მეუფე ათანასე

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეხუთე: კუტლუმუშის მონასტრის აღდგენა, კვიპროსზე გადასვლა

დიაკვანი ათანასე

ერთ წელზე მეტი გასულიყო მას მერე, რაც ბერს ჩვეული მიმოწერა არ ჰქონია ახალგაზრდა ანდრეა ნიკოლაუსთან, ამჟამინდელ ლიმასოლელ მიტროპოლიტთან, ეს უკანასკნელი ბერს წერილების მეშვეობით ეკონტაქტებოდა 1973 წლიდან და მის რჩევებსაც მიჰყვებოდა. მაგრამ მასზე ისინიც ახდენდნენ გავლენას, ვინც ქადაგებასა და მისიონერობას ურჩევდა. ანდრეა წერილებში მოძღვარს სთხოვდა, კვიპროსზე ჩასულიყო და იქაურობას დახმარებოდა.

1975 წლის მაისიდან კი, მას როგორც ვთქვით, ბერთან ურთიერთობა აღარ ჰქონია. როდესაც რამდენჯერმე მისწერა, ჩამოდით კვიპროსს სჭირდებითო, ბერმა მიუგო: „ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის“[1], და ამის მერე აღარ უპასუხია. ამასობაში ანდრეა დიაკვანი გამხდარიყო ათანასეს სახელით და თესალონიკის უნივერსიტეტის საღმრთისმეტ-ყველო ფაკულტეტზე სწავლობდა. ათონზე ჯერ ნამყოფი არ იყო, არც ბერი ენახა ოდესმე. პირველად მთაწმინდაზე 1976 წლის სექტემბერში ჩამოვიდა, მოილოცა ფილოთეუს მონასტერი. მაგრამ ერთი „მოულოდნელი“ შემთხვევის შემდეგ, კარიესში შეხვდა ბერ იოსებს და დარჩა კუტლუმუშში მასთან ერთად, ოღონდ ბერისთვის თავისი ვინაობა არ გაუმხელია. უკან დაბრუნებისას გემზე გაიცნო ხსენებული მ. ანდრეა აბრამელთა საძმოდან, რომელმაც უთხრა, ბერი იოსები ათონზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სულიერი ადამიანიაო.

1977 წლის თებერვალში ჩვენი მოძღვარი წმინდა ეფრემ კატუნაკელს ეწვია და როდესაც უკან ბრუნდებოდა, დაფნიში ახალგაზრდა მ. ათანასეს შეხვდა, რომელიც ათონზე მეორედ ჩამოსულიყო. აი რას გვიამბობს თავად მეუფე: „ბერმა დაფნიში გამჭოლად შემომხედა და მკითხა: „კი მაგრამ, იმ ანდრეა ნიკოლაუს არ იცნობ?“ მივხვდი, რომ დამალვა აღარ გამომივიდოდა და ვეუბნები: „ბოდიში, მამაო, მე ვარ“. ეს იყო და ერთი ისეთი სილა გამაწნა, მთელი ლოყა გამიწითლდა. პირველივე შეხვედრისას გიცანიო. შემდეგ მომეხვია, გადამკოცნა… ამასობაში ბერი პაისი გავიცანი. მოძღვარსაც დავუახლოვდი და ბერ პაისისაც. ვფიქრობდი, სად წავსულიყავი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ათონზე დავრჩებოდი, მაგრამ არჩევანი ჩემს მომავალ მოძღვარსა და ბერ პაისის შორის უნდა გამეკეთებინა. ამ უკანასკნელმა მითხრა, მორჩილებს არ ვიღებ, მაგრამ შენ თუ გინდა, დაგიტოვებო“.

მ. ათანასეს ბერი იოსები ჯერ კარგად არ გაეცნო, როდესაც ღირსი ეფრემ კატუნაკელის სათნოებებსა და სულიერ ნიჭებზე შეიტყო, განსაკუთრებით კი, განჭვრეტის ნიჭზე. ერთ-ერთი მისი ნაცნობი, მ. ელეფთერი ეუბნებოდა, ბერ ეფრემს სახე პირდაპირ უბრწყინავსო. ამიტომ მისდამი სულიერი მოწიწება გაუჩნდა და გადაწყვიტა, რამდენიმე ახალგაზრდასთან ერთად ბერი მოენახულებინა.

მეუფე განაგრძობს: „შუადღე იყო რომ ვეწვიეთ. ბილიკი ავიარეთ და მის კალივაში შევედით. ბერი ფანჯარასთან იჯდა და სეფისკვერის ბეჭედს თლიდა. ის-ის იყო მისი პირველი მოწაფე, კალივის დღევანდელი მოძღვარი მ. იოსები მიეღო მორჩილად (მაშინ, მგონი, პანაიოტი ერქვა). სხვა მორჩილები მოგვიანებით მივიდნენ. მახსოვს, რომ ერთი პატარა ყუთი ნამცხვარი მივუტანეთ, რომელიც გზაში მე მეჭირა. როდესაც კარიბჭე შევაღეთ, ბერმა სულიერად გამჭოლი მზერით შემოგვხედა (გეგონებოდა მთელს ჩვენს შინაგან სამყაროს ხედავდა) და გვკითხა, რისთვის მოსულხართო.  „თქვენი ლოცვა-კურთხევის აღება გვინდა“ — ვუპასუხეთ. ესღა გვაკლდაო. მაშინ ერთ-ერთი ჩვენგანი დაბნეულად მიუახლოვდა და ნამცხვრის ყუთი გაუწოდა:  „მამაო, ეს თქვენ მოგიტანეთ“. „რა არის შიგნით?“ – იკითხა ბერმა. „ნამცხვარი“, – მივუგეთ. „ნამცხვარიო? კატუნაკებში ნამცხვარიო? გააღე ფანჯარა და მოისროლე შენი ნამცხვარი“. გულში ვამბობდი, რა მკაცრი ვინმეა-მეთქი. ბოლოს წინა მე ვიყავი, ჩემამდე მ. ელეფთერი მივიდა, რომელიც იმხანად დიაკვანი იყო. ერთი სიტყვით, ყველამ აიღო ლოცვა-კურთხევა და ბოლოს მეც მივედი და მეტანია გავუკეთე. „დავიჭირეთ ქურდი“, – ეს თქვა და მეც გავშეშდი, შემეშინდა კიდეც. არ ვიცოდი რა მოხდა: ცა გაიხსნა თუ მიწა გამეხსნა ქვემოდან ვერ გავიგე. დავიბენი. დავიჭირეთ ქურდიო? ვიფიქრე, ახლა თუ დაიწყო ჩემი ცოდვების გამხელა, მაშინ ნახე-მეთქი. ისევ შემომხედა გამჭოლი მზერით და მითხრა: „შენ ჩვენი გვარისა ხარ“. „მამაო, თქვენც კვიპროსელი ბრძანდებით“, – ვკითხე გაუბედავად. „გძინავს, როგორც ჩანს,“– მომიგო. რა უნდა მეთქვა? ან სხვა რა უნდა მეფიქრა ასეთ რამეს რომ გეტყვიან?“[2].

როდესაც წმინდა ეფრემ კატუნაკელი გავიცანით, არც მ. ათანასეს და არც მე, ბერ იოსებ ისიქასტის შესახებ არასდროს გვსმენოდა, არც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ გაზრდილი საძმოს შესახებ. არ ვიცოდით, რომ ბერი ეფრემი, ისევე, როგორც ჩვენი მომავალი მოძღვარი, ამ დიდი ბერის მოწაფე იყო.

მეუფე გვიამბობს: „მაშინ სულიერი ცოდნა არ მქონდა, არც ის ვიცოდი, თუ ვისგან და როგორ განეცხადება ადამიანს ღმერთის სიტყვა. წარმოდგენა არ მქონდა. ვერც ის გავიგე, ბერ ეფრემს რისი თქმა უნდოდა ჩემთვის. მხოლოდ მოგვიანებით, როდესაც ეს შემთხვევა ჩვენს მოძღვარს ვუამბე, ამიხსნა და განმიმარტა. რთულ მდგომარეობაში აღმოვჩნდი, თავს უხერხულად ვგრძნობდი. დავსხედით. შენ გვერდით დამიჯექიო, მითხრა. მივუჯექი და მან მე დამიწყო ლაპარაკი.რა გქვია?

– ათანასე.

– დიაკვანი ხარ?

– დიახ.

– სკვნილი სად გაქვს?

ის დრო იყო, მწუხრი უნდა შეგვესრულებინა სკვნილზე ერთი საათი, და მერე თომაელთა საძმოსთან გადავსულიყავით. თუ არ მეშლება, წმინდა თომას ხსენება უნდა ყოფილიყო, 6/19 ოქტომბერი. თომაელთა ძმობას დღესასწაული ჰქონდა და ბერი მისალოცად მიდიოდა.

– დარჩით და ერთად წავიდეთ თომაელებთან. ოღონდ ჯერ მწუხრი შევასრულოთ სკვნილზე და მერე.

    და დასძინა:

-სკვნილები გაქვთ?

ყველამ ჩვენ-ჩვენი სკვნილი ამოვიღეთ. მე ჩემი ორმოცდაათიანი.

– დიაკო[3], შენი სკვნილი სადაა?

–  აი!

ვუჩვენე და გაიღიმა:

– ესაა სკვნილი?

– დიახ.

–  ეგ სკვნილი არაა.

–  სხვა რომ არ მაქვს…

აიღო ერთი სკვნილი, მომცა და გვითხრა: „ერთი საათი სკვნილზე ილოცეთ და მერე თომაელებთან წავიდეთ“.

გზაში მეუბნება: „აბა მოდი აქ, დაგეყრდნობი. ჯოხივით დაგიჭერ“. თანაც დიდი სიყვარულით მეპყრობოდა, ძალიან დიდი სიყვარულით, ალერსიანად. ჩემო დიაკოო, ასე მეძახდა, ისე შემძრა მისმა პიროვნებამ, რომ სიხარულისგან ტირილი მინდოდა. თუმცა, არც მორიდება მტოვებდა, ერთგვარი შიშიც კი მქონდა. მივედით თომაელებთან, მოვილოცეთ, მივულოცეთ დღესასწაული და უკან გამოვბრუნდით.  ბერი თავის კალივაში წავიდა, ჩვენ კი დანიელებთან დავრჩით. ასე გავიცანი მ. ეფრემი. მას მერე ათონზე სიარულს მოვუხშირე: ყოველ 10-15 დღეში მოვდიოდი. კვირაობით თესალონიკში ვმსახურობდი, ხოლო კვირასაღამოს ან ორშაბათს შუადღისას ათონზე მივდიოდი და შაბათამდე ვრჩებოდი“.

როდესაც ბერმა იოსებმა იგრძნო, რომ მონასტერი უკვე ნორმალურად ფუნქციონირებდა, ისევ მდუმარებაზე დაიწყო ფიქრი. თავისი აზრი და სურვილი დიაკვან ათანასესაც გაანდო. ჰკითხა, თანახმა იყო თუ არა, რომ მონასტრის შორიახლოს ერთ-ერთ კელიაში მდუმარებისთვის განმარ-

ტოებულიყვნენ. მამა ათანასეს სურდა ბერს გაჰყოლოდა, მაგრამ იმისიც სჯეროდა, რომ კვიპროსს უნდა დახმარებოდნენ და ამიტომ შესთავაზა ჯერ სამშობლო მოენახულებინათ. ამ პერიოდში იგი თესალონიკში დადიოდა ხოლმე, რადგან იქაურ უნივერსიტეტში სწავლობდა. აგრეთვე ზრუნავდა საღმრთისმსახურო შესამოსლებზე, წმინდა ტრაპეზის[4] გადასაფარებლებსა და მონასტრის სხვა საეკლესიო ნივთებზე. ამ საქმეებით იმიტომ იყო დაკავებული, რომ დიაკვანი იყო და თანაც, უკვე საკმაო გამოცდილება ჰქონდა, სწორედ იმ დროს, როდესაც გადაწყვიტა ბერ იოსებთან დარჩენილიყო, გაიგო, რომ კუტლუმუშიდან წასვლას ფიქრობდა, წმინდა პაისიმ კი თავისთან დარჩენა შესთავაზა, თუმცა ის მორჩილებს არ იტოვებდა. ხოლო როდესაც მამა ათანასემ მას უთხრა, რომ ბერი იოსები კუტლუმუშიდან

წასვლას აპირებდა, წმინდა პაისიმ მიუგო: „ბერს გაჰყევი, ბერს გაჰყევი“.

„იმხანად ვიღაცეებმა ჩამაგონეს, რომ ბერ იოსებს გონებისმიერი ლოცვა არ ჰქონდა. მეც დავეჭვდი. წავედი და წმინდა პაისის ვკითხე. მიპასუხა: „ჩემო კარგო, თუ სხვები თვლიან, რომ გონებისმიერი ლოცვა აქვთ, ბერი იოსები

გონებისმიერი ლოცვის პროფესორია. იმაშიც გამოგიტყდები, რომ მე ყველას დიდ პატივს ვცემ, ვისაც ეს ლოცვა აქვს, მაგრამ ბერ იოსებს — ყველა მათგანზე უფრო მეტად, რადგან სრულიად უანგარო კაცია და თავგანწირული სიყვარული აქვს“. ამის შემდეგ ამ თემაზე კითხვები აღარ გამჩენია“.

ბერმა იოსებმა გადაწყვიტა, მამა ათანასესთან ერთად ერთ-ერთ კელიაში მდუმარებით განმარტოებულიყო. მაგრამ მანამდე სურდა დარწმუნებულიყო, რომ კუტლუმუშის ახალნერგ საძმოს ჰქონდა უნარი, სწორი მონასტრული ცხოვრება მის გარეშეც შეენარჩუნებინა. ბერმა უთხრა მ. ათანასეს: „მოდი, სანამ მონასტრიდან საბოლოოდ წავიდოდეთ, ერთი-ორი თვე კვიპროსზე წავიდეთ და ვნახოთ, დაბრუნებისას აქ რა მდგომარეობა დაგვხვდება. ამათაც გამოვცდით და სამშობლოსაც უკანასკნელად ვნახავ“. 1963 წლიდან თხუთმეტი წელი გასულიყო, რაც კვიპროსი არ მოენახულებინა. სურდა ენახა, რა მდგომარეობაში იყო მისი სამშობლო 1974 წელს თურქეთის მიერ მისი ნაწილობრივი ოკუპაციის შემდეგ. კვიპროსზე ჯერ დიაკვანი ათანასე ჩავიდა, ხოლო მოგვიანებით, „ახალი სტილით“ 17 ივლისს, წმინდა მარინეს ხსენების დღეს, ჩავიდა ბერიც.


[1] იხ. ლუკ. 10,41.

[2] ლიმასოლელ მიტროპოლიტ ათანასეს ნაამბობიდან, 2013 წლის 11/24

[3] ყოველდღიურ ცხოვრებაში ათონზე დიაკვნებს ასე უწოდებენ.

[4] საკურთხევლის.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული *ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share