სიწმინდეზე საუბრისას, ჩვენ არსობრივად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, უბადრუკი სიტყვით მივმართოთ ჩვენი დროის უმეცრებას, რომელიც ასე ამაყობს ცოდნით და დახმარების ხელი გავუწოდოთ მათ, ვინც თავისი უმეცრებით, გაურკვევლობასა, სასოწარკვეთილებასა და მწუხარებაში იხრჩობა და იღუპება. საკმაოდ ბევრნი, მსურველნი ღვთივსათნოდ ცხოვრებისა, სრულ გაურკვევლობაში ვარდებიან, როდესაც მათზე ზრახვები და ხორციელი ვნებისმიერი განცდები იწყებენ მძლავრობას. მათ ისინი შეჰყურებენ როგორც რაღაც უჩვეულოს, რაც არ უნდა ხდებოდეს და ამის გამო სულის უძლურებასა და მღელვარებაში ვარდებიან, ხშირად ღვთივსათნო ცხოვრების მიტოვებასაც გადაწყვეტენ ხოლმე, მიიჩნევენ რა თავს, ამისათვის უუნაროდ. ეს გახლავთ ყველაზე მცდარი შეხედულება საკუთარ თავზე! ჩვენი ბუნება – დაცემულ მდგომარეობაშია. დაცემულ მდგომარეობაში, ხორციელი სურვილები მისთვის ბუნებრივია და შეუძლებელია მისგან არ მომდინარეობდნენ. ასევე არ უნდა გამოიწვიოს გაოცება ზრახვების, ოცნებებისა და ვნებისმიერი განცდების გაჩენამ: ეს – ბუნებრივი აუცილებლობაა. ყოველი ადამიანი მასზეა დამოკიდებული; მაზე იყვნენ დამოკიდებულნი წმინდა ადამიანებიც.
ეს საკმარისი არ არის. სულიერ ცხოვრებაში წარმატებისათვის, უცილობლად საჭიროა, რომ გაჩნდნენ და ამგვარად გამოვლინდნენ ჩვენი ვნებები. როდესაც მოღვაწეში თავს იჩენენ ვნებები: მაშინ იგი ბრძოლას იწყებს მათთან. ბრძოლაში ჩაბმული და მამაცად მებრძოლი, შეძლებს მოიპოვოს გამარჯვება და შეიმკოს გამარჯვების გვირგვინით, სულიწმინდით. ყველა ჩვენს საყვარელ ძმას მოვუწოდებთ, ყურადღებით გაეცნონ წმინდა მამების ცხოვრებისა და მათ ნაშრომებს: და ჩვენ დავინახავთ, რომ უფლისათვის სათნოდ ცხოვრების მსურველმა ყოველმა მოღვაწემ, განვლო წამებისა და შრომის გზა ამ ბრძოლისას, განვლეს ვნებათა ცეცხლი და ცრემლთა მდინარეები და უვნებობის სიმყუდროვეში შევიდნენ. ღირსი აბბა დოროთე, მონასტრული ცხოვრების დაწყებისას, ძალზედ ევნებოდა ხორციელი სურვილების მიერ და ღირსი ბარსანოფი დიდის დარიგებებისა და რჩევების მიხედვით ებრძოდა მათ. დიდი მამის პასუხები, წარმოადგენენ ჩინებულ სახელმძღვანელოს დაცემული ბუნების შეშლილი და გახრწნილი მოთხოვნილებების წინააღმდეგ ვაჟკაცურად გალაშქრებისა. ერთ-ერთ ასეთ პასუხში, ღირსი ბარსანოფი დიდი, საუბრობს საკუთარ თავზე, თუ როგორ ებრძოდა მას სიძვის ვნება ხუთი წლის განმავლობაში. “ხორცისმიერ აღძრული ბრძოლა, ცრემლიანი ლოცვით ხდება ძლეული”. ღირს ანტონი დიდს, როგორც მის ცხოვრებაშია აღწერილი, მომეტებულად ებრძოდნენ სიძვის ზრახვები და ოცნებები. წმინდანთა უმეტესობას, მათი სულიწმინდით განახლებისა და ნეტარი უვნებობის ნავთსაყუდელში დავანების მიუხედავად, უეცრად სწვევიათ უხამსი ვნებები დაცემული ბუნებისა და მთელი რიგი უწმინდური ზრახვებისა და ოცნებებისა, როგორც ეს ღირსი მაკარი ალექსანდრიელის, იოანიკე დიდისა და სხვათა ცხოვრებაში მოხდა. რამეთუ, წმინდა მამები ამბობენ, რომ საკუთარ სხეულს შეიძლება ვენდოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი საფლავში დაედება.
ჩვენ სწორედ იმისათვის მოვდივართ მონასტერში, რომ საკუთრ თავში მალულად არსებული ვნებები აღმოვაჩინოთ და განვაცხადოთ ჩვენ ბუნების ურთიერთობა იმ ბოროტ ძალასთან, რომელსაც იგი თვითნებურად დაემონა. იმიტომაც ვწყვეტთ კავშირს ერულ ცხოვრებასთან, განვეშორებით ადამიანთა საზოგადოებას, ნათესავებს, ქონებას, რათა ვიხილოთ ჩვენი შინაგანი კავშირები და უფლის მარჯვენით ისინი დავარღვიოთ. მეორე ვერ აღსრულდება, თუკი არ შეესხმება ხორცი პირველს. სწორედ მაშინ მივაღწევთ სულიერ სიმდაბლეს, როდესაც საკუთარ თავში დავინახავთ კაცობრიობის დაცემულობას, მის ტყვეობას, დემონებისა და მარადიული სიკვდილის სასტიკ ბატონობას ჩვენზედ; მხოლოდ მაშინ შევძლებთ, მთელი სულით, გულის სიღრმიდან ამოსული ლოცვითა და ცრემლებით შევღაღადოთ უფალს და ასეთი ღაღადით, საკუთარი დაღუპვის ამგვარად გაცნობიერებითა და უმწეო უძლურების განცდით, შევძლებთ ღმრთაებრივი მადლის მოზიდვას. ამგვარად, ჩვენში გამართული ბრძოლები, ჩვენივე სულიერი წარმატების თანამონაწილედ გვაქცევს, თუკი ვიბრძოლებთ ვაჟკაცურად და არ ვიქნებით ძლეულნი სულმოკლეობისაგან. ღირსი აბბა დოროთე მოგვითხრობს ერთი დიდი მოძღვრის სულიერ შვილზე, რომელსაც ხორციელი ბრძოლები ჰქონდა. მოძღვარმა, ხედავდა რა მის ღვაწლს, უთხრა: გსურს, რომ მე ვილოცო უფლის წინაშე, რათა მან შეგიმსუბუქოს ეს ბრძოლა? – სულიერმა შვილმა უპასუხა: მამაო ჩემო! მართალია ვშრომობ, მაგრამ ჩემში ამ შრომის ნაყოფს ვხედავ: ამიტომაც, უმჯობესია უფალს სთხოვოთ, რომ მან ამ ბრძოლაში მომმადლოს მოთმინება. “ასეთია – ჭეშმარიტად მსურველი ხსნისა!” – აცხადებს ღირსი დოროთე თხრობის დასასრულს. ღირსი პიმენ დიდი, დიდი ღვთისმოშიში მოღვაწის, ღირსი იოანე კოლოვის შესახებ ამბობდა, რომ იგი შეწყალებას სთხოვდა უფლს და განთავისუფლებულ იქნა რა ვნებისმიერი სურვილებისაგან, ურღვევ სიმშვიდეში იმყოფებოდა. მაშინ იგი ერთ, სულიერ ცხოვრებაში ძალზედ გამოცდილ ბერთან წავიდა და აუწყა ყოველივე რაც თავს გადახდა. ბერმა უპასუხა: “წადი, და სთხოვე უფალს, დაგიბრუნოს ის ბრძოლები და ის სინანული და სიმდაბლე, რომელიც ამ ბრძოლების შედეგად გქონდა: რამეთუ, სწორედ მათი მეშვეობით წარემატება სული”. ნუ მოგვიცავს დაბნეულობა, სასოწარკვეთა, სიმხდალე, სულმოკლეობა და უდებება, როდესაც ჩვენში სურვილებისა და ვნებების საზარელი ტალღები აზვირთდება ან ძლიერი ქარების მსგავსად გვეკვეთებიან ჩვენ! წინ აღვუდგეთ ცოდვას: ამ ბრძოლით მოვიპოვებთ ცოცხალ რწმენასა და შემეცნებას უფლისას.
ჩვენ საკუთარი თავისგან მოვითხოვთ მისთვის უჩვეულოს და ამით ვვნებთ მას. ამგვარად, მათ, ვინც ეს-ესაა შეუდგა ღვაწლს და ასე ვთქვათ, გაჟღენთილია ვნებებითა და სურვილებით, სურთ, რომ მათში არ იყოს თანაგრძნობა ზრახვების, ოცნებებისა და ხორციელი შეგრძნებების მიმართ. იგი არსებობს; იგი ბუნებრივია; იგი არ შეიძლება არ იყოს; უგუნურებაა – ეძიებდე შეუძლებელს. სურვილები, საჭიროებისამებრ, უნდა ჩნდებოდნენ მათ მიერ დასნებოვნებული ბუნებიდან; მაგრამ, რა ჟამსაც და რა ფორმითაც არ უნდა წარმოჩინდნენ ისინი, ჩვენ უმალ, საკუთარ თავზე იძულებით უნდა შევეწინააღმდეგოთ მათ ზემოთხსენებული მეთოდებით. საკუთარი ბუნების ძლიერი ნების საწინააღმდეგოდ, მხოლოდ გონების უძლური ნების მოქმედებით (რომ.7:23) და ღმრთის სიტყვის ხელმძღვანელობით, გავთავისუფლდეთ საკუთარი თავის ტყვეობისაგან, საკუთარი ძველი კაცისაგან, საკუთარი დაცემული ბუნებისაგნ. “სასუფეველი ცათაი იიძულების”, გვითხრა ჩვენ უფალმა, და მხოლოდ ვინც აიძულებენ საკუთარ თავს, დაიმორჩილებენ რა საკუთარ ცოდვილ ნებას, “მათ მიიტაცონ იგი”(მთ.11:12). მაშინ აშკარა გახდება უფლის მადლისმიერი შეწევნა: და მისი შეწევნის პირველი ნიშანი იქნება “უვნებელი ზრახვა”, როგორც წმინდა იოანე კიბისაღმწერელი ამბობს, ესე იგი, თანდათანობით, გონებაში ჩნდება გულგრილობა სიძვის ზრახვებისა და ოცნებებისადმი, ნაცვლად მათდამი თანაგრძნობისა, რომლისგანაც მიიტაცებოდა გონება და იძლეოდა მისგან ყოველ ჯერზე და წინააღმდეგობის გასაწევად არ იქნება საჭირო ზედმეტი ძალისხმევის გამოყენება.
ქალწულნო, ანუ თქვენ, რომელთაც სიძვის ცოდვაში სხეულით ჩავარდნით, არ გიგემიათ სულიერი სიკვდილი! გაუფრთხილდით თქვენს ქალწულებას, როგორც ძვირფას საგანძურს: სწორი მონაზვნური ცხოვრების შემთხვევაში, თქვენში არ შენელდება, წმინდა მამების მიერ, ეგრეთ წოდებული, სულიერი მოქმედება, ან სულიწმინდის მოქმედება სულზე. მოქმედება, სულის მიერ განეცხადება სხეულს და გამოცდილებისეულად გვიდასტურებს, რომ ჩვენი სხეული, სულიერი ტკბობისათვის არის შექმნილი, რომ იგი, დაცემის შედეგად, ცხოველურ სიამოვნებათა თანაგრძნობამდე დაეშვა, და რომ ჭეშმარიტი სინანულის გზით, მას შესაძლოა კვლავ დაუბრუნდეს სულიერი სიამეებისადმი სწრაფვის სურვილი. თუმცაღა! ადამიანმა, რომელიც თავისი მრავლისმცოდნეობით იქადის, დაკარგა ადამიანის სხეულის მიერ სულიერის განცდის ცოდნაც კი. ამ უნარების გაჟღერებას, უნდობლობით იღებენ ყურად, როგორც ახალ და უცნაურ სწავლებას. არც ახალია იგი და არც უცნაური! გადახედეთ წმინდა მამათა წერილებს: თქვენ იპოვით მათში ამ სწავლებას. თუკი ჩაუღრმავდებით, თქვენ მას იპოვით წმინდა წერილში.
უფლის მიერ კაცობრიობისათვის მიძღვნილი გამოსყიდვა, აღსავსეა გამოუთქმელი, უხვი წყალობით, რომელიც მათ მიერ დასტურდება; მაგრამ ჩვენ, ვკმაყოფილდებით რა სიტყვების ზედაპირული გაგებით, არ გვსურს შევიძინოთ გამოცდილებისეული ცოდნა, რომელიც მოითხოვს ჯვარცმას (გალ.5:24), და ამით საკუთარ თავს ვაკლებთ ცოცხალ შემეცნებას. იცვლება შეგრძნება გულისა, რომელიც სულიერ ნეტარებასთან ხდება თანაზიარი. ასეთი გული, სიძულვილით ივსება სიამეთმოყვარეობის მიმართ და შესაშური სიმამაცით უწევს წინააღმდეგობას მის სურვილებსა და მიდრეკილებებს და ცრემლებით შესთხოვს უფალს ამ მყრალი ჭაობიდან ამოყვანას.
ღვთის განგებულებით დაქვრივებულნო, მსურველნო ამ მდგომარეობისა ან ვალდებულებით მტვირთველნო! არ შეწყვიტოთ უფლისადმი გულმხურვალედ და სიმდაბლით ლოცვა და იგი მოგმადლებთ თქვენ ძლევას როგორც საკუთარ ბუნებაზე, ასევე იმ უნარებზე, რომლებიც ფესვგადგმულან და ამყარებენ ბუნების ძალასა და უფლებას. ნუ იტყვით უარს საკუთარ თავთან ბრძოლით გამოწვეულ ხანმოკლე მწუხარებაზე: არაფერია ეს მწუხარება იმ ნუგეშთან შედარებით, რომელიც ახლავს ამ ბრძოლაში გამარჯვებას; არაფერია ეს მწუხარება იმ თავისუფლების შეგრძნებასთან შედარებით, რომელიც ამ გამარჯვების შემდგომ დაივანებს სულში.
მრუშობისა და გარყვნილების უფსკრულში მყოფნო! ისმინეთ ხმა, სინანულისაკენ მხმობელი და მიიღეთ მსოფლიოს მკურნალის, უფლისაგან, მის მიერ ბოძებული ყოვლისშემძლე წამალი სინანულისა. ეს წამალი უკვე გამოცდილია. მან მრუშნი უმწიკვლოების ეტალონად და გარყვნილნი წმინდანებად და მართლებად აქცია. ეშმაკის ჭურჭელნი, მან სულიწმინდის ჭურჭლად აქცია, – და უამრავმა მონანულმა ცოდვილმა სულიერი ასპარეზი განუმზადა მოღვაწეებს, რომლებსაც არ ეგემათ ცოდვანი სასიკვდილო. თითოეული ქრისტიანის ღირსება, ჩვენი მხსნელია, და ადამიანთა შორის იგია ღირსებით აღმატებული სხვებზე, რომელმაც ყველაზე მეტად შეითვისა საკუთარ არსებაში მხსნელი.
ქალწულებაში მცხოვრები უამრავი წმინდა მამა, საკუთარ თავს უწმინდურსა და მრუშს უწოდებდა; ესეც არ კმარა! ზოგიერთი მათგანი, სიძვის ცოდვაში ცილისმწამებლური მხილებისას, თავსაც არ იმართლებდა, არადა, თავისუფლად შეეძლოთ ამის გაკეთება და როგორც ნამდვილად დამნაშავენი, სასჯელსა და მწუხარებას განუკუთვნებდნენ თავს. ასეთი ქცევა, შესაძლოა ერთი შეხედვით უცნაური ჩანდეს: იგი ღვაწლის იმ თვისებით განიმარტება, რომლის მეშვეობითაც მიიღწევა წმინდა სისპეტაკე. ამ ღვაწლის მიერ, ძალზედ ნათლად აშკარავდება ბუნების დაცემულობა, მოღვაწისათვის ხელშესახებად დასტურდება, მის მიერ დაცემული ბუნების მოთხოვნილებების მიმართ მორჩილება და ბუნების წიაღიდან უფლის მარჯვენას გამოჰყავს რა, მას არ შეუძლია საკუთარ თავი არ მიიჩნიოს მრუშად. სიწმინდე, მასში უფლის მოქმედებაა და არა ბუნების თვისება და ნაყოფი მისი ძალისხმევისა. საკუთარ თავზე ამგვარი წარმოდგენის შექმნასა და გათავისებაზე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ღვაწლის ხანგრძლივობა. დარწმუნებით შეიძლება მტკიცება, რომ წმინანნი უფლისა, უფრო მეტად მიიჩნევენ თავს უწმინდურებად და მრუშებად, ვიდრე ისინი, ვინც სხეულებრივი სურვილებით მცხოვრებნი, გამუდმებით სიძვაში იძირებიან. “საკუთარი თავის ამგვარად ხედვიდან გამომდინარე, კაპადოკიის, კესარიის მთავარეპისკოპოსი, წმინდა ბასილი დიდი, სულიწმინდის მატარებელი კაცი, საკუთარ თავზე ამბობს შემდეგს: “არ შემიცვნია მე ქალი, მაგრამ – მე არა ვარ ქალწული”. მგლოვარების განცდის როგორი სიღრმეა ამ სიტყვებში!
უსაზღვრო წყალობამ ღმრთისამ, დაე მიგვაახლოვოს წმინდა სისპეტაკესა და სიმდაბლეს უფლის წმინდანთა. ამინ.
წყარო: http://azbyka.ru
სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©
რუსულიდან თარგმნა ქრისტინე დოლბაიამ