პაისი ათონელი scaled

მოუკლებელი იესუს ლოცვა და საკუთარი თავის შეცნობა – წმინდა პაისი ათონელი

მოუკლებელი ლოცვის საქმეს უბრალოებით მიუდექი. სამწუხაროდ, ზოგიერთი მიზნად საკუთარ თავში ,,ძველი კაცის’’ მოკვდინებას, სინანულს და სიმდაბლეს კი არ ისახავს და ასკეზას სულის განწმენდის დამხმარე საშუალებად კი არ იყენებს, რათა სიღრმისეულად განიცადოს თავისი ცოდვილობა, იგრძნოს ღმრთის წყალობის სასიცოცხლო საჭიროება და ტკბილი გულშემუსვრილებით მოუკლებლად მოუხმოს: ,,უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’, არამედ მშრალი ღვაწლით იწყებს და მიისწრაფვის საღმრთო სიტკბოების შეგრძნებისა და ნათლის ხილვისკენ. ასეთები მუდამ ზრდიან სკვნილზე ლოცვის რაოდენობას, მათემატიკურადაც კი ითვლიან და წარმოსახვებში უკვე წმინდანები არიან. გარეგნულად ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად აკეთებენ, როგორც ამას ,,სათნოებათმოყვარეობაში’’ წმინდა კალისტე და წმინდა გრიგოლ სინელი წერენ, მაშინ როდესაც ეს ყველაფერი მხოლოდ დამხმარე საშუალებებია.
მერე იწყებენ ფიქრს, რომ უკვე წმინდათა დასში არიან და მოუკლებელი ლოცვის ნიჭიც აქვთ. როგორც კი დაიჯერებენ იმ აზრს, რომ წმინდანები გახდნენ, მოდის ჩვენი მზაკვარი მტერი და წინ ,,ტელევიზორს’’ დაუდგამს, უჩვენებს ვითომ ,,ხილვებს’’, ,,წინასწარმეტყველებებს’’ ჩააგონებს და ასე შემდეგ…

ამიტომაც, ჩემო ძმაო, იესუს ლოცვისას არ ეძებო სხვა არაფერი, გარდა სინანულისა: არც ნათელი, არც სასწაულები, არც წინასწარმეტყველებანი – საერთოდ არანაირი ნიჭი არ ითხოვო  – მხოლოდ სინანული. სინანული მოგიტანს სიმდაბლეს, სიმდაბლე კი საღმრთო მადლს, რომელიც თავის მხრივ, ყველაფერს მოგცემს, რაც შენი ცხონებისა და სხვა ადამიანების დახმარებისთვისაა საჭირო.

ეს ყველაფერი ძალიან მარტივია და არ საჭიროებს გართულებას. თუ ასე ვიშრომებთ და ამ გზას მივყვებით, თანდათანობით ლოცვის მოთხოვნილება გაგვიჩნდება და რაც შეგვეძლება ხშირად დავიწყებთ მის მოხმობას, ჩვენი გული იესუს ლოცვისას ერთდროულად სიტკბოებისა და გულშემუსვრილების შეგრძნებას დაიწყებს და თავად ქრისტე ჩაღვრის ჩვენს გულში თავის უტკბეს ნუგეშს.

ასე რომ, ნამდვილი ლოცვა კი არ გვღლის, არამედ, პირიქით, ხსნის დაღლას; ის მხოლოდ მაშინ გვღლის, როდესაც არ გვესმის არც მისი არსი და არც წმინდა მამათა სიტყვებისა. როდესაც ღმრთის წყალობისა და მხსნელის საჭიროებას შევიგრძნობთ, მაშინ ლოცვისთვის საკუთარი თავის იძულება აღარ დაგვჭირდება, არამედ თავად ეს მხსნელის შინაგანი საჭიროების განცდა, როგორც ერთგვარი შიმშილი, გვაიძულებს გავხსნათ ჩვენი გულის ბაგეები და ,,დედის რძით’’ ვიკვებოთ და მის მკლავებში მყოფი ახალშობილი ბავშვებივით ვიგრძნოთ სრული უსაფრთხოება და სიხარული.

ჩვენ ,,რადისტები’’ ვართ და ქრისტესთან მოუკლებელ კავშირში უნდა ვიყოთ. ჩვენივე უსაფრთხოებისთვის, რაც შეგვიძლია უწყვეტად უნდა ვიყოთ ,,ხაზზე’’, რათა ყოველ წამს მივიღოთ ჩვენთვის უხვად განმზადებული საღმრთო ძალა. რა თქმა უნდა, მტერი არ ჩერდება და სხვადასხვა საშუალებებით მუდამ თავს გვესხმის. თუმცა, ჩვენ შეგვიძლია ის ,,მუქთა მუშახელად’’ გამოვიყენოთ, რათა მოუკლებელი ლოცვის მოხვეჭაში ,,დავიხმაროთ’’. მაგალითად, როცა ბოროტ გულისსიტყვებს მოგვიტანს, იმ წამსვე ლოცვა დავიწყოთ და ვუთხრათ: ,,ძალიან კარგი, რომ ლოცვისკენ მიბიძგე, რადგან ქრისტე დავიწყებული მყავდა’’.

თუ გვინდა, რომ ჩვენი საქმე ხუთიანზე შევასრულოთ, ყოველდღიურად გადავავლოთ თვალი ჩვენში არსებულ ყველაზე ძლიერ ვნებებს და სიმდაბლით მოვუხმოთ ქრისტეს, რათა გაგვათავისუფლოს მათგან: ,,უფალო იესუ ქრისტე.. უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე’’. ასე თანდათანობით ამოიძირკვებიან ჩვენი გულიდან ვნებები და იესუს ლოცვის კეთილი ჩვევა დაგვრჩება.

ამრიგად, როცა ადამიანი მუდმივად ცდილობს საკუთარი თავის შეცნობას, შეიგრძნობს თავის ცოდვილობასა და მისდამი ქრისტეს გამოუთქმელ სიყვარულსა და ქველმოქმედებას, მაშინ მისი გული, გრანიტისაც რომ იყოს შეიმუსრება და მისი თვალებიდან ნამდვილი ცრემლები თავისთავად წარმოდინდება. შედეგად ლოცვა ბუნებრივი მდგომარეობა ხდება და იძულება აღარ არის საჭირო. რადგანაც სიმდაბლე და გულმოდგინება მოუკლებლად ,,ბურღავენ’’ გულს, ცრემლის ნაკადები იზრდება და ქრისტეს ხელი მოუკლებლად ეფერება იმ გულმოდგინე შვილს, რომელიც ასე ამგვარად დაუღალავად შრომობს.

როდესაც ასე ებრძვი შენს ცოდვილობას და ასეთ შინაგან სამუშაოებს ატარებ, პირველ რიგში იმედები ქრისტეზე დაამყარე, მტკიცედ გეპყრას ის და არასდროს გაუშვა ხელი. ის ცოდვები, რომლებიც არ არის ხორციელი, შეგიძლია კარგად გამოიკვლიო, რათა საკუთარი თავის სიმდაბლისკენ წარმართო. ხორციელ ცოდვებზე საერთოდ არ იფიქრო, ოდნავადაც არ ჩაუღრმავდე, უბრალოდ საკუთარი თავი ყოველგვარი უწმინდურობის მატარებლად ჩათვალე.

ძალიან სასარგებლოა წმინდა მამათა ნაშრომების კითხვა, რადგანაც ისინი თავიანთი სახარებისეული ცხოვრების წესის მიერ განმარტავენ და აცოცხლებენ სახარებას. ასევე, როგორც ვთქვით, სასარგებლოა საკუთარ თავში ჩაღრმავება და საკუთარი ცოდვილობის, უმადურობისა ხედვა და ქრისტესგან მონიჭებული უხვი სიკეთეების გახსენება. ამ ყველაფერს ბუნებრივად მოაქვს სიმდაბლე და ამის შემდეგ – საღმრთო მადლი შემოდის ჩვენს გულში. სულიერი საკითხავი ათბობს სულს და ლოცვისა და ღვაწლისკენ უბიძგებს მას. საკუთარ თავში ჩაღრმავებას და ცოდვილობის ხედვას მოაქვს სიმდაბლე და ლოცვისა და ღმრთის წყალობის აუცილებლობის შეგრძნება. ამიტომაც, სანამ სკვნილზე იესუს ლოცვას დავიწყებდეთ, კარგი იქნებოდა, ჯერ ჩვენი ცოდვები გაგვეხსენებინა, ხოლო შემდეგ კი, – ჩვენს მიმართ გამოვლენილი ქრისტეს აურაცხელი ქველმოქმედებანი.

წყარო: http://pravoslavie.ru

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პაისი ათონელის პორტრეტი

Share