„ძველი და ახალი სტილის“ პრობლემა და ბერის პოზიცია კალენდრული საკითხის შესახებ – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

„ძველი და ახალი სტილის“ პრობლემა და ბერის პოზიცია კალენდრული საკითხის შესახებ – წმინდა იოსებ ისიქასტი – წერილები და ლექსები

„ძველი და ახალი სტილის“ პრობლემა და ბერის პოზიცია კალენდრული საკითხის შესახებ

1924 წელს ათონის წმიდა მთაზე შფოთი სუფევდა კალენდრული ცვლილებისა და ოფიციალური ეკლესიის მოდერნისტული (როგორც უმეტესობა მიიჩნევდა) გადაწყვეტილებების გამო1. ბერი იოსები მაშინ კატუნაკებსა და წმიდა ბასილის სკიტში მოღვაწეობდა ათონის ყველაზე მკაცრ და ასკეტურ ადგილებში, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობოდა უკიდურესი მოწინააღმდეგეების, ე.წ. ზილოტების (მოშურნეების) სული, რომელიც ნებისმიერი – ნამდვილად თუ მოჩვენებით მოდერნისტული ელემენტის მიმართ მკვეთრ პროტესტს გამოხატავდა, კალენდრის საკითხი კი ერთ-ერთი მათგანი იყო.

წმიდა იოსების წერილების მეშვეობით შეგვიძლია თვალი ვადევნოთ მის ზომიერ, ფანატიზმს მოკლებულ პოზიციას კალენდრული რეფორმის შესახებ. ვხედავთ ჭეშმარიტად სულიერ და ასკეტურ საქციელს, რომელიც მას დაეხმარა – ზებუნებრივი გზით – ეკლესიის წიაღში დარჩენილიყო. იმ დროს, როდესაც მისი თანამოღვაწეები გამეტებით განიკითხავდნენ და შეცდომილად მიიჩნევდნენ (რაც ბერს მათ შორის ცხოვრებას კიდევ მეტად ურთულებდა), იგი დამცირებასა და დაცინვას ყურადღებას არ აქცევდა. მან სწორი ეკლესიოლოგიური აზროვნება გამოამჟღავნა, მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ზილოტებს ემხრობოდა – იმხანად და იმ ადგილებში გამართლებული იყო მისი ჭარბი მოშურნეობა წმიდა გადმოცემის შესანარჩუნებლად.

1933 წლის 14 აგვისტოს, იმ დროს, როცა ლოცვაში „სისხლად იღვრებოდა“ მთელი მსოფლიოსთვის, არ სურდა, რომ მათ წირვაზე წმიდა ბასილის სკიტში მოეხსენებინათ ახალი სტილის მიმდევარნი. წერდა: „მომწერე, მაგრამ შემდეგში ორმოცი წირვისთვის ნუ გამომიგზავნი იმათ სახელებს, რომლებიც ახლით არიან, რადგან ეს დამატებითი ჯაფაა ჩემთვის. აქ მათ არ იხსენიებენ. არიან სხვებიც, რომლებიც მათ იხსენიებენ, მაგრამ მათ ისე უყურებენ, თითქოს ისინიც ახლით იყვნენ. ჩვენ მათთან ერთად არ ვეზიარებით, ამიტომ ეს ჩემთვის მძიმე ტვირთია, თუმცა სხვა სულიერ კითხვებს რაც შეეხება, დღედაღამ ვირჯები და ვიტანჯები ღმერთის დიდებისა და სიყვარულისთვის. თუ უნდათ, რომ მე ვილოცო მათთვის, პარაკლისებს გადავუხდი, თანაც სიხარულით. დღედაღამ წავუკითხავ. ჩვენ ღამე საერთოდ არ გვძინავს, ყოველ საღამოს ღამისთევა გვაქვს. მხოლოდ ერთი საათი თუ გვძინავს დილისკენ და ერთიც შუადღეს, მას მერე, რაც პურს ვჭამთ“.

ბერს ფანატიზმი არ ახასიათებდა. თავიდანვე ზომიერი პოზიცია ჰქონდა. არავის უარყოფდა, ყველასთვის ლოცულობდა.

12 წლის შემდეგ, 1945 წლის 2 ივლისს, თავის დას – ერგინას სწერდა: „იმის გამო, რომ ყოველთვის გამოკეტილი ვარ და ჩემი ჭიშკრის გარეთ არ გავდივარ, სხვათაგანაც არავინ მოსულა, რათა აეხსნა სადაა ჭეშმარიტება. ამიტომაც სხვებივით ვფიქრობდი, რომ კარგად ვერ იყვნენ (ისინი, ვინც ახალ კალენდარს მისდევდნენ). თუმცა, არც ვმტრობდი, როგორც ზოგიერთი აქაური, რომელიც ილანძღება და უამრავ რამეს ამბობს“2.

თავისი ბუნებრივი გონიერების, გამჭრიახობისა და სიბრძნის წყალობით ამ მკაცრმა მოღვაწემ შეამჩნია, რომ „ჩვენმა კეთილმა ღმერთმა დაინახა, რომ საკითხის უმეცარი ვიყავი და არ დამტოვა ცდომილებაში, მიუხედავად იმისა, რომ მათეს3 მიმდევრები ხშირად მოდიოდნენ და ჩვეულ რამეებს მეუბნებოდნენ. მე პირიქით ვუმტკიცებდი, რომ სქიზმა ყველაზე უარესია, ხოლო ერთსულოვნება ღმერთის მცნებაა და კარგი ნაყოფიც გამოაქვს. საბოლოოდ, იხილა რა ღმერთმა ჩემი ცოცხალი და მზეზე სუფთა სული4, დამანახა, რომ ვცდებოდი და რომ მათეს ყველა მიმდევარი და სხვები, რომლებიც განხეთქილებაში გავიდნენ, ცდებოდნენ და უაზრო სქიზმას ქმნიდნენ, რითაც თავიანთ ამპარტავან სულებს ამძიმებდნენ. რამეთუ მიზეზი სხვა არაფერია, თუ არა მათი ეგოიზმი. არ მაქვს დრო, რომ გიამბოთ, რა სასწაული შემემთხვა. ამიტომაც ვუხმე მამა ანტონს, რათა ავხსნა რა და როგორაა, და დანამდვილებით მივხვდი, რომ უმეცრებით შევმცდარვარ“5.

ღმერთმა ბერს მრავალი ზებუნებრივი ნიშანი უჩვენა იმისთვის, რომ კალენდრის შესახებ სწორი პოზიცია ჰქონოდა. თავის მოწაფეებს სხვათა შორის შემდეგი ხილვაც გაანდო: ზღვაში ერთ კლდეზე იდგა, რომელიც ათონის ნახევარკუნძულთან შორიახლოს იყო და რომელსაც ტალღები ყოველი მხრიდან ეხლებოდა. ის-ის იყო უნდა ჩაძირულიყო, რომ ერთი ნახტომით წმიდა მთის მყარ ნაწილზე აღმოჩნდა. მობრუნდა თუ არა, დაინახა, რომ კლდე, რომელზეც იდგა, ზღვაში ჩაიძირა. ამასთან ერთად ხმა ჩაესმა: „ეკლესია კონსტანტინეპოლშია“.

ამის შესახებ მადლიერებით სავსე წერდა: „ხედავ უფლის სახიერებას? ხშირად ადამიანი უმეცრებით ცდება ან სხვები ჩაითრევენ ცდომაში, მაგრამ, თუ ადამიანი წრფელი სულისაა, ღმერთი არ ტოვებს, არამედ მრავალნაირად ანათლებს [და სწორ გზას უჩვენებს]. როდესაც ამაზე ვფიქრობ, თავი მიწად, ნაცრად, ჭიად მიმაჩნია [ღმერთის დიდებულებისა და სიკეთის წინაშე]6. ბერი იოსები დიდი სიმდაბლით მადლობს და იმავდროულად განცვიფრებულია ღმერთის მამობრივი მზრუნველობით: „ვინ ვიყავი მე, ბრმა, ყოველგვარ სიკეთეს მოკლებული, ან რა სიკეთე მიმიძღვის ჩემი შემოქმედის წინაშე, რომ ასეთ მზრუნველობას იჩენს ჩემ მომართ, ასე ზრუნავს, რომ არ დავიღუპო; რომ ჩემს თანატოლებზე მეტად შემიყვარა და თავის მადლს უხვად მანიჭებს, რათა ვილაპარაკო, ვილოცო, ვწერო, ვიქადაგო მისი სიტყვები?! ეს ყველაფერი არ გაკვირვებს, ჩემო დაიკო, როდესაც ჩემს საერო ცხოვრებას იხსენებ? აბა, ჩემი მონაზვნობა იქნებოდა? მაშ, რატომღა დრტვინავ და არ მადლობ ღმერთს? მეც რომ დავიწყო ჩემი განსაცდელების აღწერა, ვერ გაუძლებ. მიუხედავად ამისა, ღმრთისმშობლის მადლი ყველაფერს განაქარვებს“7.

წმიდა იოსების უზაკველი და ლოცვითი მცდელობა მაცხოვნებელ გზას არ ასცდენოდა, ღმერთისთვის სათნო იყო და ამიტომაც არა თვითონ ბერი განანათლა, არამედ მისი მეშვეობით დაგვიტოვა ამგვარი საკითხებისადმი სულიერი მიდგომის გზაც.

1954 წლის 20 სექტემბერს, გარდაცვალებამდე ხუთი წლით ადრე, როდესაც უკვე დაღვინებული მოღვაწე იყო და სიყვარულის, ღრმა მშვიდობისა და სულიწმიდისეული ერთობის საყდარზე მტკიცედ და შეურყევლად განისვენებდა, სწერდა თავის დისშვილს:

„ჩემო დიონისე, ვიღაცები მოვიდნენ ვითომ შენი სახელით… სურთ გაიგონ ვის მხარეზე ვარ. ძალიან დამწყდა გული. ვიცი, ჩემო შვილო, რომ შენგან არ არიან. ასე თქვეს, რათა ბერს მათთვის დაეჯერებინა. ერთი სიტყვით, უკან გამოგიბრუნე, რომ შენ უთხრა ორიოდე სიტყვა. გაიხსენე ის, რაზეც ვისაუბრეთ, როდესაც უკანასკნელად შეგხვდი, საყვარელო შვილო – უთხარი საღმრთო ჟამისწირვაზე რას ამბობენ: «ვიყვარებოდეთ და შემდეგ «ვაღიარებდეთ» — ფანარიდან8 რუსეთამდე და სამყაროს კიდიდან ჩვენს – ყველას გულებამდე.

»ერთი ის მაკვირვებს, ეს ხალხი წირვას როგორ აღასრულებს, როდესაც არ იცის, თუ რას ნიშნავს «ვიყვარებოდეთ ურთიერთარს, რათა ერთობით ვაღიარებდეთ»?!

»ჩემო დიონისაკო, ჩემო დიონისაკო, ყველას მიმართ სიყვარული. ჩვენმა ტკბილმა დედიკომ ჯვართმცმელებს აპატია, ჩვენ კი ძმისთვის ვერ გვიპატიებია?! ღმერთმა დაგვიფაროს!

»გვწამს ერთი, წმიდა ეკლესია. მასში მოვინათლეთ. რა საჭიროა მთელი ეს კამათი და კინკლაობა?

»ფრთხილად იყავი ცდომილებების მიმართ, ყურადღებით იყავი სულის გამხრწნელი ეგოიზმის მიმართ, ყურადღებით – არავინ დავაბრკოლოთ. განეშორე ბოროტ ფიქრებს, არამედ სიყვარული, სიყვარული, სიყვარული, ერთსულოვნება“9.

ვნებებისგან თავისუფლება, რომელიც ღმრთისმშობელმა წმიდა იოსებს აჩუქა, შეუძლებელია აღწეროს ან გაიაზროს ადამიანმა, რომელსაც ოდნავ მაინც არ გამოუცდია სული წმიდის მოქმედებისა და ღმრთის სიყვარულის გემო. ბერმა გაბედა, თავისი სულიერი შვილებისთვის თავისუფლად გაემხილა თავისი სულის ზეციური და ანგელოზებრივი მდგომარეობა და ის, რომ საღმრთო მადლის დაფარული საიდუმლოები იცოდა. 1947 წლის ოქტომბერში სწერდა ახლად აღკვეცილ მონაზონ ბრიენას, თავის დისშვილს: „მაშ, ისმინეთ ჩემი, ყურად იღეთ ჩემი სიტყვები, რამეთუ უნდა გითხრათ საღმრთო განგებულების საშინელი და დაფარული დიდი საიდუმლო. სხვისი სარგებლის არ მშურს, არ ვმალავ იმას, რაც ვიხილე, როგორც ის, ვინც ტალანტი დაფლა10, არ მაშინებს ეშმაკების მუქარა, რომლებიც მძვინვარებენ ჩემ წინააღმდეგ, როდესაც ამგვარ საიდუმლოებს გამოვაცხადებ – არამედ თქვენი ლოცვების იმედი მაქვს“11.

„განგვიმარტე, ჩვენო ტკბილო დედიკო, შენი გამოუთქმელი განგების საიდუმლო“

წმიდა იოსებს თავისი სულიერი შვილები ზეციური რეალობის ჭვრეტისკენ აჰყავდა. წერდა: „ეთერი უნდა გავიაროთ […] აქეთ-იქით ანგელოზები დგანან, ქერუბიმები და სერაფიმები, ექვსფრთიანები დაფრინავენ. მარჯვნივ და მარცხნივ ბრილიანტის კედლებია. ოქროსავით ბრწყინვალე კეთილსურნელოვანი ყვავილები იქაურობას ატკბობენ. უამრავი ფრინველია, უთვალავი ფერის, სხვადასხვა გალობას ჭიკჭიკებენ, რომლებსაც ჩვენი გონება ერთი ჭვრეტიდან მეორეში აჰყავთ. იატაკი თოვლივით სპეტაკია, ხოლო მის შუაში ჩვენი დედოფლისა და უხრწნელი დედის დიდი სასახლე დგას“12.

ეს ხილვა, რომელსაც წმიდანი ასე უბრალოდ აღწერს, ცნობილია ჩვენი მოძღვრის, ბერ იოსებ ვატოპედელის მიერ აღწერილი ბიოგრაფიიდან, მაგრამ ეს წერილი ცხადყოფს, რომ ღირსი მამის სული გამოუთქმელად იყო მოცული ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სიყვარულით. ჩვეულებრივ, დედოფალს თამამად მოიხსენიებს „ტკბილ დედიკოდ“, რაც ამქვეყნიურ საზომებს აღემატება.

ბერი იოსები სხვა წერილებშიც ახსენებს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს და ხაზს უსვამს მის სიწმიდეს, მის სულიერ სისუფთავეს და იმას, თუ როგორ ხშირად უნდა მოვუხმობდეთ. წერს: „არ შემიძლია აღგიწეროთ, თუ როგორ სათნოა ღმრთისმშობლისთვის უბიწოება და სიწმიდე. რადგან ყოვლადწმიდა ერთადერთი უბიწო ქალწულია, ამიტომაც ყველა, რომლებიც ვცდილობთ მას ამაში მივბაძოთ, ვუყვარვართ და სათნო ვართ მისთვის“13. „მე არ შემიძლია მხოლოდ ერთხელ ვემთხვიო ყოვლადწმიდის ხატს და იმწუთას განვეშორო, არამედ, როდესაც ვუახლოვდები, მაგნიტივით ვეკვრი […]. სიყვარული, წადილი, ცეცხლის ალი შიგნითაც და გარეთაც. როგორც კი შეხვალ ეკლესიაში, გასწრებს, თუ ხატი სასწაულმოქმედია და ისეთ კეთილსურნელ სუნთქვას გამოსცემს, რომ მრავალი საათის განმავლობაში განკვირვებაში რჩები, საკუთარ თავში აღარ ხარ, არამედ – რაღაც კეთილსურნელოვან სამოთხეში. ასეთ მადლს აძლევს ყოვლადწმიდა მათ, რომლებიც სხეულს უბიწოდ ინახავენ, რამეთუ, როგორც მივხვდი, ძალიან უყვარს ქალწულება და უბიწოება“14.

ეს წერილი, ფაქტობრივად, არის საღმრთისმეტყველო ტრაქტატი ღმრთისმშობლის პიროვნების შესახებ, სავსე ქება-შესხმითა და პირადი გამოცდილებისეული განცდებით. ბერმა, მართლაც, ზებუნებრივი და სასტიკი ღვაწლი გასწია იმისთვის, რომ ზებუნებრივი და ანგელოზებრივი უბიწოება შეეძინა – ის, რაც წმიდა ქალწულმა ღმრთაების მიუწვდომელ ნათელში მიანიჭა. ღმრთისმშობლის იმ მრავალი გამოცხადების წყალობით, რომლებიც თავისი ასკეტური მოღვაწეობის განმავლობაში ჰქონდა, შეეძლო მისთვის შვილებრივი კადნიერებით მიემართა, უხრწნელი დედოფლის მიმართ უწმიდესი ქალწულდედობრივი სიყვარულით მოწყლულს. აქ ვურთავთ ვრცელ ციტატას ამ საოცარი დიდი ეპისტოლედან:

„ჰოი, ჩვენო ტკბილო დედიკო! ჰოი, ჩვენი სულის ნათელო! ჰოი, სიყვარულო შეუორგულებელო! ჰოი, ჩვენი სულის ცხოვრებაო! ნეტავ ბაგეებზე შენი სახელით აღმოგვხდებოდეს სული! ნეტავ უტკბილესი ამბორით დაგვხვდე და შენს წიაღში შეგვიწყნარო! ჰოი, დედაო, თაფლსა და ნექტარზე უტკბესო! ჰოი, კეთილსურნელო და მირონსურნელოვანო არომატო!

»მაშ, დაეცით ძირს და ემთხვიეთ ჩვენს უტკბილეს დედიკოს – ფეხებსა და ხელებზე და მიიღეთ გამოუთქმელი კეთილსურნელება წმიდა ქალწულისგან. ნუ ყოყმანობთ, მან თვითონ მასწავლა ეს გზა, მაჩვენა და მიბოძა თავის მიმართ კადნიერება და სიყვარული.

»განგვიმარტე, ჩვენი ტკბილო დედიკო, შენი განგების და შენთან ჩვენი ნათესაობის გამოუთქმელი საიდუმლო. შენ, ჩვენო უტკბილესო დედიკო, რომელსაც წიაღში მუდმივად გიპყრია უტკბილესი ჩვილი – ის, ვისაც ყოველივე უპყრია; ვინც პაწაწინა გახდა ჩვენთვის, დროს დაექვემდებარა. თუმცა იმავდროულად არის უდროო და «ძველი დღეთა»15 – გვითხარი შენი მირონმდინარე ბაგეებით ის, რაც «ანგელოზთა გული უთქუამს ხილვად16, ხოლო ჩვენ რისიც ღირსნი გავხდით.

»კიდევ მომისმინეთ, ჩემო საყვარელო დებო. როდესაც წმიდა წირვა აღესრულება, ჩვენი ტკბილი დედიკო თავის ჩვილს გვაძლევს და ის ჩვენთვის შეიწირება. და რამდენჯერაც ჩუენ ღირსად ვეზიარებით, წინასწარ ნამარხულებნი, ნებაყოფლობითი ღამისთევითა და ლმობიერი ლოცვით მომზადებულები, იესოს ხორცსა და სისხლს ვჭამთ, იმას, რომელიც ღმრთისმშობლის17 უხრწნელი სისხლიდან მიიღო. აგრეთვე, როდესაც უფლის ხორცს ვჭამთ, გამუდმებით ღმრთისმშობლის რძეს ვწოვთ. შესაბამისად, რა მოგვდის? ვხდებით ღმრთისმშობლის ნამდვილი შვილები და ქრისტეს ძმები და მადლით ღმრთის შვილები. ხოლო რადგან ქრისტე გვყავს გამოუთქმელად ჩვენს სულსა და სხეულში, მაშასადამე – რადგან იგი განუყრელია მამისგან – ჩვენში მამაც არის და სული წმიდაც.

»ესაა ის ზებუნებრივი ნათესაობა, რომელიც ჩვენი ყოვლადწმიდა დედიკოსგან მივიღეთ. ხედავთ, რა ძღვენის ღირსნი გაგვხადა ჩვენმა ტკბილმა დედიკომ? ხედავთ, რამდენად ვალდებულები ვართ გვიყვარდეს იგი? ამიტომაც განუწყვეტლივ, როგორც ჩვილები, უნდა მივუახლოვდეთ და ხშირად მოვწოვოთ მისი საღმრთო რძე, როგორც მისმა უბოროტო შვილებმა. როდესაც საზიარებლად მივდივართ, გონებით მისი ძუძუ მოვწოვოთ, ხოლო პაწაწინა ტკბილი იესო, რომელიც მის წიაღშია, უკან იწევს და ამის უფლებას გვაძლევს. არ შურს, რომ მისი დედიკო უხვად გვირიგებს, არამედ უხარია და გვიწვევს კიდეც.

»როგორც ჩვილები, გაეხვიეთ ჩვენი დედიკოს კაბაში და მისი ქალწულებრივი საღმრთო სხეულიდან უბიწოებით აღივსეთ, კეთილსურნელებით აივსეთ. ვერაფერი ვნახე ისეთი, რაც ღმრთისმშობელს ქალწულებაზე მეტად მოსწონდეს. და რომელ ჩვენგანსაც სურს შეიძინოს მისი დიდი სიყვარული, იზრუნოს იმაზე, რომ თავი განიწმიდოს და ყოვლადწმიდაც მას მუდამ გულში ჩაიკრავს და ყოველივე ზეციურს მიანიჭებს“18.

წერილის დაწერიდან ორი თვის შემდეგ ბერი იოსები დაფიქრდა: იმ საიდუმლოთა გამოცხადებით, რომელთა ზიარიც ანგელოზებრივი ცხოვრებითა და ზებუნებრივი მოღვაწეობით გახდა, იქნებ ვინმეს არასწორად გაეგო მისი და დაბრკოლებულიყო? რამეთუ ასეთი საიდუმლოები უმეტესობას ადვილად არ ესმის. ამიტომაც ბერი წერდა: „ჩემო შვილო ბრიენა, ორ თვეზე მეტი გავიდა, რაც არ მოგიწერია, მიიღე თუ არა ჩემი სამი წერილი, და ამიტომაც გულისსიტევა მომივიდა: იქნებ იმ თავისუფლებით, რომლითაც გწერთ, გული გატკინეთ? ან იქნებ ჩემმა სიტყვებმა დაგაბრკოლათ? თუ მსგავსი რამ მოხდა, ნუ მაძაგებთ, არამედ მკითხეთ სიტყვების აზრი და მეც სწორ და გულწრფელ ახსნა-განმარტებას მოგცემთ“19.

ღირსი მამა უხსნის დისშვილს, რომ მისი ზომას გადასული საღმრთო ტრფიალია მიზეზი იმისა, რომ თავის შეკავება არ ძალუძს: „როდესაც ჩვენი უფლის სიყვარული ადამიანის სულს ცეცხლად მოედება, ვერანაირ ზომას ვეღარ ინარჩუნებს, არამედ სცდება საზღვრებს, შიშს განაგდებს და, რასაც წერს, რასაც ამბობს, ყველაფერში ზომას გადადის, თუმც ამ წუთებში რაც არ უნდა თქვას იმ ცეცხლოვან ბრწყინვალებაზე, ყველაფერი მცირეა განცდილზე“20.

„რაჟამს ცეცხლისა ენანი განუყუნა, ერთობად ყოველნი მოიყვანა“

წმიდა მამები გვასწავლიან, რომ გონებამ, რომელიც ბოროტებითა და ვნებებითაა დაფარული, შეიძლება სხვას გადასცეს ცოდნა, მაგრამ არა ნათელი. ხოლო გონება, რომელიც ვნებებისა და მანკიერებებისგან განწმედილია, თავის თავს ხედავს როგორც ნათელს, თანაც ღმერთმა ისე შექმნა იგი, რომ იმავდროულად სულის თვალიც არის. წმიდა იოანე დამასკელი წერს: „რაც თვალია სხეულისთვის, იგივეა გონება სულისთვის“21 როგორც თვალებით ვერ ხედავს ადამიანი, თუ გარეგნული ნათელი არ უნათებს, ასევე გონებაც – მიუხედავად იმისა, რომ აქვს გონებრივი შეგრძნება და ხედვა – არ შეუძლია დაინახოს, გამოიყენოს ღმრთივბოძებული სულიერი ხედვა, თუ ზეციური ნათელი არ უნათებს. ხოლო როდესაც ეს საღმრთო ნათელი გამოუბრწყინდება, უერთდება მას. არა მის არსს22, არამედ მოქმედებას23. გონება ხედავს და გამოცდილებისეულად შეიმეცნებს ამ ნათელში არსებულ ღმერთის სიბრძნის საიდუმლოებს, რომლებიც ხორციელი თვალებით არ იხილვება. შეიძენს გამოუთქმელ ცოდნას, რომელიც ნებისმიერი საგრძნობელით შეძენილ ცოდნას აღემატება.

ბერის განწმედილი სული განუწყვეტლივ საღმრთო ნათლის ამ ზებუნებრივ სიყვარულს ეზიარებოდა და ქადაგებდა იმას, რაც ღმრთის მიერ განიცადა. „ეს არის აღთქმა, რომელიც ვისმინეთ მისგან, და გაუწყებთ თქვენ, რომ ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი. თუ ვამბობთ, მას ვეზიარებითო და ბნელში კი დავდივართ, ვცრუობთ და არ ვიქცევით ჭეშმარიტების თანახმად. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით24.

წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ამ ზეციური ნათლის მყოფობა აერთიანებს ყველას, რომლებიც მის მიერ განათლდებიან, ერთ ცოდნაში მოიყვანს მათ და მხოლოდ ეს ცოდნაა ჭეშმარიტი. ის „მეცნიერების ნათელია”25, რომელსაც საღმრთო მადლის გამოცდილებისეული განცდა და თანყოფნა ანიჭებს ადამიანს და რომელიც ადამიანებს ათავისუფლებს ღმერთის შემეცნების არცოდნისაგან. არადა, სწორედ ღმერთის სიყვარულის არასწორი ცოდნა, უმეცრება ხლეჩს კაცობრიობას სხვადასხვა ჯურის ცრუ „ცოდნების“ მეშვეობით, რომლებიც ბოროტების საფარველის, ანუ ამპარტავანი გონების ნაშობია. ადამიანს არ შეუძლია შეიცნოს ღმერთი ვნებიანი და ამპარტავანი აზროვნების მეშვეობით – ის, რაც მხოლოდ გამოცდილებისეული ზენათელი შემეცნებითაა შესაძლებელი – და ამიტომ მისი „შემეცნება“ დარჩება დაცემული ბუნების ნაყოფი, რომელიც მხოლოდ ყოფს და არ აერთიანებს.

ჯვარცმის წინ ღმერთკაცი ქრისტე, რომელმაც მხოლომ უწყოდა სამება ღმრთაების სიყვარულის „დიდება“, მოცული იყო სურვილით, ვნილიყო კაცობრიობისთვის და მიეცა მისთვის ღმერთის ჭეშმარიტი, ნათლისმიერი სიყვარულის გამაერთიანებელი შემეცნება. სანამ ზეციურ მამას თავის თავს სიყვარულის მსხვერპლად შესწირავდა მთელი მსოფლიოს სატვირთად, ქრისტე ლოცულობდა: „არღარა ვარ მე სოფელსა ამას, და ესენი სოფელსა შინა არიან, და მე შენდა მოვალ. მამაო წმიდაო, დაიცვენ ესენი სახელითა შენითა, რომელნი მომცენ მე, რათა იყვნენ ერთობით, ვითარცა ჩუენ“26, საღმრთო ნათლის ზიარება და ადამში მთელი კაცობრიობის ერთიანობის, ყველა ცოდნაზე აღმატებული გამოცდილება არის ის გამოუთქმელი, უხილავად ხილული „დიდება“, რომელიც მამამ მისცა ძეს, ხოლო ძემ თავის მოციქულებს, ამ უკანასკნელების მეშვეობით კი – ყველას, ვისაც ქრისტესი სწამს27.

წმიდა იოსებ ისიქასტმა იცოდა ზეციური ნათლის ეს „დიდება“ და ამიტომაც სულ იმას ლოცულობდა, მისი დაუოკებელი სურვილი იმაში მდგომარეობდა, რომ სულიერი შვილებიც ამ შემეცნებაში მოეყვანა – ღმერთის შემეცნების ერთობაში, იმაში, რომელიც თვითონ უწყოდა.

ბერი იოსები მთელი თავისი მონაზვნური ცხოვრების განმავლობაში უფალს გულმხურვალედ ეძიებდა. მუდმივი და ღრმა სინანულის სულით იღვწოდა. შეიძინა „გული შემუსრვილი და დამდაბლებული“, ხოლო ღმერთი ასეთ გულს ანუგეშებს, არ შეურაცხყოფს. ყველა განსაცდელსა და მწუხარებას საოცარი მოთმინებით იტანდა, თანაც ყველაფერში მხოლოდ თავს იდანაშაულებდა, მიუხედავად იმისა, რომ სინამდვილეში ბრალი არაფერში მიუძღოდა. სულ ახალ-ახალ გზებს პოულობდა იმისთვის, რომ თავისი თავი დამნაშავედ მიეჩნია. ღრმა თავისბრალობას გამოიმუშავებდა. არასდროს გათამამებულა საღმრთო მადლის იმ დიდი ნიჭების გამო, რომლებიც მიეცა, არამედ პირიქით, თავს უფრო მეტად აყვედრიდა.

მუდმივი შინაგანი გლოვის და ცრემლების წყალობით სულიერი ზრდის ყველა ასაკი გაიარა. გამოცდილებისეულად იცოდა საღმრთო მადლის ნიჭები, ამიტომაც შეეძლო გონივრულად, სიბრძნით, იმავდროულად კი, ავტორიტეტულად დაეწერა: „სხვა არის მღვდლობის მადლი, სხვა – სქემისა, სხვა – [საეკლესიო] საიდუმლობათა, სხვა – ასკეზის მადლის მოქმედება. ყველა ერთი წყაროდან გამოედინება, მაგრამ ერთი მეორისგან აღმატებულებითა და დიდებით განსხვავდება. სინანულის მიერ ამოქმედებული მადლი – მათთვის, ვინც ცხონებისთვის ირჯება – მამათაგან გადმოცემული მემკვიდრებაა; ის გაცვლა და გადაცვლაა, როდესაც მიწას გავიღებთ და ზეცას მივიღებთ, გავიღებთ მატერიას და მივიღებთ სულს. ღმერთის გულისთვის გაღებული ოფლის თითოეული წვეთი, თითოეული შრომა, თითოეული ღვაწლი ხდება ამ «ვაჭრობის» ობიექტი; სისხლის ჩამორთმევა და სულის შემოღვრა. ნივთიერს, მატერიალურს ცვლი წმიდა სულზე“28.

წმიდა იოსებმა სულიერ მოღვაწეობას მთელი თავისი ხორციელი და სულიერი ძალები შესწირა, რისი წყალობითაც სრულყოფილების ყველა ეტაპი გაიარა: „სამნაირად იყოფა მადლი: განმწმედელად, განმანათლებლად და სრულმყოფელად. სამადვე იყოფა ადამიანის ცხოვრების წესიც: ბუნებრივად, ზებუნებრივად და ბუნების საწინააღმდეგოდ. ამ სამ ეტაპზე ადი-ჩადის [ადამიანი]. სამია აგრეთვე დიდი ქარიზმა *(ნიჭი), რომელსაც [ადამიანი] იღებს: [ღმერთის] ხედვა *(ჭვრეტა), სიყუვარული, უვნებობა“29. განწმედის პერიოდის ასკეტურ საქმიანობას ბერი „ბრმას“ უწოდებს, რადგან ამ დროს მოღვაწე „ხედავს“, რომ ვნებები ხელს უშლიან საღმრთო ნათლის დანახვაში, რამეთუ სიამოვნებითი სურვილის, ამპარტავნებისა და რისხვის მიერაა დაბნელებული. ნელ-ნელა და ეტაპობრივად ღმერთის მადლი აჯილდოებს მოღვაწეს. ბერი წერს: „საქმეს *(პრაქტიკულ მოღვაწეობას) [საღმრთო] განათლება ენაცვლება – მეორე ეტაპი განმანათლებელი მადლია. მას მერე, რაც მოღვაწეობითი მადლის მიერ კარგად გაიწვრთნება, უამრავჯერ დაეცემა და ადგება, [პირველ მადლს] შემეცნების განათლება ენაცვლება, გამჭვირვალე გონება, რომელიც ჭეშმარიტებას ხედავს. საგნებს თავიანთ ბუნებრივ მდგომარეობაში ხედავს, ადამიანური ოსტატობის მეთოდებისა თუ მსჯელობების გარეშე. ყოველი საგანი ბუნებრივად თავის რეალურ ჭეშმარიტებაში იმყოფება, როგორც წინა წერილში მოგწერეთ. მაგრამ მანამ, სანამ ადამიანი აქამდე მოაღწევს, ჯერ სხვადასხვა ცდები, მტკივნეული [შინაგანი] ცვლილებები უნდა გამოიაროს. მაგრამ აქ პოულობს გულისსიტყვებისგან შვებას და განსაცდელებისგან ამოისუნთქავს“30.

„თავდაპირველად იყო საქმითი ღვაწლის მადლი, მაგრამ ახლა ათჯერ მეტი მადლი მიიღო. ახლა გონება ზეცად იქცა, შორს ხედავს, გაცილებით უფრო მეტი მოცულობა აქვს. ახლა ჭვრეტაღა აკლია. პოვა საყდარი, როგორც მეფემ, და ახლა სახილველი აკლია“31.

ხოლო რადგან ღმერთი მთლიანად სიყვარულია…

წმიდა სულმა დაიმკვიდრა ღირს იოსების სულში და ამგვარად გახდა გამოუთქმელი საიდუმლოების ზიარი. ადამიანის ენას არ ძალუძს აღწეროს ეს გამოუთქმელი ჭეშმარიტებები და საიდუმლო განცდები. მიუხედავად ამისა, ბერის განწმედილი სული ღმრთისმეტყველებს – ცდილობს გაგვახსენოს, რომ ადამიანი ღმერთის შექმნილია და ისიც, თუ რისთვისაა მოწოდებული. წერს: „იხილე, კაცო, ის დიდი პატივი, რომელიც ღმერთმა მოგანიჭა: ღმერთის სუნთქვა ხარ. როდესაც შენს ამ პატივს განიხილავ და იმას, თუ რამხელა სიყვარული აქვს ჩვენ მომართ, ფრთხილად იყავი, რომ გული არ ატკინო ესოდენ კეთილ ღმერთს, რომელმაც არაფრისგან არსებად შეგქმნა, და საკუთარი სუნთქვით საყვარელ შვილად დაგადგინა, მხოლოდ და მხოლოდ თავისი დიდი სიყვარულის გამო“32.

ერთ უწიგნურ ბერს გამოცხადებით ეუწყა, რომ ღმერთმა სამყარო თავისი დიდი სიყვარულის გამო შექმნა – ის, რაც უამრავმა ბრძენმა ვერ შეიმეცნა, არამედ წუთისოფლიდან იმ ადამიანური ფილოსოფიებისა და თეორიების რწმენით გავიდა, რომლებიც ყოფენ და ანაწევრებენ კაცობრიობას. წმიდა იოსები კი დაჯერებულად – ისე, როგორც ამას ქრისტესმიერად განიცდიდა – სიყვარულის ღმერთის მარადიულ მოწმობას გვაძლევს: „ხოლო რადგან ღმერთი მთლიანად სიყვარულია, რაც კი რამ შექმნა, მაღლაც და დაბლაც, თავისი დიდი სიყვარულით გააკეთა. ადამიანისგან არაფერი უთხოვია, გარდა სიყვარულისა. და რადგან მთლიანად სიყვარულია, როდესაც მოსეს დაწერილი რჯული *(კანონი) მისცა, პირველ და ყველაზე აღმატებულ მცნებად ღაღადებს: «შეიყვარო უფალი ღმერთი შენი მთელი შენი სულით, მთელი შენი გონებით, მთელი შენი ძალით»33, ანუ სულის მთელმა წადილმა და სურვილმა უნდა «გადასანსლოს» ღმერთი: შემეცნება, შეგრძნება, აზროვნება, ჭვრეტა, გამჭრიახობა და გონების ყველა მოძრაობა ყველაფერსა და ყველაფერში ღმერთს უნდა განიზრახვიდეს, ხოლო ადამიანმა, თიხამ [ღმერთს] მიაგოს «შენთა შენთაგან»34. მართლაც, დიდებული და საოცარი რამ არის!“35.

ბერი იოსები სიყვარულს არ განიცდიდა როგორც ადამიანურ გრძნობას, ემოციას, არამედ საღმრთო სიყვარულს, სულიწმიდისეულ სიყვარულს. ეს სიყვარული დიდად განსხვავდება ადამიანური სიყვარულისგან, როგორც შეგრძნებაც და როგორც შემეცნებაც და როგორც სიცოცხლის სისავსეც. ბერი წერდა: „ყველა სათნოებასა და საღმრთო ნიჭს თავისი შეგრძნება და მოქმედება აქვს, ხოლო საღმრთო სიყვარული – როდესაც ადამიანი [თავისი] შემყვარებლის სიყვარულს მიაღწევს — ყოველივე შეგრძნებას სცილდება და უკვე [მხოლოდ] საღმრთო სიყვარული მოქმედებს და [ღმერთის] ჭვრეტა სუფევს. მაშინ საღმრთო სიყვარულით მოცული ადამიანი ღაღადებს: «ჰოი, ჩემო იესუ, ტკბილო სიყვარულო, სანამ გიხილავდი, მიხილე. ჰოი, ჩემო სულის ნათელო, სანამ გაგიცნობდი, გამაცანი შენი თავი, ხოლო სანამ შეგიყვარებდი, შემიყვარე»36.

ღმრთისმეტეველებს „ანბანის ოდენმცოდნე“37, ისევე, როგორც ის მებადური და უფლის საყვარელი მოწაფე, რომელიც თავის წერილებში წერდა: „ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა… ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ“38.

„ფერს იცვლიდა“, ღმრთისმეტყველი და პოეტი ხდებოდა

წმიდა იოსები არამიწიერ რეალობას ჭვრეტდა, რაც მას ზებუნებრივ ადამიანად აქცევდა, „ფერს უცვლიდა“. იგი ლირიზმითა და შთაგონებით აღსავსე ღმრთისმეტყველი და პოეტი ხდებოდა. ამ ადამიანს მუდმივად ჰქონდა შთაგონება. ბერ იოსებზე განხორციელდა ღირს პორფირი კავსოკალიველის მიერ მოგვიანებით ნათქვამი სიტყვები: ქრისტიანი პოეტი უნდა იყოსო. ყველაფერს, რასაც ხედავდა, სახეს უცვლიდა ქრისტეში, ხდებოდა ღმრთისადმი მადლიერებისა და დიდებისმეტყველების საბაბი. გული მუდმივად ღია ჰქონდა უფლისათვის, მუდმივად „ერთ ტალღაზე“ იყო მასთან, ამიტომაც საღმრთო თრობასაც განიცდიდა. ბერ იოსებს მრავალი ლექსი აქვს დაწერილი, რომლებსაც თავის სულიერ შვილებს უგზავნიდა. რამდენი ლექსიც მოვიძიეთ, ამ გამოცემაში ვაქვეყნებთ.

„როდესაც საღმრთო ღრუბელი სიყვარულის ცეცხლის სვეტის სახით გადმოვა, მაშინ ისიც (ადამიანიც) მთლიანად ცეცხლი ხდება და, რადგან ვეღარ იტევს, სიყვარულის საღმრთო მოქმედება სიყვარულის წყაროს ადამიანის ბაგეთა მეშვეობით უღაღადებს: «ვის შეუძლია განმაშოროს იესოს ტკბილ სიყვარულს?!»39 შემდეგ კი, ნიავმა მოჰბერა და – სხეულში თუ სხეულის გარეთ, მხოლოდ ღმერთმა იცის40; კალივაში თუ გარეთ, ჰაერში, ღმერთმა უწყის – მხოლოდ ის იცის იმან, ვინც ეს იხილა, რომ ცეცხლი გახდა ცეცხლთან ერთად, სიყვარულის ცრემლებს ღვრის და გაკვირვებული და გაოცებული დაღადებს: «დააცხრე, ტკბილო სიყვარულო, შენი მადლის ტალღები, რამეთუ სხეულის ნაწილები დამეშალა!» როდესაც ამას ამბობს, ხოლო [წმიდა] სულის ქარი უბერავს და საოცარი და გამოუთქმელი კეთილსურნელება მოაქვს, ყველა საგრძნობელი ცხრება, რადგან ვერანაირი ხორციელი მოქმედება ვეღარ იძრვის. და მთლიანად დატყვევებული, დუმილს სჯერდება და მხოლოდ ტკბება ღმერთის დიდების სიმდიდრით, მანამ, სანამ ეს [საღმრთო] ღრუბელი41 არ ჩაივლის.

გონს კარგავს, როგორც ღვინით თრობილი,

აღარც არაფრის თქმა სურს მის ენას,

არც სურვილი აქვს, სულს, გონებას, გულს, –

მხოლოდ: «იესო, ტკბილო იესო,

მამავ, ცხოვრებავ, თაფლზე უტკბესო»!42

„სადაც არ უნდა მივმართო მზერა,

აღავსებ ქრისტე, თითოს და ყველას,

წირვაზე მოვალ, გეზიარები,

ქოხშიც შენ გპოვებ, როცა ვბრუნდები.

განიტეხები და განაყოფი,

ქრისტიანთაგან შენ მიირთმევი43,

მამასთან ერთად წმინდასა შინა,

და სამყაროშიც შენ იმყოფები“44.

შენიშვნები

  1. იგულისხმება ბერძნულენოვანი ეკლესიების ტრადიციული, იულიანური კალენდრიდან ე.წ. „გასწორებულ იულიანურზე“, ანუ „ახალ სტილზე“გადასვლა. ↩
  2. იხ. წერილი 22, გვ. 123. ↩
  3. მათე კარჰათაკისი (1861-1950) – ზილოტების უკიდურესი დაჯგუფების მეთაური. ↩
  4. წმიდანს თავის ქება კი არ სურს, არამედ ამბობს, რომ სინდისი არაფერში ამხელდა. შეად. 1 კორ. 4,4 – ძველქართული „არარაი თავსა ჩემსა შემიცნობიეს“ ნიშნავს „სინდისი არაფერში მამხელს (ბერძ. οὐδὲν ἐμαυτῷ σύνοιδα), აგრეთვე, იობ. 27,6: არა შემიცნობიეს თავსა ჩემსა უსჯულოებაი საქმედ“. ↩
  5. იხ. წერილი 22, გვ. 123. ↩
  6. იხ. წერილი 22, გვ. 123. ↩
  7. იხ. წერილი 22, გვ. 123 – 124. ↩
  8. ფანარი – სტამბოლის რაიონი, რომელშიც კონსტანტინეპოლის საპატრიარქო მდებარეობს ↩
  9. იხ. წერილი 88, გვ. 352. ↩
  10. შეად. მათ. 25, 14 – 30. ↩
  11. იხ. წერილი 38, გვ. 171 – 172. ↩
  12. იხ. წერილი 38, გვ. 172. ↩
  13. იხ. წერილი 78, გვ. 326. ↩
  14. იხ. წერილი 61, გვ. 268 – 269. ↩
  15. იხ. დან. 7, 9 და 13. ↩
  16. იხ. 1 პეტ. 1, 12. ↩
  17. აქაც და უმეტეს შემთხვევაშიც ბერი იოსები ღმრთისმშობელს იხსენებს სახელით „ყოვლადწმიდა“ (ბერძ. larvaryia). ბერძნები ყველაზე ხშირად ასე მოიხსენებენ ღმრთისმშობელს, წერის დროს კი დიდი ასოთი წერენ (გაარსებითებული ზედსართავი სახელია). ↩
  18. იხ. წერილი 38, გვ. 172 – 174. ↩
  19. იხ. წერილი 41, გვ. 186. ↩
  20. იხ. წერილი 41, გვ. 186. ↩
  21. „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა“. ↩
  22. ბერძ. οὐσία ↩
  23. ბერძ.ἐνέργεια ↩
  24. 1 იოან. 1,5-7: “და ესე არს აღთქუმად იგი, რომელი გუესმა მისგან და გითხრობთ თქუენ, რამეთუ ღმერთი ნათელ არს და ბნელი არა არს მის თანა არცა ერთ. უკუეთუ ვთქუათ, ვითარმედ ზიარება გუაქვს მის თანა და ჩუენ ბნელსა შინა ვიდოდით, ეტყუით და არა ვიქმთ ჭეშმარიტებასა. ხოლო უკუეთუ ნათელსა შინა ვიდოდით, ვითარცა იგი ნათელსა შინა არს, ზიარება გუაქუს ურთიერთას“. ↩
  25. იხ. შობის ტროპარი: „შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა". ↩
  26. იოან 17, 11. ↩
  27. შეად. იოან. 17,14-26 ↩
  28. იხ. წერილი 38, გვ. 170-171 ↩
  29. იხ. წერილი 57, გვ. 248 ↩
  30. იხ. წერილი 38, გვ. 171 ↩
  31. იხ. წერილი 40, გვ. 184 ↩
  32. იხ. წერილი 111, გვ. 399-400 ↩
  33. იხ. რჯლ. 6,5; მარკ. 12,30; ლუკ. 10,27. ↩
  34. ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის წირვების ამ მთავარი ასამაღლებლის მოტივი ძველი აღთქმიდანაა აღებული: „შენი არს ყოველი და შენგანივე მიგეცით შენ“ (1 ნეშტ.29,14) ↩
  35. იხ. წერილი 111, გვ.400 ↩
  36. იხ. წერილი 111, გვ. 400 ↩
  37. იხ. წერილი 29, გვ. 140 ↩
  38. იოან, 4,10 და 13. ↩
  39. იხ. რომ. 8,35. ↩
  40. შეად. 2 კორ. 12,2-3 ↩
  41. სიტყვასუტყვით არის :,,[ბნელი] ნისლი“ (ბერძ.) შეად. გამ, 20,21 და სხვ. ↩
  42. იხ. წერილი 141, გვ.499-500; ლექსი 8, გვ. 537. ↩
  43. ამ წინადადების საფუძვლად აღებულია წირვაზე მღვდლის მიერ წმიდა ტარიგის დანაწილებისას სათქმელი: „განიტეხების და განიყოფის ტარიგი ღმრთისა, განტეხილი და არა განყოფადი. ყოვლადვე საჭამადი და არა განლევადი, არამედ მზიარებელთა წმიდა მყოფელი“. ↩
  44. იხ. ლექსი 6, გვ.529 ↩
Share