როგორც უკვე ვახსენეთ, უფროსი და ერგინა მამა იოსების აღმზრდელიც იყო. მამის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ უმცროსი და-ძმის აღზრდა-მოვლის საქმე სწორედ მან იტვირთა. მთელი ცხოვრება, მცირე ასაკიდან დაწყებული, ერგინამ წვალება-გასაჭირში გაატარა. ბერს მასთან და მის შვილებთან ყველაზე მეტი სულიერი ურთიერთობა ჰქონდა, რადგან ერგინა მაღალი სულიერი ცხოვრების ძიებით გამოირჩეოდა და-ძმებში. სამწუხაროდ, მის ქმარს – მილტიადეს († 1945) რთული ხასიათი ჰქონდა, სულიერებისა არა თუ არ ესმოდა, არც სურდა გაეგო. ერგინასთვის ეს უმძიმესი ჯვარი იყო.
როდესაც ერგინამ წმიდა იოსებს სთხოვა, სხვა და-ძმისთვისაც მიეწერა (რომ დანარჩენ სანათესაოსაც მიეღო სარგებელი მისი სულიერებით), ბერმა ჩვეული გულწრფელობით მიუგო, რომ წერილებს მხოლოდ სულიერი მიზეზების გამო წერდა, ნათესავების მიმართაც კი, ხოლო თუ ამგვარი მიზეზი არ არსებობდა, მონაზვნურ მწირობას1 არ ღალატობდა, ანუ, არ მისწერდა მხოლოდ ნათესაობის გამო. ერთ-ერთ ეპისტოლეში ასე უპასუხა ერგინას: „მწერ, ძმებს წერილი გაუგზავნეო. კი მაგრამ, თუ მასალა არ მექნება, როგორ ვიმუშაო? ჯერ კაცს სწავლა უნდა უნდოდეს, რომ მეც ვუთხრა რამე. თუ არა და, მივედ-მოვედებით ტყუილად და ხეირი არ იქნება. ლეონარდოს უნდა, რომ მიმოწერა გვქონდეს, მაგრამ არ მეკითხება სულის, თავისი ცოდვების, თავისი შეცდომების შესახებ – როგორ გამოასწოროს, როგორ მოიქცეს, არამედ მხოლოდ: «რას შვრები?» და «როგორ ხარ?». დანარჩენები ამასაც არ კითხულობენ. უფალი ხომ არ ამბობს, ილაპარაკე, როცა არ გეკითხებიანო, არამედ – მთხოვნელს მიეციო2.
ბერის მცდელობაში, ამ სულებს დახმარებოდა, რათა მასთან ერთად ჯერ თაბორის მთაზე, შემდეგ კი გოლგოთასა და აღდგომაზე ასულიყვნენ, კარგად ჩანს ადამიანის დაცემის, უძლური და დაცემული ადამიანური ბუნების მთელი დრამა. ამ დრამამ, შეიძლება ითქვას, იმაზე ნაკლებად არ დაღალა, ვიდრე მისმა ზეადამიანურმა ასკეტურმა მოღვაწეობამ, რომლის მეშვეობითაც საღმრთო მადლის ნიჭები შეიძინა. როდესაც სხვების ცხონებისთვის ირჯებოდა, რადგან ამ უკანასკნელთ არ შეეძლოთ თავიანთი სულიერი მოვალეობების შესრულება, უზომოდ იღლებოდა. წერდა: „ვიტანჯები, რადგან ცხრა სულის გამო ვღელავ, რომლებიც გზას მიღობავენ. პასუხს ვაგებ და ამიტომაც გული მტკივა“3.
აგრეთვე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ერგინას სურდა, მის შვილებს ღმერთისთვის მიეძღვნათ თავი (ჯერ კიდევ როდესაც პატარები იყვნენ) და ძმას სთხოვდა, ყრმა დიონისე ათონზე წაეყვანა. წმიდა იოსებს, თუმცა ჰქონდა იგივე სურვილი და ერგინასაც ურჩევდა გაფრთხილებოდა ამ მიზანს, სწერდა: „სხვაგვარად, თუ არ გამიგონებ, არ შევწყვეტ შენზე ტირილსა და ვაებას, რადგან, ნუთუ არ იცი, რომ, რაც მეტ დროს წელავ, დიონისეს ცოლის მოყვანა უნდება?“4. ბერს სურდა, ზეგარდამო უწყება, რამე ნიშანი მიეღო ღმრთისგან ამის შესახებ. „დაოჯახების თემას რაც შეეხება, მას მერე, რაც მომწერე, საკითხი, როგორც გწერდი, ღმერთს მივანდე, რათა გონება განგვინათლოს იმის გასაგებად, თუ რა არის მისი ნება, რა არის მისთვის სათნო. რადგან ბევრი რამ გვეჩვენება თავდაპირველად კარგად, მაგრამ ღმერთისთვის სათნო არ არის. ერთი სიტყვით, ამ წუთამდე არანაირი უწყება არ მაქვს, ამიტომაც ვერაფერს ვიტყვი, იქნებ არ არის უფლის ნება და მონაზვნობისთვის ჰყავხარ განკუთვნილი. მე, ნებისმიერ ჩემს საქმეში, თუ უწყებას არ ვიღებ, არაფერს ვწყვეტ. მაშასადამე, ახლაც ვილოცებ, მაგრამ არ ჩავერევი, თუ უფალი თავის ნებას არ მაუწყებს‘’5.
უფალმაც დიდხანს არ ალოდინა და უპასუხა. დიონისეს ქალიშვილმა, ერგინამ6, რომელსაც ბებიის სახელი დაარქვეს, ერთ-ერთი შეხვედრის დროს გვიამბო: „მამაჩემი დიონისე თეოლოგი იყო, დაიბადა პირეაში. დედის, ბებია ერგინას მეშვეობით ბავშვობიდანვე გაიცნო ბაბუა იოსები, ანუ საკუთარი ბიძა. დედაჩემი კი ქალაქ კალამატაში დაიბადა და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია კოტისების7 ოჯახთან. მაგრამ ბაბუა იოსებმა ერთხელ დედაჩემი „იხილა“. ანუ ღმერთისგან ეუწყა მის შესახებ. როდესაც მამამ დედა საცოლედ გამოარჩია, ბაბუა იოსებმა სარძლოს ფოტოგრაფია ითხოვა, რის შემდეგაც თქვა: «ეს გოგონა უნდა მოიყვანო, მეც ვნახე, რომ იგი შენი მეუღლე გახდებოდა». მშობლებისგან გავიგე ეს ამბავი. დედაჩემი მას წმიდანად მიიჩნევდა“.
დიონისე გამოჩენილი ღმრთისმეტყველი და მქადაგებელი8 გახდა, ხოლო მისმა დამ, ერგინას ქალიშვილმა ბარბარემ მონაზვნობა აირჩია. დიდი ბერისთვის ძალიან სიმძიმილიანი აღმოჩნდა იმ ნათესავების სულიერად გამტკიცების საქმე, რომელთაც მონაზვნობისადმი ინტერესი გამოიჩინეს. ერთ ეპისტოლეში წერს: „აჰ, ჩემო დაიკო, უთვალავ ცრემლს ვღვრი. ახლაც კი ვერ ვჩერდები, რათა წერა განვაგრძო, ქაღალდიც კი, რომელზედაც გწერ, დავალტე [ცრემლებით]9“.
ნათესავებისთვის, რომლებმაც სულიერი ცხოვრება აირჩიეს, ბერი ისე ზრუნავდა და ლოცულობდა, როგორც თავის უშუალო სულიერ შვილებზე. მისი პირადი ღვაწლის მეშვეობით ყველა მათგანმა უდიდესი დახმარება მიიღო სულის ცხონების საქმეში.
წმიდა იოსები დიდი სიზუსტით იცავდა მონაზვნური ცხოვრების კანონებს. არ ესმოდა იმ შეღავათების აზრი, რომელთაც სრული სულიერი წარმატებისკენ არ მიჰყავს კაცი. წერდა: „ამიტომაც, თუ ვინმეს სურს, მონაზონი გახდეს, დიდი თავგანწირვა უნდა ჰქონდეს და თავის თავს უნდა უთხრას, რომ მეტს აღარ იცხოვრებს ამქვეყნად, არამედ ჯვარს უნდა აცვას საკუთარი თავი და ყველა განსაცდელი მოითმინოს: შიმშილი, წყურვილი, სიშიშვლე, ჩაგვრა, შეურაცხყოფა და ყველა სხვა გასაჭირი თუ მწუხარება. ხოლო თუ ასე კი არ განეწყობა, არამედ დასასვენებლად ემზადება, სჯობს არ მოვიდეს და ერში იცხოვროს კარგ ქრისტიანად, გინდ ქალი იყოს, გინდ კაცი10“.
ამგვარი სულიერი ღვაწლის დროს ბერის დიდი გულისტკივილი მის წერილებში იგრძნობა. მისი და ერგინა, რომელსაც თავისი ქალიშვილის – ბარბარეს მონაზვნობის დიდი სურვილი ჰქონდა, იძლია დედობრივი სიყვარულის მიერ – როდესაც გოგონას აღკვეცის დრო დადგა, არ ინდომა მონაზვნური ცხოვრების კანონების მორჩილება და შვილის მონასტერში დატოვება, არამედ მოისურვა სახლში ეცხოვრა მონაზვნად. ერგინამ ემოციები ლოცვითა და თავგანწირვით ვერ დაძლია, რამაც ძალიან დაამწუხრა ბერი. როდესაც პროტესტის ნიშნად ერგინა აღკვეცაზე არ წავიდა, წმიდა იოსები სწერდა: „ბარბარე ქორწინდებოდა, შენ კი – როგორ მოითმინე, როგორ გაუძლო შენმა სულმა, როგორ შეძელი შინ დარჩენილიყავი და მისი სიხარული არ გაგეზიარებინა?! ვტირი, აჰ, ვტირი უნუგეშოდ. როგორ სხვანაირად ხედავ შენ და როგორ სხვანაირად – მე! როგორ ფიქრობ შენ და როგორ — მე! ცხოვრების რომელი სხვა წუთი იქნება ამაზე ამაღლებული, ამაზე გულის ამაჩუყებელი, როდესაც შენი პატარა საყვარელი ბარბარე გშორდება, რათა ქრისტეს რძალი გახდეს?! რომელ სულს შეუძლია ცრემლები შეიკავოს ამ საღმრთო განშორების დროს, როდესაც ყველა საკითხავი და საგალობელი იმას ღაღადებს, რომ უნდა განვეშოროთ მშობლებსა და ნათესავებს და შევერწყათ ჩვენს სიძეს, ჩვენს უტკბილეს იესოს?! […] აჰ, ჩემო დაიკო, ნამდვილად შესცოდე. დიონისესთან ერთად უნდა წასულიყავი და ბარბარეს საიდუმლოს11 უნდა დასწრებოდი, რომელიც უკვე ქრისტეს რძალი გახდა და ბრიენა ეწოდა, და აღარ არის შენი, არამედ ანგელოზთა სიაში ჩაეწერა12“.
ბარბარე გახდა მონაზონი ბრიენა 1947 წელს ატიკის13 თრაკიელ-მაკედონელთა მიძინების მონასტერში. ბერ იოსებს აქაც სირთულეები ელოდა. ბრიენას არ ჰქონდა იმის ძალა, რომ სრული მორჩილება გაეწია წინამძღვრისთვის და ამგვარად მაღალი სულიერი ნიჭები ეგემა. წმიდა იოსები ბრიენაზე სულიერი მოძღვრის, ბერ პართენის მიერ დადებული ეპიტიმიებისა14 და გამოსასწორებელი შრომის ნაწილს იტვირთავდა. დიდი ბერი თავისი გამოქვაბულებიდან წერდა: „მაინც მოძღვარია მართალი. ორჯერ დაგიძახა, შენ კი ეურჩე?! დიდი შეცდომაა! მაგრამ სასოს არ წარვიკვეთთ. შენთან ერთად მეც შევინანებ: 40 დღის განმავლობაში 25 დრამი15 პურით ვიმარხულებ, შენ კი 25 მეტანიით მეტს გააკეთებ, რათა ღმერთმა შეგინდოს. მოძღვარსაც ვთხოვოთ, რომ გვაპატიოს და იმედი მაქვს, რომ ღმერთი სწორ გადაწყვეტილებას აუწყებს მის გულს. მაგრამ შენდობის ღირსებიც თუ ვერ გავხდით, მაინც გულს ნუ გაიტეხ, ოღონდ შენ ურჩობა აღარ ჩაიდინო"16.
მისი სულიერი სიყვარული დისშვილის მონასტრის მთელ კრებულს სწვდებოდა: „მე კი, რადგან თქვენი სავანის ძმასავით გავხდი, ვალდებული ვარ ყველა თქვენგანისთვის ვიმარხულო, როდესაც თქვენ ურჩობთ ან ეპიტიმიას იღებთ. ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ არ იურჩოთ ხოლმე. ბოლოს და ბოლოს, მე მაინც შეგეცოდოთ, რომ თქვენი გულისთვის, თქვენი შეცდომების შენდობისათვის უნდა ვიმარხულო. მაშასადამე, გამხნევდით! მეც თქვენთან ერთად ვიქნები, თქვენთან ერთად ვივნებ და დავიტანჯები თქვენს მწუხარებებში, ხოლო სიხარულში თქვენთან ერთად გავიხარებ“17.
საბოლოოდ, ერგინა ბერის ლოცვებით მონაზვნად გარდაიცვალა 1952 წელს, ბრიენა კი, სხვადასხვა განსაცდელის შემდეგ, 1954 წელს თავისი მონასტრიდან წავიდა და ატიკის დაბა სტამატაში ღმრთისმშობლის ხატის „მირტიდიოტისას“ სახელობის მონასტერი დააარსა.
როგორც წმიდა იოსების წერილებიდან ჩანს, იგი ლოგინად ჩავარდა ღრმა გულისმიერი, გეთსიმანიური ლოცვების, სიკვდილამდე უკომპრომისო ღვაწლისა და მარხვების შედეგად, რომელთაც ღმერთს თავისი სულიერი შვილებისთვის შესწირავდა. იმისათვის, რომ ამგვარი ლოცვების ძალაში თვითონაც დარწმუნებულიყო, ნუგეშცემულიყო და სულიერი მოღვაწეობა განეგრძო, ერთ-ერთ წერილში ბერი ახსენებს, რომ თავისი სოფლის ღმრთისმოშიში მღვდელი, მამა გიორგი ასპროპულოსი გამოეცხადა და უთხრა, თუ რა დიდ სარგებელს იღებენ სულები, მიცვალებულებიც კი, ასკეტი ბურების ლოცვების წყალობით. ბერი წერს: „ერთხელ ის მღვდელი ვნახე, რომელმაც სამშობლოში ჩვენ ყველანი მოგვნათლა. წმიდა კაცი იყო – ქალწულებით ცხოვრობდა. ბევრ მოწყალებას გასცემდა. სიზმარში მეუბნება: „დედამიწაზე ცხოვრებისას მეგონა, რომ მხოლოდ წირვებს ამოჰყავთ სულები ჯოჯოხეთიდან, მაგრამ ახლა, სიკვდილის შემდეგ, საქმით დავრწმუნდი, რომ თქვენს ლოცვებსაც ამოჰყავთ წარწყმედილი სულები»“18.
მაგრამ რა სახის ლოცვას გულისხმობდა ის წმიდა მღვდელი – მამა გიორგი? ის, თუ რა სიმძაფრე და რა ტკივილი ახლდა ამ გულისმიერ ლოცვას, მხოლოდ წმიდა იოსებმა და იმგვარმა მცირერიცხოვანმა მოღვაწეებმა უწყიან, როგორიც წმიდა სილუანე ათონელი იყო, რომელიც ამბობდა: „ადამიანებისთვის ლოცვა ნიშნავს მათთვის სისხლის დათხევას“. ეს ლოცვა ეზიარება ადამის მთელ მოწამეობრივ ტკივილს, მთელი ადამიანური ბუნების სულიერი და ხორციელი სიკვდილის საიდუმლოს, რომელიც ცოდვამ გამოიწვია. ამ მოწამეობრივი ტკივილის დროს მლოცველს თვით სული წმიდა მოუწოდებს განიცადოს – რამდენადაც ეს ადამიანს შეუძლია – თვით განკაცებული ღმერთი სიტყვის წმიდა ვნებები. ამიტომაც ქრისტემ „ივნო ჩუენთვს და ჩუენ დაგვიტევა ხელით-წერილი *(აქ:მაგალითი), რაითა შეუდგეთ კუალთა მისთა“19, როგორც პეტრე მოციქული ბრძანებს.
მაგრამ ის, რამაც ბერი იოსები უზომოდ დაღალა, სხვა გასაჭირის გარდა, იყო მისი ძმის, მონაზონ ათანასეს ცხოვრების წესით გამოწვეული სირთულეები. აი, რას წერდა:
„თანასის20 ისეთი ხასიათი აქვს, რკინაზე უხეშია. მონაზონი გახდა. ერთ წელიწადში მადლი განეშორა, [ანუ] მოუწია ასპარეზზე მალევე გასულიყო. იმწუთას ხელი აიღო მორჩილებაზე, მოთმინებასა და ბრძოლაზე. ვერ იბრძოლა, რომ გამარჯვებული გამოსულიყო, არამედ იარაღი დაყარა და იმის ვაება დაიწყო, თუ რატომ გახდა მონაზონი. ვეძახდი, ვუღაღადებდი, ის კი მეუბნებოდა, მიედ-მოედებიო. ურჩობა ურჩობაზე – ისეთ მდგომარეობას მიაღწია, რომ ეშმაკი ტანსაცმელივით შეიმოსა. სავსებით წაართვა ლოგიკური მსჯელობის უნარი, დაეუფლა გულს, გონებას, აზროვნებას – თავიდან ბოლომდე ეშმაკი დაეუფლა. მისი გონება კეთილ გულისსიტყვას ვეღარ შობს“21.
ბერი წერილობითაც გამოხატავდა თავის უდიდეს ტკივილს: „ოჰ, ოჰ! როგორ მტკივა, როგორ ვღაღადებ, რაოდენ მოწყლულია ჩემი სული! დავეცი, მუხლი მომეკვეთა ტკივილით. მტკივა, უნუგეშოდ ვგოდებ თანასის გამო, შენ გამო, შენი ყოფილი, ხორციელი დედის გამო და სხვების გამოც. ცოტას ვილოცებ, ვიტირებ თუ არა, მძიმე სნეულებაში ვვარდები, თქვენი აღდგომა კი თანა-აღადგენს ჩემს სულსაც“22.
სხვაგან თავის დამღლელ, მაგრამ ცეცხლოვან ლოცვებსაც ახსენებს: „ამიტომაც მოგწერეთ, ლოცვებით უდგას-მეთქი სული. ღმერთიც არ დაუშვებს, რომ რამე უბედურება შეემთხვას. ასე მაუწყებს [ღმერთი]. რატომ? რომ იცოდეთ, რა ლოცვები აღევლინება მისთვის. ცეცხლს აფრქვევს“23.
ამ დამღლელი ლოცვების შედეგად, რომელთაც სიყვარულითა და გულისტკივილით შესწირავდა ღმერთს, ზეგარდამო უწყება მიიღო, რომ, თუმცა ათანასეს არ ჰქონდა გამოქვაბულებში მკაცრი ღვაწლის ძალა, მაინც ცხონდებოდა. წერდა: „ყველა იმ განსაცდელზე. რომელიც ცხოვრებაში გამოვცადე, თანასის განსაცდელი ათასჯერ უფრო დიდია. ცხოვრების ნახევარი წამართვა. მტკიცედ მწამს ოღონდ, რომ ცუდი არაფერი შეემთხვევა. მაგრამ როდესაც მთელი ღამე მისთვის ვლოცულობ, დღისით დასვენება მჭირდება, რადგან მთელ ჩემს გონებისმიერ ძალებს ვხარჯავ. თანაც, ერთადერთხელ მაინც რომ გაეგონა ჩემი და მოთმინებისთვის მოეხმო, სრულიად გამოჯანმრთელდებოდა“24.
მართლაც, წმიდა იოსებმა გარდაცვალების შემდეგ კადნიერება პოვა ღმერთის წინაშე და მისი ლოცვით მამა ათანასე გონს მოვიდა, ახსენდებოდა ბერის მიერ გაწეული შრომა და ის, თუ როგორ სტკენდა გულს. ამ ყველაფერმა მას ღრმა სინანული და საკუთარი უძლურების შეგრძნება მიჰმადლა, ხოლო ამ ქვეყნიდან საიქიოდ ცხონების უეჭველი იმედით გავიდა.
ბერი იოსები ასე მხურვალედ არა მხოლოდ ათანასეს, არამედ მთელი საძმოსთვის ლოცულობდა. ჩვენმა მოძღვარმა, ბერმა იოსებ ვატოპედელმა შემდეგი რამ გვიამბო: „ერთხელ ერთად ვისხედით ტრაპეზზე, ბერი ჩვეულებისამებრ ლოცვით მიირთმევდა. რაღაც მომენტში თითქოს სულიერად აღეტაცა, ჭამა შეწყვიტა და როდესაც ჩვეულ მდგომარეობის დაუბრუნდა, გვითხრა: „ჩემი საძმოდან არავინ წარწყმდება“.
ბერის სულიერი ნიჭები და დედათა მონაზვნობა.
წმიდა ბასილის სკიტში ბერმა 1930 წლის შემდეგ არაერთი ძმა მიიღო, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ უკანასკნელთ არ ჰქონდათ ის თავგანწირვა, რასაც იქაური ასკეტური ცხოვრება ითხოვს. თვითონ ბერი იოსები იმხანად შეუვალი იყო მკაცრი განრიგის დაცვაში. იგი მიიჩნევდა, რომ, თუკი მას ძალუძს მარხვის, ღამისთევისა და დუმილის იმ პროგრამის დაცვა, რომელიც დააწესა, დანარჩენებსაც უნდა შეეძლოთ იგივე. მაგრამ მამა არსენის გარდა ვერავინ ბაძავდა მას, საკუთარი უძლურების გამო კი აიძულებდნენ უფრო მსუბუქ განრიგზე გადასვლას. მაგრამ ბერისთვის ეს წარმოუდგენელი იყო და ამიტომ ძალიან განიცდიდა, უკან ვერ დაიხევდა, ასკეტური პროგრამის შემსუბუქებას ღალატის ტოლფასად მიიჩნევდა. ამასთან ერთად, ღმერთის მადლიც, შესაბამისი მოხილვებით, გამოხატავდა თავის სათნოყოფას მისი დიდი და დამღლელი ღვაწლის გამო. წმიდა იოსების მოწაფის, ბერ ეფრემ არიზონელის თქმით, წმიდა ბასილის სკიტში მოძღვარი ძალიან მკაცრი იყო. წმიდა ანას მცირე სკიტში – ზომიერად მკაცრი, ხოლო ნეა სკიტში – კიდევ უფრო ნაკლებად მკაცრი. ანუ მხოლოდ სიცოცხლის უკანასკნელ წლებში უწევდა ანგარიშსა და შეღავათებს ახალგაზრდა ძმების უძლურებას, თუმცა, უნდა ითქვას, რომ წმიდა იოსები თავის მორჩილთა სულიერი აღზრდისას ყოველთვის ახერხებდა სიმკაცრისა და სიყვარულის შეთავსებას.
როგორც ითქვა, წმიდა ბასილის სკიტში ღირს მამას დაემოწაფა მღვდელმონაზონი ეფრემ კატუნაკელი. მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელს ფორმალურ მოძღვრად სხვა მონაზონი ჰყავდა – მამა ნიკიფორე, ასკეტური ცხოვრების მთელი პრაქტიკულიცა და თეორიული მხარეც სწორედ წმიდა იოსებისგან ისწავლა, რისი წყალობითაც ძალიან მალე მიიღო სული წმიდის მადლის უხვი ნიჭები.
იმდროინდელ მოწაფეთაგან ერთ-ერთი იყო მამა ეფრემ კარაიანისი, ღმრთისმოშიში და მხნე მოღვაწე, რომელიც, სამწუხაროდ, ავად გახდა და ყველა ურჩევდა ათონის გარეთ გასულიყო სამკურნალოდ. მაგრამ წმიდა იოსებს უფლისგან ეუწყა, რომ, თუ გავიდოდა, აღარ დაბრუნდებოდა, ამიტომაც ლოცვა-კურთხევას არ აძლევდა. საბოლოოდ, მამა ეფრემი გავიდა ათონის გარეთ და მართლაც, დასარჩენად ვეღარასდროს შეძლო დაბრუნება. მიუხედავად ამის, მას ძალიან უყვარდა ბერი იოსები და ბერსაც უყვარდა იგი. მამა ეფრემი სულიერი მოძღვარი გახდა და ჯერ ქალაქ ვოლოსში, შემდეგ კი ამერიკაში ემსახურა ეკლესიას, ცდილობდა ყველგან წმიდა იოსების სული და პრინციპები გადაეტანა. სწორედ მისი დამსახურებით გახდა მონაზონი პატარა იოანე. შემდგომში ბერი ეფრემი – ფილოთეუს მონასტრის წინამძღვარი და ამერიკაში მონაზვნობის ახალი დამაარსებელი.
წმიდა იოსების სხვა სულიერ შვილებს შორის გამოვარჩევდით ახალგაზრდა მარიამს, შემდგომში იღუმენია მაკრინეს, რომელიც, სხვა გოგონებთან ერთად ოცნებობდა ქ. ვოლოსში მონასტერი დაეარსებინათ. მას შემდეგ, რაც მამა ეფრემ კარაიანისი, ამერიკაში გაემგზავრა, სხვა მოძღვრებით კმაყოფილები არ იყვნენ და ამიტომ ბერ იოსებ ისიქასტს თხოვნით მისწერეს, მათი სულიერი წინამძღოლობა ეტვირთა. ბერმა უპასუხა. „თუ მორჩილებას გამიწევთ, ავიღებ თქვენზე პასუხისმგებლობას, თუ არ გამიგონებთ, მიგატოვებთ". გოგონებმა მისწერეს, რომ გაუგონებდნენ, ბერმა ილოცა და გამოცხადებით მარიამი იხილა მრავალ კრავთან ერთად. მაშინ უთხრა, მარიამი წინამძღვრად გამოერჩიათ და მისთვის გაეგონათ, არ შეპასუხებოდნენ. ყველაფერი ასეც მოხდა.
წმიდა იოსები, ღმერთის მადლითა და ვაჟკაცური მოღვაწეობით, სათნოებების ყველა საფეხურზე ავიდა. მიუწვდომელმა ნათელმა დაიმკვიდრა მის სულში, წმიდა სულმა მისცა წინასწარხედვისა და წინასწარმეტველების ნიჭი, რათა სარგებელი მოეტანა თავისი სულიერი შვილებისა და ზოგადად, ეკლესიისთვის.
მონაზონ დედებს წერილებით უწევდა სულიერ წინამძღოლობას. ისეთი მორჩილება ჰქონდათ ბერისა, რომ, თუმც არასდროს უნახავს ისინი, განჭვრეტის ნიჭის მეშვეობით, დეტალურად იცოდა, რა სჭირდებოდათ. ერთხელ წინამძღვარი მაკრინე მძიმედ დასნეულდა. მიუხედავად იმისა, რომ ბერისთვის არ უთქვამთ, მას ღმერთისგან ეუწყა და მისწერა, მომავალში არ დაემალათ ხოლმე, რათა სნეულთათვის განსაკუთრებულად ელოცა. სამწუხაროდ, ეს წერილები არ შემორჩა. დედა მაკრინეს მონაზვნური კრებული თავდაპირველად, 1954 წელს, დაბინავდა სოფელ სტაგიატესში, ქალაქ ვოლოსთან ახლოს – ეს ადგილიც წმიდანს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა. ბერის გარდაცვალების შემდეგ, 1959 წელს, დების სულიერი მოძღვარი გახდა მამა ეფრეში, შემდგომში არიზონელი. ეს მსახურება მამა ეფრემს დიდმა ბერმა ჯერ კიდევ მიწიერ ცხოვრებაში ჩააბარა. 1962 წელს დები იქვე ახლოს, პორტარიად წოდებულ დასახლებულ პუნქტში გადავიდნენ, სადაც ღმრთისმშობლის „ოდიგიტრიის“ მონასტერი აშენდა. სწორედ ეს მონასტერი, დიდი ბერის ლოცვითა და მეოხებით, გახდა ძირი, რომლისგანაც სხვა მრავალი დედათა მონასტერი აღდგა ან დაარსდა საბერძნეთში და საზღვარგარეთ. მაგალითად, 1974 წელს დაარსდა ფილოთეუს მონასტრის მთავარანგელოზის სახელობის მეტოქი კუნძულ თასოსზე, 1986 წელს – ნათლისმცემლის სავანე ქ. სერეში. 1989 წელს — ღმრთისმშობლის მონასტერი საქსონბურგში (პენსილვანიის შტატი, აშშ). 1995 წელს — ნათლისმცემლის ორი სავანე: გოლდენ-დეილში (ვაშინგტონის შტატი) და საბერძნეთის ქალაქ ნაუსაში, ხოლო 1996 წელს — ღმრთისმშობლის ხატის, „ტკბილი ამბორის“ მონასტერი, რაფსანიში (ქ. ლარისასთან ახლოს). თავის მხრივ, თასოსისა და სერეს მონასტრების დებმა ახალი სავანეები დააარსეს აშშ-სა და კანადაში. როგორც ითქვა, წმიდა იოსები ასევე დაუახლოვდა თრაკიელ-მაკედონელთა მიძინების მონასტერს ატიკაში, რომელშიც 1945 წელს მისი დისწული ბარბარე (ბრიენა) მივიდა. ამ სავანის წინამძღვარი ეფთიმია და მოძღვარი პართენი სულიერი ადამიანები იყვნენ. მათ შესახებ დიდი ბერი თავისი დის მიმართ წერილში წერს: „მითხარი, ჩემო კეთილო და საყვარელო ერგინა, რატომ არის, რომ მე, პირიქით, ასე მიყვარს ისინი და რატომაა ჩემი სული მათზე გამოკიდებული? იმიტომ, რომ სხვანაირი [შენგან განსხვავებული] უწყება მაქვს და წმიდანებად მიმაჩნია ისინი. არ გიფიქრია იმაზე, ჩემო დაიკო, რომ სწორედ ესაა ის, რაზეც ამდენი წელი ოცნებობდი?"25
როდესაც წინამძღვარმა ეფთიმიამ გაიგო, რომ ბერ იოსებს ცილს სწამებდნენ, პირდაპირ მას მიმართა 1950 წელს. წმიდანმა პასუხად სიმშვიდისა და მაყვედრებელთა სიყვარულისკენ მოუწოდა. წერდა: „იმის გამო, რომ მდუმარების გულისთვის გამოვიკეტეთ – რამეთუ თავიდანვე ეს ვისწავლეთ – ყველა მე მერჩის, უფრო სწორად კი, განსაცდელი *(აქ: ეშმაკი) აკეთებს ამ ყველაფერს, რადგან არ შეუძლია იმის ატანა, რომ ვინმე ჩვენს თაობაშიც ზრუნავს თავის ცხონებაზე. მაშასადამე, ღმერთმა ის [ე.ი. სატანა] განაქარვოს, ხოლო მამები შეიწყალოს. ახლა ლოცვის შესახებ ვთქვათ. ვფიქრობ, ჩემო კეთილო დედაო, რომ დიდად უსამართლოდ მოეპყარი შენს თავს. შენ არ ხარ ამდენი საზრუნავისთვის, არამედ – მდუმარებისთვის, დაყუდებისთვის26. ერთი სიტყვით, თუ გინდა გამიგონო, ორივე ოდნავ შევამციროთ, რამეთუ მდუმარების გარეშე მადლი არ რჩება, მადლის გარეშე კი ადამიანი არაფერია, ხოლო ვინც მადლი იპოვა. სწორედ მდუმარებაში იპოვა“27.
როგორც უკვე ვახსენეთ, დაახლოებით 1929-30 წლებში წმიდა იოსები შეეცადა რამდენიმე მცირეაზიელ ქვრივს დახმარებოდა და მათ სოფელ გეროვიცაში წმიდა ნიკოლოზის მონასტერი აღუდგინა. 1937 წელს კრებული დაიშალა. ბერი დიდი მწუხარებითა და გულისტკივილით ახსენებს ამ სავანის ამბავს, რომელიც არ წარემატა როგორც კინობია იმის გამო, რომ დებს შორის სიყვარული და ერთობა არ არსებობდა. წერდა: „თუ იღუმენიას ამბავიც გაინტერესებს, ყველანი გაყარეს სოფლიდან, მეუფემ [გაყარა], მაგრამ ალბათ მათივე ბრალია, რადგან სიყვარული არ ჰქონდათ ერთმანეთში, და ამგვარად ქუჩაში აღმოჩნდნენ, ხოლო მთელი ჩვენი შრომა და ასკეტური ოფლი წყალში ჩაიყარა […] სიყვარული არ აქვთ. შური, ეჭვიანობა, გაბუტვა, დაუფიქრებელი მოქმედებები – და საბოლოოდ ღმერთს აძევებენ თავისი თავიდან“28.
ამ მონაზონთაგან ზოგიერთი მარტო დარჩა, ზოგი კი სხვა მონასტრის წევრი გახდა. უმეტესობამ განაგრძო იმის განხორციელება, რაც ბერ იოსებისგან ესწავლა. სათნოებებიც შეიძინეს და კარგი სულიერი მდგომარეობაც. წმიდანს რჩევას ეკითხებოდნენ ხოლმე და ბერიც პასუხს სწერდა. სამწუხაროდ, მხოლოდ რამდენიმე ასეთი წერილი შემორჩა.
1961 წლის 22 დეკემბერს, როდესაც დიდი ბერი უკვე გარდაცვლილიყო, ხოლო მასთან სულიერი კავშირის დაწყებიდან 30 წელს გაევლო, მონაზონი ევპრაქსია მ. პანტელეიმონს ამერიკაში სწერდა: „მხოლოდ [იესოს] ლოცვა, მეტი არაფერი. 31 წელია ამას ვაკეთებ. ჩვენმა მოძღვარმა, მ. იოსებმა, განწმედილმა, ასეთი ლოცვა-კურთხევა მომცა. ჩემი პარაკლისიც, ყველაფერი – [იესოს] ლოცვა, მდუმარება დღედაღამ, ვაბნელებ ჩემს ოთახს, ვლოცულობ, არავისთან მინდა ლაპარაკი. მდუმარება. გონებას ვიკრებ, ვტირი ჩემს ცოდვას“29. 1961 წლის 1 მარტს მასვე შემდეგს სწერდა: „ჩვენი ტატლი* (თურქ. ტკბილი) იესო მოვიდეს შენს გულში და აღენთოს შენში, ნათელი გახდე, მიხვდე, ტატლი ჩვენი იესო როგორი ტატლია; შენში აღენთოს, როდესაც სკვნილზე ლოცვას ამბობ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“. ამას რომ იტყვი ხოლმე, სიტკბოდან სიტკბო გეპოვოს, დღედაღამ ტიროდე, მთელი სხეული განგეწმიდოს… ღმერთის მიერ [ვუგონებდი] ჩემს მოძღვარს“30. გარდაცვალებამდე, 1964 წლის 22 აგვისტომდე, ხელს ასე აწერდა: „ცოდვილი მონაზონი ევპრაქსია, იოსებისა“.
წმიდა იოსები მადლით [ღმერთის] შვილობის მდგომარეობასაც და სულიერ მამობასაც ამ ცხოვრებიდანვე განიცდიდა. სწორედ როგორც სულიერი მამა, რომელიც გარდაცვალების შემდეგაც ცოცხალია, ადამიანთა სულებს მონაზვნობის უმაღლეს ცხოვრებაში მოუწოდებს და საიდუმლოდ ასწავლის იმას, რაც თვითონ გამოცდილებისეულად შეიცნო და დაწერა.
შენიშვნები
- მწირობა, უცხოობა (ბერძ. Ervitzia) – ერთ-ერთი საწყისი მონაზვნური სათნოება, რაც გამოიხატება ხორციელი ნათესავებისა და/ან სამშობლოსგან ფიზიკურ დაშორებაში, რათა ყოველგვარი ემოციური მიჯაჭვულობისგან გათავისუფლებულმა, შეძლოს ჯერ ღმერთის, შემდეგ კი ყველა ადამიანის (განურჩევლად) სრულყოფილად და სულიერად შეყვარება. ↩
- იხ. წერილი 4, გვ. 85. ↩
- იხ. წერილი 82, გვ. 337. ↩
- იხ. წერილი 35, გვ. 160. ↩
- იხ. წერილი 85, გვ. 345. ↩
- ანუ წმიდა იოსების დის შვილიშვილმა. ↩
- წმიდა იოსების გვარი იყო კოტისი. ↩
- მქადაგებელი. ქადაგ-მახარებელი (ბერ. lepexcipunac) – საბერძნეთში არსებობს პრაქტიკა, რომ სამოქალაქო პირებმა, რომელთაც შესაფერისი საღმრთისმეტველო განათლება აქვთ მიღებული, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით ტაძრებში იქადაგონ (ქადაგების დროს სპეციალური ანაფორით იმოსებიან). ↩
- იხ. წერილი 35, გვ. 157. ↩
- იხ. წერილი 5, გვ. 90. ↩
- საყურადღებოა, რომ წმიდანი აქ აღკვეცას საიდუმლოს უწოდებს. ↩
- იხ. წერილი 35, გვ. 157-158. ↩
- ატიკა (ბერძ. Arroe) — საბერძნეთის ერთ-ერთი პერიფერია (რეგიონული ადმინისტრაციული ქვედანაყოფი), რომლის შემადგენლობაშიცაა მოქცეული ათენი. ↩
- ეპიტიმია (ბერძ. critique) — მოძღვრის მიერ სულიერი განკურნების მიზნით მონანულზე დაკისრებული რამე ფიზიკური ღვაწლი (ან გარკვეული აკრძალვა), რაც ჩადენილ ცოდვას შეესაბამება. ↩
- დრამი (ბერძ. Spapitol) – წონის ერთეული საბერძნეთში 1959 წლამდე, უდრის 3.203 გ-ს, შესაბამისად, 25 დრამი დაახლოებით 80 გ-ია. ↩
- იხ. წერილი 69. გვ. 291. ↩
- იხ. წერილი 70, გვ. 297. ↩
- იხ. წერილი 45, გე. 203. ↩
- იხ. 1 პეტ. 2,21. ↩
- ათანასეს კნინობითი ფორმა. ↩
- იხ. წერილი 58, გვ. 254. ↩
- იხ. წერილი 80, გვ. 331. ↩
- იხ. წერილი 58, გვ. 254. ↩
- იხ. წერილი 58. გვ. 255. ↩
- იხ. წერილი 35, გვ. 158. ↩
- დაყუდება (ბერძ. tovla) — მდუმარება, ისიქია, სიტყვა „ისიქასტი“ სწორედ აქედან მომდინარეობს. არასწორად მოიაზრება და გამოიყენება თანამედროვე ლიტერატურაში, „შეყენებულის“, „გამოკეტილის“, „მარტოდმცხოვრების“ ნაცვლად, ანუ ბერისა, რომელიც მცირე სივრცის საზღვრებში მოღვაწეობს. ↩
- იხ. წერილი 77, გვ. 319. ↩
- იხ. წერილი 19. გვ. 115. ↩
- იხ. დანართი, წერილი 2, გვ. 545. ↩
- იხ. დანართი, წერილი 1, გვ. 543-544. ↩