სანთელი 1

უეცარ სიკვდილზე – არქიმანდრიტი ეფრემი (ვატოპედელი)

დღესდღეობით, როცა მეცნიერება და ტექნოლოგია სწრაფი ტემპით ვითარდება, მიმდინარეობს კულტურული გლობალიზაცია და ღირებულებები საგრძნობლად ქვეითდება, ადამიანები სიტყვა “სიკვდილსაც” კი გაურბიან და ყველაფერი, რაც კი მას აგონებთ, ხშირად უგულებელყოფილი და უარყოფილია. თანამედროვე ადამიანი სიკვდილს უარყოფით ჭრილში ხედავს და აღიქვამს როგორც დანაკარგს; ხშირად, მიცვალებულებზე ვიძახით: “ჩვენ ის დავკარგეთ”. ხოლო ვისაც არ გააჩნია მართებული წარმოდგენა სიკვდილის შესახებ, ცდილობს თავი აარიდოს ამ საკითხს. ამიტომაც, ადამიანი გამუდმებულ შფოთშია, მოკლებული ცხოვრების ჭეშმარიტ არსს.

გულის ფუნქციის შეჩერება და ან კიდევ ტვინის სიკვდილი – კერძოდ, ბიოლოგიური, კლინიკური გარდაცვალება – არ არის ადამიანისთვის ბუნებრივი ან უფლისთვის საამო მდგომარეობა. “რამეთუ ღმერთმან სიკუდილი არ დაჰბადა” (სიბრძნე სოლომონისა 1, 13). სიკვდილი ადამიანის ბუნებაში შემოიჭრა და პარაზიტივით მოქმედებს, იგი წინაპრების ცოდვით არის განპირობებული. შეუძლებელია ბოროტებას დასაბამი ღვთისგან მიეღოს, რამეთუ ღმერთი კეთილია. როდესაც ის ადამიანს ქმნიდა, მას ის მოკვდავად არ შეუქმნია. სიკვდილი ცოდვის ჩადენის შემდგომ გამოჩნდა. “რამეთუ, რომელსა დღესა შჭამოთ მისგან, სიკუდილითა მოსწყდეთ” (დაბადება 2, 17). Მართლაც, ამბობს პავლე მოციქული: “მისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით – სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს” (რომაელთა მიმართ 5, 12). ანუ, წინაპრების ცოდვის შედეგად სიკვდილმა დაისადგურა ადამიანის ბუნებაში და მიერითგან დანარჩენ ქმნილებაზე გადაინაცვლა.

უფალი, თავისი მიუწვდომელი განგებულებით, ადამიანს იმით იცავს, რომ სიკვდილის დრო უცნობი რჩება მისთვის. მართლმადიდებლური მოძღვრების თანახმად, თუ ადამიანს საკუთარი გარდაცვალების ჟამი ეცოდინება, ის დაუსრულებელ ცოდვას მიეცემა, სათნოების უკუგდებით. გარდაცვალების დროის არცოდნა, კაცს სიფხიზლეს სძენს და მზადყოფნას უნარჩუნებს.  “იღჳძებდით უკუე, რამეთუ არა იცით, რომელსა ჟამსა უფალი თქუენი მოვიდეს” (მათე 24, 42), კერძოდ, ან გარდაცვალების ჟამს, ან კიდევ, უფლის მეორედ მოსვლისას.

თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ უფალს სიამოვნებს (ადამიანის) უეცარი გარდაცვალება. ჩვენი ეკლესიის მსახურების დროს, ერთ-ერთი ლოცვაში, ვევედრებით უფალს სხვა განსაცდელებთან ერთად უეცარი სიკვდილისგან დაგვიცვას. “Მერმეცა ვევედრნეთ, რაითა დაიცუას უფალმან ღმერთმან ჩუენმან წმიდაი ესე ეკლესიაი და ქალაქი ესე და ყოველნი ქალაქნი და სოფელნი სიყმილისა, სრვისა, ძვრისა, დანთქმისა, ცეცხლისა, მახვილისა და უცხოთესლთა ზედამოსვლისა, ბრძოლისა და სიკუდიდშემოსილისა წყლულებისაგან” (ლოცვა შუაღამიანიდან).

ეკლესია მხოლოდ თავისი მრევლისთვის, ანუ მორწმუნეებისთვის კი არ ლოცულობს, არამედ, მთელი სამყაროსთვის და მის შიგნით არსებულ პოტენციურ წევრთათვის. როგორც მოსიყვარულე დედა, ის გულისყურს აპყრობს და მზრუნველობას იჩენს მთელ მსოფლიოში გაფანტული ყოველი შვილის მიმართ, რათა დაიცვას ყოველგვარი ბოროტებისგან და მიანიჭოს აურაცხელი სიკეთე და მადლი. ამ მიზეზით, ეკლესია მხოლოდ მართლმადიდებლებისთვის კი არ ლოცულობს, არამედ, ასევე, “ქუეყანისათა და ჟამთა მშვიდობისათვის… მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, მშრომელთა, ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის”.

უეცარი სიკვდილი ურწმუნოსათვის, ათეისტისათვის, და იმათთვის ვინც არ შეინანებს, გადაიქცევა შიშისმომგვრელ მოვლენად საზარელი შედეგებით, რადგანაც, უფლის მიერ ნაჩუქარი დრო, სათანადოდ არ იქნა გამოყენებული. მას არ დაუმოწმებია უფალთან ყოფნის პოზიცია, გამოხატული საკუთარი თავის და ამასოფლის უარყოფაში. ეს იმით დასტურდება, რომ მას არ შეუნანია და ღმერთის გაუთვალისწინებლად ცხოვრობდა. ამიტომაც, მისი ზიარება უფალთან, მარადიულ და ღვთაებრივ ნეტარებაში თანამონაწილეობა, ეჭვქვეშ დგება გარდაცვალების შემდგომ. ზემოთხსენებული მუდარა უფალს, რომ დაგვიცვას უეცარი სიკვდილისგან, ზუსტად, ასეთ ადამიანზეა მიმართული.

თუმცა, მორწმუნეს, რომელიც ჭეშმარიტ, მართლმადიდებლურ სულიერ ცხოვრებას ეწევა, უეცარი სიკვდილი ვერას ავნებს, რადგანაც მისთვის ის (სიკვდილი) არაარსებითი ხდება. ადამიანის სულიერი მდგომარეობა რაც უფრო მაღალ საფეხურზეა, მით ნაკლებად უფრთხის გარდაცვალებას; მეტიც, იმასაც კი ვიტყოდით, რომ ასეთ ადამიანს სიკვდილის მოახლოება სწადია. ოღონდაც, ეს იმის გამო არა, რომ მას ცხოვრება სძულს ან საკუთარ სხეულს აღიქვამს როგორც საპყრობილეს, როგორც პლატონისტ ფილოსოფოსებს სჯეროდათ. არამედ, ქრისტიანს უყვარს ცხოვრება და სურს ჭეშმარიტ სიცოცხლეს, თვით ქრისტეს, თანაეზიაროს. მაშასადამე, ის (მორწმუნე) პავლე მოციქულთან ერთად წარმოთქვამს: “რამეთუ ჩემდა ცხორებაჲ ქრისტე არს, და სიკუდილი – შესაძინელ. ხოლო ცხორებაჲ ესე ჴორცითა ამის ესე არს ჩემდა ნაყოფ საქმისა, და რომელი გამოვირჩიო, არა უწყი. ხოლო შეპყრობილ ვარ ორთა ამათგან: გული მეტყჳს განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად, უფროჲს და უმჯობეს ფრიად” (ფილიპელთა მიმართ 1, 21-23).


წყარო: http://Pemptousia.com

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

ინგლისურიდან თარგმნა ელენე ჩხაიძემ

Share