paisi atoneli 1

წმინდა პაისი ათონელი – ხელსაქმეს იესოს ლოცვა დაურთე, რომ იკურთხო შენც და ის საქმეც, რასაც აკეთებ

არიან ძალიან სულიერად მცხოვრები ერისკაცებიც. ისინი მოღვაწეებივით ცხოვრობენ: მარხულობენ, აღასრულებენ მსახურებას, სკვნილზე ლოცულობენ და მეტანიებს ასრულებენ. ეს ყველაფერი – მიუხედავად იმისა, რომ მათ შვილები და შვილიშვილები ჰყავთ. ასეთი ადამიანები კვირაობით ეკლესიაში დადიან, ეზიარებიან და კვლავ თავიანთ „სენაკებს“ უბრუნდებიან, – იმ მოღვაწეთა მსგავსად, რომლებიც კვირის დღეებში სკიტის მთავარ ტაძარში იკრიბებიან, შემდეგ კი ისევ პირად სენაკებში განაგრძობენ დაყუდებულ ცხოვრებას. მადლობა ღმერთს, რომ ერში ძალიან ბევრია ასეთი სული. და თუ კონკრეტულად ვილაპარაკებთ, მე ვიცნობ კიდეც ერთი ოჯახის უფროსს, რომელიც გამუდმებით, სადაც არ უნდა იყოს, აღასრულებს იესოს ლოცვას. ამ ადამიანის ლოცვას გამუდმებით ახლავს ცრემლები, მისი ლოცვა თვითმოქმედია და მისი ცრემლები – ტკბილი, ეს საღმრთო სიხარულის ცრემლებია.

რაოდენ უბრალოა სულიერი ცხოვრება! როდესაც ადამიანი შეიყვარებს ღმერთს, შეიცნობს მის დიდ მსხვერპლს და მის ქველმოქმედებას, როდესაც საკუთარ თავს მთელი შეგნებით აიძულებს, რომ მიბაძოს წმიდანებს, იგი მსწრაფლ განიწმიდება. მთავარია, დამდაბლდეს და თავისი უბადრუკობა და ღმრთისადმი უმადურობა შეიცნოს.

როცა ღმრთისმოსაობით შრომობთ და ლოცვით მოქმედებთ, აკურთხებთ საკუთარ თავს და აკურთხებთ ყველაფერ იმასაც, რასაც აკეთებთ. როცა გონება ღმერთშია დაუნჯებული, ადამიანი აკურთხებ სთავის სამუშაოს, თავის ხელსაქმეს. ვთქვათ, მე ვაწებებ კოლოფს და აღვავლენი ესოს ლოცვას, ვლოცულობ და ამავადროულად ვშრომობ ღმრთის სახელისათვის. ჩემი მიზანი ის კი არ არის, რომ საქმე სწრაფად დავასრულო, კოლოფების მთელი გროვა დავაყენო, მერე კი დავითრგუნო განცდილისაგან, ეს ეშმაკეული მდგომარეობაა. მონასტერში ამიტომ არ მოვსულვართ, არამედ იმიტომ, რომ თვით ჩვენ განვიწმიდოთ და ჩვენი საქმეც წმიდავყოთ. ზოგჯერ, იმის გამო, რომ ამას ვივიწყებთ, საკუთარ თავს რომელიმე საერო დაწესებულების გულმოდგინე თანამშრომელად ვგრძნობთ, რადგანაც, როცა რაღაც საქმის სწრაფად დასრულებას ცდილობ, გავიწყდება, რომ გვერდით ქრისტე იყოლიო და პირიქით, როცა ლოცვით ვსაქმიანობთ ქრისტეს მსახურად ვგრძნობთ თავს. ამიტომ შენს ხელსაქმეს იესოს ლოცვა დაურთე, რომ იკურთხო შენც და ის საქმეც, რასაც აკეთებ. იცი, როგორ აკურთხებს ადამიანს ღმერთი? იცი, რამდენ სიკეთესა და როგორ კურთხევას გვიგზავნის იგი?!

ამიტომ ყურადღებით იყავით. უმიზნოდ, სულიერი ცხოვრებისთვის უშედეგოდ ნუ დახარჯავთ დროს, თორემ იქამდე დახვალთ, რომ ძლიერად გაგისასტიკდებათ გული და თქვენს სულიერ მოვალეობებს უკვე ვეღარ შეასრულებთ. თქვენ სურვილი გაგიჩნდებათ, რომ საქმით ან საუბრით იყოთ დაკავებული, ანდა იმისათვის, რომ „საქმეში“ იყოთ, თვითონვე შეიქმნით პრობლემებს. როდესაც იესოს ლოცვას და საკუთარ სულიერ მოვალეობებს მივატოვებთ, მტერი ჩვენს სულიერ სიმაღლეებს დაიკავებს და ხორცისა და აზრების საშუალებით შეგვებრძოლება. ის სრულად მოაუძლურებს ჩვენს ძალებს – როგორც სულიერს, ისე – ხორციელს. ის გაგვაწყვეტინებს კავშირს ღმერთთან, რის შედეგადაც ჩვენი სულიერი ვნებების ტყვეობაში აღმოვჩნდებით.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ