UTA 6423

გონივრულობის სათნოება – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

გონივრულობის გარეშე ადამიანი, გამუდმებით ვარდება ისეთ ცდუნებაში, რომ მისი შველა არც უფალს და არც თავად არ შეუძლია. უგუნურებას ადამიანი იმედგაცრუებისა და დაღლილობისაკენ მიჰყავს. მაგალითად, იმის შიშით, რომ არ გადავიღალო, მე იმაზე დიდ ღვაწლს ვტვირთულობ უფლისათვის, ვიდრე მომეთხოვება, რათა დიდი ქრთამი ან იმაზე ნაკლები ღვაწლი დავიმსახურო, რაც მომეთხოვება. მხოლოდ ესეც კმარა იმისათვის, რომ რაც შეიძლება შორს განვაგდო ჩემგან ღმერთი, იმიტომ, რომ შემდგომ, მე იმ საშინელ რეალობას შევეჯახები, რომლის მიღების საშუალებასაც არ მაძლევდა ჩემი ეგოიზმი.

ადამიანმა უნდა აკეთოს ის, რასაც უფალი ეუბნება მას, და არა ის, რის გაკეთებასაც თავად მოისურვებს. გონივრულობა ყოველწუთიერად არის საჭირო: განსხვავება სულთა (1 კორ. 12,10), ადამიანთა და შედეგებისა, რომლებთანაც ესა თუ ის გზა მიგვიყვანს. მაგალითად, მე სამი წლის განმავლობაში, ნდობით ვარ განმსჭვალული ვინმე მიმართ, რადგან საკუთარ ადამიანად მივიჩნევ მას. მესამე წელს ვრწმუნდები, რომ ის აბსოლუტურად საპირისპირო ყოფილა იმისა, რასაც მე მასზე ვფიქრობდი. ამის მიუხედავად, მე განვაგრძობ მასზე მინდობას. სადამდე მიმიყვანს ეს? ის ბრმაა უფლის წინაშე, ბრმა ვარ მეც და ესე იგი, ორივენი ორმოში ჩავცვივდებით. აქ საჭიროა გონივრულობა, უნდა შევინარჩუნო სიმშვიდე, შევჩერდე, არ მივიღო არანაირი გადაწყვეტილება, რადგანაც, როდესაც მე სხვას განვსჯი, არ არსებობს გარანტია მართებულად განსჯისა. სიტუაციის მიხედვით, საკუთარი პრობლემა სხვა, ერთ ან ორ ადამიანს უნდა გაუზიარო, მას, ვინც იმსახურებს ნდობას და დაე, მათ მითხრან, რა გავაკეთო. სხვაგვარად, მე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდები ან სიყვარული იმ ადამიანის მიმართ, ვინც წმინდანად მიმაჩნდა და მასთან ურთიერთობა, კიდევ უფრო უგუნური ქმედებისაკენ მიბიძგებს და მაიძულებს მასთან ურთიერთობის გაგარძელებას.

თუმცაღა, გონივრული მსჯელობისა და აზროვნების საუკეთესო წინაპირობაა მორჩილება, რომელიც გვაცილებს მაცდური დემონის ორლესულ მახვილს, ანუ ჩვენს “მეს”.  გონივრულობის არმქონე გონება, ან შეპყრობილს გვხდის, ან მტკივნეულ თავმოყვარეობაში გვაგდებს.

კიდევ ერთი სათნოება – ყველაფრის წინასწარ განჭვრეტაა: ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ მანამ, სანამ გონებით ამ მოქმედების შედეგს არ დავინახავთ, რადგან ჩვენ, ადამიანები, როგორც წესი,  ან გატაცებით ან რაიმე დამატყვევებელი ზრახვის გამო ვაკეთებთ ყველაფერს. რამდენად ხშირად ხდება, რომ რაიმეს ყიდვას გადავწყვეტთ და შემდგომ ამ ნაყიდ ნივთს ვაგდებთ! ასეთი ქცევა   გონივრულობის არქონის ნიშანია. რა დასანანია! ყველაფერში შედეგი უნდა განვჭვრიტოთ, რადგან ნაყოფით, როგორც უფალი ამბობს, იცნობა ადამიანი და არა მისი საქციელებით. შეიძლება მოხდეს ისე, რომ მე ბრძოლაში ჩავება და საკუთარი სისხლი, საკუთარი სიცოცხლე გავცე ქრისტესათვის, მაგრამ უშედეგოდ. რადგან უფალი მეტყვის მე: “სად არის შენი ნაყოფი? რა გააკეთე?” მაშასადამე, აუცილებელია გონივრულობა.

ყველაფერზე, მოქმედებაზეც კი, რომლის გაკეთებასაც ვგეგმავთ, წერილზე, რომლის დაწერასაც ვაპირებთ, ჩვენ უნდა დავფიქრთეთ: რა შედეგს გამოიღებს ის, რის გაკეთებასაც ახლა ვაპირებ? ადამიანი, მხოლოდ უფლის მიმართ სიყვარულში უნდა იყოს, ასე ვთქვათ, ვნებიანი, მაგრამ უმაღლესი ხარისხით უვნებო და უმოქმედო სხვა ყველაფერთან მიმართებით. იმისათვის, რომ ადამიანის გონებამ, გულმა და ზრახვებმა იმოქმედოს, მათ რაღაც საფუძველი უნდა გააჩნდეს, – და მათი მოქმედების შედეგები, წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული. ნუ ვიმოქმედებთ უნაყოფოდ. უნაყოფო ლეღვის ხე – უბრალოდ უსულო ქმნილება – დაწყევლილ იქნა უფლის მიერ, მით უმეტეს დაწყევლილ ვიქნებით ჩვენ, ცნობიერებისა და გონების მქონენი, რომელთაც გვყავს ღმერთი, შემძლე ჩვენი გადარჩენისა.

გონივრული გული, მომთმენ, მშვიდ, უშფოთველ, მამაც და კეთილგონიერ გულს ნიშნავს. შეუძლებელია ზრახვებთან პირისპირ შერკინება, ისინი იარებს გაგიჩენენ. განძრევასაც კი ვერ მოასწრებ, რომ ისარი განგგმირავს. ამიტომაც, დაე გქონდეს სიბრძნე გველისა. იდექ მყარად, მამაცურად, არ დანებდე და ქარიშხალი ჩაწყნარდება, ზრახვა განგეშორება.  მაგრამ, თუკი შენ წინააღმდეგობის გაწევას მოისურვებ ზრახვებზე და მათ ძლევას განიზრახავ, მათი სიმძიმისაგან ძალას დაკარგავს და დაეცემი.

სცადე, მაგალითად სიძვის, სიამაყის, ურჩობის, ურწმუნოების ზრახვებს სძლიო. ვერაფერს გახდები. ყველაფერი შავი და ფერმკრთალი მოგეჩვენება და საბოლოოდ მათი სიმძიმისაგან მოიდრიკები, დაეცემი, თითქოსდა უძლეველი ტვირთი აეკიდოთ შენთვის. სწორედ ამიტომ, შეინარჩუნე სულის სიმშვიდე და ნურაფრის ნუ გეშინია.

გონივრულობას, ამ თვალსაჩინო სათნოებას, ეკლესიის მამები, სათნოებათა კიბის ყველაზე მაღალ საფეხურზე აყენებენ. მაგრამ, მისი მოპოვება შეუძლებელია, თუკი არ ავღზრდით და არ განვავითარებთ მას. აუცილებელია მისი დათესვა გულში , რამეთუ ის, სულიერი სათნოებაა და არა ფსიქოლოგიური თვითჩაღრმავება ან გამოცდილება, ურთიერთობის გზით რომ მიიღწევა. რა თქმა უნდა, ყველაფერს შეუძლია თავისი როლის თამაში, მაგრამ სინამდვილეში, გონივრულობა – ღმრთაებრივი მადლის შემოსვლაა ჩვენში, და ამიტომაც, შეუძლებელია მისი მოპოვება, თუკი სულიწმინდის მარცვალს არ დათესავ. იმისათვის, რომ გონივრულობამ ნაყოფები გამოიღოს, აუცილებელია ღმრთაებრივი მარცვალი.

როგორ განვავითაროთ გონივრულობა? პირველ რიგში მყუდროებით. მართლაცდა, ისინი, ვინც შფოთში, სიჩქარეში, საზრუნავთა გარემოცვაში ცხოვრობენ, ხშირად გადაადგილდებიან ერთი ადგილიდან მეორეში, უამრავი ინტერესის სფერო აქვთ და მუდმივ ფაციფუცში იმყოფებიან, როგორც წესი, ზედიზედ უშვებენ ხოლმე შეცდომებს. ბუნებრივია, ამ დროს ისინი ვერასოდეს ამჩნევენ და არც აღიარებენ, რომ ცდებიან. თავიანთ შეცდომებს ისინი სხვებს მიაწერენ, ვინაიდან  მიზეზად საბაბს მიიჩნევენ. მაგრამ ერთია საქმეა – მიზეზი, და მეორე – საბაბი. სიტყვა “მყუდროებაში”, მოიაზრება სიჩუმე შენს გულში, გონებაში, მთელ შენს არსებაში, და ასევე შენს გარშემო, სამსახურში: ერთგვარი მშვიდი, წყნარი, მშვიდობიანი მდგომარეობა. მშვიდია შენი ღიმილი, მშვიდია ხმა, მშვიდია ზრახვა და მშვიდია ლოცვა. ღმრთაებრივი შური კი, არასოდეს უკუაგდებს ჭეშმარიტ სიმშვიდეს, რომელიც განწმენდის საწყისი და საწინდარია. ესე იგი, თუკი ასეთი მყუდროება არა გვაქვს, მაშ როგორ მივაღწევთ სასიკეთო შედეგს?


წყარო: წიგნიდან “Жить в присутствии Бога” , არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი), მოსკოვი 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share