ხატი აღდგომა

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – განვიცადოთ მარადიული პასექის დაუსრულებელი სიხარული

ქრისტემ წელსაც ღირსნი გაგვხადა გვედღესასწაულა თავისი ღვთაებრივი აღდგომის დიდებული და ნათელშემოსილი დღესასწაული: „პასქა, უფლისა პასქა“.

პასექი ითარგმნება როგორც „გადასვლა“. კაცთა მოდგმამ მიიღო მადლი, კურთხევა ღვთისა – ავიდეს მიწიდან ზეცაში, დროებითი სიკვდილით გადავიდეს მარადიულ სიცოცხლეში. ქრისტემ ჩვენს მიმართ უსაზღვრო მოწყალება გამოიჩინა, შეგვიწყალა და გარდამოხდა ჩვენთან მიწაზე, რათა ზეცაში ავეყვანეთ.

ყოველ წელს ვდღესასწაულობთ ბრწყინვალე აღდგომას. ყველანი მოუთმენლად ველით მას, რომ სულიერად შევიგრძნოთ ის განსაკუთრებული სიხარული და ღვთაებრივი აღდგომის ნათელი, სულ მცირედ განვიცადოთ მარადიული პასექის დაუსრულებელი სიხარული, ვიხილოთ სხივი იმ ნათლისა, რომელიც იმ ქვეყანას ანათებს, ვიგრძნოთ რაღაც იმ მარადიული ბედნიერებისა, რომელსაც განიცდიან ზეცად მყოფი ცხონებული სულები, რომელნიც მარადიულ პასექს დღესასწაულობენ – პასექს, რომელსაც არა აქვს დასასრული.

იმისთვის, რომ ნამდვილად განვიცადოთ პასექი და ჭეშმარიტად ვიხილოთ ღვთაებრივი აღდგომის ნათელი, აუცილებელია განვიწმიდოთ გრძნობები ყოველგვარი ვნებიანი აღძვრისაგან: „განვიწმიდნეთ საცნობელნი და ესრეთ ვიხილოთ ნათელი უხილავი აღდგომისა ქრისტესისა, განმაბრწყინვებელი“.

თუკი გული არაა განწმენდილი, გათავისუფლებული საზიზღარი ეგოიზმისა და ქედმაღლური განწყობისაგან, თუ მასში ქრისტესმიერი სიმდაბლე არ დამკვიდრებულა, სულიერი თვალი ვერ ხედავს აღდგომის ნათელს და კაცის გული ვერ განიცდის მას. ქრისტემ გვიჩვენა განწმენდის გზა: „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ“ (მათ. 11,29). თუკი ჩვენ არ დავამდაბლეთ ჩვენს გულისსიტყვას, არ მოვიდრეკთ თავს, თუკი არ ვირწმუნებთ მტკიცედ, რომ ჩვენ არაფერს წარმოვადგენთ, რომ უკანასკნელი ადამიანი ვართ, ყველაზე ცოდვილი, რომ ჯოჯოხეთი გველოდება, მაშინ ვერ შევიგრძნობთ ბრწყინვალე აღდგომის განსაკუთრებულ სიხარულს, ვერ გავხდებით იმის ღირსნი, რომ საიდუმლოდ, გულის სიღრმეში ქრისტეს პასექი ვიდღესასწაულოთ.

მთავარი ფოტო: აღდგომის ხატი მდებარე ჯვართამაღლების სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)