C54I1105 2019 07 02 07 10 04

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – რას გვასწავლის პანდემია?

რას გვასწავლის პანდემია?

ეკლესიას განსაცდელების გადალახვის თავისი საშუალება აქვს.

გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ადამიანურად ჩვენზეა დამოკიდებული. ვმადლობთ ყველა პასუხისმგებელ პირს: მეცნიერებს, პოლიტიკოსებს, ხელისუფლებას – ყველას, ვინც გვეხმარება და გვიხსნიან, თუ როგორ მოვიქცეთ ამ რთულ სიტუაციაში. არ უგულებელვყობთ ობიექტურად რთულ მდგომარეობას, თუმცა ჩვენ, ქრისტიანებს გვაქვს საშუალება გადავლახოთ ის განსაცდელები, რაც ჩვენს ცხოვრებისეულ გზაზე გვხვდება. ამიტომაც, მოდით ამ პრობლემას წინდახედულად შევხვდეთ, გავითვალისწინოთ ყველა რეკომენდაცია: საზოგოებრივი, სამედიცინო და სხვა. მაგრამ პირველ რიგში მივენდოთ ღმერთს, ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელსა და ჩვენს ეკლესიას. ეკლესია კი რთულ პერიოდებში ყოველთვის ლოცვისკენ მოგვიწოდებს.

მხოლოდ ლოცვას შეუძლია მიმდინარე მოვლენების შეცვლა!

კრიტიკული სიტუაციის გადალახვა ლოცვითაა შესაძლებელი. ძალიან ბევრი ლოცვაა საჭირო. საჭიროა ადამიანები, რომლებიც თავიანთი ლოცვის ძალით შეცვლიან არსებულ განსაცდელს. ეს მხოლოდ ლოცვას შეუძლია. ყველა სხვა ზომა და საშუალება ადამიანურია, რომლებიც რათქმაუნდა კარგი და საჭიროა, მაგრამ ლოცვას მართლაც წამისყოფაში შეუძლია ყველაფრის შეცვლა. ამ გზით დაიძლევა განსაცდელი, რომელიც თავის მხრივ ბევრ რამეს გვასწავლის.

გვანახებს საკუთარ სისუსტეს. მატერიალურის წარმავალობას და გვეხმარება იმის გაცნობიერებაში, რომ ჩვენი ერთადერთი მისწრაფება ქრისტე უნდა იყოს. როგორც უფალი ამბობს სახარებაში: ”ეძიებდით უპირველესად სასუფეველსა ცათასა”. ყველაფერ დანარჩენს კი ქრისტე მოგვცემს. ქრისტე – აი ის, ვინც ნამდვილად გვჭირდება. ამიტომაც, ეკლესია ლოცვითი ღვაწლისკენ მოგვიწოდებს. საჭიროა ლოცვა, რომელიც სიმდაბლითა და სინანულით აღევლინება.

მივართვათ ქრისტეს გულმხურვალე ლოცვა, რომელიც მდაბალ გულში ცოცხლობს. უფალიც მოგვხედავს და შეცვლის ისტორიის მსვლელობას.

ლოცვით მართლაც ყველაფერი იცვლება! თუ არ ვლოცულობთ, მაშინ მხოლოდ ადამიანური გზით მივდივართ, რომელიც არ ვიცით, თუ სად მიგვიყვანს.

ტაძრები ღია იქნება, ვისაც სურს მოვიდეს!

DJI 0568.00 00 23 07.Still002
სტატიაში/ამონარიდში გამოყენებული ფოტო/გრაფიკული მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge ©

ტაძრებში მსახურება არ შეწყდება. ჩვენ, სასულიერო პირები აღვასრულებთ იმ მოვალეობას, რაც უფალმა დაგვაკისრა. როგორც ეკლესიის მწყემსნი, ვლოცულობთ და აღვასრულებთ ევქარისტიას მთელი სამყაროსთვის. ვისაც სურს, მოვიდეს! თუკი ვინმე გრძნობს გართულებას, ძალების უკმარისობას, მოიქცეს ისე, როგორც საჭიროდ თვლის. ჩვენ არავის განკითხვის უფლება არ გვაქვს. მთელი სამყაროსთვის ვლოცულობთ, თითოიული ადამიანისთვის.

ვიღაც იკითხავს: ჩვენ ვინც ტაძარში მოვდივართ არ დავსნეულდებით? დიახ, ჩვენც მოვკვდებით. ვინ თქვა, რომ უკვდავები ვიქნებით?

თუკი მაინც მოვკვდებით, ჯობია ისე მოვკვდეთ, რომ მართლები ვიყოთ საკუთარი თავისა და ღმერთის წინაშე.

წმინდა ნეოფიტე დაყუდებული ამბობს, რომ ღვთის შიში სიკვდილის ხსოვნასთან ერთად, ძალიან დიდი სიკეთეა, რადგან შეგვახსენებს, რომ წავალთ ამ ამაო სამყაროდან და ქრისტეს წინაშე წარვსდგებით.

რას გვაძლევს ეკლესია? უშიშრობას. სიკვდილის შიშზე გამარჯვებას. გამონაკლისის გარეშე ყველას გველის ბიოლოგიური სიკვდილი. ის, ვისაც სწამს ქრისტესი კი გარდაიცვლება, მაგრამ გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში და არასოდეს მოკვდება სულიერად. ყველაზე საშიში სწორედ ესაა – მარადიული განშორება ქრისტესგან. ესაა ყველაზე საშიში, რადგან ბიოლოგიური სიკვდილი დროებითია, სულიერი – მარადიული.

როგორებიც არ უნდა ვიყოთ, წმინდანები თუ ცოდვილები, სიკვდილის კარში ყველანი შევალთ. არავის ეშინოდეს სიკვდილის. სიკვდილი აღარ არსებობს, არის მარადიული სიცოცხლე ქრისტესთან!

ასეთი რწმენით უნდა გადავლახოთ ეს განსაცდელი. პანიკისა და შიშის გარეშე. იესუ ქრისტეს მუდმივი მოხმობით.

ვიცით, რომ სიკვდილი დროებითიდან მარადიულში გადასვლაა. დღევანდელი კრიზისი ჩვენი რწმენის, ცხოვრების წესის, აზრებისა და ღმერთთან კავშირის გამოცდაა.

ეკლესია მლოცველია და მსახური ცოცხალი ღმერთისა, რომელიც შორს დგას ადამიანური გათვლებისა და ანგარებისაგან. ის არ გვასწავლის უგულვებელყოფას ადამიანური ძალისხმევისა, არამედ გვაძლევს ძალას, რომ დავამარცხოთ სიკვდილის შიში, რომელიც სიყვარულით მიიღწევა. სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს. ქრისტეს მოყვარულს არაფრის ეშინია. არანაირი ამქვეყნიური განსაცდელი მას ვერ მოდრეკს, რადგანაც ქრისტესმიერი სიყვარული სძლევს შიშს და მის გულს მარადიული სიცოცხლის განცდას აძლევს.

ქრისტეს ნათელის გარეშე წყვდიადი აუტანელია.

ქრისტეს სიკვდილით სიკვდილი მოიკლა. მივენდოთ ქრისტეს და მის ყოვლადწმიდა დედას. უკან დაუხევლად, სულიერი სიმშვიდით ვიაროთ წინ. ასეთ შემთხვევაში სხვებისთვისაც მანუგეშებლები ვიქნებით. წარმოიდგინეთ, როგორი უიმედობა, შიში და დაუცველობაა იმ ადამიანების გულებში, რომლებშიც არაა ქრისტეს ნათელი! ტრაგედიაა სიცოცხლე ქრისტეს გარეშე!

ამიტომაც ჩვენ, ვისაც გვწამს ქრისტესი და მოუკლებლად მოვუხმობთ მის წმინდა სახელს, მივუტანოთ იმედი, სიხარული, სიმშვიდე, ნუგეში და სიმამაცე ჩვენი ძმების და დების გულებში ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს შეწევნით. ამინ!

წყარო: https://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com/.