იოანე ნათლისმცემელი

წმინდა იოანე ნათლისმცემლის სულიერი ცხოვრებისა და მსახურების შესახებ – წმინდა ნიკოლოზ სერბი

კიდევ ერთხელ და მრავალგზის წაიკითხეთ ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს სახარება და ღმრთის სიყვარულისა და მისი სიბრძნის გამოუთქმელი წყაროდან შესვით და იგრძნობთ, თუ როგორ მრავლდება თქვენს სულში სიჯანსაღე, ძალა, სიხარული და სიცოცხლე.

უფალი ამ სამყაროში შემოდის, რათა განკურნოს, განაახლოს და მკვდრეთით აღადგინოს თავისი ქმნილება. როგორ მოდის? როგორც მხედართმთავარი, რომელსაც მრავალრიცხოვანი მხედრობა მიუძღვის წინ და უკანაც მიჰყვება. ვიღაც შეიძლება პორფირით შემოსილ ძლევამოსილ უფლისწულს ელოდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ პირუტყვთა ბაგაში შობილ ყრმას!

ვიღაც შეიძლება დიდებულ გენერალს ელოდა, რომლის დასაცავადაც ტყესავით აღიმართებოდა შუბების სიმრავლე. ჩვენ კი ვხედავთ უიარაღო, თითქოს დაუცველ და უბოროტო ყრმას, რომლის შობის წუთებიდანვე მიწიერმა მეფეებმა და დიდებულებმა ნადირობა დაიწყეს მასზე.

ზოგიც ოქროს ორთვალა ეტლზე ამხედრებულ, ბრწყინვალედ მოსილ მეფეს ელოდა, ჩვენ კი ვხედავთ უბრალო დურგალს, რომელიც ნაზარეთიდან იორდანემდე ხანგრძლივ, რთულ, ეკლიან, მტვრიან და ქვიან ბილიკებზე მიაბიჯებდა, რათა იოანე ნათლისმცემლისთვის მოედრიკა თავი და სხვა ადამიანებთან ერთად, მისგან მონათლულიყო.

,,მაგრამ სად არის მისი მხედრობა?’’ – შეიძლება იკითხოთ. აი, აქ არის, მის ირგვლივ, მის წინ და მის უკან. ეს არის ბრწყინვალე და ნათელმოსილ ანგელოზთა მხედრობა, რომლებიც ქრისტეში თავიანთ მხედართმთავარსა და მეფეს ჭვრეტენ. მათ დაუოკებელი სურვილი აქვთ, რომ ქერუბიმთა ეტლით ატარონ ის, მაგრამ მას ეს არ ნებავს. მათ სურთ, რომ ის მზით შემოსონ და ვარსკვლავებით გაამშვენონ, მაგრამ მას ეს არ ნებავს. მათ სურთ, რომ საყვირის ხმით მთელ სამყაროს აცნობონ მისი მოსვლა; სურთ, რომ თავიანთი ძალმოსილებით დედამიწაზე ყველა ადამიანს სულიერი თვალი აუხილონ, რათა მათ შეიცნონ უფალი იესუ ქრისტე. მათ სურთ და შეუძლიათ კიდეც, რომ აამატყველონ ხე, ქვა, წყალი, ჰაერი რათა მთელი ბუნება ,,ოსანას’’ შეძახილით შეხვდეს თავის შემოქმედს. მაგრამ მას ეს არ ნებავს.

ჩვენ ვიცით, თუ რატომ არ ინება მან ეს. მთელ თავის დიდებას ის მარადისობაში გვიჩვენებს, მაგრამ ახლა ის ცოდვისა და სიკვდილის საპყრობილეში მოვიდა, სადაც მისი უსაზღვროდ ბევრი ძმა და და ტირის, გოდებს ცოდვისაგან და იხრწნება სიკვდილისაგან. ის მტრის ტუსაღის სამოსლით შემოსილი, სხვა ტყვეებს დამსგავსებული, მტრის ბანაკში შეიჭრა. იქ კი ფრთხილად და ბრძნულად მოქმედებდა, რათა ამ ბანაკის მბრძანაბლები შეეპყრო და დაეტყვევებინა, თავისი ძმები კი გაეთავისუფლებინა და ზეციური მამის სამეფოში შეეყვანა.

მისთვის მუდამ ხილული იყო ანგელოზთა ეს ურიცხვი მხედრობა, სხვებისთვის კი, როგორც მოღრუბლული ციდან მზის სხივი გამოკრთება ხოლმე, ისე გამობრწყინდებოდნენ ისინი. მის მიწიერ ცხოვრებას სამი საწყისი ჰქონდა. პირველი საწყისი მის ჩასახვასა და შობას წარმოადგენდა, მეორე – ნათლისღებას, მესამე კი – აღდგომას. პირველი საწყისი ამ სამყაროში მის შემოსვლას ნიშნავს, მეორე – ქადაგებასა და ხილულ სასწაულებს, ხოლო მესამე – მისი უკვდავი, მარადიული სამეფოს დაარსებას. პირველი და უკანასკნელი მოვლენისას ანგელოზები სხვა ადამიანებისთვისაც ხილულნი გახდნენ, ხოლო მეორე მოვლენისას – თავად ყოვლადწმიდა სამება განცხადდა. მეორე საწყისი-მოვლენისას მხოლოდ ერთი ანგელოზი განცხადდა; ეს იყო არა უხორცო ანგელოზი, არამედ ადამიანი, სახელად იოანე, ზაქარია მღვდლისა და ელისაბედის ძე.  ის ბუნებით ანგელოზი არ ყოფილა, მაგრამ მან მალაქია წინასწარმეტყველისგან მიიღო ეს სახელწოდება. ,, აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა’’(მალ. 3:1).

სწორედ ამ წინასწარმეტყველებით იწყებს მარკოზ მახარებელი თავის სახარებას. ამაში გარკვეული საიდუმლოებაა. თითოეული მახარებელი თავის სახარებას განსაკუთრებულად იწყებს. იოანე მარადისობიდან იწყებს; მათე – აბრაამიდან; ლუკა – ქრისტეს შობიდან; ხოლო მარკოზი – იორდანეზე ნათლისღებიდან. რატომ არ იწყებს ყველა მახარებელი თავის თხრობას ერთი და იგივე მოვლენიდან? სად არის ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს საწყისი? უსულო საგნის საწყისის დადგენა რთულია, კიდევ უფრო რთულია ცოცხალი ადამიანის საწყისის პოვნა და მით უმეტეს, რაოდენ რთულია შეიმეცნო სამყაროს შემოქმედის საწყისი. თითოეულ ჩვენგანს ოთხი საწყისი აქვს. პირველი – ღმერთში, მეორე – ჩვენს პირველმშობლებში, მესამე – ჩვენს ხორციელ მშობლებში, ხოლო მეოთხე – როდესაც ამ ცხოვრებისეულ ასპარეზზე გამოვდივართ და ჩვენს საქმიანობას ვიწყებთ. მაგრამ უფალი ჩვენ კიდევ ერთ საწყისს გვაძლევს. ეს არის ქრისტეში სიცოცხლე, რომელიც ჩვენთვის მხოლოდ მაშინ დაიწყება, როდესაც ის ჩვენს გულსა და გონებაში აღდგება და ჩვენთვის ერთადერთი მხსნელი გახდება.  მაშინ, როდესაც ჩვენში არსებული ზეთით აღსავსე ოქროს ლამპარი აინთება და მთელ ჩვენს არსებას გაათბობს და გაანათებს. მაშინ, როდესაც ის გახდება პური ჩვენი არსობისა, რომლის გარეშეც ერთი დღის გატარებასაც ვერ შევძლებთ. მაშინ, როდესაც ის ჩვენთვის მთელ სამყაროზე, ყველა ადამიანზე და საკუთარ სიცოცხლეზე ძვირფასი გახდება. სწორედ მაშინ დაიწყება ჩვენში ქრისტესმიერი სიცოცხლე.

მარკოზ მახარებელი თავის სახარებას ქრისტეს ქადაგების დასაწყისიდან იწყებს. იქ გამოყოფს მალაქია წინასწარმეტყველის წინასწარმეტყველებას წმ. იოანე ნათლისმცემლის შესახებ, რომელსაც როგორც ანგელოზს, უფლის წინაშე გზა უნდა განემზადებინა.

რატომ უწოდებენ წინასწარმეტყველი და მახარებელი იოანეს ანგელოზს? ის ხომ ადამიანი იყო? პირველ რიგში იმიტომ, რომ იოანე თავისი ცხოვრების წესით, ყველა მოკვდავ ადამიანზე მეტად მიეახლა ანგელოზთა მდგომარეობას. მეორეს მხრივ იმისთვის, რათა შეიცნო, რომ დედამიწაზე ქრისტეს მსახურების მთავარი მიზანი ადამიანების ანგელოზებად, მადლით ღმერთად ქცევა იყო, რათა მოკდავი, ცოდვილი, დამონებული ადამიანი, უკვდავი, უცოდველი და თავისუფალი გამხდარიყო ისევე, როგორც ზეცაში წმინდა ანგელოზები. რითი დაემსგავსა წმ. იოანე ანგელოზებს? პირველ რიგში – ღმრთისადმი მორჩილებით; მეორე – ამასოფლის სულისგან თავისუფლებით; მესამე – მატერიალურზე უზრუნველობით. აქედან მეორე სათნოება პირველიდან მომდინარეობს, ხოლო მესამე – მეორედან.

ანგელოზები მთელი არსებით ემორჩილებიან ცოცხალ ღმერთს და მათ მოუკლებლად განეცხადებათ ღმერთის სიბრძნის, ძალისა და სიყვარულის გამოუთქმელი საიდუმლოებანი. შემოქმედისადმი მათი მორჩლება აუცილებლობაზე კი არ არის დაფუძნებული, არამედ სიხარულსა და სიმდაბლეზე. წმ. იოანესაც სრული მორჩილება ჰქონდა ღმრთისადმი. იშვა რა მოხუცებული მშობლებისგან, ის მალევე დაობლდა და თავად ზეციური მამა გახდა მისი ერთადერთი მშობელი, საყრდენი და სიყვარული. მან იცოდა, რომ მოხუცებულ, უნაყოფო დედის წიაღში ჩაისახა. თუკი ლუკა მახარებელმა იცოდა მისი ჩასახვის ამბავი, მაშინ, რა თქმა უნდა, თავად იოანესაც ეცოდინებოდა, რომ ანგელოზმა აუწყა ზაქარიას მისი შობის შესახებ და მასზე წინასწარმეტყველებაც გააჟღერა: ,, რამეთუ იყოს დიდ წინაშე უფლისა და ღჳნოჲ და თაფლუჭი არა სუას და სულითა წმიდითა აღივსოს მიერვე დედის მუცლით მისითგან. და მრავალნი ძეთა ისრაჱლისათაგანნი მოაქცინეს უფლისა, ღმრთისა მათისა. და იგი თავადი პირველად განვიდეს წინაშე მისსა სულითა და ძალითა ელიაჲსითა მოქცევად გულნი მამათანი შვილთა მიმართ და ურჩნი გონებითა მართალთაჲთა განმზადებად უფლისა ერი მომზადებული’’(ლკ.1:15-17). ეს ყველაფერი პატარა იოანეს გულში წარუშლელად იყო ამოტვიფრული. მისი ცხოვრების მთავარი გზა, ბავშვობიდანვე განუცხადა ღმერთმა და იცოდა, თუ რა უნდა ეკეთებინა და როგორ ეცხოვრა. ის მალევე განმარტოვდა უდაბნოში, რათა დღე და ღამ ცოცხალი ღმერთი ეძებნა და მისი ნება აღესრულებინა. ის ყველაფერში მასზე იყო მინდობილი და მთელი არსება მას მიუძღვნა. მას უშუალო ურთიერთობა ჰქონდა ცოცხალ ღმერთთან და სწორედ ის უცხადებდა მას თავის ნებას. ამრიგად, ამასოფლის სულისგან განშორებული იოანე, მთელი გულით მიეწება ღმერთს და შედეგად ზეციურ ანგელოზს დაემსგავსა. ანგელოზის მსგავსად ის სიბრძნის, ძალისა და სიყვარულის პირველწყაროსგან სვამდა. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ანგელოზს.

გარდა ამისა, იოანე თავისუფალი იყო ამასოფლის სულისგან და ამითიც ემსგავსებოდა ის ანგელოზს. მისთვის ეს სოფელი ფერფლს წარმოადგენდა. ადამიანები კი იმ განბნეულ ფარას, რომელიც მწყემსს ვერ ხედავს. რას წარმოადგენს ეს სამყარო და ადამიანი ყოვლისშემძლე ცოცხალი ღმერთის წინაშე? რა არის მათი ძალა, სიქარული ან მუქარა? სხვა არაფერი, თუარა ზღვის ზედაპირზე გაჩენილი ბუშტი. ამ სამყაროს ღმრთის გარეშე არანაირი სიკეთის მიცემა არ შეუძლია ადამიანისთვის და ვერც ვერაფრით ავნებს მისი დაშვების გარეშე. მაშინ რაღატომ უნდა დავემონოთ მას? რას ველოდოთ მისგან? ამიტომაც, იოანე, ღმრთის ანგელოზის მსგავსად, თავისუფალი იყო ამასოფლის სულისა და მისი შიშისაგან. სწორედ ამიტომ, ის უშიშრად ქუხს იერუსალიმელი მთავრების წინააღმდეგ, რომლებსაც ადამიანები კერპების მსგავსად ეთაყვანებოდნენ. ამხელს ჰეროდეს ყველა უკეთურებისთვის, რაც მას ჩაუდენია. ის მხოლოდ ცოცხალი ღმერთისა და მისი ნების აღსრულებისკენ ისწრაფვოდა. ის არ განარჩევდა ადამიანებს არც ტანსაცმლის, არც ძალაუფლების, არც ცოდნის, არც სიმდიდრის და არც ასაკის მიხედვით. ის მხოლოდ მათი სულის თვისებების მიხედვით განარჩევს მათ. მისი თვალები ხორციელ ადამიანებს კი არ ხედავდა, არამედ მათ გაშიშვლებულ სულებს, რომლებიც ხორცის ნიღბითაა დაფარული. ასეთი თავისუფლება მხოლოდ ანგელოზებს აქვთ და სწორედ ამიტომ უწოდებენ მას ანგელოზს.

გარდა ამისა, იოანე ანგელოზებს მატერიალურისადმი უზრუნველობით დაემსგავსა. ანგელოზებს არ აქვთ სხეული, მაგრამ მათი პიროვნებები ბრწყინვალე ზეციური სხეულით არის შემოსილი(1.კორ. 15:40). ისინი საერთოდ არ ზრუნავენ საკუთარ თავზე. არც იმაზე ფიქრობენ, თუ რა ჭამონ, რა დალიონ, ან რით შეიმოსონ. ემსახურებიან რა ცოცხალ ღმერთს, იციან, რომ ღმერთი გამოკვებავს, დაარწყულებს და შემოსავს მათ. რომელი მეფე დატოვებს თავის ერთგულ მსახურებს მშივრებს და მწყურვალებს? მით უმეტეს, ზეციური მამა ზრუნავს თავის ერთგულ მსახურებზე. ჩვენ ჰაერზე და ნათელზე მეტად ვართ ღმერთით გარემოცულნი და მან იცის, თუ რა გვჭირდება. ის ყოველდღიურად გვაძლევს ყველაფერს, რაც ჩვენი სიცოცხლისთვის საჭიროა. მაგრამ ყველა რატომ ვერ ხედავს ამას? რადგან ხანდახან შიმშილობებიც ხდება ხოლმე! რატომ უშვებს ამას ღმერთი? იმიტომ რომ, მას არამხოლოდ ჩვენი სხეულის, არამედ ჩვენი სულის გამოკვებაც სურს. გამოცდილება კი გვიჩვენებს, რომ ზოგჯერ ხორციელი დანაკლისი სულის საკვებად იქცევა ხოლმე. ამ ყველაფრის ყველაზე ნათელი მაგალითი მარხვაა. მუდამ მაძღარი და დანაყრებული სხეული მშიერ სულზე მეტყველებს. ის კი, ვინც ზომიერად მარხულობს, საკუთარ სულს უმასპინძლდება. რამდენადაც ადამიანი მარხვას ეჩვევა, იმდენად იკლებს მასში სხეულზე გადამეტებული ზრუნვა და იმდენად იზრდება მასში სულიერი სიხარული. ამ ყველაფრის თქმა და გაგონება არ არის საკმარისი. საჭიროა ამ ყველაფრის პრაქტიკაში დანერგვა.

წმ. იოანე, ისევე როგორც ყველა წმინდანი, ინტელექტუალური ცოდნით კი არ ხელმძღვანელობდა, არამედ გამოცდილებისეული, პრაქტიკული სულიერი ცხოვრებით. მან საკუთარ ხორციელ ცხოვრებაზე გადამეტებული უზრუნველობა წიგნებიდან კი არ ისწავლა, არამედ ამ სათნოებაში გულმოდგინე ვარჯიშით. ის ვარჯიშობდა მარხვაში და აღმოაჩინა, რომ ადამიანის სიცოცხლე არ არის დამოკიდებული მატერიალურზე. თავად იოანე უდაბნოს მცენარეებითა და ველური თაფლით იკვებებოდა. ვერსად ვერ ვნახავთ უწყებას იმის შესახებ, რომ ის შიმშილის ან წყურვილის გამო ჩიოდა. მას თავისთავად უდაბნოს მცენარეები და ველური თაფლი კი არ კვებავდა, არამედ ამ მწირი საკვების მიერ ღმრთის ძალა ეძლეოდა, რომელიც მის ყველა ერთგულ და მორჩილ მსახურს ენიჭება.

საცხოვრებელსა და სამოსელზე არ ზრუნავდა იოანე. მისი სახლი უდაბნო იყო, ხოლო სამოსელი –  ქამრით შეკრული აქლემის ტყავი. ასე იყო შემოსილი ილია წინასწარმეტყველიც. ეს სამოსელი ვნებების მოკვდინებასა და ღმრთის ნების აღსრულებისადმი მზაობას გამოხატავდა.

ალბათ, პავლე მოციქულის მსგავსად, დროდადრო მანაც არ იცოდა ხოლმე ხორცში იმყოფებოდა თუ ხორცს გარეთ(2. კორ. 12:3-4). ის ღია ცის ქვეშ, ან იორდანეს უდაბნოს ერთ რომელიმე გამოქვაბულებში ათევდა ღამეს. რაზე უნდა გაეჩინა ზედმეტი საზრუნავი, როდესაც მისი სული სამყაროს შემოქმედთან ახლოს, სრულ განსვენებაში იმყოფებოდა? შხამიანი გველები და მშიერი ლომები მისი მეზობლები იყვნენ, მაგრამ მათი არ ეშინოდა, რადგან იცოდა, რომ მას ყოვლისმხედველი ზეციური თვალი გუშაგობდა. რატომ უნდა ჰქონოდა მათი შიში, როდესაც ისინი მის უკვდავ სულს ვერ დააზიანებდნენ? მისი არსებობის ცენტრი სულში იმყოფებოდა და არა სხეულში. ის ადამიანები, ვისთვისაც სიცოცხლეს ხორცი წარმოადგენს, მუდამ მისი კომფორტისთვის იბრძვიან და მასზე ზედმეტად ზრუნავენ. წმ. იოანე თავისუფალი იყო ყოველივე ამისგან. მისი საზრუნავი მხოლოდ საკუთარი სული იყო, რომლის ერთადერთი მბრძანებელი ღმრთის ნება გახლდათ. სწორედ ამით დაემსგავსა ის ანგელოზს.

წმ. იოანეზე სხვა წინასწარმეტყველებაც არებობს. დიდი წინასწარმეტყველი ესაია მას უდაბნოში მღაღადებელ ხმას უწოდებს. ,, ხმა მღაღადებელისა უდაბნოსა: განმზადენით გზანი უფლისანი, და წრფელ-ჰყუენით ალაგნი მისნი”. თუკი პირველი წინასწარმეტყველება წმ.იოანეს პიროვნულ ხასიათს ეხებოდა, მეორე – მისი მსახურების სახეს. რაში მდგომარეობს მისი მსახურება? იმაში, რომ ადამიანებს უფლის გზის განმზადებისკენ მოუწოდოს. უდაბნოში პირველ რიგში იორდანეს უდაბნო იგულისხმება, საიდანაც ქრისტეს წინამორბედმა საყვირით დასცა განგაში მთელი კაცობრიოვისთვის: „ყოველი ხევნები აღმოივსოს, და ყოველნი მთანი და ბორცვნი დამდაბლდენ, და იყოს გულრძნილი(მრუდე) იგი მართალ, და ფიცხელი იგი გზად წრფელად” (ლკ. 3:5). შეინანეთ, რამეთუ მოახლოვებულ არს სასუფეველი ღმრთისა!

უდაბნოში მთელი კაცობრიობა და მისი ისტორია იგულისხმება, რომელიც ცოდვის გამო გვალვამ მოიცვა. იოანე წინამორბედი კი ახალი გაზაფხულის პირველი მერცხალია. ის არ არის არც გაზაფხულის მზე და არც გაზაფხულის კეთილსურნელება. არამედ მღაღადებელი, რომელიც ხანგრძლივი ზამთრისას მძინარე კაცობრიობას აღვიძებს. ის მხოლოდ მახარებელია გაზაფხულისა, ხოლო თავად გაზაფხული – უფალი იესუ ქრისტეა.

უდაბნოა ადამიანის სულიც, რომელიც განშორდა ცოცხალ ღმერთს და სიკვდილის წყვდიადის სამფლობელოში აღმოჩნდა ისევე როგორც, მიწისქვეშა მდინარე უდაბნოს ქვიშაში. წმინდა იოანე კი არის სინდისი, რომელსაც ეს მდინარე მიწის ზედაპირზე, მზის შუქზე ამოჰყავს. ეს მზე კი – ქრისტეა. სინდისი სიყვარულის წინამორბედია, როგორც იოანე – ქრისტესი.

განუმზადეთ თქვენში ქრისტეს გზა. როგორ? სინანულით. დაუყოვნებლივ დაიწყეთ, რადგან უფალი ახლოსაა! ის თითოეული ადამიანის გულთან დგას და რეკს. ის, ვინც შეინანებს, ქრისტეს გულის კარს გაუხსნის, ისიც შევა მასში და მარადიულ სიცოცხლეს მიანიჭებს. ის კი, ვისაც არ სურს ცნობიერების გარდაქმნა და სინანული, გულის კარებს დახშულს ტოვებს და ქრისტე მას გვერდს აუვლის.

ქრისტეს გზის განმზადების შესახებ ესაია წინასწარმეტყველი სხვა სიტყვებითაც საუბრობს: ,,ყოველი ტაფობი მაღლა აიწევს და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება. ფერდობი დავაკდება და მთაგრეხილები გასწორდება’’(ის.40:4). ეს ნიშნავს: ყველაფერი, რასაც არაფრად თვლით, აღამაღლეთ თქვენში, ხოლო რაც ამაღლებულად მიგაჩნიათ, დაამდაბლეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: ღმერთს აქამდე არაფრად თვლიდით, ის კი ყველაფრის მწვერვალია, მის ნაცვლად კი მატერიალური სამყარო მიგიჩნევიათ უმთავრეს ღირებულებად, ის კი, სინამდვილეში ღმრთის ფერხთა სადგამი, მისი კვარცხლბეკია. ცოდვამ ყველაფერი გააუკუღმართა. უარყავით ცოდვა და ეს სამყარო კლავ აღორძინდება. ამიტომაც, შეინანეთ!

მეუდაბნოე წინასწარმეტყველმა იოანემ, შეიცნო ადამიანური ბუნების უძლურების უდიდესი სიღრმე, სისუსტე და ბოროტებისკენ მიდრეკილება. მან ეს ცოდნა 30 წლიანი განმარტოებული სულიერი ცხოვრებით მოიხვეჭა. საკუთარი თავის შეცნობით, მან მთელი სამყარო შეიცნო! საკუთარ თავთან უკანდაუხეველმა და ძლევაშემოსილმა ბრძოლამ ადამიანური ბუნების ამოუწურავი სიღრმის შემეცნება მიანიჭა. სწორედ ამიტომ, ის ადამიანთა წინაშე გამარჯვებულის თავისუფლებით გამოდის. მისი ცოდნა წიგნიდან კი არ მომდინარეობს, არამედ ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობის პირადი გამოცდილებიდან. ეს არის მიზეზი იმისა, რომ მის ქადაგებას უკიდურესად პრაქტიკული ხასიათი ჰქონდა. იცის რა ადამიანური ბუნების მერყევობა, მხოლოდ მათ სიტყვიერ აღსარებას არ სჯერდება. ის მთელი ძალებით ასწავლის მათ, რომ თავიანთი სიტყვა საქმეებით დაადასტურონ. ხანგრძლივი ცოდვისმიერი ცხოვრებით, ცოდვა ადამიანის ჩვევად იქცევა, ახლა კი სათნოებები უნდა გახდეს ჩვენი ბუნების ნაწილი. ეს კი მათში(სათნოებებში) ხანგრძლივი ვარჯიშით მიიღწევა. ,, ისევე როგორც შეშა კვებავს ცეცხლს, ასევე დრო კვებავს კეთილ და ბოროტ ჩვევებს’’(წმ. პეტრე დამასკელი).  ამიტომაც მოუწოდებს მათ წმ. იოანე: ,,ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისაჲ’’(ლკ.3:8).

რა შეიძლება ვთქვათ მწიგნობრებისა და ფარისევლების შესახებ? ჭეშმარიტად, სანამ მათი გული ქვასავით მაგარია, მხოლოდ ცოდნით აღსავე გონებით მარადიულ სიცოცხლეს ვერ დაიმკვიდრებენ. მათ მთავარ ღირებულებად ცოდნა აქციეს, ხოლო გულს ყურადღებას აღარ აქცევდნენ და მეტიც, ამაყობდნენ კიდეც თავიანთი ქვის გულით. ადამიანის გადარჩენის ამოსავალი წერტილი კი გულია და არა გონება. ამას ეზეკიელ წინასწარმეტყველთანაც ვკითხულობთ: ,, მოგცემთ ახალ გულს და ახალ სულს ჩაგიდგამთ შიგნით; ამოგაცლით ქვის გულს სხეულიდან’’(ეზეკ.36:26). მხოლოდ ცოდნის დაგროვებით მათი გული ვერ გაფაქიზდებოდა. ქრისტეს კი შეუძლია, რომ თავისი მადლით ჭეშმარიტად მონანული ადამიანის გული მოალბოს და გააფაქიზოს. მაშინ კი, ქრისტესმიერი სითბოთი და ნათლით აღვსასე გული გონებასაც განანათლებს.

წმ. იოანე ადამიანებისგან სინანულის ნაყოფს ითხოვდა. კერძოდ: ,, მიუგო და ჰრქუა მათ: რომელსა აქუნდეს ორი სამოსელი, მიეცინ, რომელსა არა აქუნდეს, და საზრდელიცა ეგრეთვე მსგავსად ყავნ’’(ლკ.3:10-11). იოანე ხედავდა, რომ ისინი მოწამლულნი იყვნენ მავნე ჩვევებით. ვისაც ორი სამოსელი ჰქონდა, მესამეს მოხვეჭის სურვილიც უჩნდებოდა, არ სურდა სხვისთვის გაზიარება და რაც შეიძლება მეტი და მეტი უნდა დაეგროვებინა. ამიტომაც, იოანე მათ ახალი ჩვევის შეძენისკენ მოუწოდებს, რომელსაც მოწყალება ჰქვია, რათა ეხმარებოდნენ მოყვასს, გასცემდნენ და უზიარებდენ მათ. რისთვის? იმისთვის, რომ მათი ვიწრო გული გაფართოვებულიყო, ზეციური მამის შვილობა და მოყვასთან ერთობა შეეგრძნოთ.

სინანულის ნაყოფები, რისი შეძენისკენაც ადამიანებს მოუწოდებდა, მაინც არ იყო საკმარისი მათი სულის ცოდვისგან გამოსახსნელად, მაგრამ საკმარისი იყო ქრისტესთან შეხვედრისთვის მოსამზადებლად. წინამორბედის მისია ის იყო, რომ ადამიანები გამოეღვიძებინა და მცირედით მაინც განწმენდილიყვნენ, რათა ქრისტეს მიღება შესძლებოდათ.

ქრისტე კი მოვიდა, რათა ჩვენთვის ჩვენს მიერვე გაკიცხული და დავიწყებული სიმდაბლე და მორჩილება ესწავლებინა. თავისი ცხოვრებით, მან სიმდაბლისა და ზეციური მამის მორჩილების უსრულყოფილესი მაგალითი გვიჩვენა. შეიძლება ითქვას, რომ მისი წინამორბედიც თავისი მაგალითით გვასწავლის სიმდაბლეს და ქრისტესადმი მორჩილებას.

ვისაც არ აქვს სიმდაბლე და მორჩილება, არ აქვს არც სიბრძნე და არც სიყვარული. ვისაც ეს სათნოებები არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არც ქრისტე ჰყავს გულში. ვისაც ქრისტე არ ჰყავს, მას არც საკუთარი თავი ჰყავს და ისე ცხოვრობს, თითქოს არც უარსებია.

თუკი რომელიმე ჩვენგანი იტყვის, რომ ქრისტე ჩემთვის ზედმეტად მიუწვდომელი მაგალითია და ვერ მივბაძავო, მაშინ წმ. იოანე წინამორბედი მაინც ხომ გვყავს. დაე მას მაინც მივბაძოთ სიმდაბლესა და მორჩილებაში. მაგრამ საუბედუროდ, ვისაც არ სურს სიკეთის ქმნა, ის ყოველთვის მონახავს სიკეთისგან გაქცევის მიზეზს. ის კი, ვინც საკუთარი უბადრუკი მდგომარეობის გამო ნათელს ეძებს, მისთვის წმ. იოანე ნათლისმცემელი გახდება ის ვარკვლავი, რომელიც მოგვების მსგავსად, უბრწყინვალე მზესთან – უფალ იესუ ქრისტესთან მიიყვნს, რომელიც არის ანგელოზთა ერთადერთი საგალობელი და კაციბრიობის ერთადერთი მხსნელი, რომელსა შვენის პატივი და დიდება, თანა მამით და სულიწმიდითურთ, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წყარო: http://azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)