ფსალმუნნში წერია: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქუენ ყოველნი”1. ესაა ადამიანის დანიშნულება, როგორც ღმერთის ხატად შექმნილისა და მისი მსგავსებისკენ მოწოდებულისა.
მუდმივად საღმრთო ნათელში იმყოფებოდა
ღირსი იოსებ ისიქასტი მთელი ცხოვრება იმისთვის ირჯებოდა, რომ ღმერთი შეეყვარებინა მთელი თავისი არსებით, მთელი გონებით, მთელი გულით, მთელი სურვილით, მთელი სულით. იგი ცდილობდა თავისი საქმეები უფლის მცნებების და ნების მიხედვით წარემართა. გაურბოდა ბოროტებას, ყოველივე სიკეთეს აკეთებდა და სინდისს სუფთად იცავდა. ამის გამო მუდმივად საღმრთო ნათელში იმყოფებოდა, რომელიც ბრწყინავდა. არა მარტო მის სულში, არამედ სხეულის გარეთაც. „ნათელი მოვიდა სოფლად… ხოლო რომელი(ც) იქმნ ჭეშმარიტებასა, მოვალს ნათლად, რაითა ცხად იყვნენ საქმენი მისნი, რამეთუ ღმრთისა მიერ ქმნულ არიან”2.
მას, ვინც ამ წუთისოფელში სიყვარულის სათნოებით საკუთარ სულს განიწმედს, ღმერთი გამოეცხადება, როგორც ნათელი, ოღონდ არა ბუნებრივი, არამედ საღმრთო ნათელი. მიუწვდომელი და ყოველივეზე აღმატებული. ღმერთი ამას თავისი განუზომელი სახიერებისა და გულმოწყალეობის გამო იქმს. მათ, რომელთაც უფლის არ სწამთ და სინანულითა და სიმდაბლით არ იღვწიან საკუთარი ცხონებისთვის, არ შეუძლიათ ჩასწვდნენ იმას, რომ მიუწვდომელი ღმერთი ყოველივე ხილულს სცილდება, მაგრამ მდაბლდება მათთვის, რომელთაც უპყრიათ მისი სახელი. შესაძლებელს ხდის თავის თავთან ზიარებას და ხდება მათთვის „უხილავად ხილული“, თანაც ისე, რომ ადამიანური ლოგიკა და მსჯელობა ვერ იტევს. აგრეთვე, სათნოების მოყვარულთ და სრულყოფილების მსურველთ ანიჭებს მზარდ და დაუოკებელ საღმრთო წადილს, რამეთუ ისინი ხედავენ მას, „ვითარცა იგი არს“*(როგორიც არის).
წმიდა იოსებ ისიქასტმა განიცადა და ისწავლა საღმრთო საიდუმლოები და ამიტომ შეძლო, როგორც სულიერმა მამამ, შემდგომი თაობებისთვისაც გადაეცა ის ცოდნა, რომელიც ამა სოფელს მოშორებული უდაბური გამოქვაბულების უჩინო მოწამეობრივი ცხოვრებით შეიძინა.
ცხოვრებაშივე გაითქვა მაღალი სულიერების მქონე მოღვაწის სახელი მონაზონთა და ერისკაცთა შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეპოქა იყო პოლიტიკურ-ეკონომიკურად რთული და ანტიმონაზვნური სულით გაჟღენთილი, მისი სათნოება ვერ დაიმალა. რადგან „ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა“3. ღირსი იოსები 36 წლის იყო, როდესაც თავის დას, რომელსაც ათონის გარეთ მასთან შეხვედრა ეწადა, სწერდა: „როდესაც [მთაწმიდის გარეთ] გავდივარ, ხალხი თავზე მეხვევა ჭამასაც არ მაცლიან ხოლმე. დღედაღამ ვლაპარაკობ. ერთი მიდის და სხვა მოდის, განუწყვეტლივ. ამიტომ [გეუბნები], უკმაყოფილო დარჩები და ჯობია ამაზე ფიქრს თავი დაანებო-მეთქი. მხოლოდ წერილებითაც შევძლებთ ყველაფერს“4.
წმიდა იოსებ ისიქასტის წერილები – „[ჩემი წერილი] ტკბილეულის მაგივრად გქონდეს“
დიდი ბერი თავის სულიერ შვილებს გამოქვაბულებიდან და ასკეტური კალივებიდან წერილების მეშვეობით არიგებდა, ძირითადად, ღამისთევისა და საღმრთო წირვის შემდეგ, როდესაც წმიდა ნათლის ზიარი უფრო მეტად ხდებოდა – სწორედ მაშინ იწყებდა ეპისტოლეების წერას. მან იცოდა, რომ წერილების მეშვეობით სულიერ ცოდნასა და სიხარულს გადასცემდა იმათ, რომლებიც მის სიტყვას იღებდნენ. წერდა: „დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და ვჩქარობ გიპასუხო, რათა ქრისტეშობას ტკბილეულის მაგივრად გქონდეს”5.
ეს ეპისტოლეები, მიუხედავად იმისა, რომ ბერების ყოველდღიური სადა ცხოვრების უამრავ წვრილმანს ეხება, სულიერ საკითხებში ადამიანურ განზომილებებს სცილდება. წმიდა იოსები წერდა: „როდესაც უფლის სიყვარული ადამიანის სულს ალივით მოედება, ვერანაირი საზომით ვეღარ შემოისაზღვრება“6. დიდი სიყვარულითა და სულიერი მზრუნველობით შრომობდა წერილების წერისას. „აი, უამრავი ადამიანი, უამრავი ქრისტიანი სამყაროს ყოველი კუთხიდან წერილით გვთხოვს, გვემუდარება სულიერი საზრდო გავუზიაროთ, ტირიან, გვიხმობენ, სწყურიათ შეგვხვდნენ ან მოგვისმინონ. იმდენი წერილი მოდის, რომ ჭამის დროც აღარ გვრჩება“7.
ამ ეპისტოლეებს ჩვენი მონასტერი, როგორც თაფლსა და გოლეულს, სთავაზობს ყოველ ადამიანს. დღეს, როდესაც მიიცვალნენ დიდი ბერის თანამედროვენი, რომელთაც არ ესმოდათ მისი „უცნაური“ ცხოვრების წესი, ეს უფრო ადვილია. ის ადამიანებიც გარდაიცვალნენ, ვის მიმართაც და ვის შესახებაც წერს წმიდანი თავის წერილებს. სანამ ისინი ცოცხლები იყვნენ, ამის გასაჯაროება შეუძლებელი იყო, რადგან ეპისტოლეებში მათი პიროვნული საკითხები მოიხსენიება. ღმერთის განსაკუთრებული წყალობით ჩვენში სავანემ ბოლო წლებში წმიდა იოსების ხელით ნაწერი 141 წერილი შეიძინა, რომლებიც ახლა ჩვენს არქივში ინახება. ღირსი მამის გარდაცვალებიდან სამოცი წლის თავზე ვაქვეყნებთ ამ ეპისტოლეებს ქრონოლოგიური მიმდევრობით, თანაც იმ სახით, როგორითაც პირველწყაროშია8.
ამ წერილების მეშევობით საშუალება გვეძლევა გავეცნოთ წმიდანის სულიერ ღვაწლს, რომელიც სული წმიდის მოხვეჭისა და ღმერთის შვილობის მოსაპოვებლად გასწია. მათში ვხედავთ აგრეთვე ღმერთის მამობრივ მზრუნველობას თავის ერთგულ შვილზე, რომელსაც სიწმიდე მონაზვნური ცხოვრების დასაწყის ეტაპზევე მიანიჭა. საღმრთო განგებულების ალერსი დიდმა მამამ განსაკუთრებულად და მრავალჯერ შეიგრძნო, რადგან გადაჭარბებული სიყვარული ჰქონდა უფლის მიმართ და ასევე განუზომლად ირჯებოდა მისთვის ფიზიკურად და სულიერად. წერილებში ჩანს ისიც, თუ რა ჯაფა და პასუხისმგებლობა ეტვირთა როგორც სულიერ მამას, რათა სულებს ქრისტესკენ მოციქულებრივად გასძღოლოდა. წერდა: “ჩემო დაო, აი, გპასუხობ იმაზე, რასაც მეკითხები და მერწმუნე, რომ მიყვარხარ და სრულ სიმართლეს გეუბნები – ჩემი წადილი, ჩემი გულის წვა, სულის მუდმივად შემწველი ჩემი საღმრთო და ერთადერთი სურვილი ის არის, რომ სულები ვაცხოვნო, ჩვენს უტკბილეს იესოს გონიერი მსხვერპლი შევწირო"9.
მისი ეპისტოლეების მეშვეობით იმასაც ვიგებთ, თუ რა სულიერი ღვაწლი უნდა გასწიონ სულიერმა მოწაფეებმა – როგორ უნდა შეიწყნარონ ის რჩევები, რომლებიც სულიერი მამის ღრმა სულიწმიდისეული გამოცდილებიდან მომდინარეობს; თუ რა მნიშვნელობა აქვს მოძღვრისთვის გამგონე მოწაფეს, რომელსაც მორჩილება და დარიგებების ათვისება ძალუძს; რას ნიშნავს ურჩი ან სულიერად სუსტი მოწაფე, რომელსაც მხოლოდ მამის სულიერი ჯაფა და გულისტკივილით აღვლენილი ლოცვა თუ აცხოვნებს – ის, რაც მოძღვართა უმეტესობისთვის ძნელად მიღწევადია.
მცირედნი არიან სულიერი მამები, რომლებსაც უფლის მიმართ ისეთი კადნიერება აქვთ, რომ შეუძლიათ, ქრისტეს წარმოცალიერება და მსხვერპლის მიბაძვით, გაუძლონ მოწაფეების შეცდომებით, ცოდვებით გამოწვეულ შერკინებას ჯოჯოხეთის ძალებთან. ამბა ისიდორე ეგვიპტელზე ამბობენ: როდესაც გაიგებდა, რომ ვინმეს ურჩი მორჩილი ჰყავდა და გაგდებას უპირებდა, ეტყოდა, მომიყვანეო. შემდგომად, თავისი სულგრძელებითა და მოთმინებით აცხოვნებდა ასეთ გაუგონარ მონაზვნებს; მაგრამ მოწაფეთა შორისაც მრავლად არ არიან ისინი, რომლებიც უძლურების ჟამს ასეთ სულიერ მამებს ეძიებენ. მიზეზი ის არის, რომ ან ვერ ამოიცნობენ ასეთ ადამიანებს (ძირითადად უდებებისა და სულიერი უმეცრების გამო), ან ვერ შეხვდნენ მსგავს პიროვნებებს, რადგან ასეთ წარმატებულ მამებს კაცი ადვილად ვერ პოულობს.
შენიშვნები
- ფსალმ. 81.6. ↩
- იოან. 3,19-21. ↩
- მათ. 5,14. ↩
- იხ. წერილი 4, გვ. 85. ↩
- იხ. წერილი 70, გვ. 295. ↩
- იხ. წერილი 41, გვ. 186. ↩
- იხ. წერილი 10, გვ. 99. ↩
- ათონის ფილოთეუს მონასტერმა წმ. იოსების წერილები პირველად 1979 წ. გამოსცა სათაურით “გულმოდგინედ აღვედ” (ბერძ. … αναβαινε), ხოლო 1985 წლიდან სხვა სახელწოდებით გამოსცემს: “მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა” (ბერძ. Εχφρασις μοναχιχης εμπειριας). მოგვიანებით ჩვენმა მონასტერმა ხსენებულ კრებულში შეუსვლელი 28 ეპისტოლე გამოსცა, რომლებიც ამ წიგნში ჩავრთეთ. ↩
- იხ. წერილი 10, გვ. 98-99 ↩