paisi atoneli 2

წმინდა პაისი ათონელი – სადაც არ უნდა იყო ილოცე გონებითა და გულით

მოიკრიბე ყურადღება და სადაც არ უნდა იყო ილოცე გონებითა და გულით. მუდამ ბაგეზე გქონდეს იესუს უტკბესი სახელი, რათა დატკბეს სული. დიდი საქმეა – მთელი დღის ლოცვით გატარება. ლოცვით იწყებ დღეს, შემდეგ აკეთებ შენს საქმეს და თან ლოცვას იმეორებ და ასე იკურთხება საქმე, რომელსაც აკეთებ და ის ადამიანებიც, ვინც მასში მონაწილეობენ. მაგალითად, როდესაც საჭმელს ლოცვით ამზადებ, იკურთხება საჭმელიც, რომელსაც ამზადებ და ისინიც, ვინც მას მიირთმევენ.

გამოიყენე განსაცდელები და საცდურები, რათა ყოველ ჯერზე, როდესაც შეგემთხვევა, ქრისტესთან მიირბინო დახმარების სათხოვნელად. ასე მოიპოვებ მოუკლებელ ლოცვას.

ათონზე ერთი მუშა იყო, რომელიც ბევრს მუშაობდა (სამი ადამიანის სამუშაოს ასრულებდა და ამიტომაც, მამებიო რმაგ საფასურს უხდიდნენ) და ხანდახან შემომივლიდა ხოლმე ჩემთან, კალივაში. ერთხელაც ვუთხარი: ”როდესაც მუშაობ, ლოცვა იმეორე (უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) რათა იკურთხოს ის საქმე, რომელსაც აკეთებ.” მან მორჩილებით და უბრალოებით მიიღო ჩემი რჩევა და ასე მიეჩვია ლოცვას. ერთხელაც მოვიდა ჩემთან და მეუბნება: მძინავს და ძილშიც ვიმეორებ ლოცვას. როცა ვდგები, ლოცვა გრძელდება. სულში კი სიხარულს ვგრძნობ.” ერის ადამიანი იყო და ამგვარ მდგომარეობას მიაღწია!

როდესაც ადამიანი გააცნობიერებს თავის ცოდვილობას და მუდამ თვალწინ აქვს საკუთარი უმედურობა, მაშინ სული მწუხარებს და მდაბლად ითხოვს ღმრთისგან შეწყალებას. შემდეგ უკვე თანდათანობით ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, ლოცვა თავისთავად წარმოითქმება და იწყებს ადამიანში მოქმედებას.

იმისათვის, რომ ღმერთთან ერთ სიხშირეზე ვიმყოფებოდეთ და მან ისმინოს ჩვენი, ჩვენ კი მისი, აუცილებელია, ჩვენი გადამცემი სიყვარულის სიხშირეზე მოვმართოთ, ხოლო მიმღები – სიმდაბლის სიხშირეზე. ადამიანმა უნდა იშრომოს, რამდენიც შეუძლია, რომ დაიჭიროს ეს სიხშირე. მხოლოდ მაშინ შევა ის ღმერთთან ურთიერთობაში და მისი გონება მუდამ ღმერთში დაივანებს. ყველას გისურვებთ, რომ შეხვიდეთ ამ ურთიერთობაში. ამინ.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ