IMG 1349

გონივრული სიმდაბლე – გულისმიერი შეგრძნება და აზროვნების წესი – არქიმანდრიტი ემილიანე სიმონაპეტრელი (ვაფიდისი)

გონიერია ის ადამიანი, ვისაც საკუთარი აზრებისა და შეხედულებების უარყოფა შეუძლია. როცა ახალ ცოდნას იძენს, ის რაღაც გარკვეულ საგანზე აზრსაც იცვლის. ამ შემთხვევაში ეს შეცვლილი აზრი მეტად ჭეშმარიტი და სანდოა, ვიდრე პირველი. ხშირად ასეც ხდება: ჩვენს გონებაში ჩნდება რაღაც იდეა, ჩვენც ვფიქრობთ მასზე და შესაბამისად, მასთან დაკავშირებით გვიჩნდება ახალი აზრები და შეხედულებები, რომლებიც უფრო მკვეთრად გვიჩვენებენ ჭეშმარიტებას.

აქედან გამომდინარე, გონივრული სიმდაბლე – ეს იმგვარი სახის სიმდაბლეა, რომელიც სულ უფრო და უფრო იზრდება და გულისმიერ შეგრძნებად, აზროვნების წესად და ცოცხალ გამოცდილებად იქცევა. ეს რაღაც ერთჯერადი გამოვლინება კი არ არის სიმდაბლისა, რომელიც გამოიხატება სიტყვებში: ,,უფალო იესუ ქრისტე, ამიერიდან მდაბალი ვიქნები’’. გონივრული სიმდაბლე საკუთარი ,,მეს’’ დამცრობის შინაგანი მოთხოვნილება და სხვების წინაშეე დამდაბლებაა, რათა გულში ქრისტე შევიწყნაროთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სიმდაბლე – გამოცდილებისეული შეგრძნებაა. მისი მოხვეჭა არც ისე ადვილია. გონივრული სიმდაბლის გამომუშავებას სჭირდება წლები და ისიც იმ შემთხვევაში მოვა, თუკი სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში სიხარულით ვიმდაბლებთ თავს.

გარდა ამისა, გონივრული სიმდაბლე ადამიანის ყოველ მოქმედებაში აირეკლება. თუ ჩემი სიმდაბლე გონივრული და გაცნობიერებულია, მაშინ სიმშვიდეც უნდა მქონდეს, არ უნდა მაწუხებდნენ ეჭვები, თუ როგორ მოვიქცე ამა თუ იმ სიტუაციაში. სიმდაბლით აზროვნება, კეთილგონიერება და სიბრძნე – ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები უნდა იყვნენ და  ჩემს ყოველ საქცილში ვლინდებოდნენ. მაგალითად, შენ მაქებ – მე თავს ვიმდაბლებ. შენ მამცირებ – არ ვბრაზდები, არ გეკამათები, არ ვჯიუტდები, არამედ ვმდაბლდები. შენ არ გიყვარვარ – მე მიყვარხარ. შენ შეურაცხმყოფ – მე კი გაკურთხებ. შენ უარს მეუბნები – მე კი ყველაფერზე ,,ჰოს’’ გპასუხობ. შენ მკაცრად მექცევი – მე კი თბილად და ფაქიზად. შენ რაღაც ძალიან რთულად შესასრულებელს მთხოვ – მე კი მყისვე გპასუხობ ,,როგორც მაკურთხებ’’ და საქმეს შევუდგები. შენ არაფრად მაგდებ – მე კი საკუთარ ძმად მიგიჩნევ, ჩვენს ერთობას ვგრძნობ და იმაზე მეტად ვიმდაბლებ თავს, ვიდრე შენ მამდაბლებ. სიმდაბლე მაძლევს საშუალებას ქრისტეს ჩემდამი სიყვარული შევიგრძნო. როგორ სიხარულს მაძლევს, რამდენ გამარჯვებას მანიჭებს, რაოდენ უხვი მადლით აღავსებს ჩემს გულს! აი, ეს არის სიმდაბლის ნაყოფები.

თუკი ადამიანი ყოველდღიურად არ ცდილობს, რომ თავი დაიმდაბლოს და დანაკლისები მოითმინოს, ის ქრისტეს ვერ შეიგრძნობს. მოყვასისაგან წყენის, დამცირებისა და შეურაცხყოფების ყოველდღიური დათმენა – აი, სწორედ ეს არის საქმით აღსრულებული სიმდაბლე, რომელიც ქრისტეს წინაშე განგვადიდებს და მის ზეციურ კურთხევას გვანიჭებს. ღმერთი მდაბალი ადამიანის გულს უმზერს. იმ ადამიანს მიეახლება, ვინც გონივრულად იმდაბლებს თავს. ხოლო როცა ქრისტეს სიყვარულს, განგებულებას, სულგრძელებასა და სიკეთეს შევიცნობთ, მაშინ მისი სიცოცხლე ჩვენს პირად გამოცდილებად იქცევა.

სიმდაბლის მოსაპოვებლად მუდამ და მუდამ უნდა ვთრგუნავდეთ საკუთარ ეგოიზმს. თუ მოყვასს ვერაფერს ვუთმენ, ვცდილობ საკუთარი ,,ღირსება’’ დავიცვა, მსურს, რომ ყველამ პატივი მცეს, ვუყვარდე, მიგებდნენ და მაღიარებდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ქრისტე არ მყავს. ამ შემთხვევაში ჩემი ცხოვრება მშვინვიერია და არა სულიერი, ჩაძირული ვარ ემოციურ განცდებსა და ამქვეყნიურ საზრუნავებში, ვცხოვრობ ფსიქოლოგიის კანონებით და არა სულიერი სიცოცხლით.

თუ საკუთარ თავზე სიმდაბლით ვფიქრობთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ გონივრული სიმდაბლე გვაქვს. ქრისტეც ამგვარად ფიქრობდა საკუთარ თავზე და ამასთან ერთად, ის მუდამ თავს იმდაბლებდა და ხალხისგან დამცირებას ითმენდა. სწორედ ამიტომ ეჭვობდა ეშმაკი და მასში ღმერთს ვერ ხედავდა. საღმრთო ბუნება ქრისტეს სიმდაბლით იყო დაფარული. ზუსტად ასევე, მდაბალი ადამიანში ღმერთია დაფარული. სიმდაბლე არასდროსაა უმიზნო და უშედეგო, ის ყოველთვის ზუსტად მიზანში ხვდება. თავს ვიმდაბლებ? ეს იმას ნიშნავს, რომ ვდგავარ გზაზე და საკუთარი მიზნისკენ მივდივარ, ხოლო ჩემი მიზანი – თავად ქრისტეა.

წმინდა ისიქი იერუსალიმელი გონივრული სიმდაბლის გვერდით სიმართლეს და სიყვარულს ახსენებს. სიმართლე – არის მდგომარეობა, როდესაც ჩემი გული მართალია ქრისტეს წინაშე, მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება გულწრფელია და დაცლილია ყოველგვარი მზაკვრობისგან. სიყვარული კი ქრისტესთან და მოყვასთან ორგანული კავშირია. ეს ნიშნავს, რომ მე მიყვარს ღმერთი და მოყვასი, ანუ საკუთარი თავისთვის კი არ ვცხოვრობ, არამედ მათთვის.

გონივრული სიმდაბლე აქვს მას, ვინც საკუთარი თავი შეიცნო და ამ შემეცნებას გამოხატავს სინანულში, რაც გონების ცვლილებას ნიშნავს. მაგალითად, რაღაც დრომდე გარკვეული აზროვნების წესი მქონდა, მაგრამ ახლა სრულიად შევიცვალე. მივდიოდი ერთი გზით და ახლა სხვა გზაზე შევდექი, რადგან შევინანე და საკუთარი ცხოვრება ძირეულად შევცვალე. ეს ნიშნავს იმას, რომ გონივრულ სიმდაბლეს მხოლოდ მაშინ მოვიხვეჭ, თუ სრულიად შევცვლი ჩემს ცხოვრებას. როცა წმინდანი საუბრობს ,,გონივრულ’’ სიმდაბლეზე, ,,გონივრულ’’ სიმართლეზე და ,,გონივრულ’’ სიყვარულზე, ის გვასწავლის, რომ ამ სამ სათნოებას მხოლოდ ის შეიძენს, ვინც მოუკლებლად შრომობს მათი მოხვეჭისთვის. შედეგად კი მისი ცხოვრება ნამდვილად იცვლება.

მაგალითად მივედი მონასტერში და მოულოდნელად სირთულეებს შევეჩეხე. რატომ? იმიტომ, რომ მონაზვნური ცხოვრების გამოცდილება იმ შეგრძნებების, კრიტერიუმებისა და პრინციპებისგან განსხვავდება, რომლებითაც მე ერში ვხელმძღვანელობდი. ახლა უნდა შევცვალო ჩემი გონება, შევინანო, საკუთარი აზროვნების წესი უარვყო და წმინდა მამებისეული აზროვნება და ცოდნა შევიძინო. სიმდაბლე, ქრისტეს წინაშე გახსნილობა და მისი სიყვარული ჩვენი სიცოცხლის საძირკველია. თუ ფესვი კეთილია, მაშინ ხის ნაყოფებიც კეთილი იქნება.

ამრიგად, წმინდა ისიქი გვიბიძგებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. სინანული – ის გზაა, რომელზეც სიცოცხლის ბოლომდე უნდა ვიაროთ. მოდით გამოვიჩინოთ გონიერება ერთხელ და სამუდამოდ. მტკიცე საფუძველი ჩავუყაროთ ჩვენს სულიერ ცხოვრებას და გადავწყვიტოთ ვიცხოვროთ ისე, როგორც ზეციური მამის შვილებს შეეფერება. ვეცადოთ მოუკლებლად წარვსდგეთ გულში ქრისტეს წინაშე. არ ვიყოთ ზედაპირულნი და გულუბრყვილონი, არამედ სიღრმე შევიძინოთ და შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება. გავხდეთ ბრძენნი და თანმიმდევრულნი, რათა ჩვენი სიცოცხლე მტკიცე იყოს და ღმერთი არ დავკარგოთ.

წმინდა ისიქი ასევე შეგვაგონებს, რომ ამ ყველაფერთან ერთად საჭიროა: ,,უკიდურესი სიფხიზლე და იესუს სახელის მოხმობა გულისსიტყვების გარეშე’’. წმინდა ისიქი მუდამ უბრუნდება სიფხიზლის საკითხს, რათა პრაქტიკა არ დაგვავიწყდეს და თეორიაზე საუბრებმა არ გაგვიტაცოს. იგი გვასწავლის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ. არ მიიღო გულისსიტყვები, არ გაგიტაცოს არც ამაო საუბრებმა, არც თეორიებმა.

სიფხიზლე გულისსიტყვების უარყოფას ნიშნავს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენში ლოცვა ამოქმედდეს. ზმნები ,,ვფხიზლობ’’ და ,,ვმარხულობ’’ ნიშნავს იმას, რომ ლოცვის მოსახვეჭად ყველაფერზე უარს ვამბობ. სწორედ ამიტომაა დაკავშირებული ერთმანეთთან სიფხიზლე, მარხვა და ლოცვა. სულის ხომალდის მამოძრავებელი ძალა – ლოცვაა. რაში გვჭირდება ღუმელი, თუ შეშას არ ვუკეთებთ? ვერავინ გათბება და გავიყინებით. ასე ვიყინებით მაშინაც, როცა ლოცვის გარდა ყველაფერი გვაქვს. ამიტომაც, ბრძულად იქცევა წმინდა ისიქი, როცა კვლავ ლოცვის თემას უბრუნდება.

რატომ ამბობს გულისსიტყვების გარეშეო? გულისსიტყვები ერთგვარი გაჟონვებია ცენტრალური გათბობის სისტემაში. ქვაბი დიდ სითბოს გამოიმუავებს, მაგრამ დანაკარგების გამო, სითბო იკარგება და ოთახებამდე ვეღარ აღწევს. ასევეა სიფხიზლის საქმეშიც: ლოცვა – სითბოს გამტარია, ხოლო გულისსიტყვები – გამოჟონილი წყალი. მოდით, სრული გულმხურვალებით შევუდგეთ ლოცვასა და სიფხიზლეს!


წიგნიდან: Слово о трезвении, Архимандрит Эмилиан Вафидис. часть 1. 2020г.

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

Share