porfiri kavsokaliveli 5

წმინდა პორფირი კავსოკალიველი – ნუ დაგვაშორებს ქრისტესგან ცოდვა

თუ სული მთლიანად გაერთიანდება ქრისტეში, ქრისტესმიერი სიყვარულით კმაყოფილებას მხოლოდ მაშინ მიაღწევს. მანამდე კი განუწყვეტლივ ისწრაფვის, ერთადერთი სურვილი და სიხარული ამოძრავებს, უყვარს, უყვარს, და რაცუფრო უყვარს, მით უფრო გრძნობს, რომ მეტად უნდა უყვარდეს. განიცდის, რომ ჯერჯერობით ვერ აღვსებულა, ჯერაც ვერ მიუღწევია უდიადეს მიზნამდე – ქრისტემდე. მუდამ მარხვაშია, განუწყვეტლივ ლოცულობს, მეტანიებს აკეთებს, მაგრამ მაინც ვერ კმაყოფილდება. ამით ცოცხლობს და ვერ ხვდება, რომ ის უკვე ამ სიყვარულშია. სწორედ ეს ლტოლვა და სიყვარული სწყურია ყველა მოსაგრეს. ისინი ამ ღვთიური ბადაგით არიან მთვრალი. ამ სიმთვრალეში, მართალია, სხეული ცვდება და კვდება, მაგრამ სული იფურჩქნება და განახლდება. სული ღვთიურ სიყვარულში ისე აღმოჩნდება, ვერც იგრძნობს, რომ უკვე შეივსო იმით, რასაც ასე ესწრაფვოდა.

როცა ქრისტეში მთელი გულით ხარ გაერთიანებული, მაშინ ყოველგვარი უმწეობის მიუხედავად, მაინც გაქვს რეალური შეგრძნება, რომ სიკვდილი გადალახე. ამიტომ უნდა ვიგრძნოთ, რომ ქრისტე ჩვენი ერთადერთი უღალატო მეგობარია. ის ამას თავად გვეუბნება: “თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ ასრულებთ იმას, რაც გამცნეთ” (იოან. 15,14), მაშ მოდით, შევხედოთ მას, როგორც მეგობარს და ასე მივუახლოვდეთ. დავეცით? შევცოდეთ? მივმართოთ მას სიყვარულითა და ნდობით, არა მონურად, დასჯის შიშით, არამედ კეთილგონივრული კადნიერებით, როგორც მეგობარს ვუთხრათ: “უფალო, შევცდი, დავეცი, მომიტევე!” ამასთან შევიგრძნოთ, რომ მას ვუყვარვართ, დიდი სინაზით გვეფერება და გვპატიობს ცოდვებს.

ნუ დაგვაშორებს ქრისტესგან ცოდვა. თუ ჩვენ გვწამს, რომ მას ვუყვარვართ და ჩვენც გვიყვარს, არ ვიგრძნობთ თავს მისგან დაშორებულად მაშინაც კი, როცა ვცოდავთ. თუ დარწმუნებულნი ვართ მის სიყვარულში, რამდენჯერაც არ უნდა დავეცეთ, გვწამს, რომ მისი სიყვარული ისევ წამოგვაყენებს, მაშინ არც იმის შიში გვაქვს, რომ ოდესმე მისი სიყვარულის ღირსი აღარ ვიქნებით. როგორც მოციქული პავლე ამბობს: „რა განგვაშორებს ქრისტეს სიყვარულს: იწროება თუ ურვა, დევნა თუ შიმშილი, სიშიშვლე თუ საფრთხე, ანდა მახვილი? (რომ. 8, 35; 38-39). ეს სულის უზენაესი და ერთადერთ კავშირია ღმერთთან, რომლის დარღვევა არაფერს ძალუძს, რომელსაც არაფერი არ აშინებს, არაფერი არყევს.

გიყვარდეთ ყველა, უთანაგრძნეთ ყოველს. “ასე რომ, თუ ერთ ასოს ევნო რაიმე, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ივნება, და თუ ერთი ასო იდიდება, მასთან ერთად ყველა სხვა ასოც ხარობს. ხოლო თქვენ ერთად ქრისტეს სხეული ხართ, ცალ-ცალკე კი – მისი ასონი” (1კორ. 12, 26-27). და ეს არის ქრისტეს ეკლესია: მე, შენ, ის – სხვა ადამიანი. ვიგრძნოთ ყველამ, რომ ჩვენ ქრისტეს ნაწილები ვართ, რომ ერთიანნი ვართ. თავმოყვარეობა ეაეგოიზმია. არ ვითხოვოთ: „მე ვცხონდები, მე სამოთხეში მოვხვდები“, არამედ იგივე ვინატროთ ყველასათვის, არ გვინდა მოსაგრეობა მხოლოდ საკუთარი სულის საცხონებლად, არამედ სიყვარულით დავეხმაროთ ერთმანეთს ცხონების საქმეში. გესმით? სწორედ ეს არის მორჩილება.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ