MG 9908

სიწმინდის შესახებ – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი (ნაწილი 2)

წმინდა ისააკ სირიელი ამბობს: “ვინც საკუთარი ნებით არ განაშორებს თავს ცოდვის გამომწვევ მიზეზებს, მას მისი ნების საწინააღმდეგოდ, იტაცებს ცოდვა”. ეს წესი,  მეტად მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მონასტერული ცხოვრება აირჩია და ვინც დაცემული ბუნების თვისებათა წინააღმდეგ  ჩაება ბრძოლაში. ჩვენთვის უმჯობესია სულაც არ ვიხილოთ ის ნაყოფი, რომლის ხმევაზეც უარი ვთქვით. ამიტომაც არის, რომ წმინდა მამათა კანონებისამებრ, მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს ეკრძალებათ მამათა მონასტრებში შესვლა, რასაც დღემდე ვხედავთ ათონის წმინდა მთაზე. იოანე კიბისაღმწერელის ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მეუდაბნოე და განდეგილი ცხოვრებით და ადამიანთა სახის ხილვისაგან თავის განრიდებით, საბოლოოდ, სრულიად ჩააქრო საკუთარ თავში ვნებათა ცეცხლი. ყოველი წმინდა მამა, შეძლებისდაგვარად ცდილობდა გარიდებოდა ქალებთან ნაცნობობასა და ურთიერთობას და ეს საქციელი, მათ სულის სახსნელი, ღვთივსულიერი წერილებით გადმოგვცეს. წმინდა მამები, ჭვრეტდნენ რა ადამიანის თვითკმაყოფილებასა და ცუდმედიდობას, არ ენდობოდნენ არც თავიანთ სიწმინდეს, არც ხანდაზმულობას და არც ცოდვის მიმართ უუნარობას. ისინი, ცხოვრების ბოლომდე არ წყვეტდნენ ცოდვის მიზეზთაგან განშორებას: ასეთი განშორება, უძლიერესი იარაღია ცოდვის დასამარცხებლად. როდესაც ღირსი სისო დიდი ძალზედ დამოხუცდა, მაშინ, მისმა მოწაფემ აბბა აბრაამმა, საცხოვრებლად მოსახლეობასთან ახლოს  დასახლება შესთავაზა. ამაზე, ოთხმოცდაათი წლის ღირსმა მამამ უპასუხა: “დავსახლდეთ იქ, სადაც ქალები არ იქნებიან”. მოწაფე შეეწინააღმდეგა: “სად არის ისეთი ადგილი, სადაც ქალი არ იქნება,  უდაბნოს გარდა?” ღირსმა მამამ უპასუხა: “შვილო, წამიყვანე უდაბნოში ”. ადამიანის კეთილი ნება, საცდურთაგან განშორებით მტკიცდება და უჩვეულო ძალასა და სიმტკიცეს იძენს; და პირიქით, საცდურთან მიახლოვებით, ნელ-ნელა სუსტდება და საბოლოოდ სრულიად უკუღმართდება. ასევე უფრო და უფრო მყარდება ყინვაში ყინული; სითბოს ზემოქმედებით კი დნება და ქრება. ძმანო! ჯერ არს ჩვენთვის განრიდებად ქალთა ნაცნობობისაგან, მით უმეტეს ახლობლისაგან და მათთან ხშირი შეხვედრებისა და საუბრებისაგან. ბუნების დაძლევისაკენ მოსწრაფენო! გაიგეთ, რომ შეუძლებელია ამ გამარჯვების მოპოვება, თუკი გამუდმებით ბუნების ზეგავლენის ქვეშ ვამყოფებთ თავს და აღვძრავთ მის მოქმედებას საკუთარ თავში.

ღირსმა პიმენ დიდმა, სიძვის ვნებით დატანჯულს უთხრა: “თუკი მონაზონი მუცელსა და ენას ალაგმავს და მყუდროებას შეინარჩუნებს, აღარ მოკვდება” იმ სულიერი სიკვდილით, რომელიც  ყველა სიძვის ცოდვაში ჩავარდნილს ეწევა. მყუდროებასა და მწირულ ცხოვრებაში, აქ იგულისხმება გონებაგაფანტული ცხოვრებისაგან, თავისუფალი ქცევებისაგან, ბევრი და ხანმოკლე ნაცნობობისაგან განშორება, რომელნიც აღმძვრელია ხორციელ ვნებათა. ღირსი ესაია განდეგილი ამბობდა, რომ სიძვას შემდეგი ხუთი მიზეზი ამძიმებს: მრავლისმეტყველება, ცუდმედიდობა, ბევრი ძილი, თავის მორთვა, ნაყროვანება. სიძვის ვნების გამომწვევ მიზეზთაგან, განსაკუთრებული ძალითა და დამაზიანებლად მოქმედებს ორი: მწირობის დარღვევა და ნაყროვანება. რთულია იმაზე მსჯელობა, თუ რომელია მათგან უფრო დამღუპველი! დამღუპველია ერთიც და მეორეც. რომელიმე მათგანს დამორჩილებული და დამონებული, ვეღარ შეძლებს საკუთარი ბუნების წინააღმდეგ ბრძოლას.

სიწმინდის მისაღწევად, აუცილებელია ორივე მიზეზის ამოძირკვა. განსაკუთრებული ყურადღება, დაუთმე თავის დაცვას უმთავრეს მიზეზთაგან, რომლებიც  ვნებას აღვიძებენ, თუმცა, არც მეორეხარისხოვანი მიზეზები უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ და თავი დავიცვათ მათგანაც. მცირე ძალის მქონე მიზეზი, მისდამი მიჩვევითა და მისი უგულვებელყოფით, იძენს გასაკუთრებულ ძალას. მაგალითად: ზოგიერთი მარხულობს, ცხოვრობს განმარტოვებით და მწირულად და უფალს თავისი ბუნების უკეთურებათაგან გათავისუფლებას ევედრება; მაგრამ, ამავდროულად, ცილს სწამებს მოყვასს, კიცხავს, განიკითხავს და დასცინის მათ, – და უფლის შეწევნა განეშორება მათ; ისინი თავისი ნებით მოქმედებენ და ვერ პოულობენ საკუთარი დაცემული ბუნების ცოდვისმიერი ვნებების წინააღმდეგ ბრძოლის ძალას.   ერთ საერთო საცხოვრებელში, ცხოვრობდა განდეგილი, სახელად ტიმოთე. მონასტერში მცხოვრები ერთ-ერთი ძმა ცდუნებას აჰყვა. ეს რომ წინამძღვარმა გაიგო, ჰკითხა ტომოთეს, თუ როგორ მოქცეოდა დაცემულ ძმას? განდეგილმა ცდუნებულის გაგდება ურჩია. როდესაც იგი გააგდეს, – საცდური, რომლითაც დაცემული ძმა იყო ძლეული, ტიმოთეზე გადავიდა და საფრთხის წინაშე დააყენა იგი. ტომოთე ცრემლებით ევედრებოდა უფალს შეწევნასა და შეწყალებას. და მას ესმა: “ტიმოთე! იცოდე, რომ ეს საცდური იმიტომ გამოგიგზავნე, რომ შენ მოიძულე ძმაი შენი მისი ცდუნების ჟამს”. ქრისტეს სხეულის ნაწილებს – ქრისტეანებს – ძალზედ ფრთხილად და კეთილგონივრულად უნდა მოვეპყრათ: უნდა ვუთანაგრძნოთ გასაჭირში და მოვკვეთოთ მხოლოდ ისინი, რომლებიც გამოჯანმრთელების არანაირ იმედს არ გვიტოვებენ და ასნებოვნებენ სხვებსაც.

სხეულის სიძვის ცოდვაში ჩავარდნისაგან დაცვა ძალზედ მნიშვნელოვანია: თუმცა, მხოლოდ ეს არ არის საკმარისი იმ ღვთივსათნო სიწმინდისათვის, რომლის მეშვეობითაც ღმერთი იხილვება. ჩვენ, უცილობლად გვაწევს პასუხისმგებლობა სულის, ზრახვებისაგან, ფიქრებისა და ვნებისმიერი შეგრძნებებისაგან გათავისუფლებისა, როგორც ეს ჩვენმა მაცხოვარმა მოგვცა მცნებად. მაკარი დიდი ამბობს: “როგორც ერთი სხეული უწმინდურდება მეორე სხეულთან შერწყმით: ასევე სულიც, ბოროტი და უწმინდური ზრახვების მიღებითა და მათი შეწყნარებით იხრწნება. თუკი ვინმე, ბოროტის შეწყნარებით გახრწნის სულსა და გონებას: სასჯელის ღირსია. საჭიროა როგორც სხეულის ხილული ცოდვისაგან განრიდება, ასევე სულისა უხამსი ზრახვებისაგან: რამეთუ იგი, სასძლოა ქრისტესი.” ცოდვის მიზეზთაგან განშორებით, მათ შორის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებთან ხშირი და ახლო ურთიერთობისაგან თავის არიდებით, თავისუფალი ქცევისა და გაფანტული ცხოვრების დატევებით, ნაყროვანებისა და სასმელების სმისაგან განშორებით, ფუფუნებისა და თავის მორთვისაგან და კელიისათვის საჭირო საგნებზე უარის თქმით, მოყვასის განკითხვის, ავმეტყველების, დამცინავი საუბრის, ამაოდმეტყველებისა და მრავლისმეტყველების დატევებით, მოვიკვეთთ ვნებისმიერი ზრახვებით, ფიქრებითა და შეგრძნებებით ტკბობის სურვილს. საკუთარი ნებით ნუ გავაღვიძებთ მათ ჩვენში და როდესაც ისინი ჩვენი დაცემული ბუნებისაგან აღმოცენდებიან ან ჩვენი ხსნის მტრების – დემონების მიერ იქნებიან მოწოდებულნი, დაე ვაჟკაცურად განვაგდოთ ისინი. წმინდა ისიქი იერუსალიმელი ამბობს: “არა ყოველმან რომელმან მრქუას მე: უფალო, უფალო, და შევიდეს იგი სასუფეველსა ცათასა, არამედ რომელმან ყოს ნებაჲ მამისა ჩემისა ზეცათაჲსაჲ- ამბობს უფალი(მთ.7:21). მამის ნება კი ასეთია: რომელთა გიყუარს უფალი, მოიძულეთ ბოროტი(ფს.96.10). მაშ ასე: ვივარჯიშოთ იესუს ლოცვაში და მოვიძულოთ მაცდური ზრახვები. ამგვარად აღვასრულებთ უფლის ნებას. “განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა”(2კორ.7:1), გვმოძღვრავს მოციქული.

წმინდა მამები მოგვიწოდებენ “გველს…თავი გავუჭეჭყოთ”(დაბ.3:14-15), რაც ნიშნავს, განვჭვრიტოთ საწყისი ცოდვისა, და განვაგდოთ იგი. ეს ყველა ცოდვისმიერ ზრახვას ეხება, თუმცა, განსაკუთრებით სიძვისას, რომლის თანამზრახველი ჩვენი დაცემული ბუნებაა და ამ მიზეზით, იგი განსაკუთრებულ ზეგავლენას ახდენს ჩვენზე. ღირსი კასიანე რომაელი, ახალდამწყებ ბერს, ცოდვისმიერი ზრახვის მოსვლისთანავე, აღსარებისათვის მოძღვართან მისვლას ურჩევს. ეს მეთოდი შესანიშნავია და იგი საუკეთესოა ახალდამწყებთათვის; თუმცა, ზოგჯერ წარმატებულთათვისაც კი უკიდურასად აუცილებელი და სასარგებლოა ხოლმე, როგორც  ყოველგვარი კავშირის მტკიცედ გამწყვეტი ცოდვასთან, რომლისკენაც ჩვენი დასნებოვნებული ბუნება მიისწრაფვის. ნეტარია ის, ვინც ამ მეთოდს საქმით შეასხამს ხორცს! ნეტარია ახლადდამწყები, რომელიც შეიძენს მოძღვარს, რომელსაც თავის ზრახვებს გადაუშლის! ბერებს, რომლებსაც არა აქვთ საშუალება ხშირად მიმართონ მოძღვრებს, მამები ურჩევენ, მაშინვე განაგდონ გონებაში წარმოქმნილი ზრახვა და არ შევიდნენ მათთან არანაირ დისკუსიაში, რამეთუ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამას აუცილებლად მოჰყვება ციდვით გატაცება, ამიტომ, ისწრაფეთ ლოცვისაკენ. ამ მეთოდს, დიდი წარმატებითა და ნაყოფიერად იყენებდა ღირსი მარიამ მეგვიპტელი, რაც მისი ცხოვრებიდანაც ჩანს. თუკი ვინმე – ამბობს ღირსი ნილოს სორელი, – ყოველი შემხვედრი თავდასხმისას, მტრის მიერ ჩანერგილი ყოველი ზრახვის გამოვლენისას, ცრემლებით შესთხოვს შემწეობას უფალს: ის მალევე შეიგრძნობს სიმშვიდეს, თუკი გონებისმიერად ილოცებს.“როგორც ცეცხლს ძალუძს გაანადგუროს ხეები, ასევეა შესაძლებელი წმინდა ცრემლებით, ყოველგავრი სიბინძურისაგან სულისა და სხეულის განწმენდაც”, ამბობს წმინდა იოანე კიბისაღმწერელი.

როდესაც განმარტოვებით ვიმყოფებით, სიძვის ზრახვებისა და ოცნებების თავდასხმისას და სხეულის უჩვეულოდ აღძვრისას, მუხლებზე უნდა დაემხო ხატების წინ, მიბაძო მარიამ მეგვიპტელის ღვაწლს და ტირილითა და ცრემლებით შესთხოვო უფალს შეწყალება. გამოცდილებები არ დააყოვნებენ უფლის სიახლოვის მტკიცებასა და მის ჩვენს დაცემულ ბუნებაზე მოქმედების ჭეშმარიტებას: ეს ჩვენ მოგვანიჭებს ცოცხალ რწმენას, ცოცხალი რწმენა კი, შთაგვაგონებს, უჩვეული ძალებით აღგვავსებს და მოგვანიჭებს მუდმივ გამარჯვებებს. არ უნდა გაგვიკვირდეს, თუკი ხანგრძლივი ბრძოლის შემდგომ, რომელსაც მის მსგავსად ხანგრძლივი სიმშვიდე მოჰყვა და ჩვენს ბუნებაში ჯოჯოხეთისა და სიძვისმიერი მიდრეკილებების მოკვდინების განცდა დაბადა, მოჰყვეს კვლავ უსასტიკესი უწმინდურებანი და უგვანი მიდრეკილებებისა და მოძრაობების გაღვიძება სხეულში. უსირცხვილოა ჩვენი მტერი; ის არ შეწყვეტს თავისი ისრების მომართვას უფლის წმინდათა მიმართ: გამოცდილებამ მას დაუდასტურა, რომ ზოგჯერ წარმატებულია მცდელობა და იგი ამსხვრევს და ანადურებს თვით სულიწმინდის ჭურჭლებსაც, როგორც ეს დაემართა მეფე დავითს( მეფსალმუნე), როდესაც საღამოჟამს სამეფო სახლის ბანზე დასეირნობდა(2მეფ.11:2). ჩვენი სხეული – ორგული მეგობარია: მას სურს სხვა სხეული არა მხოლოდ საკუთარი ნება-სურვილით, არამედ სხვისი ბიძგითაც, სურვილით დაცემული სულისა, რომელიც სხვისი სხეულის სიბილწეში ჰპოვებს სიამოვნებას. მოულოდნელად ვლინდება მისი უხამსი,  ბილწი და ძალადობრივი მოთხოვნა! ამასთან დაკავშირებით, ღირსი პიმენ დიდი ამბობს: “როგორც მეფის  საჭურველთმტვირთველი არის ხოლმე მუდამ მზადყოფნაში: ასევე უნდა იყოს  მზად სული სიძვის დემონის წინააღმდეგ”.


წყარო: http://azbyka.ru

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

რუსულიდან თარგმნა ქრისტინე დოლბაიამ

Share