dorotheos 1

სულიერ მოძღვართან ურთიერთობის შესახებ – წმინდა ამბა დოროთე

ჩემო საყვარელო ძმებო და მამებო, დაუკვირდით, რა წერია სოლომონის სიბრძნეში: რომელთა არა აქუნდეს მწყემსი, დაცვივენ, ვითარცა ფურცელი, ხოლო ცხორება არს მრავლითა განზრახვითა (იგავ. 11:14). ნახეთ, ძმებო, რას ნიშნავს ეს სიტყვები? ნახეთ, რას გვასწავლის მთელი წმინდა წერილი? – ჩვენი შეუმცდარობა სურს და განსაკუთრებით გვაფრთხილებს, არ ვენდოთ ჩვენს თავს, თავი ბრძენად არ მივიჩნიოთ და არ დავიჯეროთ ბოროტი აზრი, თითქოს ჩვენი თავის დამწყემსვა შეგვეძლოს.

ძმებო, იცოდეთ, სხვების დახმარება გვესაჭიროება და სრულიად უდავოდ, მწყემსი გვჭირდება, რომ დაგვმწყემსოს. არ არსებობს მეტი საშინელება და ეშმაკსაც არაფერი სწადია იმაზე მეტად, ვიდრე ის, რომ მწყემსი, ანუ მოძღვარი არ გვყავდეს. რატომ ამბობს: რომელთა არა აქუნდეს მწყემსი, დაცვივენ, ვითარცა ფურცელი? დაუკვირდით ამ სიტყვებს: თავიდან ფოთოლი მწვანე, მშვენიერი და ნედლია, შემდეგ ნელ-ნელა ხმება, ცვივა და ყველას გასათელი ხდება. ასეა მონაზონიც, ვისაც მოძღვარი არ ჰყავს და ვინც თავისი მამის ნებას არ მისდევს: დასაწყისში მხურვალეა ლოცვაში, მარხვაში, მყუდროებაში, მღვიძარებასა და ყოველ კეთილ საქმეში, შემდეგ გულმხურვალება თანდათან უნელდება. ვინც თავის ნებას მისდევს და წინამძღვარი არ ჰყავს, რათა კვლავ აღაგზნოს მისი მხურვალება, ასევე შეუმჩნევლად გახმება და დაეცემა, ვინც თავისი ნებისაებრ ეწევა მონაზვნობას და ეშმაკთა გასათელი ხდება.

რომლებიც თავიანთი მოძღვრის ნებას მიჰყვებიან, თავს კი არა, არამედ თავიანთი მამის განზრახვასა და ნებას ენდობიან, ასეთები არ დაეცემიან, რადგან ქრისტეა მათი შემწე, როგორც ვთქვით: ცხორება არს მრავლითა განზრახვითა. არ ამბობს, ყველას დაეკითხოსო, არამედ მხოლოდ თავის მოძღვარს ჰკითხოს რჩევა, მას უთხრას და მასთან აღიაროს ყოველი ზრახვა, განსაკუთრებით, რაც მომხდარა, ან საქმით გაუკეთებია, ან რამე ბოროტებას დასჩვევია, ან ცუდ საზოგადოებაში ყოფილა. თუ ასეთი ხშირ-ხშირად არ აღიარებს, მაშინ ეშმაკი მასში ერთს რამე ნებას იპოვის და იმით დასცემს.

იცოდეთ, ძმებო, თუ ჩვენს ნებას შევუდგებით, თუნდაც მარჯვენა მხარეს ვიბრძოლოთ, მალე დავეცემით. ეშმაკი მზაკვარია, სიძვასა და პარვას კი არ ჩაგვაგონებს(იცის, ასეთ რამეს არ დავუჯერებთ), არამედ პირველად რამე კეთილი საქმის შესახებ გვეტყვის, ჩვენ რომ ძალზედ გვწადია. ასე დაგვაჩვევს ჩვენი ნების შედგომას და უეჭველად დაგვცემს მარჯვნიდან ან მარცხნიდან, უმთავრესად კი მარჯვნიდან, როგორც დაწერილია: ეშმაკი ბოროტებას უმთავრესად მაშინ იქმს, რაჟამს სიმართლესაცა თანა შეჰრთის(იგავ. 11:15). ეს მაშინ ხდება, როცა ჩვენს ნებას მივდევთ და თავად ვირჩევთ სათნოებას. გვგონია, კარგს ვაკეთებთ, მაგრამ სწორედ მაშინ ვცდებით და სულს წარვიწყმედთ. იცოდეთ, ძმებო და შეიგნეთ, რომელი კაციც თავისი ნებით შეუდგება და ეწევა მონაზვნობას, იგი ღმრთის ნებას არ ასრულებს და შორს არის მისგან. ამაში წმინდა მამა პიმენი დამემოწმება. იგი ამბობს: ,, კაცის ნება ზღუდეა ღმერთსა და მას შორის’’. თან დასძენს, დამაბრკოლებელი კლდე არისო.

ნახეთ, ძმებო, ნათქვამის ძალა, ნახეთ და გააცნობიერეთ, ვის დამაბრკოლებლად ასახელებს წმინდანი – ღმრთის ნებისა და მისი ყოველი წმინდა გზის დამაბრკოლებლად. თუ კაცი თავის ნებას უარყოფს, უნდა თქვას: ,, ღმრთისა მიერ გარდავჰხდე ზღუდესა, ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი’’(ფს. 17:30-31). ნახეთ, ძმებო, ეს გასაოცარი საქმე, იხილეთ და მისთვის იღვაწეთ, გევედრებით! როცა კაცი თავის ნებას უარყოფს, მაშინ უბიწოდ და წრფელად იხილავს ქრისტეს გზას. ამიტომაც დასძინა: ,, ღმერთი ჩემი, უბიწო არიან გზანი მისნი’’. ასევე, თავის მართლებაზე ამბობს: თუ კაცის ნებას ზედ თავის მართლებაც დაერთვის, იცოდეთ, ასეთი კაცი საერთოდ არ სჩადის სიკეთეს.

ნახეთ, ძმებო, რა ძალა აქვს წმინდანის სიტყვას! ჭეშმარიტად სიკვდილია, თუ კაცის ნება და თავის მართლება ერთმანეთს დაერთვის. ძალიან უნდა შიშობდეს ამ ორ საშინელ ღელვას შორის მოქცეული კაცი, რადგან მაშინ სრულიად ეცემა ის საწყალი, რომელიც ამ ორი ეშმაკის, ანუ ამ ორი ვნების – საკუთარი ნების მიყოლისა და თავის მართლების – მოყვარულია.

ვინღა დაარწმუნებს მას, საქმითა თუ სიტყვით ამ საქმეში სცდებიო? მაშინ, საწყალი, სრულიად მიჰყვება თავის ნებასა და ზრახვას, ასე განწირული აღმოჩნდება ეშმაკის ხელთ, რადგან პირველად თავად გახდა თავისი თავის ეშმაკი. ძმებო, იცოდეთ, ეშმაკს ძალიან სძულს შეუმცდარობის გზა, არა მარტო სძულს, მის სახელსა და ხმასაც კი ვვრ ისმენს. რა არის შეუმცდარობა? – ის, რომ კაცი თავის ნებას არ მიჰყვეს და რასაც აკეთებს, ყველაფერი განსჯით აკეთოს. არ ვამბობ, გააკეთოს და არ იკითხოსო, არამედ საქმის გაკეთებამდე იკითხოს, რათა ეშმაკმა არ გაიგოს, თავის ნებას რომ ასრულებს, რადგან სარწმუნოებით განსჯა და ზრახვების გამოაშკარავება მას (ეშმაკს – რედ.) ძალიან უმძიმს.

არა მარტო უმძიმს, იმ ადგილიდან საერთოდ ისე გარბის კიდეც, როგორც ცეცხლისგან, რადგან მთელი მისი ძალა იმუსრება, და შერცხვენილია ზრახვებისა და ყოველი საქმის გამოაშკარავებითა და აღსარებით, რადგან მთელი მისი უკეთურება აშკარავდება და ვეღარ მიჰყავს კაცი თავისი ნების აღსრულებასა და სიმარჯვემდე.

ღმერთს სურს, ჩვენს ნებასა და განზრახვას კი არ შევუდგეთ, არამედ ჩვენს მოძღვარს ვკითხოთ და მან დაგვიცვას შეცდომისგან, რადგან გვეტყვის: ეს გააკეთე, ის არ გააკეთო; ეს კარგია და ის ცუდია; ეს დროულია და მართებულია. თუ კაცი ასე დაეკითხება თავის მოძღვარს და რასაც ეტყვის, გააკეთებს, მაშინ ეშმაკი დროს ვერ იხელთებს მის სავნებად და ამ საქმით მთელი მისი მზაკვრობა ჩაიშლება. ნუ გიკვირს, რომ ღმერთს ასე სურს და ამრიგად განაგო. ბოროტ ეშმაკს კი ძალიან უყვარს ისინი, ვისაც მოძღვარი არ ჰყავს და თავის ზრახვებს არ აღიარებს, რადგან ”დაცჳვენ ვითარცა ფურცელი“. ამის გამო უყვარდა ეშმაკს ის ძმა, ვისზეც მამა მაკარს უთხრა: ”აქ არის ერთი ძმა, რომელიც ძალიან მიყვარს და მასთან ყოველთვის ვხარობ“. ნახეთ, ძმებო, როგორ უყვარს ეშმაკს ის, ვისაც მწყემსი არ ჰყავს. როგორც მამა მაკარიმ იხილა, განა ყველასთან არ მიდიოდა ეშმაკი, რომელსაც უამრავი გოგრა ჰქონდა მოკიდებული? განა ყველას არ მიართვა ისინი? მაგრამ ყოველი მათგანი თავის მამას ეუბნებოდა და თავისი მოძღვრის სიტყვით ფრთხილობდა, რადგან საკუთარ თავს კი არა, თავიანთ მოძღვარს ენდობოდნენ. ამიტომაც იფარავდა ღმერთი ეშმაკის ყოველგვარი მახისა და ხრიკისგან და ვერავის ვერაფერი ავნო ეშმაკმა.

მხოლოდ ის უბადრუკი ნახა უმწყემსოდ, თავის თავს მინდობილი. ამიტომ ჰყავდა იგი ეშმაკს დასაცინად, მისი მადლიერი იყო და სხვებს სწყევლიდა. როცა ეშმაკმა წმინდა მაკარის ეს ამბავი და იმ ძმის სახელი უთხრა (თეოპემპტოსი ერქვა), წმინდა მაკარი მყისვე მიხვდა მისი წარწყმედის მიზეზს – მწყემსი არ ჰყავდა.

სასწრაფოდ გაემართა მისი სენაკისკენ, ნახა და ჰკითხა მამა მაკარიმ: ”როგორ ხარ,შვილო?“ ”შენი ლოცვით კარგად ვარ, წმინდა მამაო“, – უპასუხა მან. ”ზრახვები არ გებრძვის?“ – ისევ ჰკითხა წმინდამ. ”ჯერჯერობით ასეთი ბრძოლა არ მაქვს“, – უპასუხა. არ უნდოდა აღიარება. მაშინ წმინდამ სიბრძნის ხელოვნებას მიმართა და თავისი ზრახვების აღიარებასა და გამოცხადებას შეუდგა: ”ძმაო, ილოცე ჩემთვის, რადგან ძლიერ მებრძვის ეშმაკი“. ასე გაუღო აღსარების კარი. ისიც ზრახვების აღიარებას შეუდგა. მაშინ წმინდა მაკარიმ სწორ გზაზე დააყენა ის და წამოვიდა.

ეშმაკი, ჩვეულებისამებრ, კვლავ მივიდა მასთან, უნდოდა დაეცა, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ნახა, ფრთხილობდა და თავს აღარ ენდობოდა. ასე გაწბილებული და შერცხვენილი წავიდა ეშმაკი. წმინდა მაკარიმ ისევ იხილა ის ეშმაკი. ჰკითხა: ”როგორ არის შენი მოყვარე ძმა?“ მაშინ ეშმაკმა აღარ უწოდა მას მოყვარე, არამედ მტერი, დაწყევლა და თქვა: ”მანაც მიღალატა, აღარ მისმენს და ყველაზე მეტად განმიდგა“. ახლა კი დაუკვირდით, ძმებო! ეშმაკს იმისთვის უმძიმს ზრახვების გამოაშკარავება და აღსარების ხმასაც ვერ ისმენს, რათა სრულად დაგვეუფლოს. კვლავ დავუკვირდეთ, რატომ უყვარს მას ისინი, ვინც თავის თავს ენდობა და თავის ნებას მისდევს? – რადგან ასეთები ეშმაკის ნებას მისდევენ და ეშმაკს ეხმარებიან თავიანთი სულის წარწყმედაში.

იცოდეთ, ძმებო, ამრიგად სავსებით დაეცემა მონაზონი, თუ თავის ზრახვებს ირწმუნებს და აჰყვება.

ზოგი ვინმე მონაზვნის დაცემის მიზეზად სხვა რამეს ასახელებს, მე კი ვიტყვი, რომ სხვა ვერაფერი დასცემს მონაზონს, თუ არა თავის მინდობა. თუ ვინმეს დაცემულს ნახავთ, იცოდეთ, რომ თავის თავს მიენდო და თავის ნებას შეუდგა, რადგან არაფერია იმაზე უფრო საშინელი და მონაზვნის სწრაფად დამცემი, ვიდრე საკუთარი თავის ნდობა და ნების შედგომა. ღმერთმა დამიფარა ამგვარი წარმწყმედელი ღელვისგან, რადგან უზომოდ მეშინოდა ამ ბოროტი ვნებისა. მამა სერიდოს მონასტერში ყოფნისას, მამა იოანეს ვეუბნებოდი ყოველ ჩემს ზრახვას და მის ურჩევლად არაფერს ვაკეთებდი. ზოგჯერ გული მეუბნებოდა: ”ბერიც იმავეს გეტყვის, რაც თავად იცი, რატომღა აწუხებ?“ მე კი ჩემსავე აზრს ვპასუხობდი: ”წყეული იყავ შენ, შენი გონიერებაც, შენი მიხვედრილობაცა და შენი სიბრძნეც, რადგან რაც იცი, ეშმაკისგან იცი“.

მივდიოდი და ბერს ვეკითხებოდი. ზოგჯერ იმავეს მპასუხობდა, რასაც ვფიქრობდი. ამ დროს გული მეუბნებოდა: ”განა ბერმა იგივე არ გითხრა, რასაც შენ ფიქრობდი? განა ამაოდ არ გასარჯე ბერი?“ მე კი მივუგებდი: ”ახლა სწორია, რადგან წმინდა მამის სიტყვით არის. რაც შენგან იყო, ყველაფერი ეშმაკებისგან და შენი ვნებულებისგან მომდინარეობდა“. აი, ასე, არაფერს ვუთმობდი ჩემს ზრახვებს, ბერის დაუკითხავად რომ არ აღსრულებულიყო ჩემი ნება, არაფერში ვენდობოდი საკუთარ თავს, თუნდაც მცირე რამ ჩემი გულის კარნახით, ბერის დაუკითხავად გამეკეთებინა. მერწმუნეთ, ძმებო, ამგვარი საქციელით დიდად მოსვენებული ვიყავი. გულს მაკლდა კიდეც ასეთი სიმშვიდე და უზრუნველობა, რადგან, როგორც სხვა ადგილას გითხარით, წიგნებიდან მსმენოდა: „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმ. 14:22). მე კი ვხედავდი, დიდად მოსვენებული ვიყავი. ძლიერ ვშიშობდი, რადგან ამგვარი სიმშვიდის მადლი არ მესმოდა, სანამ ბერმა არ მითხრა: ”ნუ წუხხარ, ვინც ჭეშმარიტად შეუდგება მამათა მორჩილებას, ასეთები, ყველანი, სასიკეთო განსვენებასა და უზრუნველობაში არიან“. თქვენც ეცადეთ, ძმებო, არ ენდოთ თავს და თქვენს ნებას არ მისდიოთ. ნახეთ, რაოდენი სიმშვიდე და უზრუნველობა ახლავს ამას.

ხოლო რომ მოგახსენეთ, არანაირი ჭირი მქონია-მეთქი, ახლა მოისმინეთ, რა გადამხდა ამის გამო: მონასტერში როცა ვიყავი, ეშმაკთა შურით ერთხელ დიდად საწყენი რამ შემემთხვა. დიდ ჭირში ვიყავი. ეშმაკის შურით მოწეული განსაცდელი თუმცა მძიმეა, მწუხარება მაინც ხანმოკლეა, რადგან ღმერთი სწრაფად მოავლენს ხოლმე თავის წყალობასა და შეწევნას. როგორც ვთქვი, ამგვარ გასაჭირში ვიყავი, რომ ერთ დღეს ეკლესიის კართან ვიდექი და ღმერთს ამ განსაცდელის გამო ვევედრებოდი. შევიხედე ეკლესიაში. დავინახე ვიღაც შიშის მომგვრელი, ეპისკოპოსის შესახედაობის კაცი. საკურთხეველში შევიდა.

ჩვეულებად მქონდა, უცხოსთან არავისთან მივსულიყავი, თუ საჭიროება არ მოითხოვდა ან თუ რამეს არ მეტყოდნენ. მაშინ კი რაღაცამ მიმიზიდა და უკან გავყევი. იგი დიდხანს იდგაცისკენ ხელებაპყრობილი. ამის დანახვაზე შიშის ზარი დამეცა. ლოცვა რომ დაასრულა, მოტრიალდა და ჩემკენ გამოემართა. ვგრძნობდი, რომ რამდენადაც მიახლოვდებოდა, იმდენად მშორდებოდა შიში და მწუხარებაც. როცა მოვიდა, წინ დამიდგა, მკერდში ხელი მკრა და თქვა: ”თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე და ისმინა ლოცვისა ჩემისაჲ. და აღმომიყვანა მე მღჳმისაგან გლახაკობისა და თიჴისაგან უყისა და დაამტკიცნა კლდესა ზედა ფერჴნი ჩემნი და წარჰმართნა სლვანი ჩემნი. და აღავსო პირი ჩემი ქებითა ახლითა გალობად ღმრთისა ჩუენისა; იხილონ მრავალთა და შეეშინოს და ესვიდენ უფალსა“ (ფს. 39: 2-4). სამჯერ თქვა ეს მუხლები და გავიდა. ჩემს გულში მყისვე შემოიჭრა სიტკბოების ნათელი და სიხარული და უწინდებურად გავხდი. დავედევნე, რომ მეპოვა, მაგრამ ვეღარ ვნახე, თვალს მიეფარა. მას შემდეგ არც შიში და არც მწუხარება მწვევია წმინდა ბერების ლოცვით.

ყველაფერი ეს იმისთვის გიამბეთ, ძმებო, რომ იცოდეთ, თუ რაგვარი ნუგეში, სიმშვიდე და შეუმცდარობა ახლავს თან საკუთარი თავის მიუნდობლობას. ამიტომაც, ვინც ბრძენია და ღვთის მოშიში, სხვას ანდობს თავის თავს და მიჰყვება ძლიერ ადამიანს, რომელსაც ღვთის შეწევნით მისი დამწყემსვა შეუმლია.

ახლა კი თქვენც ეცადეთ, ძმებო, არ ენდოთ საკუთარ თავს და არ მიჰყვეთ თქვენს ნებას, რადგან ეს არის სრულყოფილი თავმდაბლობა, სულიერი სიხარული და უვნებელი განსვენება. იცოდეთ, უამისოდ შეუძლებელია კაცის ცხონება.

ზოგიერთი ამბობს: თუ არავინ მყავს, რომ დავეკითხო, რა ვქნა? და ამით თავის დანუგეშებას ლამობს. მე კი ვიტყვი: ვინც ჭეშმარიტად დაიმდაბლებს თავს, თავის ნებას განუდგება, ღვთისთვის მოინდომებს და მასწავლებლის ნებას რწმენით შეუდგება, ჩვილ ბავშვსაც რომ ჰკითხოს, ღმერთი არ დატოვებს, თავისი ნებისკენ გაუძღვება და ბავშვის გონებას განანათლებს, რათა ღვთის ნება ასწავლოს შემკითხველს.

მაგრამ, თუ რწმენითა და თავმდაბლობით არ კითხულობს, ასეთმა კაცმა წინასწარმეტყველსაც რომ ჰკითხოს, მისი მრუდე გულისამებრ ეტყვიან; თუნდაც კეთილი უთხრან, მაინც ვერ გააკეთებს და უფრო მეტად დაისჯება. ამიტომ არ უნდა ვენდოთ ჩვენს განზრახვას, არამედ მთელი გულით, თავმდაბლად და რწმენით უნდა ვკითხოთ ჩვენს მამას.

რასაც გვიბრძანებენ, ისეთი გულით მივიღოთ, თითქოს ღვთისგან გვესმოდეს, და შეუორგულებლად გავაკეთოთ. ასევე, სიკეთის ქმნის დროსაც გვმართებს გონიერება. გონიერებას იმას ვუწოდებ, როცა ჩვენი მოძღვრები ან წმინდა ბერები რამე კეთილ საქმეს დაგვავალებენ და ჩვენ მათი ბრძანებისამებრ გავაკეთებთ, კი არ უნდა ვიფიქროთ, საქმეს კარგად ვაკეთებო, არამედ კარგად თავად საქმე მივიჩნიოთ, ხოლო ჩვენი ნამოქმედარი კარგად არ მივიჩნიოთ, არამედ როგორც საჭირო. ამრიგად ვიქცევით კარგად. გულში ვთქვათ: ეს საქმე მეტად კარგია და ღვთივსათნო, მაგრამ ჩვენ ვერ ვასრულებთ ისე კარგად, როგორც საჭიროა და როგორც სხვა მამები აკეთებენ. ასევე, როცა რამე სათნოებას ვასრულებთ, მთელი ჩვენი ძალისხმევით უნდა ვაკეთოთ. თანაც ჩვენს მამას უნდა დავეკითხოთ და მისგან გავიგოთ, როგორ ვაკეთებთ.

ასევე, ყოველ საქმეში ისევე უნდა მოველოდეთ ღვთის სასჯელს, როგორც წმინდა აღათონი. როცა სიკვდილის ჟამს ჰკითსეს: ”შენც გეშინია, მამაო“, მან უპასუსა: ”მე რაც ვიცოდი, ჩემი ძალისაებრ გავაკეთე, მაგრამ არ ვიცი, ღმერთისთვის თუ იყო სათნო, რადგან სსვაა ღვთის სამართალი და სხვა – კაცისა“. ჰოი, ძმებო, შევიცნოთ ძალა ამ საქმისა! თუ ეს წმინდა და ღვთივგაბრძნობილი მამა ვერ ენდობოდა თავის საქმეებს, ჩვენ, უგუნურები, როგორღა უნდა ვენდოთ საკუთარ თავს?! ვევედროთ ღმერთს, დაგვიცვას ჩვენი თავის მინდობისა და ჩვენი ნების შედგომისგან, რადგან მისია სუფევა, ძალი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


წმ. აბბა დოროთე – სულის სასარგებლო სწავლანი – საეკლესიო ბიბლიოთეკა, ტ. XIII; გამომცემლობა “ახალი ივირონი”, თბილისი, 2010 წ.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share