sofron saxarovi 3

წმინდა სოფრონ სახაროვი – იესუს ლოცვა არ არის რაღაც მაგიური და მექანიკური

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ იესუს ლოცვა არ არის რაღაც მაგიური და მექანიკური. თუ არ ვშრომობთ და ვვარჯიშობთ ქრისტეს მცნებების აღსრულებაში, მაშინ ამაოა იესუს ლოცვაც. თავად მან გვითხრა: ”არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ. მრავალთა მრქუან მე მას დღესა შინა: უფალო, უფალო, არა სახელითა შენითა ვწინასწარმეტყუელებდითა და სახელითა შენითა ეშმაკნი განვასხენით და სახელითა შენითა ძალნი მრავალნი ვქმნენით? მას ჟამსა ვჰრქუა მათ, ვითარმედ: არა გიცნი თქუენ, გამნეშორენით ჩემგან ყოველნი მოქმედნი უსჯულოებისანი” (მთ.7:21-23).

მოთმინებით უნდა ვიშრომოთ, იმის გაცნობიერების მცდელობით, რომ სახელი – იესუ ქრისტე – ძე ღმერთთან ონტოლოგიურ, არსობრივ კავშირშია. როდესაც ადამიანი გვიყვარს, დიდი სიამოვნებით, დაუღალავად შეგვიძლია ვიმეოროთ მისი სახელი. ასე, ამგვარად და გაცილებით მეტად უნდა ვიყოთ ქრისტეს შემთხვევაში. როდესაც ჩვენთვის საყვარელ ადამიანში თანდათანობით აღმოვაჩენთ სხვადასხვა სიკეთეებს, მისი ფასი და სიყვარული იზრდება ჩვენში და სიხარულით შევცქერით ახალაღმოჩენილ თვისებებს. ასევე ხდება იესუს ლოცვის დროსაც, როდესაც თანდათანობით გვეხსნება ღვთაებრივი საიდუმლოებები და თავად ვხდებით იმ რეალობის მატარებელნი, რასაც ქრისტეს სახელი შეიცავს. მისი მეშვეობით მარადისობას ვეზიარებით.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ