joseph

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეშვიდე: ვატოპედის მონასტერში

ბერ იოსების დარიგებები მონასტრის კინობიად გადაკეთებამდე

იმ გარდამავალ პერიოდში ჩვენს მოძღვარს დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა, რომ სულიერად დავეცავით დაზიანებისაგან. საქმე ის იყო, რომ მონასტერი იდიორითმულ წესდებას მისდევდა, ხოლო ჩვენ, მცირე კინობიალური საძმო, მასში უცხო სხეულს წარმოვადგენდით. სატრაპეზო საავადმყოფოს კორპუსში სახელდახელოდ გვქონდა მოწყობილი. ბერი ან იქ გველაპარაკებოდა ტრაპეზის დროს, ან სერობის შემდეგ – საკუთარ სენაკში. ერთხელ გვითხრა: „ცოდვის მიზეზებისადმი განსაკუთრებული სიფხიზლე გვართებს. თუ  ადამიანი ამ მიზეზებს თვითონვე მოიკვეთს, ყოველთვის მშვიდად იქნება. მოთმინებას მაშინ ვკარგავთ, როდესაც ჯვრის მნიშვნელობა გვავიწყდება. აი, ჩვენს შემთხვევაში (ვატოპედში არსებულ სირთულეებში), როდესაც შეჩვეულები ვართ, მცირედით ვიყოთ კმაყოფილები. ერთი თეფში საჭმელი და მცირე სამოსი ვიკმაროთ, მაშინ რისი შეგვეშინდება, უარესს რას გვიზამენ? რაში შეგვებრძოლებიან ხილული და უხილავი მტრები. არა მარტო უარვყავით ყველაფერი, არამედ საკუთარი ნებით ისე მოვიწყვეთ ცხოვრება, რომ დამღლელი იყოს. ციხეშიც რომ ჩაგვსვან, იქ უფრო ადვილი ცხოვრება გვექნება, ვიდრე აქ, რასაც ჩვენი ნებით ვაკეთებთ, კიდეც რომ დაგვემუქრონ, ჯვარი გვაქვს მუდამ თვალწინ და ამგვარად ყოველთვის მშვიდად და უშფოთველად ვგრძნობთ თავს. მომხვეჭელობას გაექეცით. მომხვეჭელობა სიწმინდის პარვის ტოლფასია, რაც, თავის მხრივ, ღმერთისგან მკაცრად ისჯება. სიწმინდის მპარველი ვერ გახდება მღვდელი, ხოლო სიკვდილის შემდეგ მის სხეულს მიწაც კი არ მიიღებს.

ფხიზლები და ყურადღებიანები ვიყოთ, რომ მცირედით დავკმაყოფილდეთ და ეშმაკმა ხელ-ფეხი ვერ შეგვიკრას. თუ ადამიანი ფხიზელი და ყურადღებიანია, ღმერთი ხდება, ხოლო თუ უყურადღებოა – ეშმაკი. გახსოვთ წმინდა ბასილი თავადის მუქარას რას პასუხობს? „რას მიზამ? ერთი ანაფორაა მთელი ჩემი ქონება. ერთს დამარტყამ და მეორე არ დაგჭირდება, რადგან ისეთი სუსტი ვარ, რომ პირველივე დარტყმაზე მოვკვდები“. არაფრის ეშინოდა [1].

სხვა დროს ღმერთის განგებაზე გველაპარაკა. სურდა ჩვენი რწმენა გაეძლიერებინა, რადგან წინასწარ ხედავდა, რომ დიდი მონასტრის მმართველობას ჩაგვაბარებდნენ, რაც სულიერად სახიფათო რამ არის. ბერი ყურადღებისკენ მოგვიწოდებდა და ამბობდა: „წმინდა არსენ დიდის ცხოვრებაში წავიკითხე, რომ ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: „წადი [ერული ცხოვრებიდან] და მდუმარებით იცხოვრე ესენია უცოდველობის საფუძველი“. პირველი ჩვენც გავაკეთეთ: ყველაფერი დავტოვეთ და ქვეყნის კიდეში, უდაბნო და უკაცრიელ ადგილებში მოვედით. ამაზე შორს სადღა წავალთ? მაშასადამე, რა დაგვრჩენია: საკუთარი თავიდან ნუ გამოდიხართ, გარეგნული ნურაფერი გადარდებთ. ვერ ხედავთ, რომ ბავშვობიდან ქრისტიანები ვართ, ეშმაკსა და მის ამალას ვძულვართ, ჩვენი სიკვდილი და განადგურება უნდათ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვარსებობთ და ის ვერაფერს გვაკლებს.

მეორე მხრივ, დიდი კეთილისმყოფელებიც გივყავს, მაგრამ არც მათ შეუძლიათ შეცვალონ რაიმე, რა ჩანს აქედან? ის, რომ ყველაფერს ღმერთი განიგებს და როგორც უნდა ღმერთს, ყველაფერი ისე მოხდება. მისი განმამტკიცებელი ძალა არ არის ის, რაც აქამდე გვაცოცხლებს და გვმართავს (განაგებს ჩვენს ცხოვრებას)?! ამიტომაც დაწყნარდი, ნუ შფოთავთ და თქვენი გულის საუნჯეში შედით. განსაკუთრებით ახლა, როდესაც დღე დამთავრდა. წადით სენაკში და ილოცეთ: „ყოვლადსახიერო, ყოვლადკეთილო უფალო, სად ხარ? ხომ ხედავ, რომ ჩვენ თვითონ ვერაფერს ვხდებით? დახმარეები გვჭირდება. მარტო იმას არ ვითხოვთ შენგან, რომ ცოდვები გვაპატიო – ამას ხომ ყველა ადამიანი უნდა აკეთებდეს, – არამედ, შენგან უმეტეს მადლს ვითხოვთ. ხომ თქვი, ჩემ გარეშე ვერაფერს გააკეთებთო? რა გავაკეთოთ ახლა უშენოდ, ჩემო უფალო? შენ არ თქვი, ეძიებდით, ითხოვდით და აკაკუნებდითო? ასე მოსთხოვეთ ხოლმე ღმერთს დიდი სიმდაბლითა და დაჟინებით. ასეთი ლოცვა ზეციურ საკურთხეველში კეთილსურნელებად ადის.

მორჩილების საქმის დროსაც ყურადღებით იყავით. ღმერთი ჩვენს კეთილ ნებას, სწორ არჩევანს უყურებს და არა საქმეებს. ამის გამოა, რომ ზოგმა მოწამემ ცოტა მოითმინა, მაგრამ იმათზე მეტად იდიდა ვიდრე ისინი, ვინც მძიმე სატანჯველები გადაიტანა. აი, მაგალითად წმინდა დიმიტრი, მხოლოდ ლახვრით განგმირეს, მაგრამ ნახეთ, როგორ განადიდა ღმერთმა. იქით, აღმოსავლეთში, სპარსეთში გაცილებით უფრო საშინელი სატანჯველები არსებობდა. წმინდა კლიმენტი[2] რამდენი წელი ეწამებოდა? წმინდა მამებთანაც სამივეს არ ვხედავთ. მივიდა ამბა ანტონი და ეკითხება დიდ აარონს: „რატომაა რომ, მიუხედავად იმისა, რომ მე შენზე მკაცრად მოღვაწეობ, შენ უფრო გაფასებენ?“ დიდმა ანტონიმ მიუგო: „რადგან ღმერთი შენზე უფრო მეტად მიყვარს”.

ასევე – პატერიკში ორი ძმა ერთმანეთის შესახვედრად გაემართა. თითოეული ცდილობდა მეტი გზა გაევლო, რათა მეორე ნაკლებად დაღლილიყო. როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, ერთი ეუბნება მეორეს: „ძმაო, რატომ არ მაცალე, რომ მეც გავრჯილიყავი?“ მეორემ კი უპასუხა: „ცათა სასუფეველი მხოლოდ შენ ერთს დაგიტევს?“ მაშინ მათ უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა, თქვენი კამათი კეთილსურნელებად ავიდა ზეცადო. ასეთივე სასწაულმოქმედი იყო ღირსი თეოდოსი, რომელმაც უამრავი სასწაული მოახდინა. რა უთხრა თავის თანამოღვაწეებს? „ვის აქვს ისეთი კადნიერება ღმერთის წინაშე, რომ სთხოვოს და ღმერთმა საჭმელი მოგვცეს?“ საბოლოოდ თვითონ ილოცა და ღმერთმა ახალთ-ახალი საზრდელი მისცა, თანაც იმდენი, რომ სულთმოფენამდე ეყოთ. რასაც შეიძენს ადამიანი ამქვეყნად, იმქვეყნადაც იმავეს წაიღებს.

შფოთში დავიბადეთ და განსვენების გემო ჯერ არ გვიხილავს. არსებობს კი განსვენება? დიახ, არსებობს. „ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა“. სიკვდილის ჟამს, როდესაც ღმერთის ანგელოზები მოვლენ ჩვენი სულების წასაყვანად, იმას დააკვირდებიან, სულის რა თვისებები გვაქვს. თუ ჩვენი ზეციური მამის თვისებები გვაქვს, მის სამეფოში, სასუფეველში წაგვიყვანენ.

მომავალშიც ყურადღებით იყავით, ნურასოდეს გაუთამამდებით ცოდვის მიზეზებს. მათთან გათამამებამ გამოაგო ადამი სამოთხიდან. ადამიანი ცვალებადი არსებაა და როდესაც ცოდვის მიზეზებითაა გარემოცული. უძლურების გამო, ადვილად მიიდრიკება ცოდვისკენ. მე ორმოცი წლის ვიყავი, როდესაც პირველად ცოდვის მიზეზებთან შეხება მომიწია. მაშინ ღმერთმა რაღაც ნიშანი მომცა და ერში გასვლა დავიწყე. ორმოცი წლის გავხდი, ღმერთმა დამიფარა და [ხორციელი] ერთი გულისსიტყვაც კი არ შემიწყნარებია.

ქება-დიდებას ნუ აყვებით. ხალხი ხოტბას შეგასხამთ, ბევრს დაგპირდებიან, მაგრამ თქვენ მსგავსს ნურაფერს შეიწყნარებთ რადგან, თუ ქებას ავყვებით, ამას აუცილებლად სირცხვილი მოყვება. აგრეთვე, მცნებას გაძლევთ, სუფრებზე არ იაროთ. თქვით ხოლმე, რომ არ გაქვთ ლოცვა-კურთხევა. მონაზონი ერში მარტო არასდროს არ უნდა გავიდეს, ყოველთვის ორი ან სამი ერთად. სულიერი თავადები იყავით, თქვენს გულს ნურაფერი დაატყვევებს. „ვატოპედელები“ გერქმევათ, ამ სახელს კი დიდი ვალები და მწიკვლი დაედო. ხალხმა არ უნდა ითქვს, რომ ძველი ვატოპედელების საქმე გავაგრძელეთ, არამედ ის, რომ ნამდვილი ათონელი მონაზვნები ვართ. განსვენებას მხოლოდ მაშინ მოიპოვებთ, როდესაც საკუთარ გულში შეხვალთ და ეტყვით თქვენს თავს: „დედამიწაზე მხოლოდ მე და ღმერთი ვართ“[3].

ვატოპედში გადასვლის შემდეგ ბევრჯერ მოგვნატრებია ნეა სკიტის მყუდრო და მშვიდი გარემო. ერთ-ერთ თავის საუბარში მოძღვარი ამ თემასაც შეეხო: „სამონაზვნი ცხოვრებაში მთავარი ის არ არის, სად ვიცხოვრებთ – გამოქვაბულში თუ სხვა ადგილას, მეტსაც გეტყვით, არც იმას აქვს დიდი მნიშვნელობა, თუ როგორი იქნება განაწესი. რა თქმა უნდა, არც ეს უნდა უგულებელვყოთ, მაგრამ მთელი ყურადღება ჩვენი გონებისკენ უნდა მივმართოთ, რათუ შევამჩნიოთ მისი უმნიშვნელო მოძრაობაც კი. მუშაობისას, რადგან ამის აუცილებლობაა, ვეხებით სხვადასხვა ნივთებს, მაგრამ ამავდროულად ყურადღება შინაგანს უნდა მივაპყროთ და მუდმივად ფხიზლად ვიყოთ. თავის ბრალობა გვქონდეს მომარჯვებული. ერთ მაგალითს გეტყვით: გვჭირდება საჭმელი, ჩასაცმელი, ოთახი. ამაზე ზრუნვა და დაფიქრება, მართლაც, საჭიროა, მაგრამ, ასეთ აზრებსაც კი ეშმაკი სადენებივით იყენებს, რომლითაც ჩვენს გონებას უკავშირდება და მათი მეშვეობით გონების ეკრანზე თავის აზრებს წარმოაჩენს. ასე მაგალითად: „ამ ძმას ასეთი ანაფორა რატომ აცვია? მეც მინდა. რატომაა რომ ეს ასე აკეთებს, მე კი ისე ვაკეთებ?“ თუ ადამიანი ამგვარ ფიქრებს აჰყვა, ავიწყდება, რომ საჭმელ-სასმელი და ტანსაცმელი აუცილებელი საჭიროებაა და არა გულისთქმის საგანი. ხოლო თუ გულისთქმებს აჰყვა, მაშინ თავისმოყვარება და ძველი კაცი ცოცხლდება. გონების მიმართ ყურადღება და თავის ბრალობაა საჭირო.

ადამიანი თავის ბრალობით უნდა იყოს შეიარაღებული და როგორც კი თავისმოყვარების და ძველი კაცის რაიმე აზრს შეამჩნევს, საკუთარ თავს აყვედროს და დაამდაბლოს, ვიდრე თავდაპირველ სიმდაბლის მდგომარეობას არ დაბრუნდება. ეს ადვილია, ყველას შეუძლია გააკეთოს: ძლიერს და უძლურს, მუშაობის დროს და დასვენებისას. ღმერთის მადლს სწორად ეს უნდა ჩვენგან. ზოგჯერ, როდესაც ჩემი გონება საღმრთო აზრებით არის დაკავებული, ღმერთს ერთგვარი კადნიერებით მივმართავ: „ყოვლადსახიერო, მარტო ცოდვების მოტევება რომ გთხოვო, მრცხვენია: ამდენი ხანია, ორმოცდათორმეტი წელია მიტან, მითმენ მიუხედავად იმისა, რომ არასდროს გამიკეთებია ის, რაც შენ გინდა; ეს ხომ უფრო დიდი რამაა?! ამის გარდა კი, ყოვლადსახიერო, ცოდვები რომ მაპატიო, შენთვის რას წარმოადგენს? ამას მეც ვაკეთებ და სხვებიც აკეთებენ. დიდი არაფერია შენი ყოვლადსახიერებისთვის. აი, ეკლესიის ისტორიას გადავხედოთ: რამდენ ყაჩაღს, ავაზაკს, გახრწნილ ადამიანს თუ უძლურს მიეცი არა მარტო ცოდვათა მიტევება, არამედ მოწამეობის ან ღირსის გვირგვინიც კი. შენმა მოწყალებამ არ გააკეთა ეს ყველაფერი? და ახლა, ყოვლადსახიერო, შენთვის არაფერია, რომ ჩვენზეც მოიღო წყალობა“. ასეთი ფიქრებით ღმერთის სიყვარულში ვიძირები.

შეხედეთ წმინდა ბონიფანტეს[4]: მთელი ცხოვრება დროის ტარებაში იყო და ერთ წამში მოწამის გვირგვინი მოიპოვა. არავინ მოგატყუოთ, ზეციური საკურთხევლის ხელმოწერაა საჭირო, რათა ეს მოხდეს. არავინ გამხდარა მოწამე იმიტომ, რომ, უბრალოდ, მოუნდა. სხვა არის ის, ვინც ამ სურვილს აწერს ხელს. თუკი საკუთარი თავის ყვედრებას მიეჩვევით, მაშინ ნელ-ნელა გარეგნული შეურაცხყოფის ატანასაც ისწავლით. თუკი შენ თავს მაწანწალა ძაღლად თვლი, სხვამ რომ კუზიანი დაგიძახოს, აღარ გეწყინება.

რამხელა პატივია ჩვენთვის, რომ ღმერთმა ჩვენ უბადრუკებს მოგვიწოდა და თავისი შემეცნების კეთილსურნელება გვაგრძნობინა თქვენ ჯერ არ გესმით, მაგრამ გავა დრო და მადლი გიჩვენებთ, თუ რა დიდი რამაა ეს.

მხატვრებივით ყურადღებიანი უნდა იყოთ. ნახეთ რას აკეთებს მხატვარი. ნიმუშს აკვირდება, რათა ახალი ხატი მისი მსგავსი გამოვიდეს ჩვენც ასევე გამოვიძიებთ აზრებს. მაგალითად, ვხედავთ, რომ ჩვენში აღიძრა რისხვა, ბრაზი. სიამოვნების სურვილი ან სხვა რაიმე. მაშინგე ვკითხოთ საკუთარ თავს; „ქრისტეს ეს თვისებები აქვს” ქრისტე ხომ ჩვენი პირველსახეა. არ აქვს? იმწამსვე თავის ბრალობას მოვიმარჯვებთ და გულისსიტყვას ვაცამტვერებთ. ჩვენი აქ ყოფნის მიზანი ის არის, რომ პატარა ჭიქიდან დოქი გავხდეთ, დოქიდან ქვევრი, ქვევრიდან ტბა და ა.შ. – რაც შეიძლება მეტი ღმერთი დავიტიოთ.

გარეგნულ მოვლენებს ნუ უყურებთ (იმხანად ბერის სახელი მონასტრის მონაქოლოგიონში არ შეჰქონდათ). ამათ ჰგონიათ, რომ მათი ქვეშევრდომები ვართ. მაგრამ ჩვენ არ გვაინტერესებს, რას ფიქრობენ და რას აკეთებენ. ეს ჩვენი საქმე არ არის. ჩვენ ერთი მიზანი გვაქვს: ჩვენში ქრისტემ დაიმკვიდროს. მხოლოდ მატერიალური საგნები და სამონასტრო ნაგებობები რაში გვარგია? ამასაც მოგვცემს უფალი, მაგრამ ჩვენ, პირველ რიგში, ჭეშმარიტ – ზეციურ სიმდიდრეს ვეძიებდეთ. ის, რომ ახლა ვიტანჯებით, დამარცხებას არ ნიშნავს. პირიქით, წმინდანების თანაზიარნი ვხდებით. გავიხსენოთ, როგორ გაატარეს მიწიერი ცხოვრება წინასწარმეტყველებმა, მოციქულებმა, მოწამეებმა. მათი ძმობის ღირსი რომ გაგვხადოს ღმერთმა, ცოტაა ჩვენთვის? რომც გვაწამონ, განა მოწამეობაზე დიდი პატივი შეიძლება მოგვცეს ყოვლადსახიერმა უფალმა? ამას, რა თქმა უნდა, გააკეთებს, თუკი ჩვენში შესაბამის განწყობას დაინახავს. ასეა თუ ისე, მაინც ხომ „წინაუც (მოელით) კაცთა ერთგზის სიკუდილი და მისა შემდგომად საშჯელი (სამსჯავრო)”. ვითომ არ მოვკვდებით? მუშტით თუ ტყვიით თუ სხვა გზით, რაიმენაირად მოვკვდებით“[5]. ბერი ყოველთვის სიმშვიდითა და სიყვარულით გვარიგებდა. თვითონ ვნებებისგან უკვე თავისუფალი იყო, მის სულში ქრისტეს მშვიდი, მდაბალი და მშვიდობისმოყვარე სული სუფევდა, თუმცა, როცა ჩვენი აღზრდა ამას მოითხოვდა, მკაცრი ხდებოდა. მას, ვინც მამა იოსებს არ იცნობდა, შეიძლება ბრაზიანი ჰგონებოდა. მაგრამ ბერი, მიუხედავად გარეგნულისიმკაცრისა, ამგვარ შემთხვევებში შინაგან ღრმა მშვიდობას არასდროს კარგავდა. მაგალითად, შემდეგი ეპიზოდი მახსენდება: ერთხელ ვატოპედის მთავარ ტაძარში წირვაზე ვიყავით. ერთ-ერთი ძმა ზიარების წინა ლოცვებს კითხულობდა. უცბად რაღაც სიტყვა შეცდომით წაიკითხა და წინადადების აზრი ძალიან დაამახინჯა. მოძღვარმაც ხელიდან არ გაუშვა მისი გამოსწორებისა და დამდაბლების შესაძლებლობა, ისეთი ხმით დაუყვირა, რომ მამები სტოვიდან მოგროვდნენ, რა ხდებაო. შემდეგ ბერი თავის ადგილას დაბრუნდა და ლოცვა განაგრძო. რამდენიმე წამში ლოყებზე ისევ ცრემლები წამოუვიდა. მთელმა ამ „რისხვის“ სცენამ მისი შინაგანი მდგომარეობა ვერ დაარღვია. ასეთი რამ ძალიან რთულია მათთვის, ვინც ვნებებისგან თავისუფალი არაა.


[1] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1989 წლის 11/24 იანვარი.

[2] იგულისხმება წმინდა კლიმენტი რომაელი (I ს.), რომელმაც მრავალი წელი გადასახლებასა და კატორღულ სამუშაოებში გაატარა (გადმოცემით ყირიმის კუნძულზე).

[3] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1989 წლის 18/31 იანვარი.

[4] რომის მოქალაქე, რომელიც, გადმოცემის თანახმად, ბოჰემურ ცხოვრებას მისდევდა და უკანონოდ თანაცხოვრობდა ვინმე წარჩინებულ ქალ აგლაიასთან. ამ უკანასკნელის თხოვნით წმინდა მოწამეთა ნეშტების ძიებაში მცირე აზიაში გაემგზავრა. ამ მოგზაურობის დროს თითონვე ეწამა ქრისტესთვის ქალაქ ტარსუში 20 წელს.

[5] სიტყვა საძმოს კრებაზე, ვატოპედი, 1989 წლის 20 იანვარი/2 თებერვალი


წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

X