ბერის მიწიერი ცხოვრების პერიოდში, სამწუხაროდ, ბევრნი არ იყვნენ ისინი, რომელთაც შეემეცნათ, აეთვისებინათ და გამოცდილებისეულად განეცადათ საღმრთო მადლი სრულად და სრულყოფილად, ანუ ისე, როგორც მას გამოეცადა. ღირსი მამა განღმრთობილ მდგომარეობაში, გამოუთქმელ საღმრთო ერთობაში სრულად იმყოფებოდა. ღმერთს უკიდეგანო ნათელში ჭვრეტდა. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობასთან თავშეკავებული იყო, გულმოწყალების გამო დუმილს არღვევდა, როდესაც სთხოვდნენ, და ამიტომ განღმრთობილ მდგომარეობებს მესამე პირში აღწერდა.
განღმრთობის გამოცდილება წარმოადგენს წმიდა მამათა გადმოცემის ძირითად ბირთვს, „მეხუთე ელემენტს“. ადამიანს შეუძლია ღმერთის მადლით გახდეს ის, რაც ღმერთია – ერთი გახდეს ღმერთთან, „მთლიანი“ შეუერთდეს „მთლიან“ ღმერთს. წმიდა მაქსიმე აღმსარებელი ამგვარად აღწერს ამ მდგომარეობას: „მთლიანი მთლიანს მოიცავს, მთლიანად ღმერთს და ხდება ყოველივე ის, რაც არის ღმერთი, გარდა არსის გაიგივებისა“1. მაშინ ადამიანი მთლიანად ხდება ნათელი ისევე, როგორც ღმერთია ნათელი. ადამიანის ყველა ნაწილი ხდება ქრისტეს ჭეშმარიტი და ნათელმოსილი ნაწილი, როგორც ამას წმიდა სიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი გვაუწყებს: „ფეხს ვამოძრავებ და აი, როგორც ის (ქრისტე) ბრწყინავს“2. განღმრთობა ის ზებუნებრივი მდგომარეობაა, რომელიც ადამიანის გონებასა და ნებისმიერ აღქმას აღემატება, და ადამიანის საგრძნობლები ფუნქციონირებას წყვეტენ — ეს მდგომარეობა კი რეალურია. მხოლოდ მას მერე, რაც საღმრთო მოხილვა ჩაივლის, შეუძლია ადამიანს აღწეროს განცდილი, მაგრამ მხოლოდ – დანახული „როგორც სარკეში, ბუნდოვნად“3. წმიდა დიონისე არეოპაგელი ხაზს უსვამს, რომ საგრძნობლებიცა და სულის გონიერი ძალებიც აღარაა საჭირო, როდესაც სული „უცნაური შეერთებით“ ღმრთისმაგვარი ხდება და მიუწვდომელი ნათლის სხივებს ატარებს. ამ გადმოცემის გაგრძელებას, ამ გამოცდილების იგივეობასა და მსგავსებას ვხედავთ ღირს იოსებ ისიქასტის წერილებში (თუმცა მრავალი საუკუნე აშორებს ხსენებულ წმიდა მამებს):
„როდესაც მადლი ჭარბობს, [ადამიანი] განათლებითა და უსასრულო სიხარულით ივსება, და მაშინ, რადგან ვეღარ იტევს დამატყვევებელი სიყვარულის ცეცხლს, საგრძნობლები უცხრება და [ღმერთის] ხედვაში აღიტაცება. აქამდე ჯერ კიდევ თვით ადამიანის ნების მოძრაობის სფეროა, ამის შემდეგ კი უკვე აღარ ფლობს საკუთარ თავს. ვეღარც სცნობს თავს, რადგან, უკვე შეუერთდა [საღმრთო] ცეცხლს, სრულიად გამოიცვალა, ღმერთი გახდა მადლით. ეს არის საღმრთო შეხვედრა, როდესაც კედლები და ზღუდეები ქრება და ადამიანი გონების სხვა, თავისუფალი ჰაერის სუნთქვას იწყებს, სამოთხის კეთილსურნელებით სავსეს. ამის შემდეგ ნელ-ნელა მადლის ღრუბელი იკლებს და თიხა [ე.ი. ადამიანი] ცვილივით მაგრდება და გონს მოდის, თითქოს აბანოდან გამოსულიყო, სუფთა, მსუბუქი, გამჭვირვალე, ბედნიერი, დამტკბარი, ბამბასავით რბილი და სიბრძნითა და ცოდნით სავსე“4.
ღმერთის წინასაუკუნეთა განზრახვა ადამიანის შესახებ ღირს იოსებ ისიქასტზე აღსრულდა: გახდა სრული ქრისტესმიერი ადამიანი, ღმრთის შვილი, მადლით ღმერთი. იგი გაჰყვა ნათელს და თვითონაც ნათელი გახდა, თანახმად უფლის სიტყვებისა: „მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისა"5.
წმიდა იოსებ ისიქასტი იყო თანამედროვე ათონელი ბერი, რომელმაც მონაზვნობა თავის თავზე კიდეც გამოსცადა, კიდეც აღგვიწერა დაწვრილებით და განახლებული გზაც გვიჩვენა. საკუთარი გამოცდილებითა და ცხოვრებით თანამედროვე ათონურ სივრცეში აღადგინა წმიდა გრიგოლ პალამას სწავლება ისიქაზმისა და ზოგადად, მართლმადიდებლური მონაზვნობის შესახებ. იყო ისიქასტური და ფილოკალიური6 ტრადიციის ღირსეული გამგრძელებელი, რომელმაც დიდად შეუწყო ხელი ათონის წმიდა მთაზე მონაზვნების მატებასა და სულიერ აყვავებას. თავის მოწაფეებს სულიერ ანდერძად არა მარტო სწავლა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, უნიკალური გამოცდილება დაუტოვა. მისი „ძირიდან“, დაახლოებით, ათასამდე მონაზონი გაიზარდა ათონზე, საბერძნეთში, კვიპროსზე და საზღვარგარეთაც. 1992 წლიდან დაწყებული, აშშ-სა და კანადაში 18 მონასტერი დაარსდა მისი სულიერი შვილის, ბერ ეფრემ არიზონელის წინამძღვრობით. მამა ეფრემმა, ფაქტობრივად, მეორე ათონი შექმნა ამერიკაში. მონაზონთა გარდა, სულიერ ცხოვრებაში ბერ იოსებ ისიქასტის სულიერ მემკვიდრეთა დარიგებებით მრავალი ათასი ადამიანი ხელმძღვანელობს. განსაკუთრებით გასაოცარი და აღსანიშნავია, რომ ეს ხდება ამ ქვეყანაში, რომელსაც ზოგიერთი „მრავალნაციონალურ ბაბილონს“ უწოდებს.
წმიდა იოსები წინასწარ ხედავდა იმას, თუ რა საქმეს აღასრულებდნენ მისი მოწაფეები და ამიტომ გარდაცვალებამდე რვა თვით ადრე, ანუ 1958 წლის დეკემბერში, ისინი ოთხ მცირე საძმოდ დაყო. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ უჩვეულოა ათონურ მონაზვნობაში (წესით უხუცესს უნდა ეტვირთა ყველას მოძღვრობა) – ღირსმა ბერმა იცოდა, რომ მისი მორჩილები დიდი მონასტრების წინამძღვრები და მოძღვრები გახდებოდნენ. ერთხელ ერთ სტუმარს (იოანე ბიციოსს სოფელ ურანოპოლიდან) თავის მოწაფეებზე მიუთითა და უთხრა: „ხედავ, იანი7, ამ ახალგაზრდა მონაზვნებს: მოვა დრო და ათონის მთას მონაზვნებით გაავსებენ“. ბერ იოსებზე წმიდა პაისი ათონელის სატყვები აღსრულდა: „როგორც ფულით მდიდარი ადამიანები ამდიდრებენ თავიანთ შვილებს მატერიალურად, რადგან სიმდიდრეს ფლობენ, ასევე სულიერად მდიდრებიც ამდიდრებენ თავიანთ შვილებს სულიერად“.
შეგვეწიოს მისი ლოცვა-კურთხევა.
არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი
ტექსტისთვის
წმიდა იოსებ ისიქასტს საერო განათლება არ ჰქონდა მიღებული. მესამე კლასი ძლივს დაამთავრა, მაგრამ ძალიან უყვარდა ყურადღებიანი კითხვა. საეკლესიო და საღმრთისმეტყველო ენა გათავისებული ჰქონდა, ამიტომაც შეეძლო მაღალი სულიერი მდგომარეობები ადვილად და დამაჯერებლად აღეწერა. მისი სიტყვა არის „ცხოველი და ძლიერი და უმკუეთლეს უფროის ყოვლისა მახვლისა ორპირისა“9, გამოცდილებისეული, გონივრული, სულიწმიდისეული, წმიდამამებისეული. მიუხედავად ორთოგრაფიულ- სინტაქსური შეცდომებისა, იგი სავსეა მრავალი ღრმა სულიერი აზრით. ადვილად, სასიამოვნოდ იკითხება და ჰარმონიულად მიედინება. მარჯვედ მოჰყავს ციტატები წმიდა წერილიდან და ეკლესიის მამების ნაშრომებიდან, ოსტატურად ათავსებს მათ საჭირო ადგილას. ზოგჯერ ბევრ გრძელ წინადადებას აბამს ერთმანეთს, მაგრამ ისე, რომ აზრს არ შორდება"10. რაც მისი აზროვნების სიჯანსაღესა და გამჭრიახობაზე მეტეველებს. არცთუ იშვიათად მიმართავს სახალისო შედარებებსა და კალამბურებს. საჭიროების შემთხვევაში. ბუნებრივად შეარჩევს სიტყვის განსხვავებულ ფორმას, ზოგჯერ კი სათქმელს ფაქიზი ირონიის მეშვეობით გადასცემს. მისი ლექსიკონი მდიდარია, ხშირად ახალ სიტყვებსაც ძერწავს.
წინამდებარე გამოცემაში მხოლოდ ორთოგრაფია ჩავასწორეთ, დავამატეთ სასვენი ნიშნები და აბზაცები, რადგან თავად ბერი სასვენ ნიშნებს, ფაქტობრივად, არ იყენებს, არც აბზაცს ცვლის. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ სადმე არასწორად გავიგეთ აზრი და წინადადებებად დანაწევრებაც უმართებულოა: ადრესატებმა იცოდნენ რაზე იყო საუბარი და არ სჭირდებოდათ იმ დეტალებს დაზუსტება, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. ამის გარდა, ზოგ წინადადებას ტელეგრაფული ფორმა აქვს, ან სულაც ნაკლულია.
დანართში რამდენიმე წერილი იბეჭდება, რომლებიც ბერს ირიბად ეხება. ვიფიქრეთ, რომ მკითხველისთვის საინტერესო იქნებოდა, რადგან ისტორიულ ინფორმაციასაც გვაწვდიან და მის სიწმიდესაც მოწმობენ.
დაბოლოს, ეპისტოლეებსა და ლექსებს წინ ვურთავთ ღირს სოფრონის (სახაროვი) წერილს ბერ იოსების გაცნობის შესახებ – უდაბნო ადგილის, ასკეტური ქოხისა და ნეტარი ბერის პიროვნების აღწერა უკეთ გადაგვიყვანს მის სულიერ გარემოში. ვმადლობთ ქსიროპოტამუს მონასტერს ამ ძვირფასი ეპისტოლეს გაზიარებისთვის.
შენიშვნები
- „დიონისე არეოპაგელისა და გრიგოლ ღმრთისმეტყველის შესახებ კითხვებზე პასუხები" იხ. Patrologiæ Græca, 91, 1308B). ↩
- „ჰიმნები" 15 (ბერძნული ტექსტი იხ. Sources Chrétiennes, ტ. 156, პარიზი 1969, გვ.288) ↩
- კორ. 13,12. ↩
- ის წერილი 48, გვ. 214. ↩
- იოან 8,12. ↩
- ფილოკალია (ბერძნ. სილამაზის, მშვენიერების მოყვარეობა) — შინაგანი სულიერი ცხოვრებისა და ქრისტესმიერი სრულყოფილების შესახებ IV-XV სს. წმიდა მამების დარიგებების კრებული, რომელიც წმ. ნიკოდიმე მთაწმიდელმა და წმ. მაკარი კორინთულმა შეადგინეს. ბერძნულად პირველად გამოიცა 1782 წ. ხოლო სლავურად – 1793 წ. წმ. პაისი ველიჩკოვსკის მიერ. ↩
- იოანეს კნინობითი ფორმა, როგორც ქართული „ვანო“. ↩
- ამ თავში გამოვტოვებთ იმ დეტალებს, რომლებიც ბერძნული გამოცემისთვის დაიწერა ტექსტის გრამატიკისა და მართლწერის შესახებ. ↩
- იხ. ებრ. 4,12. ↩
- თარგმანში ამის დაცვა ყოველთვის შესაძლებელი არ არის, რადგან საეკლესიო ბერძნულში უხვად გამოიყენება მიმღეობები, ქართულში კი – ძალიან იშვიათად. ↩