FW3A0875

წმინდა სილუან ათონელი – როცა სულიწმინდა გვასწავლის

უფალმა თქვა: „სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს” (ინ. 12:26). მაგრამ ადამიანები ვერ სწვდებიან წმინდა წერილს; ის მათთვის გაუგებარია. ხოლო როცა სულიწმინდა გვასწავლის, მაშინ ყველაფერი გასაგები ხდება და სული თავს ზეცაში გრძნობს, რადგან სულიწმინდა ზეცაშიც არის, მიწაზეც, წმინ- და წერილშიც და ღმერთის მოყვარულთა სულებშიც. სულიწმინდის გარეშე კი ადამიანები ცდებიან, და მიუხედავად იმისა, რომ განუწყვეტლივ სწავლობენ, ვერც ღმრთის შეცნობას და ვერც მასში განსვენებას ვერ აღწევენ.

ვინც ღმერთის სიყვარული შეიცნო, მას მთელი სამყარო უყვარს და არასო- დეს დრტვინავს თავის ბედზე, რადგან უფლის გულისთვის დათმენილ დროებით მწუხარებას მარადიული სიხარული მოაქვს.

სიმდაბლის არმქონე სულს, რომელიც არ არის მინდობილი ღმრთის ნებას, არაფრის შეცნობა არ შეუძლია; იგი ერთი აზრიდან მეორეზე გადადის, არასოდეს ლოცულობს წმინდა გონებით და არ ადიდებს ღმრთის გულმოწყალებას. ხოლო სული, რომელიც მდაბლადაა მინდობილი უფლის ნებას, ყოველ წამს უხილავად ხედავს ღმერთს, თუმცა ამის გამოსახატავად არაფრის თქმა არ შეუძლია. მას მხოლოდ გამოცდილებით აქვს შეცნობილი უფლის წყალობა და გრძნობს, როდის არის მასთან უფალი. სული იმ ბავშვივით არის უფალს მინდობილი, რომელიც ყოველდღიურად იღებს საკვებს, მაგრამ არ იცის, საიდან მოდის ეს საკვები. სულიც კარგად გრძნობს თავს ღმერთთან, მაგრამ ეს როგორ ხდება, ამის ახსნა არ შეუძლია. უფალო, შენი წმინდა სულით განანათლე შენი ხალხი, რათა ყველამ შეიცნოს შენი სიყვარული.

უფალი თვითონ შთაგვაგონებს ადამიანებისთვის ლოცვას, თვითონვე გვაძლევს ლოცვის ძალას და ლოცვის გამო სულსაც აჯილდოებს. ასეთი მოწყალეა უფალი ჩვენს მიმართ.

Share