49963282173 6d053d0e7e b

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მესამე: მთაწმინდა – წმინდა ანას მცირე სკიტში

მამა სოფრონი წმინდა იოსებ ისიქასტის საძმოს წევრი ხდება

ბერ იოსებს, ბერ არსენსა და მ. ათანასეს უკვე ცხრა წელი ეცხოვრათ წმინდა ანას მცირე სკიტში, როდესაც მათ საძმოს ახალგაზრდა მ. სოფრონი შეუერთდა. მამებს თავიანთი საცხოვრებლის ეზო ქვებით შემოეღობათ და ხის ჭიშკარი გაეკეთებინათ, რათა სტუმრების მისვლა-მოსვლის დრო გაეკონტროლებინათ და მყუდროება უკეთ შეენარჩუნებინათ. ნახევარი დღე დილიდან შუადღემდე [1] მუშაობდნენ და მნახველებსაც იღებდნენ, შუადღის შემდეგ კი ჭიშკარს კეტავდნენ და სულიერ საქმიანობას ეძლეოდნენ. ამ განრიგს ბერი იოსები თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. არანაირ შეღავათს არ უშვებდა, რადგან პროგრამის უმცირესი ცვლილებაც კი ღამის ლოცვაზე უარყოფითად მოქმედებდა. სადილის შემდეგ კარს კეტავდა და აღარავის იღებდა. ღამისთევისთვის უნდა მომზადებულიყო. ერთხელ შეგვიანებულ სტუმარს შიგნიდან ისიც კი გამოსძახა: ანგელოზიც რომ იყო, ახლა არ მიგიღებო.

ახალგაზრდა მ. სოფრონს ბერების შრომისმოყვარეობა და შეჭირვებული ყოფა განაცვიფრებდა. მიუხედავად იმისა, რომ სტავროვუნის კინობიაში იყო გამოწრთობილი და ასკეტური ცხოვრება არ ეუცხოებოდა. ნახა, რომ ბერ იოსების მოღვაწეობის წესი გაცილებით უფრო ამაღლებული და სულიერად ნაყოფიერი იყო. ჩვენი მოძღვარი გვიამბობდა: „ როდესაც ერთმანეთი გავიცანით, იმ დროისთვის უკვე ცხოვრების უკეთესი პირობები ჰქონდათ, მაგრამ მაინც ისე ღატაკი და სახელდახელო იყო მათი ყოფა, რომ აღწერაც კი მიჭირს: მეშინია, ჩვენს განებივრებულ თაობას ტყუილი არ ეგონოს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მათი ოთახების ერთადერთი ფანჯარა  კარის ფუნქციასაც ასრულებდა.  ხოლო თუ კაცს საწოლზე ფეხის გამართვა მოუნდებოდა (თანაც სიტყვეა „საწოლს“ აქ პირობითად ვიყენებთ), სივიწროვის გამო ამას ვერ შეძლებდა. ნეტარ ბერს არ ავიწყდებოდა თავისი დანიშნულება, არც შეჭირვების გამო უნელდებოდა მოშურნეობა. ამიტომაც მთელი ცხოვრება გაატარა მდაბალ, ღატაკ და სახელდახელოდ მოწყობილ გარემოში. სადაც მხოლოდ საარსებოდ აუცილებელი ნივთები ჰქონდა  (ისიც, არა ყოველთვის). როდესაც სულმოკლეობით რამეს დავიჩივლებდით (ჩვენ კი გაცილებით კომფორტულად ვცხოვრობდით), სულთქმით გვეტყოდა ხოლმე: „არ მახსოვს ოდესმე დასვენების მხრივ თავი დამეკმაყოფილებინა“.

წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატარა ეკლესიაში კვირაში ორჯერ ჰქონდათ წირვა. თანაც რა მადლიანი და კურთხეული წირვები! 1938-დან 1951 წლამდე, სანამ საძმოში მამა ხარლამპი მოვიდოდა (დიონისიუს მომავალი წინამძღვარი) მწირველ მღვდლად მამა ეფრემ კატუნაკელი ჰყავდათ. ეს უკანასკნელი ყოველთვის დიდი ლმობიერებით იხსენებდა იმ მსახურებებს. წირვის შემდეგ გათენებამდე ისვენებდნენ, შემდეგ კი ხელსაქმეს შეუდგებოდნენ ხოლმე, რათა პურის ფული მოეპოვებინათ.

ერთხელაც რომ მოხვდეს კაცი იმ უკაცრიელ გამოქვაბულებში, იმწუთას კითხვა დაებადება: როგორ შეიძლება აქ ადამიანმა იარსებოს? მაღალი სალი კლდეები; უხეში, ზღვისკენ  მიმავალი დაღმართი; სწორი ადგილის დეფიციტი (სადაც რაიმეს გაშენება ან ფეხის დადგმა მაინც იქნებოდა შესაძლებელი); კლდეებიდან ხშირი ქვათა ცვენა; არანაირი კომფორტი… მაღალი სულიერი მდგომარეობის გარეშე იქ ადამიანი ვერ იცხოვრებს. იქაურობამ მამა სოფრონის სული დაატყვევა. სულიერი კეთილსურნელება და სიმშვიდე მთელ გარემოში იგრძნობოდა. გული უკვე დაჯერებული ჰქონდა: „ესაა ის, რასაც ეძებდი. ამ კაცს უნდა გაუგონო“.

რთული იყო სხვა სენაკების აშენება, რადგან იქაურობა დაღმართებით იყო სავსე. მაღალი და ციცაბო კლდის მწვერვალიდან, რომელიც გამოქვაბულების თავზე იყო, ზღვამდე არ მოიპოვებოდა ოდნავ ფართო ადგილი, სადაც კაცი რამის აშენებას ან გაშენებას შეძლებდა. კალივაში მხოლოდ სამი სენაკი იყო: ბერ იოსების, მამა არსენის და ის, რომელშიც მამა ეფრემ კატუნაკელი ჩერდებოდა, როდესაც წირვისთვის ადიოდა მათთან.

სენაკები იმდენად მცირე იყო, რომ სივიწროვესა და ასკეზას მიჩვეულ ადამიანსაც კი გაუჭირდებოდა იქ ცხოვრება. მათი სიგრძე 180, ხოლო სიგანე 150 სმ იყო. კარის ფუნქციებს კი, როგორც ითქვა, ფანჯარა ასრულებდა. „ეს ორი-სამი ოთახი ( თუ შეიძლება მათ ოთახები ვუწოდოთ), მხოლოდ მათში მაცხოვრებლებისთვის იყო საკმარისი. სხვებისთვის ადგილი აღარ რჩებოდა “ [2], -წერდა მოგვიანებით ბერი იოსები.

საღმრთო სიყვარულით ალმოდებული ახალგაზრდა მონაზვნის გული მზად იყო, ნებისმიერი ბუნებრივი სირთულე გადაელახა, ამიტომ მოძღვარს შეჰპირდა, სენაკს ნელ-ნელა მე თვითონ ავიშენებო. ბერების უპოვარება საქმეს კიდეც უფრო ართულებდა, რამეთუ მშენებლობისთვის ელემენტარული მასალაც კი არ ჰქონდათ. ჩვენი მოძღვარი იგონებდა: „უპოვარების სიმდიდრე, რომელიც შინაგან კაცს ღმერთისმიერი გრძნობით ავსებს, ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებს მინიმუმამდე ზღუდავდა.  როდესაც გონება უზრუნველობის წყნარ ოკეანეში დაცურავს, მაშინ ადამიანი  ნივთებსა და მატერიაზე ზრუნვას ყოველნაირად გაურბის. ეს იყო მიზეზი, რომ, როდესაც ისინი 1947 წლის გაზაფხულზე გავიცანი, ფაქტობრივად არაფერი გააჩნდათ“ [3].

საბოლოოდ, ბერმა იოსებმა უმეტესი მდუმარების მიზნით გადაწყვიტა, თავისთვის ორასიოდე მეტრის მოშორებით სხვა სენაკი აეშენებინა, ხოლო საკუთარი სენაკი მ. სოფრონისთვის დაეთმო. სწორედ ამ უკანასკნელმა აუშენა დიდ ბერს ახალი სენაკი. საშენ მასალას მხრებით ეზიდებოდა. ხე ტყიდან მოჰქონდა, წითელი მიწა-კარულიიდან, ხოლო ქვები-ზღვიდან. სანამ სენაკის მშენებლობას დაასრულებდა, მამა სოფრონის ყოფა საკმაოდ მძიმე იყო: კვირაში ორჯერ მაინც თავის ოთახს მამა ეფრემ კატუნაკელს უთმობდა, როდესაც ეს უკანასკნელი აღსავლენად ადიოდა. ბევრი ღამე გაუტარებია უძილოდ: ან ლოცულობდა ან ბერ იოსების მცირე კელიაში საწოლის გვერდით, იატაკზე ეძინა. ის გვიამბობდა: „ის მცირე დროც, რაც დასვენებისთვის იყო განკუთვნილი, ჩემთვის უფრო მოკლდებოდა, რადგან გაიჭრიალებდა თუ არა ბერის საწოლი, ფეხზე წამოვვარდებოდი ხოლმე-ვაითუ წამოდგომა მოუნდეს ბერს-მეთქი. მართლაც, ის ღამით ზოგჯერ დგებოდა “[4].

მამა სოფრონი ბერების მდუმარე ცხოვრების წესს მალე მიეჩვია. დილიდან შუადღემდე ხელსაქმით  იყვნენ დაკავებულები, თანაც დაწესებული საათის შემდეგ საქმის გაგრძელებს აკრძალული იყო. ამას მოსდევდა მწუხრი სკვნილზე და ცოტაოდენი კითხვა. შემდეგ სადილი, უფრო სწორედ კი-ვახშამი, რაც ათონური დროით მეცხრე ჟამზე, ანუ ცხრა საათზე მთავრდებოდა (სამოქალო დროით, 15:00-16:00). მერე ყველანი ბერისგან ლოცვა-კურთხევას იღებდნენ და დასაძინებლად მიდიოდნენ. დასვენების შემდეგ, თუ შემდეგი დღისთვის რამე ჰქონდათ მოსამზადებელი, მოამზადებდნენ და  ღამისთევას იწყებდნენ შუაღამემდე, თითოეული თავის სენაკში. თუ წირვა ჰქონდათ, წირვას შუაღამისას იწყებდნენ, თუ არა და, დარჩენილ დროს სულიერ საკითხავს უთმობდნენ.

ჩვენი მოძღვარი წერდა: „ამგვარად, თითოეული ცალ-ცაკლე მოღვაწეობდა. საათი შუაღამეს რომ გადასცილდებოდა (ზოგჯერ კი უფრო ადრეც), ბერის მოშორებულ სენაკში მივდიოდა და გულისსიტყვებს განვუცხადები (ან, თუ კიდევ რაიმე მაწუხებდა, ვეკითხებოდი). ის კი ჩემი გამოსწორებისა და სულიერი ცხოვრებისთვის საჭირო რჩევებს მაძლევდა. ასეთი განრიგი მოგვიანებითაც შევინარჩუნეთ, როდესაც სხვა ძმებიც შემოგვიერთდნენ. აღსარების შემდეგ მოძღვარი აღარავის იღებდა. ამბობდა: რაც მოღვაწეობა დავიწყე, ეს წესი არ დამირღვევიაო“ [5].

ღირს იოსების გვერდით მ. სოფრონმა ისწავლა, რომ მონაზვნობა არის ცათა სასუფევლის შეგრძნება თვით მიწიერ ცხოვრებაშივე. ხშირად გვიმეორებდა, რომ დაუვიწყარია მაშინდელი შემართება და სულიერი ცხოვრების წესი. ასეთ გულმოდგინებას  მაღალ სულიერ დონეზე მალევე აჰყავს ისინი, ვინც ამ მიზნისთვის თავდაუზოგავად იღწვის. თბილი კვიპროსიდან გამგზავრების წინ მ. სოფრონს ზამთრის ტანსაცმელზე არ უზრუნია, ამიტომ სიცივე დადგა თუ არა, სამოსის უქონლობამ მისი ყოფა კიდევ უფრო გაართულა. მძიმე ფიზიკური შრომა და საცხოვრებლის უნუგეშო ადგილმდებარეობა ხელს უწყობდა იმას, რომ კაცი დათრგუნულიყო. თუმცა პირიქით, ღმერთის მადლით, ახალგაზრდა მონაზონი არა მარტო სიხარულს, არამედ ერთგვარ შიშსაც კი გრძნობდა: ვაითუ რაიმე არასწორად გავაკეთო და მოძღვრებმა აღარ დამიტოვონო. სტავროვუნის მონასტერში წმინდა მამებისგან მორჩილებასა და შრომაში გამოწვრთნილ მამა სოფრონს ცხოვრებისეული სირთულეები არ აშინებდა. ღირსმა იოსებმა მოგვიანებით სტავროვუნის წინამძღვარ ბარნაბასა და სავანის მამებს წერილი მისწერა, რომელშიც მათ მადლობას უხდიდა მ. სოფრონის სულიერი მომზადებისთვის.  მ. სოფრონს ხომ დიდი სურვილი ჰქონდა, გამოცდილი მოძღვრის ხელში მდუმარებაში გაწაფულიყო, განსაკუთრებით კი აინტერესებდა, თუ როგორ მოიხვეჭს ადამიანი გონებისმიერ ლოცვასა და საღმრთო მადლს.

 ჩვენი მოძღვარი გვიამბობდა: „მისვლისთანავე, პირველივე დღეს ბერმა სულიერი ცხოვრების არსი დაწვრილებით განმიმარტა. განსაკუთრებული გულმოდგინებით მიხსნიდა იმას, რაც საღმრთო მადლს ეხება, რადგან სწორედ საღმრთო მადლია სულიერი წარმატების უმთავრესი ფაქტორი. მისი მოხვეჭა ყველა მონაზვნისა და ზოგადად ყველა ქრისტიანის მიზანი უნდა იყოს, რადგან მის გარეშე ადამიანი ვერაფერს მიაღწევს. ბერის სიტყვების აზრს ნელ-ნელა ვიგებდი. ამაში წაკითხული წიგნები და წარსულში სულიერი ადამიანებისგან მიღებული რჩევები დამეხმარა. მაგრამ საქმით არ ვიცოდი როგორ და რანაირად მოქმედებდა მადლი“[6].

„მთელი ჩვენი ერთად ცხოვრების მანძილზე, განსაკუთრებით კი, მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში, ყოველთვის და ყველგან იესოს სახელის განუწყვეტლივ მოხმობას გვასწავლიდა.  ხოლო ჩვენ, რადგან მიუჩვევლებიც ვიყავით და ზარმაცებიც, გვიჭირდა ეს საქმე, რომელიც არც ადვილია და არც ბუნებრივი. გვავალდებულებდა ხმამაღლა გვემეორებინა იესოს ლოცვა: ასე სმენა ეხმარება ადამიანს, რომ არ დაივიწყოს იგი. და მართლაც, ეს მეთოდი ძალიან ეფექტურია მათთვის, ვისაც სურს გონებისმიერი ლოცვა შეიძინოს. დაჟინებული მცდელობა ჩვევას შობს, ხოლო ჩვევა კაცს შრომას უმსუბუქებს, სანამ ღმერთის მადლი შეეწევა და ფეხზე დააყენებს.  შეუძლებელია, რომ უფალი არ გამოეხმაუროს მას, ვინც მას უხმობს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ გულმოდგინებასა და ძალისხმევას დაინახავს ის იმ ადამიანში, რომელიც მისი სახიერების კარზე აკაკუნებს “ [7].

„[ბერი იოსები] ყოველთვის ნუგეშითა და სიტკბოებით იყო სავსე. მისი მამობრივი მზრუნველობა იმდენად აშკარა იყო, რომ მოწაფეებთან მტკიცე სულიერ კავშირს ადვილად ამყარებდა და არანაირ გარეშე ფაქტორს არ შეეძლო ეს კავშირი დაერღვია. დიდი მონდომებით ცდილობდა ჩვენთვის სულიერი სარგებელი მოეტანა. ამ მიზნის მისაღწევად არანაირ ძალისხმევასა და შრომას არ ერიდებოდა. ყველაზე მეტად კი სურდა, ჩვენთვის ლოცვა ესწავლებინა: „უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. მთელი დღის განმავლობაში ჩვენს ყოფაქცევას თვალს ადევნებდა: რამდენად გამგონები და მორჩილები ვიყავით, როგორი ურთიერთობა გვქონდა ერთმანეთთან, როგორ ვლაპარაკობდით, როგორი გულმოდგინებით ვმუშაობდით-ერთი სიტყვით, როგორ ვცხოვრობდით “[8]. „შეეძლო ჩვენგან უთქმელად და უკითხავად აღეწერა  და გადაეჭრა ნებისმიერი ჩვენი პრობლემა და სირთულე! მე კი მიკვირდა: ასე დაწვრილებით საიდან იცის რა მაწუხებს-მეთქი, რადგან საკუთარი მდგომარეობის გადმოცემა მე თვითონაც კი მიჭირდა ’’[9].

ბერს სურდა, რომ მის მოწაფესა და მორჩილ სოფრონს გამოცდილებით შეეტყო, თუ რა ჯილდო ელით სულიერ მოღვაწეებს. ამიტომ, სანამ ეს უკანასკნელი შესაბამისად გაირჯებოდა, თავისი გარდამეტებული მამობრივი სიყვარულისა და სულიერი სიმდიდრის წყალობით, მის სულს ეს საქმით აუწყა. ერთხელ, შუაღამისას, ჩვეული ღამისთევის შემდეგ ერთმანეთს შეხვდნენ. მოძღვარმა მოწაფეს ჰკითხა, თუ რას გრძნობდა ლოცვის დროს. ამ უკანასკნელმა იმხანად არ იცოდა, თუ როგორ მოქმედებს საღმრთო მადლი და როგორ უმჟღავნებს ადამიანს ღმერთის სიყვარულს და მასში მყოფობას.  მდუმარე მონაზონთა ეს საუნჯე  ჯერ კიდევ დაფარული იყო მისგან. იცოდა კინობიალური მონასტრის ცხოვრების წესი და კანონები, მაგრამ არც ის იცოდა, საღმრთო მადლის რამდენად მდიდარი შეგრძნება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს; არც ის, თუ როგორი სიზუსტით უნდა იყოს დაცული მისი მოხვეჭის კანონები და არც ის-როგორ უნდა შეინარჩუნოს კაცმა მადლი. რა თქმა უნდა, მას ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში ჰქონდა ქრისტეს ხილვის გამოცდილება, რამაც მონაზვნობისკენ უბიძგა, მაგრამ ის იყო იშვიათი, ძვირფასი და წუთიერი საჩუქარი, რომელიც შეგნებულად ჯერ ვერ აეთვისებინა. სულიერი მოღვაწე მხოლოდ ცხოვრების დასავალს თუ შეძლებს, რომ საღმრთო მადლის საჩუქრები და ნიჭები აითვისოს; მას შემდეგ, რაც ბევრჯერ იგრძნობს მას და შემდეგ დაკარგავს.

ამგვარად, როდესაც მოძღვარმა ჰკითხა, რას გრძნობ ლოცვის დროსო, მამა სოფრონმა არ იცოდა რა ეპასუხა, რადგან მხოლოდ იმ კმაყოფილებას გრძნობდა, რასაც თითოეული ადამიანი განიცდის მაშინ, როდესაც რაიმეს (როგორც თვითონ სწამს) ღმერთისთვის სათნოს აკეთებს.  სხვა რამე არ ვიცოდიო, წერდა, არც გამესინჯა ოდესმეო [10].

ბერ იოსებ ისიქატის „პროფესია“ გონებისმიერი ლოცვა გახლდათ. მას შემდეგ, რაც თავად ღმრთისმშობლისგან მიიღო ეს ნიჭი. მთელი თავისი შემდგომი ცხოვრება მის აღორძინებასა და ათვისებას მოანდომა. მან მამა სოფრონსაც აუხსნა ლოცვის წესები; და ისიც, თუ გონებისმიერმა ლოცვამ სათნოებისა და საღმრთო მადლის გამოცდილების რა სიმაღლეზე შეიძლება აიყვანოს მოღვაწე.


[1] ბერძნები „შუადღეში“ სადილის დროსაც მოიაზრებენ.

[2] წიგნიდან „საღმრთო მადლის გამოცდილება(ბერძნული გამოცემა).

[3] წიგნიდან „ბერი იოსებ ისიქასტი (ბერძნული გამოცემა).

[4] მონასტრის ძმის ჩანაწერებიდან.

[5] წიგნიდან „საღმრთო მადლის გამოცდილება“ (ბერძნული გამოცემა).

[6] წიგნიდან „ბერი იოსებ ისიქასტი (ბერძნული გამოცემა).

[7] წიგნიდან „საღმრთო მადლის გამოცდილება“ (ბერძნული გამოცემა).

[8] იქვე.

[9] წიგნიდან „ბერი იოსებ ისიქასტი“ (ბერძნული გამოცემა).

[10] წიგნიდან „საღმრთო მადლის გამოცდილება“ (ბერძნული გამოცემა).

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •