წერილები 5–10 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

წერილები 5–10 – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

[5] ერგინას

წმიდა მთა, 14 აგვისტო, 1933 წ.

ჩემო საყვარელო და ნამდვილო ქრისტესმიერო დაო ერგინა, იცოცხლეთ.

ჩვენ ჯანმრთელად ვართ. დღეს ეს-ესაა მივიღე შენი წერილი და გამიხარდა, რომ [თქვენც] ჯანმრთელად ხართ. ჩემო ჭეშმარიტო დაო, უკვე თხუთმეტ დღეზე მეტია, რაც ათონზე ვარ. სანამ თესალონიკიდან წამოვიდოდი, წერილი მოგწერე. ხატებიც გამოგიგზავნე და სავსე კალათიც, მაგრამ დამავიწყდა რა ჩავდე შიგ. მგონია, ჩაი იყო და თხილი ბავშვებისთვის. ვერონიკას გამოართვით მელეტიას მონასტერში (წმ. ირინეს სახელობის). იქნებ მალე მოგიტანონ კიდეც.

იმის გამო, რომ გვიან მომწერე, აღარ მოგწერე, მოდით-მეთქი, თანაც ვიცნობ მილტიადეს და ვიცი, რომ, თუ მოხვიდოდით, გეჯუჯღუნებოდა და ამიტომაც პირობა დავარღვიე. სხვა დროს, თუ ღმერთს უნდა, შეიძლება ან მე მოგინახულოთ, ან თქვენ ჩამოხვიდეთ – როგორც განაგებს წმიდა ღმერთი. ახლა კი იმას გთხოვდი, განსაცდელებში მოთმინება იქონიო. ხატების ფულს რაც შეეხება, ნუ ღელავ, როცა გექნება, მაშინ გამომიგზავნი მეორე, სამი მღვდელმთავრის1 ხატის ფულთან ერთად. ახლა ხატავენ, მალე მორჩებიან. ვინც ხატავს, ათონის მთის საუკეთესო ხატმწერია და თანაც ძალიან სათნოებიანი ადამიანი2. მე ჩემი ეკლესიის ხატები მასთან დავხატე. ღმრთისმშობლის „მირტიდიოტისას“ ხატი სხვამ გააკეთა, მაგრამ ეს უკეთესია.

იმ ქალს თუ უნდა, გამომიგზავნოს ზომები და ფული, და შევუკვეთავ. ჩემთვის ეს ძნელი არ არის. მეც ვუწევ სამსახურს ასკეტ ბერებს და ისინიც მე მიწევენ სამსახურს, როცა მჭირდება. აქ არ არის ანგარება, არამედ უფლის მიერ მოცემულ სიყვარულის მცნებას აღვასრულებთ — გიყვარდეთ ერთმანეთიო.

ახლა ღვინოსა და კვერცხებს არავინ მოიხმარს. ამასაც გთხოვ: ის ქალი, ლუკია, თუ გაჭირვებულია, სხვა ფულს ნუ სთხოვ, იქნებ არ აქვს. რამეს მოვიფიქრებ და აქ შევაკოწიწებ, თუ ღმერთი ინებებს. ის მინდოდა მხოლოდ, რომ თავისი გარდაცვლილი მშობლების სახელები გამოაგზავნოს, რომ მოვიხსენოთ ხოლმე. მაგრამ თუ ეს შენთვის ადვილი არ არის, არა უშავს. მომწერე უბრალოდ და მე მივაწვდი მღვდელს. ვფიქრობ, ეგეც ახალს *(ე.ი. ახალ სტილს) მისდევს.

მომწერე, მაგრამ შემდეგში ორმოცი წირვისთვის ნუ გამომიგზავნი იმათ სახელებს, რომლებიც ახლით არიან, რადგან ეს დამატებითი ჯაფაა ჩემთვის. აქ მათ არ იხსენიებენ. არიან სხვებიც, რომლებიც მათ იხსენიებენ, მაგრამ მათ ისე უყურებენ, თითქოს ისინიც ახლით იყვნენ. ჩვენ მათთან ერთად არ ვეზიარებით, ამიტომ ეს ჩემთვის მძიმე ტვირთია, თუმცა სხვა სულიერ საკითხებს რაც შეეხება, დღედაღამ ვირჯები და ვიტანჯები ღმერთის დიდებისა და სიყვარულისთვის.

თუ უნდათ, რომ მე ვილოცო მათთვის, პარაკლისებს გადავუხდი, თანაც სიხარულით. დღეც და ღამეც წავუკითხავ. ჩვენ ღამე საერთოდ არ გვძინავს. ყოველ საღამოს ღამისთევა გვაქვს. მხოლოდ ერთი საათი თუ გვძინავს დილისკენ და ერთიც შუადღეს, მას მერე, რაც პურს ვჭამთ.

ასე რომ, მთელი მსოფლიოსთვის მთელი ღამე ვლოცულობთ. მე დღედაღამ ვწერ მათ, ვინც მეკითხება. სხვა საჭმელს ამზადებს, სხვას წერილები დააქვს, სხვა ხელსაქმეს3 აკეთებს. ანგელოზებივით ვართ. ყოველთვის დღეში ერთხელ ვჭამთ. ცოტა ორცხობილა და ცოტა საჭმელი, გინდ შობა იყოს, გინდ აღდგომა — დღეში ერთხელ. ჩვეულებრივ დღეებში ცალ-ცალკე ვჭამთ, ხოლო კვირას და დიდ დღესასწაულებზე — ერთად. აჰ, რომ განახა, რომ განახა, რა კარგია! ასკეტური ცხოვრება, უდაბნო. ანგელოზებრივი ცხოვრება. აჰ, რომ შეგეძლოს ჩვენი დანახვა!

ლეონარდო იყო აქ. იმხანად დიდი გაწამაწია გვქონდა, ძმები დღე და ღამე მუშაობდნენ, [და ამიტომ] თავისუფლად ჭამდნენ. ერთი სიტყვით, ამ გაწამაწიის მეტი ვერაფერი შეამჩნია, ჩვენი ასკეტური ცხოვრება ვერ ნახა. ვუთხარი, რომელიმე მონასტერში წადი-მეთქი, მაგრამ სახლზე ზრუნვის გამო არსად წავიდა.

აქ, ჩემო დაიკო, ამქვეყნიური სამოთხეა. თუ კაცი თავიდანვე მკაცრ, ამაღლებულ ცხოვრებას მიჰყოფს ხელს, წმიდანი ხდება, ხოლო თუ თავიდანვე ფართო გზა აირჩია, მოგვიანებით ეშმაკი წაიყვანს და საბოლოოდ, ერისკაცებზე უარესი ხდება, იმიტომ, რომ ჭინკა ძლიერად ებრძვის მონაზვნებს — მანამ, სანამ იმათაც ჭინკებად არ აქცევს. ეს კი იმიტომ, რომ უნდა ქრისტეზე შური იძიოს და უთხრას: „აი, ნაზარეველო, შეხვდე შენს მეომრებს: შენ მათ მარადიულ სამეფოს აღუთქვამ, ესენი კი უარგყოფენ, ხოლო მე მცირეოდენ სახის სიტკბოებას ვაძლევ და კუდში მომდევენ“. ამით იკვეხნის დემონი.

ამიტომაც, თუ ვინმეს სურს, მონაზონი გახდეს, დიდი თავგანწირვა უნდა ჰქონდეს და თავის თავს უთხრას, რომ მეტს აღარ იცხოვრებს ამქვეყნად, არამედ ჯვარს უნდა აცვას საკუთარი თავი და ყველა განსაცდელი მოითმინოს: შიმშილი, წყურვილი, სიშიშვლე, ჩაგვრა, შეურაცხყოფა და ყველა სხვა გასაჭირი თუ მწუხარება. ხოლო თუ ასე არ განეწყობა, არამედ დასასვენებლად ემზადება, სჯობს არ მოვიდეს და ერში იცხოვროს კარგ ქრისტიანად, გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი, რამეთუ მონაზვნური ცხოვრება ძალიან მძიმეა და ბრძოლაც ძლიერია, შესაბამისად კი, მონაზვნობის მსურველს უდიდესი სიფრთხილე და წინდახედულობა მართებს და საკუთარი ბუნების მუდმივი იძულება. თანაც, სიკვდილამდე არ უნდა გათამამდეს და არ მოადუნოს ყურადღება, თუ არა და, იმწუთას დაეცემა და გაქრება, რამეთუ მზაკვარი და სისხლისმსმელი ეშმაკები ჩასაფრებულები არიან და შესაფერის დროს ელიან.

ღმერთმა გაგვინათლოს [გონება და სული] და დაგვიცვას. ამინ.

ვლოცულობ თქვენთვის მთელი სულითა და გულით,

ყველაზე უარესი, მამა იოსები

[6] დიონისეს

[წმიდა მთა, აპრილი, 1934 წ.]5

ქრისტე აღსდგა!

ჩემო ოქროს დიონისაო, დიდად საყვარელო და საწადელო, ძალიან კარგო, თუმც ცოტა ბრაზიანო, ძალიან გონიერო, თუმც ცოტა ჯიუტო, ძალიან კეთილო, თუმც ცოტა ეჭვიანო, ჩემო უმოწყალესო დიონისე, კარგო და საყვარელო.

მივიღე შენი წერილი და გთხოვ, ჩემო ბიჭუნა, ოდნავ უფრო სუფთად დაწერე ხოლმე, რადგან ამდენი გადაჯღაბნილის გამო წესიერად ვერც წავიკითხე. ერთი სიტყვით, მიხარია, დიონისაკო, რომ კარგად ხარ. შენი გასაჭირიც გავიგე. იმის გამო, რომ ის-ის იყო მკრეხელობაში ჩავარდი, ახლა ყოველდღე შვიდი მეტანიით *(მუხლდრეკით) მეტს გააკეთებ ორმოცი დღის განმავლობაში, მაგრამ დაიწყე სულთმოფენობის შემდეგ6. ოღონდ შემდგომში ფრთილად იყავი, შვილო, რომ ეს სატანური რამ ჩვევად არ გექცეს.

გისურვებ7, ღმერთი დაგეხმაროს, რომ კარგი და ღირსი ასკეტი მონაზონი გახდე. თანაკლასელებთანაც ყურადღებით იყავი, ნურც ბევრს ილაპარაკებ, ნურც მათ ცუდ სიტყვებს დაუგდებ ყურს, რამეთუ ასე სასმენლები გვიბინძურდება. შეეცადე მორჩილი იყო. გამგონე, თავმდაბალი, სათნოებიანი, ლოცვის მეგობარი, ცრემლებით ილოცო და მზად იყო, როცა წმიდა ღმერთი ინდომებს, ღირსეული მონაზონი გახდე, ღმრთისათვის და კაცთათვის სათნო.

რამეთუ ეს წუთისოფელი, ჩემო ბიჭო, უამაოესია, ყოველივე ბოროტებით აღსავსე. ადამის გადასახლების ადგილი და შესაბამისად, ჩვენიც. და ნეტარია ის, ვინც ამ გადასახლებაში სწორად ივაჭრებს და ცხოვრებას უსაფრთხოდ გაივლის, რათა მარადიულად იხაროს და წმიდანებთან ერთად იმეფოს უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

მთელი სულითა და გულით ვლოცულობ შენთვის,

მამა იოსები

[7] ბარბარეს

[წმიდა მთა, აპრილი 1934 წ.]

ქრისტე აღსდგა!

ჩემო საყვარელო შვილო, ბარბარე. იცოცხლე, ჩემო კარგო გოგონავ, იქნებ იესოს მშვენიერ სარძლოდაც გიხილო. ამინ.

ჩემო შვილო. მივიღე შენი წერილი და მიხარია, რომ ჯანმრთელად ხარ, მიხარია უზომოდ – როდის გაიზრდები-მეთქი, ვფიქრობ, რომ დედა ევპრაქსიასთან მოხვიდე და გახდე ის, რაც უფალს უნდა? ყურადღებით იცხოვრე: უფალს სურს, რომ იყო კარგი, გამგონე, დაქალები არ გაიჩინო, ბევრი არ ილაპარაკო, მორჩილი იყო, დუმილი იცოდე, მოთმინება გქონდეს, თავშეკავება, თავმდაბალი იყო, წარმატებული, ტირილი ისწავლო; ღმრთისმშობელს ევედრე, რომ გონება გაგინათლოს და ილოცე განუწყვეტლად – შენი ბაგეები მუდამ ამბობდნენ: „უტკბილესო იესო, მაცხოვნე მე“. მეც ვილოცებ შენთვის და მალე აღსრულდება წმიდა ღმერთის ნება. მთელი სულითა და გულით ვლოცულობ შენთვის, ჩემო ოქროს გოგონავ.

ყველაზე უარესი მამა იოსები

[8] დიონისეს

[წმიდა მთა, ზაფხული 1934 წ.]9

ჩემს საყვარელ დიონისაკოს.

გაიხარე, ჩემო. დიონისაკო, გაიხარე, და კიდევ გეტევი: გაიხარე ქრისტეს, ჩვენი უფლისა და უტკბილესი მაცხოვრის – იესოს მიერ. ამინ.

ო, ჩემო შვილო, იესოს შვილო, დედაღმრთისას და მისი წმიდანების შვილო! შენ მოგმართავ და ვფიქრობ, საიდან მოვიღო სიტყვები, რომ სული გაგითბო? საიდან ამოვივსო წყალი, რათა წყურვილი დაგიოკო? სად გიშოვო პური, რომ დაგაპურო? ვაიმე, ვაიმე, ვაი მე, უბადრუკს, რომ ღირსი გავხდი ღმერთის სულის მიერ მეშვა ასეთი შვილი, ასეთი კარგი ბიჭი, ასეთი ერთსული და ერთმოშურნე! მაგრამ როდის გიხილავ ჩემ გვერდით? როდის დავტკბები შენი თანყოფნით? როდის გიხილავ ეკლესიის შუაში დაჩოქილსა და უტკბილესი იესოს ხატის წინ მტირალს?10 ნეტა უნდა მქონდეს ამის იმედი? ნეტა უნდა დაგელოდო მანამ, სანამ აქ გიხილავ და ღმრთაებრივი სიმეონის მაგვარად ვიტევი: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო“11?

ვაი მე, გლახაკს! ცრემლები თვალებს მივსებს, ხელი მიქვავდება. კალამი გამომიშრა, გული ძალუმად მიძგერს, როდესაც მესმის, რომ გახდები ბრძენთა თანა ბრძენი, მასწავლებელთა თანა მასწავლებელი, რიტორთა თანა რიტორი, ღმრთისმეტეველთა თანა ღმრთისმეტყველი, მქადაგებელთა თანა მქადაგებელი, მონაზონთა თანა მონაზონი, მღვდელთა თანა მღვდელი და ღმერთის ძეთა თანა ღმერთის ძე! „მე ვთქვი“, – ამბობს უფალი, – „მაღლის ძეები გახდით-მეთქი, თქვენ კი ადამიანებივით კვდებით“12. მაშ, რას ფიქრობს ჩემი საყვარელი შვილი? მოხვალ, რომ შენი ბიძის – ნიკოლოზის ზიარი გახდე? გახდები მისი ამხანაგი?

აი, სასწაული! გაოცებული ვარ! ბავშვი, რომელიც ხელში მეჭირა და ვეთამაშებოდი, დღეს ემზადება, რომ სიბერეში მომიაროს, დღეს მან უნდა ამიყვანოს ხელში. უცნაური სასწაულია! როგორ არ განაცვიფროს ადამიანი ღმერთის საიდუმლოებმა?! როგორ არ განკვირდეს კაცი, როდესაც ამას ხედავს?! ვისაც მე ვაჭმევდი როგორც ჩვილს, უფალი გზავნის, რათა მე გამომკვებოს! როგორ არ გაგვაკვირვოს ღმერთის სახიერებამ?!

ჰოი, შენს მოწყალებას, მეუფეო! უმცირესი შრომისთვისაც კი სურს გასამრჯელო მოგვცეს წმიდა ღმერთმა. მოდი ჩემთან, ჩემო კარგო ბარტყო და მე გიჩვენებ ყოველი სიბრძნის მომნიჭებელს. მალე მოდი ჩემთან და ზეციურ ფილოსოფიას გასწავლი. დაარწმუნე მამაშენი წასვლაზე და მიზნის მისაღწევად მე ამოგიდგები მხარში. არაფერია იმაზე მშვენიერი, არაფერია იმაზე ლამაზი, როგორიც იესოს სიყვარულია. არაფერია იმაზე ამაღლებული, როგორც ზეციურ რეალობაზე ფილოსოფოსობა და ამქვეენიდანვე ხედვა იქაური მარადიული სიკეთეებისა. ასე რომ, მოდი, გელი. იქნებ რამდენიმე წელში წავიდე და მაშინ ვეღარაფრით გარგებ.

გამოეშურე და მე ვთხოვ მეუფეს, რომ თავისი სიბრძნე მოგანიჭოს და ჩემთან ერთად ადიდო ყოვლადწმიდა სამება და ქალწული ღმრთისმშობელი და ყოველი წმიდანი. ამინ.

როცა წერ, სუფთად წერე, თორემ ვერ ვარჩევ რას წერ. შენთვის ლოცულობს ნიკოლა13 სხვა მამებთან ერთად, ისევე, როგორც მე, უკანასკნელი. ნიკოლას არ აქვს კურთხევა, რომ მოგწეროს.

მამა იოსები

[9] ერგინას

წმიდა მთა, 21/9/1934

საყვარელო შვილო და ჩემო დაო ერგინა, გაიხარე სრული სიხარულით, ჯანმრთელობითა და სულიერი სიხარულით უფლის, ჩვენი უტკბილესი მაცხოვრის, იესოს მიერ. ამინ.

ჩემო საყვარელო დაო, კიდევ გეტყვი: გიხაროდენ. ჩემო საყვარელო შვილო, რატომ დუმხარ? რა შეემთხვა ჩემს საყვარელ და მრავალტანჯულ ტარიგს? ცოტას ავადმყოფობს და ცოტა ხანში ჯანზეა, ცოტას ბრაზდება, ცოტას მშვიდდება, ცოტას გულისსიტყვებს თხზავს, ცოტას მათ განაბნევს, ცოტას კეთილს იქმს და ცოტას ნანობს, რატომ გააკეთა.

ო, ჩემო მდაბალო კრავო! რას აღარ განიცდი და წვალობ იმის გამო, რომ მოთმინება არ გაქვს. აჰ, ღმერთო ჩემო, დაეხმარე ჩემს დაიკოს და დაიფარე ყოველივე ბოროტისგან. აჰ, ჩემო დაო, იქნებ ისევ გეწყინა, რომ მრავალი დღე ისევ ვერ დავრჩი შენთან, როცა ჩამოვედი?

აჰ, რა ვქნა მე, საწყალმა, რომ სულ შარში ვარ გახვეული! აჰ, რა გითხრა… რომ არ მეჩხუბა და მეყვირა, ეგენი ჯერ კიდევ ქუჩაში მაწრიალებდნენ. ქალებს, ჩემო შვილო, ტვინი არ აქვთ. თავიანთ ნებაზე რომ მიუშვა, უნდათ, რომ გვერდში გიგულონ და ქუჩა-ქუჩა გატარონ. აჰ, რა უშნო, რა ცუდი რამაა, ახალგაზრდა ბერი ორ ახალგაზრდა მონაზონ ქალთან ერთად დაიარებოდეს ქუჩებში! ამაზე უარესი არაფერია.

ასე რომ, როცა დამინახე, რომ ვყვიროდი, შეწუხებული ვიყავი. ამ დღეში ვიყავი, როცა მეჩხუბე. რა მომივიდა, როგორ ჩავვარდი ამ დღეში?! ასე ვიყავი. საერო ქალები რომ ყოფილიყვნენ, ასეთი ულამაზო არ იქნებოდა, მაგრამ მონაზონი დედები — ძალიან უშნოა! ამიტომაც გითხარი, მოჰკიდე ამათ ხელი და შენთან წაიყვანე, ხოლო მე პოდონიფტიში14 დავრჩები-მეთქი. აჰ, ჩემო შვილო, არ იცოდი, რა ხდებოდა და ამიტომაც იქნებ დაბრკოლდი იმ დღეს.

აჰ, ჩემო შვილო! არ იცი, რომ მონაზონმა ერის ადამიანებს მაგალითი უნდა მისცეს, კი არ უნდა დააბრკოლოს? ხოლო თვითონ ანგელოზებისგან აიღოს მაგალითი. ამიტომ უნდა იყოს ფრთხილი, რათა სატანამ არ მიიტაცოს.

[იგი] იძულებულია15 გავიდეს [ათონის] გარეთ, რადგან ამ ამბავშიც გაეხვია და ზოგადი სავალალო მდგომარეობის გამოც16. მიუხედავად ამისა, ვალდებულია მთლიანად თვალი იყოს, მთლიანად ნათელი, თვალყური ადევნოს, რათა სხვების სარგებლის მოტანით საკუთარი თავი არ დაიზარალოს. ამას შენი სარგებლისთვის გწერ, რომ არ გეგონოს, შეცდომა მომივიდა. არა! შემდეგში რომ მოვალ, ერის ადამიანებს უფრო შევხვდები. რიგით ხალხს ნაკლებად სწყინს. იქ მოხუცი და ახალგაზრდა ქალები ერთად არიან და მოხუცები სხვათა ნალაპარაკევს აბათილებენ.

ორი სიტყვით, ასეთი ამბებია. მომწერე, როგორ არის მელანია, ირინე. მოკითხვა გადაეცი, ელენესაც, სხვებთან ერთად, და ყველა დას.

მამა მოსემ გამოიარა და მითხრა, რომ ავად იყავი და ამიტომაც გწერ. არაფერი მქონდა, რომ გამომეგზავნა. ოყა17 თხილში 25 დრაქმას18 ითხოვენ. ამიტომაც — კარგად შეინახონ, [არ მინდა]. თანაც ახლა მიჭირს, რადგან ნიკოლას კალივას ვუშენებ. წაბლი გვაქვს, მაგრამ როცა მამა მოსე მოვიდა, ჯერ კიდევ არ იყო მწიფე. სხვა ვინმეს რომ გამოევლო, გამოვატანდი საჩუქრად – ამას არ ვყიდულობთ, ტყე თავისუფალია!

დიონისე რას შვრება? ბარბარე? აჰ, როგორ ველი, რომ დიონისე დიაკვანი გავხადო – ჩემი ოცნებაა ეს, ბარბარე კი – ქრისტეს სარძლო.

თქვენთვის ლოცულობს მამა ნიკოლოზი, ხოლო როცა იგი მონაზონი გახდება, მოდი, დიონისე19, მოინახულე შენს ბიძა მანოლისთან ერთად. ყველანი მოდით კოშკში20, რომ ლუკუმადები21 მიირთვათ.

მამები ლოცულობენ თქვენზე, მეც, ცოდვილი.

მოვიკითხავ. მილტიადეს.

მ. იოსები

[10] ერგინას

წმიდა მთა, 24/9/1934

ჩემო ჭეშმარიტო დაო, გიხაროდენ უფლისა მიერ! ჩემო საყვარელო დაიკო, გაიხარე უტკბილესი სიძის – იესოს მიერ! ჩემო ქრისტესმიერო დაო, გიხაროდენ იესო მაცხოვრისა და დიდი უფლის მიერ, ჩემს ძმა მილტიადესა და საყვარელ შვილებთან ერთად.

ჩემო შვილო, კიდევ გეტყვი: გაიხარე! დღეს მივიღე შენი ეპისტოლე, მაგრამ, რადგან შეკვეთილი იყო, გვიან მოვიდა. ოცდახუთი დღე გავიდა მას მერე, რაც დაგიწერია. ერთი სიტყვით, დიდება წმიდა ღმერთს, რომ კარგად ხართ. განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ ჯანმრთელები იყოთ.

გუშინწინ22 სხვა ეპისტოლეც მოგწერე, რადგან დიდი ხანი არ მოგეწერა. ჩემო დაო, აი, გპასუხობ იმაზე, რასაც მეკითხები, და მერწმუნე, რომ მიყვარხარ და სრულ სიმართლეს გეუბნები – ჩემი წადილი, ჩემი გულის წვა, სულის მუდმივად შემწველი ჩემში საღმრთო და ერთადერთი სურვილი ის არის, რომ სულები ვაცხოვნო, ჩვენს უტკბილეს იესოს გონიერი მსხვერპლი შევწირო.

თუკი ყველა ადამიანისთვის თავს ვწირავ და მრავალნაირად და განუწვეტლად ვიტანჯები, რათა ვინმე ვაცხოვნო, თქვენთვის და შენი შვილებისთვის არ ვიზრუნებ? მაგრამ აბა, მითხარი, რა შემიძლია ვიღონო, როცა მილტიადე საპირისპირო აზრის არის? აჰ, დაიკო, ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ყველა ჩემი და-ძმა, დედა და მისი შვილები, მონაზვნები გახდნენ. წმიდა ღმერთისთვის სათნო საღმრთო შესაწირავნი.

აჰ! მაგრამ ვნებები, მცდარი შეფასება, სულის დაბნელება, სამწუხაროდ, არ აძლევთ უფლებას, რომ გონება ოდნავ მაინც აღიმაღლონ და საკუთარი ცხონებისთვის უმჯობესი დაინახონ. მიუხედავად ამისა, არ ვჩივი, რადგან სხვები, სამწუხაროდ, გაცილებით უარესები არიან. ასე რომ, ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ წმიდა ღმერთის ჭეშმარიტი შვილები გახდეთ, არის ჩვენი დღევანდელი დღე, როცა კეთილმა იესომ ეგვიპტის უხვებაში გამომგზავნა, რათა გზა გაგიმზადოთ, რათა გზა გაგიადვილოთ, ხოლო თქვენ, როდესაც სულის დღევანდელი[სნაირი] შიმშილი დადგება, ადვილად გამომყვეთ და გაიხაროთ ამავე სუფრაზე სიხარულითა და საღმრთო მხიარულებით23.

აი, უამრავი ადამიანი, უამრავი ქრისტიანი სამყაროს ყოველი კუთხიდან წერილით გვთხოვს, გვემუდარება სულიერი საზრდო გავუზიაროთ; ტირიან, გვიხმობენ, სწყურიათ შეგვხვდნენ ან მოგვისმინონ. იმდენი წერილი მოდის, რომ ჭამის დროც აღარ გვრჩება.

განა მე რა – ის იოსები ხომ არ ვარ? ნუთუ მგონია, რომ შემიძლია, ან ღირსი ვარ სხვებს დავეხმარო? არა, არამედ ღმერთის ყოვლადბრძნულმა განგებამ გამომირჩია მე – ცუდი, უვარგისი, ბოროტისმოქმედი, ქურდი, საწყალი, რათა უფრო მეტად იდიდოს ყველას მიერ მისი წმიდა სახელი. რამეთუ კარგს დახმარება არ სჭირდება, რადგან ბუნებითაა კარგი, ხოლო ჩემი ცხოვრება ასე თქვენთვის განაგო, რათა თქვენც უკან გამომყვეთ.

ასე რომ, ახლაა ხელსაყრელი დრო, ახლაა ცხონების დღე24. რას უზიხართ? მე თქვენი სულისა და ხორცის მკვებავი გავხდები, მამა, შვილი, მონა, ტყვე, წინამძღოლი, კვერთხი – თუ გენდომებათ, გავხდები. მაშ, რაღა გინდა ამის მეტი? შენ მილტიადე დაარწმუნე, მე კი იმწუთას არწივივით ავიტაცებ დიონისესა და ბარბარეს. მაგრამ თუ ის არ მოინდომებს და მე ჩუმად წავიყვან, მაშინვე დააჭერინებს ჩემს თავს და ბოროტმოქმედივით ციხეში ჩაასმევინებს. ნუთუ არ იცი? გაბრაზებული კაცი ყველაფერზე წავა. აჰ, წუთისოფელი… რამდენჯერ მაწუხებენ, რომ ამ ასაკის ბავშვები ავიყვანო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვთანხმდები, რადგან უცხო ხალხის შვილები არიან, თუ ავიყვან, საღმრთო რჯულის დამრღვევად განვისჯები. ხოლო შენი შვილი ჩემი შვილი და სისხლხორცია – ათი რომ გყავდეს, ყველას სიხარულით წავყვან, რამეთუ არაფერს დავარღვევ ასე, რადგან ვიცი, როგორ განვაგო ყველაფერი ისე, რომ ხალხი არ დავაბრკოლო.

აბა, სხვას რას ითხოვ ჩემგან? აი, მზადაა. დრო შესაფერისია, სანამ ეშმაკობას ისწავლის. სანამ ბავშური ასაკის ეშმაკობები დაეწყება. არ სჯობს ცოტა ხანში ქრისტეს ღმრთაებრივ დიაკვნად იხილო და სულით გაიხარო, ვიდრე მწარედ იტირო? აჰ, რა ვქნა, რომ ამის მეტი არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ ღმერთს გულმოდგინედ ვევედრო. შემისმინოს და ყველაფერი თავისი წმიდა და საღმრთო ნების მიხედვით მოაგვაროს.

მწერ, და-ძმას გული დასწყდა, რომ ნიკოლა წამოვიდაო. ამას გეტყვი: წუთისოფელი იმიტომ უყვართ, რომ ჯერ მისი სიმწარე არ გამოუცდიათ. ჯერ კიდევ სულით ბრმები არიან და ვერ ხედავენ, თუ რა იმალება ამ დროებითი სიხარულის უკან. გონიერი ნათელი ჯერ არ გამოუნათდათ, ცხონების დღე ჯერ არ დაუდგათ. მაგრამ გიმეორებ, რომ ყველა ჩვენი და-ძმა სხვებთან შედარებით ღმრთის ანგელოზივით არის, ამიტომაც მაქვს იმედი, რომ უფალი არ მიატოვებს, არამედ დანარჩენსაც მოაგვარებს.

მწერ, რომ ჩემ გამო გიხარია და წუხხარ. მართლაც ასეა და როგორც გონება- განათლებულმა, სწორად შეამჩნიე. მონაზონს ხალხი არაფერს არგებს – მარტო ქება-დიდებას შეასხამენ და ამგვარად „განბანენ“ და შიშველს ტოვებენ. ამიტომაც მალე გამოვრბივარ, რათა არ დავკარგო ის, რაც ამდენი წელია მდუმარებით შევიძინე.

მწერ, რომ შფოთავ და რასაც აშენებ, ანგრევ. მართალს ამბობ, ამ ქვეყანას სულ ასეთები სჩვევია [ – ვანგრევთ და ვაშენებთ]. მაგრამ შენ მაინც მხნედ იყავი, ვინც შენება ისწავლა, ოდესმე იმასაც ისწავლის, რომ აღარ დაანგრიოს. იქნებ უფალმა იმ დროს მოგვასწროს, როცა ვაშენებთ და დანგრევასაც ვეღარ შევძლებთ, შესაბამისად კი, აშენებული სახლი მარადიულად დაგვრჩება. გამხნევდი, მეც შენთან ერთად და შენთვის ვაშენებ, ისე, რომ ვერავინ მინგრევს. მხოლოდ ერთს გთხოვ, ცოტა დრაქმი გამომიგზავნო, რათა კარ-ფანჯრისთვის ლურსმნები ვიყიდო.

მწერ, ფული გამოგიგზავნეო. აჰ, ჩემო შვილო. მე ამეებზე არც კი ვფიქრობ, მით უმეტეს, არ მინდა რომ ვალებით დამძიმდე, ამიტომაც არ გთხოვ. გეუბნები: თუ შენის მოცემა არ შეგიძლია, სხვას ნურაფერს დააკლებ, რათა სული არ დაგიმძიმდეს. სხვაგვარად, უცხო კაცი რომ იყო, არც კი გეტეოდი. ჩემს ძმებს რომ ჰქონდეთ, თქვენგან მხოლოდ იმისთვის ვითხოვდი, რომ სხვებისთვის მიმეცა, რათა ელოცათ. მაგრამ რა ვქნა, რომ ოდენ გაჭირვებაში არიან? შენ ცოტა წელში გამართული ხარ და თუ შეგეძლება, თუნდაც თვეში ერთხელ გამოაგზავნე. ოღონდ არა ვალად აღებული.

მწერ, დიონისეს ვერ გაუგეო. არასწორად ფიქრობ. ძალიანაც კარგად გავუგე დიონისეს, მაგრამ გითხარი: რა შემიძლია ვიღონო? ღმერთმა მიხედოს, იმედი მაქვს, რომ შენი სახლისთვის ვიზრუნებ. წირვას შევუკვეთავ და როგორც უფალი ინებებს ლუკიასთვის ორიოდე სიტყვას მოგწერ, მაგრამ არ მახსოვს რამდენი მოგვცა. ერთი სიტყვით, გამოაგზავნოს დანარჩენი, რომ გადავცე. ჯერ არ მიმიცია.

მონაზონ ბებიებს რაც შეეხება, იმედი მაქვს, დაწყნარდნენ. ბევრ რამეს ვუსწორებ. სხვის სახლში და ამდენი ხარჯი! – ათი ათასი გაანიავეს. ერთი სიტყვით, ვუთხარი, თუ ერთ ადგილას არ დაეტევით, დაგტოვებთ-მეთქი. ამიტომაც ჯერჯერობით ძალიან კარგად არიან. ყოველთვიურად აქედან პროდუქტებს ვუგზავნი, სხვა რა უნდათ?

შენც რას მეკითხები? მომისმინე, ამაოდ ნუ ირჯები, რამეთუ, სხვა მონაზონი რომ მოვიდეს იქ, არ მინდა. იცოდე, რომ იქ ცხოვრება ძალიან ძნელია. თუ ბევრი ფული აქვთ და ვერ ხარჯავენ – მაშინ სხვა საქმეა. ამიტომაც, თუ ვინმე შეგეკითხება, უთხარი, არ ვიცი სად არიან-თქო. ქალებს მძიმე წონა აქვთ და მე ამდენი ძალა არ გამაჩნია. ვინც კეთილ საქმეს მიჰყო ხელი, უნდა დაასრულოს კიდეც, თუ არა და ნურც დაიწყებს.

ჯობია ახლავე დაიწყო ფულის შეგროვება და ივნისამდე თუ ვიცოცხლეთ, კოშკში25 მოხვალ და ყველაფერს, რაც გინდა, ნახავ: მონაზონ დედებს, ნიკოლას, ჩვენ, ჩვენს ქოხებს, წმიდა მთას – ყველაფერს, ყველაფერს ნახავ. არის იმის შესაძლებლობა, რომ შორიდან დაინახო. ასე რომ, გაემზადე და შეგეწევა უფალი. ძალიან გაგიხარდება, დიდ სარგებელს მიიღებ. მილიონი რომ დახარჯო, ასეთ სიხარულს ვერსად იგემებ, აქ კი ათასი დრაქმით დატკბები.

მხნედ იყავი და მოთმინება იქონიე. ილოცე ნიკოლასთვის, რომ ღმერთი გაინათლოს. მოკითხვა გადაეცი ყველა ქრისტესმიერ დას, განსაკუთრებით კი, მელანიას, ირინეს, ელენესა და კალიოპეს. ნიკოლასგანაც გადაეცი ყველას მოკითხვა.

თქვენთვის ლოცულობს ყველა მამა და მე, ცოდვილი,

უხმარი მამა იოსები

შენიშვნები

  1. ბასილი დიდი, გრიგოლ ღმრთისმეტეველი და იოანე ოქროპირი. ↩
  2. სავარაუდოდ, გულისხმობს მღვდელმონაზონ ანანიას, რომელიც წმ. ანას სკიტის პატიოსანი ჯვრის კალივაში ცხოვრობდა და რომლის საძმოსთანაც ბერს სულიერი კავშირი ჰქონდა. ↩
  3. ხელსაქმე – 1) მონაზვნის ხელობა, საქმე. 2) ამ სელობის ნაწარმი. ↩
  4. ბერის დისშვილი, ერგინასა და მილტიადეს შვილი. შემდგომში ცნობილი ღმრთისმეტეველი დიონისე ბატისტატო (1921-1991). ↩
  5. წერილები 6 და 7 (დიონისესა და ბარბარეს) ერთსა და იმავე ქაღალდზეა დაწერილი და თარიღი არ აქვს. 1934 წ. აპრილი გამოვთვალეთ შემდეგნაირად: დაიწერა აღდგომის შემდეგ პერიოდში. დისშვილებისადმი პირველი წერილია. 21-09-1934-ით დათარიღებულ ეპისტოლეში ერგინას მიმართ ბავშვების შესახებ კითხულობს, მაშინ, როდესაც წინა წერილებში. მათ საერთოდ არ ახსენებს, გარდა 16-12-1932 და 14-08-1933-ით დათარიღებული წერილებისა, რომლებშიც ზოგადად მოიხსენებს – „ბავშვები“. ↩
  6. საეკლესიო კანონის თანახმად, პასექიდან სულთმოფენობამდე მუხლდრეკა არ სრულდება უფლის აღდგომის პატივსაცემად. ↩
  7. ბერძნულში სიტყვებს „გისურვებ“ და „მოკითხვა“ იგივე ფუძე აქვს, რაც ზმნას "ვლოცულობ“ , შესაბამისად, სხვა დატვირთვაც აქვს. ↩
  8. ბარბარე (შემდგომში მონაზონი ბრიენა) ბერის დისშვილი, ერგინასა და მილტიადეს შვილი, დაიბადა 1924 წლის 6 აგვისტოს. 1945 წ. მივიდა თრაკიულ-მაკედონელთა მიძინების მონასტერში, სადაც 28-02-1947 წ. მონაზვნად აღიკვეცა. 1954 წ. სავანიდან წავიდა და „მირტიდიოტისა“ ხატის მონასტერი ააშენა, რომლის წინამძღვარიც გახდა. ამავე სავანეში გარდაიცვალა 06-06-1998. ბერ იოსებს ხშირი მიმოწერა ჰქონდა მასთან (შემორჩა და აქ იბეჭდება 53 ეპისტოლე), რომელშიც წმიდანი ძვირფას რჩევებს იძლევა ასკეტური და ისიქასტური ცხოვრების შესახებ. რადგან ბარბარე/მონ. ბრიენა შინაური იყო, ბერი თავისუფლად ეუბნებოდა სათქმელს და ამგვარად მკაფიოდ მჟღავნდება მისი სულიერი პედაგოგიური მეთოდი – ზედმიწევნილი ზრუნვა სინდისის სისუფთავეზე, გონივრული მიდგომა მონაზვნური ღვაწლის ყოველი დარგის მიმართ. ↩
  9. წერილს თარიღი არ აქვს. დაწერის დრო შემდეგნაირად გამოვთვალეთ, ჩანს, რომ არ არის პირველი წერილი დიონისეს მიმართ, ხოლო ნიკოლოზი, ბერის ძმა, უკვე მორჩილია, რომელიც 1935 წ. ივლისში მონაზვნად აღიკვეცა. 21-09-1934, 24-09-1934 და 12-02-1935-ით დათარიღებულ წერილებში ბერი განსაკუთრებულად საუბრობს დიონისეს შესაძლო მონაზვნობის შესახებ ათონის მთაზე. ↩
  10. გულისხმობს მონაზვნურ აღკვეცას. ↩
  11. ლუკ. 2,29. ↩
  12. იხ. ფსალმ. 81,6-7. ↩
  13. ბერის ხორციელი ძმა, შემდგომში მონაზონი, ათანასე. ↩
  14. პოდონიფტი – ათენის რაიონი, თანამედროვე ნეა ფილადელფია. სავარაუდოდ, ამ უბანში ცხოვრობდა ბერის დედა, ხოლო ერგინა – პირეაში. ↩
  15. თავის თავზე ლაპარაკობს. ↩
  16. გულისხმობს მონაზონი დედების ხელმძღვანელობასა და კალენდრული რეფორმის პრობლემას. ↩
  17. ოყა (ბერძ. óxá) — მასის საზომი ოსმალეთის იმპერიაში, შემდეგ კი საბერძნეთშიც, უდრის 1,2828 კგ-ს. ↩
  18. დრაქმა (ბერძ. δραχμή) – ფულის ერთეული. ↩
  19. ასეა – წოდებით ბრუნვაში. ↩
  20. კოშკი (ბერძ. Πύργος) – აქ: სოფელი ურანოპოლი, სადაც მდებარეობს ათონზე შესასვლელი მთავარი ნავსაყუდელი და ძველი კოშკიც, საიდანაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს მეორე სახელწოდებაც. ↩
  21. ლუკუმადები – ტკბილეული, უკრემო ფუნთუშა, რომელსაც წვრილად დაჭრილ კაკალსა და თაფლთან ერთად მიირთმევენ. ათონზე ლუკუმადებს ამზადებენ სქემაში აღკვეცისთვის, რის შემდეგაც ყველა დამსწრეს უმასპინძლდებიან. არის მონაზვნური მწარე ცხოვრების ტკბილი შედეგის სიმბოლო. ↩
  22. სიტყვას „გუშინწინ“ – ბერძნები პირდაპირი მნიშვნელობითაც იყენებენ და გადატანითაც – ცოტა ხნის წინ. ↩
  23. ბერი ალეგორიულად თავის თავს ადარებს ძველი აღთქმის მამამთავარ იოსებს, რომელიც ღმერთმა მდიდარ ეგვიპტეში გაგზავნა იმისთვის, რომ მოგვიანებით, შიმშილის დროს, საკუთარი ოჯახი დაეპურებინა (ის. დას. თავები 37-47). ↩
  24. იხ. 2 კორ. 6,2. ↩
  25. იხ. სქოლიო 2, გვ. 98. ↩
Share