ერთი ადამიანი ტყეში ხის მოსაჭრელად წავიდა. დაინახა გვერდი-გვერდ მდგომი ორი ხე. ერთი მაღალი და მშვენიერი ჩანდა, მაგრამ დამპალი გული ჰქონდა. მეორე კი არ გამოიყურებოდა კარგად, მაგრამ მას ჯანსაღი გული ჰქონდა. ჩაფიქრდა ადამიანი და საკუთარ თავს უთხრა: ,,რაში მჭირდება ეს მაღალი და მშვენიერი ხე, თუკი დამპალი გული აქვს და მასალად არ გამოდგება? მეორე კი არის შეუხედავი, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, შიგნით ჯანმრთელია; თუ ცოტა მეტ დროს დავხარჯავ მასზე, მაშინ ყველაფრისთვის გამოდგება’’. ბევრი აღარც უფიქრია და მეორე ხე აირჩია.
ასევე ღმერთიც ორი ადამიანიდან თავის სამკვიდრებელ სახლად იმას კი არ ირჩევს, ვინც გარეგნულად მართალ ადამიანად ჩანს, არამედ მას, ვისი გულიც საღმრთო სიმართლის სიჯანსაღითაა აღვსებული.
ქრისტესთვის სათნო არ არის ამაყი ადამიანი, ვისი ხორციელი მზერაც მუდამ ზეცისკენაა მიპყრობილი, ხოლო გული სავსეა მიწით; მისთვის სათნოა მშვიდნი და მდაბალნი, რომელთა თვალებიც მიწისკენაა დახრილი, მაგრამ მათი გული ზეცითაა აღვსებული. შემოქმედს საკუთარი ცოდვის მხედველი ადამიანები უფრო ესათნოება, ვიდრე საკუთარი სიკეთეებისა. ქრისტე ექიმია, რომელიც თითეული ჩვენგანის საწოლთან მოდის და გვეკითხება: ,,რა გტკივა?’’, ბრძენია ის, ვინც ექიმის მყოფობით ისარგებლებს და თავისი ტკივილებისა და დაავადებების შესახებ ეტყვის. ხოლო უგუნურია ის, ვინც ფარავს თავის სნეულებას და ექიმის წინაშე ჯანმრთელობით ტრაბახობს. თითქოს ექიმი ადამიანებს ჯანმრთელობის გამო ინახულებს და არა დაავადებათა სამკურნალოდ!
ამიტომაც, მოდით ვიყოთ ბრძენნი და ქრისტესთან სასაუბროდ როცა წარვსდგებით, გავიაზროთ, რომ ის ყველაზე საუკეთესო და მოწყალე ექიმია, რომელიც მზრუნველობითა და სიყვარულით თითოეულს გვეკითხება: ,,რა გტკივა?’’ არც შევყოვნდეთ, ისე გავუხსნათ გული და ჩვენი ჭრილობების, სნეულებებისა და ცოდვების შესახებ ვუთხრათ.
მეზვერისა და ფარისევლის იგავით სწორედ ამას გვასწავლის უფალი ჩვენი იესუ ქრისტე. სახარებაში ნათქვამია, რომ ეს იგავი მათ მიმართ ითქვა, ვინც საკუთარ თავში არიან დარწმუნებულნი და სხვებს ამცირებენ. განა შენ ამ ადამიანთა რიცხვს არ მიეკუთვნები? კი არ აღშფოთდე, არამედ აღიარე შენი სნეულება, შეგრცხვეს შენი ცოდვისა და ყოვლადკეთილი ზეციური ექიმის წამალი მიიღე.
ახლა წარმოიდგინეთ: ჩვენ ყველანი მსოფლიო საავადმყოფოში ვიმყოფებით და ყველანი სნეულნი ვართ. ყველას ერთი სნეულება გვაქვს – უღმერთობა. ეს სიტყვა თავის თავში ყველა ვნებას, ყველა მანკიერებას და ყველა ცოდვას მოიცავს, რითიც კი ჩვენი განრღვეული სული, ჩვენი გული და გონებაა დაავადებული. ზოგიერთი ჯერ ახლად დაავადებულია, ზოგის სნეულება პიკშია და ზოგიც გამოჯანმრთელების პროცესს გადის. ასეთი თვისება აქვს შინაგანი ადამიანის ამ სნეულებას: მხოლოდ განკურნებულებმა იციან, თუ რა საშინელი დაავადება გადაიტანეს.
უგუნური არასდროს იტყვის საკუთარ თავზე, უგუნური ვარო. თავდაპირველად შეიძლება ადამიანს რცხვენოდეს თავისი სნეულების, მაგრამ ხშირად გამეორებული ცოდვები მასში ცოდვისმიერ ჩვევას აყალიბებს, რაც თავის მხრივ ამ უღმერთობით ათრობს მას და რაც დრო გადის, უფრო მეტად ვერ აცნობიერებს თავის ავადმყოფობს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ საავადმყოფოში მოდის ექიმი და კითხულობს:
– რა გტკივათ?
ზოგიერთს რცხვენია თავისი სნეულების და ამბობენ:
– არაფერი!
ამას ამბობენ და თავიანთი ჯანმრთელობით ტრაბახობენ. მხოლოდ კურნების გზაზე შედგომილნი უპასუხებენ ექიმს:- ყველაფერი გვაწუხებს! დაგვეხმარე!
ასე რომ, იფიქრე ამ ყველაფერზე, ჩაუღრმავდი ქრისტეს ამ იგავს და თავად განსაჯე, თუ რამდენად გეხება ეს შენ. თუკი გაკვირვებული იტყვი, ეს იგავი მე არ მეხებაო, ეს იმას ნიშნავს, რომ სნეულების დასაწყისში ხარ. თუკი უკადრისად იტყვი, მე მართალი ვარ და ეს იგავი ჩემს ირგვლივ მყოფ ცოდვილებს ეხებათო, ესე იგი, სნეულების პიკში ხარ. თუკი მკერდში ცემითა და სინანულით აღიარებ: ,,ჭეშმარიტად, ავად ვარ და ექიმი მჭირდება’’, – შენ კურნების გზაზე ხარ. ასეთ შემთხვევაში კი ნუ გეშინია – აუცილებლად განიკურნები.
ორი ადამიანი სალოცავად ტაძარში შევიდა: ერთი ფარისეველი, მეორე – მეზვერე. ორი ადამიანი, ორი ცოდვილი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ფარისეველი საკუთარ თავს ცოდვილად არ აღიარებდა, ხოლო მეზვერე აღიარებდა და ცოცხლად განიცდიდა საკუთარ მდგომარეობას. ფარისეველი ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ საზოგადოებას ეკუთვნოდა, ხოლო მეზვერე კი – ყველაზე მოძულებულს.
,,ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა’’. ფარისეველი საკურთხეველთან ახლოს დადგა, როგორც ეს მათ სჩვეოდათ. ისინი მუდამ გამორჩეული ადგილებისკენ მიისწრაფვოდნენ. ასეთია სიამაყე ფარისევლისა, რომელიც იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ სიმართლეში და სულიერ სიჯანსაღეში, რომ ის პირველობას მხოლოდ კაცთა შორის კი არ ეძიებდა, არამედ ღმრთის წინაშეც, არამხოლოდ საზეიმო ნადიმების დროს იკავებს მოწინავე ადგილებს, არამედ ლოცვის დროსაც. მხოლოდ ესეც კი საკმარისია რომ დავასკვნათ: ფარისეველი უღმერთობის მძიმე სენითაა დასნებოვნებული და ამ მდგომარეობაში სიღრმისეულადაა ფესვგადგმული.
რატომ წერია: ,,ილოცვიდა თჳსაგან?’’ და არა ხმამაღლა? აქ იმაზე კეთდება აქცენტი, რომ ღმერთი ადამიანის გულს აყურადებს და არა მის ენას. მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ რა შინაგანი მდგომარეობით ლოცულობს და არა ის, თუ რას წარმოთქვამს მისი ენა. ენა შეიძლება ტყუოდეს, მაგრამ გული არასდროს ტყუის. ის მუდამ ისეთად წარმოაჩენს ადამიანს, როგორიც ის სინამდვილეში არის.
,,ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი’’.
ცოდვილი ადამიანი ბედავს და ასე საუბრობს ცოცხალი ღმერთის წინაშე! განა ტაძარი ზეციური მკურნალისა და სნეულის შეხვედრის ადგილი არ არის? იქ ცოდვით დაავადებულნი მიდიან, რათა მკურნალ-ღმერთს თავისი შინაგანი სნეულება უჩვენონ და მისგან კურნება მიიღონ. მხოლოდ ღმერთია ჭეშმარიტი მკურნალი ყოველგვარი მწუხარებისა და უძლურებისა. განა ჯანმრთელები მიდიან საავადმყოფოში და ექიმის წინაშე თავიანთი ჯანმრთელობით ტრაბახობენ? მაგრამ ეს ფარისეველი სწორედ ამას აკეთებს და ჰგავს იმ სნეულს, რომელიც ავადმყოფობის მძიმე სტადიაში იმყოფება, ბოდავს და ვეღარ აცნობიერებს, თუ რა ხდება მის თავს.
ერთხელ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, ექიმმა ყველაზე მძიმედ დაავადებულთან მიმიყვანა და მეც ვკითხე მას:
– თავს როგორ გრძნობ? – მან იმ წამსვე მიპასუხა:
– ამ გიჟებში როგორ ვიქნები?
ასეთ მდგომარეობაშია ფარისეველიც. სინამდვილეში ის ღმერთს კი არ მიაწერს თავის ,,სიკეთეებს’’, რომ ის ისეთი არ არის, როგორიც სხვები. არა; სიტყვები: ,,ღმერთო, გმადლობ შენ’’ – სხვა არაფერია, თუ არა ლოცვის მლიქვნელური დასაწყისი, ერთგვარი თვალთმაქცური წინაპირობა, რომელსაც ის იმისთვის იყენებს, რომ ღმერთმა მისი ტრაბახი მოისმინოს. ამ ყველაფრით ის კი არ მადლობს ღმერთს, არამედ პირიქით, გმობს კიდეც მას. რატომ? იმიტომ, რომ ის მის ქმნილებებს ზემოდან უყურებს და შეურაცხყოფს. ის არაფრისთვის მადლობს ღმერთს, რადგან ყველაფერს მიაწერს საკუთარ დამსახურებებს, რასაც ღმერთის გარეშე ,,მიაღწია’’. მას იმის თქმა კი არ სურს, რომ ღმერთმა თავისი ძალით და წყალობით დაიფარა ყაჩაღობისგან, გამომძალველობისგან, უზნეობისგან, მრუშობისგან და მეზვერეობისგან, არამედ მხოლოდ იმას ამბობს, რომ ის იმდენად განსაკუთრებული ადამიანია, რომ მას მთელ სამყაროში ვერავინ შეედრება. გარდა იმისა, რომ ის ასეთი განსაკუთრებულია, ძალისხმევასაც არ იშურებს და მსხვერპლსაც სწირავს ღმერთს, რათა სხვა ადამიანებზე აღმატებულობის მდგომარეობა შეინარჩუნოს. ოჰ, როგორი მარტივი გზები აირჩია ფარისეველმა! ღმერთისგან მოსესთვის მიცემულ მცნებათა შორის მან ორი ყველაზე მარტივი აირჩია: ,,ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა’’. მაგრამ ამ ორსაც არ აღასრულებს სინამდვილეში. ღმერთმა ეს მცნება იმისთვის კი არ მისცა ძველი აღთქმის ადამიანებს, რომ მას სჭირდებოდა მათი ან მარხვა ან მეათედის შეწირვა. მას ეს საერთოდ არ სჭირდება. ღმერთმა სხვა მცნებების მსგავსად თვითმიზნად კი არ მოგვცა ეს მცნებები, არამედ იმისთვის, რათა ადამიანს სიმდაბლის, მორჩილებისა და სიყვარულის ნაყოფები გამოეღო. ამ მცნებებს ადამიანთა გული უნდა გაეფაქიზებინა, გაეთბო და გაენათლებინა. ფარისეველი კი ამ მცნებებს უმიზნოდ აღასრულებს. ის მარხულობს და მეათედს შესწირავს, მაგრამ სძულს ადამიანები და ამაყობს ღმერთის წინაშე. ასე კი უნაყოფო ხეს ემსგავსება. ნაყოფი მარხვაში კი არ არის თავისთავად, არამედ – გულში; ნაყოფი მცნების აღსრულებაშიც კი არ არის, არამედ – გულში. ყველა კანონი და მცნება გულს ემსახურება. ისინი ათბობენ, განწმენდენ, რწყავენ, ანათლებენ, იცავენ და ანაყოფიერებენ ადამიანის გულს, რათა მის ნიადაგზე ნაყოფი გაიზარდოს და მომწიფდეს. ყოველგვარი სათნოება და ღვაწლი საშუალებაა და არა მიზანი. მეთოდია და არა ნაყოფი. მიზანი ქრისტესთვის გულის დამუშავებაა და ნაყოფსაც სწორედ გულში გამოვიღებთ.
ასე რომ, ფარისეველმა თავისი ლოცვით ვერ მიაღწია იმას, რაც უნდოდა. მან თავისი სულის მშვენიერება კი არ გამოავლინა, არამედ სნეულება. ქრისტეს სწორედ ამის წარმოჩენა უნდოდა. თანაც არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ფარისეველში, არამედ მთელ ფარისევლურ საზოგადოებაში. გარდა ამისა, ქრისტემ ამ იგავით ფარდა ახადა ყველა დროის, ყველა თაობის ქრისტიანის ფარისევლურ სულს. მათ შორის, ჩვენსასაც. განა ჩვენს შორისაც არ არიან ისეთები, რომლებიც ზუსტად ასე ლოცულობენ? განა ცოტაა ისეთი, ვინც ლოცვას მოყვასის დადანაშაულებითა და გმობით იწყებს და საკუთარი თავის ქებით ასრულებს? განა ცოტაა ისეთი, ვინც ქრისტეს თავის მოვალედ მიიჩნევს? ჩვენს შორის განა ცოტა ამბობს: ,,ღმერთო, ვმარხულობ, ტაძარში დავდივარ, გადასახადებს ვიხდი, ეკლესიას ფულს ვწირავ და არ ვარ სხვებივით ყაჩაღი, ფიცის გამტეხი, უღმერთო და მრუში. სად იხედები, ღმერთო? რატომ არ სჯი მათ და მე რატომ არ მაჯილდოვებ? მე ხომ ამდენს ვაკეთებ შენთვის? განა ვერ ხედავ, უფალო, ჩემი გულის სიწმინდეს და ჩემი სულის სიჯანსაღეს?’’. ნეტარი მაქსიმე ამბობს: ,,არც ღმერთი მოგატყუებს შენ და ვერც შენ მოატყუებ მას. ყველა იწერს პირჯვარს, მაგრამ ყველა არ ლოცულობს სინამდვილეში. ფარისეველია ის, ვინც წვერით აბრააბს ჰგავს, ხოლო საქმით – ქამს’’.
ღმერთი უსმენს მათ, მაგრამ სახლში ხელცარიელს უშვებს და ეუბნება: ,,არ გიცნობთ თქვენ’’, რადგან ქრისტე თავის მეგობრებს მათი ენის მიხედვით კი არ ცნობს, არამედ – გულის. ლეღვის ხის ფოთლებს კი არ უყურებს, არამედ მის ნაყოფს.
აი, როგორ უნდა ლოცულობდეს ჭეშმარიტი მლოცველი:
,,ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას’’. სულ ბოლოში დადგა! ჭეშმარიტი მლოცველი წინ კი არ მიიწევს, გამოსაჩენ ადგილას. რაში სჭირდება მას ეს? უფალი მას ყველგან ხედავს. ჭეშმარიტი მლოცველი ყოველთვის ჭეშმარიტი მონანულია. წმინდა ეფრემ ასური ამბობს: ,,ადამიანის სინანული ღმერთისთვის დღესასწაულია’’. უკან, დაფარულში მდგომი მეზვერე, გულისმიერად შეიგრძნობს თავის არარაობას ღმერთის წინაშე, გრძნობს რა მის გამოუთქმელ სიდიადეს, მთელი მისი არსება სიმდაბლით აღივსება. წმინდა იოანე ნათლისმცემელიც, რომელიც ყველაზე დიდებულადაა წოდებული, ქრისტეს სიახლოვეში მყოფი შეძრწუნდა და აღმოთქვა, რომ მისი სანდლის თასმის შეხების ღირსიც კი არაა. ცოდვილმა დედაკაცმა კი საკუთარი ცრემლით განბანა ქრისტეს ფეხები. ასე რომ, ჭეშმარიტი მლოცელი გულით მდაბალი და სიხარულით სავსეა.
ზემოთ ახედვაც კი ვერ გაბედა. რატომ არ აღაპყრო თვალები ზეცად? თვალები – სულის სარკეა. ჭეშმარიტი მლოცველი აცნობიერებს თავის დანაშაულს ღმერთის წინაშე და გარდა სიმდაბლისა, სირცხვილითაც აღივსება.
,,იცემდა მკერდსა’’ – რატომ აკეთებდა ამას? რათა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ სწორედ ხორცმა უბიძგა მას ცოდვისკენ. ხორციელ გულისთქმებს ადამიანი ყველაზე მძიმე ცოდვებამდე მიჰყავს. გემოთმოყვარეობა შობს გულითქმას, გულისთქმა – მრისხანებას; მრისხანება კი – მკვლელობას. საკუთარ სხეულზე ზედმეტი ზრუნვა აღარიბებს ადამიანის სულს, ქრისტესგან განაშორებს და მოშურნეობას კლავს მასში. მაგრამ რატომ იცემდა კონკრეტულად მკერდში და არა თავში ან ხელებში? რადგანაც მკერდში – გულია. გული კი ცოდვის წყაროცაა და სათნოებისაც. თავად უფალმა თქვა: ,,კაცისაგან გამომავალი შეაგინებს კაცსა, რამეთუ შინაგან გულისაგან კაცთაჲსა გამოვლენან გულის-სიტყუანი ბოროტნი, მრუშებანი, სიძვანი, პარვანი, კაცის-კლვანი, ანგაჰრებანი და უკეთურებანი, ზაკუვანი, არაწმიდებანი, თუალ-ბოროტებანი, გმობანი, ამპარტავანებანი, უგუნურებანი. ესე ყოველნი ბოროტნი შინაგან გამოვლენ და შეაგინებენ კაცსა’’(მკ.7:20-23). აი ამიტომაც იცემდა მეზვერე საკუთარ გულში.
ის მოუკლებლად მოუხმობდა: ,,ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას’’. ის არც თავის კეთილ საქმეებს ჩამოთვლის და არც ბოროტს. ღმერთმა ყველაფერი იცის. ის ჩამონათვალს კი არ ითხოვს ჩვენგან, არამედ გულის სიმდაბლეს და შემუსვრილებას. ამ სიტყვებით კი ყველაფერი ნათქვამია. ღმერთო, შენ – მკურნალი ხარ, მე კი – სნეული. მხოლოდ შენ ერთადერთს შეგიძლია ჩემი განკურნება და მხოლოდ შენთან მოვდივარ. შენ ექიმი ხარ, ხოლო შენი წყალობა – წამალია. როცა მონანული მოუხმობს: ,,ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას’’. ის თითქოს ამბობს: ,,ექიმო, მომეცი წამალი! სამყაროში შენს გარდა ვერავინ განმკურნავს ღმერთო. როგორი წმინდანებიც არ უნდა იყვნენ ადამიანები, ვერაფრით დამეხმარებიან, თუ შენ არ შემეწიე. ვერაფერი ვერ მიშველის: ვერც მარხვა, ვერც მეათედის შეწირვა, ვერც სხვა კეთილი საქმეები, თუკი შენი წყალობა არ შეეხება ჩემს გულს, როგორც მალამო ჭრილობას. ადამიანური ქება ვერ კურნავს ჩემს ჭრილობებს; პირიქით, ინფექცია შეჰყავს მასში. შენ ერთადერთმა იცი ჩემი სნეულებები და მხოლოდ შენ გაქვს წამალი. აზრი არ აქვს სხვასთან მისვლას. თუკი შენ უარმყოფ, მაშინ მთელი სამყაროც ვერ დამიხსნის უფსკრულში გადაჩეხვისგან. შენ, მხოლოდ შენ ერთადერთს შეგიძლია ეს. შემინდე უფალო და მაცხოვნე! ღმერთო, მილხინე მე ცოდვილსა ამას!’’
რას ამბობს ჩვენი უფალი იესუ ქრისტე ასეთ ლოცვაზე? ,,გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს’’. საკუთარი ცოდვების მხედველი და აღმსარებელი უფრო გამართლებული მიდის სახლში, ვიდრე საკუთარი თავის მაქებარი. გამართლდა დარცხვენილი მონანული და არა უსირცხვილო და თავდაჯერებული ამაყი. ექიმმა განკურნა ის, ვინც თავის დაავადებას აღიარებდა და წამალს ითხოვდა. ხოლო ხელცარიელი გაუშვა ის, ვინც ექიმთან საკუთარ ჯანმრთელობაზე სატრაბახოდ მივიდა.
წმინდა ისააკ ასური ამბობს: ,,სანამ ადამიანი სიმდაბლეს არ შეიძენს, იქამდე ვერც კეთილი საქმეებისთვის განკუთვნილ ჯილდოს მიიღებს. ჯილდო საქმეების გამო კი არ გვეძლევა, არამედ სიმდაბლის გამო’’. ვინ იმდაბლებს საკუთარ თავს? ის კი არა, ვინც მოჩვენებითად აკეთებს ამას, არამედ ის, ვინც საკუთარ დაცემულობას ხედავს. ადამიანმა რომც მოინდომოს, იმაზე მეტად ვერ დაიმდაბლებს თავს, ვიდრე ცოდვა ამდაბლებს. უფალი არც ითხოვს ჩვენგან სხვაგვარ დამდაბლებას, გარდა საკუთარი დაცემულობის გაცნობიერებისა. წმინდა მაკარი დიდი ამბობს: ,,მდაბალი არასდროს ეცემა. სადღა დაეცეს, როცა ისედაც ყველაზე ქვემოთაა? ყველაზე დიდი დამცირება სიამაყეა. სიმდაბლე კი უდიდესი სიმაღლე, პატივი და ღირსებაა’’.
ერთი სიტყვით: ამაღლდება ის, ვინც მეზვერის მდგომარეობას მოიპოვებს. ფარისეველი უკურნებელი სენითაა დაავადებული და ვერ ხედავს თავის სნეულებას, ხოლო მეზვერე – ის სნეულია, რომელიც კურნების პროცესს იწყებს, რადგან დაინახა, რომ ავად იყო, ექიმთან მივიდა და წამალიც მიიღო. პირველი მშვენიერ და მაღალ ხეს ჰგავს, რომელსაც დამპალი გული აღმოაჩნდა, ხოლო მეორე შეუხედავს და დაბალს, რომელსაც ჯანსაღი გული ჰქონდა.
უფალმა შეიწყალოს ყველა მონანული ცოდვილი და განკურნოს ყოველი, ვინც მას შიშითა და კრძალვით მიეახლება და განადიდებენ მას, როგორც მოწყალე მამას, მხოლოდშობილ ძეს და ყოვლადწმიდა სულს – სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წყარო: http://Pravoslavie.ru
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ