image00001

კატუნაკებში ბერ ეფრემის მორჩილებაში – თავი პირველი: ცხოვრება; წიგნი წმინდა იოსებ ისიქასტი

ახალგაზრდა მოღვაწეებმა ბერს მადლობა გადაუხადეს და შეჰპირდნენ, რომ მის რჩევას მიჰყვებოდნენ. მისი ლოცვა-კურთხევის შემწეობით მალე მახლობელ ხარების კალივაში აღმოაჩინეს ხორციელი ძმები, მოხუცებული ბერები იოსები და ეფრემი, რომლებიც ალბანეთიდან იყვნენ. ისინი ახალგაზრდობიდან იმ ადგილას ცხოვრობდნენ და ცდილობდნენ, გულმოდგინედ ეღვაწათ ათონური მონაზვნური ტრადიციების მიხედვით. ამ კალივის პირველი მფლობელი იყო ბერი ნიკოდიმე წმიდა დიონისეს მონასტრიდან¹. მამა ნიკოდიმე ყოველგვარ ქებას იმსახურებს, რამეთუ, მიუხედავად იმისა, რომ განათლებული მწერალი იყო და დიონისიუში საპატიო ადგილი ეკავა მმართველ საბჭოში, ყველაფერი დატოვა და მდუმარება არჩია. სწორედ მან ააშენა ის კალივა ღმრთისმშობლის ხარებისადმი მიძღვნილ მცირე ტაძართან ერთად. ამ ცხონებულმა სულიერმა მხედარმა იქვე დატოვა თავისი, იმ დროისათვის უძვირფასესი, წმიდა მამების ნაშრომებისგან შემდგარი ბიბლიოთეკა, ისევე, როგორც საკუთარი ხელნაწერები. მისმა მემკვიდრეებმა, უპოვარების სულის თანახმად, ყველაფერი დაარიგეს. ამგვარად, ბერები – იოსები და ეფრემი იყვნენ ნამდვილი მეუდაბნოეები, მკაცრი ცხოვრებისა და პატივცემული ბერის ლოცვა-კურთხევის მემკვიდრეები. მათთან ერთად, თურმე, მანამდე კიდევ ორი ხორციელი ძმა ცხოვრობდა: ნიკოლოზი იმ დროისთვის უკვე გარდაცვლილიყო, ხოლო ნიკოდიმე ნეა სკიტის² წმიდა ანტონის კალივაში გადასულიყო, სადაც თავის მორჩილ იოსებთან ერთად ცხოვრობდა, რომელსაც მეფილთაქვე და მეუნაგირეც ერქვა (ამ ხელსაქმეებით იყო დაკავებული). იმ დღეებში გარდაიცვალა მესამე ძმაც, იოსები და ამგვარად, მხოლოდ ბერი ეფრემი დარჩა. მას მეტსახელად მეკასრეს უწოდებდნენ, რადგან ხის კასრებს ამზადებდა ღვინის შესანახად, აგრეთვე რადგან სადურგლო საქმეებსაც კარგად ართმევდა თავს. ეს ბერი იყო უბრალო, უბოროტო, მშვიდი, წყნარი, უკეთილესი და წარმოუდგენლად მდუმარე (უაღრესად ცოტას ლაპარკობდა).

ბაბუა ეფრემმა არ იცოდა როგორ გამოეხატა თავისი სიხარული იმის გამო, რომ ახალგაზრდა მორჩილები შეიძინა. როდესაც მათ ერთგულებასა და გულმოდგინებას ხედავდა, ცრემლებს ვერ იკავებდა. მოწაფეებიც მალევე მოერგნენ მის ცხოვრების წესსა და განრიგს. მოხუცი, თავის მხრივ უბოროტობისა და უბრალო ხასიათის გამო, ყველანაირად ცდილობდა, არ შეეფერხებინა ახალგაზრდების მოშურნეობ და ამიტომ ერთობლივად დღის ისეთი პროგრამა შეადგინეს რომ უმიზნო კონტაქტები შეემცირებინათ, ისევე, როგორც ხელსაქმით გამოწვეული საზრუნავები, ხოლო იესოს ლოცვისა და შინაგანი მუშაობისთვის მეტი დრო დაეთმოთ. როდესაც რაიმე უმნიშვნელო მიზეზის გამო განრიგი ირღვეოდა და მორჩილები ბერს შესჩივლებდნენ ხოლმე, ის პასუხობდა:

არც მე მომწონს ეს, მაგრამ მრცხვენია, რომ ვთქვა ასეთი მორიდებულობა ჩვევად მექცა და მთელი ცხოვრება ვიტანჯები მის გამო. ამიტომ თქვენ გამოიჩინეთ ინიციატივა და აიღეთ პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ შევძლებთ შევინარჩუნოთ მდუმარე ცხოვრების წესი.

სხვა მიზეზების გარდა, კიდევ ერთი რამ აბრკოლებდა მათ მყუდროებას: იქაური მამები კატუნაკებისკენ სიმოკლისთვის ბერი ეფრემის ეზოს გავლით მიდიოდნენ და ბრუნდებოდნენ. ამას ემატებოდა ის, რომ კალივების დღესასწაულებზე მამები ერთად იკრიბებოდნენ სხვადასხვა აუცილებელი სამზადისის შესასრულებლად. დაბოლოს, კასრების დამზადება საკმაოდ შფოთიანი ხელსაქმე იყო წელიწადის იმ პერიოდებში, როდესაც დამკვეთებს კასრები სასწრაფოდ სჭირდებოდათ. ეს ყველაფერი დღის განრიგის დაცვას აბრკოლებდა, რასაც შესაბამისი სულიერი დისკომფორტი მოჰყვებოდა.

ახალგაზრდა მორჩილები, განსაკუთრებით კი, ჩვენი მომავალი მოძღვარი, არანაირ კომპრომისს არ თანხმდებოდნენ, რამეთუ ეს უკანასკნელი, ჰქონდა რა იესოს ლოცვისადმი მოშურნეობაცა და გამოცდილებაც, გრძნობდა, რომ პროგრამის დარღვევა უარყოფითად მოქმედებდა მის სულიერ მდგომარეობაზე და ლოცვის შეკავება უჭირდა. ვფიქრობ, ამას გაიგებენ ისინი, რომელნიც გრძნობენ საკუთარ თავში ლოცვის მოქმედებას, ეს ლოცვა კი მათ აიძულებს არ დაივიწყონ იგი.

ფრანცისკოს სურდა, მეტად ეღვაწა იესოს ლოცვაში, რასაც მდუმარება და გონებისადმი ყურადღება სჭირდება, როგორც ამას წმიდა მამები გვასწავლიან. ამ მიზნით მან ერთ-ერთ განაპირა ადგილას, მომრგვალო კლდის ქვეშ გამოქვაბულისმაგვარი რამ მოიწყო, გარედან კი ფიცრები მიაფარა. ყოველ საღამოს იქ მიდიოდა და მზის ჩასვლიდან დაწყებული, ექვსი საათი განუწყვეტლად იესოს ლოცვას ამბობდა. იჯდა ერთ დაბალ ხის სკამზე და გონება გულში ეჭირა. ეს იყო დამატებითი, საგანგებო, ინტენსიური სულიერი ღვაწლი, რომელსაც ჩვეულებრივი მონაზვნური მოვალეობების გარდა ასრულებდა³. ასეთი მკაცრი ყოველდღიური მოღვაწეობის შემდეგ თავის სენაკში მიდიოდა და ისვენებდა. იმისათვის, რომ დრო სწორად გამოეთვალი მაღვიძარა ჰქონდა, რომელიც ექვსი საათის შემდეგ რეკავდა და ამგვარად იგებდა, რომ ლოცვითი კანონის დრო ამოიწურა. ამ საათს ისე შორს დებდა, რომ მხოლოდ ზარის ხმა აღწევდა მის სმენამდე.

ხასიათით ჩვენი მოძღვარი მიზანმიმართული, გაბედული, მოწესრიგებული, განრიგსა და გადაწყვეტილებებში უკომპრომისო და შეუვალი ადამიანი იყო. ეს თვისებები მან ცხოვრების ყველაზე რთულ წუთებშიც კი შეინარჩუნა. მრავალ შრომატევად სულიერ ღვაწლს შორის ყველაზე მეტად იესოს ლოცვის, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით, გამომუშავებაზე ზრუნავდა – ისე, როგორც მას საღმრთო მადლმა გონების გულში შეკავება ასწავლა. ამ სულიერ საქმიანობას დიდი გულმოდგინებით ეწეოდა და მასზე წინ არანაირ სხვა მოღვაწეობას არ აყენებდა.

ერთხელ, რომელიღაც საუფლო დღესასწაულზე – მგონია, ნათლისღება იყო – მამა არსენი და ბერი ეფრემი, ჩვეულებისაებრ, მეზობელ კალივაში გადავიდნენ ღამისთევაზე. ფრანცისკო არ წავიდა, არამედ თავის ხელოვნურ გამოქვაბულში დარჩა, სადაც იესოს ლოცვასა და შინაგან ყურადღებას მისცემოდა. გვიამბობდა:

-საკუთარ თავში ვიყავი ჩაძირული და იესოს ლოცვით ვტკბებოდი. უეცრად ნათლით გავივსე. ეს ნათელი ნელ-ნელა იზრდებოდა მანამ, სანამ მთელი იქაურობა არ მოიცვა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო ჩვეულებრივი, დღის ნათელი. უცებ სამი ბავშვი გამოჩნდა, დაახლოებით ექვსი-რვა წლისა, რომლებიც ყველაფერში ერთიმეორეს ჰგავდნენ ნაკვთებითაც და მთელი გარეგნობით. ისეთი ლამაზები და მომხიბვლელები იყვნენ, რომ მათმა ხედვამ ყველა ჩემი საგრძნობელი დაატყვევა. ვეღარაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ განცვიფრებას მივეცემოდი. ჩემგან ახლოს, სულ რამდენიმე მეტრში იდგნენ, შემდეგ კი ჩემკენ წამოვიდნენ ერთდროულად, მწყობრი ნაბიჯით. ისე მოძრაობდნენ და ისეთი გარეგნობა ჰქონდათ, როგორც ერთ კაცს, მაგრამ იმავდროულად სამნი იყვნენ. ძალიან ლამაზად გალობდნენ: „რაოდენთა ქრისტეს მიმართ ნათელ-იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ, ალილუია“⁴. როდესაც მიახლოვდებოდნენ, მეგონა, რომ ხელს თუ გავიშვერდი, მივწვდებოდი. შემდეგ ისევ რიტმულად უკან დაიხიეს, მაგრამ ისე, რომ ჩემთვის ზურგი არ შეუქცევიათ, „ალილუიას“ გალობაზე კი მაკურთხებდნენ, თანაც პაწაწინა თითები ისე ჰქონდათ დაწყობილი, როგორც მღვდლებს სჩვევიათ.

როდესაც ცნობისმოყვარეობით ვკითხე, რას ფიქრობდა იმ დროს, მომიგო, რომ ასეთ წუთებში ადამიანს არანაირი აზრი ან კითხვა არ აქვს, რადგან გონება ღმერთის ხედვითაა დატყვევებული, საღმრთო მადლის მიერ ნათლდება და ამიტომ არაფერს აკეთებს თავისით.

ერთადერთი, რაც მახსოვს, აგრძელებდა ბერი, არის ის, რომ ვიყავი უბედნიერეს მდგომარეობაში. ვგრძნობდი იმას, რაც პეტრე მოციქულმა გამოხატა სიტყვებით: „კეთილ არს ჩუენდა აქა ყოფა.“ თანაც მიკვირდა, ასეთმა პატარა ბავშვებმა მღვდლებივით დალოცვა სად ისწავლეს-მეთქი. ეს მდგომარეობა იმდენ ხანს გაგრძელდა, რამდენიც ღმერთის მადლმა და კაცთმოყვარეობამ ინება, შემდეგ კი, ბავშვებთან ერთად ის ნათელიც გაქრა. მაშინ გონს მოვეგე და მივხვდი, რომ ჩვეული ლოცვის დრო ამოწურულიყო და თურმე მაღვიძარას ხმა არ მესმოდა.

ამ გამოცხადების შემდეგ ფრანცისკოს ლოცვის მადლი მოემატა, ხოლო მდუმარების წადილი კიდევ უფრო გაეზარდა. მის გონებას არ სურდა, რამე ამქვეყნიურზე ეფიქრა. მაგრამ, იმავდროულად, განსაცდელებმაც იმატა, ხოლო გარემოს მიერ გამოწვეული წინააღმდეგობის ატანა უკვე გაუსაძლისი გახდა. ორიდან ერთი უნდა აერჩიათ: ან უარი უნდა ეთქვათ საკუთარ განრიგსა და ცხოვრების წესზე და გარემოს მოთხოვნებს დაჰყოლოდნენ, ან სხვა ადგილას გადასულიყვნენ, რათა დასახული სულიერი მიზნისთვის ემსახურათ. საბოლოოდ, მეორე არჩიეს. გარშემო მცხოვრები მამები უყვარდათ და ამიტომ მათთან უთანხმოება არ იქნებოდა სწორი.

ერთხელ ახალგაზრდებმა ბერი ეფრემი მოიხმეს და დაწვრილებით აუხსნეს მდგომარეობა, ხოლო რადგან მასაც ყველაფერი კარგად ესმოდა, ჰკითხეს, რა აჯობებდა გაეკეთებინათ. როდესაც ბერი დაეთანხმა, რომ მამებთან კამათს სხვა ადგილას გადასვლა სჯობდა, დატოვეს იქაურობა და წმიდა ბასილის სკიტში დასახლდნენ, რომელიც შედარებით მაღლა მდებარეობს და უფრო მიუვალი, მდუმარებისთვის კი შესაფერისია.

კატუნაკებში ცხოვრების დროს ბერმა ეფრემმა ფრანცისკო დიდ სქემაში აღკვეცა და სახელად იოსები დაარქვა. მსახურება წმიდა ათანასეს გამოქვაბულში შესრულდა იქ მოღვაწე მღვდელმონაზვნის მიერ.


წიგნიდან “წმინდა იოსებ ისიქასტი” – ბერი იოსებ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2022

Share