DSC0234

ვინ არის ისიქასტი? – წმინდა გრიგოლ პალამა

ვისაც სურს მყუდროებაში (ისიქიაში) მყოფობა და ჩაღრმავება, მან გონება აუცილებლად უნდა დააბრუნოს და დაატყვევოს სხეულში, განსაკუთრებით კი იმ შინაგან სხველში, ჩვენ რომ გულს ვუწოდებთ. თუ კი მოციქულის მიერ ვიგებთ, რომ გამოავლინა ღმერთმან სული ძისა თვისისაი გულთა შინა ჩუენთა, რომლითა ვღაღადებთ: ,,აბბა, მამაო” (გალ. 4:6), მაშინ სულიწმიდასთან ერთად, ნუთუ გულში არ უნდა ვლოცულობდეთ? თუ კი უფლის მიხედვით „სასუფეველი ღმრთისაი შორის თქუენსა არს” (ლუკ. 17:21), მაშინ, ნუთუ ცათა სასუფევლის გარეშე არ დარჩება ის, ვინც მთელი ძალებით ცდილობს საკუთარი გონების გულიდან გარეთ გაყვანას?

ჩვენ კი პირიქით, გონება სხეულის და გულის შიგნით კი არა, არამედ იმის იქით, კიდევ უფრო შიგნით შეგვყვავს. ისიქასტია ის, ვინც საკუთარ სხეულში უსხეულოს გამომწყვდევას ცდილობს. ასე გვასწავლიდნენ სულიერი მამები.

აუცილებელია გონების სხეულის შიგნით შეყვანა და მისი იქ ნებისყოფით გაჩერება: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავში ყურება და სუნთქვის საშუალებით გონების შიგნით შეყვანა ვასწავლოთ დამწყებთ. ამიტომაც, არც ერთი გონიერი ადამიანი არ გადააფიქრებინებს მონაზონს, რომელსაც ჯერ საკუთარი თავის ხედვის უნარი არა აქვს, გონების თავის თავში მოკრებისათვის რაიმე გარეგან საშუალებას მიმართოს.

ყველას, ვისაც სულიერი ცხოვრების გამოცდილება გააჩნია, ეღიმება მათზე, რომლებიც არა გამოცდილების, არამედ თეორიული მსჯელობის საფუძველზე საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, რამეთუ ამგვარ საქმეებში მასწავლებელი არა თეორიული აზროვნება, არამედ შრომა და მისით მოპოვებული გამოცდილებაა, რომელსაც სასარგებლო ნაყოფი გამოაქვს, და რომელიც თავის მხრივ, ყოველი კამათის და მხილების მსურველის მსჯელობას უნაყოფოს ხდის.

რომელია ის ადგილი სადაც ყველაზე მეტად გვიტევს და გვირტყავს ბოროტი სული? განა სხეული არა, რომლის შესახებაც გვასწავლის მოციქული, რომ ,,…ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში’’ (რომ. 7:18). ე.ი მისი უყურადღებოდ მიტოვება არ შეიძლება. როგორ დავიმორჩილოთ იგი(სხეული) როგორ არ დავკარგოთ, როგორ მოვიგერიოთ მასზე ბოროტი სულის თავდასხმა, რომელთა წინააღმდეგ ბრძოლა არც კი ვიცით, თუ ყურადღებას გარეგან ფორმებს არ მივაქცევთ?

ზოგიერთნი (ლოცვის მოწინააღმდეგენი) ალბათ ფარისევლობით არიან დაავადებულნი, ამიტომაც არ სურთ დაიცვან და განწმინდონ შინაგანი ჭურჭელი, ანუ გული. არ მისდევენ რა მამათა გარდამოცემას, ისინი ჩქარობენ, ვითარცა ახალი სჯულის მოძღვარნი, ყოველთასა ზედა დასხდომას. სწორედ ასეთნი უარყოფენ უფლისაგან გამართლებული მეზვერისეული ლოცვის სხეულებრივ ფორმას, და სხვა მლოცველთაც აბრკოლებენ. როგორ ბრძანებს უფალი სახარებაში? ,,მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად“ (ლუკ. 18:13) სწორედ ამგვარი გარეგანი ფორმისკენ ისწრაფიან ისინი, რომლებიც ლოცვისას ყურადღებას საკუთარი თავისკენ მიმართავენ.

წმინდა მამები კი ახალდამწყებებს სწორედ იმას ასწავლიან და განუმარტავენ გასაგებად და ნათლად, რასაც ასე ეწინააღმდეგებიან (ეს ახალი სჯულის მოძღვარნი). ასე რომ, ისიქასტთა მბრალდბელნი, არამხოლოდ კეთილ საქმეთა ნაყოფების დაუნახავნი და ცხოვრებისეული გამოცდილების მყარ და უდავო საფუძველს მოკლებულნი, არამედ მამათა სწავლების მიმართაც სრულიად ყრუნი არიან.


სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share