მეომრის უმთავრესი თვისება და წესი უკანდაუხევლობაა. ის არასდროს არ უნდა ნებდებოდეს. მხედართმთავარი თავიდანვე აფრთხილებს თავის მეომრებს, რომ წინ დიდი საფრთხეები და ხაფანგები ელოდებათ. ამას იმისთვის აკეთებს, რომ მისმა მეომრებმა როგორმე სიფრთხილე გამოიჩინონ და ტყვედ არ ჩავარდნენ. მარტო დარჩენილი, მშიერი და დაჭრილი მეომარი ხომ ძალიან დიდი საცდურის წინაშე დგას, რომ გატყდეს და მტერს დანებდეს. მის ამ მდგომარეობას მტერი ყველანაირად გამოიყენებს. თავადაც მშიერი მტერი პურის ნატეხს მიაწვდის, რათა აჩვენოს, რომ საჭმელი საკმარისად აქვს. თავად გაყინული და ნახევრადშიშველი ტანსაცმელს მიაწვდის, რათა აფიქრებინოს, რომ მდიდარია. ჩუმად რაღაც წერილებსაც აჩვენებს, რომელშიც მოტყუებით ეწერება, რომ მისი გენერალი მოკვდა და მისი მეფე დანებებას ითხოვს! მტერი მას მშობლიურ კერასთან მალე დაბრუნებას, თანამდებობას, ფულს და ყველაფერს შეჰპირდება. მტრის ასეთი მზაკვრული ხერხებს მხედართმთავარი თავიდანვე აღუწერს თავის მეომრებს, რათა არ მიიღონ მსგავსი ცრუ შემოთავაზებები, უკან არ დაიხიონ და სიკვდილამდე თავიანთი სამშობლოს ერთგულნი იყვნენ.
უკანდაუხევლობა უმთავრესი თვისებაა ქრისტეს მეომრისთვისაც, რომელიც დაცემულ ანგელოზებს, ამასოფლის სულსა და საკუთარ ვნებებს ებრძვის. ქრისტეც, როგორც ამ დიდ ომში ჩვენი მხედართმთავარი, მუდამ გვაფრთხილებს, მუდამ ცდილობს, რომ დაგვიცვას და წინდაწინ შეგვაიარაღოს. საფრთხე ძალიან დიდია, ხოლო ჩვენი მტერი ნებისმიერ მტერზე მეტად საზარელი და მზაკვარია. ქრისტე ამას ძალიან მკვეთრად გამოხატავს და ამბობს: „აჰა ესერა ეშმაკმან გამოგითხოვნა თქუენ აღცრად, ვითარცა იფქლი“ (ლკ. 22:31). იმ დღიდან მოყოლებული, რაც მან პირველი ადამიანი შეაცდინა, ის მუდამ მოუკლებლად ცდილობს სხვების დაცემას და დაღუპვას. ის გაუჩერებლად მოითხოვს ჩვენზე საკუთარ უფლებებს და ცდილობს ქრისტეს წაართვას ჩვენი თავი და თავის საკუთრებად გვაქციოს.
ყველანაირი ხერხით ცდილობს, რომ ქრისტეს მეომრები მოტყუებით მიიზიდოს, ცრუ აღთქმებით გონება დაუბინდოს და საკუთარი „სიმდიდრე“ უჩვენოს. მასზე მეტად არავინ შიმშილობს, მაგრამ მშივრებს ის პურს სთავაზობს და ცდილობს როგორმე გატეხოს ისედაც დასუსტებული ადამიანი. მასზე შიშველი არავინაა, მაგრამ ის მუდამ ცდილობს, რომ თავისი ცრუ და მდიდრული შესამოსელით შემოსოს ადამიანი. მასზე ღარიბი არავინაა, მაგრამ ის აჯერებს ადამიანებს, რომ უმდიდრესია და მთელი სამყაროს ქონება მას ეკუთვნის. მასზე მწარედ არავინ დამარცხებულა, მაგრამ მუდამ ცრუდ იქადის და ყველას თავს გამარჯვებულად აჩვენებს. ისე წარმოაჩენს, თითქოს ქრისტეს მხედრობა დამარცხდა, თითქოს ქრისტემ უკან დაიხია და გაიქცა ბრძოლის ველიდან. ის მატყუარა და სიცრუის მამაა და მთელი მისი ძალა მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეშია. ჩვენმა უფალმა და მხედართმთავარმა ქრისტემ წინასწარ აღგვიწერა მისი მზაკვრული ხაფანგები და საკუთარი მაგალითით გვასწავლა, თუ როგორ და რა იარაღით ვებრძოლოთ მას.
პირველ რიგში, ჩვენი უმთავრესი იარაღი – თავად ქრისტეა. ჩვენს გულში მისი მკვიდრობა მისი საღმრთო ძალმოსილებით აღგვავსებს და ამით უმთავრეს იარაღს გვაძლევს უხილავ ბრძოლაში. საოცრად მანუგეშებლად და გამამხნევებლად ჟღერს სახარებაში გაჟღერებული მისი უკანასკნელი სიტყვები: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა. ამინ“ (მთ. 28:20). ჭეშმარიტად, მისი არსებობა და მყოფობა მილიონობით უშიშარი ქრისტეს მეომრის მიერ მოწმდებოდა მთელი ისტორიის განმავლობაში: მისი მოციქულების, მოწამეების, აღმსარებლების, ღმერთშემოსილი მამების, კეთილმსახური ქალწულებისა და წმინდა მამების მიერ! არა მხოლოდ მაშინ გამობრწყინდა ქრისტეს ნათელი მათ მიერ, არამედ ახლაც, აწმყოშიც ცხადად ვლინდება მათ გულებშიც, რომლებიც ჯერაც არ დანებებულან ამასოფლის სულს. ასეთივე ნათელი, ცხადი და უტყუარია მისი სისხლის და ხორცის, მისი ვნების, მისი სიტყვების, მისი პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის, მისი აღდგომისა და უხრწნელი დიდების ძალმოსილება! ვინც ქრისტე ცოცხლად ირწმუნა, მასში ელექტროენერგიის მსგავსად უწყვეტად მიედინება ქრისტეს ძალის ნაკადი. ვისშიც ეს ჯერაც არ დაწყებულა, ყველაფერი გააკეთეთ, რასაც სახარებაში ვკითხულობთ და გააცოცხლეთ ეს თქვენს თავში.
ჩვენმა უფალმა იესუ ქრისტემ, გარდა საკუთარი თავისა, რომელიც, როგორც ვთქვით ჩვენი უმთავრესი ძალაა ამ სასტიკ ბრძოლაში, გვირჩია, რომ იარაღის სხვადასხვა სახეობა მისივე დახმარებით გამოგვეჭედა. ასეთი იარაღებია: მოუკლებელი სინანული, მოუკლებელი იესოს ლოცვა, მოუკლებელი გულმოწყალება, მოუკლებელი ქრისტესმიერი სიხარული და საკუთარი სიკვდილის მოუკლებელი ხსოვნა. ასევე ქრისტესთვის და მასზე მინდობით, ნებისმიერი ტკივილის დათმენა, მიმტევებლობა, ქრისტეს უხრწნელი სისხლისა და ხორცის ზიარება, ღამე ლოცვა და მარხვა. მარხვა ბოლოში იმიტომ კი არ ვახსენეთ, რომ ის ნაკლებად მნიშვნელოვანი იარაღია. ღმერთმა დაგვიფაროს! არამედ მხოლოდ იმისთვის, რომ მარხვის შესახებ დღევანდელი სახარების საკითხავი უფრო სიღრმისეულად განგვემარტა: „რამეთუ უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკუეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი“ (მთ. 6:14,15). რატომ იწყება ასე დღევანდელი სახარებისეული საკითხავი? შეიძლება კითხვაც გაგიჩნდეთ: „როგორ უკავშირდება ეს მარხვას?“ უკავშირდება და საკმაოდ მჭიდროდაც. მარხვასთან მჭიდრო კავშირშია ეს მონაკვეთიც: „ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი“. თუკი მარხვას ქრისტიანულ ჭრილში გავიაზრებთ და არ შევხედავთ მას ფარისევლური კუთხით, როგორც წესსა და კანონს, მაშინ წყენის მიტევება და მომხვეჭველობისგან თავშეკავება სწორედაც რომ არსია და შეიძლება ითქვას, მთავარი ნაყოფია მარხვისა.
რატომ? იმიტომ რომ უბრალოდ საკვებისგან თავშეკავებაზე ხომ გაცილებით აღმატებულია მიმტევებლობა და ბოროტებაზე ბოროტებით პასუხისგან თავშეკავება? ხომ გაცილებით აღმატებულია ის, რომ საკუთარ თავს ვაკონტროლებდეთ, რათა ამასოფლის სულისგან დაბრმავებულნი არ აღმოვჩნდეთ?
ქრისტე ხელმწიფებრივად კი არ გვიბრძანებს: მიუტევეთ ყველას ყველაფერიო! ის ამასაც ჩვენს თავისუფალ ნებას ანდობს. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ვაპატიოთ თუ არა. მას არ სურს თავისი ძალმოსილებით შელახოს ჩვენი თავისუფლება და რაღაცის გაკეთება დაგვაძალოს. რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ასეთ აღსრულებულ საქმეს არანაირი ფასი არ ექნებოდა. მხოლოდ მაშინ აქვს რამეს ფასი, თუკი ის თავისუფალი ნებით არის გაკეთებული. ის არ გვაძალებს, მაგრამ გვაფრთხილებს, თუ რა მოხდება წინააღმდეგ შემთხვევაში: „არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი”. მაშინ ვინღა გვაპატიებს ჩვენს ცოდვებს თუ არა ღმერთი? არავინ. არც ზეცაში და არც მიწაზე, არავინ, ადამიანები იმიტომ არ გვპატიობენ, რომ ჩვენ არ ვპატიობთ მათ. მაშინ ასეთი მდგომარეობით სად ვიმყოფებით? ამ შემთხვევაში ჩვენს ცხოვრებას ამ უმძიმესი ტვირთით ვატარებთ, რომელიც ჩვენი სიკვდილის შემდეგ კიდევ უფრო მძიმდება და მთელს მარადისობას მოიცავს. ამიტომაც, მოდით ვიშრომოთ, რომ ადამიანებს წყენაზე წყენით არ ვუპასუხოთ და ბოროტებაზე ბოროტებით. თუ სიბინძურეში მწოლიარე მთვრალ ადამიანს დაინახავ, განა შენც მიუწვები გვერდით? განა არ ეცდები, რომ წამოაყენო ამ სიბინძურიდან? ყოველგვარი ცოდვა სწორედაც რომ სიბინძურეა, ხოლო ყოველგვარი ვნება – სიმთვრალე. თუკი შენი ძმა ჩაწვა ამ სიბინძურესა და სიბილწეში, განა შენი სულიც ამ ჭუჭყში უნდა ამოთხვარო? ამიტომაც, თავი შეიკავე ამისგან და ეცადე, რომ შენი ძმა წამოაყენო და განწმენდაში დაეხმარო, რათა შენც აღგადგინოს და განგწმინდოს ჩვენმა ზეციურმა მამამ და თავის მარჯვენით დაგაყენოს.
ქრისტემ გვასწავლა, რომ როდესაც მარხულობთ, ფარისევლების მსგავსად ნუ მიიღებთ დაღვრემილ სახეს და ნუ ეჩვენებით ხალხს მმარხველადო. ფარისევლობს ის, ვინც ქრისტესთვის კი არ მარხულობს, არამედ საკუთარი თავისთვის, რათა მისი ღვაწლის შემხედვარე ადამიანებმა ის განადიდონ და აღამაღლონ. რადგანაც გარშემო მყოფი ადამიანები ვერ ხედავენ თუ რას ჭამენ ისინი ყოველდღიურად, ისინი ცდილობდნენ, რომ ღვაწლით გატანჯული სახეები მიეღოთ, რათა ყველასთვის ეჩვენებინათ, თუ როგორ მკაცრია მათი შრომა. ხალხიც მათ აღტაცებით უყურებდა და აქებდნენ ასეთი მარხვისთვის. ისინი ჯილდოს ადამიანებისგან ელოდნენ და ადამიანებისგანვე იღებდნენ და ღმრთისგან რაღას უნდა ელოდნენ? ისინი ხომ მისთვის არ შრომობდნენ. ჭეშმარიტად, მათ უკვე მიიღეს სასყიდელი და ღმრთისაგან ვეღარაფერს მიიღებენ.
„ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი, რაჲთა არა ეჩუენო კაცთა მმარხველად, არამედ მამასა შენსა დაფარულად; და მამამან შენმან, რომელი ხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ“. აი, სწორედ ეს არის მარხვის მთავარი წესი. მხოლოდ მაშინაა ნებისმიერი შენი სულიერი ღვაწლი ნამდვილი, როდესაც მას ქრისტესთვის და საკუთარი სულის გადასარჩენად აღასრულებ და არა სხვის დასანახად. საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა იციან თუ არა შენი ღვაწლის შესახებ. მეტსაც გეტყვი, უკეთესიც კი არის შენთვის, რომ მათ არც არაფერი იცოდნენ და ვერც ვერაფერს ხედავდნენ. თუ ასე განაწყობ შენს თავს, აღარ გექნება ადამიანებისგან ქებისა და დაჯილდოების მოლოდინი. განა რა უნდა მოგცენ მათ, რომლებიც შენს მსგავსად იღწვიან და თავადაც ქრისტესგან ელიან წყალობას? მხოლოდ ის არის მნიშვნელოვანი, რომ ქრისტე ხედავს შენს გულწრფელ მცდელობას. მისგან არაფერია დაფარული. ამიტომაც, არანაირი გარეგნული მაჩვენებელით არ გამოხატო, რომ მარხულობ. ქრისტე შენს გულს აკვირდება და არა გარეგნულ მხარეს. გარეგნული სახით ვერ დაიკვეხნი ქრისტეს წინაშე.
რას ნიშნავს ქრისტეს სიტყვები: „ხოლო შენ რაჟამს იმარხვიდე, იცხე თავი შენი და დაიბანე პირი შენი“. მის ამ მტკიცე სიტყვას ღრმა შინაგანი არსი ახლავს, რადგან ქრისტე მხოლოდ ხორციელ თავს და სახეს რომ გულისხმობდეს, რა თქმა უნდა, არ მოგვცემდა ამ მცნებას. აშკარაა, რომ ეს სიტყვები საიდუმლოებრივ, ღრმა არსს ატარებენ. ადამიანმა ეს მცნება პირდაპირ რომ გაიგოს და ეგონოს, რომ მარხვისთვის მთავარია სახე დაიბანოს და გარეგნულად მოწესრიგდეს, მაშინ ის ფარისევლობის მეორე უკიდურესობაში აღმოჩნდება. ისიც უბრალოდ სხვა სახით წარმოაჩენდა თავის „დაფარულ“ ღვაწლს. ამრიგად, ნათელია, რომ ქრისტეს ამ სიტყვებს სიღრმისეული შინაგანი არსი გააჩნია. მაგრამ როგორი? კერძოდ, სიტყვა: „იცხე თავი შენი“ – ნიშნავს იცხე შენი გონება სულიწმიდის მადლით. თავი გონებისა და სულის სიმბოლური სახეა, ხოლო ზეთი, რომელიც უნდა ვიცხოთ – სულიწმიდისა. უფრო სიღრმისეულად კი ამას ნიშნავს: არ მიიღო არანაირი ბოროტი გულისსიტყვა და თავი შეიკავე ყოველგვარი ბილწი და უსარგებლო სიტყვებისგან. არამედ პირიქით, აღავსე შენი გონება ქრისტეთი, მასთან საუბრით, მასზე, და სხვადასხვა სათნოებაზე ფიქრით. ასე მიაქციე ენასაც ყურადღება, რადგან ენა ხომ გულზეა მიბმული და ამიტომაც, ეცადე, რომ არ ისაუბრო ისე, არ თქვა ისეთი რამ, რაც ქრისტეს არ მოეწონება, არამედ დაე შენი ენა ქრისტეს ემსახურებოდეს და გეხმარებოდეს სულის გადარჩენაში. იფხიზლე შენს გულზე და არ შეუშვა მასში სიძულვილი, ბოღმა, მრისხანება, შური და სიამაყე. დაიცავი ის ყოველგვარი ცოდვის, ვნებისა და ხორციელი გულისთქმისაგან. ეს ყველაფერი განდევნე შენგან და მიეცი სულიწმიდას იმის საშუალება, რომ შენი გულის ნიადაგზე ყველა სახის საღმრთო, კეთილსურნელოვანი და ზეციური ყვავილი დარგოს. აკონტროლე შენი სულის ნებაც: თავი შეიკავე ისეთი საქმეებისგან და სურვილებისგან, რომელიც ქრისტეს არ მოეწონებოდა, თავი დაიცავი ბოროტებისგან და მიეცი სულიწმიდას იმის საშუალება, რომ თავის მადლით ცხოს შენს გაქვავებულ სულს, განკურნოს მისი ჭრილობები და ქრისტეს წარუდგინოს, აღავსოს შენი გული ყოველგვარი სიკეთისადმი მოშურნეობითა და წყურვილით.
აი, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. მოკლედ რომ ვთქვათ: მოთოკე შენი შინაგანი ადამიანი, დააკავე ყოველგვარი ბოროტებისგან და ქრისტესკენ წარმართე.
რას ნიშნავს სიტყვები: „დაიბანე პირი შენი?“ სახე ადამიანის გარეგნული მხარის სიმბოლოა. სული სხეულის მიერ ავლენს თავის თავს ამ სამყაროში. ქრისტესთვის ადამიანის სახე მისი სულია, ხოლო ამ სამყაროსთვის ადამიანის სახე – მისი სხეულია. გრძნობებისა და სხეულებრივი ორგანოების მიერ ჩვენ გამოვხატავთ იმას, თუ რას ვფიქრობთ, რას ვგრძნობთ და რა გვსურს. ენა გამოთქვამს იმას, რასაც ფიქრობს გონება; თვალები ირეკლავენ იმას, რასაც გრძნობს გული; ხელები და ფეხები კი ახორციელებენ შენი სულის ნებას.
აი, რას ნიშნავს ეს სიტყვები: განწმინდე შენი სხეული და ყოველგვარი ცოდვის საქმით აღსრულებისგან თავი შეიკავე. დააკავე შენი გრძნობები და მოზღუდე ყველაფერ იმისგან, რაც უზომო და დამღუპველია. აუკრძალე შენს თვალებს უმიზნოდ აქეთ-იქით ხეტიალი; აუკრძალე შენს ყურებს იმის მოსმენა, რამაც შეიძლება, რომ დაგაზიანოს და ხელი შეუშალოს შენი სულის გადარჩენას. აუკრძალე შენს ენასა და კუჭს სხვადასხვაგვარი სასმელის უზომოდ დაგემოვნება. დაიცავი ზომიერება. არ მისცე შენს სხეულს იმის საშუალება, რომ მუდამ მეტს და მეტს ითხოვდეს შენგან, გარდა აუცილებელისა. აუკრძალე შენს ხელებს ადამიანების, ცხოველებისა და სხვადასხვა საგნების დაზიანება. შენს ფეხებს კი აუკრძალე ცოდვის, დანაშაულისა და ბილწი გართობებისკენ მისწრაფება. არამედ, აკონტროლე შენი სხეული და აქციე ის ტაძრად. არა ისეთ ადგილად, სადაც სხვადასხვა ავაზაკები ჩაივლიან, ნაქურდალს ინაწილებენ და ახალ ქურდობებს გეგმავენ, არამედ ცოცხალი ღმერთის ტაძრად.
აი, ამას ნიშნავს ქრისტეს ეს სიტყვები. აი, სწორედ ეს არის ის მარხვა, რომელიც ქრისტესთან მიგვიყვანს. სწორედ ასეთ ღვაწლს აკურთხებს ქრისტე. ისეთ ღვაწლს, რომელიც თავისუფალია ყოვლეგვარი ფარისევლობისაგან და რომელიც თავისი ძალით ეშმაკებს განდევნის, რომელსაც ადამიანისთვის დიდებული გამარჯვება მოაქვს და აღავსებს მრავალი სულიერი ნაყოფით, როგორც ამქვეყნად, ისე მარადიულ სიცოცხლეში.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ ქრისტე ჯერ თავს ახსენებს, შემდეგ კი სახეს. რაც იმას ნიშნავს, რომ ის აქცენტს აკეთებს ჯერ შინაგანზე და მხოლოდ ამის შემდეგ – გარეგანზე. ფარისევლები მხოლოდ გარეგნულად მარხულობდნენ და ადამიანებსაც სწორედ ასეთ გარეგნულ მარხვას უჩვენებდნენ. ქრისტე კი პირიქით, ჯერ გამოყოფს შინაგან, სულიერ მარხვას და შემდგეგ ახსენებს გარეგულს. ამას იმიტომ კი არ აკეთებს, რომ გარეგნულ მარხვას უარყოფს, არა, ის თავად მარხულობდა ასე. იმისათვის, აყენებს პირველ ადგილას, რომ თავდაპირველად წყარო განწმინდოს და შემდეგ უკვე მისგან წარმოქმნილი მდინარე, ჯერ სული განბანოს, ხოლო შემდეგ უკვე – სულის სარკე, ანუ სხეული. ადამიანმა ჯერ გააზრებულად, გულით და ნებსით უნდა მიიღოს მარხვა, ხოლო შემდეგ სხეულითა და თავისუფალი ნებით აღასრულოს ის. მხატვარიც ჯერ შინაგანად, გულსა და გონებაში ხატავს, ხოლო შემდეგ სიხარულით გამოსახავს ამ შინაგანს ხელით. ასევე, მარხვაც სიხარულის წყარო უნდა იყოს ჩვენთვის და არა მწუხარების. სწორედ ამიტომ იყენებს ქრისტე სიტყვებს „იცხე“ და „დაიბანე“. რადგან ეს ორი მოქმედება ადამიანის სხეულს სიამოვნებასა და სიხარულს ანიჭებს. ასევე სულიერი და ხორციელი მარხვაც სიამოვნებასა და სიხარულს უნდა ანიჭებდეს ადამიანის სულს. მარხვა საკმაოდ ძლიერი იარაღია უხილავი მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ბრძოლის ველზე უიარაღოდ დარჩენილი მეომარიც წუხს, როდესაც უიარაღოდ რჩება, რადგან ის ვეღარ იბრძვის და გაქცევა უწევს. ხოლო როდესაც იარაღს იპოვის უხარია, რადგან უკვე შეუძლია ბრძოლა გააგრძელოს და პოზიცია შეინარჩუნოს.
როგორ არ უნდა უხაროდეს ქრისტიანს, როდესაც ის თავისი უსასტიკესი მტრის წინააღმდეგ მარხვითაა შეიარაღებული? როგორ არ უნდა ათრთოლდეს მისი გული და გაბრწყინდეს მისი სახე, როდესაც თავის ხელში ასეთ იარაღს ხედავს, რომლის დამნახავი მტერიც ლაჩრულად გარბის?
გემოთმოყვარეობა ადამიანს ზარმაცად და მშიშრად აქცევს, ხოლო მარხვა – ბადებს მხიარულებას და სიმამაცეს. როგორც გემოთმოყვარეობა კიდევ უფრო მეტ სიამოვნების სურვილს ბადებს ჩვენში, ასევე მარხვაც უფრო მეტი ბრძოლისა და შრომის სურვილს აღძრავს ჩვენში. როდესაც ადამიანი მარხვის სიკეთეს შეიცნობს, ის კიდევ უფრო და უფრო შეიყვარებს მას. მისი მადლისმიერი ნაყოფები კი ურიცხვია.
მარხვით ადამიანი ამსუბუქებს თავის სხეულსა და სულს, ათავისუფლებს რა ამ უკანასკნელს წყვდიადისა და სიმძიმისაგან. სხეული ხდება მსუბუქი და ფხიზელი, ხოლო სული – ნათელი და ცოცხალი.
მარხვა ადამიანს ამასოფლის სულის ტყვეობისგან ათავისუფლებს და პირუტყვული ცხოვრების წყვდიადიდან ქრისტესთან, ზეციური მამის სამეფოში წარადგენს.
მარხვა ადამიანს აქცევს მტკიცე, გამბედავ და კადნიერ ადამიანად – როგორც ბოროტების, ისე ადამიანების წინაშეც.
ასევე, სწორი სულიერი მარხვით ადამიანი ხდება სულგრძელი, მშვიდი, მოწყალე და მორჩილი.
სწორედ მარხვის წყალობით გახდა მოსე ღირსი იმისა, რომ ღმრთისაგან რჯული მიეღო.
მარხვის მიერ დახშა ელიამ ცა და არ უწვიმია სამი წლის განმავლობაში. მარხვის წყალობით იმდენად განიწმინდა საკუთარი თავი, რომ ქორების მთაზე ცოცხალ ღმერთთან საუბარი შეძლო.
მარხვის წყალობით გადაურჩა დანიელი ლომებს, ხოლო 3 ყრმა – ცეცხლოვან ქურას.
მარხვის მიერ გაუხსნა ღმერთს გული წმ. დავით მეფემ და მიიღო ღმრთის მადლი. ასე შეძლო მან ყველაზე ამაღლებული და ტკბილხმოვანი ლოცვების აღმოთქმა, რაც კი ადამიანს აღუვლენია ქრისტეს შობამდე.
მარხვის მიერ დაამარცხა ბრძოლის გარეშე მეფე იოსაფატმა ამონელები და მოაბელები.
მარხვის მიერ გადაურჩა ქალაქი ნინევია იონას მიერ ნაწინასწარმეტყველება დაღუპვას.
მარხვის მიერ იქცა წმ. იოანე ნათლისმცემელი ყველაზე დიდებულ ადამიანად.
სწორედ მარხვით შეიარაღებულმა ღირსმა ანტონი დიდმა დაამარცხა და განდევნა ეშმაკთა ურიცხვი ძალები. განა მარტო ანტონი დიდმა? ქრისტეს მეომართა უსაზღვრო რაოდენობამ განიწმინდა საკუთარი თავი და იმდენად განმტკიცდნენ, რომ კაცობრიობის ისტორიაში უდიდეს გმირებად იქცნენ. რატომ ყველაზე დიდ გმირებად? იმიტომ, რომ მათ დაამარცხეს ის, ვისი დამარცხებაც ყველაზე რთულია, ანუ – საკუთარი თავი. საკუთარი თავის დამარცხებით კი მათ გამარჯვება მოიპოვეს ამასოფლის სულზე და ეშმაკზე.
და ბოლოს, განა ორმოცდღიანი მარხვით არ დაიწყო ჩვენი გადარჩენის საქმე თავად ჩვენმა უფალმა, იესუ ქრისტემ? განა ამით ნათლად არ გვიჩვენა ის, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრება მარხვის გარეშე არ არსებობს? თავისი მაგალითით გვიჩვენა ქრისტემ, თუ როგორი ძლიერი იარაღია მარხვა. ამ იარაღით დაამარცხა მან უდაბნოში ეშმაკი და ამით გამარჯვება მოიპოვა იმ სამ უმთავრეს დემონურ ვნებაზე, რომლის მიერაც აქვს ჩვენზე ბოროტს ძალაუფლება. კერძოდ: სიამეთმოყვარეობა, დიდებისმოყვარეობა და ვერცხლისმოყვარეობა. ეს არის სამი უდიდესი ხაფანგი, რომელშიც კაცობრიობის მტერი ქრისტეს მეომრებს ითრევს.
„ნუ იუნჯებთ თქუენ საუნჯეთა ქუეყანასა ზედა, სადა მღილმან და მჭამელმან განრყუნის, და სადა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. ხოლო თქუენ იუნჯებდით საუნჯეთა ცათა შინა, სადა არცა მღილმან, არცა მჭამელმან განრყუნის, და სადა არცა მპარავთა დათხარიან და განიპარიან. რამეთუ სადაცა არს საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი“ – ის, ვინც მიწიერ სიკეთეებზეა მიჯაჭვული, აუცილებლად ტკივილსა და შიშს მოიმკის. ის საკუთარ თავს ჰკარგავს ამ საგანძურში და ფერფლში მარხავს საკუთარ გულს. (წმ. პეტრე დამასკელი ამბობს: „აბრაამი, იობი, დავითი და კიდევ მრავალი სხვა ძალიან დიდი სიმდიდრის მფლობელნი იყვნენ, მაგრამ ისინი არ იყვნენ მასზე მიჯაჭვულნი და ყველაფერს ღმრთის საკუთრებად მიიჩნევდნენ“). ჩვენი აზრები, გული და ნება მუდამ ჩვენი საუნჯისკენაა მიმართული. ისევე როგორც მდინარე თავის კალაპოტზეა დამოკიდებული, სწორედ ასე ვართ ჩვენც დამოკიდებულნი ჩვენს საუნჯეზე. თუ ჩვენ ზეციურ სიმდიდრეს მოვიხვეჭთ, მაშინ შეიძლება დროებით ღარიბები ვიყოთ, მაგრამ მარადიულად მდიდრები ვიქნებით. ჩვენი არჩევანიც სწორედ აქ უნდა გავაკეთოთ. სწორედ ამ არჩევანზეა დამოკიდებული ჩვენი დიდება, ან ჩვენი ტკივილი. თუ მარადიულს ავირჩევთ, მაშინ ჩვენი დიდებაც მარადიული იქნება.
ზეციური საუნჯის მოხვეჭა ეს არის შინაგანი პროცესი, როდესაც ვცდილობთ, რომ ქრისტე გულისმიერად შევიცნოთ და სახარებისეული სულით განვიმსჭვალოთ. მხოლოდ ასეთი სიმდიდრეა წარუვალი და საიმედოდ დაცული. ჩვენი ეს საუნჯე მაშინ გაცხადდება, როდესაც გარდაცვალების შემდეგ ქრისტეს საბოლოოდ გულში ჩავიკრავთ.
თუ ჩვენს გულში მიწიერ საგანძურს შევუშვებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ბოროტს ადგილი დავუთმეთ და დავემსგავსებით იმ მეომარს, რომელმაც სამშობლოს უღალატა და მტრის მხარეს გადავიდა.
ასე რომ, გავახილოთ თვალები, სანამ დრო გვაქვს. მტკიცედ გვწამდეს, რომ საბოლოო გამარჯვება ეშმაკსა და მის მსახურებს კი არ დარჩებად, არამედ ჩვენს მეფესა და მხედართმთავარს – ქრისტეს. ამიტომაც, ვიჩქაროთ, რომ ეს ძლევამოსული და კურთხეული იარაღი მოვიხვეჭოთ, რასაც დიდი მარხვა ჰქვია, რომელიც ჩვენთვის ნათლისა და დიდების მომტანია, ხოლო ჩვენი მტრისათვის საზარელი და მომაკვდინებელია.
თავი შევიკავოთ მემთვრალეობისა და გაუმაძღარი ჭამისაგან, რათა არ დამძიმდეს ჩვენი გულები. მიწიერი სიმდიდრის მოხვეჭა არ იქცეს ჩვენი ცხოვრების საზრისად, რათა ამით მტერმა არ ისარგებლოს და ქრისტეს განგვაშოროს. ვიმარხულოთ არა იმისთვის, რომ შეგვაქონ, არამედ საკუთარი სულის გადასარჩენად და ქრისტეს სადიდებლად, რომელსაც მამასთან და სულიწმიდასთან ერთად ზეცაში ანგელოზები და წმინდანები განადიდებენ, ხოლო მიწაზე მართლები, – სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
წყარო: https://predanie.ru
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©