იოანე ნათლისმცემელი

წმინდა იოანე წინამორბედი – პირველი მოციქული, მოწამე და აღმსარებელი – წმინდა იუსტინე პოპოვიჩი

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

დღეს, შეიძლება ითქვას, რომ მეორე დიდი პარასკევია. რადგანაც დღეს კაცთა შორის უაღმატებულესი წინასწარმეტყველი, წინამორბედი და ნათლისმცემელი იოანე მოიკლა. დიდ პარასკევს ადამიანებმა ღმერთი მოკლეს, ხოლო დღევანდელ დღეს – უდიდესი მართალი. როდესაც ვამბობ, რომ ის კაცთა შორის უდიდესი იყო-მეთქი, ეს ჩემი შეფასება კი არ არის. რად ღირს ჩემი საქებარი სიტყვები უფლის ამ დიადი წინამორბედისადმი, რომელიც ქრისტეს ბაგეებმა ყველაზე მეტად განადიდა. არავის მიმართ არ წარმოუთქვამს ქრისტეს იმგვარი სიტყვები, როგორიც წმინდა წინამორბედის მიმართ წარმოთქვა. არც მოციქულთა მიმართ, არც ანგელოზთა, არც წინასწარმეტყველთა, არც მართალთა და არც ბრძენთა! უფალმა თქვა: ,, ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა’’(მთ. 11:11). არ არსებობს ამაზე აღმატებული ქება!

ამიტომაც, დღევანდელი დღე ,,მცირე დიდი პარასკევია’’. დაუკვირდით, უგუნური ადამიანები მართალთა შორის უდიდებულესს კლავენ. თქვენ იკითხავთ, ხელს უშლიდა მათ? დიახ, უშლიდა გარყვნილ მეფე ჰეროდეს და მის მსგავსად გარყვნილ ჰეროდიადას. ღმერთის სიმართლე და ჭეშმარიტება ხელს უშლის სხვადასხვა ვნებების ტყვეობაში მყოფ ადამიანებს. განა დღესაც არ ყვირიან: ,,ჯვარც აცუ, ჯვარს აცუ ეგე!?’’ განა დღესაც არ ითხოვენ ქრისტეს თავს? დიახ, ითხოვენ მის თავსაც და იოანე ნათლისმცემლისასაც.

რა არის ეს? განა ეს სამყარო საგიჟეთად იქცა? ადამიანებს არც ქრისტე უნდათ და არც ყველაზე დიდი მართალი. აბა, ვინ გინდათ? ვინ გსურთ? ქრისტეს ვისით ჩაანაცვლებთ? ვისით ჩაანათვლებთ წმინდა იოანე ნათლისმცემელს? საკუთარი თავით?! ღმერთმა დაგვიფაროს! დიახ, ადამიანები სიამაყისგან ჭკუიდან იშლებიან. ეგოიზმისგან განსჯის უნარს კარგავენ და ამ დროს, არც ქრისტე უნდათ და არც მისი სიმართლე. საკუთარ სიმართლეს ჩაჭიდებულნი, ღმერთად აცხადებენ საკუთარ თავს. დიახ, ჩვენ გონებით და სულით ბრმანი ვართ, ვერ ვხედავთ და არც გვინდა ვხედავდეთ იმას, რომ ჭეშმარიტი ადამიანი ამ სამყაროში ქრისტეს გარეშე ვერ გაძლებს. რატომ? იმიტომ, რომ ეს სამყარო სავსეა ჰეროდეებით და ფარისევლებით. ჰეროდეები იოანე ნათლისმცემლის თავს ითხოვენ. ისინი მსოფლიოს ყველა მართლის თავს ითხოვენ. ხოლო ფარისევლები, ცრუ მწიგნობრები და ცრუ სიბრძნით აღვსილნი ღმერთკაც ქრისტეს სიკვდილს ითხოვენ.

დიახ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, დღევანდელი დღე – მეორე დიდი პარასკევია. რატომ? რადგანაც სამყაროში არ ჩადენილა იმაზე დიდი დანაშაული, როგორიც დიდ პარასკევს და ამ დღეს, როდესაც ჰეროდემ კაცთა შორის ყველაზე აღმატებული მოაკვდინა. ასე რატომ განადიდა ქრისტემ იოანე ნათლისმცემელი? რატომ? იმიტომ, ძმებო, რომ წმინდა წინამორბედმა საკუთარ თავში ყოველგვარი ზეციური სათნოება დაიტია. მან მოიხვეჭა ყველა წინასწარმეტყველის, ყველა მოციქულის, ყველა მოწამის, ყველა აღმსარებლის და ყველა ანგელოზის სათნოება საკუთარ თავში! ჩაუღრმავდით, დღეს ჩვენ მოციქულთა შორის პირველ მოციქულის თავის კვეთას ვიხსენებთ. რატომ მოციქულთა შორის პირველი? იმიტომ, რომ ღმერთმა პირველად ის გამოგზავნა და მას მოუწოდა, რათა ეხილა ქრისტე და შემდეგ მთელი სამყაროსთვის მხსნელის მოსვლა ექადაგა! მოციქულ პეტრეზე, ნათანაელზე და სხვა მოციქულებზე ბევრად უფრო ადრე მან დაამოწმა და განუცხადა მთელ სამყაროს ღმერთის შესახებ, რომელიც განკაცდა და რომლის სახელიცაა უფალი იესუ ქრისტე. ის იყო პირველი მოციქული, რომელმაც ქრისტეზე ზეციდან გარდამომავალი სულიწმიდა იხილა, როდესაც იორდანეში ნათლავდა მას. იხილა და განაცხადა როგორც ძე ღმერთი და სამყაროს მხსნელი. ისაა მახარებელთა შორის პირველი მახარებელი. პირველად მან დაამოწმა ყველას წინაშე და მიუთითა კაცობრიობისთვის ყოველგვარი კეთილი უწყების მატარებელზე – უფალ იესუ ქრისტეზე.

თავად უფალი იესუ ქრისტეა ზეცისა და მიწის სახარება. ის არის ამ სამყაროში მყოფ ადამიანთათვის ღმერთის კეთილი უწყება. ,,ესე არს ტარიგი ღმრთისა, რომელმა აღიხუნეს ცოდვანი სოფლისანი’’. წინამორბედმა მთელი სახარება სულ რამდენიმე სიტყვაში ჩაატია.

ის ადამიდან ჩვენს დღემდე მთელ კაცობრიობას მოუწოდებდა: ,, შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“. რა არის ცათა სასუფეველი? აი ისიც – ზეციდან მოსული უფალი იესუ. მასშია ზეციური სასუფეველი. იოანემ შეხედა სიკვდილსა და ცოდვაში დანთქმულ ადამიანებს და მოუწოდა: ,,შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“. გაიხედა ჩრდილოეთით, სამხრეთით და იხილა, რომ ყველა ადამიანი ცოდვის, სიკვდილის და ეშმაკის მონაა. მან ყველას ახარა დიდებული, წმინდა და მაცხოვნებელი სახარება. ასეთი იყო ეს დიდებული მახარებელი და ასეთი ძალა ჰქონდა მას!

როდესაც ქრისტემ ქადაგება დაიწყო, მან სწორედ იოანეს ეს სიტყვები აიღო, როგორც დასაწყისი და აღსრულება მისი სახარებისა. იმ წუთიდან დაიწყო ქრისტემ ქადაგება სიტყვებით: ,,შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათა“(მთ. 4:17). სწორედ ამიტომაცაა წმინდა იოანე წინამორბედი ქრისტეს მახარებელთა შორის უპირველესი მახარებელი.

დღეს ადამიანებმა შეიგრძნეს მისი მყოფობა. ეს იყო ხორციში მყოფი ანგელოზი და ზეციური ადამიანი. არამხოლოდ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველმა უწოდა მას უფლის ანგელოზი, არამედ თავად უფალმაც თქვა, რომ მისი გზის მოსამზადებლად ანგელოზია წარმოგზავნილი(ეს. 40:3; მთ. 11:10). ამრიგად, წმინდა წინამორბედი არის შინაგანი მდგომარეობით ხორცში მყოფი ანგელოზი.

დღეს ჩვენ ახალი აღთქმის წინასწარმეტყველთა შორის უპირველესის ხსენებას აღვნიშნავთ. მან კიდევ იმის გამო მიიღო ქრისტესგან ამგვარი განდიდება, რომ ის პირველი ახალაღთქმისეული მოწამე გახლდათ. ნახეთ, როგორ იტანჯა ის საღმრთო სიმართლის გამო! სიხარულით იტანჯა! დღევანდელ ერთ-ერთ მთავარ საგალობელში გვესმოდა, რომ იოანე სიხარულით მიეგაბა ტანჯვასა და სიკვდილს. ამით გახდა ის ახალი აღთქმის ყველა წმინდა მოწამის პირველი მაგალითი და შთაგონების წყარო, სტეფანე პირველმოწამიდან დაწყებული დღემდე. ყველა წმინდა მოწამე სიხარულით ხვდება ქრისტესთვის სიკვდილს. მიდიან რა სიკვდილზე, მათ იციან, რომ სიკვდილი ვეღარ დააკავებს მათ თავისი ბორკილებით, იციან, რომ ის მხოლოდ ქრისტეს სასუფეველში შემავალი კარია. ძმებო და დებო, სხვანაირად როგორ ავხსნით წმინდა დიდმოწამე გიორგის სიხარულს, როდესაც მის სხეულს ნაწილებად გლეჯდნენ, ბორბალზე მილურსმნულს ძვლებს უმტვრევდნენ და ის კი ქრისტესმიერი სიხარულით ენთო, რადგან ის თავად ქრისტეს ხედავდა, ჭვრეტდა მას და მის ირგვლივ მდგარ ანგელოზთა მხედრობას, რომლებიც ამ ბორბალს აჩერებდნენ. ნახეთ, როგორი სიხარული აქვს მას ამ საზარელი წამების ჟამს! მისი ეს სიხარული სასწაულით გვირგვინდება და წმინდა დიდმოწამე სრულიად უვნებელი წარსდგება დიოკლეტიანეს წინაშე! მოწამეობაში ზეციური სიხარულის პირველი აღმომჩენი, სწორედ წმინდა წინამორბედი და ნათლისმცემელი იოანეა.

ჩვენ დღეს პირველ აღმსარებელსაც განვადიდებთ. ნახეთ, როგორ უშიშრად და პირდაპირ აღმსარებლობდა საღმრთო ჭეშმარიტებას: ,, არა ჯერ-არს შენდა, ვითარმცა გესუა იგი ცოლად’’. იოანემ თითქოს უთხრა: ზეცის და მიწის ყველა კანონი შენს წინააღმდეგაა და მე ვარ ამ კანონთა განმაცხადებელი, რამეთუ ამისთვის მოვივლინე. ის იყო შეუდრეკელი, როგორც უკვდავი ლომი და როგორც ხორცში მყოფი ქერუბიმი. აი, ის არის ქრისტეს სარწმუნოების პირველი აღმსარებელი! მას შემდეგ ქრისტეს ურიცხვმა აღმსარებელმა დაამოწმა მთელი სამყაროს წინაშე, რომ უფალი იესუ ქრისტე არის – ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი როგორც ზეცაში, ისე მიწაზე. ეს აღმსარბლობა გრძელდებოდა ყოველგვარი საზარელი დევნისას. მიუხედავად მთელი იმ სიცრუისა, რაც ქრისტეს წინააღმდეგ შეთხზეს, მიუხედავად ყველა ერესისა, გვხვდება უამრავი ყოვლადგამარჯვებული და ძლევაშემოსილი მხედრობა აღმსარებლებისა, დაწყებული წმინდა იოანე წინამორბედით, დღემდე. ისინი მთელი სამყაროს წინაშე ამოწმებენ, რომ ქრისტე არის ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი!

დიახ, წმინდა ნათლისმცემელი – პირველი ქრისტიანი აღმსარებელია. მას მოჰყვა ათასობით და ათასობით მხედრობა ქრისტეს აღმსარებლებისა ამ სამყაროში.

ჩემო ძმებო, დიდი საიდუმლოება აღესრულება ამ დღეს. თქვენ მოისმინეთ დღევანდელ სახარებაში, თუ როგორ ეუბნებიან მოწაფეები ქრისტეს, რომ წინამორბედი მოიკლა. დაიხშა ბაგენი, უფალო, რომლებმაც მთელ სამყაროს შენზე განუცხადა! ახლა რა იქნება? ვინ ვართ ჩვენ შენს დიდებულ ნათლისმცემელთან შედარებით? ქრისტე კი დუმს. რაც ყველაზე გასაკვირია, მოუწოდებს მოწაფეებს და მათთან ერთად უდაბნოში გადის. რა არის ეს? განა უფალი გარბის? განა უფალი ჰეროდეს გაურბის? დაუკვირდით, მან ყოვლადმოწყალე სასწაულმოქმედმა, როდესაც საბრალო ქვრივის ტკივილი დაინახა, მისი გარდაცვლილი შვილი აღადგინა. ახლა კი, უფალო, შენი წინამორბედი წევს მკვდარი და რატომ არ აღადგენ მას? შენ აღადგინე სინაგოგის მთავრის, იაიროსის ასული, მაგრამ ვისაც შენ კაცთა შორის უდიდესი უწოდე, ბოროტი მეფის მიერაა თავმოკვეთილი. უფალო, დაიცავი შენი სიმართლე, დაიფარე შენი პირველი მოციქული, შენი პირველი მოწამე, შენი პირველი მახარებელი, პირველი ხორციელი ანგელოზი, პირველი წინასწარმეტყველი და პირველი აღმსარებელი. აღადგინე, უფალო! მაცხოვარი დუმს, უდაბნოში გადის და ლოცულობს. რატომ, უფალო?

იმიტომ, რომ წმინდა წინამორბედი ჯოჯოხეთში, სიკვდილის სამეფოში პირველი მოციქული უნდა გამხდარიყო. იქ უნდა ყოფილიყო პირველი მოციქული, სადაც ადამიდან დაწყებული, ქრისტეს მოსვლამდე გარდაცვლილი ყველა ადამიანის სული მიდიოდა. ამ სიკვდილის სამეფოში, სადაც ვერავინ ვერავის ხედავდა, იყვნენ ყველანი: მართლებიც და ცოდვილებიც – ქრისტეს მოსვლამდე მცხოვრები ძველი აღთქმის ყოველი ადამიანი. ცოდვამ სიკვდილი შემოიყვანა ამ სამყაროში და ამიტომაც, სიკვდილის სამეფო ადამიანთა სულებისთვის ხორციელი სიკვდილის შემდეგ ერთადერთი სამყოფელი იყო. წმ. იოანე კი ჯოჯოხეთშიც კი პირველი წინამორბედი უნდა ყოფილიყო, რათა თითოეული იქ მყოფისთვის ექადაგა ქრისტე: აი, მოვიდა ამ სამყაროში ის, ვისაც ელოდით და ვისი ხილვაც გწყუროდათ. აი, მოვიდა ის დედამიწაზე, როგორც ადამიანი, როგორც მხსნელი და ისეთ სასწაულებს აღასრულებს, როგორებიც აქამდე არც გენახათ. მისი მზერა ყოველგვარ სნეულებას კურნავს, მისი სიტყვა აღადგენს სიკვდილისაგან, მისი ხმა განდევნის ეშმაკებს. ჭეშმარიტად მოვიდა მიწაზე სამყაროს მხსნელი – უფალი იესუ ქრისტე. აი, მე მის უწინარეს მოვედი, რათა თქვენთვისაც მეხარებინა ეს ყოვლადკეთილი უწყება და ეს გამოუთქმელი სიხარული: ის აქ, ჩვენთანაც ჩამოვა! გარკვეული დროის შემდეგ ჩამოვა და იხილავთ მას. იხილავთ თუ როგორია მისი ადამიანური სული – ღმერთის მადლით განმსჭვალული და უსასრულო, უქმნელი ნათლით გაბრწყინვებული.

წმინდა წინამორბედი სიკვდილის სამეფოში პირველი მახარებელი იყო, რათა ქრისტეს სახარება ყველა სულისთვის ექადაგა. მივიდა მათთან,როგორც პირველი მოწამე, რათა ეჩვენებინა, რომ ჭეშმარიტი ღმერთის, იესუ ქრისტეს გამო, ადამიანები სიხარულით მიდიან სიკვდილზე. აუწყა მათ, რომ ამიერიდან ვინც ქრისტეს მიიღებს, სიკვდილის აღარ შეეშინდება, რადგან ისინი მასზე ძლიერნი იქნებიან. თავისი აღდგომით, ქრისტე სიკვდილზე გამარჯვებას გვანიჭებს. შევიდა დიდებული წინამორბედი სიკვდილის სამეფოში, როგორც ამ სამყაროში ქრისტეს ჭეშმარიტ აღმსარებელთა და წინასწარმეტყველთა წინამორბედი, რათა იქ მყოფი სულებისთვის ეთქვა: სიკვდილი დამარცხებულია, ეშმაკთა ბატონობა დამხობილია და როდესაც უფალი გარკვეული დროს შემდეგ მოვა აქ, იკვდილის სამეფოც განადგურდება. ის გაგიყვანთ ამ საშინელებიდან და ზეციურ სამყაროში თავისთან დაგამკვიდრებთ.

სწორედ ამიტომ დადუმდა უფალი და ამიტომ არ აღადგინა კაცთა შორის უდიდებულესი, რადგანაც მას თავისი მოციქულებრივი, მოწამეობრივი და აღმსარებლური ღვაწლი სიკვდილის სამეფოშიც უნდა აღესრულებინა.

ასე რომ, ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის დღევანდელი დღე დიდი პარასკევის მსგავსია. ისევე როგორც მაცხოვრისთვის დიდი პარასკევის შემდეგ აღდგომის ჟამი დგება, ასევე წინამორბედიც სიხარულით კვდება და შედის სიკვდილში, რადგან ცოცხლად ჭვრეტს მის დამარცხებას. წინასწარ გრძნობს, რომ უფალი მასაც უმზადებს მარადიულ სიცოცხლესა და აღდგომას.

ჯვარზე სიკვდილის შემდეგ, უფალი თავისი ადამიანური სულით ჩადის სიკვდილის სამეფოში. მისი სხეული საფლავში იდო, ხოლო ღმრთეებით აღსავსე სულით, ჯოჯოხეთში ჩავიდა. როგორმა განცვიფრებამ მოიცვა ყველა ადამიანის სული, როდესაც ღმერთი იხილეს ადამიანის სულში, როგორ ბრწყინავს ისეთი გამოუთქმელი ნათლით, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია ადამიანისთვის. ვინ არ ირწმუნებდა მას, როდესაც ის სიკვდილის სამეფოში მარადიული ჭეშმარიტებით, მარადიული სიმართლითა და მარადიული სიცოცხლით აღსავსე გამოჩნდა? ვინ?

რამდენადაც სიკვდილის სამეფო ღმერთს ვერ დაიტევდა, ის დაიღვა და უფალმა ყველა გამოიყვანა ჯოჯოხეთიდან, ვინც ის წინამორბედის ქადაგებით ირწმუნა, რადგანაც ის არის ჭეშმარიტი ღმერთი, სამყაროს შემოქმედი.

გამოიყვანა უფალმა ისინი და ზეციურ სასუფეველში შეიყვანა. სწორედ ამიტომ არ აღადგინა უფალმა იესუ ქრისტემ წმინდა იოანე წინამორბედი.

დღეს ჩვენ განვადიდებთ ამ დიდებულ, პირველ მოციქულს, პირველ მოწამეს, პირველ მახარებელს და ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის წინამორბედს. თაყვანს-ვცემთ მის ტკივილებს, რომლებიც ქრისტესთვის სიხარულით დაითმინა. უკვე 2000 წელია, რაც ის მოუკლებლად სასწაულმოქმედებს იმ ადამიანთა სულებში, რომლებიც ლოცვით მოუხმობენ მის შეწევნას.

ძმებო და დებო, დიდი მწუხარების ჟამს, მიმართეთ ქრისტეს ამ პირველ მოციქულს და ყველაფერში დაგეხმარებათ. თუკი რაღაც განსაცდელი მოვა, აუცილებლად მიმართეთ მას. როგორი სიმწრით სავსეც არ უნდა იყოს თქვენი სული, ის მაინც ქრისტეს მადლით დაატკბობს მას. როდესაც მიწიერი ცხოვრების საცდურებითა და საშინელებით ხართ გარემოცულნი, მიირბინეთ ამ წმინდა აღმსარებელთან და უთხარით ყველაფერი, რაც გულში გაქვთ, გადმოღვარეთ თქვენი მწუხარება და დარწმუნებულნი იყავით, რომ ის საიდუმლოებრივი გზით, გამოიხსნის თქვენს სულს უბედურებისგან. თუკი ჩვენი უფლის, იესუ ქრისტეს ერთგულება გადაგიწყვიტავს, მაშინ იცოდე, რომ ყველა მხრიდან თავს დაგესხმიან, შენს შთანთქმას და განადგურებას მოისურვებენ იმისთვის, რომ შენ ქრისტესი ხარ. მოისურვებენ, რომ დადუმდნენ შენი ბაგეები, რომლებიც ქრისტეზე მეტყველებენ. მაშინ გაიხსენე წმ. იოანე და შეჰღაღადე: ჰოი, ქრისტეს პირველო მახარებელი და მოწამევ, შემეწიე მე!  ის აუცილებლად ლმობიერჰყოფს უფალს, რათა შენც ზეციური სასუფევლის მკვიდრი გახდე. ასე დღევანდელი ,,მცირე დიდი პარასკევი’’ ჩვენთვის აღდგომის სიხარულად გარდაიქმნება. პარასკევი მცირეა, ხოლო კვირა დიდებული. ჩვენთვისაც დღეს: ჩემთვის, შენთვის და თითოეული ჩვენგანისთვის დღევანდელი დიდი პარასკევი ამავდროულად კვირაცაა, აღდგომაცაა, რადგან ჩვენ ზეცაში მარადიულად დამკვიდრებულ წმინდა იოანე ნათლისმცემელს განვადიდებთ, ვიხსენებთ თუ როგორ დაამარცხა სიკვდილი, როგორ აფრინდა ზეციურ სამყაროში, რათა ღმრთისმშობლის შემდეგ, ქრისტეს გვერდით პირველი ყოფილიყო. თქვენ გინახავთ ხატი, სახელად ,,დეისუს’’, ე.წ -ვედრება: ქრისტე დიდების საყდარზეა დაბრძანებული, როგორც ზეციური მეფე, მის მარჯვნივ მისი ყოვლადწმიდა დედა დგას, ხოლო მარცხნივ წმინდა წინამორბედი. ისინი ქრისტეს მთელ კაცობრიობას ავედრებენ.

დაე, მარადიულად ჩვენი მეოხნი იყვნებ, რათა უფალმა ყველა სინანულად მოიყვანოს, ყველა შეიწყალოს და ყველა აცხოვნოს, რათა ყველამ მარადიულად განადიდოს ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი – უფალი იესუ ქრისტე, რომელსა შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წყარო: http://Azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა იოანე ნათლისმცემლის ხატი მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში (მის. ფანასკერტელის 14)