Иллюстрация без названия

წმინდა სოფრონ ესექსელისა (სახაროვი) და მისი მონასტრის შესახებ – ინტერვიუ მღვდელმონაზონ ნიკოლოზ სახაროვთან (ნაწილი 2)


მამა ნიკოლოზი არქიმანდრიტ სოფრონის ძმის შვილია, რომელიც ამ დიდი ბერის ცხოვრების უკანასკნელ წლებში მის მონასტერში იმყოფებოდა. მამა ნიკოლოზმა მამა სოფრონის ბიოგრაფიით დაიწყო, რომელიც რა თქმა უნდა, რაღაც დონეზე ნაცნობია, მაგრამ არა დეტალურად. როგორ მოექცა მამა სოფრონი და როგორ დაიწყო მისი მონაზვური გზა? რამდენად აქტუალურია თანამედროვე ადამიანისთვის მისი სულიერი გამოცდილება? ამის შესახებ საუბრობს მღვდელმონაზონი ნიკოლოზ სახაროვი.

დეკანოზი ალექსანდრე:

– გთხოვთ, ორი სიტყვით მოგვიყევით, როგორ მოხვდით ინგლისში იოანე ნათლისმცემლის მონასტერში?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– მგონია, რომ ჩემი ცხოვრების გზა საკმაოდ არაორდინალურია. მონაზვნური გზა რუსეთში, ფსკოვო-პეჩორას ლავრაში დავიწყე. ღმრთის დიდი კურთხევითა და წყალობით, ღირსი გავხდი, რომ არქიმანდრიტ იოანე კრესტიანკინთან მქონოდა ურთიერთობა, რომელმაც მაკურთხა, რომ ინგლისში წავსულიყავი.

დიდი ხანი მინდოდა, რომ მამა სოფრონის შევხვედროდი. პირველად მას რუსეთში, 1984 წელს შევხვდი, როდესაც ის თავისი ოჯახის მოსანახულებლად ჩამოვიდა. მაშინ ჯერაც არ ვიყავი მორწმუნე. მუსიკალური სასწავლებლის ერთი ჩვეულებრივი სტუდენდი გახლდით. ალბათ მაშინ ცხოვრებაში პირველად შევხვდი შავ კაბიან, გრძელ წვერა მონაზონს. სხვათა შორის, ბევრი რამ უცნაურად მეჩვენებოდა და მიკვირდა, მაგრამ მასთან ურთიერთობის ინტერესი ნამდვილად მქონდა. როდესაც შევხვდი,  ძალიან დიდი სიყვარულით ჩამეხუტა და მუსიკაზე კითხვებიც კი დამისვა. დაახლოებით 2-3 სიტყვა გავცვალეთ საერთოდ განყენებულ თემებზე და ამით ჩვენი შეხვედრაც დასრულდა.

რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა არ ყოფილა, რომ ეგრევე მოვქცეულიყავი. მაგრამ შინაგანად ჩემში რაღაც ფაქიზი ცვლილების დასაწყისი შევნიშნე. როგორც შემდეგ მონასტრის საძმომ მითხრა, იმავე წელს, როდესაც ინგლისში დაბრუნდა, მამა სოფრონიმ მათ უთხრა: ,,იქ რუსეთში ერთ ადამიანს შევხვდი. ალბათ ოდესღაც ჩვენთან მოვა და დარჩება’’.

როდესაც ჯარში სავალდებულო სამსახური მიწევდა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან რთული პერიოდი იდგა. ჩემს ოჯახში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ შინაგანად მივხვდი, რომ თუკი ღმერთი არსებობს მხოლოდ ის თუ დამეხმარებოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ღმერთის არც მწამდა მაშინ, მაგრამ ყოველგვარი ადამიანური დახმარების შესაძლებლობები ამოწურულიყო. როგორც ყოველთვის, ღმერთი დამეხმარა.  იმ მომენტიდან ჩემში სერიოზული ძვრები დაიწყო და მისკენ სწრაფვის სურვილი გამიჩნდა. წავიკითხე წიგნი ,,ბერი სილუანი’’, რომელმაც ჩემი ცხოვრება, ისევე როგორც მრავალი სხვა ადამიანის, მთლიანად ამოატრიალა. სწორედ მაშინ, სრულიად სხვანაირად დავინახე მამა სოფრონის პიროვნება.

თანდათანობით ჩემში მონაზვნობის სურვილიც იზრდებოდა. პირველი ნაბიჯები ფსკოვო-პეჩორას მონასტერში გადავდგი, სადაც დაახლოებით ერთი წელი ვიცხოვრე. მამა სოფრონის ნახვაც ძალიან მინდოდა. მისგან წერილიც კი მივიღე, სადაც ის მონაზვნურ გზაზე ჩემს შედგომას აკურთხებდა და თავისთან მონასტერში სასაუბროდ მიწვევდა, რათა მის გარდაცვალებამდე ერთმანეთს შევხვედროდით.

ეს წერილი მამა იოანე კრესტიანკინს ვაჩვენე და მანაც ის დიდი ყურადღებით წაიკითხა. ის კარგად ვერ ხედავდა და თითოეულ სიტყვას სიღრმისეულად, ყურადღებით კითხულობდა. შემდეგ დაუშვა წერილი, შემომხედა და მითხრა: ,,ასეთ ბერთან კი უნდა წახვიდე. ღმერთმა გაკურთხოს’’.

მამა იოანე კრესტიანკინმა ჩემს ცხოვრებაში დიდი როლი შეასრულა. როდესაც მონასტერში ჩავედი, მამა სოფრონი გზაზევე მელოდებოდა. მისი მზერის დანახვისთანავე, ყველაფერს მივხვდი: ეს ადამიანი მრავალი წლის განმავლობაში თავისი ლოცვით მფარველობდა და ჩემი ინგლისში ჩასვლაც ნამდვილად არ იყო შემთხვევითი მოვლენა. რამდენიმე დღეშივე მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ძალიან უჩვეულო ხდებოდა. ჩემთვის სრულიად ნათელი გახდა, რომ ჩემი ადგილი იქ იყო. მრცხვენოდა რომ ჩემი ეს სურვილი მამა სოფრონისთვის გამენდო და თუ თავად არ მეტყოდა, მე ვერ ვეტყოდი. თავად მამა სოფრონიც არავის ეუბნება, დარჩით ჩვენს მონასტერშიო. ასე რამდენიმე დღე ამ საკითხს ვერა და ვერ შევეხეთ. შემდეგ უკვე, ძალები მოვიკრიბე, ვილოცე და მივედი მასთან. როგორც კი უნდა დამეწყო: ,,მამა სოფრონი…’’, მყისვე მიპასუხა: ,, რა თქმა უნდა!’’.

სწორედ ასე დაიწყო მონასტერში მამა სოფრონის მზრუნველობით ჩემი ცხოვრება. მისი ლოცვა და სიყვარული მაძლიერებდა. სანამ გარდაიცვლებოდა, 3 წელი გავატარე მასთან. მისი ცხოვრების უკანასკნელ წელს, მტკიცედ მეუბნებოდა, რომ საღმრთისმეტყველო განათლების მიღება დამეწყო. ის თვლიდა, რომ ეს აუცილებელი იყო და რომ ეს ჯერ კიდევ მის სიცოცხლეშივე უნდ დაწყებულიყო. აი, ასე დაიწყო ჩემი მონაზვნური ცხოვრება ინგლისში, წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში.

დეკანოზი ალექსანდრე:

– მადლობა, მამა ნიკოლოზ. რაც მოყევით, იმის მიხედვით ნათელია, თუ რამდენი სასწაულისა და ცვლილების მოხდენა შეუძლია ლოცვას ადამიანის ცხოვრებაში. თქვენ წინა საუბარშიც გვითხარით, რომ თქვენს მონასტერში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო შინაგანი იესუს ლოცვის პრაქტიკა. სწორედ ასე ესმოდა მამა სოფრონის და რა თქმა უნდა, ყველა სხვა ასკეტ მამას ქრისტიანული ცხოვრების არსი. მამა სოფრონი როგორ ასწავლიდა ლოცვას? როგორ ეხმარებოდა ადამიანებს? ვერ ვიტყვით, რომ დღეს რუსეთში ლოცვის ბევრი გამოცდილი მასწავლებელი გვყავს. მრავალი მღვდელი წუხს იმის გამო, რომ არ აქვთ ხოლმე პასუხები სულიერ ცხოვრების ისეთ ღრმა სფეროზე, რასაც ქრისტესთან საუბარი, ანუ ლოცვა ჰქვია. მამა სოფრონისთან ურთიერთობის გამოცდილებაზე დაყრდნობით, რას გვეტყოდით?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– მგონია, რომ ამ საქმეში ყველას თავისი საზომი აქვს. ლოცვას სხვადასხვა სიღრმე და ხარისხი გააჩნია. მამა სოფრონი ცდილობდა, რომ თითოეული ადამიანის საზომი ეპოვნა, რათა ლოცვა მათი ცხოვრების ბუნებრივი საქმიანობა გამხდარიყო. ეს უნდა ყოფილიყო ბუნებრივი მდგომარეობა და არა თავს მოხვეული მძიმე ტვირთი. აუცილებელია ეს იმისთვის, რომ ლოცვა ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდეს.

მახსოვს, ერთხელ მისმა დამ, მარია სემიონოვამ წერილი მისწერა, სადაც ის ამბობდა, რომ ლოცვა ძალიან უჭირდა. შედეგად მამა სოფრონიმ ლოცვის შესახებ შესანიშნავი წერილი დაწერა, რომელიც მისსავე წიგნში ,,წერილები რუსეთში’’ გამოქვეყნდა. ის წერდა, რომ ლოცვა ქრისტეს წინაშე წარდგომა და მასთან საუბარია და არა ხატების წინ დგომა და ტექსტების კითხვა. რომ ეს არის ღრმა შინაგანი, გულისმიერი აქტი. ის ამბობდა, რომ ქრისტესთან საუბარი ნებისმიერ მდგომარეობაშია შესაძლებელი. მაგალითად, ვინც უძლურია შეუძლია იწვეს და ისე ეცადოს ამ მდგომარეობაში შესვლა.

სულ ერთია, როგორ ცხოვრებისეულ პირობებშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ შეგვიძლია სულით ქრისტეს წინაშე წარდგომა და მასთან საუბარი. არ არსებობს ისეთი მდგომარეობა, გარემო პირობა, სიტუაცია, სადაც შეუძლებელია ლოცვა. თუკი ლოცვა ცოცხალი ღმერთის წინაშე წარდგომაა, მაშინ ის ყოველთვის შესაძლებელია. ადამიანის სულის რაღაც გარკვეული კანონების ჩარჩოში მოქცევა ძალიან რთულია. ამიტომაც, მამა სოფრონი ცდილობდა, რომ თითოეულ ადამიანთან ინდივიდიალური მიდგომა ჰქონოდა: განესაზღვრა მისი საზომი, შინაგანი სულიერი მდგომარეობა, ცხოვრებისეული პირობები და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა ლოცვაზე რჩევა. ზოგჯერ ადამიანებს ურჩევდა, რომ ქრისტესთან გულიდან მომდინარე საკუტარი სიტყვებით ესაუბრათ და ამბობდა, რომ ღმერთისთვის ყველაზე ძვირფასი ჩვენი გულის სათქმელია. ერთხელ ერთ ერის ადამიანს წერილში ისიც კი მისწერა, რომ იმის კი ნუ გეშინია რომ ღმერთთან მომთხოვნი იყო, არაგულწრფელობის გეშინოდესო.

აი, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ლოცვაში გულწრფელობა. სწორედ ასეთი გულწრფელი დამოკიდებულებით ვითარდება ქრისტესთან ურთიერთობა.

დეკანოზი ალექსანდრე:

– ქრისტიანის ლოცვით ცხოვრებაში რა ადგილი უკავია ლოცვით კანონებს, ფსალმუნებს, მწუხრის, ცისკრის მსახურებებს?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– მამა სოფრონი ძალიან დიდ პატივს მიაგებდა ეკლესიის დადგენილებებს და ტიკიპონებს და თვლიდა, რომ ისინი დიდად ეხმარებიან ადამიანებს. რა თქმა უნდა, ვინც ლოცვაში პირველ ნაბიჯებს დგავს, ეკლესია მას დილისა და საღამოს ლოცვის, ზიარების წინა ლოცვების შესანიშნავ კანონებს სთავაზობს. როდესაც ადამიანი სულიერი ცხოვრების გარკვეულ ეტაპამდე მივა, მისი ლოცვითი სული ამ ჩარჩოებში ვეღარ ჯდება. მაგალითად, წმ. სერაფიმე საროველი 3 წლის განმავლობაში დღე და ღამ ქვაზე იდგა და მხოლოდ ამ სიტყვებით ლოცულობდა: ,,ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა ამას’’. არ მგონია, რომ მაშინ ის ლოცვანიდან ლოცულობდა და არც ის მგონია, რომ ამის გამო მას ვინმე განიკითხავს.

დეკანოზი ალექსანდრე:

– ძალიან კარგია, როდესაც გვერდით მამა სოფრონისნაირი დიდი სულიერი გამოცდილების მქონე ადამიანი გვყავს, რომელსაც თითოეული ადამიანის საზომის დადგენა შეუძლია. ვინც სულიერ ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს დგავს, მას რას ურჩევდით? რა წაიკითხოს?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– ვფიქრობ, რომ კარგია ლოცვის შესახებ მართლმადიდებლური ლიტერატურის კითხვა. რა თქმა უნდა, იმის გაცნობიერებით, რომ მონაზვნური ცხოვრების გარეგნული კალკირება(მხოლოდ გარეგნული ფორმების, არსის გარეშე პირდაპირი გადმოღება) დაუშვებელია.

დეკანოზი ალექსანდრე:

– დიახ, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ვხვდებით ამგვარ გარეგნულ, მექანიკურ კალკირებას და რა თქმა უნდა, შედეგებიც არ არის ხოლმე სასურველი.

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– განსჯის სათნოება და ზომიერების შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანს არც ერთი საქმიანობა და გარემო პირობა არ უშლის ხელს, რომ მოუკლებლად იყოს ქრისტესთან.

დეკანოზი ალექსანდრე:

– მხოლოდ ცოდვაა ხელის შემშლელი

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– ცოდვაა ხელის შემშლელი. ადამიანს შეუძლია, რომ თავისი გონება ქრისტეს დაუთმოს და შინაგანად მოუკლებლად ილოცოს. ვფიქრობ, რომ უფალი შეეწევა იმ ადამიანებს, ვინც გულწრფელად ეძებენ მას და მათ აუცილებლად ასწავლის ლოცვას. ის არასდროს მიატოვებს ადამიანს: ,, რომელი მოვიდეს ჩემდა, არა განვაძო გარე’’. ის ყველაფერს თავის დროზე მოგვცემს, ან გამოცდილ მოძღვარს შეგვახვედრებს ან რომელიღაც წიგნი ჩაგვივარდება ხელში. ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ცოცხალ ღმერთთან პიროვნული, შინაგანი, გულწრფელი ურთიერთობაა და დანარჩენი უკვე თავისით დალაგდება.

დეკანოზი ალექსანდრე:

– მამა ნიკოლოზ, თქვენს მონასტერში იესუს ლოცვას რა ადგილი უკავია? თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ის მონასტრული ცხოვრების ბირთვია. როგორ ფიქრობთ, ერის ადამიანის ცხოვრებაში მას რა ადგილი უჭირავს?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– წმინდა მამები ამბობენ, რომ იესუს ლოცვა დიდი საიდუმლოებაა, რადგან ამ დროს ღმერთის სახელს მოვუხმობთ. ამიტომაც, ამაოდ არ უნდა მოვუხმოთ მას და ვეცადოთ, რომ შეძლებისდაგვარად ჩავუღრმავდეთ და გავაცნობიეროთ თუ ვინ დგას ამ სახელის უკან.

არაფრით არ შეიძლება ისეთ უკიდურესობაში აღმოჩენა, რომ ქრისტეს სახელს გავექცეთ. ეს ხომ ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის სრულიად აბსურდული იქნებოდა. წმინდა სილუან ათონელისთვის იესუს ლოცვა უდიდესი საიდუმლოება იყო. მისთვის ქრისტეს სახელის თითოეული მოხმობა მოვლენა გახლდათ. როდესაც ღმრთის მადლი მთელ მის არსებას აღავსებდა, ამ სახელს ვერც წარმოთქვამდა და გარინდებული დუმდებოდა ქრისტეს წინაშე. ასე იყო მამა სოფრონიც. როდესაც ,,მამაო ჩვენოს’’ იწყებდა, პირველივე ორი სიტყვა მის გულში ცოცხალი ღმერთის შეგრძნებას ბადებდა და შემდეგი სიტყვებიც წარმოთქმის ძალა აღარ ჰქონდა.

ამიტომაც ვფიქრობ, რომ საჭიროა სიბრძნე და განსჯის უნარი.

ჩვენს მონასტერში მწუხრს და ცისკარს ერთობლივად, იესუს ლოცვით აღვასრულებთ. რა თქმა უნდა, ეს პირადი ლოცვისგან განსხვავდება, მაგრამ მამა სოფრონიმ ასეთი წესი ათონელ წმინდა მამათაგან შემოიღო. ათონურ სკიტებში სწორედ იესუს ლოცვით აღასრულებენ მსახურებებს( რა თქმა უნდა, ლიტურგიის გარდა).

ჩვენს მონასტერში არის ამის სულიერი მოთხოვნილებაც და ის ფაქტიც, რომ ჩვენი საძმო მრავალეროვანია, ართულებს იმას, რომ მსახურებები რომელიმე კონკრეტულ ენაზე იყოს. სწორედ ამიტომ ვიყენებთ იესუს ლოცვას, რომელიც ყველა ენაზე გასაგებია.

დეკანოზი ალექსანდრე:

– მადლობა, მამა ნიკოლოზ. კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური კითხვა გვაქვს მორჩილებასთან დაკავშირებით. როგორია მორჩილება მონაზვნობაში და როგორი საერო ცხოვრებაში? საერთოდ რა ადგილი უკავია მორჩილებას სულიერ ცხოვრებაში და რას ამბობდა ამის შესახებ მამა სოფრონი? როგორ მივაგნოთ ჩვენს საზომს?

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– მამა სოფრონიმ მორჩილების ტრადიცია თავისი მოძღვრისგან – წმ. სილუან ათონელისგან მიიღო. რა თქმა უნდა, მორჩილებაც ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოებაა, რადგან ამ დროს, ადამიანი საკუთარი მოძღვრის მორჩილების მიერ, ღმრთის მარადიული ნების აღმსრულებელი ხდება. წმ. სილუანის ნაწერები თუ წაგიკითხავთ ნახავთ, თუ როგორ მიმართავს ის მორჩილებსა და მოძღვრებს. მორჩილებს ასწავლის, რომ თავიანთ სულიერ მამებს ყველანაირ დეტალში დაემორჩილონ. მოძღვრებს კი ეუბნება, რომ პირველ რიგში ღმრთის ნება უნდა გამოიძიონ, რადგან თუკი ადამიანს არ აქვს ღმრთის ნების შემეცნების სულიერი ნიჭი და საკუთარი გონებით გასცემს სულიერ რჩევებს, მაშინ ვერ გაექცევა შეცდომებს.

წმ. სერაფიმე საროველი ამბობს: ,,როდესაც საკუთარი გონებით ვსაუბრობდი, შეცდომებს ვუშვებდი’’.

ამრიგად, წმ. სილუანისგან მამა სოფრონიმ თითოეულ სიტყვაზე პასუხისმგებლობის განცდა იმემკვიდრევა. ერთხელ წმ. სილუანთან კავკასიიდან მამა სტრატონიკი მივიდა, რომელმაც სულიერი სრულყოფილების დიდ საზომს მიაღწია. მას სურდა, რომ ათონის მთაზე ვინმესგან სულიერი დარიგება მიეღო და როდესაც წმ. სილუანს შეხვდა და მასთან საუბარი დაიწყო, მიხვდა, რომ ის უდიდესი სულიერი გამოცდილების მქონე იყო.

წმ. სილუანმა მამა სტრატონიკეს ჰკითხა: ,,როგორ საუბრობენ სრულყოფილები?’’ მამა სტრატონიკმა როდესაც ეს კითხვა მოისმინა, გაოცდა მისი სიღრმით და ვერაფერი უპასუხა. მაშინ წმ. სილუანმა თქვა: ,,სრულყოფილები საკუთარი გონებით არ იძლევიან რჩევებს’’.

თავად უფალი არასდროს საუბრობდა ამაოდ. წარმოგიდგენიათ, როგორი პასუხისმგებლობა აკისრია თითოეულ მოძღვარს? ღმრთის წინაშე როგორი შიშით უნდა ესაუბრებოდეს თითოეულ მიმსვლელს. ამიტომაც, მოძღვრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გონიერი ლოცვის სწავლაა. საკუთარი გულისა და გონების ლოცვით ქრისტესკენ მიმართვა, რათა როგორმე მისი ნება შეიცნოს. თუ მისი ნება ვერ შეიცნო, სულ მცირე ის მაინც სთხოვოს უფალს, რომ არ შესცოდოს სიტყვით მათ წინაშე, ვინც მასთან რჩევისთვის მიდის. ასეთი გულწრფელი დამოკიდებულებისა და ლოცვითი მდგომარეობის შემთხვევაში, უფალი ყოველთვის ისე მოაწყობს, რომ მისი სიტყვა სარგებელს მოუტანს სხვა ადამიანს.

თუკი ეს საიდუმლოებაა, მაშინ მასში ყოველთვის მყოფობს ღმერთი. ამისთვის კი აუცილებელია, რომ მოძღვარმა მას ლოცვით მიმართოს, რათა უფალი შეეწიოს და სიტყვა მისცეს მას. მოძღვარს დიდი ნიჭებიც რომ არ ჰქონდეს, ვფიქრობ, რომ აუცილებელი წინაპირობა იმ ადამიანების სიყვარულია, რომლებიც მასთან მიდიან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საიდუმლოება არ აღესრულება.

როდესაც მონაზვნების ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ თითქოს მოძღვრები თავიანთ მორჩილებს ზედმეტად მკაცრად ექცეოდნენ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს მოძღვრის მხრიდან დიდი სულიერი სიყვარულისგან მომდინარეობდა, რომელშიც თავად მორჩილიც ღრმად დარწმუნებული იყო. სწორედ ასეთი სიყვარულის საფუძველზე შენდება ეკლესიაში ყველაფერი. როდესაც მონასტერში მივედი, სიტყვა ,,მორჩილება’’ არც თუ ისე ხშირად გამოიყენებოდა. ცხოვრება სრულიად ბუნებრივად მიედინებოდა. მონასტერში თითოეულს თავისი ფუნქცია ჰქონდა, რომელიც სიხარულით, სიყვარულითა და მოძღვრისადმი ნდობით აღესრულებოდა. არ იყო იმის განცდა, რომ ვინმე ძალით ცდილობს შენი ნების დათრგუნვას, ან ასე რომ ვთქვათ დამდაბლებას. რა თქმა უნდა, მამა სოფრონი უპირველესად იმაზე ზრუნავდა, რომ სიმდაბლე შეგვეძინა, რაგდან ის თვლიდა, რომ სიამაყე ყველაზე საშიში შხამია. მაგრამ მას არ ჰქონია იმის სურვილი, რომ ადამიანის პიროვნება სრულიად დაეთრგუნა, რათა მასში სულიერი ცხოვრების მოშურნეობა არ ჩაეკლა. ის ყველანაირად ცდილობდა, რომ ეს შთაგონება და მოშურნეობა ჩვენში აეღორძინებინა და განემტკიცებინა, რათა შეძლებისადგვარად სიცოცხლის ბოლომდე გაგვყოლოდა ეს მდგომარეობა.

ის ცდილობდა, რომ ყველაფერში ქრისტესთვის მიებაძა. უფალი არასდროს მოქმედებდა ძალადობით. ის თვლიდა, რომ ძალადობა არ არის ეკლესიის გზა და ამბობდა, რომ ეს ანტიქრისტეს გზაა, რომელიც მომავალში სრულმასშტაბიან ძალადობაში გამოვლინდება. ქრისტე კი სიყვარულითა და სიმდაბლით მოქმედებს და მისი ნაყოფებიც მარადიულია. ის კი, რაც ძალადობით მიიღწევა, არ აქვს ის ფასი, როგორიც თავისუფალი ნებით აღსრულებულს გააჩნია.

დეკანოზი ალექსანდრე:

– მადლობა, მამა ნიკოლოზ თქვენი პასუხებისთვის. ვფიქრობ, რომ ისინი მამა სოფრონის გამოცდილების თქვენს ცხოვრებაში გათავისების ნაყოფია.

მღვდელმონაზონი ნიკოლოზი:

– მადლობა თქვენც.

წყარო: http://pravmir.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share