The Ladder of Divine Ascent Monastery of St Catherine Sinai 12th century

წმინდა იოანე სინელი – ქრისტეს ვნებათა გახსენება ღვარძლიანობას კურნავს

წმიდა სათნოებები იაკობის მიერ ნანახი კიბის მსგავსია და მასზე ასვლით ადამიანი თანდათან ცამდე მაღლდება. ბოროტი საქმეები კი იმ ჯაჭვსა ჰგავს, პეტრე მოციქულს რომ დასცვივდა. ვნებებიც ზუსტად ასევეა ერთმანეთზე დამოკიდებული და სული ჯოჯოხეთამდე ჩაჰყავთ.
გულღვარძლიანობა არის მრისხანების შხამი, რომელიც ცოდვებს იმახსოვრებს. ის სიმართლის სიძულვილი და სათნოებათა გამანადგურებელია. ის გესლია, სულის მომაკვდინებელი და მატლია, გონების მჭამელი.
ის არის ლოცვის შემარცხვენელი,[1] ვედრების დამაბრკოლებელი. მისთვის უცხოა სიყვარული. ის არის სულის ლურსმანი, მრისხანე ადამიანთა საყვარელი მწარე სიტკბოება და უამური საქმე. ის გამუდმებული ცოდვაა, დაუძინებელი ურჯულოებაა და უკეთურებაა ყოველჟამიერი.

ვინც სიყვარული მოიპოვა, მისთვის უცხოა შური. რომელ ადამიანშიც მტრობაა, ის ფუჭად შრომობს და სულს წარიწყმედს.

გულღრძოობა წმიდა წიგნის მზაკვრულად განმარტებაა, რადგან საკუთარი უკეთურების მოწმედ მოჰყავს ის.
მისი შემარცხვენელია უფალი იესუს ლოცვა, რომელსაც ვერ წარმოვთქვამთ, ვიდრე გულღრძოობა ჩვენთან იქნება.
თუ, ბევრი მცდელობის მიუხედავად, ამ ვნების გულიდან სრულად ამოგდებას ვერ შეძლებ, მაშინ შენს განმანაწყენებელს ზედიზედ სთხოვე პატიება და გარეგნულად გამოიჩინე მის მიმართ სიყვარული, რათა ამგვარი საქციელის გამო სინდისმა გამხილოს, შეგრცხვეს და მთელი გულით შეიყვარო ის.
ის კი არ იყოს შენთვის ამ ვნებისგან სრული განკურნების ნიშანი, როცა შეურაცხმყოფელისთვის ილოცებ, ან საჩუქრით გაახარებ, ან ტრაპეზზე მიიწვევ, არამედ ის, როცა შეიტყობ, რომ რაღაც სულიერ ან ხორციელ განსაცდელშია, და შენ ამ უკანასკნელზე ისევე შეწუხდები და იტირებ, როგორც საკუთარ თავზე. იცოდე, აი, მაშინ ხარ ღვარძლისგან თავისუფალი.

ქრისტეს ვნებათა გახსენება ღვარძლიანობას კურნავს, რადგან მისი შემარცხვენელია მაცხოვრის უბოროტობა და სიმშვიდე.

ცოდვათა შენდობის მოსაპოვებლად ძლიერ უშრომია ბევრს, მაგრამ უბოროტო ადამიანს გაუსწრია მისთვის. უფალი ამბობს: “მიუტევეთ და მოგეტევნენ” (ლუკა 6. 37).
ჭეშმარიტი სინანულის ნიშანი უბოროტობაა. ვისაც ღვარძლი აქვს და ჰგონია, რომ სინანულშია, იმ ადამიანს ჰგავს, რომელსაც სიზმარში ნამდვილი სირბილი მოუწადინებია.


[1] 
– ლოცვის შემარცხვენელი არის იმიტომ, რომ ვამბობთ რა: “მოგვიტევენ ჩუენ თანანადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა”, მაშინ გულღვარძლიანობა ჩვენს ლოცვას არცხვენს.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”