წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი e1617390555906

სიმდაბლე – გულის სიმშვიდის წყარო (ბრმადშობილის კვირიაკე) – წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

საყვარელო ძმებო და დებო! დღევანდელ აღმოკითხულ სახარებაში, უფალმა ჩვენმა იესუ ქრისტემ თქვა: ,, თქუა იესუ: სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ’’(ინ.9:39). ქრისტეს ამ სიტყვების გულგრილად მოსმენა არ შეეძლოთ სიამაყით აღსავსე ისეთ ბრძენ და მართალ ადამიანებს, როგორებიც იუდეველი ფარისევლები იყვნენ. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის გამო, მათ ეს სიტყვები შეურაცხყოფად მიიღეს. უფლის სიტყვებზე მათ კითხვით უპასუხეს, რომელშიც გაურკვევლობასთან ერთად, დაცინვა, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და ქრისტესადმი სიძულვილი იგრძნობოდა: ,, ჰრქუეს: ნუუკუე ჩუენცა ბრმანი ვართა? ‘’- იკითხეს მათ. ამ კითხვის პასუხად კი ქრისტემ მათი სულიერი მდგომარეობა გამოთქვა: ,, ჰრქუა მათ იესუ: უკუეთუმცა ბრმანი იყვენით, ცოდვაჲმცა არა გაქუნდა; ხოლო აწ იტყჳთ, ვითარმედ: ვხედავთ, და ცოდვანი თქუენნი ჰგიან’’ (ინ. 9:40-4).

როგორი საზარელი სულიერი სნეულებაა – საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა! ადამიანურ საქმეებში ის მოყვასისგან რჩევის მიღებისა და დახმარების საშუალებას გვართმევს, ხოლო სულის გადარჩენის საქმეში კი – ზეციდან მოტანილ უდიდეს განძს, უფალ იესუ ქრისტეს შემეცნებასა და მასთან უნეტარეს ურთიერთობას.

ფარისევლები საკუთარ თავს მხედველებად და ღმრთის შემეცნების უმაღლეს საფეხურზე მყოფებად მიიჩნევდნენ, რომლებსაც არ სჭირდებოდათ არანაირი სულიერი წინსვლა და ამ ყველაფრის საფუძველზე კი უარყვეს ღმერთის შესახებ თავად განკაცებული ღმერთის მიერ უშუალოდ გამოთქმული სწავლება.

სიამაყისა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის საწინააღმდეგო სათნოება – სიმდაბლეა. სიამაყე ჩვენი სულის სნეულება და გონების ცოდვაა, ხოლო სიმდაბლე კი ადამიანის გულის კეთილშობილი, ნეტარი მდგომარეობა და გონების სათნოებაა. რა არის სიმდაბლე? ეს არის ადექვატური აღქმა საკუთარი თავისა და მთელი კაცობრიობისა. ამ სათნოების მოქმედების ნაყოფი კი შინაგანი გულისმიერი სიმშვიდეა. ის ჩვენში შობს მყუდროებას, სიხარულს და ნეტარ მდგომარეობას. სწორედ სიმდაბლეა ამ შინაგანი მდგომარეობის წყარო.

არ იფიქროთ, ჩემო საყვარლებო, რომ სიმდაბლის ეს განმარტება შემთხვევითია, რადგან თავად უფალმა მიგვითითა: ,, და ეტყოდა იესუ მორწმუნეთა მათ მისთა ჰურიათა: უკუეთუ თქუენ დაადგრეთ სიტყუათა ჩემთა, ჭეშმარიტად მოწაფენი ჩემნი ხართ. და სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ’’(ინ. 8:31-32). რა არის ჭეშმარიტების მიერ მონიჭებული სულიერი თავისუფლება, თუარა წმინდა მადლისმიერი სულიერი სიმშვიდე, თუარა წმინდა სიმდაბლე? თავად უფალი იესუ ქრისტეა – ჭეშმარიტება, რომელმაც გვითხრა: ,, ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ’’(მთ.11:29). როგორც ვთქვით, სიმდაბლე ეს არის სწორი, ქრისტესმიერი აზროვნების წესი და ადექვატური აღქმა საკუთარი თავისა და კაცობრიობისა.

ამაყი საკუთარ თავს აღიქვამს როგორც თვითმყოფად არსებას და არა ღმრთის ქმნილებას. ჰგონია, რომ მიწიერი ცხოვრება უსასრულოდ გაგრძელდება და სიკვდილი და მარადიული სიცოცხლე არ არსებობს. მისთვის არც ღმრთის განგებულება არსებობს და თვლის, რომ სამყაროს მმართველი ადამიანური გონებაა მხოლოდ. მისი ყოველგვარი ფიქრი თუ აზრი მიწას უკავშირდება და ცოდვით მოუკლებელი ტკბობის სურვილით აღძრული, მხოლოდ მას სწირავს საკუთარ თავს. სწორედ ამ უგუნური და მიუღწეველი მიზნკისკენ მიისწრაფვოდნენ მთელი ძალებით ფარისევლები და სადუკევლები.

მდაბალს კი მუდამ აქვს სიკვდილის ხსოვნა, რომელიც განსწავლის მას, რომ მისი ყოველი მოქმედება მარადისობისკენ იყოს მიმართული. მდაბალი მოქმედებს ქრისტესთვის და არა ვნებების დაკმაყოფილებისთვის. აქედან გამომდინარე კი შეუძლებელია, რომ მისი ცხოვრება სასარგებლო არ იყოს მთელი ადამიანური საზოგადოებისთვის. მდაბალი საკუთარ თავს აღიქვამს, როგორც ერთ პატარა მტვრის ნაწილაკს ამ უზარმაზარი სამყაროს, უამრავ თაობათა და მსოფლიო მოვლენათა წინაშე. მდაბალი ადამიანის გულსა და გონებას აქვს უნარი საღმრთო სწავლების მიღებისა და სათნოებებში მოუკლებელი ზეაღვსლისა. მისი გული და გონება ხედავს ადამიანური ბუნების დაცემულობას და სწორედ ამიტომ აქვს მას უნარი მხსნელის მიღებისა.

მდაბალი ჭვრეტს კაცობრიობას როგორც ღმრთის გასაოცარ შემოქმედებას, მაგრამ ამასთან ერთად, ხედავს ცოდვასაც, რომელიც ადამიანის მთელ არსებაში აღწევს და წამლავს მას. მდაბალი ქმნილების სიდიადის აღიარებასთან ერთად, აღიარებს ცოდვის მიერ მის დამახინჯებასაც და მუდამ წუხს ამ სავალალო მდგომარეობის გამო. ის ამქვეყნიურ ცხოვრებას აღიქვამს, როგორც მისი გამოდევნის ადგილს და ცდილობს, რომ სინანულის მიერ, სიამაყის გამო დაკარგულ ზეციურ სამშობლოში, თავის მამასთან დაბრუნდეს. მაგრამ სიამაყე ვერ ხედავს ამ დაცემულობას და მას მხოლოდ ღირსებებს მიაკუთვნებს. ადამიანური ბუნების ამგვარი აღქმა, სრულიად ზედმეტად და უცხოდ მიიჩნევს მხსნელის შესახებ აზრსაც კი. მათი ხედვა საშინელი სიბრმავეა. მდაბალს კი სიბრმავე(ფიზიკური სიბრმავე) სულაც არ უკარგავს ცოცხალი ჭეშმარიტების(ქრისტეს) გულისმიერი ხედვის უნარს. სწორედ ამას ეხება ქრისტეს სიტყვები: ,, სჯად სოფელსა ამას მოსრულ ვარ მე, რაჲთა რომელნი არა ხედვიდეს, ხედვიდენ; და რომელნი ხედვიდეს, დაბრმენ’’. მიიღებს მდაბლებმა ქრისტე და მათში საღმრთო ნათელი შევიდა, ხოლო საკუთარი თავით კმაყოფილილები კიდევ უფრო ღრმა წყვდიადში ჩაიძირნენ.

ღამით, სუფთა ცაზე ნათლად კაშკაშებენ აურაცხელი ვარსკვლავები, მაგრამ მზის ამოსვლისთანავე უჩინარდებიან და თითქოს აღარც არსებობენ. ასევეა ადამიანური სათნოებებიც, მათ აქვთ გარკვეული სინათლე, მაგრამ საღმრთო სიკეთის გამოჩენისთანავე მისი ნათლის წინაშე უჩინარდებიან.

ახალგაზრდობაში წმინდა მოციქული პავლეც ფარისეველთა აღზრდილი იყო, მაგრამ მასში არ ყოფილა მათი მსგავსი თვითკმაყოფილება და თვითგანდიდება.

საყვარელო ძმებო და დებო! მივბაძოთ პავლე მოციქულს და ყველა წმინდანს: მივეახლოთ ქრისტეს და სიმდაბლის მიერ სრულიად უარვყოთ დამღუპველი თვითკმაყოფილება. სიმდაბლით ჩავჭიდოთ ხელი ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს. წმინდა წერილში ვკითხულობთ ჩვენი შემოქმედის სიტყვებს: ,, რამეთუ ესე ყოველი შექმნნა ჴელმან ჩემმან და ჩემნი არიან ყოველნი ესე, – იტყჳს უფალი, – და ვის ზედა მივიხილო, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყუათაგან ჩემთა?’’(ის. 66:2). საკუთარი დაცემულობის ხედვითა და გაცნობიერებით, ცოდვილთა შორის შევრაცხოთ საკუთარი თავი და შევიყვაროთ ქრისტე. უარვყოთ ცრუ თვითგანდიდება და თვითკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქრისტესგან მიტოვებულნი აღმოვჩნდებით. მან ხომ თქვა: ,,არა მოვედ წოდებად მართალთა, არამედ ცოდვილთა’’(მთ.9:13). ჩვენი გული დაე სიმდაბლის მიერ ქრისტეს სულიერ საკურთხევლად იქცეს, მღვდელმა კი, ანუ ჩვენმა გონებამ, აღუვლინოს სულიერი მსხვერპლი ლმობიერებისა, სინანულისა, აღმსარებლობისა, გონიერი ლოცვისა, წყალობისა და სიმდაბლისა. ,,გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხჰყოს’’(ფს. 50:19). ამინ.

წყარო: http://Azbyka.ru

მთავარი ფოტო: წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვის ხატი მდებარე ჯვართამაღლების ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •