ეფრემ კატუნაკელი e1607712681849

მთელი მისი ცხოვრება ერთ ლოცვად “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” შეიკუმშა- მღვდელ-მონაზონი იოსები

ერთი ღამე უდაბნოში

მამა ეფრემი მოწესრიგებული კაცი იყო. მისი შინაგანი „საათი“ საოცარი სიზუსტით მუშაობდა. მას მკაცრად ჰქონდა განსაზღვრული საეკლესიო მსახურებების, ღამის ლოცვითი კანონის, დაწოლისა და ადგომის დრო, მაგრამ, ამასთან, იგი ამ ყველაფერს თავისუფლად და ყოველგვარი ზეწოლის გარეშე ასრულებდა. ღამის კანონის შემდეგ, ცოტა ხანს რომ დაისვენებდა, დილით დუმილით ადიოდა ეკლესიაში და შემთხვევის ლოცვებს კითხულობდა, რათა წირვა აღესრულებინა. წირვისა და დილის ტრაპეზის შემდეგ დიდი გულმოდგინებით შეუდგებოდა სხვადასხვა სამუშაოს: ხან ხელსაქმეს, ხან ბაღის მოვლას, ხანაც ტერასების, ფარდულის, საწყობის და სხვა ნაგებობათა აშენებას. მას ძმებიც ეხმარებოდნენ შრომაში, რომელიც, ჩვეულებრივ, შუადღის საათებში მთავრდებოდა, როცა უკვე ბუნებით თბილსისხლიანი მამა ეფრემისთვის მზე საკმაოდ მცხუნვარე და შემაწუხებელი იყო. მაშინ ბერი ძმებს სტრაპეზოში შემოიკრებდა, ხილით ან სხვა რაიმეთი მსუბუქად პირს გაისველებდნენ და დასასვენებლად მიდიოდნენ. ნაშუადღევს, მწუხრის ლოცვისა და ტრაპეზის შემდეგ, მთავრდებოდა ყოველგვარი საქმე და საზრუნავი, რათა სული თავისუფალი და მომზადებული ყოფილიყო ღამის სულიერი სამუშაოს შესასრულებლად.

სერობის ლოცვის შემდეგ ბერი მაშინვე დასაძინებლად მიდიოდა და სამსაათ-ნახევარში მაღვიძარას გარეშე იღვიძებდა. ეს ჩვეულება, განსაკუთრებული გადაღლილობის გამო, ზუსტად მხოლოდ რამდენჯერმე ვერ დაიცვა. როცა გაიღვიძებდა, მის ფანჯარაში ლიფლიფას მკრთალი შუქი გამოჩნდებოდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მან ჯიბის საათს დახედა, რომელიც კედელზე ჰქონდა დაკიდებული. ცოტა ხანში ჩაბნელებული სახლის დერეფნებსა და ეზოში მისი მკრთალი სილუეტი იწყებდა მოძრაობა. ცალ ხელში ლიფლიფა და სამასიამი სკვნილი ეჭირა, ხოლო მეორეში – პატარა ტაბურეტი. იგი ეზოში ერთ განსაზღვრულ ადგილზე ჯდებოდა და წინ ერთ ტომარასაც დაიფენდა მეტანიების შესასრულებლად. მოწმენდილ ცაზე, სხვა მრავალ ვარსკვლავს შორის, კლდეებიდან ერთი ვარკსვლავი გამობრწყინდებოდა. მოგვიანებით ვარსკვლავი ზენიტს აღწევდა, რაც ლოცვის დასრულების ნიშანი იყო.

ხევის ვეებერთელა, რუხი, გრანიტის კლდეები მშვიდად, ვარკსვლავებით განათებული სასიამოვნო ღამის მცველებივით იდგნენ. ამ მდუმარებას მხოლოდ ჭრიჭინას მსუბუქი ხმა და უკიდეგანო ზღვის ტალღების დგაფუნი არღვევდა. ბუნება თავის ყველაზე იდუმალ საათებში, ყველაზე მომაჯადოებელ გარემოში, მდიდარი თავისი ღამის მშვენიერებით, რაღაც სხვა, სულიერ სამყაროს მოგაგონებდათ.

თუმცა მოღვაწე ბერი საამო ღამის ბუნების აცრემლებული თვალებით ცქერას მალევე წყვეტდა და გონებას წინ, მიწისკენ, მიმართავდა, უფრო სწორად, – თავისი შინაგანი სამყაროსკენ, უფრო ზუსტად, – ზეცისკენ. იგი სკვნილზე იესუს ლოცვას პირჯვრის გამოსახვით იწყებდა: ჯერ პირად კანონს ასრულებდა, მერე კიდევ კარგა ხანს ილოცებდა სკვნილზე შემომწირველებისა და მათთვის, ვისაც შეწევნა სჭირდებოდა. შემდეგ აგრძელებდა იესუს ლოცვას და მეტანიებით ამთავრებდა. ზოგჯერ რომელიმე ძმა ჰყავდა გვერდით, რომელსაც რული ერეოდა. მისი მლოცველი სულის შრიალი დროდადრო ლოცვის – ‘’უფალო იესუ ქრისტე…’’- ჩურჩული, ღრმა კონცენტრირების შედეგად გამოწვეული უკიდურესი სიმყუდროვე, ყოველი სკვნილის დასრულებისას მსუბუქი ამოხვნეშა და გონების მოკრების ახალი მცდელობა სრული უბრალოების, უშუალობის და, ამავდროულად, არაამქვეყნიურობის შთაბეჭდილებას ქმნიდა. სანუკვარი წუთები იყო! როცა გონს მოდიოდა, მის მიერ შედგენილი სახოტბო საგალობლების მადლიანი ჰანგები ისმოდა: ‘’ღმერთი სიყვარული არს. შეიყუარეთ ღმერთი და მიეცით დიდება სახელსა მისსა! ყოველივე სიბრძნით, მამობრივი ალერსით ჰქმენ’’! – შემდეგ პატარა ლიფლიფას შუქზე, ჩვეულებრივ, ერთი საათის განმავლობაში თავის საყვარელ ასკეტურ საკითხავებს, უმთავრესად, აბბა ისააკს კითხულობდა. არქიმანდრიტ იოაკიმე სპეციერის რედაქციას იყენებდა. ხშირი კითხვისაგან ფურცლები ამოცვენილი იყო და სკოჩით ჰქონდა დაწებებული.თავფურცლებზე უამრავი შენიშვნა ძველი ფანქრით ჰქონდა გაკეთებული. როგორც ჩანს, ძალიან უყვარდა აბბა ისააკის 81-ე სიტყვა, რომლიდანაც ხშირად იმოწმებდა ციტატებს.

ფილოკალიიდან განსაკუთრებით უყვარდა სიტყვა აბბა ფილიმონის შესახებ. იქაც საკმაო შენიშვნები ჰქონდა გაკეთებული. მოვიყვანთ რამდენიმე მათგანს, რადგან საუბრების დროს ხშირად იყენებდა ამ გამონათქვამებს:

“ჭეშმარიტად, ერთ უქმ სიტყვასაც კი ძალუძს, გონება ღმრთის ხსოვნას განაშოროს”.
“მაშ, გაფრთხილდი და დაიცავი შენი გული, რათა ბოროტი გულისსიტყვები ან რაიმე ამაო და უსარგებლო არ მიიღო”!
“თუ ასეთი რამის მოსურნე ხარ, ფარული ღვაწლი დაიმარხე სუფთა გულში”!
“როცა გონებაში ამაო გულისსიტყვები მოდის, ეს უქმი და უდები სულის სნეულებაა. მაშ, როგორც წერია, გვმართებს, რომ მთელი გულისხმისყოფით დავიცვათ საკუთარი გონება”!
“დიდი თავდაცვა, ფიზიკური შრომა და სულის განწმენდა გვჭირდება, რათა ჩვენს გულში ქრისტემ დაივანოს”.
“განსაცდელების დროს ყოველთვის ამას ვაკეთებდი, – მთელ ჩემს იმედებს ღმერთზე ვამყარებდი”.
“საკუთარი თავიდან მხოლოდ ერთ რამეს ვწირავ ღმერთს – მოუკლებელ ლოცვას”.
“მას შემდეგ, რაც სკიტში მოვედი, ჩემი გულისსიტყვისთვის სენაკის გარეთ გასვლის ნება არ მიმიცია”.
“უნდა გვეშინოდეს უდებების; განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ, რომ სხვა გულისსიტყვა არ მოვიდეს და ქრისტეს არ განგვაშოროს”!

მამა ეფრემი სხვა მრავალ წიგნსაც კითხულობდა, ცხადია, უმთავრესად -წმინდა წერილს. ხშირად აქებდა თხრობითი სახის წიგნებს, როგორც მსუბუქსა და სასარგებლოს.

ამრიგად, სულიერი საკითხავის მერე, ღამის ლოცვის ნაყოფებით დახუნძლული, დასასვენებლად მიდიოდა. მამა ეფრემს სწამდა, რომ მონაზვნების მიერ განაწესისა და მონაზვნური ცხოვრების სიზუსტის (განაწესი სავანეებში კინოვიური ცხოვრების მამოძრავებელი ძალაა) დაცვა სიყვარულისა და განსჯის თანხლებით უნდა მოხდეს!

საერთოდ, მამა ეფრემისთვის დრო თარიღის აღმნიშვნელი როდი იყო, არამედ მუდმივი შესაძლებლობა სულიერი აღდგომისა და სრულყოფილებისათვის. “აჰა ესერა, აწ არს ჟამი იგი შეწყნარებისა, აჰა ესერა, აწ არს დღე იგი ცხორებისა”(2.კორ.6:2). ყოველი დღე და ყოველი ღამე, მათი შესაბამისი ფიზიკური თუ სულიერი საქმიანობით, რომელიც დადგენილი იყო ბრძნული და მკაცრი ურღვევი განაწესით, ყოველი მწუხრი, ყოველი მსახურება, წირვა, კალივის ყველა სამუშაო და ხელსაქმე მამა ეფრემისთვის იყო იმედის მომცემი მოლოდინი, მისწრაფება, და ბოლოს, სიხარული. ლოცულობდა თუ ფიზიკურად შრომობდა, ცხადი იყო, რომ ამას მთელი გულით და მადლიანად აკეთებდა.

“შვილო, იესუს ლოცვა მხოლოდ მაშინ კი არ უნდა თქვა, როცა სალოცავად დგახარ, არამედ შრომის დროსაც; ეს სარგებელს მოგიტანს. – ვთქვათ, მეკარე ხარ და მომლოცველებს იღებ, თქვი იესუს ლოცვა. შვილო, როცა ლოცულობ საუნჯეს აგროვებ, შენს სალაროში დიდ სიმდიდრეს დებ”.

მისთვის დრო ლოცვასთან იყო შეერთებული. ორმოცწლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს, მთელი მისი ცხოვრება ერთ ლოცვად – “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” – შეიკუმშა. თითქოს ამ ვიწრო და კლდოვანმა, მღვიმის მსგავსმა ადგილმა ხელი შეუწყო დროის ამ შეკუმშვას, რათა დრო გამხდარიყო ერთგვარი ლოცვა, ღრმა სულთქმა, სხვებისგან თითქმის მიუწვდომელი სულიერი გაელვება.

მწირველი

მამა ეფრემი წირვას ყოველდღე აღასრულებდა. როცა ეკითხებოდნენ, იქნებოდა თუ არა მომდევნო დღეს წირვა, ჩვეულებრივ, პასუხობდა: “თუ ღმერთი ინებებს, ვწირავ”. როცა გაიღვიძებდა, ხელ-პირს დაიბანდა, თმას დაივარცხნიდა და მტკიცე ნაბიჯით, მდუმარედ მიემართებოდა აღსავლის კართან, რათა შემთხვევის ლოცვები წაეკითხა. ანაფორასა და კუნკულში გახვეული, ანთებული კანდლების ხუთი პატარა ცისფერი ალით, როგორც ცის მოელვარე ვარსკვლავებით გარემოცული, ძლივს მოჩანდა ნახევრად ბნელ ტაძარში. კვეთის დროს პატარა ზარს დარეკავდა, რათა მოსახსენებლები წაგვეკითხა, რომლებსაც წლების განმავლობაში იხსენიებდა.

ხშირად მოსახსენებლებს მის გვერდით საკურთხეველში ვკითხულობდით. წირვის დროს მთლად თეთრებით იყო შემოსილი, – წლების განმავლობაში ერთი თეთრი შესამოსლით მსახურობდა, თოვლივით ქათქათა წვერითა და თმებით. მოკაშკაშე მზერა დიპტიქისკენ ჰქონდა მიპყრობილი, რომელიც სამკვეთლოსთან იყო დაკიდებული. მის წინ, სამკვეთლოზე, დაფარნით დახურული ბარძიმი იყო დაბრძანებული, გვერდით კი – ფეშხუმი, რომელზეც შეუჩერებლად კვეთდა ნაწილებს ცოცხალთა და მიცვალებულთათვის. იქვე ანთებული ლამპარი თავისი სუსტი შუქით ანათებდა დიპტიქს, წმინდა ჭურჭელს, თეთრ შესამოსელსა და ბერის მადლიან, მოვარდისფრო, კაშკაშა, თითქოს ბიზანტიურ ხატს მისმგავსებულ სახეს.

ამის შემდეგ აკმევდა და იწყებდა წირვას: “კურთხეულ არს მეუფება…” წირვის დროს ჩაფიქრებული იყო, ოდნავ შეყოვნებული, მტკიცე, გაბედული მოძრაობები ჰქონდა, მშვენიერი მწირველი იყო. ისეთი განცდა გქონდა, თითქოს ღრმა, საუცხოო წარსულიდან მოდიოდა, რათა დარწმუნებით გაეგრძელებინა დაუსრულებელ მომავალში. მას დაბალი, მშვიდი, ტკბილი ხმა ჰქონდა, რომელიც სულის სიღრმიდან ამოდიოდა და ღმრთის სიტყვის თანამყოფობას ადასტურებდა.

თუ როგორი კეთილხმოვანებით და წართქმით უნდა აღესრულებინა წირვა, ეს მან ახალგაზრდობაში წმ. იოსებ ისიქასტისგან ისწავლა. ბერი იოსები მამა ეფრემს წირვის აღსრულებაში ყოველთვის ეხმარებოდა და ამის ნებას სხვას არავის რთავდა. იქ შექმნილი გარემოთი ისე ხარობდა, რომ ამბობდა: “ვერ დავიჯერებ, წმინდა მთაზე სადმე უკეთესი წირვა აღესრულებოდეს”. მამა ეფრემი წირვის დროს იმდენად კონცენტრირებული იყო, რომ იმ წლების განმავლობაში, როდესაც მასთან ერთად ვიყავით, უმნიშვნელო შეცდომაც კი არ დაუშვია. როცა წირვას აღვასრულებდით, დროდადრო მკვეთრი გამოხედვით მიგვანიშნებდა იმაზე, რაც უნდა გამოგვესწორებინა.

მამა ეფრემი ამბობდა: “ჩემთვის წირვაა ყველაზე მნიშვნელოვანი ლოცვა”. თუმცა ცდილობდა, რომ წირვის დროს ლმობიერება გარეგნულად არ დასტყობოდა, რათა ეს სხვებს არ შეემჩნიათ. მისი მტკიცე და დაურღვეველი კანონი იყო, რომ თავისი ლმობიერი მდგომარეობა დაეფარა. იშვიათად, როცა ღრმა ლმობიერებისგან ცრემლები შეუჩერებლად სდიოდა და თავის შეკავება არ შეეძლო, ცოტა ხნით დუმდა.

წიგნიდან “ღირსი ეფრემ კატუნაკელი”; გამომცემლობა “ივერიელი”;
თბილისი; 2021 წელი.

მთავარი ფოტო: წმინდა ეფრემ კატუნაკელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •