ბერ იოსების სულიერი ხასიათის წარმოჩენა განსაკუთრებით საინტერესოა სწორედ მისი წერილების მეშვეობით, რადგან უშუალოდ ვეხებით მის შინაგან, სულიერ და ემოციურ სამყაროს. მაგრამ ეს სამყარო, განწმედილი და მიუწვდომელ ღმრთაების ნათელთან შეერთებული, იმდენად მდიდარი და მრავალმხრივია, რომ შეუძლებლად მიგვაჩნია სრულად მისი ობიექტური დახასიათება.
ბერი თავის დას – ერგინას წერილებს 1931-1952 წლებში სწერდა, ანუ ამ უკანასკნელის გარდაცვალებამდე, ხოლო მის შვილებთან – დიონისესა და ბარბარესთან (შემდგომში მონაზონ ბრიენასთან) 1954 წლამდე ჰქონდა მიმოწერა. ამ ნათესავებს სულიერ რჩევებს თავისუფლად სწერს, რადგან არ შიშობს, რომ არასწორად გაუგებენ, ან იფიქრებენ, რომ ანგარება ამოძრავებს. მათვე გაუხსნის პირადულ, „საიდუმლო“ სულიერ განცდებს – იმას, რასაც მონაზვნები ძუნწად ანდობენ სხვა ადამიანებს. ერგინას ამ ორ შვილს სულიერად მეთვალყურეობდა მას შემდეგ, რაც სამყაროს შეცნობა დაიწყეს. ათონის გარეთ თავისი იშვიათი გასვლების დროს ბერი იოსები ათენის გარეუბანში, პირეას რაიონში, ერგინას სახლში რჩებოდა, ხოლო დიონისე ბიძას წმიდა მთაზეც მოინახულებდა ხოლმე.
ბერ იოსებს გათავისებული ჰქონდა, რომ მონაზონი მსოფლიოს თვალთაგან მიფარვით უნდა მოღვაწეობდეს და ამიტომ თავის წარმოჩენას ყოველთვის გულმოდგინედ გაურბოდა, მაგრამ ხშირად საჭირო ხდებოდა სულიერ მდგომარეობებზე ელაპარაკა, რასაც ავტორიტეტულად და დამაჯერებლად აკეთებდა, როგორც ხელმწიფების მქონე. მის წერილებში ვხვდებით შემდეგ ფრაზებს: „მაშინ მე უფრო ნათლად გამოვაჩენ ჩემს სულს“1; „ნამდვილად ეს არის [სწორი] გზა და ის, ვინც გწერს, გამოცდილებით მოწმობს ამ ჭეშმარიტებას“2; „სამაგიეროდ, როდესაც განსაცდელი ჩაივლის, სიხარულით ივსები, უკიდეგანო ნათელი მოგიცავს და იმ საიდუმლოებს ხედავ, რომელთა გამოთქმაც ენას არ ძალუძს. და მაშინ გწყურია განსაცდელები, რადგან ხედავ, თუ რა დიდი სარგებელი მოაქვთ“3.
ბერი იოსები თავის ხასიათში აერთიანებდა, ერთი მხრივ, ძლიერ ნებისყოფასა და მიზანმიმართულობას (გადაწყვეტილებას ადვილად არ შეცვლიდა), მეორე მხრივ კი, სიწრფოება-გულწრფელობას, პატიოსნებასა და ზნეობრივ სისუფთავეს – ეს ყველაფერი მას ბუნებრივად ახასიათებდა, მაგრამ თვითონაც სწორად და გაცნობიერებულად გამოიყენა ისინი; ისეთი უზომო სიყვარული და წადილი ჰქონდა ღმრთისა, რომ ამქვეყნიური არაფრისთვის ნება არ მიუცია, როდისმე მისი გული დაეპყრო. მხოლოდ ქრისტე უყვარდა, ხოლო ქრისტეს გულისთვის – ყველა ადამიანი ქრისტესმიერი სიყვარულით. უჭირდა იმის გაგება, თუ როგორ არ შეუძლიათ ღმრთისადმი მიძღვნილ ადამიანებს უფლისთვის ყველაფრის უარყოფა. წმიდა ბასილის სკიტში მრავალ ადამიანს ჰქონდა მასთან დარჩენის სურვილი, მაგრამ შესაბამისი ძალები – არა. ამგვარად შეიმეცნა ბერმა იოსებმა გამოცდილებით ადამიანური ბუნების უძლურება. თვითონ კი, ღმრთის სიყვარულის მხურვალე ძიებისა და ამ სიყვარულიდან მომდინარე ქრისტესმიერი სიტკბოების წყალობით, მთელი თავისი გულისთქმები ერთ განუწყვეტელ ლოცვად აქცია. არასდროს მისჯაჭვია რამე მატერიალურს, ხრწნადსა თუ წარმავალს. საკუთარი ნებით ისეთ დონეზე შეიზღუდა ბუნებრივი მოთხოვნილებებიც კი, კვება და ძილი, რომ შეუძლებელია რიგითმა ადამიანმა გაუძლოს ასეთ სიმკაცრეს. არც ტკივილის ეშინოდა, არც სხეულებრივი ჯანმრთელობის დაკარგვის, არამედ ყველაფერი საყვარელ უფალს მიუძღვნა მსხვერპლად. უზომოდ უპოვარი იყო, მოწყალებას არავის აკლებდა. ყველას უზიარებდა თავის მცირე ავლა-დიდებას. განსაკუთრებით, გონების სიფხიზლესა და დუმილში წარემატა. საღმრთო მადლიც გამოეხმაურა მის თავგანწირულ მოღვაწეობას და სამაგიეროდ სათნოებები და ნიჭები მისცა, განსაკუთრებით კი, უვნებობა და სახარებისეული სიყვარული მთელი მსოფლიოს მიმართ.
მას მერე, რაც მონაზვნური ცხოვრების პრაქტიკული მხარე დიდი სიზუსტით აღასრულა, ღმერთის ხედვაში *(ჭვრეტაში) ავიდა, საღმრთო განათლებაში, უფლის მადლის გამოცდილებისეულ განცდაში. ამიტომაც მის შემდეგ სიტყვებს სხვა ძალა აქვს: „ადამიანი ცოდნიდან ცოდნაში ადის და ჭვრეტიდან ჭვრეტაში. ცოდნა არის ბუნებრივი და არის ცოდნა სულიერი, ცოდნა [საღმრთო] განათლებისმიერი და ცოდნა საიდუმლოებათა. აგრეთვე, არსებობს ჭვრეტა ბუნებრივი, ჭვრეტა სულიერი და ჭვრეტა საიდუმლოებათა. არის საქმე4, რომელსაც მოსდევს განმწმედელი მადლი, არის ჭვრეტა, რომელსაც მოსდევს განმანათლებელი მადლი და არის სიყვარული, რომელსაც მოსდევს სრულმყოფელი მადლი“5.
იმისათვის, რომ უნათლეს ნათელთან ერთობა შესაძლებელი გამხდარიყო, ღმერთი კაცი გახდა
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ არსებობს ღმრთისმეტეველება, როგორც ცოდნა, რომელიც მომდინარეობს ღმერთის ხედვიდან და მის შესახებ დოგმატებიდან. ამ ცოდნას ადამიანი განიცდის სულიერი მოღვაწეობის დასაწყისში – მაშინ, როდესაც იწყებს თავისი გონიერი ხატების აღდგენას, თავისი სულიერი და სხეულებრივი ძალების ბუნებრივ გამოყენებას6. მაგრამ ეს განახლება ჯერ კიდევ არ არის ზეგარდამო ღმრთის მიერ ბოძებული სამოთხისეული კეთილშობილება, არც ზებუნებრივი ერთობა უნათლეს ნათელთან.
ამ ზესთანათელ ნათელთან გამოუთქმელი ერთობის შედეგად ადამიანის შიგნით, გონებისთვის მიუწვდომელი გზით, იშვება ჭეშმარიტი და უცდომელი ღმრთისმეტყველება, აგრეთვე, სულისა და სხეულის ძალების ბუნებრივი მდგომარეობა და მოძრაობა7. სწორედ იმისათვის, რომ უნათლეს ნათელთან ერთობა შესაძლებელი გამხდარიყო, ღმერთი კაცი გახდა.
ამ საღმრთო და გონებას აღმატებული ერთობის ძალით მოსეს ისე უბრწყინავდა სახე, რომ ადამიანები თვალს ვერ უსწორებდნენ იმ ზეციურ დიდებას, რომელსაც მოეცვა წინასწარმეტყველი8. იმავე ბრწყინვალებას ვხედავთ პირველმოწამე სტეფანეს შემთხვევაში, როდესაც მის სახეს ყველა ანგელოზისმაგვრად ხედავდა9. მისი გონება ანგელოზებრივი გახდა, რადგან გამოუთქმელი ერთობით შეუერთდა ყოველ ნათელზე უნათლეს საღმრთო ნათელს. წმიდა გრიგოლ პალამა წერს, რომ მარიამ ეგვიპტელის, „უფრო სწორად კი, მარიამ ზეციერის“, სხეული მიწიდან აღემაღლა მას შემდეგ, რაც მისი გონება ღმერთთან ამაღლდა და ამგვარად შეეძლო ჰაერში გადაადგილება.
წმიდა იოსებმა საკუთარი თავის შემეცნება შეიძინა ადამიანური ბუნების ღმრთაების მიუწვდომელ ნათელთან ერთობის საიდუმლოთა ზებუნებრივი გამოცხადების მეშვეობით. სული წმიდის მიერ ისწავლა, თუ როგორი იყო ადამიანი დაცემამდე და ამიტომაც მთელი ცხოვრება გლოვობდა. დასტიროდა იმ დამდაბლებას, იმ დაქვეითებას, რომელიც ადამიანის ბუნებამ განიცადა მას შემდეგ, რაც ღმერთთან ურთიერთობა შეწვიტა ურჩობის გამო, და რის შედეგაც პირუტყვულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ბერ იოსებისთვის თითოეული სათნოება გახდა უთვალავი სულიერი ჭვრეტის წყარო, რასაც სული ჭეშმარიტებისა, სული წმიდა თავისი ნათლითა და მოქმედებით მიანიჭებდა.
წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ღმრთაებრივ ნათელთან გამოუთქმელი შეერთების გამო სული ხარობს, ხოლო ერთადერთი ჭეშმარიტად სასურველის, ანუ ღმერთის დაუოკუბელი სიყვარულის გამო ხარობს გულიც და ამ სულიერი სიხარულით აჩვენებს იმ ურთიერთობას, რომელიც საღმრთო მადლთან აქვს. სულის უდიდესი წადილია, უდიდესი სურვილი, რომ სხეულითაც კი (თუკი ეს შესაძლებელია), მოხვდეს ეთერზე10 და აღიტაცოს ღრუბლითა შემთხუევად *(შესახვედრად) უფლისა“11, რომელმაც აღგვითქვა, რომ მოვა.
ღირსმა იოსებმა გამოცდილებისეულად იცოდა ნათელთან ერთობისკენ მიმავალი გზა. წერდა: „ეთერი უნდა გავიაროთ. ნუ შეგეშინდებათ, ბევრჯერ ვარ ასული და ვიცი გზა“12. „მეც გყავარ, რომელიც ხშირად მოგწერ ხოლმე და იმ საიდუმლოებს გამოგიცხადებ, რომელთა გემოსაც, თუ ერში იცხოვრებ, წვეთადაც ვერ იგემებ“13.
მიუხედავად იმისა, რომ ისეთ ადამიანებს სწერდა, რომლებსაც სრულად ენდობოდა, ზოგჯერ მაინც შიშობდა გაემხილა ის „გარდარეული“ ნიჭები, რომლებიც ღმერთისგან მიეღო. ეშინოდა, ვინიცობაა ადრესატები დაბრკოლებულიყვნენ იმის გამო, რომ ვერ შეძლებდნენ ჩასწვდომოდნენ იმ გამოუთქმელ სულიერ სიმდიდრეს, რომელიც სული წმიდასთან ზებუნებრივი ერთობის წყალობით ჰქონდა.
სული წმიდა მას აძლიერებდა, ამხნევებდა, ანათლებდა და დაემკვიდრა მასში. თავის სამყოფელად გაიხადა იგი. ღირსმა იოსებმა ჩვენს ეპოქაში აღადგინა წმიდამამებისეული შინაგანი სიფხიზლის ცხოვრების წესი, რომელიც იმხანად მივიწყებული იყო. მოძღვარი დიდად განიცდიდა იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც მისი თანამედროვე ბერმონაზვნობა აღმოჩნდა. ათონზე მცხოვრებ მონაზონთა შორისაც მრავალნი იყვნენ ისინი, რომლებიც ძირძველ ათონურ ისიქასტურ ტრადიციას, ანუ მდუმარებითა და შინაგანი ყურადღებით ცხოვრებას არ აღიარებდნენ, ბერი იოსები კი, პირიქით, ასწავლიდა, რომ, თუ მონაზონს სურს სული წმიდის ნაყოფები იგემოს, აუცილებლად უნდა იღვწოდეს მდუმარებაში. გონების მღვიძარებასა და გულის სიფხიზლეში. წერდა: „მონაზონი არ არის ის, ვისაც შენ ხვდები ხოლმე და მისგან მხოლოდ სიტყვებს ისმენ, ნაყოფს კი ვერ ხედავ. ნამდვილი მონაზონი არის სული წმიდის <ნაწარმი>. როდესაც მდუმარებაში საგრძნობლებს განიწმედს, გონება დაუმშვიდდება და გული გაუსუფთავდება, მაშინ იღებს მადლს და შემეცნებისეულ განათლებას, მთლიანად ხდება ნათელი, მთლიანად ხდება გამჭვირვალე გონება, და ისე აღმოაცენებს ღმრთისმეტყველებას, რომ სამი კაციც რომ იწერდეს მის სიტყვებს, ვერ მოასწრებს იმ აზრების ჩაწერას, რომლებიც ტალღებივით მოედინება, ხოლო მთელ სხეულს მშვიდობასა და ვნებების უკიდურეს უძრაობას მიჰფენს“14.
წმიდა ბასილი დიდის სკიტში, განსაკუთრებულად მკაცრი მოღვაწეობის პერიოდში, ბერს შემდეგი ხილვა ჰქონდა: ვინმე მხედართმთავარმა იგი სხვა მამების მწყობრიდან გამოარჩია და დემონების წინააღმდეგ პირისპირ საბრძოლად წინა ხაზზე გაიყვანა, სადაც მის გარდა ერთი თუ ორი სხვა მონაზონი იყო15. ეს ერთი-ორი მოღვაწე, იშვიათი მოშურნეობის ბერები, რომელთაც მთელი არსება მიუძღვნეს ქრისტეს მცნებების დაცვას და სრულად განიცადეს საღმრთო მადლი, ქრისტესთან ერთობა, ხასიათით არ ჰგავდნენ ერთმანეთს, არც ცხოვრების ერთი წესი ჰქონიათ. ნეტარი ბერი სოფრონი (სახაროვი) იოანე და პავლე მოციქულების გამოცდილებას ადარებს წმიდა სილუანე ათონელისა და ღირს იოსებ ისიქასტის გამოცდილებას: „ორივე მოციქული, მახარებელი იოანე და პავლე, სხვადასხვანაირად ლაპარაკობენ, მაგრამ ორივე დიდია. იმავეს ვხედავთ წმიდა სილუანესა და ბერ იოსებ მღვიმელთან მიმართებით. ორივე დიდი მონაზონი იყო, მაგრამ სხვადასხვანაირად ცხოვრობდნენ: ერთი კინობიაში, მეორე – უდაბნოში. ბერი იოსები იშვიათი ადამიანი იყო“16.
ჩვენს დროში ყველანი მოვიმკით იმ რამდენიმე დიდი მოღვაწის შრომის ნაყოფებს, რომლებიც უკიდურესად დაშვრნენ იმისთვის, რომ არა მარტო თვითონ განეცადათ, არამედ ჩვენთვისაც ესწავლებინათ შინაგანი მღვიძარების საიდუმლოები, რომელთაც საღმრთო ნათელთან ერთობისკენ მივყავართ. ამ მოძღვართა სულიერმა მოწაფეებმა შეითვისეს ეს სწავლება და ჩვენც გადმოგვცეს ისე, რომ მისი განხორციელება კინობიებშიცაა შესაძლებელი. მორჩილებისა და მდუმარების *(ისიქიის) შეუღლება არის ის გზა, რომელიც დიდ მონასტერში მცხოვრებ მონაზონსაც კი უცდომელად მიუძღვის პირადი სიწმიდისა და განღმრთობისაკენ.
პირდაპირი მნიშვნელობით სიტყვები – „ცოდნა“ და „არცოდნა“ ეხება ცხოვრებისეულ ფაქტებს, ცოდნასა და მდგომარეობებს, თუმცა შინაგანს, მაგრამ მაინც ადამიანურს. ღმერთი, როგორც ნათელი, არ წარმოადგენს ამგვარ ცოდნას. ღმერთი ის ნათელია, რომელიც გვანიჭებს საიდუმლოთა, გონებასაღმატებულ ცოდნას, ხოლო ეს ცოდნა ის წინდია, რომელსაც ჭვრეტენ გულით განწმედილი ადამიანები. ცოდნა, რომელიც მომდინარეობს ღმერთის [ადამიანისადმი] გამოცხადებიდან, მართლაც, აღემატება ყოველნაირ გონებას და ჩვეულებრივი ცოდნის ფარგლებს გარეთ გადის. ეს გონიერი და შეუქმნელი ნათელი, რომლის შეძენა და დანახვა მხოლოდ სულიერადაა შესაძლებელი, ნებისმიერ ცოდნასა თუ სათნოებაზე აღმატებულია. მხოლოდ იგი მიანიჭებს ქრისტიანს სრულყოფილებას. მას ვერ მოიპოვებენ ქრისტესმიერი ცხოვრების მხოლოდ გარეგნულად მბაძავნი ქრისტესთან შინაგანი, არსებითი ზიარების გარეშე. ქრისტიანთათვის სრულყოფილება იწყება საღმრთო მადლის აღმოჩენითა და განცდით, ხოლო მთავრდება შეუქმნელი ნათლის ხედვით.
შინაგანი ცხოვრების ამ სახის უმეცრება გახდა მიზეზი იმისა, რომ ზოგიერთს წმიდა იოსებ ისიქასტი შეცდომილად17 მიაჩნდა, ეს კი მის ჯვარს ამძიმებდა. სხვადასხვანაირი დევნა გამოიარა, როგორიცაა, მაგალითად, მავანთა მიერ წმიდა ანას მცირე სკიტის გამოქვაბულებიდან მისი გაძევების მცდელობა. იმხანად იგი უმკაცრესი მოღვაწეობით უკვე დაუძლურებული იყო და იმდენად შეწუხდა, რომ თავად ღმრთისმშობელი გამოეცხადა, რათა ენუგეშებინა და გაემხნევებინა, „არ გითხარი, ჩემი იმედი გქონდეს-მეთქი?" – ეს უთხრა18. ბერი გულისტკივილით წერდა: „მონაზონთა დღევანდელი მდგომარეობა, ჩემო დაიკო, ფორმალურია, ანუ მხოლოდ ფორმალური მხარით კმაყოფილდებიან – პირად კანონს აღასრულებენ, ღმრთისმსახურებას იხდიან და ა.შ. — მხოლოდ იმ ტრადიციით, რაც ჩვენს გარეგნულ მოქცევას ეხება. ამაზე მეტი აღარ გვაინტერესებს, ამაზე მეტს აღარ ვზრუნავთ სულის შინაგან მდგომარეობაზე, რაც ყველაზე ძვირფასია, რაც სულის არსს შეადგენს, სადაც ნივთიერი უნივთოს *(მატერიალური არამატერიალურს) უერთდება, სადაც ადამიანი ღმერთს ერწყმის და უერთდება, იმდენად, რამდენადაც ჩვენს მიწიერ ბუნებას შეუძლია დაიტიოს”19.
მიუხედავად ამისა, მისი თანამედროვე სულიერი პიროვნებები, რომელთაც სულიწმიდისეული ცხოვრების გამოცდილება და ცოდნა ჰქონდათ, დიდად აფასებდნენ ბერ იოსებს და ხვდებოდნენ, რომ მაღალი სულიერების მოღვაწე იყო. მაგალითად, დიონისიუს მონასტრის ცნობილი წინამძღვარი, არქიმანდრიტი გაბრიელი წერდა: „ათონელ მამათა საერთო აზრის თანახმად, [ბერი იოსები] არის ჩვენი ეპოქის გონებისმიერი მოღვაწეობის ყველაზე დიდი მუშაკი, განჭვრეტის **(დაფარულთა ცოდნის) ნიჭით შემკული, ნამდვილი ისიქასტი ***(დაყუდებული). იგი ჩვენს – მეთერთმეტე ჟამის20 მონაზონთა თაობაში გამონაკლისს წარმოადგენს“21. აგრეთვე, როდესაც ბერ სოფრონს შევხვდით ინგლისში, ესექსის საგრაფოში, მის მიერ დაარსებულ ნათლისმცემლის მონასტერში, წმიდა იოსები ორი სიტყვით ასე დაახასიათა: „სულის მთავარსარდალი იყო"22.
ქრისტეს სახელის ძალა
ის, თუ რა ძალა აქვს უფლის სახელს, ეკლესიამ მოციქულთა დროიდან იცის, რადგან ყველა სასწაული უფალ იესო ქრისტეს სახელით აღესრულებოდა. მოგვიანებით, დიდი დევნების შემდეგ, წმიდა მამები, განსაკუთრებით, განშორებულები და დაყუდებულები23, ცდილობდნენ გონება ამქვეყნიური საქმეებითა და ნივთებით არ დაეკავებინათ. იღვწოდნენ იმისთვის, რომ მათი გული წარმავალს არაფერს შეეპყრო – არც საგანს, არც პიროვნებას, არც ადამიანურ ფილოსოფიას. მთელ სულიერ ძალებს მიმართავდნენ გონებით ქრისტეს სახელის მოხმობისაკენ, რომელსაც აქვს ძალა განდევნოს ნებისმიერი ვნება – ცოდვიანი აზრი თუ გრძნობა, დაიმორჩილოს ნებისმიერი გულისთქმა, განწმიდოს ადამიანის გული.
ღირსი იოსები ამ ყველაფერს გამოცდილებისეულად განიცდიდა და ამიტომაც წერდა: „როდესაც შეამჩნევ, რომ გონება დაიღალა [იესოს] ლოცვის თქმით, მაშინ ბაგეებით იმეორე განუწყვეტლივ და შემდეგ ისევ გონება განაგრძობს. თავიდან ძნელია და შრომატევადი, მაგრამ წლები რომ გავა, თვითონ, თავისით ითქმება განუწყვეტლად. მხოლოდ იგი განწმედს ადამიანს ყველა ვნებისგან “24.
გონებით ქრისტეს სახელის მოხმობა, და ყოველდღიური სინანულით ცხოვრება ბერისთვის პროფესიად, მეცნიერებად იქცა. დღის განმავლობაში თავს არიდებდა ბოროტ საქმეებს, ხოლო ყურადღებისა და ლოცვის მეშვეობით ბოროტ სიტყვებსა და გულისსიტყვებსაც განდევნიდა. მათ, რომელნიც მდუმარებით ცხოვრებას იწყებდნენ, ურჩევდა გრძელი ლოცვების მაგივრად მთელი ძალისხმევა მონოლოგისტური25 ლოცვისკენ მიებრუნებინათ: „უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე“, მანამ, სანამ გონება ამას არ მიეჩვევა და „კეთილ ჩვევად“ არ იქცევა. მონოლოგისტური ლოცვა, წმიდა გრიგოლ პალამას თანახმად, განდევნის ნებისმიერ ბოროტ სულსა და ვნებას – ეს საქმით და სიტყვით გვიჩვენა თითქმის ყველა წმიდანმა, და ზოგადად, ყველას, ვინც სწორად აზროვნებს, ასე სწამს და ასე ასწავლის26.
შინაგანი, სულიერი საქმიანობა, განსაკუთრებით კი, გონებისმიერი ლოცვა, გამოუცდელ ადამიანებში იწვევს შიშს, გაუბედაობას. ბერი იოსები ამის შესახებ წერდა: „ეს ყველაფერი დიდად მშვენიერი და მეტად კარგია, მოსასმენადაც საამოა, მაგრამ ყველანი გავურბივართ, ზურგს ვაქცევთ, რადგან გარჯას ითხოვს და ამიტომ გონებას შიშს ჰგვრის ამგვარი ღვაწლი. ღმერთი უნდა შეეწიოს კაცს, თორემ მის გარეშე ვერაფერს მიაღწევს. ადამიანის შინაგანი არჩევანი უნდა გამოიწრთოს, სხეულმა კი სისხლი უნდა დათხიოს, შიდა კაცს ტყავი უნდა გადასძვრეს, ძველი კაცი ცვილივით უნდა დადნეს. როგორც რკინას სცილდება ჟანგი ცეცხლში შეტანით, ასევე მოსდის ადამიანს“27.
წმიდა მამების ამ ტრადიციის არცოდნაზე თავის ეპოქაში ბერი სხვაგან ასე წერდა: „სხვებიც იყვნენ, უმცროსები – მამა კოზმა და სხვები, ასევე უფროსებიც, მაგრამ თითოეულზე რომ დაწეროს კაცმა, ძალიან ბევრი ქაღალდი დასჭირდება. ეს ყველა მოღვაწე ახლა აქ მოკვდა, ხოლო იქ მარადიულად ცხოვრობს. და რადგან დღეს ამგვარ რამეებზე სიტყვაც არსად ისმის, არამედ ყველგან დუმილი და ფორმალურ-გარეგნული საქმიანობა სუფევს, ამიტომაც მოგწერეთ, ნურავის ეტყვით-მეთქი რამეს“28.
უნუგეშო უდაბნოს გამოქვაბულებში ანგელოზივით ცხოვრობდა: „ასე რომ, მთელი მსოფლიოსთვის მთელი ღამე ვლოცულობთ. მე დღედაღამ ვწერ იმათ, ვინც მეკითხება… ანგელოზებივით ვართ… აჰ, რომ გენახა, რომ გენახა, რა კარგია! ასკეტური ცხოვრება, უდაბნო, ანგელოზებრივი ცხოვრება. აჰ, რომ შეგეძლოს ჩვენი დანახვა!29 “.
შენიშვნები
- იხ. წერილი 59, გვ. 261. ↩
- იხ. წერილი 22, გვ. 122. ↩
- იქვე. ↩
- საქმე – აქ იგულისხმება მცნებების დაცვა, საქმით აღსრულებული სათნოებები. ↩
- იხ, წვრილი 39. გვ. 177. ↩
- მანამდელი არაბუნებისეული (ბუნების საწინააღმდეგო) გამოყენების საპირისპიროდ. ↩
- წმ. გრიგოლ პალამა „წმიდად მდუმარეთა შესახებ“ სიტყვაში წერს, რომ შეუქმენლი ნათლის ხედვა აძლევს ადამიანს უცდომელი ღმრთისმეტველების ნიჭს. ↩
- იხ. გამ. 34,35. აგრეთვე, 2 კორ. 3,7. ↩
- იხ. საქმე 6,15: „და იხილეს პირი (სახე) მისი ვითარცა პირი ანგელოზისაი “. ↩
- ეთერი (ბერძ. aidip) – ჰაერის უმაღლესი და უსუფთესი ფენა, ზეცა. სწორედ ეთერს მიიჩნევდა არისტოტელე ბუნების ოთხი ელემენტისგან (ცეცხლი, მიწა, წყალი, ჰაერი) განსხვავებულ სტიქიად, საიდანაც დამკვიდრდა ტერმინი „მეხუთე ელემენტი“. ↩
- იხ. 1 თეს. 4,17. ↩
- იხ. წერილი 38, გვ. 172. ↩
- იხ. წერილი 64, გვ. 278. ↩
- იხ. წერილი 64, გვ. 278. ↩
- იხ. „წმიდა იოსებ ისიქასტი“, გვ. 58-59. ↩
- ნავპაქტის მიტროპოლიტ იეროთეს წიგნიდან ბერ სოფრონის ცხოვრებასა და სწავლებაზე (δγκα. «Οίδα ἄνθρωπον ἐν Χριστῷ», Βίος καὶ πολιτεία τοῦ Γέροντος Σωφρονίου τοῦ ἡσυχαστοῦ καὶ θεολόγου, Ἱερὰ Μονή Γενεθλίου τῆς Θεοτόκου, Λεβαδειά 2007, გვ. 344). ↩
- ცდომილება, ცდომა (ბერძ. nhavn) არის ის, რასაც დღეს არასწორად „ხიბლს“ უწოდებენ. სიტყვა npeacema სლავურად ნიშნავს ცდომილებას, საცდურს, ხოლო რუსულ ენაზე სულ სხვა მნიშვნელობა შეიძინა – მოხიბლვა, ხიბლი. რუსი წმიდა მამები (მაგ., ეგნატე ბრიანჩანინოვი, ოპტინელი ბერები) ამ სიტყვას მისი სლავური (არა რუსული) მნიშვნელობით იყენებდნენ, ხოლო ქართულ საეკლესიო ტერმინოლოგიაში, სამწუხაროდ, რუსული მნიშვნელობით დამკვიდრდა. რასაც სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, განიმარტება, როგორც საკუთარი თავით მოხიბლვა, იმ დროს, როცა ბერძნულ ორიგინალში სიტყვას shavn, უფრო იოლად გასაგები და ხელმისაწვდომი განმარტება აქვს: მცდარი აზრი, არასწორი შეხედულება, შეცდომა, სწორი გზიდან აცდენა-გადახვევა. ნიმუშად შეიძლება წმ. ალექსი შუშანიას წერილი მოვიყვანოთ ბერ თეოდოსი ერისთავის მიმართ: „გონების ზე აღყვანა… საკრძალველია, რომ გონება არ შეცდეს, თორემ გონების შეცდომა ძნელად იკურნება, გულის შეცდომას არ [ჰ]გავს. თქვენ ეცადეთ იესოს ლოცვას… ამის მიერ მოიპოვება ყოველი ნიჭი, მადლი და უცთომელი ხედვა ღვთისა მიერ“ (ღირსი ალექსი შუშანია, „საღმრთო წადილი“, თბილისი, 2014, გვ. 218). ↩
- იხ. „წმიდა იოსებ ისიქასტი“, გვ. 141. ↩
- იხ. წერილი 23, გვ. 125. ↩
- შეად. მათ. 20,1-16. ↩
- წიგნიდან „ათონური ლავსაიკონი“ (Lavraiedy to Ayion "Opous), დიონისიუს მონასტრის გამოცემა (ბერძნულად), 2002, გვ. 218. ↩
- იხ. ღირს სოფრონის ნაამბობი ბერ იოსებ ისიქასტთან შეხვედრის შესახებ. გვ. 69-71. ↩
- იხ. ღირს სოფრონის ნაამბობი ბერ იოსებ ისიქასტთან შეხვედრის შესახებ, გვ. 69-71. ↩
- იხ. წერილი 98, გვ. 370. ↩
- მონოლოგისტური – სიტყვასიტყვით ნიშნავს ერთი აზრის, ერთი მიზნის მქონეს. ასკეტურ ლიტერატურაში იგულისხმება შინაგანი, გონებისმიერი ლოცვა „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე“ (ან მისი ვარიანტები უმნიშვნელო სახეცვლილებებით). ↩
- „წმიდად მდუმარეთა შესახებ“. ↩
- იხ. წერილი 23, გვ. 125. ↩
- იხ. წერილი 41, გვ. 189. ↩
- იხ. წერილი 5, გვ. 89. ↩