ფრანცისკო კოტისი (შემდგომში ბერი იოსები) დაიბადა 1897 წლის 2 ნოემბერს კუნძულ პაროსის სოფელ ლეფკესში. მისი მშობლები იყვნენ გიორგი კოტისი (1852-1913), მიწათმოქმედი, და მარიამ რანგუსი (1867-1937). მამამ 61 წლის ასაკში დატოვა წუთისოფელი და ამიტომ შვილების აღზრდისა და შენახვის მთელი სიმძიმე დედას დააწვა.
მარიამმა ცხრა შვილი შვა: უფროსი, მიქაელი, ჰყავდა პირველი მეუღლისგან, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა. სამი ბავშვი ჩვილობის ასაკში მიიცვალა: ერთი მოუნათლავად, მეორის და მესამის სახელები ერგინა (დაიბადა დაახლოებით 1888 წ.) და მარუსო (დაახ. 1890 წ.) მოგვიანებით დაბადებულ გოგონებს უწოდეს ერგინას (12/10/1892-1/12/1952) და მარუსოს (1905-1972).
ზოგიერთ წერილში ბერი ახსენებს ოჯახის უფროს ვაჟს, ემანუელს (1895-1963), რომელიც ელექტრიკოსი და მგალობელი იყო (შვილები არ ჰყოლია), და ლეონარდოს (1902-1945), ბოლოსწინა ვაჟს, რომელსაც სახელი მარიამის პირველი მეუღლის პატივსაცემად დაარქვეს. ემანუელი პატიოსანი ადამიანი იყო, მაგრამ სულიერი ცხოვრებისადმი განსაკუთრებული ინტერესით არ გამოირჩეოდა. ლეონარდოს კი ჰქონდა ბერთან ურთიერთობა და ათონზეც მოინახულა ძმა. იგი ნაადრევად გარდაიცვალა, 43 წლის ასაკში, და მეუღლეს – მარიამს ოთხი შვილის აღზრდა მარტოს მოუხდა. ბერი იოსები ამ ქვრივზე, როგორც ეპისტოლეებში ვიხილეთ, ყოველმხრივ ზრუნავდა და თავის დას, ერგინასაც იმავესკენ მოუწოდებდა. მოგვიანებით მარიამიცა და ერგინაც მონაზვნები გახდნენ. კოტისების ოჯახის ნაბოლარა ვაჟი გახლდათ ნიკოლოზი (1908-1984), რომელიც 1934 წელს ათონზე მოვიდა და მოღვაწეობდა ძმასთან ერთად, რომელიც მასზე თერთმეტი წლით უფროსი იყო.
ბერი იოსები მრავალ ადამიანს სწერდა – ერის ადამიანებს, მონაზვნობის მსურველებს, ბერ-მონაზვნებს, მონაზონ დედებს, სასულიერო პირებს, იმ ნათესავებს, რომლებსაც მონაზვნობა აინტერესებდათ და ა.შ. სამწუხაროდ, მრავალი ეპისტოლე დაიკარგა, ზოგმა კი ადრესატამდეც ვერ მიაღწია ომიანობით გამოწვეული ზოგადი რთული მდგომარეობის გამო.
შემორჩენილი წერილების უმრავლესობაში (93) ადრესატები არიან და ერგინა, რომელმაც ფაქტობრივად, მეორე დედობა გაუწია ობოლ ფრანცისკოს, რადგან ოჯახის პირველი ასული იყო, და სხვა ნათესავები: ერგინას შვილები – დიონისე (1921-1991) და ბარბარე (1924-1998), შემდგომში მონაზონი ბრიენა1, მარგარიტა. დანარჩენი 48 ეპისტოლედან 20 განკუთვნილია მამა პანტელეიმონისა და მისი ამერიკელი სულიერი თანამოაზრეებისათვის, რომელთაგანაც ზოგი მონაზონი იყო, ზოგიც – სტუდენტი.
წერილებში მოიხსენებიან მონაზვნები: ევპრაქსია და თეოდოსია, რომლებიც ხუთ სხვა მონაზონთან ერთად (თეოდორა, მეორე თეოდორა, მეორე ევპრაქსია, მარიამი და დესპინა2) შეადგენდნენ სოფელ გეროვიცის (ქალაქ დრამის რაიონი) წმიდა ნიკოლოზის მონასტრის კრებულს. ამ სავანეზე ბერი 1937 წლამდე ზრუნავდა, ანუ სანამ კრებული დაიშლებოდა. მიმოწერა მოგვიანებითაც გაგრძელდა, მაგრამ მრავლისგან მხოლოდ ორი ეპისტოლე მოვიპოვეთ (დანარჩენები, ჩანს, დაიკარგა). სამაგიეროდ, ამ მონაზონთა შესახებ საკმაო ინფორმაცია შევკრიბეთ ბერის სულიერი შვილებისგან.
წმიდა იოსები სხვა მონაზონ დედებსაც უგზავნიდა წერილებს: [მეორე] ბრიენას, რომელიც მოგვიანებით წმიდათა – კონსტანტინესა და ელენეს მონასტრის წინამძღვარი გახდა ქალაქ კალამატაში; წმიდა ნიკოლოზ პლანას3 ერთ სულიერ შვილს, შემდგომში მონაზონ მართას, დებს – ეკატერინესა და ნავსიკას, რომლებიც ქალაქ ვოლოსის „ოდიგიტრიის“ პორტარიის მონასტერში გახდნენ მონაზვნები სინკლიტიკიასა და ეფრემიას სახელებით; რვა ეპისტოლე სტავრულა ფილიპონის – შემდგომში მონაზონ ათანასიას სახელზეა, რომელიც 1974 წელს კუნძულ თასოსზე, მთავარანგელოზის სავანეში დაემკვიდრა (მანამდე პორტარიაში მოღვაწეობდა). ქალბატონი მარია პაპადიმიტრიუ, რომლის მეუღლესაც ცნობილი გამომცემლობა „ასტერი“ ჰქონდა, გახლდათ ნეა სკიტში ნათლისმცემლის ტაძრის ქტიტორი (მაშენებელი), მოგვიანებით კი დიდად შეეწია წმიდა იოსებს ავადმყოფობის დროს. ჩვენი კრებულის სამი მანუგეშებელი ეპისტოლე სწორედ მისთვისაა მიწერილი.
დიდი ბერის „გედის სიმღერა“ შეიძლება ეწოდოს წერილს საყვარელი მოწაფის, ღირს ეფრემ კატუნაკელის მიმართ, რომელიც, აგრეთვე, შესულია ამ გამოცემაში.
დაბოლოს, შემოინახა წმიდა იოსების ერთი ვრცელი ეპისტოლე, უფრო სწორად კი – ეპისტოლარული ჟანრის ტრაქტატი, რომელსაც კონკრეტული ადრესატი არ ჰყავს, ამიტომაც სათაურად დავაწერეთ. „უცნობ მონაზონს“, ორიგინალი, რომელიც დაახლოებით 1935 წელს დაიწერა. დღესდღეობით დაკარგულია. გვაქვს მხოლოდ 1950 წელს ბერ ეფრემ არიზონელის მიერ გადაწერილი ასლი. საყურადღებოა, რომ გადაწერის შემდეგ დიდ ბერს ხელნაწერი წაუკითხავს და საკუთარი ხელით არაერთი რამ ჩაუსწორებია და დაუმატებია.
წმიდა იოსებს უდაბნოში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება ჰქონდა. შესაბამისად. მისი ეპისტოლე ეხება ყველა იმ მონაზონს, რომლებსაც ამ დიდი ასკეტის რჩევების მიხედვით ცხოვრება სურთ. წერილი, რომელიც თავისი ფორმით „ათხმოვან სულითმოძრავ საყვირს”4 ჰგავს, თორმეტი თავისგან შედგება და სავსეა სულიერ ასპარეზზე შეძენილი მრავალწლიანი გამოცდილებითა და სიბრძნით. ამ თავებში თითოეული მკითხველი იპოვის იმას, რაც საკუთარ მოღვაწეობაშიც შეიძლება გამოიყენოს, რა თქმა უნდა, ძალებისა და გარემო პირობების მიხედვით. მასში ლაპარაკია მონაზვნების ყოველდღიურ პროგრამა-განრიგზე: ძილიდან ადგომა, კვება, ძილი, ლოცვა, კითხვა, ღამისთევა, მდუმარება და ა. შ. გვასწავლის, ყოველმა ქრისტიანმა თუ რა მიზეზების გამო უნდა გამოხატოს მუდმივად თავისი შემოქმედისა და მაცხოვრის მიმართ მადლიერება; როგორ უნდა აღიაროს თავისი ცოდვილობა, უძლურება და განუწყვეტელი საჭიროება უფლის მოწყალებისა და გულუხვებისა. ბერი გვაფრთხილებს, თუ რამდენად საშიშია ამპარტავნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანი საღმრთო მოხილვის სიტკბოებასა და სიხარულს გრძნობს. არ უნდა იფიქროს, რომ საღმრთო მადლი მისი შრომების შედეგია. შესაბამისად კი, გულში გაკიცხოს და განიკითხოს ის ძმები, რომლებიც ამგვარი მოწყალების ღირსნი ვერ გახდნენ, არც ის უნდა იფიქროს, რომ მადლისმიერი მდგომარეობა მუდმივად დარჩება, არამედ სავსებას მიტოვებულობა შეენაცვლება, ნათელს კი — ბნელი, წმიდა იოსები უცნობ ადრესატს ურჩევს, არასდროს დარჩეს „მწვრთნელის“, ანუ სულიერი მოძღვრის გარეშე, რამეთუ მხოლოდ ასე შეძლებს თავი დააღწიოს ბოროტის მახეებსა და ცდომილებებს. ამ და სხვა მრავალ საკითხს ეხება ეპისტოლე, რომელიც, გვწამს, სასარგებლო იქნება ყოველი ყურადღებიანი მკითხველის პირადი მოღვაწეობისთვის.
ზოგადი სულიერი სარგებლის გარდა, წერილები ნათელს ჰფენს და საინტერესო კუთხით წარმოგვიდგენს ნეტარი ბერის პიროვნებას.
*
მიუხედავად იმისა, რომ წმინდა იოსების ბიოგრაფია ცალკე წიგნადაც არსებობს5, საჭიროდ მივიჩნიეთ მისი პიროვნების დამახასიათებელი ნიშნების წარმოჩენა ისე, როგორც ეს ეპისტოლეებიდან მჟღავნდება.
ფრანცისკო დაახლოებით ჩვიდმეტ წლამდე მშობლიურ კუნძულ პაროსზე იზრდებოდა მოგვიანებით ათენის შორიახლოს გადასახლდა – ჯერ ლავრიოში, შემდეგ პირეაში, ბოლოს – თვით დედაქალაქში. ამ ადგილებში სხვადასხვა სამსახურში მუშაობდა და დაკისრებულ საქმეს ყოველთვის პატიოსნად აღასრულებდა. ამას საზღვაო ჯარებში სამსახური მოჰყვა, რომლის მოხდის შემდეგ, მამიდა ალექსანდრამ6 ერთ ღმრთისმოშიშ გოგონაზე დაწინდა.
ღმერთის კეთილმა განგებამ ახალგაზრდა ფრანცისკოს წუთისოფლის ამაოება მალევე შეაცნობინა: ქალიშვილი ტუბერკულოზით დასნეულდა და თვრამეტი წლისა გარდაიცვალა. ამ შემთხვევას იგი თავისი დის, ერგინასადმი, წერილში იხსენებს: ,,… გონს მოვა და მიხვდება, რომ ცხოვრება სიზმარია, რომელიც მალე ჩაივლის. ამაოება, ამაოება… ყველაფერი წარმავალია. ყოვლადძლიერმა [უფალმა] ხომ გამოუგზავნა შეტყობინება, ეგ დალოცვილი რატომ ვერ ხვდება? მსგავსი რამ მეც შემემთხვა. გახსოვს? წავიდა ყვავილი7, წავიდა და ამაოება შეამცნობინა”8.
ძალიან მალე უფალმა რამდენიმე ჩვენებითა და გამოცხადებით მონაზვნური ცხოვრებისკენ მოუწოდა. ოცდაოთხი წლის ფრანცისკო 1921 წელს უკვე ათონის წმიდა მთაზეა, 1923 წელს კი ათანასეს ლავრის მონაქოლოგიონში9 აღირიცხება. მის სულიერ ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა ბრძენ და გონიერ ბერ, აწ უკვე წმიდან დანიელ კატუნაკელთან შეხვედრა ხდება. ეს უკანასკნელი მიხვდა, რომ ფრანცისკოს მდუმარებისა და გონებისმიერი ლოცვისაკენ განსაკუთრებული მოწოდება ჰქონდა. ურჩია, თანამოაზრე ეპოვა და ერთად გაეწიათ რომელიმე მოძღვრის მორჩილება, რათა ამგვარად ბუნებრივად ჩართულიყვნენ ათონურ ტრადიციაში – მორჩილებისა და მოძღვარზე დამოკიდებულობის სულით. ფრანცისკო დაჰყვა ბერ დანიელის რჩევას, მოძებნა და დაიმეგობრა მამა არსენი, რომელთან ერთადაც გახდა ბერების – იოსების და ეფრემის მორჩილი კატუნაკების ხარების კალივაში.
ფრანცისკომ გონებისმიერი ლოცვის უდიდესი ნიჭი ღმრთისგან ჯერ კიდევ სქემაში აღკვეცამდე მიიღო. ამ საქმიანობას მან მთელი თავისი მონაზვნური ცხოვრება მიუძღვნა დიდი თავდადებით, დაჟინებითა და სიმკაცრით.
დაახლოებით 1925/26 წელს, ორიდან ერთი ბერის – იოსების გარდაცვალების შემდეგ სამკაციანი საძმო უფრო მაღლა, წმიდა ბასილი დიდის სკიტში გადავიდა. ახალგაზრდა მოღვაწემ იქ ვნებებისა და დემონების წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა განაგრძო. რვა წლის დაუნდობელი ასკეზის შემდეგ უფლისგან სრული სხეულებრივი და სულიერი უბიწოების ნიჭი მიიღო. ეს უნიკალური შემთხვევაა, რადგან მაშინ ის-ის იყო, 32 წლისა გახდა.
წმიდა ბასილის სკიტში გარდაიცვალა ბერი ეფრემი. დაახლოებით 1929 წელს მონაზვნები – იოსები და არსენი პირველად გავიდნენ ათონის გარეთ. კუნძულ ეგინაზე ბერი იერონიმე10 მოინახულეს, რომელსაც მამა არსენის და, მონაზონი ევპრაქსია ემსახურებოდა. იმახანად მისმა დედამ მონაზვნობის სურვილი გამოთქვა. მართლაც, მოგვიანებით აღიკვეცა აგათანგელის სახელით, მისი და, ერგინა, პირეაში ცხოვრობდა ბერი იოსები ათონზე გაემგზავრა სწორედ მისი სახლიდან, სადაც მაშინ მათი დედაც ცხოვრობდა, რის შესახებაც მოგვიანებით წერდა: „ჰე, ჩემო კეთილო დაო! თქვენი სახლი პირეაში ჩემთვის, ცოდვილისთვის, უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სახლი, რომელშიც დავიბადე. სწორედ მანდ, მაგ კედლებს შორის მივიღე გადაწყვეტილება წავსულიყავი, მანდ ჩავალაგე უკანასკნელი სამოსი და ჩვენი პატივცემული დედის ლოცვა-კურთხევა ავიღე. ღარიბები შეიწყნარეთ, მწყურვალებს წყალი მიართვით, გაჭირვებულები ანუგეშეთ. თქვენს სახლში ვიხილე ჭეშმარიტება წმიდა სახით”11.
იმავე 1929 წელს მამებმა ქალაქ დრამაში (ჩრდილო აღმოსავლეთ საბერძნეთში) მოინახულეს ლეონიდე გალანოპულო, მამა არსენის ძმა და ამ უკანასკნელის ძმისშვილი ხარლამპი, რომელიც შემდგომში ბერის მოწაფე, მოგვიანებით კი დიონისეს მონასტრის წინამძღვარი გახდა. ამასთან ერთად, თესალონიკში გაიცნეს რამდენიმე მცირეაზიელი12 ქვრივი, რომლებიც მონაზვნობაზე ფიქრობდნენ. ბერმა იოსებმა მათთან მიმოწერა დაიწყო, რითაც სულიერად დიდად ეხმარებოდა. 1930 წელს გადაწყვიტა ერთად შეეყარა ისინი და ცოტა ხნით მათთან ერთად დარჩენილიყო, რათა უკეთ დახმარებოდა. ამ მცირე მონაზვნურ კრებულს ერთი მიტოვებული მონასტერი გამოუყვეს სოფელ გეროვიცაში, დღევანდელ კატო (ქვემო) ნევროკოპიში, რომელშიც წმინდა ნიკოლოზის ეკლესია შემორჩა. ბერმა აღადგინა სავანე და პირველი შვიდი და დაასახლა მასში. 1937 წლამდე, ანუ მანამ, სანამ კრებული დაიშალა, დროდადრო მათთან ერთად რჩებოდა და ეხმარებოდა, ახლომახლო სოფლების მღვდლებმა ბერს სხვადასხვა საკითხებში ცილი დასწამეს, სასამართლოც დაინიშნა, თუმც ბრალმდებელთა გამოუცხადებლობის გამო აღარ შედგა. მიუხედავად ამისა, მამა იოსებმა გადაწევიტა დაეტოვებინა მონასტერი, რათა ავი ენებისთვის ლაპარაკის საბაბი არ მიეცა. ამის შემდეგ სავანის დები საბერძნეთის სხვადასხვა ადგილებში წავიდ-წამოვიდნენ. ბერის ერთ-ერთ ბრალმდებელს მრავალი წლის შემდეგ მონაზონ ბრიენას მიმართ მიწერილი ერთი წერილი წაუკითხავს, რის შემდეგაც უთქვამს: უსამართლოდ ვდებდით ბრალს ამ წმიდა კაცსო.
წმიდა ბასილის სკიტში ბერებს – იოსებს და არსენის სხვებიც დაემატნენ: მამა ეფრემ კარაიანისი (შემდგომში მღვდელმონაზონი, რომელმაც დატოვა ათონის მთა და ჯერ ქალაქ ვოლოსში, მოგვიანებით კი ამერიკაში ცხოვრობდა), მამა იოანე ალბანეთიდან (რომელიც ჩვენი მამების წმიდა ანას მცირე სკიტში გადასვლის შემდეგაც წმიდა ბასილის სკიტში დარჩა), 1934 წელს კი – ბერ იოსების უმცროსი ძმა ნიკოლოზი, რომელიც ერთი წლის შემდეგ სქემაში აღიკვეცა ათანასეს სახელით.
წმიდა იოსები იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნოდა, რომლებზეც ვიტყვით ხოლმე ლიდერად არის დაბადებულიო. ათონელები მას მიიჩნევდნენ გამოცდილ და გონიერ მოძღვრად. მონაზვნური ცხოვრების მესაიდუმლედ. წმიდა ბასილის სკიტში ჩამოყალიბებულ „შემთხვევით“ საძმოში, ზემოხსენებულთა გარდა, მას დაემოწაფნენ: მამა. გერასიმე მენაია (ჟენევის უნივერსიტეტის ქიმიის დოქტორი), მამა სპირიდონ ათანასე კამპანაო (წმ. ათანასეს ლავრაში მოღვაწე ცნობილი ექიმი და მწიგნობარი მონაზონი, რომელმაც სავანის ხელნაწერთა პირველი აღწერილობა შეადგინა) და მამა ათანასე ბალსამაკი (ფარმაცევტი), რომლებიც მეზობელ კალივებში ცხოვრობდნენ. ის ფაქტი, რომ ეს სამი აღიარებული მეცნიერი, თანაც ასაკითაც და მონაზვნობაშიც მასზე უფროსები, ერული ცხოვრების გადმოსახედით უჩინო ბერ იოსებს დაემოწაფნენ, მეტყველებს წმიდანის განსაკუთრებულ სულიერ უნარებსა და ნიჭებზე.
წმიდა ბასილის სკიტშივე, 1935 წლიდან მოკიდებული, ბერ იოსებს ღირსი ეფრემ კატუნაკელი დაუახლოვდა, რომელსაც მონაზვნური ცხოვრების ფაქიზი საიდუმლოები გაანდო. ბერი ეფრემი მას თავის ნამდვილ მოძღვრად მიიჩნევდა და „მასწავლებელს“ უწოდებდა. წმიდა ბასილის, მოგვიანებით კი წმიდა ანას მცირე სკიტშიც, სწორედ მამა ეფრემი ემსახურებოდა ბერ იოსების საძმოს, როგორც მწირველი მღვდელი, მანამ, სანამ 1951 წლის ოქტომბერში საძმო თავის მღვდელს შეიძენდა მამა ხარლამპის სახით.
1938 წელს ბერი იოსები, მამა არსენი და მამა ათანასე უფრო დაბლა, წმიდა ანას მცირე სკიტში გადავიდნენ, რადგან მრავალი ადამიანი ითხოვდა მათთან ერთად დარჩენას, თუმც მათი ასკეტური პროგრამის დაცვა არ შეეძლოთ – რაშიც ბერი უკან არაფრით დაიხევდა. დიდმა ბერმა იცოდა, რომ მდუმარება, გონებისმიერი ლოცვა, მარხვა და მღვიძარება მაშინ გამოიღებს ნაყოფს, როდესაც გონივრულად, გაცნობიერებულად, განრიგითა და წესრიგით აღესრულება.
1947 წელს, ლოცვისა და საღმრთო უწყების შემდეგ, წმიდა იოსებმა საძმოში ახალგაზრდა მონაზონი სოფრონი, შემდგომში – ბერი იოსებ ვატოპედელი მიიღო. მათ მალე შეუერთდათ ჭაბუკი იოანე, შემდგომში ფილოთეუს მონასტრის წინამძღვარი და არიზონის წმიდა ანტონის სავანის დამაარსებელი ბერი ეფრემი, ხოლო 1950 წელს – ხარლამპი, მამა არსენის ძმისშვილი.
შეზღუდული საცხოვრებელი პირობები და ძმების ჯანმრთელობის გაუარესება გახდა მიზეზი იმისა, რომ 1953 წლის შემოდგომაზე დიდმა ბერმა გადაწყვიტა კიდევ უფრო დაბლა, ნეა სკიტში გადასულიყვნენ და სკიტის გარშემო არსებულ მიტოვებულ კალივებში დაბინავებულიყვნენ. სწორედ აქ გაიცნო წმიდა იოსები მამა პანტელეიმონ მიტროპულოსმა 1957 წელს, რომელსაც დიდმა მოძღვარმა ამერიკაში მისწერა არაერთი ეპისტოლე სავსე ასკეტური გამოცდილებითა და ღრმა სულიერი აზრებით.
წმიდა იოსები 1959 წლის 15/28 აგვისტოს გარდაიცვალა. ღმრთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, რომელიც გამორჩეულად უყვარდა. ცოცხალ სწავლებად მან თავისი მოწაფეები დაგვიტოვა, აგრეთვე, წინამდებარე წერილები და ხსენებული „ათხმოვანი სულიერი საყვირი", რომელიც ცნობილ ჟურნალ „ათონურ ბიბლიოთეკაში“ გამოქვეყნდა.
შენიშვნები
- წმ.ბრიენა (ბერძ. Βρυαινη) წმ. ფანტინეს დედა იყო (IX-Xსს) და ერთად აქვთ ხსენების დღე – 30 აგვისტოს/13 სექტემბერს. ↩
- დესპინა (ბერძ. Δισποινα – ქალბატონი) – ბერძნული ქალის სახელი, არქმევენ ღმრთისმშობლის პატივსაცემად. ↩
- წმ. ნიკოლოზ პლანა (1851-1932) – ცნობილი სულიერი მოძღვარი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი უბრალოებით და ღმრთისმსახურების სიყვარულით (ყოველდღე აღასრულებდა წირვას). წარმოშობით კუნძულ ნაქსოსიდან იყო და მოღვაწეობდა ათენში. კანონიზაცია მოხდა 1992წ. ხსენება აღინიშნება 2 მარტს „ასტერი“ ჰქონდა, გახლდათ ნეა სკიტში, ნათლისმცემლის ტაძრის ქტიტორი (მაშენებელი). მოგვიანებით კი დიდად შეეწია წმიდა იოსებს ავადმყოფობის დროს. ჩვენი კრებულის სამი მანუგეშებელი ეპისტოლე სწორედ მისთვისაა მიწერილი. ↩
- “ათხმოვანი სულითმოძრავი საყვირი” (ბერძ. Η Δεκάφωνος Πνευματακίνητος Σάλπιγξ) – წმ. იოსებ ისიქასტის ვრცელი წერილი-ტრაქტატი. ბერძნულ ენაზე ბიოგრაფიის დანართად იბეჭდება, რის გამოც ეს მნიშვნელოვანი ნაშროში ჩრდილში ექცევა, ამიტომ ქართულად იგი „ცხოვრებას“ არ დავურთეთ. ↩
- იხ. ბერ იოსებ ვატოპედელის ,,წმინდა იოსებ ისიქასტი”, ვატოპედის მონასტერი, 2022. ↩
- ბერძნული სიტყვა …εια, ისევე როგორც რუსული тетя ნიშნავს დეიდას მამიდას და ბიცოლას. ალექსანდრა, სავარაუდოდ, მამიდა იყო, თუმც, დანამდვილებით არ ვიცით. ↩
- თავის საცოლეს გულისხმობს. ↩
- იხ. წერილი 132, გვ. 446. ↩
- მონაქოლოგიონი (ბერძ. μοναχολογιον) – ათონურ მონასტრებში არსებული მონაზვნების ოფიციალური რეესტრი. ↩
- ბერი იერონიმე ეგინელი (1883 -1966) – მკაცრი სულიერი მოღვაწე და ცნობილი მოძღვარი დაიბადა კაბადოკიაში. სოლო 1922 წელს კუნძულ ეგინაზე დამკვიდრდა. მღვდელი იყო, თუმცა უფრო ხშირად უბრალო ბერად მოიხსენება, რადგან წირვისას ერთი საღმრთო ჩვენების შემდეგ დიდი მოკრძალების გამო შეწევიტა მსახურება. ↩
- იხ. წერილი 132, გვ. 446. ↩
- მცირე აზია – დღევანდელი თურქეთის ტერიტორია. ტერიტორიის გეოგრაფიული აღქმის გარდა, ბერძნებისთვის „მცირე აზია“ ასოცირდები დაკარგულ სამშობლოსთან (ბიზანტიის იმპერია), ასევე ძირძველ ქრისტიანულ ტრადიციებთან, როდესაც ბერძენი იტყვის, რომ ვინმე მცირეაზიელია, ქვეცნობიერად უკვე პატივისცემით მსჭვალავს თანამემამულე მოსაუბრეს. ↩