორჩილებაში ხართ. ბებერ ხეს ადვილად ვერ მოტეხავ. ძველი ვატოპედელი ბერები კარგი და წმინდა ადამიანები, მეტსაც ვიტყოდი კეთილსურნელოვანი ყვავილები არიან, მაგრამ ოდნავ უდრეკი, უხეში და ჯიუტი ხასიათი აქვთ. ეს იმიტომ, რომ ამდენი წელი საკუთარ ნებაზე ცხოვრობდნენ. მაგრამ ისინიც ღმრთისმშობლის შვილები არიან და მათაც უნდათ ცხონება.

ჩვენი საქმეა დავემორჩილოთ, გავუგონოთ, მოვუთმინოთ და ბევრი ვილოცოთ მათზე. თუ თქვენ 10-ქულიანი ლოცვები გჭირდებათ, იმათ ორმაგი, 20-ქულიანი ლოცვა სჭირდებათ. მე აქედან ასე გხედავთ. დამთავრებული არ მაქვს ლოცვა და თქვენ მას იტაცებთ. ამით ვხვდები, რომ ბევრი სულიერი დახმარება გჭირდებათ. „მიეცი სისხლი და მიიღე სული“ – ამბობდნენ მამები და იცოდნენ, რასაც ამბობდნენ. სწავლას მრავალი ტკივილი და სიმწარე ახლავს, მაგრამ სამაგიეროდ ნაყოფია ტკბილი. წმინდა ორმოცი მოწამე წარმავალ სიმწარეს მომავლის იმედით არ ითმენდა? სულიერი სიტყვები არა მარტო უნდა ვიკითხოთ, არამედ უნდა განვახორციელოთ კიდეც.

მოყვასისთვის გამუდმებით უნდა ვლოცულობდეთ, განსაკუთრებით ჩვენთან ერთად მცხოვრები ძმებისთვის. და საწყისში ძალიან ძნელია, მაგრამ, როდესაც მოსავლის აღების დრო მოვა, ძალიან გაგვიხარდება. როდესაც მომავალი ცხოვრება, ზეციური გასამრჯელო, ტკბილი სამოთხე გვახსოვს, წუთისოფლის ყველა ჭირს დიდი სიხარულით ვითმენთ. თქვენც ასე იფიქრეთ ხოლმე. მოვა დრო, როდესაც ძველი ვატოპედელები შვილებივით ჩაგიხუტებენ იმისთვის, რომ გადაარჩინეთ, გამოასწორეთ და მონასტერი ისევ კინობიად გადააკეთეთ. რა სირთულეს, წინააღმდეგობას, პრობლემასაც არ უნდა წააწყდეთ, ყველაფერი უდრტვინველად და სიხარულით იტვირთეთ. ერთი სიტყვით, მხნეობა და სიმამაცე არ დაკარგოთ! მადლი გაიმარჯვებს და იზეიმებს. ღმრთისმშობელია თქვენი შემწე. მუდამ დაუღალავი და გულმოდგინე იყავით მის მორჩილებაში. აიძულეთ თავი, რომ მას გაუგონოთ. ამინ.

მამობრივი ლოცვა-კურთხევით, მამა ეფრემ კატუნა კელი“[1].

1987 წლის ივლისში ძველმა ბერებმა მამა ათანასე მონასტრის უხუცესთა საბჭოს წევრად აირჩიეს, 1988 წელს კი ამ საბჭოს ყველაზე ასაკოვანმა მონაზონმა, მამა კონსტანტინემ მსოფლიო პატრიარქ დიმიტრის პირადი წერილი მისწერა, სადაც შემდეგს აუწყებდა: „ძალიან კმაყოფილები ვართ ახალგაზრდა მონაზვნებით. პირადად მეც და სხვებიც მუდმივად ვგრძნობთ მათ თავგანწირულ, შვილებრივ სიყვარულსა და დახმარებას… თავიანთი უბიწო ყოფაქცევით სათნო არიან ჩვენთვის.

ამიტომაც სიმდაბლით ვთვლი, რომ, რადგან ერთი წელი გავიდა მათი აქ გადმოსვლის შემდეგ, სწორი იქნებოდა ათზე მეტი მონაზვნის მიღების შეზღუდვა მოიხსნას. ათი კაცი ასეთ უზარმაზარ მონასტერს ვერ გაუმკლავდება, რომლის მთელი სიმძიმეც ახლა ამ კარგი მონაზვნების მხრებს დააწვა. მიუხედავად იმისა, რომ დღედაღამ დაუღალავად იღწვიან ამ საქმისთვის, ცოტანი არიან და სრულყოფილად თავის გართმევა უჭირთ.

ამას გწერთ ახალგაზრდა მამებისადმი მამობრივი სიყვარულის და მონასტრის უკეთეს მომავალზე ზრუნვის გამო. უკეთესი მომავლის საწინდარი კი ახალი საძმოს მაღალი სულიერებაა. ამ ერთი წლის განმავლობაში გამოვცადეთ და მათი მონაზვნური აღმსარებლობის ჭეშმარიტებაში დავრწმუნდით. გთხოვთ, ყოვლადუწმიდესო, ახალგაზრდა საძმოს ნება დართოთ რიცხობრივად გაიზარდოს, რადგან ყველა ჩვენგანისთვის ასეა უმჯობესი“.

მსოფლიო პატრიარქ დიმიტრის ეს სარეკომენდაციო წერილი 79/10-4-1988, პირადად მამა ათანასემ გადასცა, რომელიც მონასტრის სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც იყო წარგზავნილი. პატრიარქმა ლოცვა-კურთხევა მისცა, სხვა ძმებიც ოფიციალურად ჩაეწერათ მონასტერში. თავის მხრივ, მონასტერს წმინდა კინოტის მეშვეობით საპატრიარქოში წერილი უნდა გაეგზავნა იმ თხოვნით, რომ შეზღუდვა მოხსნილიყო.

რამდენიმე თვეში ბერი კონსტანტინე გარდაიცვალა. მავანთა მცდელობით ძველმა მამებმა ისევ დაიჯერეს, რომ კინობიად გადაკეთების შემთხვევაში მათ მონასტრიდან გააძევებდნენ ან თავისი ფეხით მოუწევდათ წასვლა და ამტომ მ. იოსების და სხვა მამების სახელები მონაქოლოგიონში არ შეჰქონდათ, იმის მომიზეზებით, რომ საპატრიარქოს აკრძალვა ძალაში იყო. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ერთი ძმა იქნა მიღებული უხუცესთა საბჭოში, სხვების მიღებას აღარ აპირებდნენ.

ახალგაზრდა ძმები კი, ბერის მცნების თანახმად, ბაბუებს დიდი სიყვარულით ეპყრობოდნენ. თავად მოძღვარი სიმდაბლითა და პატივისცემით ექცეოდა. როდესაც ერში გადიოდა, ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული, მათთვის სასურველი მოჰქონდა, ხშირად კინობიური ცხოვრების წესისთვის შეუფერებელი საკვებიც. ამით მოძღვარი სიყვარულის მცნებასაც აღასრულებდა და იმასაც აჩვენებდა, რომ მათ წეს-ჩვეულებებს არ განსჯიდა; რომ საძმო ყოველთვის მზად იყო, მათზე ეზრუნა, მიუხედავად ცხოვრების განსხვავებული წესისა.

ერთი რამ, რაც ბერს ძალიან სტკენდა გულს ის იყო, რომ საძმო ორად იყო გაყოფილი: ნეა სკიტსა და ვატოპედში. გულმხურვალედ ლოცულობდა, რომ პრობლემა გადაჭრილიყო და ერთობა აღმდგარიყო. კიდევ ერთი პრაქტიკული ხასიათის პრობლემა ის გახლდათ, რომ ბერი იოსები და კიდევ რამდენიმე ძმა წმინდა პავლეს მონასტრის მონაქოლოგიონიდან უკვე ამოწერილები იყვნენ იმ იმედით, რომ მალე ვატოპედში ჩაეწერებოდნენ. მაგრამ ბაბუების ზემოხსენებული შიშების გამო ეს საქმე დაუსრულებლად იწელებოდა. ამგვარად, სამი წლის განმავლობაში ბერი იოსები, ათონზე მოღვაწეობის ორმოცზე მეტი წლის შემდეგ, არცერთ სავანეში არ იყო ჩაწერილი. საბოლოოდ, ძველმა ბერებმა უფლება მოგვცეს, სხვა ძმებიც გადმოსულიყვნენ, მაგრამ იმ პირობით, რომ ოფიციალურად არ გაგვაფორმებდნენ, არამედ მხოლოდ საქმეებში მივეხმარებოდით ძმებს. 1988 წლის ბოლოსთვის სხვა შვიდი მორჩილი ჩაწერეს მონაქოლოგიონში, ხოლო ბერი იოსები და რამდენიმე სხვა – არა.


[1] წერილი მღვდელმონაზონ ათანასეს (ამჟამად ლიმასოლელ მიტრო პოლიტს), კატუნაკები, 1987 წლის 1/14 ნოემბერი.


იგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020