ბერი იოსები – რჩეული ღმრთისა – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

ბერი იოსები – რჩეული ღმრთისა – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

ბერი იოსები – რჩეული ღმრთისა

არქიმ. სოფრონის წერილი

1977 წლის 22 სექტემბერი

Tolleshunt Knights, ესექსი, ინგლისი

[…] წმიდა ბერი იოსები, რომელსაც დიდ პატივს მივაგებ. პირველად ვინახულე ჯერ კიდევ მანამ, სანამ მონასტრიდან უდაბნოში გავიდოდი1. იმხანად იგი თავის სულიერ ძმასთან, ბერ არსენისა და უმცროს ძმა ათანასესთან ერთად წმიდა ბასილის სკიტის მთებში ცხოვრობდა.

მათი კალივა მდუმარებისთვის საკმაოდ იყო დაშორებული სხვა მეუდაბნოვებს. მასთან ბერ გერასიმე მენაიას (მის შესახებ მოგვიანებით მოგახსენებთ) რჩევით მივედი, რის გამოც მარადის ამ უკანასკნელის მადლიერი ვიქნები. მათი უდაბური ადგილას აშენებული მცირე კალივა დიდი ქვებით იყო აგებული და ძალიან პატარა და ვიწრო ოთახები ჰქონდა. მატერიალური ნივთების მხრივ ყველაფერი ისეთი ღარიბული იყო, თანამედროვე ევროპელი ვერც კი წარმოიდგენს, რამაც მაშინ მე არ გამაკვირვა, არც განსაკუთრებული ყურადღება მიმიქცევია – ამას ჩვეულებრივ ამბად მივიჩნევდი. მაგრამ ახლა, ევროპაში ცხოვრების მრავალი წლის შემდეგ, იმ დღეებს სხვანაირად ვიხსენებ. მაგრამ რა სულიერი სიმდიდრე გროვდებოდა იმ ველურ ადგილას!

წმ. პანტელეიმონის მონასტრის ახალგაზრდა დიაკვანი ვიყავი. მსურდა დიდი მადლის მატარებელი ადამიანის სიტყვები მომესმინა. მას დიდი ყურადღებითა და ღრმა მადლიერებით ვუსმენდი. ღარიბულად და ასკეტურად ეცვა, მაგრამ თავისი მშვიდი და დიდებული სიარულით მეფეს ჰგავდა, მიუხედავად ტანმორჩილი აღნაგობისა. ძირითადად, მეუდაბნოის მდუმარებით ცხოვრებაზე მელაპარაკა და იმაზე, თუ როგორ ხედავდა თვითონ შეუქმნელ ნათელს. ბერთან საუბარმა ჩემზე ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა. სამწუხაროდ, ამდენი წლის შემდეგ უკვე აღარ შემიძლია გადმოვცე ამ საუბრის შინაარსი.

დიდი სიხარულით შევიტყევე, რომ ბერ იოსების ღმრთისმოშიში მოწაფეები ამ გამორჩეული მონაზვნის შესახებ წიგნის დაწერას გეგმავენ, მან ხომ დიდი წვლილი შეიტანა წმიდა მთის ცხოვრებაში, რამეთუ გახდა ხიდი ჩვენს წინა მამებსა და თანამედროვე მოღვაწეთა შორის. დღეს მისი შთამომავლები განაგრძობენ ამ წმიდა საქმეს, თვითონ კი განისვენებს თავისი ზეციერი მამის წაიღში.

იმ ღამეს ერთი ქვის „ტომარა“, ანუ თავისი ძმის – ათანასეს ოთახი დამითმო. როგორც მახსოვს, სიგანეში ერთ მეტრზე ნაკლები, ხოლო სიგრძეში ერთნახევარ მეტრზე მეტი არ იყო. მე, თუმცა მცირე სხეული მქონდა, ძალიან პატარა საწოლზე დავიძინე. ფეხები კი იმ ყუთზე შემოვდე, რომელიც კედელში გამოჭრილ ნახვრეტში იდგა, ამ ყუთის მთავარი დანიშნულება სწორედ ეს იყო. მშვიდი და მადლიერი განწყობა მქონდა ღმერთის მიმართ, რომელმაც ღირსი გამხადა მის რჩეულს შევხვედროდი.

დილით ბერი იოსები გამიძღვა ზღვის მხარეს მთის ფერდობზე, სადაც მათი საერთო კალიკიდან მოშორებით, თავისთვის სხვა, მცირე კალივა აეშენებინა მეტი მდუმარებისთვის, რომელშიც კაცს ფეხის გაშლაც კი გაუჭირდებოდა. მხოლოდ ერთი ფანჯარა ჰქონდა, რომელსაც ბერი კარადაც იყენებდა. იქიდან მოჩანდა ღია ზღვა და შიშველი კლდეები. მთის ამ ფერდობს შედარებით მცირე ქვები ფარავდა. შესანიშნავი ადგილი იყო და გონებას შემოქმედთან აღამაღლებდა. ვიფიქრე, რომ იქაურობას მდუმარებისთვის აუცილებელი სიჩუმე ჰქონდა. ზღვის ხმაური კი ისმოდა, მაგრამ ეს ბუნებრივი რამ იყო. უფრო გასაოცარი ის იყო, რომ უდაბნოს ველური ჩიტები ღამღამობით მიფრინდებოდნენ ხოლმე და ნისკარტით ფანჯარას ან სახურავს უკაკუნებდნენ. რას მიჰყავდა იქ ეს არსებები, ჩემთვის მიუწვდომელია.

ამის შემდეგ ბერს კიდევ ორჯერ თუ სამჯერ შევხვდი. მოკლე საუბრები გვქონდა. რომლებიც მაშინ კიდევ უფრო მამხნევებდნენ, რამეთუ მე თვითონაც უკვე კარულიის გამოქვაბულში ვცხოვრობდი. იმხანად ბერი წმიდა ანას მცირე სკიტის განაპირას მოეწყო. შემდეგ წმიდა პავლეს მონასტრის ნეა სკიტში დამკვიდრდა, სადაც აღასრულა თავისი დღეები წმიდა ასკეზაში გაწეული საკვირველი მოთმინებით. მისი ხსენებაც და უღრმესი პატივისცემაც ყოველთვის არის ჩემს სულში. არანაირი ეჭვი არ მაქვს, რომ იგი ამ მამათა მწყობრს ეკუთვნის, რომელთაც თავისი ლოცვით [ათონის] წმიდა მთა, ღმრთისმშობლის ბაღი დაამყარეს *(განამტკიცეს). უფალმა მისი სული ისე შეიწყნაროს, როგორც თავისი ერთგული მსახურები შეიწყნარა, განუსვენოს საკუთარი სიტყვების თანახმად: „სადაცა მე ვიყო, მუნცა მსახური ჩემი იყოს“2.

უღირსი არქიმანდრიტი სოფრონი

P.S. ბერ გერასიმეს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს ჩემს ცხოვრებაში. მან მირჩია ბერი იოსები მომენახულებინა. მოგვიანებით, როდესაც კარულიაში ვცხოვრობდი, დამარწმუნა წმ. პავლეს მონასტრის სულიერი მოძღვრობა მეკისრა (მაშინ სავანის წინამძღვარი არქიმ. სერაფიმე იყო). მანვე აიღო ჩემი ცოდვების ტვირთი და წმიდა ათანასეს დიდ ლავრას რეკომენდაცია გაუწია, რათა მღვდელმონაზონი გავმხდარიყავი. ბერი გერასიმე, თავისი თავმდაბლური მოქცევითაც და მთელი ცხოვრების წესით ჩემი მასწავლებელი და წინამძღოლი იყო. ბერ სილუანეს გარდაცვალების შემდეგ მთელი წმიდა მთა მოვიარეთ მღვდელმონაზონ ანდრეასთან ერთად (წმ. პავლეს მონასტრიდან) — ადგილს ვეძებდით, სადაც სამივენი მდუმარებით ვიცხოვრებდით. ვერაფერი ვიპოვეთ. ჩვენი მატერიალური შესაძლებლობები უზომოდ მწირი იყო. იგი წმიდა ათანასეს დიდ გამოქვაბულში დამკვიდრდა, მე კი კარულიაში, ხოლო მამა ანდრეა თავის სავანეში დაბრუნდა. ისეთი მშვიდი ადამიანი იყო, რომ სულიერი ცხოვრების შესახებ საუბრის გარეშეც დიდ შეწევნას ვიღებდი მისგან. უფალმა მასაც განუსვენოს წმიდათა თანა.

შენიშვნები

  1. წ. ბერი სოფრონი ათონის წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტრიდან კანულიის უდაბნოში გადავიდა. ↩
  2. იოან.12,26. ↩
Share