ioseb vatopedeli 1

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში

„ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა“

ისინი, ვინც ბერს არ იცნობდნენ, ადამიანურად მსჯელობდნენ და ფიქრებდნენ, რომ ბერი იოსები ვატოპედის აღდგენაზე ოცნებობდა, რათა ადამიანური დიდება მოეხვეჭა. სინამდვილეში მოძღვარს ეს სულაც არ აინტერესებდა. იგი სხვა რამეს ესწრაფოდა, სხვა რამით ცხოვრობდა და სურდა, რომ მის მოწაფეებსაც იგივე სურვილი ჰქონოდათ. ერთხელ, დიდმარხვის პირველ შაბათს ასე დაგვარიგა:

„ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფა, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ“. ვინ აანთებს მასში ლოცვის ცეცხლს? ვინ აანთებს მასში ღმერთის სიყვარულის ალს? „ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რათა აწვე აღეგზნეს”. ვინ იქნება შრომისმოყვარე? შრომისმოყვარეობის გარეშე ახალგაზრდობა გამხმარ მცენარეს ჰგავს. ვინ გახდება სულელი იმისთვის, რომ ღმერთმა იგი ბრძნად აქციოს? ვის ექნება სიმდაბლე? თუ შრომისმოყვარეები არ შეგვიძლია ვიყოთ, თავმდაბლები მაინც რომ ვიყოთ, რა გვიშლის ხელს? დროულად დაამარცხეთ ვნებები, სანამ საზრუნავები დაგახრჩობენ და ახალგაზრდობაც შეუმჩნევლად ჩაივლის. აქ მონასტრების საშენებლად არ ვართ მოსულები. ჩვენი მიზანია საკუთარი თავი განვიწმიდოთ. ხედავთ, რამდენი ვატოპედელი მონაზონი დაეხმარა მსოფლიოს? სერბებმა და რუსებმა აქედან მიიღეს ნათელი. წმინდა გრიგოლ პალამამ აქედან დაიწყო მოღვაწეობა. ღმერთის მადლით იქნება თქვენგანაც გამოვიდეს ერთი ისეთი, რომ ჩვენი მამებივით, მართლმადიდებლობას დაეხმაროს?“[1]

ბერს ჩვენი სულიერი წარმატება სურდა. მისი გული ღმერთის სიყვარულს არასდროს მოშორებია და მატერიალურს არ მისჯაჭვია. გვასწავლიდა როგორ შეგვენარჩუნებინა ურთიერთსიყვარული: „ის, რაც უმთავრესად გვამსგავსებს ღმერთს, არის ერთმანეთის მიმართ მიმტევებლობა. გინდა, რომ ყველას უყვარდე? გინდა, რომ ყველას შენთან ყოფნა უხაროდეს? ყველას მიმართ სიყვარული და თანაგრძნობა გამოიჩინე. აქედან, ჩვენი ოჯახიდან დავწყოთ, ვისწავლოთ ერთმანეთის პატიება და გატანა. ყოველ ჩვენგანს აქვს ღირსებაცა და ნაკლიც, ერთმანეთის ხასიათი უკვე ყველამ ვისწავლეთ და აღარაა საჭირო ვიძახოთ, რატომ მოხდა ასე და რატომ მოხდა ისეო. თითოეული ჩვენგანი ისეთია, როგორიც არის. არ იცვლება. საკუთარ თავს რატომ არ ეკითხები: „შენ რატომ არ იცვლები? შენ რა სულიერი წინსვლა გაქვს? როგორ ბედავ სხვების გამოსწორებას, როცა შენ თვითონ გამოუსწორებელი ხარ?“ თუ ისწავლით, რომ მხოლოდ საკუთარი თავისგან მოითხოვდეთ და სხვისი სიმძიმე იტვირთოთ, მაშინ უცხო ადამიანების მდგომარეობაში შესვლაც შეგეძლებათ და ყველა თქვენ მოგეკედლებათ, რადგან ერში სიყვარული გაქრა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ამით ზეცას მოვიპოვებთ. ამით ლმობიერვყოფთ ღმერთს. განა თვითონაც ასე არ იქ ცეოდა, როცა ქვეყნად მოვიდა?”[2]

წმინდა მამების თანახმად, მორჩილება განსაკუთრებული სათნოებაა, რომელიც ცხონებისკენ უძღვის ადამიანს. ის არის ყველა სათნოების მიზეზი. ჩვენი მოძღვარიც მორჩილებას უმთავრეს სათნოებად თვლიდა და გვასწავლიდა, თუ როგორი სიფრთხილე და სიფაქიზე სჭირდება მის აღსრულებას: „საკუთარი გამოცდილებიდან და თანაც მომხდარით წაქეზებული, რაღაცას მოგიყვებით: ერთი უფროსი ძმა, ჩვენს შორის გარკვეული სიახლოვის გამო, კადნიერად მელაპარაკა. ეს ახალგაზრდა მორჩილებმა მაშინვე შეამჩნიეს და მკითხეს, ეს როგორი მორჩილებააო.

მე ჩემს მოძღვარს დიდ პატივს ვცემდი, რადგან მართლაც პატივსაცემი პიროვნება იყო. მთელი ძალით ვცდილობდი, მორჩილება გამომეჩინა. ერთხელ ბერმა რაღაცის გაკეთება დამავალა. მე აზრადაც არ მომსვლია შევპასუხებოდი, მაგრამ სხვა რამე შევთავაზე იმ მიზნით, რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო. მოძღვარი არასდროს იჟინებდა რამეს. მაშინვე დათმო: „კარგი, როგორც გინდათ, ისე გააკეთეთ”. როდესაც საქმეს შევუდექი (სეფისკვერის ბეჭდებს ვჭრიდი), თუმცა თითიც კი არასდროს გამიჭრია, უცებ დანა ამიცდა და მკერდში შემერჭო. არც გამომიღია იმაზე ფიქრით, თუ რატომ დაუშვა ღმერთმა ასეთი რამ. მივხვდი: მიზეზი ის იყო, რომ მოძღვრის ნათქვამი ჩემებურად შევასრულე.

მორჩილების არსი საქმის საუკეთესოდ შესრულება არ არის, არამედ მოძღვრის შეხედულებებთან თანხმობაა. არ გახსოვთ, ამბა დოროთე დოსითეს რას ეუბნებოდა? როდესაც ის მორჩილების საქმეს საუკეთესოდ შეასრულებდა და მოძღვარს ეტყოდა, დავამთავრეო, წმინდა დოროთე პასუხობდა: „კეთილი, დოსითე, კარგი მოსამსახურე კი გამოხვედი, მაგრამ არ ვიცი მონაზონი კარგი ხარ?“.

ერთხელ, დიდი ბრძოლების პერიოდში, ჩვენი მოძღვარი ერთ გამოქვაბულში შევიდა ღამის კანონის შესასრულებლად. უცბად გულში შფოთი იგრძნო და გვერდით, არ ვიცი ცხადად თუ გონების თვალით, მაიმუნი დაინახა. ბერი ეუბნება: „შენ აქ რას აკეთებ? განა აქ მოსვლაზე ლოცვა-კურთხევა არ ამიღია?“ ეშმაკი იმწუთას გაუჩინარდა. ხედავთ, რომ კი არ უნდა იჯდეთ და ამთქნაროთ, არამედ უნდა იბრძოლოთ. ბრძოლაში ვართ. არ გახსოვთ უფალი უდაბნოში როგორ იყო? ჯერ იყო და ეშმაკმა შიმშილი გამოიყენა. სანამ არ მოშივდა, არ მიუახლოვდა. ეუბნება: „ღმერთის შვილი არ ხარ? უთხარი ამ ქვებს, რომ პურად გადაიქცნენ”. უფალიც შეეწინააღმდეგა და შეეპასუხა მარტო პურით კი არ ცხოვრობს ადამიანი, არამედ ღმერთის ყოველი სიტყვითო. ანუ რა უთხრა? ჯერ ერთი, ღმერთის მწამს, მეორეც ვჭამ, როდესაც მე მოვისურვებ, საჭიროების მიხედვით და არა მაშინ, როდესაც შენ მეტყვი. წავიდა ეშმაკი. მერე ისევ მოვიდა და უთხრა: „მთელი ქვეყნის (სამეფოებს მოგცემ, ოღონდ თაყვანი მეცი”. უფალმა უპასუხა: „უფალს, ჩემს ღმერთს ვცემ თაყვანს და არა შენ. ისევ წავიდა ეშმაკი. შემდეგ კი ტაძრის გუმბათზე აიყვანა და უთხრა, თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოიგდე თავი, რადგან „ანგელოზთა მისთადა უბრძანებიეს შენთვის დაცვად შენდა ყოველთა გზათა შენთა, ჴელთა მათთა ზედა აღგიპყრან შენ, ნუსადა წარსცე ქვასა ფერჴი შენი“. უფალმა უპასუხა: „საჭიროების გარეშე, მარტო ჩემი სურვილით, ღმერთს არ გამოვცდი“. ღმერთი სასწაულს მაშინ აღასრულებს, როდესაც მოინდომებს.

ისწავლეთ ბრძოლა. მხოლოდ ასე შეიძენთ ჭეშმარიტ თავისუფლებას: ომის დროს, როცა მტრები ქვეყანას იპყრობენ თავისუფლებისთვის ხომ ბრძოლაა საჭირო. ეშმაკს ჩვენს მსაჯულად არ გავხდით. ხედავთ, დიდი ბერის მაგალითიდან ისწავლეთ: ის ლოცვა-კურთხევით ცხოვრობდა გამოქვაბულში და მტერმა იქ ფეხის მოკიდება ვერ შეძლო. მაგრამ რაიმე შეცდომაც რომ დავუშვათ, მივუბრუნდეთ ეშმაკს და ვუთხრათ: „კი, შეცდომა დავუშვი, მაგრამ შენ რა გინდა? ღმერთს შევცოდე, ჩემი განმსჯელი ღმერთია. შენ არავინ არაფერს არ გეკითხება!“ და ქრება. ყოველი აზრი ქრისტეს დაუმორჩილეთ“. შიში მოიშალეთ, რადგან ეს შიში საკუთარი თავის სიყვარულად შეგერაცხებათ და ეშმაკი ამას გამოიყენებს და აქედან შეგებრძოლებათ”[3].

ბერ იოსებისა და მისი საძმოს საქმის მოგვარება

1989 წლის ივლისში მსოფლიო საპატრიარქომ გადაწყვიტა, ბერი იოსები და მთელი მისი საძმო მონასტრის მონაქოლოგიონში ჩაეწერა. მან წმინდა კინოტის მეშვეობით მონასტერში გამოგზავნა საპატრიარქო წერილი ნომრით 501/23.6.1989, რომელშიც ნათქვამი იყო: „ჩვენი ამ საპატრიარქო წერილით თქვენს ღირსებას ვაუწყებთ, რომ წმინდა სინოდმა თქვენი მონასტრის მცირე საძმოს საკითხზე მსჯელობისას, გადაწყვიტა, ისტორიული სავანის უკეთესი ფუნქციონირების მიზნით, ნეა სკიტის მთელი საძმო მონასტერში დაემკვიდროს. გაუწყებთ რა დედა ეკლესიის ამ გადაწყვეტილებას, გამცნებთ (გიბრძანებთ) სიხარულით მიიღოთ ისინი, ვინც სიბერის ჟამს დამხმარედ გამოგიჩნდათ და მონასტერსაც არსებობის გაგრძელებაში შეუწყობს ხელს…“.

ამგვარად, გაუქმდა შეზღუდვები, რომლებიც მონასტერში ბერ იოსების საძმოდან ათზე მეტი მონაზვნის მიღებას კრძალავდა. მაგრამ ძველმა ბერებმა საპატრიარქოს ეს რეკომენდაცია უგულებელყვეს და 1989 წელს საპატრიარქოდან ეგზარქია ჩამოვიდა, რათა სხვა თემებთან ერთად ვატოპედის საკითხიც განეხილა. ეგზარქიაში შედიოდა სამი მიტროპოლიტი: სტავროპოლელი მაქსიმე, ფილადელფიელი ბართლომე და ილიოპოლელი ათანასე.

წმინდა კინოტი და საპატრიარქო ეგზარქია დარწმუნ, რომ ბაბუები (ძველი ბერები) ახალგაზრდა მონაზვნებს მონასტერში არ ჩაწერდნენ. ამიტომ გადაწყდა მონასტრის მმართველობიდან მათი გადაყენება[4]. მეორე დღესვე, 13/26 ოქტომბერს, ეგზარქია და წმინდა კინოტის წევრები ვატოპედში მობრძანდნენ. აირჩიეს უხუცესთა საბჭოს ახალი წევრები. ესენი იყვნენ: ბერი იოსები და კიდევ ოთხი ახალგაზრდა მონაზონი, ხოლო ჩვენი საძმოს ყველა წევრი ოფიციალურად ჩაწერეს მონაქოლოგიონში.

სხდომაში მონაწილე პირებმა წარმატება უსურვეს ახალგაზრდა საძმოს. ყველამ იცოდა, თუ რა დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ახალ საძმოს ღმრთისმშობლის ამ ისტორიული სავანის ძველი სულიერი სიდიადის აღდგენის საქმეში, რაც მსოფლიო საპატრიარქოსა და მთელი ათონის მთის სურვილი იყო. ბერმა იოსებმა საპატიო სტუმრებს მადლობა გადაუხადა და შეჰპირდა, რომ მონასტრის ახალი მმართველობა მაქსიმალურად შეეცდებოდა, მათი იმედები გაემართლებინა. ასევე აღუთქვა, რომ ხნიერ მონაზვნებზე ძველებურად გააგრძელებდნენ ზრუნვას. ეს პირობა ბერმა ზედმიწევნით შეასრულა.

ამის შემდეგ მონასტრის მთავარ ტაძარში სამადლობელი ლოცვა აღევლინა უფლისა და მისი დედის, ათონის წმინდა მთის წინამძღვრის მიმართ, იმისთვის, რომ კინობიად გადაკეთების ყველა პრობლემა გადაიჭრა. მმართველობა ახალ საძმოს გადაეცა ყველა წესის დაცვით.

მრავალი წლის შემდეგ გაიხსნა ეკლესიის საცავი, რითაც მეცნიერებს შესაძლებლობა მიეცათ ხელოვნების უძველესი და უნიკალური ნიმუშები შეესწავლათ და წარმოეჩინათ, და ბერძენი ერის ისტორიის, ბიზანტიური და შემდგომბიზანტიური პერიოდის უცნობი მხარეები გამოეძიათ.

იმავე დღეებში ფილადელფიელმა მიტროპოლიტმა, ამ ჟამად კი მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ეგზარქიის წარმატებულ საქმიანობაში, ორ ძმას დაასხა ხელი, ერთს – დიაკვნად, მეორეს კი — მღვდლად. დიდი მადლიერება გამოიხატა აგრეთვე  ათონის მთის მაშინდელი გუბერნატორის, ბ-ნ კონსტანტინე ლულის მიმართ, რომელმაც მონასტრის კინობიად გადაკეთების საქმეში დიდი წვლილი შეიტანა.


[1] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1989 წლის 5/18 მარტი.

[2] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1989 წლის 28 მარტი/10 აპრილი.

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1989 წლის 22 სექტემბერი/5 ოქტომბერი.

[4] წმინდა კინოტის მეორე რიგარეშე სხდომა 1989 წლის 12/25 ოქტომბერს.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020