სკიტი 1

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეოთხე: ნეა სკიტში

სულიერი გამოცდილება და სხვების დამოძღვრა

ჩვენს ბერს სულიერი ცხოვრების დიდი გამოცდილება ჰქონდა. იცოდა, თუ როგორ მოქმედებს საღმრთო მადლი: როგორ მოიხილავს ადამიანის სულს და როდის მიეფარება თვალს. ჯერ თვითონ გამოცადა ეს ყველაფერი და საქმით აღასრულა, და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცა სხვების სწავლების ნიჭი. ის წერდა: „ქრისტეს მადლმა შენს სუფთა სულში მდიდრად დაიმკვიდრა. ოღონდ მადლს სჩვევია, დროდადრო ისევ გაგვშორდეს, უფრო სწორედ კი- მიიმალოს, რათა მოგვენატროს და დაჟინებითა და გულისტკივილით ვეძებოთ. ასეთ დროს ჩემს ძმას გვერდით ვინ დაუდგება და ვინ ანუგეშებს? ჩვენ აქ გვერდიგვერდ ვცხოვრობთ და ერთმანეთს ვანუგეშებთ, შენ კი ისე შორს ხარ, რომ შენამდე მხოლოდ ერთი მშრალი და არაფრის მთქმელი წერილი თუ ჩამოაღწევს.

ამის გარდა, იმ გარემოსიც მეშინია, რომელშიც მოღვაწეობა გვიწევს. ეს გარემო ყოველთვის წინააღმდეგობაშია შენს კეთილშობილურ განწყობასა და მიზნებთან. მიუხედავად იმისა, რომ ყველას სიკეთეს უკეთებ, ყველასთვის სარგებელი მოგაქვს და ისინიც შენს ქებაში არიან, თავიანთი თეორიებით და სიტყვებით მუდამ იმედს გიცრუებენ და შემართებას გაკარგვინებენ. რა გითხრა, ჩემო დიდად საყვარელო სულო? ღმერთმა იცის, როგორი გულისტკივილით გწერ [1].

ჩვენი მოძღვარი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველნაირად ზრუნავდა სკიტის მამებსა და საერთო საჭიროებებზე, არასოდეს ივიწყებდა სულიერი მამის დანაბარებს, რომ მონაზვნის უმთავრესი მიზანი შინაგანი მღვიძარება და სინანულით ლოცვაა. გულისა და გონებისადმი ყურადღებაზე ამას წერდა: „ჩვენს ზოგად განაწესზე ყურადღებას არ შევაჩერებ, რადგან ისედაც კარგად იცი. მხოლოდ ერთს გეტყვი: ჩვენი ცხონებული მოძღვარი თავის უკანასკნელ ამოსუნთქვამდე გვეუბნებოდა, ერულ ცხოვრებას გაექეცითო. ერულ ცხოვრებაში გარეგნულ საქმეებს გულისხმობდა. სურდა, ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე, შინაგან საქმიანობაზე გადაგვეტანა, რადგან ჩვენი უფლის სასუფეველი და თავად უფალიც სწორედ იქ იმყოფება. ყველა კეთილ საქმეს ჩვენი ნეტარი მამა მეორეხარისხოვნად მიიჩნევდა. თვლიდა, რომ იმდენი დრო უნდა დაგვეთმო მათთვის, რამდენიც ამ მთავარი საქმის კეთებიდან დაგვრჩებოდა. ამიტომ იყო, რომ საცხოვრებლად მყუდრო ადგილებს ეძებდა. შენზე იმავე მიზეზით ვღელავ: არ ვიცი, გაძლევს თუ არა გარემო იმის საშუალებას, რომ იპოვო ის, რაც ასე გიყვარს, რაშიც უფლის მადლმა ასე განუგეშა. ვიცი, ჩემო საყვარელო ძამიკო, რომ არა მარტო არ ჩამოგვრჩები, არამედ ჩვენი მამის ლოცვით, უმეტესად წარემარტები, ხოლო ჩვენ შეცდომილები ვართ. ნეტავ ჩემი შენთან დაკავშირებული შიში უადგილო და უსაფუძველო იყოს. მაგრამ არა უშავს. ერთი სურვილი, ერთი ოცნება, ერთი თხოვნა მაქვს ლოცვაში, რომ შენი სულიერი წინასვლა ყველასათვის აშკარა იყოს და ამგვარად, ჩემი იმედებიც გამართლდეს [2].

ამ დროისთვის თავისი ნეტარი მოძღვრის, ბერ იოსები ისიქასტის ბიოგრაფიის პირველი ვერსია უკვე დაწერილი ჰქონდა. ოღონდ სულიერი წინდახედულობით ერჩია, რომ წიგნი არ გამოსულიყო. ერთი მხრივ, თვითომ მოძღვრისგან ელოდა ნიშანს, ხოლო მეორე მხრივ, ჯერ კიდევ ცოცხლები იყვნენ ისინი, ვისაც თავის დროზე დიდი ბერის შურდათ და ცილს სწამებდნენ. ასე ფიქრობდნენ ღირსი ეფრემ კატუნაკელიცა და სხვა სულიერი ძმებიც. ამასთან დაკავშირებით წერდა: „მოძღვრის ბიოგრაფიაზე რა გითხრა? დავწერე ის, რაც შემეძლო. შესავალი ასიოდე ფურცელი გამომივიდა ერთ რვეულში.  ვფიქრობ, ნელ-ნელა წყნარად დავამუშავო და ისეთი სახე მივცე, რომ ჩვენს წრეში წაკითხვა შეიძლებოდეს. ძალიან ვწუხვარ, ზოგიერთში შური და ცუდი განწყობა სუფევს, მეტიც მძვინვარებს. ჯერჯერობით არაფერს გვაკეთებინებენ. თუმცა, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია მამის მხრიდან მივიღოთ ნიშანი. გავიგოთ, თუ სურს ამგვარ საქმეს მივყოთ ხელი. შენი კი ჩემო საყვარელო, როცა მოისურვებ მაშინვე გამოგიგზავნი. ოღონდ ცოტა მოითმინე, თაბახზე სუფთად გადავწერ, რომ წაკითხვა შეიძლებოდეს. ოღონდ ფრთხილად იყავი, არავის აჩვენო. გამოგტყუებენ და ქვეყანას მოსდებენ. ამისი ძალიან მეშინია, რადგან ვიცი, თუ რა შფოთი მოჰყვება. ვიცი, რას ფიქრობს ზოგიერთი ადამიანი. ცოტა მეტი დრო მჭირდება. კი, ის მოხუცი ბერი, ვისაც ვუვლიდი გარდაიცვალა, მაგრამ დიდმარხვა დაიწყო და ჩვენმა სულიერმა მოვალეობებმა მოიმატა, ამიტომ დროც ნაკლები გვაქვს“ [3].

ეკლესიური პოზიცია

ჩვენმა მოძღვარმა, სულიერი მოღვაწეობისა და ასკეტური პროგრამის გარდა, დიდი ბერისგან ისწავლა, ჩვენი ერთადერთი, წმინდა ეკლესიისადმი სწორი მიმართება ჰქონოდა. როდესაც სთხოვეს, ამერიკაში დედათა მონასტრის დაარსებისთვის შეეწყო ხელი, პირველ წინაპირობად ადგილობრივი ეკლესიის ნებართვა დაასახელა და დასძინა: „უპირველეს ყოვლისა, არასდროს შევეგუები იმას, რომ ჩვენს სახელს ამოფარებითა და ვითომ ჩვენი მფარველობითი მათეიზმი [4] აყვავდეს. მე და ჩვენი ნეტარი მოძღვარი განუწყვეტილ ბრძოლაში ვიყავით იმ სულთან, რომელიც ეკლესიას ეწინააღმდეგება და ეომება….ჩვენი სურვილია, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც დღითი დღე სულიერ საფრთხეში არიან, სარგებელი მოვუტანოთ, და არა პირიქით, უფრო მეტად დავაბრკოლოთ. მარტონი რომ ვიყოთ, ერთ ოთახშიც ვიცხოვრებდით უჩუმრად. მაგრამ როდესაც მონასტერზეა ლაპარაკი, მაშინ საკუთარ „მირჩევნიას“ ანგარიში აღარ უნდა გავუწიოთ და უმრავლესობის სარგებელი ვარჩიოთ, რათა ცხონდნენ. სხვა დროს მოგწერ, თუ რა აზრი ჰქონდა ჩვენს მოძღვარს კალენდართან დაკავშირებით, როგორია ამ საკითხთან დაკავშირებული ჯანსაღი პოზიცია, და რომ ეკლესიის გარეშე არაფერი გამოვა. ბერმა ბევრი ილოცა ამის შესახებ და ღმერთისგან ეუწყა, თუ რა პოზიცია უნდა ჰქონოდა ამ საკითხში “ [5].

მოგვიანებით, 1983 წელს, როდესაც უკვე ნეა სკიტში ცხოვრობდა, იქაური მამების უმეტესობა არაგონიერი მოშურნეობის ზეგავლენით, ღმრთისმსახურებისას მსოფლიო პატრიარქის სახელს არ იხსენიებდა [6].  ჩვენმა მოძღვარმა თავისი ჯანსაღი სულიერი აღქმითა და თავისი ეკლესიური მრწამსით, საკუთარი ცოდნის, სულიერებისა და ავტორიტეტის წყალობით, შფოთისა და კამათის გარეშე დაარწმუნა მამები, აღედგინათ პატრიარქის სახელის მოხსენიება ყოველ ღმრთისმსახურებაზე.

„ვერ ხელ-ეწიფების ქალაქსა დაფარვად, მთასა ზედა დაშენებულსა“

ჩვენი მოძღვრის ცხოვრება სახარების ამ სიტყვების აღსრულება იყო. მიუხედავად, იმისა რომ თვითონ ადამიანთა თვალთაგან მოშორებით მოღვაწეობდა, მისი ღმრთივსათნო ცხოვრების ამბავს ერთიმეორეს გადასცემდნენ და ყველასეთვის ცნობილი ხდებოდა. იმ ადამიანთა შესახებ, ვინც მის სულიერებას აღიარებდა, სიმდაბლითა და თავის ბრალობით შემდეგ სიტყვებს წერდა: „დაჟინებით მთხოვენ სამშობლოში დავბრუნდე და ღმრთისმშობლის დიდი და ისტორიული მონასტერი აღვადგინო. ეს უკანასკნელი, ათონური მონასტრების მსგავსად, ახლა დაცარიებულია. ადამიანები, ჩემო ძმაო, ვერ ხედავენ ჩვენს {სულიერ } სიშიშვლეს და ამიტომაა, რომ სხვა თვალით გვიყურებენ. ვაი ჩვენ, რომ ორმაგი პასუხისმგებლობა დაგვეკისრა: უკვე არა მარტო საკუთარ თავზე ვაგებთ პასუხს, არამედ იმ ადამიანებზეც, ვისაც დავაბრკოლებთ. კარგი იქნებოდა, რომ შეიძლებოდეს სადმე შევმძვრალიყავით და დავმალულიყავით, მაგრამ ესენი, პირიქით, გვეძებენ და ასპარეაზზე გამოსვლას გთხოვენ.  არ იციან, რომ მოგვიანებით  ჩვენდამი  იმედი გაუცრუვდებათ. დღეს მე და ეფრემმა კიდევ ერთი წერილი მივიღეთ „ზოის“ ახალი ვინმე ღვთისმეტყველისგან, რომელსაც ათონი და ზოგადად მონაზვნობა უყვარს. გვთხოვეს, ყველიერის პარასკევს დიონისიუში გადავიდეთ. იქ მათი ორმოციოდე კაცი შეკრიბება და თეოკლიტესა და გერასიმესთან ერთად თითოეულმა რამე თემაზე უნდა ვისაუბროთ….. რიჩარდს მთელი ჩვენი სიყვარული გადაეცი, მ. იოანესაც და სხვებსაც. მამებიცა და მეც მოგიკითხავთ. სიყვარულით, იოსები “[7].

„ამ მონასტერში, რომელიც კიკუს მონასტერს ჰგავს (მახერას გულისხმობს [8]), ისეთი ღმრთისმშობლის ხატია, ივერთა მონასტერში რომ არის. ეს მონასტერი ეკლესიისგან დამოუკიდებელი და თვითმართვადია [9]. მე, უბედური, იმას ვფიქრობ, ჩემი კალივა მივატოვო და მეტი მდუმარება ვიპოვო, ესენი კი ასეთ დიდ რამეებს გეგმავენ. ღმერთი ნუ მიგვატოვებს, ჩემო საყვარელო ძმაო “[10].

ბერს დროთა განმავლობაში მდუმარების მეტი და მეტი სურვილი უჩნდებოდა და ამის შესახებ წერდა: „აუცილებლად მინდა განვმარტოვდე, რათა ჩემი თავი ვიპოვო: სად ვარ და რას ვაკეთებ. ილოცე, ჩემო ძამიკო, რომ ღმერთმა არ დაგვტოვოს “[11]. მ. პანტელეიმონს დიდი ინტერესით ეკითხებოდა, თუ შეიმჩნეოდა მის სიახლოვეს რამე სულიერი გამოღვიძება. ამის იმედი კი იმიტომ ჰქონდა, რომ მ. იოანე რომანიდისს სულიერ ადამიანად და ნიჭიერ ღმრთისმეტყველად თვლიდა: „როგორაა მამა იოანე და ჩვენი ძმა რიჩარდი? რა ხდება, როგორ აფასებთ მდგომარეობას?.. ცოტათი მაინც დაიძრნენ? სადმე რამე მოშურნეობა იღვიძებს თქვენს თანამოაზრეთა შორის, თუ ყველაფერი ერთ ადგილად დგა? ზოგჯერ ერთმა ენერგიულმა კაცმა ბევრი კარგი რამ შეიძლება გააკეთოს, ხოლო ერთმა {ასეთივე} მოწინააღმდეგემ-ბევრი ცუდი. ჩვენ სულ ამაზე ვლოცულობთ და სასიამოვნო სიახლეს სულმოუთმელად ველით. მამა გიორგი მოგიკითხავს, ყოფილი ბრანკო, სერბი. ახლა ძველ მონასტერში, როსიკონში ცხოვრობს “[12].

მონაზონი გიორგი ვიტკოვიჩი

(1920-1972)

მონაზონი გიორგი (ერში: ბრანკო ვიტკოვიჩი)  სერბეთში დაიბადა. იმის გამო, რომ მშობლები ადრე გარდაეცვალა, მისი აღზრდა ერთ-ერთმა ნათესავმა, მიტარ ვიტკოვიჩმა იტვირთა. 1942 წელს წარჩინებით დაამთავრა საინჟინრო ინსტიტუტი. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა, ორი წელი იტალიის ერთ-ერთ საკონცენტრაციო ბანაკში გაატარა, შემდეგ მოკავშირეთა მეშვეობით გათავისუფლდა და საფრანგეთში გადავიდა. მოგვიანებით სწავლა გერმანიაში, მიუნხენის საინჟინრო და ელექტროტექნიკის სასწავლებელში განაგრძო. იმ დროს, როდესაც დიდი სამეცნიერო კარიერა უნდა დაეწყო, საღმრთო მადლმა მოიხილა. ამიტომ 1952 წელს სწავლა შეწყვიტა და პარიზის წმინდა სერგი საღმრთვისმეტყველო ინსტიტუტში ჩააბარა.

273468.b e1601043301758
მამა გიორგი ვიტკოვიჩი

მან თავდაპირველად იერუსალიმი და საბაწმინდის მონასტერი მოილოცა. საბოლოოდ, მრავალი სირთულის შემდეგ, ათონის წმინდა მთაზე დამკვიდრდა. ჯერ ქილანდარის მონასტერში გაჩერდა, მაგრამ უფრო მყუდრო ადგილის ძიებაში იქიდან მალე წამოვიდა. დიდ ბერს, იოსებ ისიქასტს იმ დროს დაუახლოვდა, როდესაც საძმო ნეა სკიტში ცხოვრობდა. თუმცა თვითონაც საღმრთო მოშურნეობით იყო აღსავსე, განცვიფრებული დარჩა ბერის დიდი გამოცდილებითა და სულიერებით. ამგვარად ისიც შეუერთდა საძმოს და დაიწყო შრომა სათნობების მოსახვეჭად. დიდი ბერი მისი მასწავლებელი გახდა. მანამდე მხოლოდ თვითნასწავლი იყო. მოძღვრისგან ისწავლა, რომ მათ ვისაც საღმრთო მადლი თავისკენ მოუწოდებს, დასაწყისში განსაკუთრებული სიძლიერითა და შეგრძნებებით მოიხილავს. გარკვეული დროის შემდეგ კი მადლის შეგრძნება მცირდება და ადამიანი ღმერთისკენ მიტოვებულებას გრძნობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოჩვენებითი მდგომარეობაა (რადგან მადლი მოღვაწეს არასდროს ტოვებს), კაცისთვის მაინც მოწამეობის ტოლფასია. ამ მეორე, გრძელ პერიოდში მადლის მიერ მიზიდულმა ადამიანმა უფალს თავისი ერთგულება უნდა დაუმტკიცოს. წმინდა იოსები მოწაფეს უხსნიდა, რომ დასაწყისში ღმერთი მოღვაწეს აძლევს ძალას, რათა ამ უკანასკნელმა სხვადასხვა ვნებებისა და გულისთქმების უარყოფა შეძლოს. შემდეგ კი, ის მადლის აშკარა შეგრძენების გარეშე უნდა გაისარჯოს, მხოლოდ საკუთარი შემართებითა და რწმენით. დიდი ბერი ეუბნებოდა მ. გიორგის: „თავდაპირველად იმის ძალა მოგეცა, რომ ერული ცხოვრება დაგეტოვებინა და მწირობით გეცხოვრა. ახლა ღმერთის ნების მორჩილებით საღმრთო მადლი უნდა მოიხვეჭო“. მამა გიორგი საფრანგეთში დაბრუნებას ფიქრობდა, რადგან მადლის ძლიერი შეგრძნება სწორედ იქ ჰქონდა. მაგრამ როდესაც ბერმა უფლის ნება განუმარტა, მაშინ მის მოწაფეთა რიცხვს შეუერთდა. სამწუხაროდ, დიდი იოსები მალე გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, მ. გიორგიმ  სულიერი ცხოვრებისთვის მყარი საფუძვლის ჩაყრა მოასწრო. საბოლოოდ, იგი ძველ რუსულ მონასტერში დამკვიდრდა, თუმცა რჩევის საკითხავად მაინც ნეა სკიტში, ჩვენს მოძღვართან მიდიოდა ხოლმე, რომლის სულიერებსაც ძალიან აფასებდა.

მამა გიორგი ნამდვილი დაყუდებული იყო, მმარხველი, მატერიალურად სრულიად ღატაკი, ხოლო სათნოებებით მდიდარი. ჩვენი ბერი თავის წერილებში მას ხშირად ახსენებს: „ ახლა აქ სერბი მამა გიორგი სტუმრობს. ჩვენთან ერთად უნდა ცხოვრება. ვუთხარი აღდგომის შემდეგ მოდი და შორიახლოს კალივას მოგიწყობ-მეთქი. დამთანხმდა. მოძღვარი კარგადაა (მ. არსენს გულისხმობს), [სულიერი] შვილებიც მშვიდობით არიან“[13].

მამა გიორგი ძველ რუსულ მონასტერში, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა ის ვერსიაც არსებობს, რომ შხამიანმა სოკომ მოწამლა. ათონელი მამების ხსოვნაში იგი დარჩა როგორც დიდი მოღვაწე, ცათა სასუფევლისთვის თავის მაიძულებელი და და თანამედროვეობის ერთ-ერთი ღირსი მამა.


[1] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1960 წლის 13/26 თებერვალი.

[2] იქვე.

[3] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1960 წლის 23 თებერვალი/7 მარტი.

[4] ზილოტური მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი მიმდინარეობა, განკვეთილ ეპისკოპოს მათეს მიმდევრები.

[5] იქვე.

[6] მსოფლიო, ანუ კონსტანტინეპოლის პატრიარქი ათონის მთის მმართველი ეპისკოპისია, რომლის არმოხსენიება ან პროტესტის უკიდურესი ფორმაა, ან მის სრულ იგნორირებას ნიშნავს. მეორე შემთხვევაში კაცი თავს ეკლესიის გარეთ აყენებს.

[7] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1962 წლის 5/18 თებერვალი.

[8] საბოლოოდ, ღმერთის განგებით, ამ მონასტრის აღდგენა ბერის სულიერ შვილს მ. ათანასეს ხვდა წილად, საიდანაც ეს უკანასკნელი ქალაქ ლიმასოლის მიტროპოლიტად აირჩიეს.

[9] ე.ი. სტავროპიგიალურია.

[10] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1963 წლის 14/27 თებერვალი.

[11] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1963 წლის 27 იანვარი/9 თებერვალი.

[12] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1962 წლის ყველიერის კვირა.

[13] წერილი მონაზონ პანტელეიმონს, ნეა სკიტი, 1964 წლის 29 დეკემბერი/1965 წლის 11 იანვარი.


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

მთავარი ფოტო: ნეა სკიტი, ათონის მთა; გადმოწერილია საიტიდან https://asceticexperience.com


X