წმინდა ნექტარი – ჩვენი ცხოვრების შთაგონება – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

წმინდა ნექტარი – ჩვენი ცხოვრების შთაგონება – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი

როდესაც 17 წლის ვიყავი, ვიღაცამ მაჩუქა — ან ალბათ თქვენც იცნობთ — სოტოს ხონდროპულოსის წიგნი „წმინდანი ღვთისა“ (მაშინ მე-20 საუკუნეში ვიყავით) და მითხრა: „წაიკითხე ეს წიგნი და ძალიან მოგეწონება“. მართლაც წავიკითხე და ძალიან მომეწონა.

როდესაც ბერი გავხდი, მახსოვს ჩემი ნეტარხსენებული ბერი, რომელიც ასეთი სულიერი ადამიანი იყო; საუბრებში გვეუბნებოდა: „საბოლოოდ, ეს სოტოს ხონდროპულოსი ძალიან შეეწია წმინდანს, რადგან ამ სოტოს ხონდროპულოსს, რომელიც ჩვენ არასდროს გვინახავს, სხვა წმინდანთა ცხოვრებებიც აქვს დაწერილი. მაგრამ ამ წიგნში, ამბობს ბერი, წმინდა ნექტარის განსაკუთრებული მადლი იყო. მიუხედავად იმისა, რომ წერის მანერა მხატვრულ-რომანტიკული ჰქონდა, მაინც შეჰყავდი სიღრმეში და გრძნობდი სიტკბოებას წმინდა ნექტარის მიმართ, სიყვარულით და მოწიწებით, და ამბობდი, რომ ეს წმინდანი რაღაც განსაკუთრებულია“.

მეტყვით: განა არსებობს წმინდანი, რომელიც განსაკუთრებული არ არის? რა თქმა უნდა, არა. მაგრამ ხედავთ, რომ თითოეულ წმინდანს თავისი დიდება და თავისი მადლი აქვს — „ვარსკვლავი ვარსკვლავს განეყოფვის დიდებითა“ — და მართლაც, ამ წმინდანთან, ამ წმინდასთან ასე იყო, განსაკუთრებული სიახლოვე ჰქონდათ ჯერ კიდევ პატარაობიდან, 17 წლის ასაკში — მართლაც ახალგაზრდა ვიყავი.

ერთხელ ვიღაცამ მომცა ეს ფოტო, სადაც რიზარის სასულიერო სასწავლებლის წინ ზის პატარა ჯვრით ხელში, და იმდენად მომხიბლა ამ წმინდანის ფოტომ, რომ მართლაც მინდოდა, კავშირი გვქონოდა ამ წმინდანთან.

როდესაც ეს ცხოვრება წავიკითხე და მისი მდუმარება დავინახე — ადვილი არ არის, კარგად ვიცით — წინასწარმეტყველი და მეფე დავითი წმინდანი იყო, მყუდროებისმოყვარე, ნეპტიკოსი, ანუ გონების მღვიძარე, რადგან მართლმადიდებლობაში პირველი ნეპტიკური წიგნი ფსალმუნია. ამიტომაც არის ძველი კანონიც, რომ ვინც ეპისკოპოსად ხელდაისხმება, ზეპირად უნდა იცოდეს ფსალმუნი — ეს შემთხვევითი არ ყოფილა. თვითონვე ამბობს: „მიხსენ მე ცილისწამებისაგან კაცთაისა და დავიცვნე მცნებანი შენნი“.

ამ ადამიანს მართლაც ცილი დასწამეს, განდევნეს და თანაც საიდან? ანაფორიანთაგან! რადგან სხვაა, როდესაც ამას ამქვეყნიური ადამიანი აკეთებს, რომელსაც, კარგი, თავისი პატივმოყვარეობა და ინტერესები აქვს, და სხვაა, როდესაც ამას ანაფორიანი აკეთებს. ამიტომაც თვითონ წმინდანი გულგრილი ან უგრძნობელი არ ყოფილა, მიუხედავად ამისა, იცოდა იმ შეთქმულების შესახებ, რომელიც მოაწყვეს და რომელშიც მოხუცი პატრიარქის სიბერე გამოიყენეს, რომელსაც დიდი გავლენა ჰქონდა წმინდა ნექტარზე. ჩვენ შორის რომ ვთქვათ, ღვთის კაცი იყო…

მახსოვს, ვკითხულობდი წიგნს წმინდა ანტონის შესახებ, რომელიც დიდმა ათანასემ დაწერა, და ერთმა წინადადებამ ძალიან გამაოცა: წმინდა ათანასე, ეს დიდი კაცი — თვითონაც განდევნილი — ამბობს, რომ არა მხოლოდ მაშინ ვიღებდი სარგებელს, როდესაც სულიერი მამის, დიდი ანტონის სამოსახლოში მივდიოდი, არამედ ქვეყნიერებაში რომ ვიყავი და ვინმე შემთხვევით წარმოთქვამდა სახელს „ანტონი“, მაშინვე მიხაროდა გული და მაშინვე სული ბერისკენ მიდიოდა, ვიღებდი სარგებელს და ღვთის მადლს ვიღებდი.

ზუსტად ასეთია წმინდანი: მისი ხსენება, მისი შენიშვნა, თუნდაც ის საყვედურები ან გამონათქვამები, რასაც გვეუბნებიან, სიხარულს გვაძლევს, რადგან ღვთის მადლს გვაძლევს.

ამ წმინდანს კი ეს განსაკუთრებული მადლი ჰქონდა, რომელიც კურთხევას აფრქვევდა, აფრქვევდა მშვიდობას, როგორც თვითონ ქრისტე ეუბნება მოციქულებს: სადაც შეხვალთ, თქვით: „მშვიდობა სახლსა ამას“. მშვიდობა, როგორც ვიცით, ნეიტრალური რამიდან არ მოდის — მშვიდობა ადამიანიდან მოდის. იმისთვის, რომ მშვიდობა გასცე, თვითონ უნდა გქონდეს მშვიდობა. ზუსტად ასე, ეს წმინდანი მშვიდობას აფრქვევდა და არა უბრალოდ სიმშვიდეს, რასაც ბევრი ამბობს — სხვაა სიმშვიდე და სხვაა მშვიდობა; სიმშვიდეს ხშირად ფსიქოლოგებიც ახსენებენ, იცით.

და მართლაც, ეს მშვიდობა, რომელსაც აფრქვევდა, როგორც ჩანს, ბოროტ შურს აღძრავდა მის თანამოძმეებში, რომლებმაც ეს ცილისწამება და ბოროტება მოაწყვეს, თითქოს კეთილი საქმის სახელით, როგორც ჩანს წმინდა ნექტარის წიგნიდან „პატრიარქის“ შესახებ, სადაც ერთ-ერთი წიგნი მიუძღვნა თავის კეთილისმყოფელს, ალექსანდრიის პატრიარქ სოფრონს, და ეუბნებიან: „ეს მოხუცი სუსტია, აზრი უნდა შევუცვალოთ“, და მიაღწიეს კიდეც იმას, რაც ჩაიფიქრეს, თითქოს მართალი საქმის გამო, და ამან მილიონობით ადამიანს შეუწყო ხელი.

მართლაც, ჯილდოც კი მიიღო, რაც ასევე საიდუმლო და წმინდანის სასწაულია, რადგან მღვდელს რომ დაინახავენ, ჩვეულებრივ ეშმაკეულებივით იქცევიან. ამას წინათ მოვიდა ერთი, ახლა მოქცეული რწმენაში, და მეუბნება, რომ ადრე სხვანაირად ლაპარაკობდა მღვდლებზე, და ვეუბნები: „აბა, რას იტყოდი, როცა სულიერად დაბნელებული და შეპყრობილი იყავი?“ და მიიღეს ეს ჯილდო, და რამდენი ადამიანი მოხიბლა და შთააგონა ამ წმინდანმა!

ერთ-ერთი ღვთისმოსავი ადამიანი, იცით, წმინდა პაისიზე ამბობდა — ის ღვთისმოსავია, მოწიწებით — ეუბნებოდა: „რას აკეთებთ, მაგ საქმეს კარგად არ აკეთებთ, რადგან ეკლესიის მტრებს მიეცით საბაბი…“ არა, შემინდე, ვეუბნები, ჩვენ წარმოვაჩინეთ წმინდანი, რომელიც ეკლესიის ნაყოფია, ეკლესიის შვილია, და ვთქვით, რომ ანაფორიანებიც ადამიანები არიან, რომლებიც ცდებიან და ეცემიან. ვერავინ იტყვის, რომ ეკლესია ცოდვილია, და ვეუბნები ასეთ რამეს: განა უარყოფენ სამედიცინო მეცნიერებას იმის გამო, რომ ზოგიერთ ექიმს შეცდომა მოსდის?

აი, სამი თვის წინ მოვიდა ერთი ექიმი აქ, ვატოპედში, და მეუბნება: „იცი, სინდისის ქენჯნა მაქვს, შეცდომით პაციენტი მომიკვდა, მაგრამ ყველაზე კარგი ის არის, რომ ვერც ჩემმა კოლეგებმა გაიგეს და ვერც გარდაცვლილის ნათესავებმა“. ვეუბნები: „შვილო ჩემო, ეს დაუდევრობაა, განზრახ არ გაგიკეთებია, და უნდა მოვინანიოთ, რომ ღმერთმა მოგვიტევოს“. ვერც მე და ვერც სხვა ვერ ვიტყვი, რომ ამ წუთიდან უარვყოფ სამედიცინო მეცნიერებას, რადგან ერთმა ექიმმა შეცდომა დაუშვა; ისევე, როგორც ვერ უარვყოფ მედიცინას იმის გამო, რომ არსებობენ არცთუ კარგი ექიმები, ვერც ეკლესიას უარვყოფ იმის გამო, რომ ზოგიერთი ანაფორიანი თავისი მოწოდების მიმართ დაუდევარია.

ზუსტად ასე იყო წმინდა ნექტარიც, რომელიც ეგვიპტიდან განდევნეს — წამოვიდა, აქ ჩამოვიდა, მაგრამ დევნილობაში აღმოჩნდა იმ წერილების გამო, რომლებიც გემის ჩასვლამდე მივიდა; თითქოს უზნეო, არათანმიმდევრული, ქარაფშუტა და კიდევ ბევრი რამ ყოფილიყოს — ამიტომ ყველა კარი დაიხურა. მაგრამ ის, რასაც წმინდა ეფრემ კატუნაკელი მეუბნებოდა — რომელიც ძალიან აფასებდა და უყვარდა ეს წმინდანი, და ვის არ უყვარდა ჩვენ შორის — ის არის, რომ წმინდანი გაჩუმდა.

როგორც დასაწყისში ვთქვი, გაჩუმდა, რადგან მის შიგნით უფალი ღმერთი ლაპარაკობდა, ქრისტეში ცხოვრობდა, და თუმცა ამ ქვეყნიერებაში იყო, ხედავთ, მისი გონება ზეცაში იყო. ამიტომაც, ხედავთ, სოტოს ხონდროპულოსიც ხშირად ამბობს, რომ იღებდა კალამს, რათა წერილი დაეწერა და თავისი ლოგიკური წუხილი გამოეთქვა, მაგრამ ჩერდებოდა — მადლი არ უშვებდა.

და როგორც კარგად ვიცით, ვინც სულიერ კანონებს ვიკვლევთ, არავის მიმართ არ უნდა გვქონდეს წყენა ან საყვედური: ვისაც ვინმეს მიმართ რაიმე საყვედური აქვს, სულიერად სნეულია. ჩვენ საყვედური მხოლოდ საკუთარი თავის მიმართ უნდა გვქონდეს და არავის მიმართ სხვისი. და ხედავთ, წმინდანი, რომელიც მადლთან ერთად იყო, შეძლო — და ჩვენ შორის რომ ვთქვათ, შრომაც გასწია, მაგრამ შრომა, რომელიც ქრისტეში სრულდება, საიდუმლოებით მოცული შრომაა.

და ხედავთ, როდესაც ქრისტე ამბობს: „უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ“, წმინდა დიონისე დაყუდებულიც ქრისტესთან საუბარში ამბობს: „ქრისტე ჩემო, თუკი ტვირთია, როგორღა არის მსუბუქი?“ და მაინც მსუბუქია. ზუსტად ასეა. ამიტომაც გვიჩვენა წმინდა ნექტარმა, რომ აიღო ქრისტეს ჯვარი, თავის თავზე აიღო, ასწია ჯვარი — და რატომ ასწია? იმიტომ, რომ შეიყვარა ჯვარცმული.

მახსოვს, მამა გიორგი, სხვა ამბავიც: გარკვეული დრო კუტლუმუშის მონასტერში ვიყავი და მოვიდა ერთი არქიმანდრიტი — სახელს არ დავასახელებ — რომელსაც, საბრალოს, ერთი სისუსტე ჰქონდა: დილის ათ საათამდე ერთ ჯვარს იკიდებდა, სარკეში იყურებოდა, როგორ უხდებოდა; ათის შემდეგ სხვა ჯვარს იკიდებდა, პირველის შემდეგ — სხვას, და ასე ათიდან ოთხამდე დღეში შვიდ-რვა ჯვარს იცვლიდა და ყოველ წუთს სარკეში იყურებოდა. როდესაც წმინდა პაისთან მივიდა, რომელსაც არ იცნობდა, ბერმა შეხედა ჯვრით და უთხრა: „ჯვარზე კი ნუ ხარ ასე გადართული, არამედ ჯვარცმულზე“. დაბრუნდა უკან და მეც იქ ვიყავი; ცოტა გულუბრყვილოდ მოიქცა და თავის ადგილას დადგა: „ამიერიდან მხოლოდ ერთ ჯვარს გავიკეთებო“. იმის თქმა მინდა, რომ ვინც ჯვარს უძლებს, ის არის, ვინც ჯვარცმულთან არის დაკავშირებული — და ეს ჩანს ქრისტეს აღდგომაშიც.

ამიტომაც უნდა შევისწავლოთ სახარება; ყოველდღე უნდა წაიკითხოს ადამიანმა სახარება. მახსოვს ჩემი ბერი: ყოველდღე კითხულობდა სახარებას, ამიტომაც იცოდა სიღრმეები — ყოველ შეკრებაზე გვეტყოდა სახარების მუხლს და ხშირად იმეორებდა, რომ მასში მარადიული სიცოცხლის სიტყვებია. და მართლაც, როგორც მოციქული პეტრე ამბობს: „უფალო, ვისა მივიდეთ? სიტყვანი ცხოვრებისა საუკუნოისანი გაქვს“ — მართლაც სახარებაშია მარადიული სიცოცხლის სიტყვები. ამიტომაც უნდა წავიკითხოთ და ყოველთვის, ლიტურგიაზეც სახარების წაკითხვის წინ, სპეციალური ლოცვაა — ტყუილად არ არის დადგენილი — რომ განვიწმინდოთ და განვინათლოთ მუდმივად, რათა შევიდეთ იმ ღრმა აზრებში, რომლებიც ამოუწურავია.

ამიტომაც, როდესაც საფლავი გაიხსნა და ანგელოზმა მენელსაცხებლე დედებს უთხრა: „იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯვარცმულსა? აღდგა“, აი, ასე მიიღო წმინდა ნექტარმა ეს მადლი და დიდება.

და თუმცა თავისი თანამოძმეებისგან ჩანდა, რომ არაფრად აგდებდნენ, მაინც, როგორც ქრისტე, როდესაც შეიპყრეს — როგორც იცით, მისი მოწაფეებიც ამბობენ: კარგი მოძღვარი იყო, მაგრამ აქამდე; ნავები და ბადეები და დავუბრუნდეთ ძველ საქმესო — ზუსტად ასე, ჩვენი ქრისტე, ძმებო, გარეგნულად, ადამიანური ლოგიკით, დამარცხებულად და წარუმატებლად ჩანდა: მასთან მყოფთაგან ბევრი წავიდა და მიატოვა, და დარჩა მხოლოდ ერთი, იოანე ღვთისმეტყველი; სხვები — პეტრეც კი, რომელიც მხურვალედ ამბობდა, რომ არ უარყოფდა — არ იცნობდნენ იმ წუთას. ეს მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ქრისტეს მზერამ მოიყვანა ის გონს და სინანულში.

იმის თქმა მინდა, რომ წმინდა ნექტარიც ასე იყო, რადგან წმინდანი ყოველთვის აბსოლუტურად და მუდმივად ქრისტეს პიროვნებასთან უნდა დავაკავშიროთ — არ არსებობს წმინდანი ქრისტესთან კავშირის გარეშე. და ბოლოს, რას ადასტურებენ წმინდანები? სახარებას! რომ ჩვენ გვწამს სახარებისა, როგორც ექიმისა — მისი განკურნებებით.

ეკლესია სულიერი საავადმყოფოა; სხვა საავადმყოფოებივით არ არის, საიდანაც შეიძლება უიმედოდ გამოხვიდე — ეკლესიაში, თუნდაც სულიერ „მორგში“ იყო, იმედი გაქვს. ეს არის დიდი განსხვავება. ამიტომაც წმინდა ნექტარი, რომელიც ქრისტეს შეუერთდა, დიდ მადლს გრძნობდა თავისი განსაცდელის ჟამს.

რადგან უნდა იცოდეთ, და ამას წმინდა მამებიც ამბობენ: თუ გსურს, შეიყვარო ქრისტე, ის დაუშვებს, რომ ყველაფერი იოლად და კარგად არ წავიდეს. ეკლესიაში იმისთვის არ ვართ, რომ მხოლოდ კეთილდღეობა გვქონდეს.

იქ, ვატოპედის მონასტერში, წელიწადში დაახლოებით ხუთიდან ექვს ათასამდე წერილს ვიღებთ და ვპასუხობთ. ხშირად წერილებში ვკითხულობთ: „ილოცეთ, რომ ჩემმა შვილმა სამსახური იპოვოს“, „ილოცეთ, რომ ჩემმა ქალიშვილმა უნივერსიტეტში ჩააბაროს“, „ილოცეთ, რომ ჩემმა ქმარმა სამსახური არ დაკარგოს“, „ილოცეთ, რომ სესხის საქმე მოგვარდეს“. რა თქმა უნდა, ეს კარგი სათხოვრებია, ცუდი არ არის, მაგრამ იშვიათად შეხვდები წერილში: „ილოცეთ, რომ ღვთის სიყვარული განვიცადო“, „ილოცეთ, რომ სინანულში მოვიდე“, რადგან სწორედ ეს უკავშირდება პირდაპირ მარადიულობას.

ამიტომაც, ვფიქრობ, წმინდა ნექტარი იყო ადამიანი, რომელიც გარეგნულად წარუმატებლად ჩანდა, მაგრამ სინამდვილეში წარმატებული იყო, რადგან ზეცის გზავნილი მიიღო, სრულად მიბაძა ქრისტეს და მარტო დარჩა. მაგრამ ვიცოდეთ ეს საიდუმლო, რომ ისინი, ვინც ღვთისთვის მარტო არიან, მარტო არ არიან, არამედ ქრისტესთან არიან შეერთებულნი და თავიანთ თავში მადლის სისავსეს გრძნობენ.

ხედავთ, წმინდანი რიზარის სასწავლებელში იყო; შემთხვევით წაიყვანეს — ვიღაცამ გარეგნულად ცუდად შეაფასა და იქ წაიყვანეს, როგორც ფილმშიც ნახეთ და ა.შ. ერთი იქ შეპყრობილი იყო და დემონად ხედავდა მას, თუმცა თვითონ იყო სულიერად დაბნელებული. წინააღმდეგობას არ უწევდა, არ ეწინააღმდეგებოდა, ამიტომაც არ ლაპარაკობდა.

ამბობდნენ — რაც მძიმე და უსამართლო ცილისწამება იყო — თითქოს მონასტრის მონაზონ დედებს უკანონო ბავშვები ჰყავდათ და მათ ჭაში ყრიდნენ. იყვნენ მონაზონი დედები, რომლებიც ამას ძალიან განიცდიდნენ; ეკითხებოდნენ: „რატომ არ ლაპარაკობ?“ ის კი, როგორც მუნჯი, ხელით ანიშნებდა და არ ლაპარაკობდა. „ალაპარაკდება ეს“, ამბობდნენ.

მაგრამ როდის ალაპარაკდა? ღმერთი არ ივიწყებს, ნელა მოქმედებს, მაგრამ არ ივიწყებს. მაშინ ალაპარაკდა, როდესაც მიიცვალა. თუმცა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც მიიცვალა, არამედ ღვთის იმ ადამიანების პირითაც, რომლებმაც ირწმუნეს წმინდანისა, და თვითონაც დიდი ადამიანები და დღეს ეკლესიის წმინდანები არიან: მამა ფილოთე ზერვაკოსი, წმინდა იერონიმე სიმონოპეტრელი, წმინდა ამფილოქე მაკრისი, წმინდა გერვასი პარასკევოპულოსი, დანიელ კატუნაკელი — ისინი წმინდანის მოწაფეები იყვნენ, რადგან ხე ყოველთვის ნაყოფით შეიცნობა.

ამიტომაც წმინდა ნექტარი იყო უსამართლოდ დაჩაგრული და ის, ვინც თითქოს უარყვეს, დღეს ყველა მართლმადიდებლის გულშია დავანებული, რადგან შეიყვარა ღმერთი, და ღვთის ამ სიყვარულმა მის შიგნით გაანათა, მიიღო ეს განსაცდელი, მაგრამ მარადიულობის სწამდა და მარადიული ცხოვრებით ცხოვრობდა.

ამიტომაც ჩვენი ქრისტე — რომლის სიტყვებიც ფუჭი სიტყვები არ არის, რადგან წმინდა მამები ხაზს უსვამენ, რომ ქრისტეს არასდროს უთქვამს უქმად სიტყვა, არასდროს უვლია უბრალოდ სასეირნოდ და შემთხვევით სასწაული არ მოუხდენია — ქრისტე, როგორც მოღვაწე, როგორც მონაზონი, როგორც მისიონერი, ყოველთვის საჭიროების მიხედვით ცხოვრობდა და არა ახირების მიხედვით, და რაც თქვა, სადაც გაიარა და რაც მოიმოქმედა, ყველაფერი პირდაპირ კავშირში იყო ადამიანის ხსნასთან.

ამიტომაც ქრისტემ გვიჩვენა ეს გზა, რომელსაც გაჰყვა წმინდა ნექტარი, და მართლაც, როგორც თვითონ ქრისტემ თქვა: „ესე არს ცხოვრებაი საუკუნოი, რაითა გიცნობდენ შენ, მხოლოდსა ჭეშმარიტსა ღმერთსა, და რომელ-იგი მოავლინე, იესუ ქრისტე“. მაშასადამე, რატომ ჰქონდა ასეთი რწმენა მარადიული ცხოვრებისა? იმიტომ, რომ შეიცნო ქრისტე, და როდესაც ქრისტეს შეცნობაზე, ჭეშმარიტების შეცნობაზე ლაპარაკობენ — ჭეშმარიტება კი პიროვნებაა — ყოველთვის გამოცდილებით შემეცნებას გულისხმობენ.

მამების ენაში არასდროს არის მხოლოდ განყენებული ინტელექტუალიზმი — ეს დღევანდელი დასავლეთის საცდურია: შეიძლება იკვლევდნენ ყოველივეს ცის ქვეშ, მაგრამ არ იცნობდნენ იმას, ვინც ყოველივე შექმნა. დღეს თანამედროვე კულტურა ხშირად ქმნილებებზეა მიჯაჭვული და ავიწყდება შემოქმედი.

ამიტომაც წმინდა ნექტარი ის წმინდანია, რომელიც მიცვალების პირველივე წუთიდან ახდენდა სასწაულებს. და ხედავთ, მაშინაც კი, როდესაც წმინდა ნაწილებს ოლარი (ეპიტრახილი) მოარგეს, რომ გაეადვილებინათ, თავი წამოსწია.

თავი წამოსწია, და მსგავსი რამ მოხდა არც ისე დიდი ხნის წინ წმინდა სპირიდონთან: ერთი მონაზონი იყო, დაახლოებით 180 კილოგრამი, საბრალო, და უნდოდა კრეტიდან ჩასულიყო. უნდოდა წმინდა სპირიდონის მოლოცვა, მაგრამ არ უნდოდა, რომ სხვებს სცოდნოდათ; გაიარა თავისი გზა, გაუხსნეს, მაგრამ 180 კილოგრამი რომ იყო, როგორ უნდა დახრილიყო? ამბობს: „წმინდანო ჩემო, მინდა პირდაპირ შენს წმინდა ნაწილს ვეამბორო“. მიდის იქ, ვერ ახერხებს, და წმინდანი თავისით იწევა მაღლა და მოალოცვინა.

ეს არის წმინდანთა ყოფნა, ეს არის ღვთის მადლი. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ჩვენი დაუდევრობის გამო ასე ვართ: სულიერი სიგრილე და დაუდევრობა გვაქვს, და ამიტომ უნდა ვთხოვოთ ქრისტეს დახმარება. ხედავთ, წმინდა პორფირი კავსოკალივიტი სწორედ ამას ამბობდა ღვთივბრძენ ბერზე — და ასეც უნდა იყოს. ამ წმინდა ნექტარის ცხოვრებიდანაც ბევრი რამ უნდა ვისაზრდოოთ, ჩვენც, მონაზვნებმა, და ყველამ.

ხედავთ, თვითონაც ჰყავდა მოძღვარი — ბერი პახომი, მისი პირველი მოძღვარი, ვისთანაც მის მიცვალებამდე ჰქონდა ურთიერთობა, და თვითონვე ამბობს, რომ ის უძღვებოდა და მას მორჩილებდა.

მართლმადიდებლურ სულიერებაში სულიერი ხელმძღვანელობა ყოველთვის აუცილებელი და საჭიროა, რათა ადამიანმა წინ წაიწიოს და თავმდაბლობა ისწავლოს. ამიტომაც ყველამ უნდა ვიცოდეთ ეს. შემთხვევით ხომ არ არის, რომ მაშინ მივიდა და დაბრუნდა წმინდა ნექტარის სავანეში — ერთ თვეზე მეტი დარჩა, შემდეგ კი კატუნაკებში, ახლად შერაცხილ წმინდა დანიელთან დამკვიდრდა, რომელიც მოძღვრად ჰყავდა და რჩევას ეკითხებოდა.

ამ დიდ წმინდანთან დაკავშირებით, ამას წინათ ერთი ღვთისმოსავი ადამიანი მოვიდა და მეუბნება, რომ წმინდა ნექტარი გამოეცხადა და უთხრა: „შვილო ჩემო, ბრძოლაა; ხალხმა შეწყვიტა ჩვენი მოხმობა, რომ დავეხმაროთ“. ხედავთ, რომ მტერი ნელ-ნელა ცდილობს, გატეხოს ადამიანების რწმენა.

ამიტომაც მეც მივდიოდი მამა გიორგისთან, წიგნების მაღაზიაში, და ძალიან მიყვარდა; არასდროს დამავიწყდება, ერთხელ უბრალოდ სასაუბროდ რომ მივედი. ძალიან მომწონდა, მადლიანი კაცი იყო, და მეუბნება: „აი, ამ დღეებში ერთი ქალბატონი იყო აქ, რომელსაც შვილები არ ჰყავდა და წმინდა ნექტარს მიმართავდა; საბრალომ არ იცოდა, სად იყო წმინდა ნექტარი, ვუთხარი, ეგინაში წასულიყო და ა.შ.“. მიდიოდა იქ, რომ ზეთი აეღო და დახმარებოდა შვილის გაჩენაში; რომ მივიდა, აღარც ზეთი იყო და აღარც სხვა რამ, მოილოცა, და მხოლოდ პატარა ნახშირი იპოვა წმინდანის საფლავზე, აიღო, დაორსულდა, გააჩინა ბავშვი, მაგრამ ბავშვს ხელი ჰქონდა დაზიანებული, ხელისგული თითქოს ერთიან მასად ჰქონდა.

რა თქმა უნდა, დამწუხრდა, რომ ბავშვს ხელი არ უმოძრავებდა, ორმოცი დღის შემდეგ მიდის და ბავშვს წმინდანის საფლავზე აწვენს: „წმინდანო ჩემო, მინდა ჯანმრთელი ბავშვი“. უშლის პატარა ხელს და ხედავს, რომ შიგნით ის პატარა ნახშირია, და შემდეგ, მგონი, ამის შესახებ დაიწერა კიდეც წმინდა ნექტარის სასწაულებში.

და რამდენი ასეთი შემთხვევაა! ამიტომაც მოდის ახლა ამდენი რუმინელი, რომ თვითონ წმინდანი არაერთხელ დახმარებია ხალხს მოულოდნელად: აღდგომის დღესასწაულზე, დიდ კვირაში, მივიდნენ ეპისკოპოსთან და ეუბნებიან, რომ მღვდელი არ ჰყავთ ნათლობისთვის; ეპისკოპოსმა უთხრა, რომ ყველა გაგზავნილი ჰყავს და ვერავის გაუშვებს, მაგრამ იქ ერთი მოხუცი გამოჩნდა, რომელმაც მთელი ბრწყინვალე შვიდეული ნათლობები შეასრულა. მივიდნენ ეპისკოპოსთან მადლობის სათქმელად, ეპისკოპოსმა კი უთხრა: „მე არავინ გამომიგზავნია, ვინ იყო?“ „სახელი არ უთქვამს, მეუფეს იხსენიებდა“. ნახეს სანათლობო წიგნი და იქ ეწერა: „პენტაპოლელი ნექტარი“. ამიტომაც მოდის ამდენი რუმინელი წმინდა ნექტართან ბოლო წლებში.

მაშასადამე, დიდი კურთხევაა ეს წმინდანი; მოვუხმოთ მას, არ დავიწუწუნოთ, და დაჟინებით ვთხოვოთ, რომ შეგვეწიოს. და არ დაგვავიწყდეს, ძმებო, რომ ქრისტე ჩვენთვის განკაცდა — სრულად ღმერთი და სრულად კაცი — არ მოსულა მხოლოდ მცნებების მოსატანად, როგორც ზოგიერთს ჰგონია; მცნებები უკვე მოცემული იყო, არამედ თვითონ ღმერთი-სიტყვა მოვიდა, რომ საკუთარი თავი მოეცა ჩვენთვის. ამიტომაც წმინდა ნექტარი ნათელში ხედავდა მას, რომ თვალს ვერ უსწორებდა; ნახეთ ის საგალობელი, რომელიც დაწერა, „უბიწოო ქალწულო“, რომელსაც გალობენ და ამბობენ, რა ლამაზია და ყოველთვის მოწიწებით მიმართავს ღვთისმშობელს.

შევიყვაროთ ის, შევევედროთ მას, განსაკუთრებით ამ მძიმე დღეებში, რომლებსაც განვიცდით — მართლაც მძიმე დღეებია და სუფევს შფოთი, გაურკვევლობა, სიძნელეები. ჩვენ კი ქრისტეში უნდა ვიცხოვროთ, რათა რწმენით გადავლახოთ განსაცდელები, და როგორც „გერონტიკონშია“ (ბერთა ნათქვამების კრებულში) — ძალიან კარგ წიგნში, რომელიც მხოლოდ ისტორია კი არ არის, არამედ წმინდა ბერების გამოცდილებაა — ნათქვამია: თუნდაც ცა და მიწა შეერთდეს, ღვთის კაცი არასდროს შეირყევა, რადგან სწამს იმისი, ვისაც ძალუძს ხსნა.

წმინდა ნექტარი ღვთის მეგობარი იყო და ამ ცხოვრებიდანვე მისი სასუფევლის მემკვიდრე, და ახლა ყველანი გააოცა თავისი ყოფნით, სასწაულებითა და მადლით, და დაამტკიცა, რომ იესუ ქრისტე გუშინ, დღეს და უკუნისამდე იგივეა.

ამინ.


წყარო: pemptousia.gr

Share